Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს გასაჭირი და «ივანიშვილის ფორმულა»

საქართველოს გასაჭირი და «ივანიშვილის ფორმულა»

715

«ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე საქართველომ არ შეიძლება რაიმე გააკეთოს», _ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 25 მაისს ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში გააკეთა, მაშინ, როდესაც საუბარი ნატოში გაწევრიანების თემას შეეხო და ჟურნალისტის კითხვას «ჯერ ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა?» პასუხს სცემდა. ეს ფორმულა, რომელიც ქვეყნის მთლიანობის უპირობო პრიორიტეტულობას გულისხმობს, სავსებით შეესაბამება განწყობას, რომელიც საზოგადოებაში დომინირებს და გამოკითხვების დროს მკაფიოდ ფიქსირდება.

მაგალითად, როდესაც ცენტრ «IPL»-ისა და გაზეთის «ბანკები და ფინანსები» მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის დროს რესპონდენტებს ჰკითხეს: რას გააკეთებენ ისინი, თუ დადგებიან დილემის წინაშე _ «ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?», 93.4%-მა განაცხადა, რომ უყოყმანოდ მთლიანობის აღდგენას მიემხრობა. ნატოს აპოლოგეტები ხშირად ამბობენ, რომ საკითხის ასე დასმა («ან ერთი ან მეორე», მეტიც, «ჯერ ერთი, შემდეგ მეორე») არ შეიძლება, ხოლო მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს. ქმნის თუ არა «ივანიშვილის ფორმულა» სივრცეს, რომელშიც ამ ორმა, პოლემიკაში ჩაბმულმა მხარემ შეიძლება ითანამშრომლოს?

იმპერიის დაჭრილი არწივი

ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები რუსეთთან ომის დაწყებაზე, როგორც წესი, არ მსჯელობენ, ამიტომ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის ამ ვარიანტს საერთოდ არ განვიხილავთ. დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამთლიანებისკენ მიმავალი გზა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე გადის და, მარტივად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ ფორმით მოსკოვისგან «მწვანეს ანთებას» გულისხმობს.

ზოგი მიიჩნევს, რომ კრემლი მოწადინებულია, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს დისკომფორტი წარსულში, რომელიც სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებით საერთაშორისო არენაზე შეექმნა, და სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლისთანავე მზად იქნება, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უმრავლესობა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და თვლის, რომ ეს მოსკოვისთვის კრიტიკულ ფაქტორს არ წარმოადგენს (რუსების თქმის არ იყოს, «კაკ სლონუ დრობინა”«) და მიზნის მიღწევისთვის საჭირო გახდება ძალზე სერიოზული შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, ნატოზე უარის თქმის ან სულაც რუსეთის «ქოლგის ქვეშ» გადასვლის ჩათვლით. ამასთანავე, არის ჯგუფი (მის რიგებში მმართველი პარტიის მხარდამჭერები ჭარბობენ), რომელიც გვთავაზობს, «სტრატეგიული მოთმინება» გამოვავლინოთ, მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგათ, რუსეთის დასუსტებას დაველოდოთ და ვიქონიოთ იმედი, რომ დღეს თუ არა ხვალ (ზეგ?) დასავლური სახელმწიფოები საქართველოს გამთლიანებას ერთერთ მთავარ პრიორიტეტად გაიხდიან და მოსკოვს უკან დახევას აიძულებენ.

დღეს რუსეთს ფატალური დასუსტების არაფერი ეტყობა, თუმცა შეგვიძლია თეორიულად დავუშვათ, რომ მსგავსი რამ მართლაც მოხდა. ბოლო საუკუნეში რუსეთმა ორი, მისთვის გამანადგურებელი პერიოდი გამოიარა, ერთ-ერთი მათგანი «სულ ახლახან», საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბორის ელცინის მმართველობის წლებში საკუთარი თვალით ვიხილეთ. 1993 წლის შემოდგომაზე ელცინის ტანკები რუსეთის პარლამენტს ესროდნენ; მაშინ მისი დამოკიდებულება დასავლელ პარტნიორებზე თითქმის 100%-იანი გახდა. სწორედ ამ დროს დაეცა სოხუმი და თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა. გამანადგურებელი მარცხი საქართველომ მაშინ იწვნია, როდესაც რუსეთი ფრიდ დასუსტებული იყო და კატასტროფის პირას იდგა.

