Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

ფიურერს სერიოზულად აეჭვებდა ამგვარი გრანდიოზული ოპერაციის განხორციელება. მაგრამ ასეთი ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ ვერ შეაფასა საბჭოთა მხედართმთავრების და, უწინარეს ყოვლისა, სტალინის სტრატეგიული ხედვა, რომელმაც ოპერაციის საერთო გეგმა გამოწვლილვითი შესწავლისა და დამუშავების შემდეგ დაამტკიცა.

რისკი ორივე მხრიდან უდიდესი იყო, მაგრამ სტალიონის სტრატეგია უფრო სწორი აღმოჩნდა. ამასთან ერთად, მან დაიცვა თავისი არმიები განადგურებისგან რეზერვებით დროული შევსება-ჩანაცვლების გზით. გერმანელებს ჩვენს ზურგში ღრმად შეჭრა რომ მოეხერხებინათ, მათ მოუწევდათ ბრძოლების გამართვა საომრად გამზადებული და კარგად გაწვრთნილ-აღჭურვილი ნაწილების წინააღმდეგ.

«ის, რომ კურსკის ბრძოლა იყო გიგანტური შერკინება ორ, ერთმანეთს ჩაფრენილი კოლოსალური ძალების, _ წერდა ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი მ. კეიდინი, _ შეიძლება შემობრუნების პუნქტი გახდეს რუსეთში მიმდინარე ომში, სავსებით ნათელი იყო ორივე შეურიგებელი მტრისთვის. ოპერაცია «ციტადელი» წარმატებით რომ დამთავრებულიყო, სცენა გამზადებული იქნებოდა ახალი ფართე შეტევითი ოპერაციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ. გერმანელების გეგმის არსი იყო: დაემარცხებინათ,ხელმეორედ დაეფქვათ, დაეფანტათ, დაეხოცათ, ტყვედ ეგდოთ… მოგვიანებით, თუ ოპერაცია «ციტადელი» განვითარდება ისე, როგორც ჰიტლერი ვარაუდობდა, დაიწყება დიდი შეტევა მოსკოვზე…» ფიურერი აპირებდა შვედეთის ოკუპირებას და ჯარების სამხრეთის ჯგუფის გაძლიერების ინგლის-ამერიკის ჯარების გაძევებას იტალიიდან.

ყველა მისი გეგმა ჩაიფუშა. იგი დაითრგუნა და დაიბნა. როგორც ნამდვილ მტაცებელს, მას მხოლოდ თავდასხმა ეხერხებოდა, მაგრამ თავდაცვა არ შეეძლო.

ამ ბრძოლამდე ჰიტლერს შეეძლო თავი იმით დაემშვიდებინა, რომ მოსკოვთან რუსები სრული განადგურებისგან იხსნა უმკაცრესმა ზამთარმა. სტალინგრადის კატასტროფაც მძიმე კლიმატური პირობებით შეეძლო გაემართლებინა, მით უფრო, რომ 1941-42 წლების და, ნაწილობრივ, 1943 წლის ზაფხულის კამპანიები მისთვის წარმატებული იყო, მაგრამ კურსკის ბრძოლამ, რომელიც ზაფხულში გაიმართა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა

კურსკის ბრძოლას ამდენი ყურადღება დავუთმეთ იმიტომ, რომ ენამოსწრებული ამერიკელი მწერლის, ამბროზ ბირსის თქმით, ეს იყო «პოლიტიკური კვანძის კბილებით გახსნა, რადგან ენით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო». «ზარბაზნების ასეთ დიპლომატიაში» სტალინი გაცილებით ჭკვიანი, წინდახედული და ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე ჰიტლერი. ამ უკანასკნელის დამარცხებების მიზეზებს ბევრად განსაზღვრავდა ის, რომ მან ძალიან გვიან გაიგო: მას საქმე ჰქონდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც  ყველა მიმართულებით მასზე მაღლა იდგა.

