Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ჭკუასელი: წამხდარ ყანას ჰგავს დღეს გურია

თემურ ჭკუასელი: წამხდარ ყანას ჰგავს დღეს გურია

810

კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად თემურ ჭკუასელი რომ დაასახელა და დაახასიათა იგი, ასეთი ფრაზაც თქვა _ ჩემი მეგობარიაო. თემურ ჭკუასელთან საუბარს, რა თქმა უნდა, მეგობრობასთან დაკავშირებული შეკითხვით ვიწყებ:

_ სად, როდის, როგორ?

_ ფრანგულ კურორტ სან-ტროპედან იწყება ჩვენი მეგობრობა, 1997 წელს, როცა საფრანგეთში, კანში, ჩვენი _ «ქართული ხმების» _ გასტროლები ბატონ ბიძინას ამ კურორტზე დასვენებას დაემთხვა, და მან თავისთან მიგვიწვია. მაშინ საქართველოში მისი სახელი და გვარი არც გაეგონათ.

_ სან-ტროპე ბათუმზე უკეთესი კურორტია?

_ (ეღიმება) გასაგებია, ვის ბოსტანშიც ისვრით კენჭებს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესია… ჩამოვიდა კანში, დაესწრო ჩვენს კონცერტს, ძალიან მოეწონა. მოგეხსენებათ, როგორ ემოციურად აღიქვამს ქართველი კაცი მშობლიურ ხელოვნებას საზღვარგარეთ. მით უფრო, თუ დიდი ხანი საქართველოში არ ცხოვრობს. კონცერტი გამოგვივიდა _ იყო ოვაციები. ამ კონცერტის შემდეგ გერმანიაში ტურნეს გაგრძელებამდე შვიდდღიანი პაუზა გვქონდა. აი, მაშინ მიგვიწვია თავისთან _ სან-ტროპეში.

ჩავედით. ზაფხულია. გაგვიჭირდა ჩვენი ფინანსების შესაფერ სასტუმროში ადგილების პოვნა. ეს ულამაზესი პატარა ქალაქი ძალიან პოპულარულია მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში. ბიძინა ივანიშვილს იქ მთელი ტყე აქვს.

_ ტყე?!

_ დიახ, ისეთი, სადაც ტახებზე შეგვეძლო გვენადირა, იმხელა ტერიტორიაა… ასე იყო თუ ისე, ერთი კვირა ვიყავით ერთად და მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს მომავალ, მართლაც დიდ მეგობრობას. ეს, ალბათ, განაპირობა იმან, რომ ჩვენი ანსამბლის წევრები მარტო მომღერლები კი არ არიან, არამედ შესანიშნავი პიროვნებებიც, უნიკალური ადამიანები, რასაც ბატონი ბიძინა განსაკუთრებით აფასებს.

_ დავუმატოთ ამას ურთიერთთანადგომის უნარიც. მახსენდება გრანდიოზული კონცერტი, რომელიც ასოციაცია «ქართული ხმების», ანუ თქვენი  თაოსნობით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, და შემოსავალი მთლიანად წმინდა სამების კათედრალის მშენებლობის ფონდში გადარიცხეთ.

_ რაც მან დახარჯა, იმასთან შედარებით ჩვენი შენატანი მიზერული იყო. მაგრამ მან ჩვენი შენაწირი სახარებისეულს შეადარა _ ყველაფერი გაიღეთ, რაც გაგაჩნდათო.

_ თქვენ, თემურ ჭკუასელმა, არაერთხელ აღიმაღლეთ ხმა ქართულ პრესაში ბიძინა ივანიშვილის დასაცავად.

_ თავდაპირველად იგი არ რეაგირებდა ასეთ ჩხვლეტებზე, მაგრამ თანდათან ასეთი სიბინძურეები ზღვარს გადავიდა. გაზეთ «ჯორჯიან თაიმსში» დაიბეჭდა პასკვილი, თითქოს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიძინა ივანიშვილი ბორდელს აშენებდა: ჩემი თვალით ვნახეო, ირწმუნებოდა ვიღაც, როგორ შეჰქონდათ იქ ლეიბებიო(?!).

