Home რუბრიკები პოლიტიკა ვარგისია 2013 წლის ოქტომბრამდე…

ვარგისია 2013 წლის ოქტომბრამდე…

694

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული სურვილის მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მას ერთი-ერთზე არ შეხვდა. როგორც საელჩომ განმარტა, ჰილარი კლინტონს ოპოზიციურ ლიდერებთან პერსონალური შეხვედრები დაგეგმილი არ ჰქონდა. თუმცა არც კოალიციის სამი ლიდერის – მანანა კობახიძის, დავით უსუფაშვილისა და თეა წულუკიანის (ირაკლი ალასანია ამ დროს თედო ჯაფარიძესთან ერთად ვაშინტონში კლინტონის მოადგილეს – ტომას მელიას ხვდებოდა) შეხვედრა შედგა განცალკევებული ფორმატით; მათ გვერდით გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე ისხდნენ.

როგორც წესი და რიგია, სახელმწიფო მდივანმა დემოკრატიაზეც ილაპარაკა, კონკურენტულ სამართლიან არჩევნებზეც და ისიც გაიკვირვა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილების  შედეგად მინიჭებული უფლებებით არ სარგებლობს. მისივე პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ კოლეგებთან ერთად ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილის უარის მოტივაცია განუმარტა:

«ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კონსტიტუციის ერთ ადამიანზე მორგება მიუღებელია. განვუმარტეთ ასევე, რომ მას მოქალაქეობის საკითხი გასაჩივრებული აქვს, თუმცა სასამართლო მის განხილვას თვეების განმავლობაში აჭიანურებს. მთავარი მიზეზი კი, რატომაც ბიძინა ივანიშვილი ამ ცვლილებით არ სარგებლობს, ის არის, რომ ხელისუფლება მას მოქალაქეობას არ ანიჭებს და პრობლემას სამართლებრივად არ ჭრის. არ შეიძლება, ქვეყნის ფუნდამენტური კანონი იცვლებოდეს ერთი ადამიანისთვის და მიღებული იყოს ისეთი ნორმები, რომლებიც დისკრიმინაციულია თუნდაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებისთვის», _ განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იქვე გასაგებად ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია, იყოს პრემიერ-მინისტრი და არა «ჩვეულებრივი დეპუტატი». იმისთვის, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდეს, სულ ცოტა, 76 «ჩვეულებრივი დეპუტატი» მაინც უნდა გაიყვანოს პარლამენტში. 75 მაჟორიტარისა და ამდენივე პროპორციული მანდატის იმგვარი გადანაწილება უნდა მოხდეს, რომ «ნაცმოძრაობამ» უმრავლესობის მიღება ვერ მოახერხოს. პროცენტებით ანგარიში თითქოს მოსახერხებელია, მაგრამ აბსოლუტურ ციფრებში გადაყვანისას ერთობ პრობლემური სურათი იხატება.

საარჩევნო მარათონში მხოლოდ ორი პარტია რომ მონაწილეობდეს, ანგარიში გაიოლდებოდა, მაგრამ ასე არასოდეს ხდება თვით ორპარტიულ ამერიკაშიც კი. იმ სუბიექტების მიღებული ხმები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, გამარჯვებულთა სასარგებლოდ გადანაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ასეც რომ არ იყოს, თუ დავით გამყრელიძეს ვენდობით, კლინტონმა აქცენტი მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის აუცილებლობაზე გააკეთა. რაც უფრო მრავალპარტიული იქნება მომავალი პარლამენტი (ანუ რაც უფრო მეტი სუბიექტი გადალახავს ბარიერს მით უფრო გართულდება მასში 50%–პლიუს ერთი მანდატის მიღება), მაინცდამაინც ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს დაამთხვია საკუთარი პრესკონფერენცია უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია «ღია დემოკრატიის კომიტეტის» მიწვეულმა ექსპერტმა იაროსლავ დავიდოვიჩმა. «ღია დემოკრატიის კომიტეტმა» საქართველოში მუშაობა აპრილიდან დაიწყო. კომიტეტი არჩევნებზე მონიტორინგს და დაკვირვებას განახორციელებს.

დავიდოვიჩის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში მასმედიას თავისუფლად მუშაობაში პრობლემები ექმნება. თავის მხრივ, პარტიები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ პრესასთან თავისუფლად მუშაობის საშუალება. «თუ პრესასთან პრობლემაა, მაშინ პრობლემა იქნება კიდევ ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს», _ აღნიშნა დავიდოვიჩმა.