ფინალი

ხაფნერი წერდა, რომ რუზველტი და ჩერჩილი «არა მარტო შიშობდნენ, მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურების გამო სტალინმა შეიძლება ამჯობინოს მშვიდობის დამყარება, რათა ომიდან გამოვიდეს, არამედ ვარაუდობდნენ, რომ ჰიტლერი, განსაკუთრებით, სტალინგრადის შემდეგ, ორივე ხელით ჩაებღაუჭება გადარჩენის ასეთ შესაძლებლობას… ისინი სერიოზულად ფიქრობდნენ, როგორ აეცილებინათ დიდი სამხედრო კოალიციის ვადამდელი დაშლის საშიშროება. მათი განსჯის შედეგი იყო მოთხოვნა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ, რომელიც განცხადებული იყო 1943 წლის 23 იანვარს დასავლეთის სახელმწიფოების კასაბლანკის უმაღლესი დონის თათბირზე და რომელშიც მონაწილეობაზე სტალინმა უარი თქვა.

ეს მოთხოვნა გამორიცხავდა ნებისმიერ დაზავებას ან სამშვიდობო მოლაპარაკებას დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არა მარტო ჰიტლერთან, არამედ გერმანიის ნებისმიერ სხვა მთავრობასთან. მისი წყალობით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირმა მართლაც გაძლო გერმანიაზე სრულ გამარჯვებამდე…

დღეს ასეთად ჩანს ჩვენი წარსულის სურათი, მაგრამ 1943 წელს კარგა ხანს საეჭვო იყო… აიცილეს თუ არა (რუზველტმა და ჩერჩილმა) სეპარატული ზავი გერმანიასა და სსრ კავშირს შორის, თუმცა 1943 წლის 1 მაისთან დაკავშირებით გამოცემულ თავის ბრძანებაში სტალინმა სავსებით გარკვეულად მხარი დაუჭირა დასავლეთის სახელმწიფოების მოთხოვნას. მაგრამ ივლისში კურსკთან თავიანთი გრანდიოზული გამარჯვების შემდეგ რუსები ღიად და დემონსტრაციულად კვლავ გაემიჯნენ ამ პოლიტიკას: მათ ეს გააკეთეს გერმანელი ტყვეებისა და კომუნისტებისგან შემდგარი ეროვნული კომიტეტის _ «თავისუფალი გერმანიის» შექმნის პარალელურად.

ეს წინადადება ითვალისწინებდა ზავის შესახებ «ნორმალური» მოლაპარაკების გამართვას, მართალია, უკვე არა ჰიტლერთან, არამედ ისეთ გერმანიასთან, რომელსაც ეყოფოდა ძალა და გონიერება ჰიტლერისგან თავის გასათავისუფლებლად… რუსების მიერ მოწონებული ეროვნული კომიტეტის მანიფესტი იკითხება, როგორც  პოლემიკა «უსიტყვო კაპიტულაციის» პოლიტიკის მომხრეებთან.

მართლაც, მანიფესტში ლაპარაკი იყო გერმანიასთან ზავის დადების შესაძლებლობაზე, მაგრამ არა ნაცისტურ გერმანიასთან: «თუ გერმანელი ხალხი უწინდებურად უდრტვინველად და მორჩილად დაუშვებს, რომ იგი კვლავ სასიკვდილოდ გარეკონ, როცა ჰიტლერს კოალიციის ძალით დაამხობენ, ეს ჩვენი სამშობლოს გახლეჩის მომასწავებელი იქნება და ჩვენსავე თავს უნდა ვუსაყვედუროთ. თუ გერმანელი ხალხი დროზე მოიკრებს გამბედაობას და საქმით დაამტკიცებს, რომ იგიაღსავსეა ჰიტლერისგან გერმანიის გათავისუფლების სიმტკიცით, იგი მოიპოვებს უფლებას, თავადვე გადაწყვიტოს თავისი ბედი, და სხვა ხალხები ანგარიშს გაუწევენ მას ჰიტლერთან არავინ დაზავდება… მასთან არავინ მოლაპარაკებასაც არ გამართავს. ამიტომ ჭეშმარიტად ეროვნული გერმანული სახელმწიფოს შექმნა ჩვენი ხალხის გადაუდებელ ამოცანად გვესახება… სამშობლოსა და ხალხის ერთგულმა საარმიო ძალებმა საამისოდ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ. ეს მთავრობა დაუყოვნებლივ შეწყვეტს საომარ მოქმედებას, გერმანიის ჯარებს იმპერიის საზღვრებში გაიწვევს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებას…»