ამის უპასუხოდ დატოვება აღარ შეიძლებოდა. დავწერე და გამოვაქვეყნე მურაზ იოსელიანის ხელმოწერით. ვიცოდი, გამიბრაზდებოდა. ერთი კვირა ფიქრობდა თურმე, ვინ შეიძლება ყოფილიყო ავტორი. ჩვენი ბიჭებისთვის უკითხავს კიდეც, ვის შეიძლებოდა დაეწერაო. დათო აბესაძეს უთქვამს, მასე მხოლოდ თემურ ჭკუასელი წერსო. მკითხა _ მართალიაო? დამალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და სასჯელი არ მემუქრებოდა (იცინის).

ძალიან რომ შეაწუხეს შემდეგ და შემდეგ, თვითონ მითხრა _ ხომ არ ვუპასუხოთო. ვუპასუხეთ: რამდენიმე სტატია დავწერე.

_ შეიძლება ერთი მაინც გაიხსენოთ?

_ ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა წერილი «რატომ უნგრევს ორი შვილის დედას _ ქალბატონ ტიფანის ბიძინა ივანიშვილი სახლს?». ბიძინა ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. დეტალების გახსენება არ ღირს, ერთს კი ვიტყვი, იმ ქალბატონმა ნახევარი სახლი, გაფრთხილების მიუხედავად, ივანიშვილის ნაყიდ მიწაზე ააშენა.

_ სად იყო ეს?

_ აი, აქ _ წავკისისკენ, «ამერიკული სოფელი» რომ იყო, რომელიც დაინგრა, იქ დიდ ფართობზე აჩეხეს მრავალწლიანი ნაძვები. ბიძინამ შეაფასებინა გაწეული ხარჯი, სამ მილიონამდე იყო. შესთავაზა, რომ 6 მილიონს გადაუხდიდა, ოღონდ შეეწყვიტათ ბარბაროსობა. გაჩეხილ ტყეს მე აღვადგენ, ახალ ადგილზე მიწასაც შეგიძენთო. იმ ამერიკელ ქალს, რომელიც ბუშის ახლობლობას იჩემებდა, მადა გაეხსნა და ბიძინას შემოუთვალა _ ათი მილიონიდან დავიწყებ ფიქრსო. ბიძინამ იჩივლა სასამართლოში, რომელმაც, წარმოიდგინეთ, გამოიტანა განაჩენი სახლის დანგრევის თაობაზე, რომლის მშენებლობის ნებართვაც არ ჰქონდა ქალბატონ ტიფანის.

ამ ყველაფერზე ვილაპარაკე ჩემს წერილში, რომელიც, როგორც თქვეს, საინტერესო იყო, ემოციურიცო. თარგმნეს ინგლისურად და თითქმის ყველა საელჩოს გაუგზავნეს.

მეორე მხარემ, რომელიც მიხვდა, რომ ცუდად ჰქონდა საქმე, მე მომაკითხა. მითხრეს: თუ საქმეს შემოატრიალებთ, ექვს მილიონზე თანახმა ვიქნებით, ათ პროცენტს კი თქვენ მოგცემთო. მოვუყევი ეს ყველაფერი ბატონ ბიძინას და ვუთხარი: შენ ექვსი მილიონის მიმცემი რომ არ ხარ, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ათი პროცენტი მე უნდა გადამიხადო, ზარალში რომ არ დავრჩე-მეთქი… (გულიანად ეცინება).

ძალიან ვიხალისეთ.

ფინალი არ გაინტერესებთ?

_ მაინტერესებს.

_ იმ ქალს ის სახლი კანონიერად დაუნგრიეს, ბიძინამ კი დაპირებული ექვსი მილიონი მაინც გაუგზავნა.

_ აუჰ!.. თქვენ, ბატონო თემურ, ამჟამად სერიოზულად ხართ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შეიძლება მეშლება, მაგრამ ვფიქრობ, ამ კამპანიის აქცენტი სოციალურ-კომუნალური საკითხებით იფარგლება. მეორე პლანზე გადავიდა, რიგ შემთხვევაში, საერთოდ დავიწყებულია ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიცაა ამ ხელისუფლების მცდელობა _ წარყვნას სულიერი ღირებულებანი, ტრადიცია, სამართლიანობა; აღარავის ახსოვს მეცნიერება, ხელოვნება, განათლება. თუმცა ვის რა უნდა მოვთხოვოთ, როცა «უფალო, შეგვიწყალე!» «მიშა, მიშათი!» ჩაანაცვლეს, ხოლო პოპსას ნამღერი «მიშა მაგარია» ლამის მეორე ჰიმნად გაიხადეს?!

