Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან

ლალი აფციაური: სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან

948

შინაგან საქმეთა მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე პოლიციელის იარაღით არც ერთი მოქალაქე არ დაღუპულა, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მტკიცებით, 2012 წელს პატიმრების გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა. მინისტრების განცხადებების მიუხედავად, მათი საქმიანობის ირგვლივ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. გორის რაიონის პოლიციის შენობაში დაკავებული თამაზ ჯღირაძისა და ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის შემდეგ, ზუგდიდელ ბადრი ტაბიძის მკვლელობაშიც პოლიციის დანაშაულზე საუბრობენ. ხოლო რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი პატიმრის _ თენგიზ ბელქანიასა და ზურაბ დელიანიძის _ გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. გარდაცვლილთა ოჯახები პატიმრების სიკვდილში კვლავ სასჯელაღსრულების სამინისტროს სდებენ ბრალს.

რამდენად სარწმუნოა მინისტრების განცხადებები და რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები, «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრება, რომელიც უმოქმედობაში ადანაშაულებს კოლეგებს, სახალხო დამცველს, საზოგადოებას და, მათ შორის, საკუთარ თავსაც.

_ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის წამახალისებელი ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფო და მისი მეთაური მიხეილ სააკაშვილია. ვანო მერაბიშვილის განცხადება, თითქოს ბოლო 4 წლის მანძილზე პოლიციელის ხელით არავინ გარდაცვლილა, აბსოლუტური სიცრუეა. საქართველოს პოლიციაში დასაკითხად მიყვანილი ადამიანები  კიბიდან თურმე უბრალოდ «გორდებიან» ან დაკითხვის დროს გული უსკდებათ, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რამდენიმე ხნის წინ, ხათუნა კალმახელიძე შეეცადა, თავისი საქმიანობა გაეპიარებია და ერთ-ერთი ნაციონალური ტელეკომპანიის ჟურნალისტი შეუშვეს ციხეში. აჩვენეს, რა კარგია ხათუნა კალმახელიძე, როგორ არის პატიმართა უფლებები დაცული, როგორი კვებაა საქართველოს ციხეებში და ა. შ., რაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სიცრუეა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ცნობილი და გახმაურებული შემთხვევები, რისი უარყოფაც ხელისუფლების მხრიდან უკვე შეუძლებელია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რაც არ ვიცით, ვინაიდან გარდაცვლილების ოჯახები სერიოზულ ზეწოლას განიცდიან.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა გარდაცვალების ფაქტებიც არსებობს, რაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია?

_ რა თქმა უნდა, არსებობს. ამაზე კითხვაც არ შეიძლება გაჩნდეს. ასე რომ, ვანო მერაბიშვილსა და ხათუნა კალმახელიძეს სატრაბახო არაფერი აქვთ. როცა ადამიანს გამეტებით სცემ, თავს არტყმევინებ კედელზე, ეს ნიშნავს, რომ მას სასიკვდილოდ იმეტებ. საამაყო ნამდვილად არ არის, როცა სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან.

_ თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის _ ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, პენიტენციალურ დაწესებულებებში 2012 წელს პატიმართა გარდაცვალების ფაქტები შემცირდა. თქვენ რა სტატისტიკურ მონაცემს ფლობთ?

_ ხათუნა კალმახელიძე შემცირებაში რას გულისხმობს? 150 პატიმრის გარდაცვალება თუ მცირედ მიაჩნია, არ ვიცი. ყველა, პატიმრების 99% მაინც, განიცდის ფიზიკურ ზეწოლას, აღარაფერს ვამბობ მორალურ ზეწოლაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მიმდინარეობს პატიმრების სასტიკად წამება, ცემა-ტყეპა, მათ სასტიკ პირობებში ამყოფებენ. საქართველოს ციხეებში კატასტროფული მდგომარეობაა.

რა თქმა უნდა, აშენდა ახალი საპატიმროები, ბაღლინჯოები და მორიელები აღარ დაძვრებიან კედლებში. ციხე ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება, მაგრამ, როცა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვან პატიმარს, უკვე ციხის გარეგნული მხარე აღარ არის საინტერესო. ასე ნაწამები და ნაცემი პატიმრები ძველ, დანგრეულ ციხეებში მე არ მინახავს. ყველა სიბოროტე, რაც კი შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ მოიფიქრონ და განახორციელონ, საქართველოს ციხეებში ხდება.

_ რატომ არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებს და რატომ არ სჯის დამნაშავე თანამშრომლებს, ეს ხომ მათ იმიჯზეც დადებითად აისახება?