მოლაპარაკების შესახებ წინადადება იყო უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ დასავლეთის მოთხოვნის ალტერნატივა. «ამრიგად, _ წერდა ხაფნერი, _ ჯერ კიდევ 1943 წელს საბჭოთა კავშირი ღიად ლაპარაკობდა მშვიდობის დამყარებაზე გერმანიასთან, რომელიც შეძლებდა ჰიტლერისგან გათავისუფლებას… როგორც ჩანს, 1943 წლის ივლისშიც კი, როცა ომში რუსეთის გამარჯვება «მეორე ფრონტის» გარეშეც მხოლოდ დროის საქმე იყო, მშვიდობის სწრაფად დამყარება ჰიტლერის გარეშე მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უამრავი მსხვერპლის ფასად მოპოვებული სრული გამარჯვება.

მაგრამ ეროვნული კომიტეტის მანიფესტმა გერმანიაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. და მაშინ, ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც სამი თვე იცადეს, რუსები შეუერთდნენ მოთხოვნას უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში გაიმარვა.

1944 წელს ძლევამოსილმა საბჭოთა არმიებმა დაასრულეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის გათავისუფლება, გაათავისუფლეს აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ნახევარი და გერმანიის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დასავლელი მოკავშირეები ბელგიის ტერიტორიაზე იყვნენ გაჩერებული. და უცებ სწორედ იქ, არდენში, 1944 წლის დეკემბერში ჰიტლერმა კონტრდარტყმა მიაყენა, რომელიც ინგლისელებს და ამერიკელებს ახალი დიუნკერკის მუქარად შემოუბრუნდათ. ეს მუქარა გაუვნებელდა სამოკავშირეო ვალდებულების ერთგული სტალინის ძალისხმევით, რომელმაც გასცა ბრძანება, დაეჩქარებიათ ჰიტლერელების წინააღმდეგ შეტევა აღმოსავლეთის ფრონტზე».

ხაფნერის მიხედვით, ჰიტლერს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს გაეგრძელებიათ ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამისთვის კი უნდა შეერთებოდნენ გერმანიას, მის, ჰიტლერის გერმანიას: «ჰიტლერს სურდა, დასავლეთის სახელმწიფოები დაეყენებია არჩევანის წინაშე: ან ბოლო მომენტში მასთან ერთად შეეტიათ საბჭოთა კავშირისთვის, ან ძირგავარდნილი ვარცლის ამარა დარჩენილიყვნენ. მას სჯეროდა, რომ ისინი, როგორც ნაკლებ ბოროტებას, გერმანიასთან პარტნიორობას აირჩევდნენ. არდენზე შეტევით ჰიტლერს სურდა, ეჩვენებინა მათთვის, რომ მას უჭირს რუსების შეჩერება, მაგრამ განაგრძობს მათ შეჩერებას და შეძლებს უკუგდებასაც კი. ან თქვენ ჩემთან ერთად იდგებით ვისლას ნაპირებზე, ან რუსები მიაღწევენ რეინამდე და ლამანშამდეც კი. აირჩიეთ! მაგრამ ჩანაფიქრი არ გაუმართლდა. ძალა არ ეყოარდენზე შეტევა ჩაეფუშა. რუსები ძლევამოსილად მიიწევდნენ ოდერისკენ».

მაგრამ იქნებ სტალინს, გამარჯვებებით ფრთაშესხმულს, გაუჩნდა სურვილი, რაც შეიძლება შორს წაწეულიყო დასავლეთისკენ და თავისი ძალაუფლება ევროპის მაქსიმალური რაოდენობის ქვეყნებზე განევრცო? ხომ არ გაუჩნდა სურვილი მსოფლიო რევოლუციის იდეის რეანიმირების?

