Home რუბრიკები საზოგადოება დიდი სამამულო და არა მეორე მსოფლიო!

დიდი სამამულო და არა მეორე მსოფლიო!

1109

შარშან საქართველოს ე. წ. დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში პირველად იყო მცდელობა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისს გვეზეიმა, როგორც აქამდე ვზეიმობდით, არამედ 8 მაისს, როგორც ამას დანარჩენი «ცივილური მსოფლიო» აღნიშნავს…

ოდითგან დადგენილი თარიღის «მოულოდნელად» უარყოფა საზოგადოებას ასე აგვიხსნეს: თურმე, ნუ იტყვით და, 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ ხელმოწერილი უსიტყვო კაპიტულაციის აქტმა როდესაც მოსკოვს ჩამოაღწია, მაშინ მოსკოვში უკვე 9 მაისის გამთენია ყოფილა და ამიტომ დადგინდა საბჭოეთში, დანარჩენ მსოფლიოსგან განსხვავებით, 9 მაისი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების დღედ, ანუ უნდათ, დროის სხვადასხვა  სარტყელით გამოწვეულ ტექნიკურ ლაფსუსად  შემოგვასაღონ ეს აშკარა მკრეხელობა!

არა და არა, შინაურ-გარეულო ისტორიის გამყალბებელო ბატონებო და ქალბატონებო! საბჭოთა კავშირში არასოდეს უზეიმიათ ე. წ. მეორე მსოფლიო ომის დასრულება, რადგანაც, რაც «განათლებული და დემოკრატიული» დასავლეთისთვის ბანალურად ჟღერადია «მეორე მსოფლიო ომი», ჩვენთვის, «გაუნათლებელი და ბნელი» საბჭოელებისთვის», რომლებმაც სტალინის გენიალური სარდლობით ლომის წილი დავიდეთ ფაშიზმის განადგურებაში, ის ომი იყო, არის და იქნება  დიდი სამამულო ომი! და სწორედ დიდ სამამულო ომში (როგორც სტალინმა უწოდა ამ ომს) გამარჯვებას ვზეიმობდით 9 მაისს და მომავალშიც ასევე ვიზეიმებთ!

გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ, რა «ფასი გადაიხადა» მოკავშირეთაგან ამ გამარჯვებისთვის, _ აშშ-მა დაახლოებით 250 ათასი ჯარისკაცი, ხოლო ინგლისმა ამაზე ოდნავ მეტი. სსრკ-მა კი, უკანასკნელი დაზუსტებული მონაცემებით, 30 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიიტანა გამარჯვების სამსხვერპლოზე. თუნდაც ამ აშკარად «სასაცილო სხვაობის» გამო, არა თუ ეკუთვნოდა საბჭოეთს გამარჯვების თარიღის ცალკე დაწესება-აღნიშვნა, არამედ მოვალეც კი იყო გენერალი-სიმუსი, ამითაც გაესვა ხაზი და განსაკუთრებული პატივი მიეგო დაღუპულთა ხსოვნისთვის!

თუმცა საერთოდ რაზეა და ვის თანაბარ დამსახურებაზეა ლაპარაკი, როდესაც პატარა საქართველომაც კი რაოდენობრივად ბევრად მეტი, 300 ათასი ვაჟკაცი, შესწირა ფაშიზმზე გამარჯვებას, ვიდრე აშშინგლისმა. საბჭოეთის მოკავშირეებმა, რომლებმაც მეორე ფრონტის  გახსნა მხოლოდ მაშინ იკადრეს, როდესაც გერმანიის დამარცხება მათ გარეშეც გარდაუვალი გახდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, რათა ომის შემდგომ ევროპაში «ტორტის გაყოფის» დროს მსუყე ნაჭერი მათაც დაეთრიათ

აშშ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ცდილობს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების ლომის წილი ისტორიის გაყალბებით მიიწეროს _ ჰოლივუდის გადაღებული ფილმებიც იმას უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ თითქოს ჰიტლერული გერმანია «რიგით რაიანებს» დაემარცხებინოთ და წითელი არმია ლამის არაფერშუაში იყო. არადა, იმ ომის დროს ნიუ იორკის ბარ-რესტორნებში ისე უბერავდნენ ამერიკელი ჯაზმენები, რომ ომისა არაფერი ეტყობოდათ. ის ყბადაღებული «ლენდლიზიც», რითაც სსრკ-ს ეხმარებოდნენ, საბოლოო ჯამში საკუთარი ეკონომიკის დახმარება იყო, ეკონომიკის, რომელმაც ე. წ. დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად სწორედ მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიწყო აღმასვლა და ომის შემდგომ ნანგრევებადქცეული ევროპის ფონზე ხომ საერთოდ, როგორც იტყვიან, შავი დედალივით გაკეთდნენ, მდიდრდებოდნენ და მდიდრდებოდნენ…

ინგლისი? _ იშვიათი გამონაკლისის გარდა (საუთჰემპტონი), ნაკლებად ეფექტურ ავიადაბომბვებს თუ არ ჩავთვლით, მაინცდამაინც მძიმედ არც ბრიტანეთი დაზარალებულა. მიუხედავად ამისა, 1945 წლის გაზაფხულზე ბრიტანეთის სამეფო ავიაციამ მძინარე ლაიფციგი მიწასთან გაასწორა, რასაც ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, ანუ მაშინ, როდესაც მესამე რეიხი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და, აქედან გამომდინარე, ასეთი ბარბაროსობის არანაირი სტრატეგიულ-ტაქტიკური აუცილებლობა არ იყო.

