გასულ კვირას უცხოურმა ინტერნეტ-რესურსმა eurasiareview-მ რიკ როზოფის სტატია გამოაქვეყნა სათაურით «დონალდ რამსფელდი საქართველოში ბრუნდება».
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისურ ვებგვერდზე დაყრდნობით, ავტორი წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი საქართველოს ერთი კვირით ეწვია ივნისში.
ავტორს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ქვეყანაში გასულ თვეში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, ამერიკელი მაღალჩინოსნები და NATO-ს უმაღლესი გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე მიჩისლავ ბიენიეკი იმყოფებოდნენ; ვერშბოუს სტუმრობის დროს ვიცეპრემიერმა გიორგი ბარამიძემ კი განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მის ქვეყანას სექტემბერში ეწვევა.
«აშშ-სა და NATO-ს ოფიციოზის უმაღლეს წარმომადგენლებს რაღაც იზიდავს სამხრეთკავკასიური ქვეყნისაკენ. 2 ივლისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძეთან შესახვედრად აშშ-ის კონგრესმენთა ექვსწევრიანი დელეგაციაც ჩავიდა, რათა NAთO-ს მიერ ავღანეთის ომში ჩასანაცვლებლად ამერიკელთა გაწვრთნილ ქართულ ჯარს დაკვირვებოდნენ», _ წერს რიკ როზოფი.
NATO-სა და რუსეთში ყოფილ ელჩ ვერშბოუს, ამჟამად თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, თან ახლდა თავდაცვის მდივნის თანაშემწე (თავდაცვის მდივნის უფროსი მრჩეველი ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით) ენდრიუ ვებერი, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში სელესტა ვოლანდერი და კონტრადმირალი მარკ მონტგომერი – აშშ-ის ევროპული მთავარსარდლის მოადგილე, დაგეგმარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორი.
ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას შეხვდა. პოლონელი გენერალი ბიენიეკი, NATO-აშშ-ის გაერთიანებული მთავარსარდლობის მეორე პირი, ასევე იმყოფებოდა საქართველოში ივნისში ორი დღით. როზოფის სიტყვებით, ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია დააკვირდება ამერიკელებისა და ქართველთა ერთობლივი წვრთნის პროცესს, ავღანეთში ჩანაცვლების მიზნით, რომელიც, აშშ-ის საელჩოს პრესრელიზის თანახმად, საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას (ISAF) წარმოადგენს.
21 ივნისს საქართველოში რამსფელდი დაბრუნდა. მისი პირველი მოგზაურობა შედგა 2001 წლის დეკემბერში, თერთმეტ თვეში, მას შემდეგ, რაც ის აშშ-ს თავდაცვის მდივანი გახდა, რასაც მოჰყვა თავდაცვის დეპარტამენტისაგან საქართველოსთვის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელსაც თავდაპირველად უძღვებოდა აშშ-ის მწვანებერეტიანთა საგანგებო ძალები, შემდეგ _ აშშ-ის საზღვაო კორპუსი და ბრიტანეთის არმიის პირადი შემადგენლობა. პროგრამამ 2004 წლამდე გასტანა, როცა საქართველომ სტაბილურობას მიაღწია. საბოლოო ჯამში, აშშ-მა და მისმა NATO-ელმა მოკავშირეებმა გარდაქმნეს ქართული შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში ჩანაცვლებისთვის, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და რუსეთთან ომისათვის 2008 წელს.
2003 წლის 5 დეკემბერს რამსფელდი მაღალი რანგის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი იყო, ვინც ქვეყანას ეწვია ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ პერიოდში, რომელიც «ვარდების რევოლუციის» სახელითაა ცნობილი, რომლის შედეგადაც მომდევნო თვეში 96-პროცენტიანი მაჩვენებლით სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის იძულებითი გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ რამსფელდი თბილისში გახლდათ. თავის სიტყვაში მან «ხაზი გაუსვა ამერიკის უაღრესად მტკიცე მხარდაჭერას და სტაბილურობას, უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას». იგი შეხვდა «ვარდების» ტრიუმვირატს, მაშინდელი საქართველოს დროებით პრეზიდენტს _ ნინო ბურჯანაძეს, სახელმწიფო მინისტრს _ ზურაბ ჟვანიას (ვისი ოჯახიც 2005 წელს მისი გარდაცვალების გამო სააკაშვილს უყენებს ბრალდებას) და პრეზიდენტობის კანდიდატს _ მიხეილ სააკაშვილს. იგი ასევე ინსპექტირებაზე იმყოფებოდა კრწანისის ნაციონალურ საწვრთნელ ცენტრში, დედაქალაქთან ახლოს, სადაც წინა წლიდან მოყოლებული აშშ ქართულ ჯარს ავარჯიშებდა (რაც ამჟამადაც გრძელდება).
