Home რუბრიკები ისტორია ანტისტალინური უნამუსობა

ანტისტალინური უნამუსობა

პაპულია _ სერგო ორჯონიკიძის ძმა

ხრუშჩოვი: «ბერია დაუნდობლად გაუსწორდა ამხანაგ ორჯონიკიძის ოჯახსაც. რატომ? იმიტომ, რომ ორჯონიკიძე ხელს უშლიდა ბერიას მზაკვრული ჩანაფიქრების განხორციელებაში. ბერია გზას იკაფავდა იმით, რომ თავიდან იცილებდა ადამიანებს, რომელთაც მისთვის ხელის შეშლა შეეძლოთ. ორჯონიკიძე ყოველთვის ბერიას წინააღმდეგი იყო, რასაც სტალინს ეუბნებოდა. იმის ნაცვლად, რომ გარკვეულიყო და განეხორციელებინა აუცილებელი ღონისძიებანი, სტალინმა უფლება მისცა, გაენადგურებინათ ორჯონიკიძის ძმა, ხოლო თვით ორჯონიკიძე ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ეს უკანასკნელი იძულებული იყო თავი მოეკლა».

ოლეგ ხლევნიუკის გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ ორჯონიკიძის თვითმკვლელობის ყველაზე სარწმუნო ვერსია მის ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული, რომელიც მას კარგა ხნის მანძილზე აწუხებდა.

ორჯონიკიძის თვითმკვლელობა არც სტალინთან იყო დაკავშირებული, არც პაპულიასთან, არც ბერიასთან. პირიქით: «ცნობილი ფაქტებით თუ განვსჯით, ორჯონიკიძე აქტიურად იცავდა ბერიას და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა 1930-იანი წლების შუამდე (Khlevniuk Yn Syalin’s shadow… გვ. 106).

თავისი 50 წლის საიუბილეო დღეს, ანუ 1936 წლის 24 ოქტომბერს, ან მიახლოებით ამ დღესთან სერგომ შეიტყო, რომ მისი ძმა პაპულია საქართველოში დააპატიმრეს. მისი მეორე ძმა _ ვალიკო ცდილობდა პაპულიას დაცვას საქართველოს კომპარტიის ცკ-ში, მაგრამ შედეგად თვითონ დაკარგა სამუშაო ადგილი. ამ დროს ბერია საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივანია და სერგოც სწორედ მას მიმართავს 1936 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დახმარებისთვის. ხლევნიუკის სიტყვებით, «ბერიამ საოცარი ზრუნვა გამოიჩინა», გაერკვა საქმეში, ვალიკო სამსახურში აღადგენინა და სერგოს ძალიან ზრდილობიანი ბარათი მისწერა.

სერგომ თავი მოიკლა 1937 წლის 17-დან 18 თებერვლის ღამეს. ხლევნიუკი, რომელიც სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით იყო გამორჩეული, ბევრს ეცადა, რომ ამ ტრაგედიაში სტალინის კვალისთვის მიეგნო, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა.

1937 წლის ნოემბერში პაპულია დახვრიტეს. ხლევნიუკი ამასთან დაკავშირებით არავითარ დამატებით ცნობებს არ იძლევა _ ეტყობა, რომ არ ფლობდა სხვა ინფორმაციას _ როგორ, რის საფუძველზე, რა ვითარებაში გამოუტანეს სასჯელის ეს უმაღლესი ზომა. იმის მტკიცება, რომ რაიმე კავშირი არსებობდა სერგოს თვითმკვლელობასა და პაპულიას დახვრეტას შორის, ძალიან საეჭვო და პრობლემურია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ორჯონიკიძის თვითმკვლელობა მხოლოდ მის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული.

ლავრენტი ბერიას შვილის _ სერგო ბერიას მტკიცებით, სერგო ორჯონიკიძესა და მის ძმას _ პაპულიას შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. პაპულია მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ, ამიტომ თბილისში ჩამოსვლის დროს სერგო ძმას კი არ სტუმრობდა, არამედ ყოველთვის ცდილობდა, ბერიას სახლში გაჩერებულიყო.

