Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა ხატიაშვილი: დაიწყება ოპოზიციის მასობრივი დევნა და ამას ექნება ხანგრძლივი, მასშტაბური ხასიათი

ზაზა ხატიაშვილი: დაიწყება ოპოზიციის მასობრივი დევნა და ამას ექნება ხანგრძლივი, მასშტაბური ხასიათი

600

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

_ ბატონო ზაზა, ევროპარლამენტის წევრმა ანდრეას მავროიანისმა განაცხადა, რომ ევროგაერთიანების წარმომადგენლები მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში…

_ დიდი ხანია, საქართველო  არის სახელმწიფო, რომელიც რეკლამებითა და სარეკლამო განცხადებებით იმართება. მთავარია, დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებმა ვინმე ნახონ და მათზე რამე კარგი ათქმევინონ, სამივე სახელისუფლო არხი მზადაა, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ატრიალოს ეს ყველაფერი და საზოგადოება კვებოს დეზინფორმაციით. ამას უკვე იმდენად მასშტაბური სახე აქვს მიღებული, რომ რეალურად პროპაგანდასაც ვერ დაარქმევ. სინამდვილეში  ჩვენ კარგად ვიცით, რა ტიპის ხელისუფლება გვყავს სახეზე: ეს არის ისეთივე რეჟიმი, როგორებიც იყვნენ თავის დროზე მუსოლინის, ჩაუშესკუს, ბენ ალის, მუბარაქისა და მსოფლიოში ცნობილი სხვა დიქტატორების რეჟიმები. მეტიც, «ნაციონალური მოძრაობა» დღეს შეიძლება ბევრად უფრო ბინძური და ძალმომრეობითი მეთოდებით მოქმედებდეს, ვიდრე ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დიქტატორი.

 

 როცა ადამიანი გამოდის და ამბობს, ქვეყანაში, სადაც წამებით კლავენ პატიმრებს, ადამიანის უფლებების კუთხით კარგი მდგომარეობააო, ის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისერი და, სავარუდოდ, ანგარებით მოქმედებს. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გარიგება. როგორ, რა ფორმით, სხვა საკითხია, არ არის გამორიცხული, ფულზეც იყოს საუბარი…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსები სხვა პოზიციიდან უყურებენ აქ მიმდინარე პროცესებს. ისინი თვლიან, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისთვის ბუნებრივია ის, რაც აქ ხდება.

_ რომელ ახალგაზრდა დემოკრატიაზეა საუბარი, მათივე უფლებადამცველი ორგანიზაციები აქვეყნებენ დასკვნებს და ანგარიშებს, რომ აქ ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა. იმავე თომას ჰამერბერგმა დაწერა, საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნა მიდისო, მეტი რა უნდა გითხრან?!

იმ ყბადაღებული რეპრესიების დროსაც კი ეჟოვმა და იაგოდამ გაასამართლეს სამოცდაათამდე ადვოკატი, «დემოკრატიის შუქურამ» კი, მარტო ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 143 ადვოკატს გამოუტანა განაჩენი… ახლა ამ ქვეყანაზე რომ კაცი იტყვის, დემოკრატიულად ვითარდებაო, ის ადამიანი, მინიმუმ, უსინდისოა. ეს, ყველაზე რბილად თუ ვიტყვითა და დანარჩენი, რა ბინძურ გარიგებაში არიან ისინი ამ ხელისუფლებასთან, ჩვენ არ ვიცით და ვერც გავიგებთ.

