Home რუბრიკები პოლიტიკა ყელში გაჩხერილი ძვალი, ანუ დასავლეთი ბელარუსს ლიბიის სცენარს უმზადებს

ყელში გაჩხერილი ძვალი, ანუ დასავლეთი ბელარუსს ლიბიის სცენარს უმზადებს

724

ბელარუსი დასავლეთის ყელში გაჩხერილი ძვალივითაა. ვერა და ვერ მოუნელებიათ, რომ ბატკო _ ალექსანდრე ლუკაშენკო ვერ აიძულეს, ოკეანის იქიდან ამოსულ მზეზე ელოცა. არც თვითონაა სალოცავი და სახატე ლიდერი, ძნელია სიმპათიურად განეწყო ამ, ცოტა მოძველებული ყაიდის პრინციპულობის აბჯარასხმული კაცის მიმართ, ცოტა _ ნარცისული ელემენტები, ცოტა _ დიქტატორული ჩვევები, კომპრომისების სრული უგულებელყოფა და ოპოზიციის მიმართ შეურიგებლობა… და კიდევ _ ეს ხმა, თითქოს ვიღაც ყელში სწვდა და ახრჩობს…

მაგრამ, რა გინდა: ქვეყანა არ დაუნგრევია, სამათხოვროდ არ გაუწირავს ხალხი, ტერიტორია არ დაუკარგავს, სახელმწიფოს მართვის მექანიზმები არ მოუშლია. შეინარჩუნა ძველი სტრუქტურები და კადრები, მაგრამ ამით არაფერი დაუშავებია.

ორიოდ წლის წინათ ჩვენი გაზეთის ერთი ძველი ავტორი მოვიდა რედაქციაში, აგრონომი კაცი, რომელსაც კარგა ხნის მანძილზე გაწყვეტილი ჰქონდა ჩვენთან ურთიერთობა.

_ რა მოხდამეთქი, _ ვკითხე, _ ხომ მშვიდობაა?

_ მშვიდობაცაა და მეტიცო, _ მიპასუხა და მოყვა, როგორ ჩავიდა ბელარუსში, როგორი პატივისცემით მიიღეს იქაურებმა და ერთერთი კოლმეურნეობის მთავარი აგრონომობა შესთავაზეს. ძალიან სჭირდებათ გამოცდილი სპეციალისტებიო.

ახლა ოჯახიც მიჰყავდა და დასამშვიდობებლად იყო მოსული.

ლუკაშენკოს დროს ქარხნები ჯართად არ გაუყიდიათ, არც კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები გაუძარცვავთ.

რა თქმა უნდა, ბელარუსში სამოთხე არ არის, მაგრამ ხალხი ნორმალურად ცხოვრობს და «პერსპექტივის განცდა» კი არ ასულდგმულებს, არამედ _ გარანტირებული სამუშაო და, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სოციალური უზრუნველყოფა.

ეს ყველაფერი ერთი მხარეა.

ბუნებრივია, არის სხვა მხარეც, პოლიტიკური კლიმატი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ პროდასავლური აქცენტით.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოწყობილი ოპოზიციური ინფრასტრუქტურის წმენდის შემდეგ ბელარუსის პროდასავლური ძალები ჯერ კიდევ არ არიან გონს მოსული. მოძრაობა დანაწევრებულია, პარტიული და სხვა საზოგადოებრივი სტრუქტურები ძალაგამოცლილია, ყრუდ და გაუგებრად ყალიბდება საერთო მიზნები და ამოცანები, არ არსებობს ერთიანი სტრატეგია და ტაქტიკა.

ასეთ შეფასებას ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებიც იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური მოძრაობა ვერ გამოაცოცხლა დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ ალეს ბელიაცკისთან, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, დაკავშირებულმა პროვოკაციამ, რომელიც შარშან მოეწყო. ჩაიფუშა ბელარუსი უფლებადამცველისგან ახალი ლეხ ვალენსას, ვაცლავ ჰაველის ან ნობელის პრემიის ახალი ლაურეატის გამოძერწვის მცდელობა.

ძნელი მოსაცილებელია ყელში გაჩხერილი ძვალი, მაგრამ ევროატლანტიკური «დემოკრატიზატორების» კარგად დაფინანსებული მონდომება ახალი და ახალი სტრატეგიული მიმართულებებით ორსულდება ასეთი დისკომფორტის დასაძლევად.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიებიდან ერთ-ერთი შედარებით მშვიდია და გარეგნულად დაცლილია აგრესიისგან. ლაპარაკია აღმოსავლურ პარტნიორობაზე.

მეორე უფრო ხისტია, დაკავშირებულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და მიმართულია ვადამდელი უპირატესობის მისაღებად ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კვირაძალს. მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ივნისში დაიწყება.

დასავლეთში შეეცადნენ, ჩამოეყალიბებიათ მოლაპარაკების მესამე, მაქსიმალურად ხისტი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა რუსეთის ჩათრევას გაძევებული ევროპელი დიპლომატების კონფლიქტში და ბელარუსში სირიის მსგავსად ახალი «ცხელი წერტილის» ფორმირებას, «მაგრამ ეს სტრატეგია მინსკისა და მოსკოვის შეთანხმებული მოქმედების წყალობით ჩავარდა ისე, რომ, ფაქტობრივად, არც დაწყებულა», _ აღნიშნავენ ექსპერტები.