კიდევ უფრო საინტერესო 1918-21 წლების პერიოდია, როდესაც რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მაშინ არ არსებობდა ბირთვული იარაღი, რომლის მეშვეობით მოსკოვი დასავლური სახელმწიფოების შეკავებას შეძლებდა, ხოლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ანტანტას, დღევანდელი ნატოსგან განსხვავებით, პლანეტაზე ადეკვატური მოწინააღმდეგე საერთოდ არ ჰყავდა. 

როგორი იყო მაშინ წამყვანი დასავლური სახელმწიფოების პოზიცია? ვუდრო ვილსონი, აშშ-ის პრეზიდენტი: «ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვერ დაისადგურებს მშვიდობა, ვიდრე რუსეთში ომი გრძელდება». დევიდ ლოიდ ჯორჯი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: «ცივილიზებულ მსოფლიოს არ შეუძლია რუსეთი იზოლირებული და გაჩანაგებული მიატოვოს».

ყველაზე კარგად ამ დამოკიდებულების ქვეტექსტზე, ალბათ, ბრიტანეთის მომავალმა პრემიერმა, მაშინ კი სამხედრო მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა მიანიშნა: «თუ ჩვენ ზურგს შევაქცევთ რუსეთს, გერმანია და იაპონია მას ზურგს არ შეაქცევენ». ეს ფრაზა, ალბათ, დღესაც აქტუალურია, ოღონდაც, უპირველესად, ჩინეთთან (და, შესაძლოა, იგივე გერმანიასთან) მიმართებაში. თუ ხვალ რუსეთი «წაიქცევა», მისი აღმოსავლური რესურსები, 99%-იანი ალბათობით, ჩინეთის კონტროლქვეშ გადავა, რაც შეერთებული შტატების ინტერესებში, წესით, არანაირად არ უნდა შედიოდეს.

ასეა თუ ისე, ასიოდე წლის წინ, ფიქსირდებოდა აზრთა სხვაობა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, უნდა დაუჭირონ თუ არა აქტიურად მხარი დასავლელმა მოკავშირეებმა თეთრგვარდიელებს თუ ხელისუფლებაში ბოლშევიკების დარჩენას შეეგუონ (ჩერჩილი და ლოიდ ჯორჯი, ამ მხრივ, დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ, პრეზიდენტ ვილსონს კი ამავე საკითხზე სახელმწიფო მდივანი რობერტ ლენსინგი უპირისპირდებოდა). ამ განსხვავებული მიდგომებიდან სათავეს იღებდა მოკავშირეების წინააღმდეგობრივი და, საბოლოო ჯამში, წარუმატებელი რუსული პოლიტიკა. მაგრამ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქაოსი რუსეთში უნდა დასრულდეს და მას სათავეში რამდენადმე ეფექტური მთავრობა უნდა ჩაუდგეს, ნებისმიერ შემთხვევაში, დომინანტური იყო. მარტივად რომ ვთქვათ, მათ სჭირდებოდათ დასუსტებული რუსეთი, მაგრამ ამ სისუსტეს ქვედა ზღვარი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მართლაც რომ ულევი რესურსები მის მეზობლებს უზომოდ გააძლიერებდა.  

გამარჯობა, ბრიტანეთო, შენი!