_ რაც შეეხება მოსალოდნელ არჩევნებს, რამდენიმე დღის წინ ჯონ ბასმა განაცხადა: საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. ბევრმა ეს განცხადება, არც მეტი, არც ნაკლები, ხელისუფლებისთვის მწვანე შუქის ანთებად შეაფასა. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ 26 მაისს, როცა სააკაშვილის რეჟიმმა ხალხი დახოცა, ამას წინ უძღოდა იმავე ჯონ ბასის განცხადება, რატომ დგანან ეს ადამიანები ქუჩაშიო. იმის თქმა მინდა, რომ მაშინაც კი, სანამ ჯონ ბასმა არ აუნთო მწვანე შუქი, ხელისუფლებამ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და სწორედ ბატონი ელჩის პოზიცია გახდა იმ ავბედითი მოვლენების დროსაც გადამწყვეტი. რაც შეეხება მის ამ განცხადებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ერთგვარი შემზადება საზოგადოებისა იმისთვის, რა შედეგითაც დამთავრდება მომავალი არჩევნები. მარტივად რომ ვთქვათ,  ამერიკის ელჩმა გვითხრა, რომ, რაც უნდა მოხდეს და ვინც უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ _ საზოგადოებას, არჩევნების ობიექტურობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, ვინაიდან თურმე ქვეყანაში სამართლებრივი ჩარჩო არსებობს. მოკლედ, აქედანვე გვაჩვევენ იმ აზრს, რომ გაყალბება გამორიცხულია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მწვანე შუქის ანთება სააკაშვილის რეჟიმისთვის. სხვათა შორის, იმ ღონისძიებაზე, სადაც ჯონ ბასმა ეს განცხადება გააკეთა, მეც ვიყავი მიწვეული და პრინციპულად არ მივედი, იმიტომ, რომ ვერ დავუკრავ ტაშს იმ ადამიანს, რომელიც მიმაჩნია, რომ 26 მაისის სისხლიანი მოვლენების თანამონაწილეა…

_ თქვენი აზრით, მწვანეშუქანთებული სააკაშვილის რეჟიმისგან ისევ უნდა ველოდოთ სისხლიან დარბევებსა და დაპატიმრებებს?

_ საერთოდ, ამ ტიპის რეჟიმებისგან ყველაფერს უნდა ელოდე. მითუმეტეს, როცა ეს რეჟიმი მხარდაჭერილია ცივილიზებული სამყაროს მიერ, ცხადია, ის ათმაგად საშიშია. იმავე ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქ რაღაც ძალიან ცუდია მოსალოდნელი. ჩემი აზრით, დაიწყება ოპოზიციური სპექტრის მასობრივი დევნა და ამას ექნება ხანგრძლივი, მასშტაბური ხასიათი; მოკლედ, ივლის-აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი გააკეთებს იმას, რაც 26 მაისს ვერ გააკეთა. რაც შეეხება ოპოზიციას, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დიდწილად მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროპარლამენტი დღეს სააკაშვილის მიმართ ლოიალურია, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში კოალიცია «ქართული ოცნება», ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდა ამ სტრუქტურებთან მუშაობის თვალსაზრისით. გვესმოდა მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც გათვლილია შიდამოხმარებაზე, ამ დროს საგარეო პოლიტიკური ასპარეზი მთლიანად «ნაცმოძრაობას» ჰქონდა დათმობილი. შედეგიც სახეზეა: კი, ქვეყნის შიგნით სააკაშვილს მხარს არავინ უჭერს, მაგრამ სამაგიეროდ მის გვერდით დემოკრატიული დასავლეთია. ყოველ შემთხვევაში, ფასადურად ასე ჩანს  და, როცა საზოგადოება ამას ხედავს, ბუნებრივია, თითოეულ ამომრჩეველზე, თითოეულ მოქალაქეზე და მის მოტივაციაზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს…

_ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდება და «ნაცმოძრაობა» გაიმარჯვებს, რა გზა რჩება საზოგადოებას  საკუთარი ხმების დასაცავად?