ხრუშჩოვის დროს და შემდეგ _ გორბაჩოვის წლებში ბევრს ლაპარაკობდნენ ორჯონიკიძის «ლიბერალიზმზე», იმაზე, რომ იგი თურმე წინააღმდეგი იყო მოსკოვის საჩვენებელი პროცესების გამართვის და . ., მაგრამ არსად არ არსებობს ამის დამადასტურებელი მასალები. პირიქით, როგორც ჯონ არჩი გეტი აღნიშნავს, «ორჯონიკიძე, როგორც ჩანს, პროტესტს არ გამოთქვამდა ტერორის წინააღმდეგ, მათ შორის, ზინოვიევის, კამენევისა და ბუხარინის წინააღმდეგ მიმართული ტერორის გამო: სტალინმა სწორედ მას მიმართა თხოვნით, მოემზადებინა მოხსენება მრეწველობაში მავნებლობის შესახებ, რომელიც ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის თებერვლის პლენუმისთვის უნდა წარედგინათ… მოხსენების პროექტი, რომელიც ორჯონიკიძემ 1937 წლის თებერვლის პლენუმისთვის მოამზადა როგორც მთავარმა მომხსენებელმა მრეწველობაში მავნებლობის შესახებ, სტალინმა მოიწონა, რადგან შეეფარდებოდა დროის მტკიცე ხაზს…»

დასკვნა ერთადერთი შეიძლება იყოს: ორჯონიკიძეს თავი ბერიას მოწინააღმდეგედ არ მიაჩნდა.

თავი 9. იდეოლოგია და კულტურა

«.. სტალინი. მოკლე ბიოგრაფია»

ხრუშჩოვი: «ამხანაგებო! პიროვნების კულტმა ასეთი შემზარავი მოცულობა შეიძინა უმთავრესად იმიტომ, რომ სტალინი თვითონ ახალისებდა და მხარს უჭერდა თავისი პერსონის განდიდებას. ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი ფაქტი. თვითგანდიდებისა და ელემენტარული თავმდაბლობის არქონის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი გამოვლენა სტალინის «მოკლე ბიოგრაფიის» გამოცემაა, რომელმაც მზის სინათლე 1948 წელს იხილა.

ეს წიგნი არის ყველაზე უფრო თავშეუკავებელი პირფერობის გამჟღავნების, პიროვნების გაღმერთების, «უცოდველ ბრძენად», ყველაზე «დიად ბელადად» და «ყველა დროის სწორუპოვარ მხედართმთავრად» წარმოჩენის მაგალითი. აღარ არსებობდა სხვა სიტყვები, კიდევ უფრო რომ განედიდებინათ სტალინის როლი.

არ არის იმის საჭიროება, რომ გავიმეოროთ გულის ამრევი, მლიქვნელური დახასიათებები, რომლებიც ერთიმეორეზეა დახვავებული ამ წიგნში. მხოლოდ ისაა ხაზგასასმელი, რომ ყველა ისინი მოწონებული და რედაქტირებულია პირადად სტალინის მიერ, ზოგიერთი მათგანი კი საკუთარი ხელითა აქვს წიგნის მაკეტში  მიერ ჩაწერილი.

რისი ჩაწერა ჩათვალა აუცილებლად სტალინმა ამ წიგნში? ეგებ იგი მიისწრაფვოდა, დაეოკებინა «მოკლე ბიოგრაფიის» შემდგენელთა პირფერული გზნება? არა. იგი აძლიერებდა სწორედ იმ ადგილებს, სადაც მისი დამსახურების განდიდება არასაკმარისად მიაჩნდა.

აი, სტალინის მოღვაწეობის ზოგიერთი დახასიათება, რაც სტალინის ხელითაა ჩაწერილი

(1) «კაპიტულანტებთან და ურწმუნოებთან, ტროცკისტებთან და ზინოვიელებთან, ბუხარინელებთან და კამენეველებთან ამ ბრძოლაში ლენინის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენი პარტიის ის ხელმძღვანელი ბირთვირომელმაც დაიცვა ლენინის დიადი დროშა, შეაკავშირა პარტია ლენინის ანდერძის გარშემო და გაიყვანა საბჭოთა ხალხი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის ფართო გზაზე. ამ ბირთვის ხელმძღვანელი და პარტიისა და სახელმწიფოს წარმმართველი ძალა იყო ამხ. სტალინი».