«პასუხი ამ კითხვებზე მხოლოდ უარყოფითია. არავითარი გეგმა, არავითარი ჩანაფიქრი საკუთარი იმპერიის შესაქმნელად, რაც აგიჟებდა ჰიტლერს, სტალინს არ გააჩნდა. მან თვითონ შეაჩერა თავისი არმიები ოდერის მიჯნაზე, _ წერს ხაფნერი, _ იგი, როგორც ჰიტლერი, მიიჩნევდა, რომ დასავლეთისკენ ზვავივით დაძრული საბჭოთა ჯარის ნაწილების შემყურე დასავლეთის სახელმწიფოები პანიკაში ჩავარდებოდნენ და ჰიტლერთან დაზავებას ამჯობინებდნენ. სტალინს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დაეშვა ასეთი რამ.

ჰიტლერისგან განსხვავებით, სტალინი საღად მოაზროვნე, მშვიდი და ფრთხილი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ყოველთვის იცოდა ზომა. იგი ხედავდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაძრული არმიების შეტაკების საშიშროებასაც. ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო წინასწარ დადებული კონკრეტული შეთანხმებით სადემარკაციო ხაზების შესახებ ოკუპირებულ ზონებში. ასეთი შეთანხმებები მისთვის სენსაციურ სამხედრო წარმატებებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომლებსაც შესაძლებელია დასავლელი მოკავშირეები დაეფრთხო და შეეშინებინა… ამას მან იალტის კონფერენციაზე მიაღწია».

გააფთრებული წინააღმდეგობა, რომელსაც ჰიტლერული ჯარები წითელ არმიას უწევდნენ, ცხადყოფს, რამდენად ძლიერი იყო გერმანელების იდეოლოგიური დამუშავება, როგორ სჯეროდათ მათ თავიანთი ფიურერის. ის თვითონაც არ აპირებდა კაპიტულაციას, ბოლო დღეებამდე იმედოვნებდა, რომ ინგლისელები და ამერიკელები მიხვდებოდნენ, რამდენად სახიფათოა მათთვის კომუნიზმის გავრცელება და რამდენად მომგებიანია ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ასევე კაპიტალისტური ქვეყანაა. ამ ოცნებებს მინდობილი ჰიტლერი ძალიან შორდებოდა რეალურ სიტუაციას. აშშშიც და ინგლისშიც უაღრესად გავლენიანი ებრაული კლანები არაფრით აპატიებდნენ მას თავისი ხალხის გენოციდს. ამას გარდა, ამ ორი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი სავსებით აშკარად მოკავშირე სსრ კავშირის სასარგებლოდ და ფაშიზმის საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი.

თუმცა, ხაფნერის აზრით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეჯახების შესაძლებლობა არცთუ უსაფუძვლო პერსპექტივა იყო: «1945 წლის გაზაფხულსა და ადრე ზაფხულზე, გამორიცხული არ იყო, რომ გამარჯვებულთა შორის ომს უცებვე ეფეთქა. ყოველ შემთხვევაში, კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ჩერჩილი, სანდო წყაროების ცნობით, მზად იყო და ისწრაფვოდა კიდეც ამისკენ». მაგრამ თუ იყო ასეთი მზაობა, მხოლოდ როგორც მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტი და მეტი არაფერი.

ჰიტლერს განსაკუთრებული იმედი ინგლისისა ჰქონდა. მას ამის თაობაზე წმინდა თეორიული მოსაზრებები გააჩნდა. შელენბერგი წერდა, რომ მისი რასისტული თეორია გერმანელების უპირატესობის შესახებ ეფუძნებოდა შერეული ერების მიუღებლობას. ამ საფუძველზე იბარტყა ინგლისთან ერთობის მისმა კონცეფციამ. ეს ერთობა უნდა დაპირისპირებოდა დასავლეთის უდიდეს მტერს, «კომუნისტურ არაადამიანებს». ამასთან, იგი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ 1924 წლიდან სტალინი, გიგანტური საიდუმლო პროგრამის შესაბამისად, განახორციელებს საბჭოთა კავშირის ხალხების სისტემატურ რასობრივ შერევას და მიისწრაფის მონგოლოიდური ელემენტების სიჭარბისკენ. დაზვერვის უამრავმა ცნობამ რუსეთში რეალურად არსებული ვითარების შესახებ ვერა და ვერ აიძულა, უარი ეთქვა ამ აკვიატებულ იდეაზე».