ეს საკითხები თქვენ, ბატონო თემურ, უთუოდ განსაკუთრებით გაწუხებთ, თუნდაც თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, _ მახსოვს, ნუგზარ ფოფხაძის თავმჯდომარეობისას საქტელერადიოში მთლიანად ეროვნულ კულტურაზე აქცენტირებული მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად რომ მუშაობდით და პარალელურად ანსამბლი «ჟურნალისტი», მომავალი «ქართული ხმები», რომ დააარსეთ…

_ მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის. ერთი ხანია, ადამიანებს ვხვდები სწორედ იმ კუთხეში, რომელიც ძალიან საინტერესოა ამ მხრივ _ გურიაზე ვლაპარაკობ. გაოცებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის არც ერთ სოფელში წინა პლანზე არ გამოაქვთ სოციალური გაჭირვების საკითხები. ყველა პრაქტიკულად სწორედ სულიერებაზე ლაპარაკობს.

ერთი ქალბატონი დამახსომდა სოფელ ბუკნარიდან, სამი დღის წინ ვიყავით ამ სოფელში. ამ ქალბატონის შვილი აფხაზეთში იბრძოდა და დაიკარგა. ჩვენმა ხელისუფლებამ… (პაუზა) მწარედ მეღიმება, ამას რომ გიყვებით… ჩვენმა ხელისუფლებამ მარტოხელა დედას არ დაუნიშნა პენსია, მარჩენალის დაკარგვის გამო რომ ეკუთვნოდა. უარის თქმის ფორმულირება ასეთია: თქვენი შვილი წასული იყო მოხალისედ და ამიტომ არ გეკუთვნითო. შეხვედრაზე იმ ქალბატონს მადლობა ვუთხარი ასეთი შვილის აღზრდისთვის და თანასოფლელებმა ტაში დაუკრეს მას. დავპირდი, რომ უსამართლობას გამოვასწორებდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდით.

_ არა, ნენა, არა, _ ზუსტად ამ სიტყვებით მომმართა, _ მე არაფერი მიჭირს. ჩემ თავს მე მივხედავ. ქვეყანას მიხედეთ… (გაუჭირდა თემურ ჭკუასელს ამ სიტყვების გამეორება, ცრემლი მოადგა თვალებზე. ვერ დაიოკა ემოცია).

ასეთი განწყობილებაა გურიაში, რომლის მკვიდრთა მაღალი სულიერება, ნიჭი და უნარი ყოველთვის აოცებდა აქ ჩამოსულ უცხოელებს, გაოგნებულები იყვნენ. ამის უამრავი მაგალითია დაფიქსირებული წერილობით ძეგლებში.

სანამ გურიაში ჩავიდოდი, წერილების ციკლი გამოვაქვეყნე «გურია ნიუსში». ერთ-ერთი წერილის სათაური ასეთი იყო: «წახდა, ბებია, ყანა!», ბებიაჩემი იტყოდა ასე, ქარი მიწაზე რომ დააწვენდა ყანას და მოსავალი რომ დაიკარგებოდა.

წამხდარ ყანას ჰგავს დღეს გურია. ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ხალხს, გურულებს, ისე შეუტია ხელისუფლებამ, როგორც იმ ავმა ქარმა, და შეეცადა მათთვის  ღირსების აყრას… სტუმრის მიღება ყველაზე უფრო რომ უყვარდათ, სტუმრის მიღებაც არ შეუძლიათ.

_ ხომ არ დაკარგეს გურულებმა ფირალების სულისკვეთება, ხომ არ შეშინდნენ?

