Home რუბრიკები საზოგადოება რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში

რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში

1457

საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული კითხვაა: რატომ და რისთვის მონაწილეობს საქართველო ნატოს ISAF-ის ოპერაციაში, ანუ რატომ იბრძვიან  ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მითუმეტეს ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილი (ამჟამად 936 ჯარისკაცია და 749 დამატებით ემზადება წასასვლელად), თან ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და რთულ უბანზე _ ჰელმანდის პროვინციაში?

ყოველი მეომრის დაღუპვა (სამწუხაროდ, უკვე მეთექვსმეტე დაიღუპა, ღმერთმა აცხონოს მათი სულები) საზოგადოებაში იწვევს ამ თემაზე ახალ-ახალ ცხარე დისკუსიებს. გარკვეული ნაწილისთვის ეს კითხვა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საბაბი გახდა. 

ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ყოფნას (მითუმეტეს, მსხვერპლს!) უნდა ჰქონდეს გამართლება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა მომდინარეობდეს. რა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი? ხელისუფლებისა და მისი სატელიტ-მომსახურე პარტიების «პასუხი» შედგება «ლოკალური», ანუ საქართველოს ინტერესებით დასაბუთებული, და «გლობალური», ანუ მსოფლიო ინტერესებით არგუმენტირებული ნაწილებისგან.

I. ლოკალური _ «ქართულ ჯარს ბევრი რამის სწავლა სჭირდება _ საქართველო ავღანეთში უფრო რელევანტურ გამოცდილებას იღებს, რადგან იქ რეალური ბრძოლა მიმდინარეობს. ამგვარ გამოცდილებას კი ვერც ერთი წვრთნა ვერ შეცვლის… მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა კი ამის საშუალებას იძლევა… გარდა ამისა, NATO-ს ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობაც უმჯობესდება…».

II. გლობალური _ «ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების, «თალიბანის», «ალ ქაიდასა» და მსგავსი დაჯგუფებების განეიტრალება დღეს თავისუფალი სამყაროსთვის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე ნაციზმსა და კომუნიზმთან ბრძოლა იყო…  ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის და საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, თავის სამოკავშირო ვალდებულებას ასრულებს… თუ ახლა ჩვენ დავუდგებით დასავლეთს გვერდით, ისიც დაგვიჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში».

ნატოს  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მოტივის კონსტატაცია ხელისუფლების, მისი სატელიტი ფსევდოოპოზიციური პარტიებისა და კარის-ექსპერტების ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია, მაგრამ როგორც საქართველოს დღევანდელი თავდაცვითი პოლიტიკის სისწორის დასაბუთება და საქართველოსადმი ამ ხელისუფლების ერთგულების ილუსტრირების მცდელობა, ეს მსჯელობა პირწმინდად ყალბია. საქართველოს მთავრობას არ აქვს არც სახელმწიფოებრივი აზროვნების სიმწიფე და არც ქვეყნის ერთგულება, რომლითაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი შეიძლება გაიაზროს.

თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის არსს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, ეს მისია ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის იმ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების ხორცშესხმას, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ჰქვია (სხვათაშორის, ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა და გვაქვს ისტორიული გამოცდილება), მაგრამ რამდენად ემთხვევა ეს დეკლარირებული პოზიცია ხელისუფლების რეალურ მოტივებსა და მიზნებს? რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია საქრთველოს მთავრობა დეკლარირებული ამოცანების რეალიზაციის პროცესში? მართლა ეს მიზანი აქვს ხელისუფლებას დასახული და ამას ეწირება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე?  ნამდვილად ემსახურება თუ არა ქართული კონტინგენტის ყოფნა ავღანეთში სახელმწიფოებრივ ინტერესებს?

ვნახოთ, სრულდება თუ არა ის უმთავრესი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის:

