Home რუბრიკები პოლიტიკა დიტო ჩუბინიძე: ჩვენ, ოთარ კობერიძე კი არა, მიხეილ სააკაშვილი გვებრძვის

დიტო ჩუბინიძე: ჩვენ, ოთარ კობერიძე კი არა, მიხეილ სააკაშვილი გვებრძვის

1673

თბილისის სააპელაციო სასამართლომ «ალია ჰოლდინგს» ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის პუბლიკაციებს, რომლებიც შარშან, ზაფხულში, დაიბეჭდა და ცნობილ მსახიობს პედოფილიაში ამხელდა. «ალია ჰოლდინგის» ჟურნალისტები მომხდარს თავისუფალი პრესის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროცესად აფასებენ და აცხადებენ, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში მედიასაშუალება არსებობას შეწყვეტს.  «საქართველო და მსოფლიოს» «ალია ჰოლდინგის» ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ესაუბრა.

_ სასამართლომ «ალია ჰოლდინგი» 50 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც განაცხადეთ, თანხის გადახდის შემთხვევაში, მედიასაშუალებას დახურვა ემუქრება. რას აპირებთ?

_ საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი მოჰყვა ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუს, რომელიც გასული წლის ზაფხულში, ოთარ კობერიძის ინტერვიუს საპასუხოდ, გაზეთ «ქრონიკაში» დაიბეჭდა. ოთარ კობერიძე, გაზეთ «ასავალ-დასავალში» სიტყვა-სიტყვით ამბობდა, რომ ელიზბარ ჯაველიძე, ნინო ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი სახრჩობელაზე არიან დასასჯელებიო. ბატონმა ელიზბარმა ოთარ კობერიძეს პასუხი გასცა ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში და 35 წლის წინათ ჩადენილი ცოდვებიც გაუხსენა, რასაც შემდეგ მოჰყვა ხილული თუ უხილავი რესპონდენტების გამოხმაურება. ზარები არ წყდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ამის შემდეგ დაიბეჭდა ორი ინტერვიუ ინკოგნიტო რესპონდენტებთან. ხოლო, როცა ოთარ კობერიძემ გვიჩივლა, ამას რა თქმა უნდა, უკვე ჩვენს გაზეთშიც მოჰყვა პუბლიკაციები, მაგრამ ყველაფერი დაიწყო ინტერვიუებით, რომლებშიც ჩემი კონკრეტული რესპონდენტები სდებდნენ კობერიძეს ბრალს და როგორ შეიძლება, გაზეთს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრო იმის გამო, რომ მან რესპონდენტების მოსაზრებები გამოაქვეყნა?

მე არ მეგულება დღეს საქართველოში არც ერთი თავისუფალი გაზეთი, რომელიც მსგავს ფინანსურ დარტყმას გაუძლებს. არ ვგულისხმობ გაზეთებს, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა უხერხულ ადგილზე არიან ჩამოკიდებულები და სასათბურე პირობებში იმყოფებიან. საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, მაგრამ მიშას სასამართლოში გამარჯვების იმედი არ გვაქვს. ამიტომ ბრძოლას გავაგრძელებთ და პროტესტის აბსოლუტურად ყველა კანონიერ ფორმას მივმართავთ. ამ ამბავს მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ.

მე და ჩემმა კოლეგებმა სკრუპულოზურად შევისწავლეთ აღნიშნული საქმე. ყველაფერი ვიცით, სად მიჰყავდათ ეს ბავშვები, ქუჩაც ვიცით, სახლიც, მეზობლების ნალაპარაკევიც მოვისმინეთ. რაკი ასე უნდათ, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე გავქევავთ, ვინაიდან უკანდასახევი გზა არ დაგვიტოვეს.

_ საჭიროების შემთხვევაში რესპონდენტები გაამჟღავნებენ თუ არა ვინაობას?