იგი, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს სწავლობს, აკვირდება მედიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას. «ცუდია, რომ საქართველომ ვერ მოახერხა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, საარჩევნო კანონმდებლობის დროულად მოწესრიგება. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ქართულ მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიების მაუწყებლობასთან მიმართებაში სერიოზული პრობლემებია», _ აღნიშნა დავიდოვიჩმა და დასძინა, რომ მოსახლეობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.

«ღია დემოკრატიის კომიტეტის» წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, მოქალაქეთა დაშინების არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, მათ შორის მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტიც.

კლინტონთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ «სახელმწიფო მდივანი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე», მაგრამ საჯაროდ ჰილარი კლინტონს არც დავიდოვიჩის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე უსაუბრია და არც პასუხი მოუთხოვია მიშასთვის.

თუ თომას დე ვაალს ვენდობით, აშშ-ის სახელწმიფო მდივან ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი ვაშინგტონის ბოლო გაფრთხილებაა.

დე ვაალის აზრით, კლინტონმა სააკაშვილს უნდა შეახსენოს, რომ საქართველო უფრო მეტია, ვიდრე სააკაშვილი.

The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველი ჯეიმს ბეიკერის ვიზიტთან პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ბეიკერის ვიზიტის შემდეგ შეირყა შევარდნაძის ხელისუფლება, რადგან მან დააფიქსირა, რომ შევარდნაძეს აშშ-ის მხარდაჭერა აღარ ჰქონდა.

მიუხედავად ღრმა პატივისცემისა თომას დე ვაალის მიმართ, მსგავსი პროგნოზის გამამართლებელი ერთი მინიშნებაც კი არ ყოფილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ამ ბათუმური ვიზიტისას.

რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს ჩვენმა ოპოზიციამ, რომ არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს, გულში ყველა (ან თითქმის ყველა) მათგანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ არჩევანის ლეგიტიმაცია სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშია. ამიტომაც სტუმრობენ ასე ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები ოკენის გაღმა და ამიტომ არის ასეთი ყურადღება მიპყრობილი სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი. ისიც ამბობს, რომ არჩევანს ქართველი ხალხი გააკეთებს, მაგრამ ოპოზიციისთვის ასე სანატრელი დატუქსვა სააკაშვილის მიმართ არ ყოფილა, მეტიც, თავად სააკაშვილს არ უქია ისე მისი მიღწევები, დემოკრატია და რეფორმები, როგორც ეს ჰილარი კლინტონმა გააკეთა.

არც სააკაშვილი დაზარდა და იმდენი მადლობა გადაუხადა, რამდენიც არც ერთ «უმცროს სტრატეგიულ მოკავშირეს» არ უთქვამს ამერიკისთვის.

სააკაშვილმა არ უპასუხა ბრიფინგზე დასმულ კითხვას იმის შესახებ, მზად არის თუ არა, კატეგორიულად დაადასტუროს, რომ პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. ისევ მიღწევებზე ისაუბრა. სამაგიეროდ, თვალში საცემი იყო, რომ ჰილარი კლინტონი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ხაზგასმით ახსენებდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ სააკაშვილი 2013 წლის შემოდგომამდე პრეზიდენტად რჩება და ეიფორია შემოდგომის არჩევნებით მისი მოსალოდნელი გაძევების ირგვლივ, სულ ცოტა, ბავშვურ გულუბრყვილობას ჰგავს.

მართლაც, თუ ამომრჩეველი «ნაცმოძრაობას» მხარს დაუჭერს (ან ამაში ყველას დარწმუნებას შეძლებს, რაც სულერთია), რა ქნას მიშამ: საკუთარ მხარდამჭერებს უთხრას  _ მართალია, თქვენ «ნაცმოძრაობას» მიეცით ხმები და არჩევნები მოაგებინეთ, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვებას ივანიშვილს გადავულოცავთო? თუ დავუშვებთ, რომ «ნაცმოძრაობა» შემოდგომის არჩევნებზე ოპოზიციას «ჩაბარდება» (რაც ერთობ რთული წარმოსადგენია), პრეზიდენტ სააკაშვილს კიდევ ერთი წელი რჩება იმისთვის, რომ ვითარებაზე ზემოქმედება მოახდინოს. როგორც ივანიშვილის გუნდს აქვს იმედი, რომ უკვე პარლამენტის შიგნით მოახერხებს დეპუტატების მიმხრობას, ასევე შეეცდება «ნაცმოძრაობა», კვლავ აღიდგინოს დომინანტური მდგომარეობა პარლამენტში.