და ამას წერს თვით სტალინი! შემდეგ იგი უმატებს:

(2) «პარტიისა და ხალხის ბელადის ამოცანებს ოსტატურად რომ ასრულებდა, მთელი საბჭოთა ხალხს სრული მხარდაჭერა რომ ჰქონდა, სტალინს თავის მოღვაწეობაში თვითკმაყოფილების, ყოყლოჩინობის, საკუთარი თავით ტკბობის ნატამალის დაშვებაც კი წარმოუდგენლად მიიჩნევდა».

სად და როდის შეეძლო რომელიმე მოღვაწეს ასე განედიდებინა საკუთარი თავი! განა ეს შეეფერება მარქსისტულ-ლენინური ტიპის მოღვაწეს? არა. სწორედ ამის წინააღმდეგ ასე მტკიცედ გამოდიოდნენ მარქსი და ენგელსი. სწორედ ამას მკეთრად გმობდა ვლადიმერ ლენინი.

წიგნის მაკეტში იყო ასეთი წინადადება: «სტალინი ლენინია დღეს». ეს წინადადება მას აშკარად არასაკმარისად ეჩვენა და სტალინმა საკუთარი ხელით ასეთნაირად გადააკეთა».

(3) «სტალინი ლენინის საქმის ღირსეულად განმგრძობია, ანუ, როგორც ჩვენთან პარტიაში ამბობენ, სტალინი ლენინია დღეს».

აი, რა ძლიერადაა თქმული, მაგრამ არა ხალხის მიერ, არამედ თვით სტალინის მიერ.

შეიძლება  თვითგანდიდების მრავალი ასეთი მაგალითის დასახელება, რომლებიც წიგნის მაკეტში სტალინმა თავისი ხელით ჩაწერა. განსაკუთრებით არ იშურებდა თავის ქებას საკუთარი სამხედრო გენიის, თავისი მხედართმთავრული ნიჭის გამო.

თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთი ჩანართი მოვიტანო, რომელიც სტალინის სამხედრო გენიას ეხება:

(4) «ამხანაგმა სტალინმა, _ წერს იგი, _ შემდგომ განავითარა მოწინავე საბჭოთა სამხედრო მეცნიერება. ამხანაგმა სტალინმა შეიმუშავა მუდმივად მოქმედი ფაქტორების დებულება, რომლებიც წყვეტს ომის ბედს: აქტიური თავდაცვისა და კონტრშეტევის კანონების შესახებ, თანამედროვე პირობებში ტანკებისა და ავიაციის დიდი მასის როლის შესახებ, არტილერიის, როგორც ჯარის უძლიერესი სახეობის შესახებ. ომის სხვადასხვა ეტაპებზე სტალინური გენია პოულობდა სწორ გადაწყვეტილების ვითარების თავისებურების სრული გათვალისწინებით» (მოძრაობა დარბაზში).

შემდეგ თვითონ სტალინი წერს:

(5) «სტალინის საბრძოლო ხელოვნება გამჟღავნდა როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაშიც. გენიალური შორსმჭვრეტელობით ამოიცნობდა ამხანაგი სტალინი მტრის გეგმებს და იგერიებდა მათ. ბრძოლებში, რომლებშიც ამხანაგი სტალინი საბჭოთა ჯარებს ხელმძღვანელობდა, განსახიერებულია ომის წარმოების ოპერატიული ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითები».

ასე ადიდებდნენ მხედართმთავარ სტალინს. მაგრამ ვინ? თვითონ სტალინი, რომელიც ამჯერად სარდლის როლში კი არ გამოდიოდა, არამედ ავტორ-რედაქტორის, თავისი თავის საქებარი ბიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი შემდგენელის როლში წარმოგვიდგებოდა».

სტალინის მიერ «მოკლე ბიოგრაფიაში» შეტანილი ჩასწორებების შესახებ პირველად ცნობილი გახდა მასალებით, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალ «известия цк кпсс»-ის 1990 წლის #9-ში, აქედან კი მრავალმა გამოცემამ გადაბეჭდა. ეს პუბლიკაცია საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, თუ რამდენად შორსაა სიმართლისგან ხრუშვოჩის ბრალდებები სტალინის მიერ შეტანილ კორექტურებთან დაკავშირებით. ისეთი ანტისტალინისტიც კი, როგორიც ვ. ა. ბელიანოვია, დასახელებული პუბლიკაციის შესავალი წერილის ავტორი და რედაქტორი, აღიარებს, რომ სტალინის ბევრი ჩასწორება შეიძლება და უნდა განვიხილოთ, როგორც სტალინის თავმდაბლობის მაჩვენებელი, რადგან ისინი მიმართული იყო წიგნის შემდგენელთა მიერ მის მიმართ აღვლენილი ქებათაქების შეკვეცა-ამოღებისკენ.