მოკავშირეებმა აღმოსავლეთ ევროპაში .. სანიტარული კორდონი შეაკოწიწეს, რომელიც გერმანიასა და რუსეთს ერთმანეთისგან ყოფდა; მან ოციოდე წელიწადი იარსება. სამხრეთ კავკასიაში მსგავსი ტიპის ამოცანა არ დამდგარა და 1921-ში ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, რომელიც რიჩარდ პაიპსმა თავის «რუსულ რევოლუციაში» ასე აღწერა: «ბრიტანეთს, ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც შეეძლო, წინ აღსდგომოდა საბჭოელების შეჭრას საქართველოში, კონფლიქტში მონაწილეობა არ უნდოდა და საქართველოს დაცემას გარდაუვალად თვლიდა». უფრო შორს თუ წავალთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ლონდონი მხოლოდ პასიური დუმილით არ შემოფარგლულა, მან უბრალოდ ჩააბარა საქართველო ბოლშევიკებს.

იმ პერიოდში დასავლური სახელმწიფოების პოზიცია მოსკოვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა. ბოლშევიკებმა მაშინ დაიწყეს ფიქრი ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე (ე.წ. ნეპი), სამოქალაქო ომით განადგურებული ქვეყნის აღორძინებაზე, რაც უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა.

შეიძლება ითქვას, რომ მაშინ წითელი რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში ერთგვარი «გადატვირთვის» ნიშნები გაჩნდა. მოსკოვში საქართველოს საკითხზე აზრთა სხვაობა ფიქსირდებოდა; ლენინი და სერგეი კამენევი (საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც ცნობილ ბოლშევიკ ლევ კამენევში არ უნდა აგვერიოს) ორჭოფობენ.  

მიჩნეულია, რომ ლენინის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის დაწყება აუცილებელი იყო, ქართველმა ბოლშევიკებმა და სერგეი კიროვმა მოახერხეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ განმსაზღვრელი გავლენა ლენინზე არა მათმა მოწადინებამ მოახდინა, არამედ ბრიტანეთის პრემიერის _ დევიდ ლოიდ ჯორჯის საუბარმა საბჭოთა წარმომადგენელთან ბრიტანეთში _ ლეონიდ კრასინთან, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთი საქართველოს საბჭოთა გავლენის სფეროდ განიხილავს და კონფლიქტში მის მხარეზე ჩაბმას არ აპირებს. ცხადია, ამ საუბრის სტენოგრამა არსად გამოქვეყნებულა, თუმცა მასზე, როგორც უტყუარ ფაქტზე, მკვეთრად განსხვავებულ პოზიციებზე მდგომი ავტორები წერენ: ქართველი მენშევიკების ერთერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი, სსრკ საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიორგი ჩიჩერინი, გამოჩენილი ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკური ექსპერტი რიჩარდ პაიპსი

ამ უკანასკნელს მოსკოვში, არცთუ იშვიათად, ანტირუსულად განწყობილ ავტორს უწოდებენ. ის კრემლის მეგობრად ნამდვილად ვერ ჩაითვლება და მით უფრო ნიშანდობლივია ის, რაც მან «რადიო თავისუფლებასთან» ინტერვიუში აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე, 2005 წლის 2 ივნისს, თქვა, როდესაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა: «არა მგონია, შანსი რეალური იყოს. ალბათ, სასურველიც არ არის, რადგან რუსეთს ნატოს გაფართოებისადმი პარანოიდული დამოკიდებულება აქვს, ფიქრობს, რომ დასავლეთი მას ალყაში აქცევს. თუ საქართველო ნატოს შეუერთდა, რუსეთი ამას განიხილავს, როგორც ამერიკელების შეთქმულებას მის წინააღმდეგ. ასე რომ, არა მგონია, ნატოში გაწევრიანებამ სიკეთე მოიტანოს».