ამას დავუმატოთ უკვე პრაქტიკულად დამთავრებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელების მიერ ჩადენილი ხიროსიმანაგასაკის ატომური გენოციდი და მერე ილაპარაკონ შინაურმა თუ გარეულმა «ჰუმანისტმა» ისტორიის გამყალბებლებმა სტალინის სისხლისმსმელობაზე.

თუმცა არც ამას სჯერდებიან დასავლელი «მშვიდობის მტრედები» და აქტიურად მუშაობენ, რათა სტალინი და ჰიტლერი ერთნაირ ბოროტებად აღიარებინონ მსოფლიოს. ამის პირველი მცდელობა ევროსაბჭოში რუსეთის მძაფრი პროტესტის გამო ჯერჯერობით ჩაუვარდათ… 

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დიდი სამამულო ომის თემების განქიქება არც დღეს და, მითუმეტეს, არც მიშნაცებს დაუწყიათ.

ის ომი ჩვენი ომი არ იყო; რისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპები კომუნისტების ომში; გაემარჯვა ჰიტლერს, ახლა ბავარიულ ლუდს დავლევდით; რატომ დაიღუპა ამდენი ქართველი, როდესაც ჩვენს მიწაზე გერმანელებს ფეხი არ დაუდგამთ და ა.შ. _ მსგავსი სერიოზულ-არასერიოზული სისულელეები გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის, დღეს უკვე ოდიოზური ზოგიერთი ლიდერის გაცხელებულ  თავებში იშვა და მათივე ბაგეებიდან ხმიანდებოდა.

მიშნაცებმა, უბრალოდ, გააგრძელეს ეს ხაზი და, მათივე დევიზიდან გამომდინარე, ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ, საქმეებზე, რომელთაგან პირველი ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქების ვანდალური აქტი იყო. მემორიალის, რომლის გახსნისას თავის დროზე პატარა სასწაული მოხდა _ ათეულობით ჰაერში გაშვებული მტრედებიდან ერთერთმა «ირაო დაარტყა» და მემორიალის ავტორს, გენიალურ მერაბ ბერძენიშვილს მხარზე დააჯდა (!!!), რაც ღვთის სასიკეთო მინიშნება იყო უთუოდ.

ამ მემორიალის აფეთქებისას ორი ადამიანის _ დედისა და უცოდველი ბავშვის სიკვდილიც ღვთის მინიშნება იყო, რომელიც ყურად არ იღო ჩვენმა მანქურთმა ხელისუფლებამ და შემდეგი «ლიბერასტული» ნაბიჯი გადადგა _ შუაღამისას მზაკვრულად მიაყენეს ამწეები სტალინის მონუმენტს გორში და ფაშიზმის განადგურების უპირველესი მსოფლიო შემოქმედის ძეგლი უკვალოდ გააქრეს…

აქედან გამომდინარე,  გასაკვირია, რომ 9 მაისის 8 მაისით შეცვლაც მოინდომეს ამ ხლისტებმა?!

მაგრამ ეგ არაფერი, ხალხო! ნათქვამია, «წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო». ამ ვარდისფერ ჭირსაც მოვიცილებთ, როცა იქნება, და, თუ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეღირსება, სტალინის ძეგლი ისევ დიდებით დაბრუნდება თავის კვარცხლბეკზე!

მანამდე კი ერთ სულისშემძვრელ საგას გიამბობთ დიდი სამამულო ომის თემაზე…

«და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი»

არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომელსაც იმ უსასტიკეს ომში ახლობელი არ დაეკარგოს. ამ მხრივ არც ჩვენი ოჯახია გამონაკლისი და ახლა, რაც მამაჩემისგან მსმენია, იმას გიამბობთ…

1934 წელს მამაჩემის ბიძა  თბილისის უნივერსიტეტში სრულიად მშვიდობიან, გეოლოგიის ფაგულტეტზე სწავლობდა. ამ დროს დაწყებულა პირადად სტალინის ინიციატივით  კავშირის მაშტაბით «ვისოკი, კრასივი» ბიჭების «დავერბოვკება» მაშინ ჯერ კიდევ ახლადფეხადგმულ საბჭოთა ავიაციაში. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი «ვისოკი, კრასივი» 22 წლის ჭაბუკი გივი ჯორკოშვილიც აღმოჩნდა. მამაჩემის ბიძაც იმ არმიას შეუერთდა, რომელსაც შემდეგ «სტალინსკიე სოკოლებს» ეძახდნენ…

