Home რუბრიკები პოლიტიკა ამას კიდევ გაგიჟება უნდოდა?!

ამას კიდევ გაგიჟება უნდოდა?!

664

„ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ქალბატონის „ისტორიული ვიზიტის“ ამსახველ კადრებს ვუცქერდი. არადა ვინ მოთვლის რამდენი ასეთი უშედგო „ისტორიული“ ვოიაჟები გვახსოვს საქართველოში თუ პირიქით, საქართველოდან დასავლეთში ფუჭი იმედის საძიებლად წასული ჩინოსნებისა,  გასული საუკუნის 90-ანების დასაწყისიდან დღემდე?


 

ამ ბოლო ხანს, როგორც მინიმუმ, ორჯერ განმეორდა იგივე _ პირველად ამა წლის იანვარში, როდესაც «ჩვენი მაღალი» ბარაკ ობამამ იწვია ოვალურ კაბინეტში და მეორედ ახლა, როდესაც მადამ კლინტონი ბათუმში ისტუმრა მიშამ. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მწარე გამოცდილებისა, ქართველი საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მაინც  იმედით ელოდა, მაგრამ ორივეჯერ, განსაკუთრებით მადამ კლინტონის ვიზიტისას, დარჩა იმედგაცრუებული _ დიპლომატიური ლექსიკის კომუფლაჟის მიუხედავად, მაინც აშკარად იგრძნობოდა არსებული რეჟიმისა და პირადად სააკაშვილის მხარდაჭერა ქალბატონი სახელმწიფო მდივნის მხრიდან!

მაშინ, როდესაც, როგორც იქნა, ეღირსა სააკაშვილს ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში შესვლა, ნაცებს და მათ მაღალ ბელადს შინ არაფერი ემუქრებოდათ, რადგან, როგორც დასავლეთში უყვართ ხოლმე თქმა, რეალური ალტერნატივა არ იყო არსებული რეჟიმისა, და ამიტომ ობამა-სააკაშვილის რანდევუს შედეგების გამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

ახლა კი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის სახით რეალური ალტერნატივაც გამოჩნდა და უფრო მეტიც, 27 მაისის გრანდიოზული აქციით თბილისელებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ «ქართულ ოცნებას» საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, ჰილარი კლინტონის ვიზიტს უფრო მეტი ოპტიმიზმით ელოდა საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილი. 

შედეგი კი _ კვლავ იმედგაცრუება, რაც წერილის პოეტური ეპიგრაფის პერიფრაზით ასე გამოვა: მიშას ეფერება ამერიკა, შენი საქართველო მადამ კლინტონს ფეხზე ჰკიდია…

თუმცა,  ეს დღეებია, ჩვენი ე. წ. თავისუფალი, გნებავთ, ოპოზიციური ტელევიზიები, განსაკუთრებით «მაესტრო», საპირისპიროს გვიმტკიცებენ «ექსპერტ-პოლიტოლოგების» პირით. მაგრამ, როგორც იტყვიან, ფაქტები ჯიუტია, რის გახსენება-გაანალიზებასაც მკითხველთან ერთად შევეცდები…

«ჩვენი მაღალი» მისის კლინტონთან ერთიერთზე დახურულ კარსმიღმა საუბრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე ისეთი გაბადრული სახით იდგა ტრიბუნასთან, რომ ცოტაც და კატის კნუტივით კრუტუნს დაიწყებდა, სავარაუდოდ, იმ «ტეტატეტ» შეხვედრაზე მოფერება-დაყვავებით ნასიამოვნები.

ახლა კითხვა-პასუხებიც გავიხსენოთ _ ერთი კი წამოსცდა მიშას, აქ მე არაფერს ვაკონტროლებო, მაგრამ ეს წამოცდენა რომ ფროიდისეული ქვეშეცნეულის წამოცდენა იყო, იქვე გამოჩნდა, რადგანაც პირველი კითხვის დასმის პატივი, რა თქმა უნდა, «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტს ერგო. რომელმაც «სატოპკე აუწია» პატრონს და პატრონის პატრონ ქალბატონს  ისეთი კითხვა დაუსვა,  იქნებ კლინტონს რაიმე აუგი წამოსცდენოდა რუსეთზე, მაგრამ მადამ ჰილარიმ, _ რუსეთი თქვენი საქმე არ არის, საკუთარ თავს მიხედეთო, _ დაახლოებით ასე უპასუხა.

ასეთივე რუსული პათოსით იყო გაჟრენთილი ტელე «იმედის» კითხვაც, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის შესაძლო ვეტოს შეეხებოდა. ხოლო ერთი უცხოელი ჟურნალისტის დასმული კითხვა, ვლადიმერ პუტინის სწორდ იმ დროს მიმდინარე ვიზიტის შესახებ ჩინეთში და აქედან გამომდინარე სირიის კრიზისის მოგვარების თემა, ისე გვაღელვებდა ქართველ საზოგადოებას იმ წუთში,  უკაცრავად პასუხია და, როგორც მიცვალებულს აინტერესებს «აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნა».