_ არა! ყველაზე ნაკლებად სწორედ ეს იგრძნობა გურიაში, ყველაზე ნაკლებად. მართალია, ბევრი მაინც ვერ მოდის ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ გვითვლიან, _ იცოდეთ, თქვენთან ვართ, მარა ახლა, ამ წუთში არ შეგვიძლია: ხან შვილის სამსახურიდან გამოგდებას იმიზეზებენ, ხან სხვა რამ ასეთს!

_ დემოკრატიული ქვეყანა ვართ!

_ ისეთი დემოკრატიული, რომ, როგორც მთელ საქართველოში, გურიაშიც დაბერებას ნატრობენ _ საპენსიო ასაკის მიღწევას. ისეთი გაჭირვებაა, რომ ის კაპიკებიც სანატრელი გაუხდათ…

ერთი ფრანგი მყავდა სტუმრად და რაჭის სანახავად ავიყვანე. ცარიელ სახლში უნდა გავჩერებულიყავით. დავალაგეთ ბარგი და გავედით სოფელში. საღამოს რომ დავბრუნდით, ვხედავთ, ავსებულია აივანი მორთმეული ლორით, შოთებით, ხაჭაპურით, ხილით, რა გინდა სულო და გულო! დოქით ღვინოც დგას.

იკითხა ფრანგმა, საიდანო?

ვუპასუხეთ, რომ სოფლის ნობათი იყო, დაგვინახეს რომ მოვედით და, ვისაც რით შეეძლო, გაგვიმასპინძლდა, რადგან სახლი, რომელშიც მოვთავსდით, ცარიელი, უმასპინძლო იყო.

გაგიჟდა ეს კაცი:

_ ჩვენთანო, _ გვითხრა, _ სოფელში თუ მიხვალთ, ყველა კარი გამოკეტილი დაგხვდებათ. მეზობლები ფანჯარას ჩამოფარებულ ფარდას ოდნავ თუ გადასწევენ და, თუ შეამჩნიეს, რომ თვალი მოჰკარით, სასწრაფოდ დახურავენ, ესეც დიდი ამბავიაო.

_ როგორც თქვენ _  რაჭაში, ასევე ხომ არ დახვდნენ სააკაშვილს კალანდობაზე გურიის ერთ-ერთ უმასპინძლო სახლში, სადაც მთელი რაიონიდან ხარკივით აკრეფილი ხორაგი დაახვავეს: აი, რა შეძლებულები ვართო?

_ უნიჭო სპექტაკლი იყო. ახლაც იცინიან გურულები ამაზე…

ერთ სოფელში ვართ. მესმის ჩემ უკან ქალის ხმა:

_ ეს კაცი (ჩემზე ამბობს) ყველაფერს კარგად კი ლაპარაკობს, მაგრამ მე მოვესწრები მაგას, ნეტავი?

მივიხედე. მშვენიერი ქალბატონი იყო.

_ ქალბატონო, რას ამბობთ, _ ვუთხარი, _ მშვენივრად გამოიყურებით!

_ შიმშილმა იცის, ნენა!

(გულიანად ვიცინით).

სხვა ქალბატონი ასე მელაპარაკებოდა:

_ ყველაფერი როგორაა, იცი, დედიკო, ახლა? შეხედე ჩემ ყანას: სასუქი ვერ შევიტანეთ და დავრჩებით წელს უსიმინდოდ, აგი ტაროს არ გამოისხამს.

_ ქალბატონო, რაღაცა რომ მოვიფიქროთ, ვიშოვოთ სასუქი და ახლა რომ შევიტანოთ?

_ ეგ ისე უშველის ჩემს ყანას, როგორც მიცვალებულს  გულზე წამლის  დადება, _ არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა.

ხატოვნად აზროვნებენ.

ერთ სოფელში სიტყვით გამოვდივარ და მესმის:

_ ამ კაცს ისეთი ლაპარაკი ცოდნია, გველს გაწყვიტავს წელშიო!.. _ პირველად გავიგე.

გულწრფელები ვართ შეხვედრების დროს ორივე მხარე _ მე და გურულები, ამიტომ მგონია, რომ გვჯერა ერთმანეთის.

პირველად რომ ჩავედი, ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ამბავი გავიხსენე, რომელიც ადიგენის რაიონში იყრიდა კენჭს. გვეშველება რამეო?_  ჰკითხეს ადგილობრივებმა იმ კაცს. იმანაც უპასუხა: თქვენი არ ვიცი, მე კი ნამდვილად მეშველებაო.