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მკვეთრი დასუსტების ორივე პერიოდმა, რევოლუცია-სამოქალაქო ომმა და საბჭოთა კავშირის დაშლამ, რაღაც ეტაპზე საქართველოს უმძიმესი შედეგი მოუტანა. 1921 და 1993 წლების რუსეთი წელში გამართულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ხოლო დასავლეთი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ძლიერების მწვერვალზე იდგა. საქართველოს ამან არც ერთ შემთხვევაში არ უშველა. პირდაპირი პარალელების გავლება დღევანდელ სიტუაციასთან, ცხადია, არ შეიძლება, თუმცა ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ, ალბათ, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რუსეთის დასუსტება საქართველოსთვის ავტომატურ რეჟიმში ყველა სასურველი მიზნის მიღწევას მოასწავებს.

ილუზიებსა და ოცნებებს შორის

დღევანდელი რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე 1921-ში, 1993-ში ან თუნდაც 2008-ში იყო; ეკონომიკური სტატისტიკა და ცნობები მისი არმიის მოდერნიზაციის შესახებ სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ გვაძლევს. კრემლი ნათლად მიანიშნებს, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება მისთვის მიუღებელია. «თუ ჩვენ 2008-ში შევდრკებოდით, ძალთა გეოპოლიტიკური გადანაწილება ახლა სხვაგვარი იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა შეთრევას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ცდილობდნენ, დიდი ალბათობით, იქ იქნებოდნენ», _ განაცხადა შარშან, ნოემბერში, სამხედროებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რა მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი ნატოს შესაძლო გაფართოებას, და ის, რომ 2008 წლის ომს მასთან პირდაპირ კავშირში განიხილავს. 

რამდენად რაციონალურია ფიქრი იმაზე, რომ კრემლი ჯერ საკუთარი ხელით გაამთლიანებს საქართველოს, შემდეგ კი მშვიდად დააკვირდება მის შესვლას ნატოში? რომ ის გაიყვანს სეპარატისტული რესპუბლიკებიდან ბაზებს, რომლებიც დღეს ხელს უშლიან აშშ (ნატოს) საქართველოში საკუთარი ძალები განალაგოს და თვითონ მოხსნის იმ პრაქტიკულად გადაულახავ დაბრკოლებებს, რომლებმაც საქართველოს ნატოს გზა გადაუღობეს

დღეს იდეა იმის თაობაზე, რომ საქართველო ერთდროულად (ან ერთი მეორის მიყოლებით) შეძლებს მთლიანობა აღადგინოს და ნატოში გაწევრიანდეს, როგორც მინიმუმი, სადავოა. რამდენიმე წლის შემდეგ, თუ ამ მიმართულებით პროგრესს ვერ მივაღწევთ, ის, დიდი ალბათობით, საეჭვო გახდება, შემდეგ _ სასაცილო, ბოლოს კი _ მარგინალური და მიუღებელი. თუ საქმე რაიმე უმნიშვნელო, თეორიულ საკითხზე მიდგებოდა, ალბათ, სასურველი იყო, რომ მოვლენებისთვის სწორედ ასეთი ბუნებრივი მსვლელობა მიგვეცა, მაგრამ საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, რადგან, რაც დრო გადის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ყველა თვალსაზრისით), სულ უფრო გვშორდება.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ დღეს ოფიციალური მოსკოვი საქართველოს გამთლიანების შესაძლებლობაზე არაფერს ამბობს. ქართულ საზოგადოებას ხელთ აქვს მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ორი მინიშნება იმის თაობაზე, რომ ეს გამორიცხული არ არის; შესაბამისი განცხადებები მან სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» წევრებთან შეხვედრაზე (2010 წლის 6 სექტემბერს) და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე გააკეთა. დღეს კრემლი დუმს და, სავარაუდოდ, ინტერესით ელოდება, რას ეტყვის მას საქართველოს ახალი ხელისუფლება.   

ამასთანავე, ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ნატოში გაწევრიანების იდეა ეჭვქვეშ დააყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელი პარტნიორების სიმპათიები ისევ სააკაშვილისკენ გადაიხრება. მათ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ «ისიც მინდა და ისიც» ტიპის ზოგადი სურვილები გამოთქვან.