_ თავის დროზე, როცა ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნები მოიგო და, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გახდა, საზოგადოებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ხელისუფლება ძირფესვიანად შეიცვლებოდა, ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ ყველაფერი პირიქით მოხდა, _ ოპოზიცია გაურიგდა «ნაცმოძრაობას» და გამარჯვება სააკაშვილს გადაულოცა. ახლა ამას რატომ ვიხსენებ: დღესდღეობით რომელი პოლიტიკური სუბიექტიც იქნება ყველაზე რეიტინგული და ვინც მოიგებს არჩევნებს, ეს რეჟიმი მის მოსყიდვას აუცილებლად შეეცდება. ერთია, გამოუვა ამით რამე თუ არა, მაგრამ ამ გზას აუცილებლად მოსინჯავს, ამიტომ ის საბედისწერო შეცდომები, რომლებიც დაუშვა ლევან გაჩეჩილაძემ და რამაც მოსახლეობაში საბოლოოდ ჩაკლა ყოველგვარი ბრძოლის ჟინი, ამ ოპოზიციისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. იმის თქმა მინდა, რომ, თუ არჩევნები გაყალბდება და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ გაყალბდება,  ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდას არ უნდა მიუჯდეს, არანაირ  დიალოგზე არ უნდა იყოს საუბარი, იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს მაინც გარიგებას ნიშნავს.

_ ჩვენი ახლო წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, დიალოგსა და მოლაპარაკებებზე არწასვლით ხელისუფლება მეტ სარგებელს ნახულობს ხოლმე, ამით იგი დასავლეთის თვალში ქულებს იწერს, ოპოზიცია კი რადიკალურ სუბიექტად წარმოჩინდება…

_ იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი სააკაშვილის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებს, საბოლოო ჯამში, დასავლეთს სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია მაინც არ გააჩნია. მაგალითად, იგივე წამყვანი დასავლური, კერძოდ ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად ყოველთვის ობიექტურები არიან თავიანთ შეფასებებში და, როცა საჭიროა, მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებიან.

რაც შეეხება ამერიკას, ის, რა თქმა უნდა, არ გაწირავს საკუთარ მარიონეტს და ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ოპოზიცია იქნება პრინციპული და თუ იგი ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასაცვად, ვერც «თეთრი სახლი» და ვერც ის კოლოსალური მასშტაბის ფინანსური თუ პოლიტიკური დივიდენდები, რომლებითაც ამერიკის სენატი დღემდე ასაზრდოებს «ნაცმოძრაობას», მიხეილ სააკაშვილს ვერ უშველის, რეჟიმის რღვევა იქნება გარდაუვალი და ვერანაირი ძალისხმევა ამას, უბრალოდ, ვერ შეაჩერებს.

თუმცა ბევრი რამ თავად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, მაგალითისთვის გაგახსენებთ ერთ ფაქტს: როცა დამთავრდა 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები, მივიდა ბატონი ალასანია და უგულავას გამარჯვება მიულოცა… თუ ამას კიდევ ვინმე გააკეთებს, არჩევნები დამთავრდება და დამერწმუნეთ, არანაირი პროტესტის გამოხატვა, არანაირი გამოსვლები საზოგადოების მხრიდან არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ «ნაცმოძრაობა», ფაქტობრივად, უვადოდ დარჩება ხელისუფლების სათავეში, ვინაიდან, ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევში, თუ ოპოზიციამაც აღიარა ეს გამარჯვება, სააკაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორებს ყველა კონკურენტს…

ამიტომ ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ, თუ რომელიმე ამერიკელი სენატორი ან იგივე ელჩი გამოვა და რადიკალებად მოგვიხსენიებს, ეს არ არის დიდი ტრაგედია. როცა არჩევნები ყალბდება და ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადადის, ხალხს უკვე კონსტიტუციური უფლება აქვს, ქუჩაში გამოვიდეს. ასე რომ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოებასა და ოპოზიციას ერთადერთი გზა რჩება _ ესაა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა. სხვანაირად ამ ხელისუფლების გასტუმრების შანსი ნულია, იმიტომ, რომ ამათთვის არ არსებობს არც კანონი და არც ხალხის ნება. ასეთ ხელისუფლებასთან მხოლოდ ქუჩის ენით შეიძლება საუბარი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here