Home რუბრიკები საზოგადოება ორ პოლუსს შორის გაჭედილი ქართული პოლიტიკა

ორ პოლუსს შორის გაჭედილი ქართული პოლიტიკა

2176

«საქვეყნო» საქმეებით სახელგანთქმულმა ჩვენმა პრეზიდენტმა დიდი დავითის ეპოქას უკუსვლით გადაურბინა და «მოღრუბლულ ცაზე» ძველი  ლაზიკის აღდგენის იდეა «შემოაგდო». საქართველოს «ბედზე მოფუსფუსე» სახელმწიფო «მოღვაწეს» ხმა დაუგდეს _ ეგ ისტორიული ჩაღრმავება სათავეს ოკეანის გაღმიდან იღებსო. მე კი ამ მითქმამოთქმამ VI საუკუნე გამახსენა.

შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ლაზიკა იმ დროისათვის კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა. ეგრისის სამეფო ბიზანტიასა და ირანს შორის გამუდმებული ომების ასპარეზად იყო ქცეული. მას შემდეგ, რაც ირანმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (იბერია, ალბანეთი, სომხეთის ნაწილი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

528 წელს ირანის ჯარმა დასავლეთ საქართველოში დაიკავა ციხე-ქალაქები: შორაპანი და სკანდე. ეგრისის მეფეს ბიზანტიის დამხმარე ჯარი მოუვიდა, ირანელები დამარცხდნენ და 532 წელს  «საუკუნო ზავი» დაიდო. ამ ზავით უნდა აღდგენილიყო ომამდელი ვითარება, ანუ ეგრისი ისევ ბიზანტიის გავლენის სფეროში რჩებოდა. 541 წელს ეგრისის მეფემ გუბაზ II-მ კავშირი შეკრა ირანის მეფე ხოსრო I-თან და ბიზანტიას აუჯანყდა. მოულოდნელად 548 წელს ირანელთა ბოროტი ზრახვები გამომჟღავნდა _ მტერს დაგეგმილი ჰქონდა გუბაზის მოკვლა, ქრისტიანი ლაზების ზოროასტრიზმზე მოქცევა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება. გუბაზი იძულებული შეიქნა, განდგომოდა ახალ ბატონს და ბიზანტიის მხარეზე გადასულიყო. ამ მიზნით გუბაზ II-მ დახმარება ისევ იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, ასევე ალიანსში ალანები და საბირები შემოიყვანა.  

გუბაზ მეფე სასჯელს მაინც ვერ გაექცა, მასზე განაწყენებულმა ბიზანტიელმა სარდლებმა მოკლეს. რა თქმა უნდა, ამან დიდი მღელვარება გამოიწვია და საზოგადოებაც ორ ნაწილად გაიყო. არსებობს ხატოვანი გამონათქვამი «ჭკვიანი ის კი არ არის, ვისაც სიკეთის ბოროტებისგან განსხვავება შეუძლია, არამედ ის, ვისაც ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტების არჩევა შეუძლიაო». სწორედ ამგვარი პრობლემის წინაშე იდგა მაშინდელი ქართველობა. სხვათა შორის, ისტორიამ შემოგვინახა  ურთიერთდაპირისპირებული ორი ქართველი დიდებულის სიტყვები, რომლებიც არა მარტო მჭევრმეტყველების ნიმუშია, არამედ, პოლიტიკური თვალსაზრისით, დღევანდელობისთვისაც მეტად საყურადღებო.

პროსპარსული ორიენტაციის აიეტი ლაზებს არწმუნებოდა, რომ გუბაზის მკვლელობა მხოლოდ დასაწყისი იყო და ბიზანტიელებს მათი მოსპობა ჰქონდათ განზრახული, სპარსელები კი გაცილებით სანდონი იყვნენ. აიეტი ასე მიმართავდა თანამოძმეებს: «გაქრა კოლხების ძველი ღირსება, დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ. თუ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, რომაელები აღარ დაგვეხსნებიან და ჩვენი უმოქმედობის წყალობით კიდევ უფრო გაგვაბახებენ. რომაელები უფრო თავხედურად ექცევიან მათ ვინც ემორჩილება და ზევიდან უყურებენ იმათ, ვინც ემსახურებათ. ძალიან მინდა, კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, რომ როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს, მაგრამ, როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის უკუღმართობის წყალობით, ან ორივე მიზეზით ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითნი გავხდით, სჯობს, ისევ კეთილისმსურველის მორჩილი ვიყოთ, იმის, ვინც  იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან». აიეტის ამ სიტყვამ ისე ააღელვა ხალხი, რომ ერთხმად იყვირეს, სპარსელებს მივემხროთო.