_ მაშინ, როცა ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობაა გამოცხადებული და სახელმწიფოს მეთაურისგან პირდაპირ აქვთ ნაბრძანები, ყველას ესროლეთ და კბილები ჩაუმტვრიეთო, რატომ უნდა დასაჯონ? დღეს არც შსს და არც სასჯელაღსრულების სამინისტრო, თავის არც ერთ თანამშრომელს არ დასჯის, ვინაიდან ხალხში შიშის ფაქტორის დანერგვა უფრო სჭირდებათ, იმიჯი საერთოდ არ ადარდებთ. ან რატომ დასჯიან ვინმეს? რომელ საქმეს მივყევით ბოლომდე და მოვთხოვეთ ხელისუფლებას პასუხი?

_ ქვეყანაში უამრავი უფლებადამცველია, ასევე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მათ ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რატომ არ მიჰყევით ბოლომდე რომელიმე საქმეს?

_ სწორი კითხვაა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ უპასუხისმგებლოები ვართ, არავის ბედი არ გვადარდებს და ყველაფერი საკუთარი კეთილდღეობისთვის გვჭირდება. ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, ადვოკატებს, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისმხობ… თუნდაც ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტის გამო, მთელი თბილისი ქუჩაში უნდა იყოს გამოსული, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მივაწოდებთ ამ მასალებს, შეშფოთდებიან, აღშფოთდებიან, მაგრამ, როცა ისინი ხედავენ, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვსხედვართ და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მომზადებული მასალების მიწოდების გარდა არაფერს ვაკეთებთ, ჩვენ მაგივრად თავს რატომ შეიწუხებენ?

ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბრალია, ვინაიდან თითოეულ დანაშაულზე სათანადოდ არ მოვთხოვეთ პასუხი ხელისუფლებას, ვილაპარაკეთ და დაგვავიწყდა. საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე კი არ უნდა ვიყოთ, ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვთხოვდეთ პასუხს და მაშინ ვერ გაგვიბედავდნენ ამდენს. მთელი მსოფლიო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ჩვენ კი კაბინეტებიდან ვაპროტესტებთ.

_ გარდაცვლილი ზურაბ დელიანიძის ოჯახის განცხადებით, ის სასტიკად არის ნაწამები, ამიტომ ოჯახი გაჩერებას არ აპირებს. რით შეიძლება დაეხმაროთ უფლებადამცველები?

_ სახალხო დამცველს აქვს საშუალება, ინფორმაციის შეტყობისთანავე გააგზავნოს ჯგუფი და მაშინვე ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ ოჯახს არ აქვს მატერიალური საშუალება, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატაროს, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც დიდ გრანტებს იღებენ, გამოყონ თანხები და კეთილი ინებონ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა. თუმცა ამ ფოტომასალას რომ შეხედავ, ექსპერტიზა აღარც კი სჭირდება, ყველაფერი ნათელია. გარეგნული დაზიანებების გარდა, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება კახექსია, რაც არასათანადო კვებისგან არის გამოწვეული. ციხეებში ჩიხირთმას რომ ამზადებს კალმახელიძე, საინტერესოა, მარტო თავად მიირთმევს?

ჩემი პატიმარი რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახო, როგორშიც ზურაბ დელიანიძე, არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ქვა-ქვაზე არ დარჩება. ამიტომ ჩემს პატიმრებს, სიმართლე გითხრათ, ერიდებიან. ბოლო პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზვიადაძის საქმე იყო გახმაურებული, რომელიც სასტიკად სცემეს, მაგრამ #7 საპყრობილის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მე ვიცავდი. ის დაპატიმრების დღესვე უცემიათ. როცა მივმართე სახალხო დამცველს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუგს ვერ ვიტყვი, დაუყოვნებლივ დაინიშნა ექსპერტიზა და ეს ფაქტი მან თავის დასკვნაშიც მოიხსენია.

_ სახალხო დამცველი წლევანდელ ანგარიშში ციხეებში წამებისა და გარდაცვალების ფაქტებზე საუბრობს. დასახელებულია კონკრეტული დამნაშავეების გვარებიც. მართალია, მისი მოხსენებიდან მცირე დრო გავიდა, თუ დაისაჯა ვინმე ან გამოძიება მაინც დაიწყო ამ მიმართულებით?

_ არანაირი რეაგირების შესახებ მე არ მსმენია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველმა დაასახელა ის ფაქტები, რომლებიც ჩვენ მიერ უკვე გახმაურებული იყო. გაუხმაურებელი შემთხვევები სახალხო დამცველს არ დაუსახელებია, რაზეც ძალიან ვწუხვარ, რადგან სახალხო დამცველის აპარატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შევიდეს ციხეში და მოინახულოს პატიმარი, ამიტომ სახალხო დამცველის ინფორმაცია ნაწამები პატიმრების შესახებ ასეთი მწირი არ უნდა ყოფილიყო.

_ რატომ არ იყენებს სახალხო დამცველი თავის ბერკეტებს?