თბილისში ყოფნისას თავისი დროის უდიდესი ნაწილი მან დაუთმო ნავთობსადენის შემოწმებას, რომელიც შემდეგში ჩაერთო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ნავთობის ტრანსპორტირების პროექტში, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოლიტიზირებული ნავთობსადენის რეპუტაცია აქვს.
თბილისში ჩამოსვლიდან ექვსი დღის შემდეგ ქართული საგანგებო ძალები შევიდნენ ისედაც დანგრეულ სამხრეთ ოსეთში. ბრიტანული «დეილი ტელეგრაფის» შეფასებით, «ქვეყანაში კიდევ უფრო გაღვივდა დაძაბულობა, რაც სამოქალაქო ომისკენ უბიძგებდა მას».
მისი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველმა ოთხმა ქართულმა ბატალიონმა, რომელსაც წვრთნიდა აშშ-ის სამხედრო პირადი შემადგენლობა, წვრთნისა და აღჭურვის ქართული პროგრამის შესაბამისად დაასრულა მეცადინეობა.
2004 წლის მაისში აჭარა მოექცა პრეზიდენტ სააკაშვილის კლანჭებში, რასაც ფართო მასშტაბის ქართული სამხედრო წვრთნები მოჰყვა მისსავე საზღვარზე; სააკაშვილი იმუქრებოდა, რომ შემდეგი აფხაზეთი იქნებოდა; ოთხი წლის შემდეგ მან იგივე სცადა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებმა აქეთ მოუწყვეს ინტერვენცია.
გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში, მას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიესალმა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თაობაზე აშშ-ისა და NATO-ს მფარველობის ქვეშ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს «ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისაკენ».
ორივე მხარე «ასევე შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში». საქართველოს თავდაცვის შეფმა «გამოხატა თავისი მადლიერება თავდაცვის ყოფილი მდივნის მიმართ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში».
შემდეგ ახალაიამ დასძინა, რომ «ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში».
რიკ როზოფი სტატიას ასეთი დასკვნით ასრულებს: «ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ-NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისთვის».
ამ სკანდალურმა პუბლიკაციამ საქართველოში დიდი ხმაურის გარეშე ჩაიარა. ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურება პრაქტიკულად არ ყოფილა, ხოლო მმართველმა გუნდმა საერთოდ შორს დაიჭირა თავი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რამსფელდის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ კი განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს (!). სამაგიეროდ, ეს ინფორმაცია არ უარყო ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მრავალმნიშვნელოვნად შეიკავა თავი.
ინფორმაციის უარყოფას აზრი მართლაც არ ჰქონდა, რადგან, მართალია, მხოლოდ ერთი მოკლე ოფიციალური ცნობა გავრცელდა, მაგრამ იგი ყველგან დაიბეჭდა: «საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი იმყოფება. ამერიკელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო, ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სამხედრო განათლებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ბაჩო ახალაიამ ამერიკის თავდაცვის ყოფილ მდივანს საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი სწორედ დონალდ რამსფელდის პენტაგონში ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტ ბუშის დროს, ჩაეყარა».
ამ ინფორმაციას რამსფელდის მოკლე ბიოგრაფიული ცნობა ერთვოდა, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების ჩამონათვალი იყო. ცხადია, თავდაცვის სამინისტრო მისი ბიზნეს-ინტერესების შესახებ არაფერს დაწერდა, თუმცა ამ თემას ქვემოთ მივუბრუნდეთ, ახლა კი ქართველ მაღალჩინოსანთა ომერტას ჩავუღრმავდეთ.
რატომ ასავსავებენ ხელებს გადამდგარი თავდაცვის მდივნის ხსენებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები და რას აკეთებდა მთელი ერთი კვირა საქართველოში 80 წლის «ყველაზე ხანგრძლივი თავდაცვის მინისტრი»? იმ ერთი ნახსენები ინფორმაციის გარდა, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის გარდა, დონალდ რამსფელდის ვიზიტის დეტალების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ არც ამერიკელებისადმი მოწიწებითა და ხბოს აღტკინებით განთქმულ «რუსთავი 2»-ს და არც სხვა, ამავე თვისებებით უხვად შემკულ მედიასაშუალებებს.