საპასუხო სიტყვა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს _ ფარტაძეს ეკუთვნის. ფარტაძეს დიდი გავლენა და პატივისცემა ჰქონდა კოლხეთში და, საბედნიეროდ, რაციონალური პოლიტიკური ხედვაც გააჩნდა. იგი თანამემამულეებს ურჩევდა, საქვეყნო საქმისთვის დაევიწყათ წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აერჩიათ. იგი თანამემამულეებს არწმუნებდა: «გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგების საქმეა და აქ კეისარი არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი არ უნდა ავყვეთ, მონებივით კი არ უნდა განვიქცეთ, არამედ უნდა განვიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი უღირსი, მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა, და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე».

საბოლოოდ ფარტაძის ავტორიტეტმა და გონიერებამ გაიმარჯვა. შეატყობინეს იუსტინიანე კეისარს მომხდარი ამბავი და მკვლელების დასჯა მოითხოვეს. იუსტინიანემ კარგად იცოდა ლაზების ფასი და სასწრაფოდ შეასრულა მათი ყველა სურვილი. მკვლელები სიკვდილით დაისაჯნენ, ხოლო მეფედ კონსტანტინეპოლში მყოფი გუბაზის ძმა წათე აკურთხა და  დიდი ზეიმით სამშობლოში ჩამოიყვანა. 697 წელს ამჯერად ეგრისის მმართველმა პატრიკიოსმა სერგიმ სცადა ბიზანტიისგან განთავისუფლება არაბების დახმარებით, მაგრამ ამან კიდევ უფრო დიდი უბედურება მოიტანა. ეგრისში  არაბთა სარდალი მურვან ყრუ შეიჭრა, ააოხრა ქვეყანა, დაანგრია დედაქალაქი ციხეგოჯი და სხვა ქალაქები. ამან კიდევ უფრო დააუძლურა დასუსტებული ქვეყანა. VIII საუკუნის ბოლოს ეგრისის უკანასკნელი მთავრების: იოანესა და ჯუანშერის ხელისუფლება მთლიანად შეირყა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ინიციატივა აფხაზთა სამთავროს ხელში გადავიდა.

როგორც ვხედავთ, ისტორიული გამოცდილება ღაღადებს _ ახალი მოკავშირის მაძიებელმა ქართველობამ სავალალო შეცდომა დაუშვა. გაცუცურაკებული მამულიშვილები იძულებულნი გახდნენ, ისევ უკან მობრუნებულიყვნენ, მაგრამ როგორია, როცა სახელგატეხილი და შერცხვენილი ძველ პარტნიორს უბრუნდები?

 გამუდმებით იმპერიების ინტერესებში მოქცეული საქართველოს ისტორიას წითელ ხაზად გასდევს მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ისტორია მეორდება და დღესაც   გზის გასაყარზე ვდგავართ. უახლოესი წარსული და დღევანდელობა ამის თვალსაჩინო მაგალითია. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, დღის წესრიგში მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების აუცილებლობა დადგა. საქართველო ამ თვალსაზრისით კვლავ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ რეგიონად დარჩა. ყოფილ საბჭოურ სივრცეში წარმოშობილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა და მცირე ერისთვის დამახასიათებელმა თვითგადარჩენის მომეტებულმა ინსტინქტმა ქართული პოლიტიკა მკვეთრად გადახარა დასავლეთისკენ. ამ კატაკლიზმების პირველ ტალღას მოყოლილ ქართველ პოლიტიკოსთა უმეტესობა დისიდენტური იყო, რომლებიც მკვეთრი რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ. ეროვნულ მოძრაობიდან გამოსულ პოლიტიკოსებს სახელმწიფოს მართვის არავითარი გამოცდილება არ გააჩნდათ და მწირი წარმოდგენა ჰქონდათ შორსმიმავალ გლობალურ პროცესებზე.