_ იმიტომ, რომ ამისთვის არ არსებობს სახელმწიფოს ნება. ის, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელია და ობიექტურ დასკვნებს დებს, ძნელია, ამაში ეჭვი არ შეიტანო იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან მართულია. ელემენტარულად, განსხვავებულ აზრს რომ გამოთქვამს ადამიანი, საჯარო სამსახურში იმას არ აჩერებენ. სკოლის პედაგოგსა და დამლაგებელსაც კი ათავისუფლებენ სამსახურიდან და, როგორ ფიქრობთ, სახალხო დამცველს გააჩერებდნენ?

_ ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, პენიტენციალურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა, თუმცა როგორც პატიმრები, ასევე უფლებადამცველები გამუდმებით გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ პატიმრებს სათანადო მკურნალობა არ უტარდებათ. ცოტა ხნის წინ თქვენც აპროტესტებდით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ნანა თხელიძის მდგომარეობას.

_ ის, რომ პენიტენციალურ სისტემაში გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება, კიდევ ერთი ზღაპარია. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2500 პატიმარია და მხოლოდ 2 ექიმი მუშაობს, რანაირად მოუვლის ეს ორი ექიმი ამდენ პატიმარს? აღარაფერს ვამბობ მედიკამენტებზე. ანალგინისა და ციტრამონის დონეზე მკურნალობენ პატიმრებს. პატიმარს, რომელსაც მკურნალობის კურსი უტარდება, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უთხრან, იცით, მედიკამენტები გაგვითავდა და წადით, აფთიაქში იყიდეთო.

_ ციხეებში ხშირია ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები. დაავადებულებს მაინც თუ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა?

_ ციხე ტუბერკულოზის ინფექციის კერაა. მაშინ, როცა ავადმყოფი და ჯანმრთელი პატიმარი არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ციხეში მოხვედრიდან ერთ-ორ კვირაში უკვე ტუბერკულოზით ავადდება.

მინდა ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გითხრათ, რაც სანდო წყარომ შემატყობინა და პატიმრებმაც დამიდასტურეს. იცით, რომ «წითელი ჯვარი» ატარებს ტუბერკულოზის დოტის პროგრამას. ეს არის ტუბერკულოზის მკურნალობისთვის განკუთვნილი პროგრამა, სადაც უფასოა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები. «წითელი ჯვარი» მიდის და იმ პატიმარს უღებს ანალიზს, რომელზეც ეჭვი ჩნდება, რომ დაავადებულია, და ანალიზი ლაბორატორიაში გამოსაკვლევად იგზავნება. მაქვს ინფორმაცია, რომ, სამედიცინო პერსონალი დაავადებული პატიმრების რაოდენობის დამალვის მიზნით, დაავადებული პატიმრის ანალიზს ჯანმრთელი პატიმრის ანალიზით ცვლის.

ქალბატონი ნანა თხელიძე სრულიად ჯანმრთელი შევიდა ციხეში და დაკავებიდან ძალიან მალე არაერთი დაავადება, მათ შორის, ონკოლოგიურიც აღმოაჩნდა. ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ის სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ ნანა თხელიძე უარს აცხადებს ოპერაციაზე. ის ამბობს, რომ ძალიან ბევრი ოპერაცია დასრულდა ლეტალური შედეგით. ნანა თხელიძე ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას მისი დაავადების სიმძიმის განსაზღვის მიზნით, რაზეც უარი გვითხრეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ქალბატონ ნანას ჯანმრთლობის მდგომარეობა და ექიმებმა მკურნალობაც დაუნიშნეს, ერთი თვის შემდეგაც კი, დაწესებულების სამედიცინო სამსახურს მისთვის არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარებია.

კიდევ ერთი პრობლემაა სასმელი წყალი, რომელიც კუჭ-ნაწლავის მხრივ დაავადების წყაროა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რუსთავში. რამდენიმე წლის წინ რუსთავის #17 დაწესებულებიდან ავიღეთ ანალიზი და, ექსპერტიზის შეფასებით, არამცთუ დასალევად, ფეხის დასაბანადაც კი უვარგისია ეს წყალი. მიუხედავად ამისა, სიტუაცია არც მას შემდეგ შეცვლილა.

_ და ბოლოს, ტერორისტული აქტების განხორციელებაში მსჯავრდებულებმა _ მერაბ ყოლბაიამ (იმავე კოჭოიამ) და გოგიტა არქანიამ ჩვენებები შეცვალეს და წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ, შესაძლოა, საპროცესო გარიგება გაუფორმონ.

_ ამ ქვეყანაში არაფერია გასაკვირი. იმავე ვალერი გელბახიანსაც, რომელიც ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული, საპროცესო გაუფორმეს. ეს საქმეები ძალიან პრიმიტიულია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ტერაქტებს ასე «ხსნიან» ჩვენი პოლიციელები. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს იყო შეთითხნილი საქმე და ხვალ და ზეგ, თუ დასჭირდათ, შეიძლება კოჭოია გვერდით დაიყენონ და არც ეგ უნდა გაგვიკვირდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here