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რასიზმი, რომელიც ცდილობდა, მეცნიერულ მონაცემებს დაყრდნობოდა, ბევრ დასავლურ ქვეყანაში პოპულარული იყო. მაგალითად, ამერიკელმა ანთროპოლოგებმა: ნოტმა და გლიდონმა 1854 წელს გამოაქვეყნეს მონოგრაფია «კაცობრიობის ტიპები», რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის, რადგან ეს უკანასკნელნი ადამიანის მსგავს მაიმუნებთან არიან გაიგივებულნი; ფრანგმა არისტოკრატმა დე გობინომ გამოსცა წიგნი «ადამიანთა რასების შესახებ» (1853 წელი) და შეეცადა, დაემტკიცებინა, უმაღლესი რასობრივი ტიპის _ არიელების უპირატესობა. ამ საფუძველზე გამორიცხული არ იყო, შეთანხმებულიყვნენ დასავლეთის უდიდეს სახელმწიფოთა ხელმძღვანელები თავიანთი ნალოლიავები მისწრაფების _ მათი გაგებით, «აზიური» რუსეთის განადგურებაზე. თუმცა თვით სტალინი არანაკლებ (თუ მეტი არა) არიელი ტიპი იყო, ვიდრე ჰიტლერი, გერინგი, გებელსი და ბევრი სხვა ნაცისტი. ასე რომ, ჰიტლერულ რასისტულ ფანტაზიებს უფრო პოლიტიკური, ვიდრე ანთროპოლოგიური ხასიათი ჰქონდა.

ჰიტლერს შეიძლება სსრ კავშირის მოკავშირეებთან შეთანხმების იმედი ჰქონოდა იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ ჩერჩილს იმთავითვე ეზიზღებოდა ქვეყანა, რომლის ხელისუფლების სათავეში იდგნენ ხალხის, და არა მდიდრებისა და დიდებულების, წარმომადგენლები. ევროპაში კაპიტალის ქვეყნების გავლენის მკვეთრი შესუსტება უბიძგებდა მათ გერმანიასთან კავშირის დასამყარებლად არაჩვეულებრივად გაძლიერებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუზველტი 1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო ჩერჩილი გარკვეული დროით დასავლეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, მისი გარიგება ფაშისტების სამხედრო ხელმძღვანელებთან სავსებით შესაძლებელი შეიქნა. ნიშანდობლივია, რომ ინგლისელები და ამერიკელები ტყვედ ჩავარდნილ გერმანელებს იტოვებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი ოპერაციების საწარმოებლად.

მთავარი დაბრკოლება ამ გეგმების განხორციელების გზაზე იყო დამარცხების შიში იმ არმიისგან, რომელმაც გაანადგურა დასავლეთ ევროპის უძლიერესი სამხედრო მანქანა. საბჭოთა ჯარები შეუჩერებლად მიიწევდნენ დასავლეთისკენ და ერთადერთი, რასაც მათი შეჩერება შეეძლო, სტალინის ბრძანება იყო. და ეს ბრძანება გაიცა. საბჭოთა კავშირი არ ესწრაფვოდა ევროპის დაპყრობას. არსებობს ვერსია, რომ ზოგიერთ საბჭოთა მარშალს ეს ძალიან უნდოდა, მაგრამ სტალინი არ დაეთანხმა.

გამარჯვების ფასი

დიადი გამარჯვებები უმძიმესი ბრძოლებით მოიპოვება, მაგრამ არსებობს .. პიროსის გამარჯვებები, რომლებიც შესაძლებელია უმძიმესი კრიზისებისა და დამაცხებების წინამორბედი გახდეს.

ეს წლებია, რუსეთში ასეთ მსჯელობას გაიგონებ: უმჯობესი იქნებოდა, ომში დასავლეთის ქვეყნებს გაემარჯვათ, თუნდაც ფაშისტებთან ერთად, ვიდრე «სტალინიზმს», რომელიც ჩაგრავდა რუს ხალხს. და ამას ამბობდნენ რუსი ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც, უპრიანი იქნებოდა, რუსი ხალხისა და რუსული კულტურის მტრებად ჩაგვეთვალა.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირმა საოცრად მოკლე დროში მოიშუშა ჭრილობები და გაძლიერდა. აშშ-ში დამუშავებული ჰქონდათ საბჭოთა ქვეყანაზე თავდასხმის გეგმები ატომური იარაღის გამოყენებით, მაგრამ ვერ გაბედეს მათი განხორციელება.

