Home რუბრიკები პოლიტიკა ბასტა, მისტერ ბას!

ბასტა, მისტერ ბას!

717

ვისაც ბანქოსთან სამოყვარულო შეხება მაინც ჰქონია,  ეცოდინება, რომ  «ამერიკული დახმარება» პოპულარული თამაშის _  «პრეფერანსის» ტერმინია,  რომლის შინაარსი ის არის, რომ, ამ თამაშში თუ «ამერიკული დახმარება» დაგჭირდა, ე. ი. პარტია წაგებული გაქვს, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ  ბანქოს მაგიდასთან მჯდომი 2-3 მოთამაშე რიგ-რიგობით «გეხმარებიან» _ შენ «პულკაში» ორ ქულას ჩაგიწერენ, საკუთარ ჯიბეში ათჯერ მეტი  «ვისტის» სანაცვლოდ. დიახაც, პირდაპირ ჯიბეში, რადგან «ვისტი» «პრეფერანსში»  სუფთა მოგების ერთეულია, ბაბაია…

ეს თამაში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, ძირითადად, ე.წ. სამხედრო არისტოკრატიაში იყო პოპულარული და, სხვა თამაშებისგან განსხვავებით, «პრეფერანსში» «ბლეფი», როგორც იტყვიან, «არ მოსულა» და ამიტომაც ჯენტლმენურ თამაშადაც იყო მიჩნეული, რითაც ღამ-ღამობით ერთობოდნენ ნაპოლეონთან მეომარი  რუსი თუ სამოქალაქო ომის მონაწილე ამერიკელი ოფიცრები…

ეს მცირე შესავალი იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ დაურქმევიათ იმ ტერმინისთვის «ამერიკული დახმარება» და არა, ვთქვათ, ბანგლადეშური, ანუ იმ შორეულ დროსაც საყოველთაოდ ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჩანასახობრივ ეტაპზე არსებული ამერიკის სახელმწიფოს მტაცებლურ-მერკანტილური ბუნება.

 ბოლო 20 წელიწადია, საქართველო ზოგადად დასავლეთთან და კონკრეტულად აშშთან პოლიტიკურ «პრეფერანსს» თამაშობს ჯენტლმენური წესების სრული დაცვით. სანაცვლოდ კი ჩვენი «სტრატეგიული მოკავშირეები», როგორც ზემოთ ითქვა, ამ ჯენტლმენურ თამაშში რაც «არ მოსულა», მაინც ბლეფობენ, ანუ «ამერიკულად გვეხმარებიან»…

ამ «დახმარების» შედეგია დაკარგული ტერიტორიები, წარყვნილი ზნეობა და აქედან გამომდინარე _ ეროვნული თვითშეგნების მეტ-ნაკლები დეფიციტი, მართლმადიდებლობის, როგორც ამ ყველაფრის საფუძველთა საფუძვლის დაკნინების ნაწილობრივ წარმატებული მცდელობა.

ახლა იმაზე, თუ რა გახდა წინამდებარე წერილის მთავარი საბაბი:

«საქართველოში, საკმაოდ დიდი ხანია, ვიმყოფები იმისთვის, რომ შემეძლო დამენახა, ხშირად ძალიან რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების აღმოჩენა»…

აი, «ობოლი მარგალიტი» მისტერ ჯონ ბასის ვრცელი აბდაუბდა პასუხიდან სრულიად მკაფიო შეკითხვაზე, რომელიც ოპოზიციაზე ზეწოლის, მერეთში ცემა-ტყეპის, ანტენების დაპატიმრების, ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებისა თუ აბსურდული ჯარიმების და ა. შ. სხვა კონკრეტულ ფაქტებს შეეხებოდა.

 პოლიტიკური ბლეფი _ სხვა რა უნდა უწოდო ამერიკის ელჩის ამ მორიგ ფარისევლობას? _ რა ვიცი! ის, რაც დღეს აგრერიგად ეძნელება ბატონ ბასს, ანუ «ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავებების აღმოჩენა», შარშან, 26 მაისს, სულ ადვილად შეძლო ერთიცა და მეორეც, რითაც მწვანე შუქი აუნთო საკუთარ ხალხზე ამრეზილ, ქართველთმოძულე ხელისუფლებას!

სჯობს, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რათა უკეთ დავინახოთ ამერიკელების ზნედაცემული პოლიტიკურ-ეკონომიკური მერკანტილიზმი და ჯონ ბასი, ვიზუალურად ეს ხორცშესხმული მეფისტოფელი, «პახოდუ პიესი» ვახსენოთ…

ჯერ იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მთელი ევროპა ნანგრევებად იქცა, ე. წ. ლენდლიზის, ხოლო ომის შემდეგ დაუმსახურებლად მსუყე წილის მიღების წყალობით, ამერიკელების ეკონომიკა «შავი დედალივით გაკეთდა».