დაუფასეს ეს იუმორი.

პირველსავე შეხვედრაზე ვუთხარი გურულებს: ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ რახან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავი გადადო და დამასახელა, ვაცხადებ, რომ ეს უკვე ჩემს მოვალეობად იქცა და, რასაც გპირდებით, გავაკეთებ, რადგან ჩემ უკან დგას ადამიანი, რომელიც ამის შემძლეა.

_ დაყადაღებაზე თუ აქვთ რეაქცია გურულებს?

_ ცინცხალი ანეკდოტია:

_ რაფერ ხარ, ძამა? _ ეკითხება ერთი გურული მეორეს.

_ არა ვარ კარგად.

_ რეიზა?

_ დაყადაღებული ვარ!

(ვიცინით).

_ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ ქართული პოლიცია ერთგვაროვანი მასა არ არის და ჩვენი პოლიციელები ჩვენზე ხელს არ აღმართავენო გადამწყვეტ მომენტში.

თუმცა 26 მაისის «ბართლომეს ღამემ» საპირისპირო დაამტკიცა.

მე გაგახსენებთ ერთ იგავს სახარებიდან, სახელდობრ, მოციქულთა საქმეებიდან, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორც სცემეს და შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს პავლე და სილა, ანუ, როგორც ახლა იტყვიან, «პოლიტიკურ პატიმრებად» შერაცხეს და საპყრობილის ზედამხედველს (ციხის უფროსს) უბრძანეს, «ფხიზლად ედარაჯა მათთვის».

შუაღამისას «მოხდა დიდი მიწისძვრა, საპყრობილის საძირკველი შეირყა; მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასცვივდა ბორკილები».

სასოწარკვეთილმა და შეშინებულმა ციხის ზედამხედველმა ჯერ თავის მოკვლა გადაწყვიტა, შემდეგ კი პავლესა და სილას შეგონებას მიჰყვა და იწამა უფალი (საქ. მ. 16,16-40).

ფიქრობთ, რომ დღევანდელ პოლიციაში შეიძლება გამოჩნდნენ ასეთი ადამიანები, თუ მაინც და მაინც მიწისძვრასა და სასწაულს უნდა ველოდოთ?

_ ერთ ამბავს მოგიყვებით. ირაკლი სესიაშვილი, რომელიც «ქართული ოცნების» რწმუნებულია კახეთში, პატრულმა გააჩერა. ამან უთხრა, რომ დამნაშავე ვარ და მაპატიეთო. მოსთხოვა პოლიციელმა მკაცრი ხმით მანქანის საბუთები. მისცა. წავიდა. ირაკლის უფიქრია, წაიკითხავენ ჩემს სახელსა და გვარს და აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმით მომადგებიანო. მობრუნებულა ეს პოლიციელი, მიუცია საბუთები და წაბრძანდითო, უთქვამს. გაჰკვირვებია სესიაშვილს; რა ხდებაო, უკითხავს. არაფერიო, უპასუხია პატრულს, წაბრძანდითო, და თვალი ჩაუკრავს.

ასეთები ბევრნი არიან. ჩემი უახლოესი მეგობრების შვილები მსახურობენ პოლიციაში. ერთ-ერთს პირდაპირ მოსთხოვეს: ან მამათქვენი თავის მეგობარს ჩამოსცილდეს, ან ახლავე დატოვე სამსახურიო. მამას ამას როგორ ვაკადრებ და ახლავე წავალო.

თავი დაანებეს. ალბათ, მიხვდნენ, რომ, თუ ასე გააგრძელებდნენ, ძალიან ბევრის დათხოვნა მოუწევდათ.

უფლება არ მაქვს, ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ადამიანს, ვინც ამათ სისტემაში მუშაობს, მოყირჭებული აქვს იქ ყოფნა. ასეთი განწყობილება მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ქვედა ფენებს არ შევეხებით, თუ ვინმეს დანაშაული არ აქვს ჩადენილიო. პირიქით, ვინც უკანონოდაა დათხოვნილი, იმათაც დავაბრუნებთო.