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, «ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ, რომელიც «ვარდების რევოლუციის» სახელითაა ცნობილი» (როზოფის დეფინიცაა), რამსფელდი მხოლოდ ერთი დღით ჩამოვიდა საქართველოში. იმ ერთ დღეში მან კრწანისის სასწავლო ცენტრის დათვალიერებაც მოასწრო, ამერიკელ ოფიცრებთან არაფორმალური საუბარიც, სააკაშვილთან, ბურჯანაძესთან და ჟვანიასთან შეხვედრებიც და დავით თევზაძესთან მოლაპარაკებაც.
ერთადერთი ინფორმაცია, რომელმაც წლევანდელი ერთკვირიანი ვიზიტის შესახებ გაჟონა, ჩეპმენის უნივერსიტეტის ბლოგში დაიდო. ამერიკელი სტუდენტები წერენ, რომ ბათუმში საზღვარგარეთ საზაფხულო სწავლების პროგრამის ფარგლებში დონალდ რამსფელდს შეხვდნენ. იქვე ამ შეხვედრის ფოტოც დევს. რამსფელდი რომ შორტებში გამოწყობილ პენსიონერ ტურისტს არ ჰგავს, ეს ფაქტია, თუმცა მისი ვიზიტის კვალდაკვალ თავდაცვის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა რომ ამ სფეროს ერთიანად ჩამოაშორეს, ესეც თვალსაჩინოა. ბაჩო ახალაია არამარტო თავად წავიდა თავდაცვიდან, არამედ ხარშილაძეც თან წაიყოლა, რომელთანაც მოლაპარაკებებს ამერიკელები სულ ცოტა ხნის წინ მართავდნენ.
2012 წლის თებერვლის დასაწყისში ბაჩო ახალაია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ამერიკელ კოლეგას _ ლეონ პანეტას შეხვდა. ეს შეხვედრა სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრისას შეათანხმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ ადრე ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობით შემოიფარგლებოდა, ამიერიდან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით წარიმართება. გამოცხადდა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოს თავდაცვის უწყებაში მივლინების შესახებ. ნატოში საქართველოს ელჩმა გრიგოლ მგალობლიშვილმა კი დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ქართული არმიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გეგმაზე იმუშავებენ.
რა დაინახეს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ისეთი, რომ სულ რაღაც 4 თვეში ახალაიაც და მისი გუნდიც ამ უწყებას ჩამოშორდნენ, ხოლო მინისტრის პოსტი დიმიტრი შაშკინმა დაიკავა? «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე უკვე წერდა, როცა შაშკინის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი:
«განათლების მინისტრად დანიშვნამდე ორი თვით ადრე შაშკინი ამერიკაში თვით სენატორ მაკკეინს სტუმრობდა. შაშკინის კარიერულ წინსვლაში ექსპერტები სწორედ მაკკეინის უხილავ ხელს ხედავენ. IღI, რომელშიც შაშკინი 10 წელი წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, არაერთხელ იყო შემჩნეული სოციოლოგიური კვლევების, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ საეჭვო შედეგების გამოქვეყნებაში. IRI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო ამ ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის წევრი, ახალი დემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი. ბატონი მაკკეინი საქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ბატონი შაშკინი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და უახლოესი თანამებრძოლი.
დღესაც არშემდგარი უმცროსი ლეიტენანტის თავდაცვის მინისტრად გამწესებაში უკანა პლანზე მაკკეინის ჩრდილი მოჩანს. ამერიკელი «ქორი» 2008 წელსაც აქეზებდა სააკაშვილს და არც ახლა უნდა იყოს შემთხვევითი საქართველოს ხელისუფლების საომარი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების წინ. მაკკეინის პროტეჟეც, მართლაც რომ დროულად, სწორედ თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს».
უცნაურია, მაგრამ მაკკეინი დონალდ რამსფელდს «ყველაზე უარეს თავდაცვის მინისტრს» უწოდებდა და წამებაში ადანაშაულებდა. ამდენად, თავდაცვის მინისტრად მაკკეინის პროტეჟეს დანიშვნა რამსფელდის საქართველოდან წასვლისთანავე მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ აღმოჩნდებოდა.
ასეა თუ ისე, მთელ ამ ისტორიაში მეტისმეტად ბევრი დამთხვევა და გაურკვევლობაა. იმ ფონზე, როცა სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ამომრჩეველს აჩვევენ აზრს არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ, მეტად ნიშანდობლივია სწორედ რამსფელდის ერთკვირიანი ვიზიტი. იმ რამსფელდისა, რომელმაც რადიო «თავისუფლების» შეკითხვაზე ერაყში სადამის დამხობის შემდეგ მაროდიორობასა და განუკითხაობაზე ასე უპასუხა: «ყოველთვის, როცა რეჟიმი იცვლება, გარდამავალი პერიოდი უნაკლო არ არის. ეს გარდაუვალია, ისტორიაც ამას ამტკიცებს და ეს ყოველთვის იყო… განა შესაძლებელია ეს თავიდან აიცილო»?