ერთადერთი, ჩვენთვის რეალურად საინტერესო შეკითხვა როიტერის კორესპონდენტმა დასვა, რომელმაც ცალსახა პასუხი მოითხოვა სააკაშვილისგან მისი გაპრემიერ-გაპუტინების შესახებ და ამ თემაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ჰილარი კლინტონსაც სთხოვა.

«ჩვენმა მაღალმა», მართალია, ამასწინათ პრინსტონის უნივერსიტეტში თქმული ბილწსიტყვაობის გამეორება ვეღარ გაბედა, მაგრამ, როგორც სჩვევია ხოლმე, «ოსტატურად» აუარა გვერდი პირდაპირ პასუხს და თბილისის არჩეულ მერზე, პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, ერთი სიტყვით, «სად ერეკლეს» პათოსით ინავარდა.

საკვირველი ის იყო, რომ დედა-ჰილარიც აჰყვა ონავარ შვილობილს ცელქობაში და მანაც იგივე ოპერის ჰანგები გააგრძელა…

ეს იყო და ეს, სულ 4 კითხვით შემოიფარგლა მთელი ეს ბრიფინგი, რომლისგანაც აშკარად მეტს ელოდა ქართველი საზოგადოება, რომელმაც ვერ მიიღო პასუხები ბევრი ქართველის გულში არსებულ კითხვებზე. კითხვებზე, რომლებსაც «რუსთავი 2» და «იმედი», რა თქმა უნდა, არ დასვამდნენ.

ამიტომ თქვენი მონამორჩილი შევეცდები იქ არდასმული კითხვების აქ, წინამდებარე წერილში, დასმას, ოღონდაც ერთი წინასწარი დათქმით _ ის, რაც ამ ბოლო დროს არაერთხელ გვსმენია ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული და ზოგადად აშშ-ის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომ აშშ ქართველ ხალხს უჭერს მხარს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, დავუშვათ, რომ სიმართლეა, და უმთავრესი შეკითხვაც აქედან გამომდინარე დავსვათ. 

კითხვა, რომელზეც პასუხის ძიებაში თავისთავად  წამოიჭრება სხვა, ოღონდ რიტორიკული კითხვები. რიტორიკული კითხვები კი, ხშირ შემთხვევაში თავად შეიცავს პასუხებს…

 27 მაისს პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» მხარდამჭერმა გრანდიოზულმა აქციამ, როგორც მინიმუმ, ის მაინც დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ახალ პოლიტიკურ ალიანსს. თბილისის მოსახლეობა კი რეალურად სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია!!!

ზემოთ დათქმულიდან გამომდინარე:

რატომ ეთქვა უარი ბიძინა ივანიშვილს ქალბატონ სახელმწიფო მდივანთან ცალკე, პირისპირ შეხვედრაზე?

ამ ფონზე ფსევდოოპოზიციის _ «ახალი მემარჯვენეებისა» და «ქრისტიან-დემოკრატების» მიწვევა შეხვედრაზე, პარტიების, რომელთაც რეიტინგული პულსი მხოლოდ  პოლიტიკურად ანგაჟირებულ გამოკითხვებში ეზომებათ და რეალურად,  დიდი ხანია, მარგინალები არიან, და ბიძინა ივანიშვილის იგნორირება რას ნიშნავს?

ანდა, რატომ ვერ მოხვდნენ ჰილარი კლინტონთან აუდიენციაზე საქართველოს ე. წ. პარლამენტში ახლადშექმნილი ფრაქცია «ერთობა სამართლიანობისთვის» ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ან ჯონდი ბაღათურია? ჯონდი, რომელმაც ამას წინათ თვით «მიხეილ მაღალი» გააქცია პარლამენტის დარბაზიდან?..

რა, ამერიკის ბლანჟეცანცარა ელჩმა ჯონ ბასმა, რომელიც წყვეტდა, თუ ვის უნდა შეხვედროდა და ვის არა მადამ ჰილარი,  არ იცის, რომ ერთადერთი რეალური საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ეს შვიდკაციანი ფრაქციაა, ხოლო ყველა დანარჩენი ე. წ. უმრავლესობა-უმცირესობა მიხეილ სააკაშვილის სანოტარო კანტორის, რომელსაც «რატომღაც» პარლამენტსაც ეძახიან, კლერკები არიან?