ქვეყანაში ყველაფერია მომწიფებული საიმისოდ, რომ შეიცვალოს სიტუაცია.

_ თქვენი პასუხი ისე გავიგე, რომ ბიბლიური სიუჟეტის გამეორება ჩვენს სინამდვილეში არც თუ უსაფუძვლო პერსპექტივაა.

_ სახარების კომენტარი ჩემგან მკრეხელობა იქნება, მაგრამ საღვთო წერილზე უფრო ცხოვრებისეული წიგნი არ არსებობს და მისეული სიუჟეტების გამეორება დღევანდელობაში სავსებით რეალურია და შესაძლებელი.

_ ბატონო თემურ, ლოყაზე დაგორებული გლიცერინის კურცხალიდან კაფანდარა როზა წყაბელიას სააკაშვილის მკერდზე მიკვრამდე ფარისევლობის ერთი დოზაა?

_ (ეღიმება). ერთ სოფელში ერთმა გურულმა ასეთი გენიალური შეკითხვა დამისვა: აი კაცი (სააკაშვილს გულისხმობდა) სამშობლოს რეიზა არ ახსენებს?.. გადავქექე გონებაში, გადავქექე და მართალი აღმოჩნდა ის გურული. «ჩვენი ქვეყანა» _ ნათქვამი აქვს, «სამშობლო» _ არა. როცა ადამიანს სიტყვა «სამშობლოს» თქმა უჭირს, იგი უცხოა თავის ქვეყანაში, უცხო და ფარისეველი, ყალბი. ასეთი იქნება ჩემი პასუხი.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული ანდაზისა არ იყოს, «ცხენს ვერ შესწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო», _ ასე იქცევა ჩვენი ხელისუფლება, როცა «ქართუ ჯგუფისა» და «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ უკანონო ღონისძიებებს განახორციელებს?

_ ფარისევლობა ვახსენეთ ეს-ესაა. ვერ წარმომიდგენია, იმაზე დიდი ფარისევლობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება სჩადის. ყველა მოსახვევში დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობს და პარალელურად ასეთ უკანონობასა და უსინდისობას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობს.

ბიძინა ივანიშვილი, მაგათ ეგონათ, პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, რადგან მან დაარწმუნა ხელისუფლება მათ მიერ «ქართუ ჯგუფში» ჩანერგილი აგენტის მეშვეობით, რომ განზე დგას და ქვეყნიდან წასვლას აპირებს.

_ ჩრდილელზე ამბობთ?

_ დიახ. დაარწმუნა, რომ შარშან ოქტომბრისთვის აპირებდა საქართველოს დატოვებას. ასე იცოდნენ და ამიტომ იყვნენ ძალიან მშვიდად. ოპოზიციასთანაც მოგვარებული ჰქონდათ ყველაფერი, და უეცრად ბიძინა ივანიშვილი გამოდის თავისი ცნობილი განცხადებით…

_ «ოპოზიციასთან მოგვარებული ჰქონდა ყველაფერი» წამოგცდათ?

_ ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიცია იმათ მხარეს იყო. არა. მოგვარებული ჰქონდათ იმიტომ, რომ ოპოზიციონერები მე პირადად მეუბნებოდნენ, თუ რამე არ შეიცვალა და თუ რამე არ გავაკეთეთ (ბატონი ირაკლი მელაპარაკებოდა, ალასანია), კიდევ ოცდაათი წელიწადი, როგორც მინიმუმი, ესენი დარჩებიან ხელისუფლებაშიო.

_ რა უნდა შეცვლილიყო?

_ შეცვლაში, უწინარეს ყოვლისა, იგულისხმებოდა სახსრები, რაც ძალიან უჭირდა ოპოზიციას. მე შემეძლო, რა თქმა უნდა, ამაზე მელაპარაკა ბატონ ბიძინასთან, მაგრამ არაფერი მითქვამს. ხოლო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე სრულიად შემთხვევით გავიგე…

თქვენ ახლა, გარკვეული თვალსაზრისით, «უნიკალურ» ადამიანს ელაპარაკებით (ეღიმება), «უნიკალურს» იმდენად, რამდენადაც ბიძინას მეგობრებიდან ერთადერთი მე ვიყავი, ვინც პირადად და პირველად მისგან გავიგე, რომ ხვალ, ხუთში განცხადების გაკეთებას ვაპირებო.