ამ განუხორციელებელი გეგმის ჩავარდნამ ბიძგი მისცა ახალ პროვოკაციას, რომელიც ერთგვარად მოულოდნელიც კი იყო.

წლევანდელ მაისში ბელარუსმა პოლიტემიგრანტებმა, ძირითადად, ბელარუსის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროპაში  და ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობაში არიან «შემჩნეულნი», წამოაყენეს ინიციატივა «ეროვნული გადარჩენის საბჭოს» შექმნის თაობაზე.

საბჭო _ ამ ეტაპზე, ხვალზეგ _ «დევნილობაში მყოფი მთავრობა».

ნაცნობი მოვლენაა, ისტორიაში არსებული, «დეჟავიუ» მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან _ ლონდონს თავშეფარებული «პოლონეთის მთავრობა», დიდი პრეტენზიებითა და არაფრის მაქნისი, რომელმაც მხოლოდ ის მოახერხა, რომ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ვარშავაში უდროო დროს და საბჭოთა სარდლობასთან შეუთანხმებლად წამოიწყო ავანტიურა _ აჯანყება, რომელიც განწირული იყო და დამთავრდა კიდეც ტრაგიკულად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრანტული «საბჭოს» შექმნის შესახებ განაცხადა ორგკომიტეტის თავმჯდომარემ, სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) სპეცდანიშნულების ცალკე ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ბოროდაჩმა. მის მოადგილედ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი მაიორი ონუფრი რომანოვიჩი დაინიშნა.

ყოფილი უფროსი, ყოფილი მაიორი! გჯერათ, რომ არსებობენ ყოფილი ჩეკისტები?!

რა თქმა უნდა, არ გჯერათ, რადგან ჯერ არავის უნახავს ასეთი «ყოფილები».

ამიტომაა, რომ ცოტა კომიკურად ჟღერს მათ მიერ განცხადებული «დაუნდობელი ბრძოლისკენ» მოწოდება «დიქტატურის წინააღმდეგ».

მიმომხილველებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული «ინიციატივები» ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის სივრცეში აპრობირებული სქემის ანალოგიურია _ სირიის ან ლიბიის სცენარის გამეორებაა.

«სიახლეც» ეგ არის.

და არც არაფერია ორიგინალური იმაში, რომ იმ სცენარში ყოფილი ბელარუსი ძალოვნებისთვის მარიონეტის როლია გათვალისწინებული: დიდი და პატარა როლები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ სამარცხვინო როლები თავზე საყრელია.

კაცმა რომ თქვას, დასავლეთის «ინიციატივებს» ბელარუსის ოპოზიციის აღფრთოვანება არ გამოუწვევია, ცივადაც კი შეხვდნენ. სპეციალისტები ასეთ გულგრილობას ხსნიან იმით, რომ, ერთის მხრივ, კარგად გამოკვებილ ოპოზიციონერებს აშინებთ რესურსების გადანაწილება, მეორე მხრივ, «ბელარუსის რეჟიმის» წინააღმდეგ მებრძოლი ახალი ჯგუფის მაქსიმალიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ადეკვატურად მკაცრი რეაქცია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. და ვინაიდან ემიგრანტები შორს არიან, დარტყმის მთელი სიმძიმე ადგილობრივი ოპოზიციის გადასატანი იქნება.

არ დაიჯეროთ, რომ ოპოზიციაში მხოლოდ «ხალხისთვის წამებული რაინდები» არიან გაერთიანებული, «კომფორტული ცხოვრების განცდა» ამათთვის არც ახალია და არც მიუღებელი მწვალებლობაა.

სტრატეგია, რომელიც დასავლეთმა ლიბიისა და სირიის მსგავსად ბელარუსის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს, არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

 ანალიტიკოსები მიგვითითებენ, რომ ეს სტრატეგია ორდონიანია. და მეორე დონე (ძალის გამოყენებით) დასავლეთისთვის ძირითადია. მისი მიზანია ბელარუსის ხელისუფლების დისკრედიტაცია, «ლუკაშენკოს რეჟიმს» (როგორც «კადაფის რეჟიმს», «ასადის რეჟიმს») წარმოგვიდგენენ მორიგ «სისხლიან დიქტატურად», რომელიც ხალხის ნების ნებისმიერ გამოხატვას ძირშივე ახშობს.

ექსპერტების შეფასებებს თავი რომ მოვუყაროთ, ასეთ დასკვნამდე მივალთ:

«ბელარუსის ხელისუფლების დემონიზაცია, როგორც ინფორმაციულ ღონისძიებათა სისტემა, არის ბელარუსის მიმართ დასავლეთის ხანგრძლივი დროისთვის გათვალისწინებული პროექტის მთავარი ღერძი, მიზანი _ არ დაუშვან «ტრანსატლანტიკური სოლიდარობის» განვითარება რუსეთ-ევროპის თანამშრომლობის ხაზით, მოახდინონ რუსეთის ხელმძღვანელობის დემონიზაცია და ამ საფუძველზე უარი უთხრან «პუტინის რეჟიმს», ისევე, როგორც «ლუკაშენკოს რეჟიმს» _ ცივილიზებულობასა და ევროპულობაზე».

მსოფლიოს «ერთი ბატონი უნდა მართავდეს».

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here