არმია, ეს სახელმწიფოებრივი სეგმენტი, ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთ-ერთ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს: შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობისა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გარეშე ნატოს სტანდარტებამდე მისვლა შეუძლებელია. რამდენად ნებაყოფლობითია ავღანეთში წასვლა შეიარაღებული ძალებში გაუმჭვირვალობის გამო, საზოგადოება არ არის დარწმუნებული. ასევე, მთავრობის ბარბაროსობაა ის, რომ საზოგადოებამ არ იცის ჩვენი ღირსეული მეომრების  დაღუპვის ფაქტებიც კი, მითუმეტეს, მათი დაღუპვის დეტალები _ მათი ჩამოსვენებისა და დასაფლავების ამბავი. საბჭოთა ტრადიციისამებრ, ამ ფაქტების გასაიდუმლოებით  ხელისუფლება თავის თავს შიფრავს. საზოგადოებაში ნატოს მიმართ უკმაყოფილებას ზრდის ქართველი და სხვა ქვეყნის ჯარისკაცების ფინანსური ანაზღაურების ოდენობაში დიდი სხვაობა, მითუმეტეს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება წამსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას წარმოადგენს (საბჭოთა დროსაც კი ავღანეთში მომსახურე ქართველ, რუს, უზბეკ მეომრებს თანაბარი ანაზღაურება ჰქონდათ). აღნიშნული სხვაობის შემცირებას ხელისუფლება არც ცდილობს და არც იმის ახსნას აპირებს, თუ სად მიდის ამ ოპერაციისთვის გამოყოფილი სახსრები. ასევე ნათლად ჩანს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა და დასავლელი პოლიტიკოსები უფრო აქცევენ ყურადღებას და ზრუნავენ ქართველი ჯარისკაცების შემდგომ ბედზე, ვიდრე საქართველოს მთავრობა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმებით ხელისუფლებას, არის ის, რომ «ამგვარ გამოცდილებას ვერც ერთი წვრთნა ვერ შეცვლის». მაგრამ ესეც ხელისუფლების განსაკუთრებული დამსახურება არ არის, ბიჭები იბრძვიან და თან სწავლობენ. 

კარგია, საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განვითარების საქმეში რომ «მონაწილეობს», მაგრამ როგორ დავიჯეროთ ხელისუფლების გულწრფელობა, როცა საქართველოში მისი ტირანიის განუხრელი დამკვიდრება ხდება! დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ხომ გაჩერება _ «ტირანია»  არ არსებობს! თუ ასე არ არის, მაშინ სად არის ის თანმდევი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის აუცილებელი მთელი რიგი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას? საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დაწყების (სასამართლო, პოლიცია, თვითმმართველობა და სხვ.) და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შექმნის გარეშე დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი შედეგს ვერ მოიტანს!

სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის იდენტურობას თავის  სულიერ წინაპრებთან _ ბოლშევიკებთან, რომელნიც მსოფლიოში «მშვიდობას» იცავდნენ, ქვეყნის შიგნით კი _ დესპოტიას. დღეს ქართველი ნეობოლშევიკები ავღანეთში თითქოს ისლამისტ-ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ჯარს აგზავნიან, საქართველოში კი მათ მწვანე შუქი აქვს ანთებული. ავღანეთის პრობლემის მოგვარების პროცესში რუსეთიც მონაწილეობს, ოღონდ არა სამხედრო კონტინგენტით, როგორც ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა. ხელისუფლება მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევს, რის გამოც ამერიკის უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერით სარგებლობს, თვითონ კი ამ ნდობას ქართულ საზოგადოებაზე ძალადობისა და   საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების აუცილებლობის დამტკიცებისთვის იყენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ, სამხედრო ფორმატის გარდა, ავღანეთის ოპერაცია ითვალისწინებს ბევრ სხვა, მათ შორის, კომერციულ პროექტებს. საილუსტრაციოდ, ქართული საზოგადოება ცოტა ხნის წინ მოწმე გახდა ქართული ავიაკომპანიების ბრძოლისა სატრანსპორტო გადაზიდვების ქართული წილის გადასანაწილებლად. 

გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის ასეთი ქმედებები საქართველოში ნატოს ავტორიტეტს აუფასურებს და ანტინატოური პოზიციების გაძლიერებას იწვევს.

საქართველოს ხელისუფლებას თუ მართლა უნდა, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი რეგიონში, მან უნდა შეასრულოს სამოკავშირო ვალდებულება არა მხოლოდ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში  ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ნორმების   მდგრადი სისტემის დანერგვით. და რამდენადაც ამ მნიშვნელოვან საქმეში ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, შეგვიძლია დიდი ალბათობით ვამტკიცოთ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად, უცხო ქვეყანაში ჩვენი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის ფასად ხდება მხოლოდ ერთი ადამიანის (მასთან ერთად _ მმართველი კლანის) პირადი ინტერესების დაკმაყოფილება _ გადაფაროს თავისი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები,  მოაგვაროს თავისი კომერციული ინტერესები და მოიპოვოს მხარდაჭერა ხელისუფლებაში ყოფნის გასაგრძელებლად, ამიტომ ამ ვაჟკაცების სისხლიც მთლიანად ხელისუფლების სინდისზეა!

თუ ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტები გააჩნია თავისი პოლიტიკის გასამართლებლად, ჩვენს პრინციპულ დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისთვის მზად ვართ.

მამუკა გიორგაძე,
პაატა კოღუაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here