წავიკითხე ის პირველი განცხადება და ჩემი რამდენიმე შენიშვნაც ვუთხარი.

_ კერძოდ?

_ კერძოდ ვუთხარი, რომ ეგებ ცოტა შეერბილებინა ტელევიზიებთან დაკავშირებული პოზიცია. შენ ეჭვი გეპარება, რომ ეს ასეო? ვუპასუხე, რომ მე შეიძლება არ ვეჭვობდე, მაგრამ ღირს კი ასე პირდაპირ ხარისთვის რქებში ხელის ჩავლება? მახსოვს, ჩაამატა ასეთი წინადადება, თუ თქვენ უარს არ იტყვით ჩემს შეთავაზებაზე, მაშინ ერთი წლის შემდეგ დაგიბრუნებთ ამ ტელევიზიებს. თანაც, ტელეეთერის ნაწილს ყიდულობდა. ამაზე რატომღაც ატეხეს ვაიუშველებელი. ბიზნესმენებისგან ასეთი შემოთავაზებები აბსოლუტურად ჩვეულებრივ, საქმიან წინადადებადაა მიჩნეული. რატომ მიიღეს შეურაცხყოფად, არ მესმის.

ეს ცალკე თემაა. აქ მხოლოდ ბატონ ბიძინას პოზიციას დავაფიქსირებ. მან ასე შეაფასა სიტუაცია: თუ თქვენ ჩემს ბიზნესწინადადებაზე უარს იტყვით, მაშასადამე, თქვენს ტელევიზიებთან დაკავშირებული ჩემი ვარაუდი მართლდება. ეს იყო ყველაზე მწარე სიტყვები.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ეს მომენტი გავიხსენე იმიტომ, რომ სწორედ მაშინ მითხრა ბატონმა ბიძინამ: _ ვაპირებდი ოპოზიციის დაფინანსებას, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ ფულის ჩადებით შედეგს ვერ მივაღწევდით და ამიტომ გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო ამ მოძრაობაშიო.

ამას პირველად ვამბობ, თქვენთან.

ვილაპარაკეთ მაშინ ოპოზიციის შესახებ და მეც აბსოლუტურად გულწრფელად გავუზიარე ჩემი შეხედულება და შთაბეჭდილება რესპუბლიკელებზე, დანარჩენებზე… ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, ჩემი რჩევით რამე გადაეწყვიტა, მაგრამ ძალიან გამეხარდა, რომ მისი აზრები და ჩემი რჩევა თუ შეხედულება ერთმანეთს დაემთხვა, და პრაქტიკულად ის ადამიანები დაიყენა გვერდით.

_ მაგრამ რესპუბლიკელებზე აზრთა სხვადასხვაობაა, მიუღებლობაც კი…

_ რესპუბლიკელების შესახებ პირდაპირ ვუთხარი ბატონ ბიძინას: არიან ინტელექტუალები, მაგრამ საოცრად დაბალი რეიტინგი აქვთ ხალხში. ამის ახსნა არ შემიძლია. ისიც არის, რომ ინტელექტუალობა დაპირისპირების მუხტს, წინააღმდეგობის გაწევის სურვილს ბადებს… მე მგონი, ის, რაც მათთან დაკავშირებით ხდება, ერთხელ აგორებული და შემდეგ ძალამოკრეფილი შეხედულების ნაყოფია _ ერთმა თქვა, მეორემ, მესამემ დაიჯერა და ასე შემდეგ. გარკვეული ამბიციებიც იგრძნობა. მაგრამ, მე თუ მკითხავენ, მათი ლიდერის _ დავით უსუფაშვილის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, საოცრად პატივსაცემი ადამიანია.

_ კარალეთში ქვების სროლა და ვაჟას «დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა», თქვენი აზრით, როგორ ესადაგება ერთმანეთს? უკვე გაცვდა ტრადიციული რწმენა და ღირებულებები?