ე.წ. მარშალის გეგმაც საბოლოო ჯამში სხვა არაფერი იყო, თუ არა ევროპისთვის გაწეული «ამერიკული დახმარება», რისგანაც, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური დივიდენდებიც მიიღო, რადგან  ცივი ომის დროს სტალინური საბჭოეთის გავლენის მიღმა დარჩენილი დასავლეთ ევროპის ფაქტობრივი მბრძანებელი აშშ გახდა.

რაც შეეხება საქართველოს, გავიხსენოთ, «მიამიტი» ჯონ ბასისგან განსხვავებით, როგორ უცებ გაერკვა მამა-ბუში გასული საუკუნის 90-იანების დასაწისში «ფაქტებსა და შეხედულებებში» და ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა შინაურ თუ გარეულ მტრებს, რომლებმაც საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული ხელისუფლება შეიარაღებული ამბოხების გზით დაამხეს, ხოლო ზვიად გამსახურდია მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს…

ამერიკას არც მოგვიანებით გასჭირვებია «ფაქტებსა და შეხედულებებში» გარკვევა და «ვარდების რევოლუციის» წინ, . . ახალგაზრდა რეფორმატორთა მხარდასაჭერად საქართველოში აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შევარდნაძის  «მეგობარი» ჯეიმს ბეიკერი მოავლინეს, რომელმაც ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე «ძველ მეგობარს» ულტიმატუმი წაუყენა, ულტიმატუმი, რომელსაც შემდეგ «ბეიკერის ფორმულა» უწოდეს, რასაც გადაჰყვა კიდეც უკვე ბებერი «თეთრი მელას» ხელისუფლება

ამას დაუმატეთ ისიც, რომ ამერიკის იმჟამინდელი ელჩი და, როგორც აღმოჩნდა «ფერადი რევოლუციების» მთავარი რეჟისორი, რიჩარდ მაილსი, «ნაციონალური მოძრაობის» მაშინდელი გენმდივნის _ გიორგი არველაძის «ასაბნიაკში» ცხოვრობდა, და ნათელი გახდება, თუ როგორი ვნებით ერკვეოდა «ფაქტებსა და შეხედულებებში», ანუ აშშ არა მხოლოდ მხარს უჭერდა, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში «ცერეუს» რეზიდენტის _ რიჩარდ მაილსის მეშვეობით ჩვენს ამომგდებ ე.წ. ვარდების რევოლუციას…

მერე იყო და, თბილისში ლამის კინტოური დაუარა ამ მართლაც პოლიტიკურმა კინტომ _ ჯორჯ დაბლიუ ბუშმა; მეორე დღეს კი დემოკრატიის შუქურა უწოდა გაბადრულ მიშა სააკაშვილს, რომელმაც «ფაქტებსა და შეხედულებებში» გარკვევა დაუფასა პატრონს და დღეს «ნაბუშარი საქართველოს» დედაქალაქი, «მელაანის ორღობის» ნაცვლად, «ბუშ-ავენიუთი» და რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკებით იწონებს თავს.

სიტყვამ მოიტანა და მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მეიდანში ბაღდადურად ბუქნაობდა, იმავე დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში მიირთმევდა სუჯუხ-ბასტურმას…

 ანუ იცეკვე, იცეკვე, მისტერ ბუშ, 2008-ში ნახავენ ქართველები, თუ რა ფასი აქვს «ამერიკულ დახმარებას», მაგრამ ამაზე ქვემოთ…

მოკლე ხანში დემოკრატიული საქართველოს აკუმულატორმა ნელნელა «დაჯდომა» იწყო და 2007 წლის 7 ნოემბერს მთელი დემოკრატიული «დინგიდუნიის» თვალწინ  ერთ დროს დემოკრატიის კაშკაშა შუქურა მყრალი ჭრაქივით ახრჩოლდა!

აშშ აქაც დროულად გაერკვა «ფაქტებსა და შეხედულებებში» და მისი ნებიერა «შუქურვარსკვლავი» დროებით და «სპონტომ» გადააყენა, რის შემდეგაც,  ქუჩებში გამოსული ასიათასობით ქართველის ფონზე, გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს მიშა სააკაშვილს.

