Home რუბრიკები საზოგადოება იოსებ არჩვაძე: საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბერებულია

იოსებ არჩვაძე: საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბერებულია

763

რა ცვლილებები აღმოაჩინა ამომრჩეველთა სიის ანალიზის შედეგად, რა გავლენას მოახდენს არჩევნების ჩატარების ობიექტურობაზე აღნიშნული დასკვნა და რატომ მიმდინარეობს ერის დაბერების პროცესი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკის სპეციალისტი, პროფესორი იოსებ არჩვაძე ესაუბრება.

_ დემოგრაფიული მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის შედარებისას აღმოჩნდა, რომ, პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობის მიხედვით, ცალკეული არჩევნების თარიღისთვის, ამომრჩეველთა და საარჩევნო ასაკის თანაფარდობა მკვეთრად იცვლება. თანაბარ საარჩევნო პირობებში, ამომრჩეველთა რაოდენობა, საარჩევნო ასაკის (+18 წელი) კონტინგენტზე უფრო მეტი არ უნდა იყოს. ჩვენს ხელთ არსებული, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 1990 წელთან შედარებით 926,8 ათასით შემცირდა (17,1%), ამომრჩეველთა რაოდენობა კი პირიქით _ გაიზარდა 177,3 ათასით (5,1%-ით), ანუ ამომრჩეველთა თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნობასთან გაიზარდა 17 პროცენტული პუნქტით _ 63,5%-დან _ 90,5 პროცენტამდე. ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც არის ქვეყნის მოქალაქე და მიაღწია 18 წლის ასაკს.  ამომრჩეველთა სიაში არ ხვდებიან ქვეყანაში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა რაოდენობაც მხედველობაში მიიღება ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის დადგენისას. ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდებიან ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ხმის მიცემის უფლება შეჩერებული აქვთ.

მიუხედავად ამგვარი წინაპირობისა, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებიდან მოყოლებული, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა, 18 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობის რაოდენობას მნიშვნელოვნად აჭარბებს. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა სიით _ დაახლოებით 67 ათასით (1,9%-ით) აჭარბებს. მართალია, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო განსხვავება, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. მაშინ საარჩევნო ხმის უფლების ასაკის მქონე კონტინგენტის რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას 63 ათასით აღემატებოდა. 2003 წლის შემდეგ, ამომრჩეველთა თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნობასთან 73,2 %-დან _ 80,5 პროცენტამდე გაიზარდა. შეგვიძლია შევადაროთ 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტინგენტი. თუ 2004 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 მილიონ 232 ათასი, 2004 წლის შემდეგ 3 მილიონ 428 ათასია. გამოდის, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მილიონ სამასი ათასით გაიზარდა. თუმცა, მაგალითად, 2003 წლის ნოემბრის პროპორციებს რომ შევადაროთ, დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა, სულ ცოტა, 255 ათასით ნაკლები მაინც უნდა იყოს.

მაგალითად, თუ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 18 და მეტი წლის მოსახლეობის თანაფარდობა ამომრჩეველთა მთლიან რიცხოვნობასთან შეადგენდა 145,3 პროცენტს. მომდევნო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 96,6 პროცენტი შეადგინა. მართალია, ამ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის 18 და მეტი წლის მოსახლეობამ 164 ათასით მოიმატა, მაგრამ საარჩევნო ასაკის მოსახლეობის ყოველი ერთი კაცით მატებაზე ამომრჩეველთა სიაში რვაკაციან მატებას ჰქონდა ადგილი, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობამ 2008 წელს, 2004 წელთან შედარებით, 1 მილიონ 296 ათასი კაცით, ანუ თითქმის 1,6-ჯერ მოიმატა.

ამომრჩეველთა რაოდენობამ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, უკვე გადააჭარბა ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტიან ზღვარს. რაც, საკითხის პოლიტიკურ კონტექტსში განხილვას რომ თავი დავანებოთ, ერის დაბერების თვალსაჩინო ინდიკატორია.

 _ რეალურად გაიზარდა ეს ციფრი თუ გარკვეული მაქინაციების წყალობით?

_ როგორც წესი, მკვეთრად არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ცვლილებები. ჯერ ერთი, ამომრჩეველთა რაოდენობა ახლოს უნდა იყოს 18 და მეტი ხნის მოსახლეობის რიცხოვნობასთან. ხოლო, თუ მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა, გამოდის, რომ რაღაცაშია საქმე. ან ხელოვნურად, ან გარკვეული მიზეზების გამო არის მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილი… ამიტომ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება და თვალყურის დევნება საზოგადოების მხრიდან. მხოლოდ კამპანიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა სიების დადგენას. თამაშის წესები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ, 20 წელიწადზე მეტია, დამოუკიდებლობა მიიღო, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი.