_ გურიის მაგალითზე გეტყვით. შეხვედრებზე გამოჩნდებიან «მამალი» დედაკაცები და, როგორც კარალეთში იყო, «საზეპიროების» დეკლამირებით, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი წინადადებებით «შემომიტევენ» ხოლმე.

მაგალითად:

_ სა იყავი 2008 წლის აგვისტოში?

მე მშვიდად ვუპასუხებ:

_ ვიყავი დიდუბეში და რუსების ტანკების შემოსვლას ველოდებოდი.

(გულიანად ვიცინით).

_ არა, უცხოეთში იყავი! შენი შვილი ამერიკაში სწავლობს!

რა მიხვედრა უნდა, დარიგებული იყო ხელისუფლების აქტივისტი ქალი. შემდეგ გამოვიკითხე, ვინ იყო ეს «გაბედული» ოპონენტი და გავიგე, რომ ორჯერ ყოფილა დაპატიმრებული ნარკოტიკების გასაღებისთვის. შვილი ციხეში უზის.

ნორმალური ადამიანები ნორმალურად იქცევიან, ხელისუფლების მომხრენიც კი. სოფელ ბასილეთში ერთმა თეთრწვერა კაცმა ძალიან მშვიდად რამდენიმეჯერ მკითხა: _ რას უწუნებ სააკაშვილსო. აშკარად ჩანდა, რომ მისი მომხრე იყო.

_ ჩემო ბიძიკო, _ ვუთხარი იმ კაცს, _ რამდენიც უნდა გესაუბროთ, აზრს ვერ შეგაცვლევინებთ, თქვენ მე ვერ შემაცვლევინებთ. მიბრძანდით საარჩევნო უბანში და თქვენს რჩეულს მიეცით ხმა. ჩვენ, მოდით, ამის გამო ერთმანეთს ნუ წავეჩხუბებით. _ კი, ბიძიაო, _ ღიმილით მითხრა და ჩამომართვა ხელი.

ის, ვინც ქვას ისვრის, ჩათვალეთ, რომ რაღაცაშია გასვრილი. ასეთებს ვაჟას შეგონების დაცვას ვერ მოსთხოვ.

_ დასეტყვილი, გავერანებული კახეთისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულ 80-მილიონიან გენიალურ ნაბიჯს როგორ აფასებთ? დაახლოებით ისეა, როგორც ჭადრაკში _ თეთრები იწყებენ და იგებენ!

_ შეიძლება, თქვენც არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი. თქვენ თქვით, გენიალური ნაბიჯიაო, სხვებიც აფასებენ, როგორც პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ მომგებიან სვლას.

ბიძინას ეს ნაბიჯი პოლიტიკაზე მაღლა დგას. კახელებისთვის დახმარების გაწევა მისი აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი იყო. ესაა მთავარი. ხოლო დანარჩენი, რაც ჯარიმის გადახდას უკავშირდება, ჩვენს უსამართლო სამართალში, მახინჯ კანონმდებლობაში, არსებულ დაბრკოლებათა გადალახვის აუცილებლობით იყო გამოწვეული.

ასეთი პიროვნებაა. მისი ხასიათი უკეთ რომ გაგაგებინოთ, ერთ ფაქტს გავიხსენებ. შეკვეთილში გლეხისგან იყიდა საყანე მიწა და, როგორც წესი, ორმაგი ფასი გადაუხადა. ცოტა ხანში იმავე ფართობის მიწა უყიდა სხვაგან და აჩუქა იმ კაცს.

_ რა ქენი-მეთქი? _ შევეკითხე, _ ფული ხომ მიეცი?!

_ ბიჭო, ჭოტიკა (ასე მეძახის), ფული კი მივეცი, მაგრამ ის ფული გამოელევა,  წარმოიდგინე იმ გლეხის მდგომარეობა, რომელსაც საყანე მიწა არ ექნება!

_ ბოლო სიტყვას მოვიდეთ!

_ არჩევნები ძალიან დიდი საქმე და მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენს მკითხველს მინდა ვუთხრა: ნუ დავივიწყებთ იმ უკვდავ ფორმულას, რომელიც ჩვენს ხალხს ჩამოუყალიბებია: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!

_ წუთისოფელი ასეა!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here