ამ მძიმე ფონზე ივანიშვილის განცხადება, ალბათ, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის გამორიცხავს კომპრომისს ქვეყნის მთლიანობის ხარჯზე და მას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. ეს განცხადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი პასუხი სახიფათო საუბრებზე თემაზე «ნატოში _ ტერიტორიების გარეშე», რასაც სააკაშვილის ხელისუფლების კულუარებში (და, სხვათა შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც) ბოლო წლებში ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, იქნება საქართველოს პოლიტიკის გადაწყობა ამ პრიორიტეტის შესაბამისად, თუმცა ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაში არ მოვა. ჯერჯერობით კი «ივანიშვილის ფორმულა», ალბათ, ერთადერთი შესაძლებელი პლატფორმაა, რომელიც ნატოს ქართველი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების კომპრომისს შესაძლებელს ხდის. მომავალში ეს პლატფორმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს, თუმცა დღეს საუბარი ამაზე ერთობ ნაადრევია.

აწმყო თუ არა გვწყალობს

როდესაც ნატოს შესაძლო გაფართოებაზე ვსაუბრობთ და საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ვმსჯელობთ (მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი უკრაინისთვის ეს თემა ნაკლებად აქტუალურია), ხშირად გვავიწყდება, რომ უკრაინელებს, ჩვენგან განსხვავებით, აქტივში აქვთ ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი, რომელსაც «ბირთვული კლუბის» წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მას შემდეგ მოაწერეს, რაც უკრაინამ ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვა. მის 1-3 პუნქტებში ნათქვამია, რომ რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი (შემდგომ შესაბამისი განცხადებები საფრანგეთმა და ჩინეთმა გააკეთეს) ადასტურებენ პატივისცემას უკრაინის სუვერენიტეტისა და მისი საზღვრების ურღვევობის მიმართ, აცხადებენ, რომ უკრაინასთან ურთიერთობებში თავს შეიკავებენ სამხედრო ძალის გამოყენებისა და მისი გამოყენების  მუქარისგან, აგრეთვე, ეკონომიკური იძულების ზომებისგან.  

ბუდაპეშტის მემორანდუმი არ არის სრულყოფილი დოკუმენტი, ის უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმს არ ქმნის, მაგრამ ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი ფუნდამენტი, რომელზეც, იდეაში, საკმაოდ მყარი ნაგებობის აშენება შეიძლება. დღეს საქართველოს მსგავს დოკუმენტს არავინ შესთავაზებს; ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი ან რაიმე სხვა ღირებული აქტივი, რომლის სანაცვლოდ შეიძლება ზესახელმწიფოებისგან მსგავსი გარანტიები მივიღოთ. ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერა შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ აშშისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასეთ თანხვედრას ადგილი არ აქვს.

როგორც წესი, მსგავსი ფაქტების კონსტატაციას ჩვენი გამოუვალი მდგომარეობის ერთობ ისტერიული აღწერა მოსდევს, ალბათ, დროა ამ უცნაურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ. პირველი პრობლემა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა მოუხსნას, მეტწილად ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. ჩვენ დღეს, სავარაუდოდ, თავისებურ ტრანსში ვიმყოფებით, რომელშიც თავი გეოპოლიტიკური თვითდაჰიპნოზებით ჩავიგდეთ. «მარჯვნივ წასვლა არ შეიძლება, მარცხნივ ხომ საერთოდ გამორიცხულია» ვიმეორებთ ჩვენ და ამ დროს გვავიწყდება, რომ ზედ ლიანდაგზე ვდგავართ. გათავისუფლება დოგმებისგან, რომლებიც ჩვენი კოლექტიური ნებელობის პარალიზებას ახდენს ამ კონტექსტში, ალბათ, პრიორიტეტული ამოცანაა.

საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, საგარეო პოლიტიკის ტაბუირებულ თემებსა და ე. წ. უალტერნატივო გზებზე ღია დისკუსია, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა, ამ მხრივ შეიძლება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს.   

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here