ამის შემდეგ მაისის საპარლამენტო არჩევნები უბრალო ფორმალობა გახდა და, შესაბამისად, მიშნაცებმა საკონსტიტუციო უმრავლესობით დაიპყრეს პარლამენტი, რისი გაპროტესტების აღარც ილაჯი და, რაც ყველაზე სამწუხარო იყო, აღარც სურვილი აღმოაჩნდა ოპოზიციის გამყიდველობით და «ამერიკული დახმარებით» მრავალგზის მოტყუებულ, იმედგაცრუებულ ქართველებს

და აი, 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო ომი, რაც პირდაპირი შედეგი იყო წლების განმავლობაში მიღებული «ამერიკული დახმარებისა», რის გამოც დავკარგეთ ტერიტორიების 20%. დიახ, აშშ-ის ადმინისტრაცია ხელისუფლებასთან ერთად თანაბრად (თუ უფრო მეტად არა) პასუხისმგებელია საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

თუმცა აქაც დროულად გაერკვნენ «ფაქტებსა და შეხედულებებში» და პრეზიდენტი ბუში, ერთი ხელით რომ პამპერსებით დატვირთულ კრეისერებს გვიგზავნიდა, იქვე სარკოზის ეუბნებოდა _ დაანებე რუსებს თავი, გაუშვი, თბილისიც აიღონო _ აი ის, რაც ზემოთ მიგანიშნეთ. რუსებმა არა მხოლოდ ამერიკას დაანახეს მაშინ, როგორც თავად იტყოდნენ, «ღნჯ ლჯვტ {ჯპზბყ», არამედ ქართველებმაც გავიგეთ «ამერიკული დახმარების» ჭეშმარიტი რაობა

ამის შემდეგ, 2009 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ქართველებმა კიდევ ერთხელ სცადეს გაბრძოლება, საკნებით მოფენილი თბილისის ფონზე, 26 მაისს სტადიონიც გავავსეთ, მაგრამ ამაოდ _ ამერიკის თამადობით, თბილისში აკრედიტებული მთელი დიპ-კორპუსი გაერკვა «ფაქტებსა და შეხედულებებში» და ირიბად თუ პირდაპირ მხარი ისევ სააკაშვილის რეჟიმს დაუჭირა.

ამას დაუმატეთ ოპოზიციის უხერხემლობისა თუ პირდაპირი ღალატის ახალი ფაქტები და ის, რომ ქართველმა ხალხმა ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და ლამის საღათას ძილით მიიძინა, გასაკვირია?

ამ ძილის ფონზე მიმდინარეობდა რვიან-ექვსიანების იწილო-ბიწილოც და ე. წ. ადგილობრივმა არჩევნებმაც დაანახა დასავლეთს, რომ სწორად ერკვევოდნენ «ფაქტებსა და შეხედულებებში», რომ სააკაშვილის «სამოთხეს» ხალხი მასობრივად უჭერს მხარს.

«არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არას ეტყოდა», ამ დღეში იყო ქართველი კაცი, რომ მოულოდნელად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი ქართული პოლიტიკა და მომავლის იმედი ჩაუსახა ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქართველ საზოგადოებას.

დასავლეთი და აშშ კი დღემდე ვერ გაეკვა «ფაქტებსა და შეხედულებებში»,  მიუხედავად ხელისუფლების აშკარა ტერორისა «ქართული ოცნების» ლიდერის  მიმართ, ოკეანის გაღმიდან ვერ ვეღირსეთ მკვეთრ, ადეკვატურ განცხადებას მიმდინარე მოვლენებზე.

სამაგიეროდ, სადაც და როდესაც სჭირდებათ, ამერიკელები მშვენივრად ერკვევიან «ფაქტებსა და შეხედულებებში» და საბოლოო ჯამში, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, გვიწევენ «ამერიკულ დახმარებას»…

ამდენად, ცხადია, თუ რატომ იცვლება ნელნელა, მაგრამ შეუქცევადად, ტოტალური პროამერიკული განწყობა ანტიამერიკულით, ხშირ შემთხვევაში, პრორუსულის სასარგებლოდ.

იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ბატონი ბიძინა, რომ ამერიკის იმედად ყოფნა უკვე იმდენად არარეალურია, რომ დიდ სისულელესთან არის გაიგივებული.

ამიტომ, სანამ შემოდგომაზე ურემი გადაბრუნებულა, ყველამ ერთად ვუთხრათ ამერიკას და მაგათ «ამერიკულ დახმარებას»  «ბასტა!!!».

 თუ არადა, შემოდგომაზე კვლავ ბრანწი შეგვრჩება ხელში ქართველებს

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here