ზოგიერთი მოღვაწე აცხადებდა, რომ შობადობის კლება ყოფილ საბჭოთა რუსეთში აიხსნება ომის პერიოდის ადამიანური  დანაკარგებით. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზული განცხადებაა, რადგან რუსების ამოწყვეტა დაიწყო ელცინის პერიოდში და გრძელდება დღესაც, ხოლო სამოცზე მეტი წლის წინანდელი დანკარგებით დღევანდელ სიტუაციაში აპელირება, უგნურებაა. დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მთავარი მაჩვენებელი არის სიკვდილიანობის ზრდა მოცემულ პერიოდში. ეს მაჩვენებელი კი განუხრელად იზრდებოდა ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით, დიდი მასშტაბით გავრცელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მაგრამ ამჯერად ჩვენ ვსაუბრობთ სტალინისა და ჰიტლერის ორთაბრძოლაზე, როცა სამშვიდობო დიპლომატია უსაშინელეს ომად შემოუბრუნდა მსოფლიოს. ვინ გაიმარჯვა ამ ომში? მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფეხმოკიდებული ტენდენციის მიხედვით, გაიმარჯვა გერმანიამ, რადგან გერმანელმა ხალხმა გაცილებით ნაკლებად იზარალა, ვიდრე საბჭოთა ხალხმა.

მაგალითად, მასობრივი ტირაჟით გამოცემულ «დიდ ენციკლოპედიაში» («კაცობრიობის ქრონიკა», 1996 წელი) ნათქვამია, რომ ომის წინ საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში 10 მილიონი პატიმარი იმყოფებოდა; ომში დაიღუპა 13,6 სამხედრო და 7 მილიონი სამოქალაქო პირი, გერმანიამ დაკარგა _ 4,75 მილიონი სამხედრო და 0,5 მილიონი სამოქალაქო პირი.

«დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში» (1998 წელი) სხვა ციფრები ფიგურირებს: «სხვადასხვა მონაცემით, ვერმახტის დანაკარგებმა შეადგინა 6 მილიონიდან 13,7 მილიონამდე ადამიანი, სსრ კავშირმა დაკარგა 27 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 11,3 მილიონი _ ფრონტზე, 4-5 მილიონი პარტიზანიფაშისტების ტყვეობაში აღმოჩნდა 6 მილიონამდე ადამიანი»… სოლჟენიცინმა კი გამოაქვეყნა რაღაც ფანტასტიკური მონაცემები _ ომში დაიღუპა 44 მილიონი ჩვენი მებრძოლი, მაგრამ შემდეგ 31 მილიონამდე შეამცირა.

ომის დროს, როცა გებელსის პროპაგანდა სტრატეგიულ რესურსად იქცა, სიცრუისა და სიყალბის ეს სიმაღლეები მიუწვდომელი იყო. გაზეთში «კლიჩ» («მოწოდება»), რომელსაც ტყვე წითელარმიელთა შორის ავრცელებდნენ, ამტკიცებდნენ, თითქოს 1942 წლის დასაწყისისთვის წითელმა არმიამ დაკარგა 20 მილიონი ჯარისკაცი, 5 მილიონი _ ტყვედ ჩაბარდა. დაახლოებით ასეთივე ციფრი (22 მილიონი) დაასახელა ანტისაბჭოთა პუბლიცისტმა ი. გელერამ. ხოლო მისმა მოძახილმა მ. კაპუსტინმა სამამულო ომს დიდი უწოდა დანაკარგების მასშტაბის გამო და ხაზი გაუსვა, რომ «მასობრივი რეპრესიებით დაიღუპა ერის საუკეთესო ნაწილი _ პარტიულ, სახელმწიფო, სამხედრო, საზოგადოებრივ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში მოღვაწე ინტელიგენცია».

ძნელი წარმოსადგენია: დაღუპეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ადამიანები,  შეგნებულად შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს «მრავალი მილიონი», შედეგად კი… მაინც და მაინც ამ ქვეყანამ გაიმარჯვა ისტორიაში უმაგალითო ომში!

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here