Home რუბრიკები საზოგადოება მალე ქართველი ერი საკუთარ მიწა-წყალზე უმცირესობაში აღმოჩნდება

მალე ქართველი ერი საკუთარ მიწა-წყალზე უმცირესობაში აღმოჩნდება

993

ცნობილ პიროვნებებს ხშირად ეკითხებიან, _ რაა დღევანდელი საქართველოს მთავარი ამოცანა. პასუხი მრავალფეროვანია, მაგრამ გამოკვეთილად ვერ სახელდება ის მიზანი, რის მისაღწევად ქვეყანამ დაუყოვნებლივი, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ერთპიროვნულად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი, ანუ ზეამოცანა სახელმწიფოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოგრაფიული ვარდნა კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი და ქართველი ექსპერტების პროგნოზებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის კლება თუ ისეთივე ტემპით გაგრძელდა, როგორიც დღეს არის, სულ მალე ქართველი ერი თავის მიწა-წყალზე უმცირესობაში აღმოჩნდება და ქვეყნის სახელმწიფოებრიობასაც საფრთხე დაემუქრება. ბუნების წესი მკაცრია: ის, რაც არ იზრდება და არ ვითარდება, ათასგვარი სენის მსხვერპლი ხდება და ნაადრევად იღუპება.

გავიხსენოთ გოდერძი ჩოხელის ფილმი-ნოველა _ მიტოვებული და უკაცრიელი სოფლის ფონზე სიმბოლურად ჩამოშვებული ბაწრის მარყუჟი. რამდენი სოფელი და მხარეა დღეს კისერზე მარყუჟჩამოცმული. თუ ჩვენი წინაპარი უმკაცრეს ბუნებრივ პირობებშიც კი ახერხებდა აურაცხელი მტრის მოგერიებას და თვითგამრავლებას, ჩვენ _ მათ ნაშიერებს, რამ დაგვაკარგვინა ის ეროვნული მუხტი და ენერგია, რომელსაც დედულ-მამულის სიყვარული და პატრონობა ჰქვია?

ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული საკითხების წარმატებით გადაწყვეტაში, საკუთარ ისტორიაში დაგროვილი გამოცდილების გარდა, ამ სფეროში მსოფლიოს გამოცდილებაც უნდა გამოვიყენოთ. 1984 წელს ჩინეთში, რომლის ტერიტორია 9 მილიონ 561 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა იყო მილიარდ 36 მილიონი ადამიანი, . . ადამიანთა სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე შეადგენდა 109-. 2007 წელს ჩინეთში იმავე ტერიტორიაზე მილიარდ 330 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და სიმჭიდროვე შეადგენდა 139-.

მსოფლიოს მეორე გიგანტურ ქვეყანაში _ ინდოეთში, რომლის ტერიტორია 3 მილიონ 288 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, 1984 წელს 746 მილიონ 740 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ანუ სიმჭიდროვის კოეფიციენტმა 227-ს მიაღწია. 2007 წელს ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობა მილიარდ 150 მილიონი გახდა და შესაბამისად სიმჭიდროვის კოეფიციენტი 356-მდე გაიზარდა.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტის ზრდა უსასრულოდ შეუძლებელია. ამის გამო, ეს ორი გიგანტური ქვეყანა თავიდანვე ფიქრობს დემოგრაფიულ რეგულაციაზე. მათთვის არსებობს ორი გამოსავალი: ან მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემცირება, ან ახალი ტერიტორიების ათვისება.

გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს მოსახლეობის შესახებ. თუ ზოგიერთი ქვეყანა მოსახლეობის შემცირების გზის ძიებაშია, ჩვენი თავსატეხი, პირიქით, გამრავლებაა. 1984 წლის აღწერით, ჩვენთან 5 მილიონ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2007 წლის მონაცემებით კი _ 4 მილიონი. შემაძრწუნებელი ფაქტია ის, რომ სულ რაღაც 23 წელიწადში საქართველოში მოსახლეობა მილიონ 200 ათასით შემცირდა. ექსპერტთა პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლები იქნება. გაცილებით შემზარავი სურათი იხატება 21- საუკუნის მიწურულს. დემოგრაფიული ვარდნის ტემპი თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეიძლება მილიონ 500 ათას ადამიანსაც არ აღემატებოდეს. ამას დაემატება სხვა ტომებთან ქართველთა ასიმილაცია, რაც უკვე დაწყებულია, და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა კატასტროფის წინაშე დადგება.