ეროვნულ მოძრაობას სამი გამორჩეული ლიდერი ჰყავდა _ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია. ტრაგიკული ბედის ამ სამ ლიდერთაგან საქართველოს პრეზიდენტობა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ერგო. დასავლეთისგან წახალისებული გამსახურდია (დისიდენტობის წლებში ზვიად გამსახურდია ამერიკის კონგრესის მიერ ნობელის პრემიაზეც კი იყო წარდგენილი) სიკვდილამდე ცოტახნით ადრე, 1992 წელს მიცემულ ინტერვიუში დაუფარავად აცხადებს: ჩვენ არ დავუშვებდით იმას, რომ საქართველო დასავლეთის კოლონია გამხდარიყო. ამიტომაც სამხედრო გადატრიალება ოკეანის გაღმიდან მამაბუშის დასტურითა და სახელმწიფო მდივან ბეიკერის უშუალო მონაწილეობით განხორციელდაო.

შესაძლოა, ბატონ ზვიადის ეს გამონათქვამი ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, რომ არა შემდგომ განვითარებული მოვლენები. კანონიერი ხელისუფლების განდევნის შემდეგ საქართველოში ძველი თაობის ცნობილი პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ამბოხებულ თბილისში თვით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბეიკერი ჩამოაკითხავს. ყველაფერი ნათელია, თუმცა შეუსაბამობაც სახეზეა _ საბჭოეთის კავშირის კარზე აღზევებული შევარდნაძე მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მისი სახელიც რუსულ ინტერესებთან გაიგივდა. უფრო სწორად, ასე ერთი შეხედვით ჩანდა, სინამდვილეში საქმე უზუსტეს ლოგიკას ექვემდებარებოდა. დასავლეთის მიერ «გადირკული პერესტროიკის» ნავი ძალიან მალე ამოტრიალდა და ნობელის პრემიის ლაურიატი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტი  გორბაჩოვიც «ფსკერზე» დაიტანა.

შევარდნაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც «პერესტროიკელთა გუნდიდან» პირველმა მოისროლა «ნიჩაბი» და საქართველოსკენ გამოსწია. ახალი წესრიგის რეჟისორები ბატონ ედუარდს შესაბამისი როლისთვის ამზადებდნენ. მინდა დავიჯერო, რომ ერთ დროს საბჭოეთის მეხოტბე მაღალი რანგის პარტიულ ფუნქციონერს ნამდვილად სურდა, საქართველოს ისტორიაში გამორჩეული როლი ეთამაშა. გიორგიდ მონათლულმა საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ახალი როლი შეიფერა.  დასუსტებული რუსეთიდან პირი იბრუნა და მკვეთრად გადაქანდა დასავლეთისკენ. მისი გათვლა ასეთი უნდა ყოფილიყო: საქართველო სრულ დამოუკიდებლობას მიაღწევდა და ევროპულ სივრცეშიც საპატიო ადგილს დაისაკუთრებდა. ამ გულუბრყვილო ოცნებას აღსრულება არ ეწერა.

ხანდაზმული შევარდნაძე გვიან მიხვდა, რომ ისიც «გააცურეს». გაცუცურაკებულმა სახელმწიფოს მეთაურმა ამჯერად საპირისპირო სვლა  გააკეთა და ისევ რუსეთისკენ იბრუნა პირი, კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხი უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე აშკარად პრორუსული ორიენტაციის ასლან აბაშიძეს მიანდო. რა თქმა უნდა, დიდი რეჟისორები გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან. საქართველოს «საკეთილდღეოდ» დახარჯული ფინანსების  წყალობით, რევოლუციურ ვარდებს უკვე ყლორტი წამოეღო.

2003 წელს პირველი რევოლუციური ექსპერიმენტი საქართველოში წარმატებით განხორციელდა. ამჯერად ხელისუფლებას დასავლეთიდან ფრთაშესხმულ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლონირებული ჯგუფი დაეპატრონა. ძლიერი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით წელში გამართულმა «ვარდების რევოლუციის» პირმშოებმა აშკარად იწყეს რევოლუციამდელი ცნობიერების ხელაღებით უარყოფა. მათი იდეოლოგიის სამიზნე გახდა წარსული და ის თაობები, ვის კისერზეც უნდა მდგარიყო სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი საფუძვლები. გეგმაზომიერად მიმდინარეობდა ადამიანთა მეხსიერებიდან იმ პოზიტიური მომენტების ამოშლა, რომლებიც დაკავშირებული იყო საბჭოეთთან და რუსეთთან. წარსულისკენ ყურება და რუსული ორიენტაცია სამშობლოს ღალატად გამოცხადდა.