ხრუშჩოვმა წინასწარგანზრახვით დაამახინჯა ტექსტის მის მიერ გამოყენებული ფრაგმენტების აზრი.

მან მაგალითად მოიხმო მხოლოდ პირველი ნაწილი წინადადების, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ (1)-ით. ასეთივე ხრიკებით, ამოგლეჯილი წინადადებებით, შეგნებულად დაამახინჯა დანარჩენი ციტატებიც. აი, ნაწყვეტი, რომელიც ხრუშვოჩმა გამოტოვა: «თავის ინტერვიუში, რომელიც მას გერმანელმა მწერალმა ლუდვიგმა ჩამოართვა, რომელშიც იგი ჩვენი ქვეყნის გარდაქმნის საქმეში გენიალური ლენინის უდიდეს როლს აღნიშნავს, სტალინი თავის შესახებ უბრალოდ აცხადებს: «რაც მე შემეხება, მე ლენინის მხოლოდ მოწაფე ვარ და ჩემი მიზანია, ვიყო მისი ღირსი».

ნაწყვეტში (1) _ იქ, სადაც მრავალწერტილია, ხრუშჩოვმა ამოაგდო სტალინის მიერ ჩაწერილი ბევრი პარტიული ხელმძღვანელის გვარი. აი, როგორია ფრაგმენტი მთლიანობაში:

«კაპიტულიანტებთან და ურწმუნოებთან, ტროცკისტებთან და ზინოვიელებთან, ბუხარინელებთან და კამენეველებთან ამ ბრძოლაში, ლენინის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენი პარტიის ის ხელმძღვანელი ბირთვი სტალინის, მოლოტოვის, ვოროშილოვის, კუიბიშევის, ფრუნზეს, ძერჟინსკის, კაგანოვიჩის, ორჯონიკიძის, კიროვის, იაროსლავსკის, მიქოიანის, ანდრეევის, შვერნიკის, ჟდანოვის, შკირიატოვის და სხვათა შემადგენლობით…»

რაც შეეხება მესამე ნაწყვეტს (3) აქ, პირველწყაროს დამოწმების გარეშეც ყველაფერი ნათელია: სტალინმა ასე იმიტომ ჩაასწორა ტექსტი, რომ ყველასთვის ნათელი ყოფილიყო: იგი მხოლოდ გამგრძელებელია ლენინის საქმის.

მეოთხე (4) და მეხუთე (5) ფრაგმენტების ავტორობას ხრუშჩოვი სტალინს მიაწერს. მაგრამ ამის მტკიცება უსაფუძვლოა. ორივე ნაწყვეტი გენერალ-მაიორ მ.რ. გალაკტიონოვის დაწერილია, რომელიც ომის პერიდინდელი ბიოგრაფიის ნაწილის ნამდვილი ავტორია. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია ლეონიდ მაქსიმენკოვმა და აღნიშნა: «ხრუშჩოვის მიერ წამოყენებული ბრალდების საწინააღმდეგოდ, სტალინი, ტექსტის რედაქტირების დროს სისტემატურად ანელებდა მის საზეიმო-ექსპრესიულ ხასიათს. მაგალითად, ბიუროკრატიულ-ფსევდოდემოკრატიული «ამხანაგი სტალინი» თავდაპირველად ჟღერდა, როგორც «გენერალისიმუსი სტალინი», «მოძღვრება» («მუდმივად მოქმედი ფაქტორების შესახებ») სტალინმა შეცვალა «დებულებით», ხოლო «სამხედრო-ოპერატიული ხელოვნების უკვდავი მაგალითები» «თვალსაჩინო გახდა».

ლეონიდ მაქსიმენკოვი «მოკლე ბიოგრაფიის» მეორე (ომისშემდგომი) გამოცემის ავტორებთან სტალინის საუბარზე დაყრდნობით, ძალიან დაწვრილებით განიხილავს მაშინ გამოთქმულ ყველა კრიტიკულ შენიშვნას. პირველწყაროდან ირკვევა, რომ სტალინის მიერ მიცემული განკარგულებებიდან უპირველესი ეხებოდა ლენინის ახალი, დეტალური ბიოგრაფიის მომზადებას. ამ ფაქტის შესახებ დუმილს ამჯობინებდნენ ხრუშვოჩის «დათბობის» პერიოდშიც და გორბაჩოვის «პერესტროიკის» დროსაც.