არ არის დასამალი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ე. წ. დვურუშნიკი დეპუტატებიც არიან ხოლმე, რომლებიც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხან ერთ ძალას ევაჭრებიან და ხან მეორეს. ასეა თუ ისე, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ორი ძირითადი ოპონენტი იძულებული აღმოჩნდეს, ითანამშრომლოს და კოალიციური მთავრობაც შექმნას. ყოველ შემთხვევაში, რომელიმე ძალის დამაჯერებელი გამარჯვება ერთობ საეჭვოდ გამოიყურება.

ისინი, ვინც იმედს ამყარებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი («გუდიანი ქალი») მიშას ხელს მოჰკიდებდა და წაიყვანდა, უთუოდ გულდაწყვეტილი იქნებიან. ვიღაცას კი მაინც სჯერა, რომ სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტილია და იგი უნდა წავიდეს. 2012 წელს რომ იგი არსად წავა, ეს კლინტონის ვიზიტმაც დაადასტურა და ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკაც ამაზე მიანიშნებს. დარჩენილი ერთი წელი პოლიტიკაში ბევრის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. ქებით თავბრუდასხმული მიშა ხაზგასმით ამბობს, რომ გაისად «ნამდვილ ამერიკულ უნივერსიტეტს» გახსნის და ქალბატონ ჰილარის დაპატიჟებს. ეს ერთგვარი პოლიტიკური ხუმრობაა, რადგან სააკაშვილი იმ დროისთვის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იქნება, ხოლო ჰილარი კლინტონი _ გადამდგარი სახელმწიფო მდივანი. 2012 წლის 6 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია და ვინც უნდა გაიმარჯვოს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კლინტონი პოსტს შეინარჩუნებს.

ასეა თუ ისე, რევოლუციის აჩრდილი საქართველოში არ დაძრწის, არც კლინტონის რიტორიკა ჰგავს წინასარევოლუციო გაფრთხილებას, თუმცა საქართველო არაერთხელ ყოფილა მოვლენათა მოულოდნელი განვითარების არენა. ძალაუფლების გადაბარება, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად განმარტავენ, ქალბატონი სახელმწიფო მდივნის განმარტებით, მხოლოდ 2013 წლისთვის არის სავარაუდო:

«აშშ ქართველი ხალხის გვერდით იდგება, როცა ისინი თავიანთი უფლებების განსამტკიცებლად ნაბიჯებს გადადგამენ. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ დემოკრატიულ საქართველოში იცხოვროს. დღეს მე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შევხვდი და მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებაში. აშშ-სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ეს მამოძრავებელი ძალები ძალიან მნიშვნელოვანია. სამოქალაქო აქტივიზმი, ღია დებატები, თანაბარი სამუშაო გარემო, საინფორმაციო შეღწევადობა _ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ საქართველომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს შემოდგომაზე და შემდეგ ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს დემოკრატიულად მოხდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პარტიამ, ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს და მოუთმენლად ველით, რომ ძლიერი ურთიერთობები იყოს იმ ადამიანთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს».

2013 წელს კი, როგორც ცნობილია, პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ნაკლებ სავარაუდოა, ახალი, საპარლამენტო მოდელის პირობებში უპირველესი მნიშვნელობა ახალი პრეზიდენტის ვინაობას ჰქონდეს. უფრო მნიშვნელოვანია, ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. ეს კი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება პარლამენტში მხარდაჭერა.

მანდატების განაწილების ეშმაკური სისტემა და 75 მაჟორიტარული მანდატი მმართველ პარტიას მანევრისთვის ვრცელ არეალს უტოვებს. მით უფრო, რომ მისი ძირითადი ოპონენტის გუნდში ერთმანდატიან ოლქში გამსვლელი სახეები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ამ საკითხზე «მიუმხრობელ ოპოზიციასთან» მოლაპარაკება ივანიშვილის კეთილი ნება კი არა, გადაუდებელი აუცილებლობაა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე რთული ბატალიები სწორედ ერთმანდატიან ოლქებშია მოსალოდნელი. პრემიერს ის გაიყვანს, ვინც ამ ბრძოლას მოიგებს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here