20-წლიანმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საგრძნობი კორექტივები შეიტანა ადამიანთა ცნობიერებაში, ძალიან ბევრი დარწმუნდა, რომ ჩრდილოელი მეზობელი გაცილებით მისაღებია ეკონომიკური, რელიგიური და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ვიდრე მისთვის უცხო და უცნობი დასავლეთი. ძველმა და ახალი თაობის პოლტიკოსებმა კვლავ დაიწყეს ყურება იმ გზისკენ, რომელიც ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ გაჭრეს მრავალჭირვარამგამოვლილმა წინაპრებმა. ამგვარად, ქართული პოლიტიკა ორ პოლუსს შორის გაიჭედა. სახელისუფლო მხარე გააფთრებით აწებებს მოღალატის კლიშეებს არა მხოლოდ რუსეთისკენ მაცქერალ პოლიტიკურ ძალას, არამედ ყველას, ვინც მათ თვალთახედვას არ იზიარებს. «ნაციონალების» უკიდურესი პროდასავლურობა და მათ მიერ რუსეთის მტრის ხატის შექმნა მართლაც საგანგაშო და დამაფიქრებელია. თუ ჩვენ სახელმწიფოებს, იდეალისტების მიერ შეკერილ ლამაზ ფარდებს ჩამოვხსნით, დავინახავთ, რომ არსებობისთვის ბრძოლა სიცოცხლის უმთავრესი კანონია. ამ კანონის მიხედვით ძლიერი იმარჯვებს, დიდი მცირეს იმორჩილებს, ზოგჯერაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფარული ან ღია შეთანხმების შედეგად  ნადავლსა და გავლენის სფეროებსაც ინაწილებენ.

  2003 წლის ივლისში აფხაზეთის მეომართა კავშირმა იმელის შენობასთან შიმშილობის აქცია გამართა, მოშიმშილეები ყველა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი მეომარი იყო. ამ 9 კაციდან ერთადერთი თბილისელი მე გახლდით. ეს აქცია იმ დროს «სიენენმაც» კი გააშუქა. მოშიმშილეთა მთავარ მოთხოვნას გაეროს რეზოლუციის მე-7 მუხლის ამოქმედება წარმოადგენდა, რომლითაც სეპარატისტულ ხელისუფლებას აიძულებდნენ, დევნილები მშობლიური კერისთვის დაებრუნებინა. ერთხელაც აქციაზე მოსულმა ჟურნალისტმა კითხვა დამისვა:

_ დასავლეთს მიაჩნია, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გასაღები რუსეთის ხელშია, თქვენ რა აზრის ხართ ამის თაობაზე?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი რუსეთს გაურიგდა და საქართველო გადაინაწილეს, _ ვუპასუხე გაღიზიანებულმა.

საუბედუროდ, ეს მოსაზრება საფუძველსმოკლებული არ არის. ნუგეშს  არც აღმოსავლეთევროპული გამოცდილება იძლევა, სადაც არა ერთი სახელმწიფო დაიშალა და დაქუცმაცდა. ამ ფონზე ჩვენთვის განსაკუთრებით საგანგაშო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებია. სამწუხაროდ, გაუაზრებელი ნაბიჯებით თავად ჩავიყენეთ გამოუვალ მდგომარეობაში თავი. ჩვენმა ძმებმა სომხებმა, რომელთა ლანძღვაშიც დღეს ზოგიერთს ბადალი არ ჰყავს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსების თანადგომით ტერიტორია გაიფართოეს (თუმცა მათ ოკეანის გაღმით და ევროპაშიც ძალიან დიდი ლობი გააჩნიათ). ჩვენ კი იმ შემთხვევაშიც, თუ უკან მობრუნება დავაპირეთ, იმის შიში უნდა გვქონდეს, გამოწვდილ ხელს როგორ ჩამოგვართმევს ძველი პარტნიორი, აღდგება თუ არა ჩვენივე ძალისხმევით ჩანგრეული ხიდი, დაგვიბრუნებენ წართმეულს?