_ ეს ადამიანები იმიტომ არიან ანონიმურები, რომ მათ არ სურდათ ვინაობის გამხელა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის უკვე ცნობილია, იმ გამომძიებლის ვინაობა, რომელმაც კობერიძე და მისი ამფსონები ფაქტზე დაიჭირა. უახლოეს დღეებში შევხვდები ამ ადამიანს და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს და ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

მთელი უბედურება ის არის, რომ მარტო კობერიძეზე არ არის საუბარი. მე შეგნებულად არ ვასახელებ, თორემ, ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა ცნობილი ადამიანები, სხვა მსახიობებიც არიან ამ გარყვნილ ქმედებებში გარეულები.

უამრავი მასალა დამიწერია, ზოგი სადავოც გამხდარა, მაგრამ ხატთან დავიფიცებ, რომ ჯერ ჩემთან არ დაურეკავს არავის და არ უთქვამს, ამას რას კადრულობ, რატომ აბრალებ, რას წერ ოთარ კობერიძეზეო. პირიქით, ყველა ამბობს, რომ ეს არის თბილისში, თავის დროზე ძალიან გახმაურებული და ცნობილი ბინძური ისტორია. ხალხი შოკირებული იყო. როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, აქ მარტო გოგონების კი არა, ბიჭების გარყვნაზეც კი მიმდინარეობდა საუბარი.

_ თუმცა კობერიძის ბრალეულობა თავის დროზე არ დადასტურდა. აქვს თუ არა «ალია ჰოლდინგს» მტკიცებულებები?

_ თავის დროზე საქმე იყო აღძრული, კოტე ანთაძე გაასამართლეს და 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ედუარდ შევარდნაძემ ეს საქმე ჩაფარცხა, რადგან, როგორც ჩემი რესპონდენტები მეუბნებიან, შევარდნაძეს ერთ-ერთ დახურულ თათბირზე უთქვამს, კობერიძეს ისეთი როლი აქვს ნათამაშები «ბაში-აჩუკში», რომ ქართველებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით თავი მოგვეჭრებაო. ამიტომ იყო სასამართლო პროცესი დახურული. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ეს საქმე, მოსამართლე გახლდათ შალვა მახარაძე. როგორც რესპონდენტები მეუბნებიან, ცხონებული ლია ელიავა გადაჰყვა ამ საქმეს. მათი მტკიცებით, მან მოიტანა სასამართლოზე ცნობა იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე იმპოტენტი იყო, მაგრამ ეს რა შუაშია, არ ვიცი, ბავშვის გარყვნა ნებისმიერ გარყვნილს შეუძლია.

_ მაშინ რატომ გამოიტანა სასამართლომ «ალია ჰოლდინგის» წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი?

_ ეს არის სააკაშვილის სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა მოკლას «ალია ჰოლდინგი», არ მისცეს გაზეთს თავისუფლად მუშაობის საშუალება და, რადგან დღეს ყველაფერს აყადაღებენ, ეს ხერხი ჩვენს გასაჩერებლად მოიფიქრეს. საქალაქო სასამართლოში ჩვენ პროცესი მოვიგეთ. ვინაიდან გაზეთი რესპონდენტთა მონათხრობს ეყრდნობოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობერიძის საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ შეატრიალა ყველაფერი და აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა საქმე. კობერიძეს გაასაჩივრებინეს ეს საქმე, რადგან ის არის «მიშას ბაში-აჩუკი».

_ თქვენ ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასეთ, მაგრამ ოთარ კობერიძე ხომ კერძო პირია და არა ხელისუფლების წარმომადგენელი?

_ ოთარ კობერიძე იყო «ნაციონალური მოძრაობის» სახე და მიხეილ სააკაშვილის ფან-კლუბის წევრი. «ნაციონალური მოძრაობის» სარეკლამო რგოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული და წინა არჩევნებზე დადიოდა, ხალხს კოცნიდა და ეუბნებოდა, მე ვარ თქვენი ბაში-აჩუკი და მიშას მიეცით ხმაო. კაცი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრიც იყო. ის არის ცნობილი «მიშარასტი» და ამ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ, ოთარ კობერიძე კი არა, მიხეილ სააკაშვილი გვებრძვის.

_ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ მთელი ქალაქისთვის ცნობილი იყო ეს ფაქტი, რამ გამოიწვია ახლა კობერიძის გაღიზიანება და რატომ გიჩივლათ?

_ ვფიქრობ, ამან კობერიძის გაღიზიანება კი არ გამოიწვია, ეს არის თავისუფალი პრესის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური პროცესი. არ მგონია, ეს ყველაფერი ოთარ კობერიძის მიერ იყოს ინიცირებული. გამოდის, რომ, ხელისუფლებას თუ უნდა, ნებისმიერ მასალაზე შეუძლია ააგოროს ამბავი და დიდი ჯარიმა დააკისროს გამოცემას.

_ «ალია ჰოლდინგის» წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ რამდენიმე სარჩელია შესული. რატომ მომრავლდა «ალიას» წინააღმდეგ საჩივრები?

_ ამ შემთხვევებშიც, რასაც გვედავებიან, ისეთივე ცილისწამება და ხელისუფლების მიერ დაკვეთილი საქმეებია, რაც ხდება ოთარ კობერიძესთან დაკავშირებით.

_ გაქურდეს სტუდია «მონიტორი», დააყადაღეს ტელეკომპანია «მაესტროს» სატელიტური ანტენები, «მეცხრე არხის» ჟურნალისტს აშანტაჟებდნენ, რამდენად სოლიდარულია დღეს მედია?

_ მთელი უბედურება ისაა, რომ, როგორც ყველა სფეროში, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს შორისაც მოახერხა წყლის ამღვრევა და დღეს მასმედია ორად მაინც არის გაყოფილი. რა თქმა უნდა, სინდისიანი ჟურნალისტები ჩვენ მიმართ სოლიდარულები არიან. მე ბევრი მირეკავს და მამხნევებს. ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ჟურნალისტს, მთელი «ალია ჰოლდინგის» სახელით, უღრმეს მადლობას მოვახსენებ.

_ ორიოდე სიტყვით საქართველოში ყველაზე აქტუალურ საკითხს, არჩევნების თემას მინდა შევეხოთ. თქვენი, როგორც ჟურნალისტის, პროგნოზი როგორია _ რამდენად შეცვლის პოლიტიკურ გარემოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რამდენად «ცხელი» შემოდგომა გველოდება ამჯერად?

_ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას თავიდან ძალიან აღფრთოვანებული შევხვდი. რა თქმა უნდა, მისი საწინააღმდეგო არც ახლა მაქვს არაფერი, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ ის ხელისუფლებაში მოვა, მინიმუმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლის ამ მეთოდებით, ამ სტრატეგიითა და ექსპრესიით, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდება. ისე გაყალბდება, როგორც ჯერ არ გაყალბებულა. ხელისუფლების შიდა წრეებიდან ჩემთვის ცნობილია, რომ ნაციონალები პირდაპირ საუბრობენ ერთმანეთში, ბიძინა ივანიშვილს 15% დაუწერონ თუ 20% და ამაზე ხოცავენ ერთმანეთს.

_ მაგრამ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილი მეორე ადგილს, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ? კოალიციის ლიდერების განცხადებს თუ დავუჯერებთ, პირიქით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩაში გამოვლენ.

_ სანამ არჩევნები გაყალბდება, მანამდე უნდა გამოვიდნენ ქუჩაში. არჩევნები თუ გაყალბდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვეულებრივი სტანდარტული განცხადება გააკეთა, რომ მართალია იყო მცირედი დარღვევები, მაგრამ არჩევნები ჩატარდა ყველა წინა არჩევნებთან შედარებით დემოკრატიულადო, ამის მერე გინდა ქუჩაში გამოვიდნენ და როგორც უნდა მოიქცნენ, არაფერი შეიცვლება. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ცნობილი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა აირჩიოს კოალიციამ: ქუჩას პლუს მოლაპარაკების მაგიდა, ანუ ხელისუფლებასთან უნდა გამართოს დიალოგი, მაგრამ ქუჩაში მასობრივი საპროტესტო აქციებითა და ქუჩების გადაკეტვით უნდა განხორციელდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თუ ექნება ბრძოლას აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი აქვს. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რომ დავით გარეჯი ჩვენ აღარ გვეკუთვნის, გაზსადენი გაყიდულია, თურქებთან, სომხებთან თუ რუსებთან კი _ სიტუაცია მოგვარებული.

