Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ...

ბიძინა ივანიშვილი: თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში!

544

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. 22 მაისი, 2012

1. საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 22 მაისს მიიღო კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეძლევათ ქვეყნის პარლამენტში არჩევისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. მე დღემდე იმედს ვიტოვებდი და საჯაროდაც ვაცხადებდი, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება საბოლოოდ არ იქნებოდა მიღებული, მაგრამ მორჩილმა  საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მორჩილად აუწია მას ხელი. ამასთანავე, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები კონსტიტუციური ცვლილებების მიზნად ასახელებენ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მოცემას, ხოლო მიზეზად _ თქვენ მიერ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად ჩემ მიერ თითქოსდა არასწორი გზის არჩევას.

2. გასაგებია, რომ თქვენ იძულებული ხართ, ანგარიში გაუწიოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ერთსულოვან მოთხოვნას _ მომცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მაგრამ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის (მოქალაქეობის ჩამორთმევა) გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით (ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭება) და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილებების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თუ იგივე პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსრუდი, მართლაც რომ, პირველია მსოფლიოში…

3. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ვიმეორებ, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება არის სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება. მეტიც, იგი თავისი სამართლებრივი არსითა და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. კონსტიტუცია მართლაც ერთი პირისთვის და ერთი პირის გამო იცვლება, მაგრამ ეს ერთი პირი ვარ არა მე, არამედ ხართ თქვენ _ სწორედ თქვენს პოლიტიკურ შიშებს შეეწირა ჩემი მოქალაქეობა და ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და პრესტიჟი ეწირება თქვენსავე ბავშვურ ახირებასა და პროპაგანდისტულ ხრიკებს.

4. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უკანონოდ ჩამომართვით საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკანონოდ მითხარით უარი ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭებაზე და ახლა ჩემი სარჩელების განხილვის გაჭიანურებით არ მაძლევთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის დროულად მიმართვის საშუალებას, მე არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო. მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისთვის გვესაჭიროება და არა პირიქით. 

5. ამიტომ, მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული. ამასთანავე, მე არ ვაპირებ, ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ, მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება _ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც  თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ.

6. თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე:

. არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში;

. გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის _ მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და  ანტიკონსტიტუციურ სივრცეში;

.   ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» გამარჯვებისთვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისათვის მიცემულ ყველა დანაპირებს.

7. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ, თქვენი გუნდის წევრები და თქვენი მრჩევლები მოუხმობთ კეთილგონიერებას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ეს გადაწყვეტილებები მე არ მჭირდება, ქვეყანას სჭირდება.

www.facebook.com/

bidzinaivanishviliofficial

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here