რეალობას ვერ გავექცევით, ქართული სახელმწიფოს მომავალი ამჯერადაც მჭიდროდ არის გადანასკვული საგარეო ორიენტირზე. სახეზეა რადიკალურად პროდასავლური სახელისუფლო ცენტრი. შექმნილ სიტუაციაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა მეორე საპირისპირო საყრდენის  შექმნა, რომელიც ჩრდილოელ  მეზობელთან დაჩქარებულ და მჭიდრო კანტაქტების აღდგენის რეალისტურ პროგრამას შესთავაზებს საზოგადოებას. ამგვარ პოლიტიკურ განლაგებაში უმთავრესი _ მესამე ცენტრის  ფუნქცია ბატონ ბიძინა ივანიშვილის «ქართულმა ოცნებამ»  უნდა იტვირთოს, სწორედ მათ უნდა შეძლონ ორ პოლუსს შორის გაჭედილი  პოლიტიკური ცნობიერება იმპერიათა ციცაბო  ბილიკებზე ისე ატარონ, რომ  ქართული სახელმწიფოებრიობა უვნებელი გადარჩეს.

გააზრებული მოქმედებით, ჩვენ შეგვწევს უნარი, ჩავშალოთ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ  ნებისმიერ ძალებს შორის დადებული ღია თუ ფარული გარიგება. ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრობა კი მხოლოდ გონიერებით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებითა და მოთმინებით  მიიღწევა.

შეგახსენებთ, ქართველმა ერმა აირჩია ერთ დროს ამერიკის კონგრესის მიერ ნობელის პრემიაზე წარდგენილი გამსახურდია, რასაც ეთნოკონფლიქტები და სამოქალაქო ომი მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა აირჩია გავლენიანი დასავლელი «მეგობრებით» გარემოცული შევარდნაძე; შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ქაოსი და გაუბედურებული ყოფა «დავიმსახურეთ». შემდეგ ხალხის უდიდესმა ნაწილმა 96,27%-ით ზარ-ზეიმით აირჩია ამერიკის კონგრესის მიერ ნობელის პრემიის მეორე ქართველი ნომინანტი სააკაშვილი. ახალგაზრდა პრეზიდენტმა კი პატიმრებით გადაჭედილი ციხეები, სისხლის ნიაღვარი  და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა შეგვაჩეჩა ხელთ.

ბუნებრივია, იბადება კითხვები: ვინ არიან ისინი ან რა არის ამ სავალალო მდგომარეობის მიზეზი _ დიდი «მეგობრები», ნაცარქექიას სინდრომით შეპყრობილი პოლიტიკოსები თუ საზოგადოების დაბალი პოლიტიკური ცნობიერება? ფაქტია: «უბედურები ყოველთვის ტყუიან, ტყუიან იმიტომ, რომ უბედურები არიან და ეს უბედურება სალაპარაკოდ გაუხდიათ, ტყუიან იმიტომ, რომ უბედურები არიან და სხვისი შემწეობა სჭირიათ, ტყუიან იმიტომ, რომ უბედურები არიან და სხვას ვერაფრით ეხმარებიან».

რა არჩევანს გავაკეთებთ ხვალ? შეცდომის დაშვების ლიმიტი  ამოწურულია!

დადგა დრო, უარი ვთქვათ სახელისუფლო პარტიებიდან პოლიტიკური კლონების გამოყვანის ანომალიურ პრაქტიკაზე. აუცილებელია, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი მოდელი, რომელშიც, ღმერთმა დაგვიფაროს და, იმ ერთ რჩეულს «აგური» რომ მოხვდეს ანდა «ფეხი გადაუბრუნდეს», საზოგადოება ფეტვის მარცვალივით არ უნდა დაიბნეს, პოლიტიკური სისტემა ხუხულასავით არ უნდა ჩამოიქცეს. მაგრამ აქ მარტოდენ სამართლებრივი მოდელი არას გვარგებს, თუ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა არ გაითავისა თამაშის ახლებური წესი, ნათლად არ გააცნობიერა პასუხისმგებლობის საშიშროება, რაც უკანონო ქმედებისთვის უცილობელ დასჯას გულისხმობს.

ზურაბ დგებუაძე,

პოლიტიკური დევნილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here