დამატებით უნდა ვთქვათ, რომ სტალინი მკაცრად აკრიტიკებდა «მოკლე ბიოგრაფიის» ავტორებს «ესერული მიდგომისთვის», რაც გამოიხატა მის უსაზღვრო ქებათა-ქებაში, და უსაყვედურებდა «კერპთაყვანისმცემლების აღზრდის» გამო. სტალინი ჯეროვნად აფასებდა ლენინის თეორიულ მემკვიდრეობას და კატეგორიულად უარყოფდა მისთვის მოძღვრებათა ავტორობის გამო შესხმულ ხოტბას.

მაქსიმენკოვი ასკვნის, რომ ხრუშჩოვმა უხეშად დაამახინჯა «მოკლე ბიოგრაფიაში» სტალინის მიერ შეტანილი შესწორებების ხასიათი და ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ არც ხრუშჩოვის «დათბობის» პერიოდის ავტორებმა, არც გორბაჩოვის «პერესტროიკის» მკვლევარებმა საჭიროდ არ ჩათვალეს კორექტირება ყალბი კონცეფციის, რომელიც «დახურულ მოხსენებაში» იყო ჩადებული.

სხვა ფრაგმენტებში, რომლებიც სტალინის დაჟინებით ჩასწორდა, ლაპარაკი იყო რევოლუციასა და საბჭოთა საზოგადოების ცხოვრებაში ქალების მნიშვნელოვან როლზე.

 

«საკ. კპ () ისტორია. მოკლე კურსი»

ხრუშჩოვი: «ცნობილია, რომ საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორიის შექმნაზე პარტიის ცენტრალური კომიტეტის კომისია მუშაობდა… და ეს ფაქტი სტალინის «მოკლე ბიოგრაფიის» მაკეტში შემდეგი ფორმულირებით იყო ასახული:

«საკ. კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კომისია ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელობით, მისი პირადი უაქტიურესი მონაწილეობით, ქმნის «საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) მოკლე კურსს».

მაგრამ ამ ფორმულირებას უკვე აღარ შეეძლო დაეკმაყოფილებინა სტალინი და «მოკლე ბიოგრაფიის» გამოცემაში ეს ადგილი ჩანაცვლებულია შემდეგი დებულებით:

«1938 წელს მზის სინათლე იხილა წიგნმა «საკ. კპ() ისტორია. მოკლე კურსი», რომელიც დაწერილი იყო ამხანაგ სტალინის მიერ და მოწონებული საკ. კპ() ცკ კომისიის მიერ».

მეტის თქმა აქ საჭიროა?

როგორც ხედავთ, კოლექტივის მიერ შექმნილი ნაშრომი გარდაიქმნა სტალინის მიერ დაწერილ წიგნად. საჭირო არ არის იმაზე ლაპარაკი, როგორ და რატომ მოხდა ასეთი გარდაქმნა.

განა შეიძლება მარქსისტ-ლენინელმა ასე დაწეროს საკუთარ თავზე, ცამდე განადიდოს თავისი პიროვნების კულტი?»

ვფიქრობ, რომ ხრუშჩოვის გარდა სხვას არავის უცდია, დაემტკიცებინა, რომ სტალინმა მიიწერა «მოკლე კურსის» შექმნის დამსახურება. მოლოტოვი, რომელიც იხსენებდა, რომ წიგნის ერთი თავი მაინც სტალინის მიერ უნდა იყოს დაწერილი, გადაჭრით აცხადებდა, რომ სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ მოკლე კურსი მისი შემოქმედების ნაყოფია.

სინამდვილეში «მოკლე კურსის» ავტორობაზე მითითება პირველად გაჩნდა სტალინის «მოკლე ბიოგრაფიის» სულ პირველ გამოცემაში (1940 წელი). ამ წიგნთან სტალინს არავითანი, დოკუმენტურად დადასტურებული საავტორო ან სარედაქტორო ურთიერთობა არ ჰქონია.