 სანამ დროა, ეს რომ არ მოხდეს, ქართველი ერის მყისიერი გამოფხიზლებაა საჭირო, თორემ წაყრუებამ და გულგრილობამ ჩვენი შთამომავლობა შეიძლება უფსკრულის პირას დააყენოს.

ამჟამად საქართველოში, რომლის ტერიტორია 70 ათასი კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, _ 4 მილიონი, მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტი კი 57-ის ტოლია.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: სომხეთის მოსახლეობა 3 მილიონ 210 ათასია, ტერიტორია _ 29 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, სიმჭიდროვის კოეფიციენტი – 108; აზერბაიჯანის მოსახლეობა – 8 მილიონ 676 ათასი, ტერიტორია – 87 ათასი, სიმჭიდროვის კოეფიციენტი – 100. როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებდასახლებული ტერიტორია საქართველოშია და სწორედ ამიტომ იგრძნობა უცხო ტომელთა ინტენსიური ლტოლვა მისკენ, რომ არაფერი ვთქვათ ტერიტორიის ნაწილის მიტაცებაზე. თუ საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტს, ინდოეთისას შევადარებთ, ადვილი გამოსათვლელია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 20 მილიონზე მეტ ადამიანს დაიტევს და გამოკვებავს. ეს რესურსები ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს იმისათვის, რომ ენერგიულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ საქმიანი, შორსმჭვრეტელური, შეუქცევადი ღონისძიებების გატარება. ამ მხრივ საქართველოში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დავითის, თამარის, შოთას, ილიას… სამშობლოს შეეფერება.

დემოგრაფიის სფეროში ნამდვილად აღნიშვნის ღირსია საქართველოს საპატრიარქოს და, კერძოდ, დიდი მამულიშვილის, ილია მეორეს საქმიანობა. არიან ბიზნესმენებიც და ორგანიზაციებიც, რომლებიც ცდილობენ დემოგრაფიული ვარდნის პროცესის შეჩერებას. სასარგებლო იქნება ქვეყნის მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ამ ზეამოცანის მოსაგვარებლად მეცნიერულად დასაბუთებული, სტრატეგიული და გადამწყვეტი ღონისძიებებია შესამუშავებელი. კარგი იქნება, საქართველოში თუ დავაფუძნებთ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამყარებულ დემოგრაფიული რეგულაციის სამინისტროს ან დეპარტამენტს მაინც. ქვეყნის ამ სასიცოცხლო ფაქტორის აღმასვლასა და რეალიზებაში მთელი ერი უნდა იყოს ჩაბმული. საქართველოს მოსახლეობის თითოეულმა  წევრმა სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გამოავლინოს, თორემ მოვლენების უკან ჩანჩალით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.          

საქართველოში ბევრი სამაგალითო ოჯახია, მაგრამ ხშირია ოჯახების ნგრევის შემთხვევებიც. ყოველი მიტოვებული ბავშვი, ყოველი დანგრეული ოჯახი ქვეყნისთვის მხოლოდ წუხილისა და დისკომფორტის მომტანია. იმ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანებს შორის სიყვარული და სათნოება არ ზეიმობს, უმეტესწილად ქოლერიკული და მელანქოლიკური ტიპის ადამიანები სჭარბობენ. სწორედ ამიტომ მომრავლდა საქართველოში ამდენი მკვლელობის, თვითმკვლელობის, თავდასხმის, ძარცვის ფაქტები.

დემოგრაფიული ფაქტორი ქვეყნის ბალავართა ბალავარია და, თუ იგი მოიშალა, ქვეყნის არსებობაც წარსულს ჩაბარდება. გენიალური ვაჟა 1908 წელს წერილში «შინაური ამბები» წერდა: «თუ ამ გზით ვიარეთ, უეჭველია, ჩვენი ტერიტორია მალე დაიფუყება და საქართველოს ნიადაგზე ისე აჭრელდება სხვადასხვა ტომთა და ერთა სოფელდაბანი, რომ საქართველო ეთნოგრაფიულ გამოფენას დაემსგავსება». ამ მომენტიდან 100 წელზე მეტი გავიდა. შეიცვალა რამე? პირიქით, საქართველოს პრობლემები უფრო მოუმრავლდა და ქარტეხილების გზაჯვარედინზე გაურკვევლობის ღრუბელი თავს ისევ ძალუმად გრძნობს.