ან, რას უნდა ნიშნავდეს, რომ, ერთის მხრივ, მედიის პრობლემებს აღიარებენ ამერიკელები და, მეორე მხრივ, არც ერთ თავისუფალ ტელევიზიას («კავკასია», «მაესტრო») არ მიეცა ბრიფინგზე კითხვის დასმის საშუალება (ბეჭდურ მედიაზე რომ არაფერი ვთქვათ) და რატომ მიენიჭათ უპირატესობა ისევ «რუსთავი 2»-სა და «იმედს», ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლების პროპაგანდისტული რუპორები არიან?

ამ ტელევიზიებში გაგზავნილ ტექსტებს ხომ თვით ამერიკის ელჩი, იმის შიშით, რომ მის ნათქვამს შეგნებულად არასწორად გადათარგმნიან, ქართულ ტიტრებს ადებს…

რიტორიკული კითხვა-პასუხების მოტანა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ რეალური განწყობის საილუსტრაციოდ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია!

ერთადერთი გამონაკლისები ამ ოპოზიციური ეიფორიიდან, ე. წ. პრორუსული ორიენტაციის პარტიებია, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას სახით. ამ უკანასკნელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონმა სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაზე მწვანე შუქი აუნთო!

თუ რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი სააკაშვილ-კლინტონის პირისპირ შეხვედრაზე, ამაზე უბრალო მოკვდავებმა მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. მაგრამ, თუ მადამ ჰილარის წასვლის შემდეგ ხელისუფლების ქმედებებს გავაანალიზებთ, «მწვანე შუქის» თეორია არც თუ უსაფუძვლოა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოინგი ჯერ საქართველოს საჰაერო სივრცეს ხეირიანად გაშორებულიც არ იყო, რომ მე-9 არხის მაუწყებლობას პრობლემები შეექმნა; ახალი შემართებით განახლდა კონტროლის პალატის მიერ «ქართული ოცნების» «მხილების» კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის აბსურდული ბრალდებებით, რის გამოც ბიძინა ბატონს, ეს მერამდენედ, მოუწევს ბიუჯეტის მრავალი მილიონი ლარით შევსება.

 და ბოლოს, მიშნაცებისგან ისეთი მოულოდნელი აბსურდი, რომლის ანალოგი მხოლოდ გასული საუკუნის 30-იან წლებშია საძებნი (როდესაც ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშევიკურ რუსეთში მოკლეტალღოვანი რადიომიმღების ქონა აკრძალული ჰქონდათ უბრალო მოკვდავთ) _ ახლახან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც ხელისუფლების ერთ-ერთი მონოპოლიური ბიზნესთაგანია, აიკრძალა რადიოს მოსმენა!!!

ამაზე კარგად იხუმრა გამოჩენილმა პოეტმა, ბატონმა რეზო ამაშუკელმა _ ესენი მალე, ალბათ, ბეღურების ხოცვას და მათი ბუდეების ნგრევასაც დაიწყებენ, რათა ჩიტმაც ვეღარ მოგვიტანოს ამბავიო…

არ ვიცი, იქნება ქალბატონმა კლინტონმა ჩვენთვის სასიკეთო რამე-რუმეებიც ურჩია სააკაშვილს და არც მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ჩამოთვლილი ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

როგორც მინიმუმ, სააკაშვილი რჩევა-რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. უფრო მკაცრი მითითებები კი ოკეანის გაღმიდან არ ჩანს და, რაც უფრო დიდი დრო გავა ამერიკის მდუმარებაში, მით უფრო გაიზრდება ისედაც მზარდი ანტიამერიკული განწყობა საქართველოში პრორუსულის სასარგებლოდ.

თუმცა რატომ პრორუსული? პრორუსულობა ხომ ნელ-ნელა და შეუქცევადად სწორედაც რომ პროქართულობის სინონიმი ხდება.

ასე რომ, ჩვენო ამერიკელო «სტრატეგიულო პარტნიორებო», ცოტა აუჩქარეთ, სანამ ეს ჩიტირეკია მიშნაცები მართლაც ჩიტის ბუდეების ნგრევას არ დაიწყებენ, და ხმა ამოიღეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ხალხი ლეგიტიმურ უფლებას იტოვებს, რომ ჩათვალოს _ ამერიკას ბიძინა ივანიშვილის ლურჯი დროშების (ევროკავშირი, ნატო) ფრიალის არ სჯერა, ანუ  მაინც ნაღდი ურჩევნია სათუოს _ ნაღდად იციან, რომ «ჩვენი მაღალი» კვლავაც გაზრდის ავღანეთში ქართულ ცონტინგენტს, რის შესახებაც, სხვათა შორის, პირველ რიგში, ისაუბრა ბრიფინგზე ქალბატონმა ჰილარიმ და მადლობაც გადაგვიხადა ქართველებს მისაბაძი «დემოკრატიული შეგნებისთვის»…

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here