მაქსიმენკოვი განმარტავს: «სტალინი, რომელიც დაკავებული იყო საბჭოთა კავშირ-ფინეთის «ზამთრის» ომის ხელმძღვანელობით, გაერიდა წიგნის რედაქტირობას… 1939 წლის 14 დეკემბერს, ერთი კვირით ადრე სტალინის 60 წლის იუბილემდე, ბელადის სახელზე გაიგზავნა მაკეტი ბიოგრაფია-1 (ანუ «მოკლე ბიოგრაფიის» პირველი გამოცემის მაკეტი) მიტინისა და პოსპელოვის თანდართული ბარათით: «ძვირფასო ამხანაგო სტალინ, გიგზავნით თქვენი «მოკლე ბიოგრაფიის» პროექტს, რომელიც მოამზადა იმელმა (მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტი) პროპაგანდისა და აგიტაციის სამმართველოსთან ერთად». სტალინმა ხაზი გაუსვა ამ ბარათის მთელ ტექსტს და გვერდს გარდიგარდმო ფანქრით მიაწერა: «გადახედვის» დრო არ მაქვს. დაუბრუნდეს იმელს. ი. სტალინი».

წინადადება სტალინის როლის შესახებ «მოკლე კურსის» შექმნაში არ იყო მის მიერ და მის შესახებ ჩაწერილი, იგი ეკუთვნის წიგნზე მომუშავე მრავალრიცხოვან ავტორთა და რედაქტორთაგან ერთ-ერთს. ხრუშჩოვმა აქაც მოიტყუა.

ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, როგორია სტალინის ჭეშმარიტი როლი ამ წიგნის შექმნაში?

ერთ-ერთ თავის ნარკვევში როი მედვედევი, რომელიც სტალინის მიმართ სიმპათიით არ გამოირჩევა, მას მოიხსენიებს «მოკლე კურსის» მთავარ ავტორად. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ხრუშჩოვის მიერ სტალინის დადანაშაულება ლამის პლაგიატობაში სრულიად უსაფუძვლოა, და ნათქვამის დასასაბუთებლად იმოწმებს ჟურნალში «вапросы истории» გამოქვეყნებულ მანქანაზე დაბეჭდილ ტექსტებს სტალინისეული ჩასწორებებით და იქ გამოქვეყნებულ რიგ სხვა მასალებს (იხ. აღნიშნული ჟურნალის 2002 წლის #11-12 და 2003 წლის #3-4).

ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ სტალინს არ ჰქონდა უფლება, თავისი თავი «მოკლე კურსის» ავტორად მოეხსენიებინა. სინამდვილეში სტალინს ჰქონდა სრული საფუძველი, მიეჩნია თავისი თავი «მოკლე კურსის» ერთ-ერთ ძირითად ავტორად, მაგრამ არსად და არავის წინაშე არ უტრაბახია ამით, არც განუცხადებია.

ამ შემთხვევაში ხრუშჩოვმა თავის თავსაც აჯობა: მან არა მხოლოდ იცრუა, არამედ ტყუილის ღვარცოფი დაანთხია ყრილობის უბედურ დელეგატებს, რომლებიც მის «დახურულ მოხსენებას» უსმენდნენ.

 სტალინის ხელმოწერის შესახებ 1951 წლის

2 ივლისის დადგენილებაზე

ხრუშჩოვი: «ხომ ფაქტია, რომ სტალინმა ხელი მოაწერა სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 2 ივლისის დადგენილებას, რომელშიც გათვალისწინებული იყო ვოლგა-დონის არხზე სტალინის მონუმენტური სკულპტურის დადგმა, ხოლო იმავე წლის 4 სექტემბერს გამოსცა განკარგულება ამ მონუმენტის დასამზადებლად 33 ტონა სპილენძის გამოყოფის შესახებ».

არა, ეს არ არის ფაქტი, რადგან ის, რასაც ხრუშჩოვი ყვება, მხოლოდ მისი სიტყვებიდანაა ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებული წყაროები არასოდეს არ გამოქვეყნებულა და არც არავის განუცხადებია, რომ გასცნობია ამ დოკუმენტებს. ამასთან, თვითონ ხრუშჩოვიც არ ამბობს, რომ სწორედ სტალინმა წამოაყენა წინადადება, ან განსახილველად შეიტანა შესაბამისი დადგენილების პროექტი. მაშასადამე, უნდა მივიჩნიოთ, რომ მას ეს არასოდეს გაუკეთებია.