_ ზვიად გამსახურდია ახსენეთ. თუმცა «ქართულ ოცნებაში» ყოფილი «ზვიადისტები» და მოწინააღმდეგეები, ანუ რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიები ერთად არიან, რომლებიც დღესაც არ ერიდებიან ზვიად გამსახურდიას კრიტიკას. დაიშლება თუ არა კოალიცია არჩევნების შემდეგ?

_ გამსახურდიას თემა მარად ძველი და ახალია. ვინც ზვიადს დაუპირისპირდა, არ მინდა სააკაშვილის ტერმინი ვახსენო, მაგრამ ფაქტია, ყველა «ჩაირეცხა» და მომავალშიც ჩაირეცხება.

_ თუმცა ისინი დღესაც არიან პოლიტიკაში

_ ბაჩუკი ქარდავასა და გურამ ჩახვაძის პოლიტიკაში ყოფნას ყოფნა ჰქვია? განხვავებულთა ერთობა _ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტაქტიკა. ღმერთმა ქნას, შედეგი მოიტანოს და კოალიციამ გაიმარჯვოს, მაგრამ მე იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ, როგორც კი ეს ძალა პარლამენტში შევა, პირველი, ვინც კოალიციას დატოვებს, რესპუბლიკური პარტია იქნება, ვინაიდან მათ აქვთ საქართველოში განხვავებული ნიშა, განცალკევებულად უყვართ ყოფნა და ამის შემდეგ კოალიციაც დაიშლება. მგონი, ამის შესახებ თავად ბატონმა ბიძინამაც კარგად იცის. თავადაც უთქვამს, რომ კოალიცია არ არის «მოქკავშირ-ნაციონალური მოძრაობის» მსგავსი სიმბიოზი, მუტანტური გაერთიანება, რომელმაც, როგორც დედაპარტიამ, მუდმივად უნდა იარსებოს.

 _ მაშინ რატომ აირჩია ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტნიორებად რესპუბლიკელები?

_ ალბათ, წმინდა პრაგმატული მომენტიდან გამომდინარე, ვინაიდან საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ რესპუბლიკელები ამერიკელების ფავორიტები არიან და მას რომ აშშ-თან კარტ-ბლანში ჰქონოდა, შეარჩია რესპუბლიკური პარტია. ამავე ნიშნით შეარჩია ირაკლი ალასანია… თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად მომგებიანი იქნება და გაამართლებს.

_ კიდევ ერთი საკითხი, დღეს ბევრს წერენ ჟურნალისტები საპატრიარქოსა და ხელისუფლების დაპირისპირებაზეთქვენს გაზეთშიც პერიოდულად იბეჭდება სასულიერო პირებთან ინტერვიუები.

_ არანაირი დაპირისპირება ხელისუფლებასა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიას შორის არ არსებობს. პატრიარქი, მეუფე კალისტრატე და წმინდა სინოდის მაღალი სასულიერო იერარქები ხელაპყრობილები ლოცავენ მიშას, ბოკერიას, ახალაიებს და ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, სასულიერო  პირმა ყველა უნდა დალოცოს, მაგრამ ასე დალოცვილი ახალაიები, ბოკერია, შაშკინი, რურუა «იბრძვიან» საქართველოს «გასაძლიერებლად», ეკლესიის ასაღორძინებლად და ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღებისთვის და შესაბამისად, ასე გაჯანსაღებულები და გაძლიერებულები ჩვენს მაღალ მეუფეებს ჯიპებსა და სხვა ძვირფას საჩუქრებს ურიგებენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ნაგავი, მუდამ ნაგავია, უნამუსო იყო და არის! დიდებული ქალბატონი გადაყვა დარდს! დღესაც არ რცხვენია არაფრის! ყველაფერი ახსოვს ხალხს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here