_ იძლევა თუ არა აღნიშნული მონაცემები იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ იქნება ობიექტური? რამდენად არსებობს არჩევნების გაყალბების საფრთხე?

_ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამიტომ მე ახლა არავითარი უფლება არ მაქვს, არც კანონიერი და არც მორალური, ამ საკითხში ეჭვი შევიტანო, მაგრამ ის ფაქტი, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე იცვლება ამომრჩეველთა რაოდენობა, კონტინგენტი, უკვე თავისთავად სერიოზული ეჭვის საფუძველს ქმნის. ამიტომ ზუსტადაც ერთგვარი პრევენციაა ჩვენი საუბარი, რათა საზოგადოებამ  მეტი ყურადღება გამოიჩინოს საჭირო საარჩევნო სიების მიმართ და დროულად მოახდინოს რეაგირება.

ზოგადად, ქვეყანაში სტატისტიკის მიმართ საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულება ნიჰილისტურია. როდესაც ქვეყანაში სტატისტიკას სათანადოდ არ იყენებენ, იქ უკვე ბევრი მანიპულაციის საშუალება ჩნდება.

_ მოგეხსენებათ, სიების დაზუსტების კომისიაც მუშაობს კარდაკარის პრინციპით. რა მონაცემებს ეყრდნობა ის და, თქვენი მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მათი მუშაობა შედეგის მომტანი არ იქნება?

_ უნდა ვიცოდეთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსები როგორ გამოვიყენოთ. ჩვენ რესურსების ყაირათიანი განკარგვით გაცილებით მეტი შედეგის მიღება შეგვიძლია. მაგალითად, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია, განხორციელდეს მოსახლეობის რეესტრი, რომელიც ბევრ პრობლემას მოხსნის და ყველა არჩევნებისთვის ახალი სიების დადგენა აღარ დაგვჭირდება.

მახსენდება ერთ-ერთი არჩევნები, როცა, მაგალითად, «აღორძინების» მხარდამჭერთა რაოდენობამ ოფიციალურად 269 ათასი შეადგინა, მაშინ, როდესაც 18 და მეტი წლის მოსახლეობა აჭარაში მხოლოდ 264 ათას 500 კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბებასთან გვქონდა საქმე. 

_ ზემოთ ერის დაბერების პროცესი ახსენეთ, სპეციალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ, როგორია დღეს სტატისტიკური მონაცემები, არის ერი დაბერების სერიოზული საფრთხის წინაშე?

_ თანამედროვე მსოფლიოში დემოგრაფიულ დაბერებად ითვლება მდგომარეობა, როცა 65 წელზე გადაცილებული მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 7%-ს აღემატება. ჩვენთან ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია და 15% გადასცდა უკვე. ეს ხდება არა იმის გამო, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ არ ხდება შესაბამისი ჩანაცვლება. ქვეყანაში შობადობაც შემცირებულია და მიგრაციაც მაღალია.

აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ადგილი ჰქონდა მასობრივ მიგრაციას. ქვეყნის მოსახლეობა უკანასკნელი 20-22 წლის მანძილზე შემცირდა. მიგრანტთა შორის განსაკუთრებით მაღალი იყო ყველაზე რეპროდუქციულ და შრომისუნარიან ასაკში გასულთა რაოდენობა. არაეთნიკურ მიგრანტთა 85% 20-25 წლის იყო, მაშინ, როდესაც აღნიშნული ასაკის მოსახლეობის წილი მოსახლეობის მთელ რაოდენობაში მხოლოდ 42-44 პროცენტია. 1897 წელთან შედარებით, 2011 წელს ბავშვთა წილი თითქმის სამჯერ (2,9-ჯერ) შემცირდა, ხოლო, 64 წელს გადაცილებულთა რაოდენობა თითქმის იმავე პროპორციით (2,7-ჯერ) გაიზარდა. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასაკოვანი მოსახლეობის ზრდის ტემპი 4,3-ჯერ აღემატებოდა მოსახლეობის მატების საშუალო ტემპს და 7,4-ჯერ _ 60 წლამდე მოსახლოების მატების ტემპს. (+5,41%) ამ ხნის განმავლობაში, დაბერების ინდექსი, ანუ 64 წელზე უხნესი მოსახლეობის თანაფარდობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობასთან, თითქმის რვაჯერ გაიზარდა _ 10,4%-დან  81,2%-მდე. ხოლო სოფლებში ხანდაზმულთა რაოდენობამ გადააჭარბა კიდეც ბავშვების რაოდენობას.