როგორც სტალინის კრემლის კაბინეტში მომსვლელთა ჟურნალის ჩანაწერებიდან ჩანს, 1951 წლის 2 ივლისს მან მართლაც იმუშავა 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში. ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმი შეიკრიბა 26 ივნისს, ხოლო სსრკ მინისტრთა საბჭოს ბიურო, რომელშიც შედიოდნენ ბერია, ბულგანინი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, მოლოტოვი და თვით ხრუშჩოვი, სტალინის მონაწილეობით გაიმართა 21:30 საათიდან 23:15 საათამდე. ამრიგად, შესაძლებელია, მან კიდეც მოაწერა ხელი მინისტრთა საბჭოს დადგენილებას, თუ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მართლაც განიხილეს იმ დღეს.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს: თავისთავად სტალინის ხელმოწერის ფაქტი იმ წლებში ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან 1951 წლის 16 თებერვალს პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტალინის არყოფნის შემთხვევაში მინისტრთა საბჭოს სხდომები გაიმართებოდა თავმჯდომარის სამი მოადგილის მალენკოვის, ბერიასა და ბულგანინის ხელმძღვანელობით, მორიგეობით, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერის ნაცვლად გამოიყენებდნენ ბეჭედს მისი ფაქსიმილეთი. საკ. კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების დედანი და შტემპელები ფაქსიმილეთი ექსპონირებული იყო მოსკოვში 2003 წელს გამოფენაზე «1953 წელი. წარსულსა და მომავალს შორის».

მაშასადამე, სტალინი თვითონ არ აწერდა ხელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მაგრამ ისინი მაინც გამოიცემოდა თავმჯდომარის დაუსწრებლობის დროსაც მისი ფაქსიმილეთი დამოწმებული. ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა და გავრცელდა 1951 წლის თებერვლიდან, ამიტომ, ლოგიკური იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ იმავე წლის ივლისში ძალადაკარგული არ იყო. ასეა თუ ისე, დედნების არქონის პირობებში არ შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ სტალინმა პირადად მოაწერა ხელი ამ დოკუმენტებს.

რაც შეეხება 1951 წლის 4 სექტემბრის განკარგულებას, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი პირადად სტალინმა მოამზადა. 1951 წლის 10 აგვისტოდან 1952 წლის 11 თებერვლის ჩათვლით იგი არ შესულა კრემლის თავის სამუშაო ოთახში, ალბათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა მხოლოდ 12 თებერვალს.

მაგრამ მთავარი, რაც ხრუშჩოვისთვის კარგად იყო ცნობილი, შემდეგია: იმ დროისთვის სტალინი პოლიტიკურ აქტივობას დრო და დრო, შემთხვევიდან შემთხვევამდე იჩენდა. 1953 წლის ივნისში პოლიტბიუროს ბევრი წევრი, ხრუშჩოვის ჩათვლით, აცხადებდა, რომ ბოლო წლებში სტალინს არ შეეძლო მთელი დატვირთვით ემუშავა. სწორედ ეს განაცხადა თვითონ სტალინმა სკკპ ცკ 1952 წლის ოქტომბრის პლენუმის სხდომაზე: «მე უკვე დავბერდი, ქაღალდებს არ ვკითხულობ».

როგორც სტალინის კრემლის კაბინეტში მიმსვლელთა რეგისტრაციის ჟურნალიდან ირკვევა, სამუშაოთი მისი დატვირთვის შემცირება დაიწყო 1950 წლის თებერვლიდან. წყაროს მონაცემებით, 1950 წელს სტალინმა იმუშავა 73 დღის განმავლობაში, და მხოლოდ 48 დღე _ 1951 წელს, 1952 წელს _ უფრო ნაკლები, 45 დღე.

საეჭვოა, რომ 1951 წლის 4 სექტემბრის განკარგულებას სტალინმა მოაწერა ხელი. რაც შეეხება 1951 წლის 2 ივლისის დადგენილების ხელმოწერას, ამის თაობაზე ჩვენთვის არაფერია ცნობილი. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტალინმა დოკუმენტს ნამდვილად მოაწერა ხელი, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, რადგან თვითონ ხრუშჩოვმაც ვერ გაბედა, ეთქვა, რომ ძეგლის აგების ინიციატივა  სტალინს ეკუთვნოდა.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here