Home რუბრიკები საზოგადოება დავით ტურაშვილმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ბესო ხვედელიძემ ბოდიში მოიხადა

დავით ტურაშვილმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ბესო ხვედელიძემ ბოდიში მოიხადა

აფხაზურ გაზეთ «ჩეგემსკაია პრავდას» 2012 წლის 19 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ნადეჟდა ვენედიქტოვას წერილი «სამშვიდობო ნოსტალგია მზეზე», რომელშიც მოთხრობილია სამხრეთ კავკასიელი მწერლებისა და მხატვრების ბრიტანული შეხვედრის შესახებ, რომლის ორგანიზატორია ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Internacional Alert-ი. შეხვედრის თემა იყო «სამხრეთ კავკასიის კულტურის მოღვაწეთა დიალოგი».

«ალმანახ «სამხრეთ კავკასიის» გამოცემამ, რომელშიც იბეჭდებიან ჩვენი რეგიონის ყველა ეროვნების წარმომადგენლები, გარკვეული შედეგი გამოიღო, _ წერს ნადეჟდა ვენედიქტოვა. _ ალმანახის მეორე ნომრის პრეზენტაციაზე ქალაქ ერევანში ცნობილმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ერთი დღის შემდეგ ამავე პრეზენტაციაზე სტეფანაკერტში არანაკლებ პოპულარულმა ქართველმა პროზაიკოსმა ბესო ხვედელიძემ ტელეკამერების წინ ბოდიში მოიხადა იმ ქართველების გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთში და არ დადგნენ იარაღით ხელში აფხაზების გვერდით, მაშინ, როცა 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული ჯარები შემოვიდნენ ჩვენს პატარა ქვეყანაში.

ნუ ვიოცნებებთ, რადგან ჩვენი ქვეყნების სამშვიდობო მოლაპარაკებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ის, რომ ორმა ქართველმა მწერალმა გაბედა და გულწრფელად აღიარა სიმართლე, იმის ნათელი მაგალითია, რომ პირადი კონტაქტები აუცილებელია. ასევე აუცილებელია საერთო კავკასიური იმედისმომცემი ინიციატივის გამოჩენა, რაც, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში,  მშვიდობიანი და აყვავებული კავკასიის არსებობის საწინდარი გახდება.»

«საქართველო და მსოფლიო» ქართველ მწერლებს დაუკავშირდა.

დავით ტურაშვილმა უარყო «ჩეგემსკაია პრავდაში» გამოქვეყნებული ინფორმაცია და გაიკვირვა, _ რა სისულელეა, მე როგორ უნდა ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, პარლამენტი ხომ არ ვარო.

ბესო ხვედელიძემ კი აგრესიული ინტერპრეტაცია უწოდა ვენედიქტოვას წერილში გამოქვეყნებულ მოსაზრებას: «მე ვთქვი, რომ ძალიან მეცოდებიან ის ქართველები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ, აფხაზებთან მეგობრობდნენ, მეზობლობდნენ და იმის ნაცვლად, რომ გასცლოდნენ ამ სიტუაციას, მოუწიათ თავიანთი მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის და ნათესავებისთვის იარაღის მიშვერა. ეს არის ჩემი, როგორც მწერლის, პოზიცია. მეგობრობა და სიყვარული ტომობრივ-გვაროვნულ ურთიერთობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ამას გვეუბნება ვაჟა-ფშაველაც. ძლიერის მხარეზე დადგომა არ არის მოსაწონი საქციელი, ჯობდა, გარიდებოდნენ. ორივე მხარემ თავი უნდა დაანებოს მუშტებზე ყურებას. საჭიროა ურთიერთობის ფორმების გამოძებნა ისევე, როგორც ამ ალმანახით მწერლებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მოვახერხეთ ერთ სივრცეში გაერთიანება».

 დავით ტურაშვილმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ბესო ხვედელიძემ ბოდიში მოიხადა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here