ქიზიყში დაბადებულ შევარდენს, თავისი «ოტეც სალდატაც» ჰყავდა _  უნივერსიტეტის უბრალო კარისკაცი, რომელსაც მთელი მაშინდელი უნივერსიტეტი სიყვარულით ძია მოსეს ეძახდა, ჩემი დიდპაპა, ვისაც  მხოლოდ იმიტომ ვახსენებ, რომ ამ სევდიანი ამბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

გივის ავიაპოლკი მოსკოვთან ახლოს, დაბა კლიაზმაში, იყო დისლოცირებული, საიდანაც არა ერთხელ გაჰყოლია მისი ავიაგამანადგურებლების ესკადრილია მძიმე ბომბდამშენებს დამცავ ესკორტად ღამეული დაბომბვებისას.  დაბრუნებისას გივის წესად ჰქონია, უვნებლად გადარჩენა იქვე, კლიაზმაში, მცხოვრები ულამაზესი ნინა სოსეიკინას სახლის თავზე უმაღლესი პილოტაჟის ტრიუკებით ეცნობებინა ფრონტული სიყვარულისთვის.

ერთ-ერთი ასეთი «ტრიუკაჩობისას» შემთხვევით მისი «ისტრიბიტელის» ფრთა მაღალ ალვისხეს წამოსდებია, მანქანა მსუბუქად დაზიანებულა,  გივი კი «მძიმედ» დაუსჯიათ _ ხელფასიდან დაუქვითეს თვითმფრინავის რემონტის საფასური. ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა…

1944 წლის თებერვალში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრენილა 31-ე ქარხანაში და, სანამ მის თვითმფრინავს გაარემონტებდნენ, რამდენიმე დღე მადლიანი ქიზიყი მოუვლია, მოუნახულებია დიდი ხნის უნახავი ნათესავები თუ მეგობრები.

ძია მოსემ საკუთარ შვილს, თბილისში დაბრუნებულ გივის, დიდი ხნის ჭოჭმანის შემდეგ მაინც შეჰბედა  და გლეხურად, ქიზიყურად უთხრა _ შვილო, ე ომი საცაა გათავდება, მაგათ უშენოდაც მაუგრეხენ კისერსა, აქ ერთი ცალხელა კაცია, ფულ თუ მისცემ, «პერედავოი აკოპიდან» ამაიყავს ხალხი. შენ აქა ხარ, მოდი ცოტა ფულ მივცემ და იგეთ საბუთ გაგიკეთებს რომა…

მაგას რას ამბობ მამიი (აღარ დაამთავრებინა თურმე გივიმ მამას სათქმელი), შენს გაზრდილს ეგ როგორ გამიბედე? მე იქ ჩემი ამხანაგები მელოდებიან, პარტიას, სტალინს აქვს ჩემი იმედიო. და ის ორიოდე დღე, რაც მის გამგზავრებამდე იყო დარჩენილი, ძია მოსესათვის ხმა აღარ გაუცია და ასე, მამასთან «უმძრახათ», წასულა ფრონტზე.

1944 წლის 4 ნოემბერს გივი ჯორკოშვილს ვიღაც გენერალი უნდა წაეყვანა ფრონტის ხაზზე. მისი თვითმფრინავი კი დივერსიის გამო აფრენისთანავე აფეთქებულა და ახლა ქიზიყელი «ღიმილის ბიჭის» ნეშტი კლიაზმის სასაფლაოზე განისვენებს.

მისგან სახსოვრად ძია მოსეს მისივე ნაჩუქარი სამხედრო ქამარი, ხოლო მამაჩემს ლამაზი ბებუთი დარჩა. და კიდევ დეპეშები, რომელთაც გივის დაღუპვის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში აგზავნიდა ნინა სოსეიკინა გივისთვის ჩვეული ტექსტით жив, здоров,   целую гиви»…

დიდ სამამულო ომში გამარჯვების მორიგ წლისთავს გილოცავთ, პირველ რიგში, ომის ვეტერანებო, და შემდეგ სხვებსაც, ვისაც გჯერათ, რომ ის ომი დიახაც ჩვენი ომი იყო!..

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. ჩემი დიდი პაპა, ლეიტენანტის ჩინით იბრძოდა ყირიმში, იქ მის მოწინააღმეგე ხაზთან ქართველებით დაკომპლექტებული გერმანელების დივიზია მდგარა, ერთი ქართველი ტყვეთ აუყვანიათ, მას კი უთქვამს არ დამცალდა თბილისამდე ჩამოსვლა რომ დედა მეტირა თქვენთვისო,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here