დემოგრაფიის საფუძვლებზე და ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრებაზე ცოდნა ადამიანმა სკოლის მერხიდან უნდა შეიძინოს, თუ გვინდა, ვუშველოთ დაცლილ სოფლებსა და სასაზღვრო ზოლზე აუთვისებელ ტერიტორიებს. ასეთ ადგილებში მაცხოვრებელი ადამიანისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს პრივილეგიები და ეროვნული სახსრების გარკვეული ნაწილი განკარგოს იქ, სადაც ამას დღევანდელობა და მომავალი მოითხოვს. აქ ისევ ვაჟა უნდა მოვიშველიო: «ფულით ჩვენს მეზობლებთან ვერ მივალთ, მაგრამ არც ისე ღარიბნი ვართ, როგორც ვტირით და ვჩივით. რაც გვაბადია, სახეიროდ ვერც იმასა ვხმარობთ ჩვენი ქვეყნისა და მომავლისათვის. მაშასადამე, ჩვენ გვაკლია ის გრძნობა თავის დაცვისა, რომელიც თავს იჩენს არა მარტო განათლებულ ერთა ცხოვრებაში, არამედ პირუტყვთა ცხოვრებაშიც».

საქართველოს მიტოვებულ და დაუსახლებელ უბნებს გარეშე მტერი სანამ შეამჩნევს, ცხადია, მათ წართმევას მოინდომებს და მოსვენებას არ მოგვცემს. ამაში აგვისტოს ომმაც დაგვარწმუნა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ომებში, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, საქართველომ 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა დაკარგა. ცხადია, ამ ტრაგედიამ ქვეყანაში დემოგრაფიული ვარდნა დააჩქარა და მომავალში მრავალი ახლადშესაქმნელი ოჯახი ოცნებებში დარჩა.

საგანგაშოა ის, რომ ბოლო ოც წელიწადში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთს მიაწყდა და სამშობლოს გამოეთხოვა. დღეს ბევრი ქართველი უცხოეთში ხარჯავს იმ ენერგიასა და ტალანტს, რომელიც საქართველოს აღმშენებლობას უნდა მოხმარებოდა. საკვირველი და პარადოქსულია, რომ ქართველების მიერ მიტოვებულ მიწაზე, ბულბულების ცარიელ ბუდეებში, უცხოელები გუგულებივით ისადგურებენ, სამუშაოსაც პოულობენ და არნახული ტემპითაც მრავლდებიან.

რადგან ყველა ქართველის ვალია, შეძლებისდაგვარად ემსახუროს ქვეყანას, ორიოდე წლის წინ დავაფუძნე «საქართველოს დემოგრაფიული რეგულაციის ფონდი _ შთამომავლობა» იმ იმედით, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიზნესმენებისგან ყურადღებას დაიმსახურებდა. განვლილმა ორმა წელიწადმა აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ საკითხებს სათანადოდ ვერ აფასებენ და, თუ ამ სფეროსადმი მიდგომა ძირეულად არ შეიცვალა, შედეგებიც სავალალო იქნება. აქვე ერთი წინადადებაც უნდა გავაჟღერო: საქართველოში შემოდგომის რომელიმე დღე გამოვაცხადოთ სრულიად ქართველთა და მოქალაქეთა ერთად ყოფნის დღედ. თუ ეს დღე ოფიციალურად გამოცხადდება, უცხოეთში მყოფი ბევრი ქართველი წინასწარ დაგეგმავს _ თავის მამულს ამ დღეს ეწვიოს და ერთად ყოფნის სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. იმედი მაქვს, ამ წერილს გამოხმაურება მოჰყვება და ეს ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფერო ფართო განსჯის საგნად იქცევა.

ელგუჯა კეკელიძე

მეცნიერი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here