მეორე მხრივ, სხვა ინტერვიუში რამსფელდი იმას ნანობდა, რომ ერაყსა და ავღანეთში უწევდა სიარული, როცა მისი ვაჟი ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ კლინიკაში დაწვა და მან სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო შვილს ამ მძიმე მომენტში. ახლა, როცა სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა და 80 წლის ჭარმაგ მამაკაცს დრო გამოუჩნდა, მამა ისევ ვერ უთმობს შვილებსა და შვილიშვილებს ყურადღებას – მას შორეულ საქართველოში მთელი ერთი კვირით მოუწია გამგზავრება.
თუმცა… არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჯანდაცვის სტრასბურგმოვლილმა და მერყოფილმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა «ქათმის გრიპის» საფრთხეზე დაიწყოს ლაპარაკი და არჩევნების წინ ყველა ამომრჩევლის ტამიფლუთი უზრუნველყოფა მოინდომოს. ათეულობით ბიზნეს-კომპანიას შორის, რომლებშიც აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივან დონალდ რამსფელდს საკუთარი ინტერესი აქვს, არის ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი, რომელსაც გამინისტრებამდე რამსფელდი ხელმძღვანელობდა და რომელიც ტამიფლუს ექსკლუზიურ პატენტს ფლობს. როგორც კი პენტაგონში მივიდა, რამსფელდმა ამერიკის ბიუჯეტიდან ყველა ამერიკელი სამხედროსთვის ამ პრეპარატის დაფინანსება მოითხოვა და, «ქათმის გრიპის» ირგვლივ ატეხილი ისტერიის ფონზე, 2 მილიარდი დოლარიც მიიღო. ტამიფლუს ყოველი გაყიდული კოლოფიდან რამსფელდს 10 პროცენტი ეკუთვნის, ხოლო ზემოთ აღწერილი ერთი ოპერაციის შედეგად სულ რაღაც ერთ კვირაში მისი (რამსფელდის) კუთვნილი აქციების ღირებულება 700 პროცენტით გაიზარდა!
კაცმა რომ თქვას, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. რამსფელდს ორი საქმის ერთდროულად კეთება არასოდეს უჭირდა. მას ტამიფლუს გასაღებაზეც შეუძლია ზრუნვა და საიდუმლო ინსტრუქციების ჩამოტანაც, მით უფრო, რომ ყველაზე სერიოზულ გზავნილებს წერილობით არავინ გზავნის, როგორც წესი, ისინი ცოცხალ კურიერებს სიტყვიერად ჩამოაქვთ.
ისე, ჯეიმს ბეიკერიც გადამდგარი სახელმწიფო მდივანი იყო, როცა 2003 წლის არჩევნების წინ ჩამოვიდა და შევარდნაძეს «ბეიკერის ორმო» გაუთხარა. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვის უთხრიდა ორმოს საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული აშშ-ის გადამდგარი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი.
ამასობაში კი სასტუმრო «რადისონში» ორდღიანი ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ახლადგაპრემიერებულმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა. სიმპოზიუმზე ქართული კომპანიები პენტაგონის სატენდერო პირობებს გაეცნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: «ქართველ მეწარმეებს მიეცათ უნიკალური შანსი, გავიდნენ ძალიან დიდ ბაზარზე. ეს არის 47-მილიარდიანი ბაზარი. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის და მთლიანად ჩვენი რეგიონის ბაზარი. სიმპოზიუმი ეძღვნება იმას, რომ ქართველმა მეწარმეებმა მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი».
მერაბიშვილის შეფასებით, ეს საქართველოსთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება, რაც საქართველოს მოსახლეობას მეტ სიკეთეს მოუტანს.
სამხედრო შეკვეთებზე მონადირე ამერიკული ფირმები, რომელთაც რამსფელდის მაგვარი პატრონები და ლობისტები ჰყავთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეკვეთებს ქართულ ფირმებს დაუთმობენ, თუმცა, თუკი ავღანეთში «იაფი» ქართველი ჯარისკაცების კონტინგენტი კვლავაც უნდა გაიზარდოს (სწორედ ამაზე მიანიშნებს თავის სტატიაში რიკ როზოფი), მაშინ არც ის არის გამორიცხული, რომელიმე ქართულმა ფირმამ პენტაგონის დაფინანსებით ავღანეთში ცხელი ხაჭაპურების გაგზავნის ტენდერიც მოიგოს.