საქართველოს მოსახლეობა ამჟამად დემოგრაფიული სიბერის მდგომარეობაში იმყოფება. მე-20 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო 59 წელს გადაცილებულთა რაოდენობა _ 7-ჯერ. საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბერებულია. მოსახლეობის საშუალო ასაკი აღემატება სომხეთისას 5 და აზერბაიჯანისას 8 წლით. ხოლო საპენსიო ასაკის მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოში აზერბაიჯანთან შედარებით სამჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით 1,8-ჯერ ნაკლები ბავშვი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ხანდაზმულია მსოფლიოს საშუალო დონესთან შედარებითაც (დაახლ. 30%-ით).

გაეროს ექსპერტთა პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობის დაბერების პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. 2050 წლისთვის 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში საუკუნის დასაწყისთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდება და 35,8 პროცენტს მიაღწევს. ამიტომ იმისთვის, რომ მყარი ზრდა მოხდეს, ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 73-75 ათასი მაინც უნდა იყოს, როცა დღეს, შობადობის მაჩვენებელი დაახლოებით 60-62 ათასამდეა. რა თქმა უნდა, საქართველოს პატრიარქის მოწოდებამ ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა. მანამდე უკიდურესად დაბალი შობადობის მაჩვენებელი გვქონდა  _ დაახლოებით 47-48 ათასის ფარგლებში. მართალია, ვითარება ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

_ კიდევ ერთი სერიოზულ პრობლემას ქვეყანაში უმუშევრობა წარმოადგენს. შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, რამდენად მოახერხებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევას სამინისტროს ამოქმედება?

_ რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არსებობს შრომის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სამინისტროა, მაგრამ მას არ ევალება მარტო დასაქმება, არამედ ევალება შრომითი ნორმატივების, სოციალური დაცვის მარეგლამენტირებელი ნორმების შემუშავება. დასაქმება არის ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტი შრომის სამინისტროსი.

დღეს ბაზრის წილი დასაქმებაში ძალზე მოკრძალებულია. მეტი რიცხვი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებზე მოდის და სახელმწიფო გამოდის ერთერთ ძირითად დამსაქმებლად ქვეყანაში. თუ სერიოზულად მიუდგება საქმეს, დასაქმების მინისტრი გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობშეძლებს მიზნების განხორციელებას, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა კონტინგენტის დადგენა. სტატისტიკა, მართალია, ითვლის, ზოგადად რამდენი უმუშევარია ქვეყანაში, მაგრამ ეს განყენებული ციფრებია.

_ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 14-16%- თუ შეადგენს, თუმცა საზოგადოებას ამ რიცხვების არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ უმუშევართა რაოდენობა რეალურად ბევრად მაღალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლება თვითდასაქმებულთა რაოდენობას ეყრდნობა?

_ სახელმწიფო ვალდებულია, გამოიყენოს საერთაშორისო მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც უმუშევრად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ანაზღაურება შრომითი საქმიანობიდან, ეძებდა სამუშაოს, მზად იყო მუშაობის დაწყებისთვის, მაგრამ ვერ იპოვა. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ადამიანი უმუშევარია. ამის მიხედვით, საქართველოში 300 ათასი უმუშევარი გვყავს. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს სამსახურის ძიებაზე. მათ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ უმუშევრობა ორი კრიტერიუმით დავითვალოთ: მკაცრი და შედარებით რბილი მაჩვენებლით _ როცა ადამიანი უიმედოდაა განწყობილი და აღარ ეძებს სამსახურს. თუ ამ მეორე კატეგორიას მივაკუთვნებთ უმუშევართა კატეგორიას, მაშინ უმუშევართა რაოდენობა იქნება არა 300 ათასამდე, არამედ დაახლოებით 380 ათასამდე მიაღწევს. ეს რაც შეეხება ოფიციალურ მეთოდიკას, მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი: დასაქმებულად ითვლება ყველა თვითდასაქმებული. მაშინ, როცა ევროპაში დასაქმებულთა 85% არის დაქირავებით დასაქმებული და მხოლოდ 15% თვითდასაქმებული, ჩვენთან 38% დაქირავებული და 68% თვითდასაქმებულია, ანუ საქართველოში თვითდასაქმებულთა რაოდენობა ხუთჯერ მეტია.

უმუშევართა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტი _ დაახლოებით 40%-ია. ესპანეთში უმუშევრობის 23%-ია, ასევე მაღალი მაჩვენებელია საბერძნეთში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ ესპანეთსა თუ საბერძნეთში უმუშევრობის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოში, მაგრამ გინახავთ საბერძნეთიდან ან ესპანეთიდან საქართველოში სამუშაოს საძიებლად ვინმე ჩამოსული? როგორც წესი, პირიქით ხდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here