ამბობენ, რამსფელდს ცხელი ხაჭაპური ჰყვარებია, ოღონდ სასწაულმოქმედი ტამიფლუს შემდეგ.
დავით დარჩიაშვილი, «ნაციონალური მოძრაობის» წევრი:
_ დონალდ რამსფელდს შეხვედრები ჰქონდა აკადემიურ წრეებთან, სახელმწიფო მოხელეებთან. ძირითადი მსჯელობა მიმდინარეობდა როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასეთი რანგის ადამიანთან საუბარი ყოველთვის აქტუალური, საინტერესო და ეფექტურია შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის. თავად რამსფელდი კერძო და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. მას აქვს თავისი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, მოძიებული თანხების დახმარებით, ის ცენტრალური აზიის, ასევე კავკასიის პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ექსპერტებს შეერთებულ შტატებში სხვადასხვა კვლევით შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ამ პროგრამის მონაწილეთა შეკრება იყო. ამ მისიით ჩამოვიდა რამსფელდი საქართველოში. მისი ვიზიტი გამოხატულება არის შეერთებული შტატების საზოგადოების, პოლიტიკოსების, გავლენიანი წრეების დაინტერესებისა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება სტატიაში ნათქვამს, რომ რამსფელდს მიეცა პენტაგონი-NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება, პირველად მესმის.
გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი:
_ ვნახე ეს სტატია, გავეცანი და, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რა იგულისხმებოდა იმაში, რომ რამსფელდს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა. ზოგადად, საქართველო დამოკიდებულია ამერიკის ნებისმიერი დონის ჩინოვნიკებზე, მათ ნება-სურვილზე და სუვერენულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს. იარაღი ამერიკის ხელშია ნებისმიერი პროვოკაციის მოსაწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი არის მძიმე და აქ საუბარია, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაზე, ასევე ირანის წინააღმდეგ რაიმე სტრატეგიის შემუშავებაზე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ჯდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ საქმე ისაა, რომ რამსფელდი ტყუილად არ ჩამოსულა, არც დასასვენებლად და არც დროის სატარებლად. მისი მიზანია საქართველოს მაქსიმალურად მიბმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე. ამას ამერიკაც პასუხობს თავისთავად, ვინაიდან ამერიკისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი ხალხის ინტერესი. მისთვის მთავარია საკუთარი ინტერესი. ეს კი არის კავკასიაში ფეხმოდგმული პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცება. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს სტრატეგიული პოზიცია უჭირავს. დღეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ დაძაბულია. არაა გამორიცხული, რომ ამერიკამ ომი წამოიწყოს ირანის წინააღმდეგ და, აქედან გამომდინარე, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ჯერჯერობით ამერიკელები თავს იკავებენ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ მის შემდეგ, ნოემბერში, რა განწყობაზე იქნება ან ობამა, ან ის ადამიანი, ვინც თეთრ სახლში მისვლას აპირებს, ღმერთმა იცის. არა მგონია, დადებითი განწყობა იყოს ირანის მიმართ. არაა გამორიცხული, რომ ამერიკელებმა თვალი დახუჭონ ისრაელის სურვილზე, ირანის ბირთვული ობიექტების წერტილოვანი დაბომბვა განახორციელოს. სირიაში როგორი მდგომარეობაცაა, თქვენც კარგად იცით. ფაქტობრივად, იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. როგორც სირიის პრეზიდენტმა ასადმა ინტერვიუში განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ავანტურაში სირიის წინააღმდეგ მონაწილეობს. პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ამერიკა უკვე მხარეა ამ შიდა დაპირისპირებაში. ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რამსფელდის ვიზიტი სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. მან კიდევ ერთხელ მონიშნა სააკაშვილის დამოკიდებულება ამერიკელების ნებისმიერი ქმედებისადმი და, მზადაა თუ არა სააკაშვილი, ისევ ამერიკის ნებისმიერ წინადადებას დადებითი პასუხი შეაგებოს. ამერიკელების დიდი სურვილია, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს. ამის შესახებ ჩიკაგოს სამიტზეც ითქვა, საქართველოს მისცეს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი. მაგრამ როგორი იქნება საქართველოს მიმართ გერმანიისა და საფრანგეთის დამოკიდებულება, ეს იქნება მთავარი. წინა შემთხვევებში ძველმა ევროპამ კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ამერიკას, ის მაშინაც და დღესაც მომხრეა, საქართველო შევიდეს ნატოში. ყოველ შემთხვევაში, რამსფელდის ვიზიტი სწორედ ამ საკითხის განხილვას ემსახურებოდა.
ნანა დევდარიანი