ინგლისსა და საფრანგეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჰიტლერზე დადებული ფსონი ორი მიზეზის გამო: პირველი _ გერმანიის შიგნით ნაცისტური რეჟიმის სისუსტე; მეორე _ ჰიტლერსა და მუსოლინის შორის არსებული წინააღმდეგობანი. ორივე სახელმწიფო, განსაკუთრებით, საფრანგეთი, შეშფოთებული იყო იმით, რომ ჰიტლერს განზრახული ჰქონდა გერმანიისთვის თანაბარუფლებიანობის მოთხოვნის საფარით მოესპო ევროპის უშიშროების ვერსალის სისტემა.
ჰიტლერის მიერ თავისი რეჟიმის, როგორც ანტისაბჭოთა ბასტიონის, რეკლამირებას 1933-1934 წლებში მხარი არ დაუჭირეს საფრანგეთის, ინგლისისა და აშშ-ის მმართველმა წრეებმა. ამასობაში სტალინმა შეძლო საგრძნობლად გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ამერიკასთან, თუმცა შესანიშნავად იცოდა, რომ ჰიტლერის მთავარი დამფინანსებელი აშშ და ნაწილობრივ ინგლისის მონოპოლიები იყვნენ.
სტალინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კაპიტალისტური ქვეყნების ერთიანი ანტისაბჭოთა კოალიციის შექმნის დაუშვებლობა იყო. ამას მან 1933 და 1934 წლებში კიდეც მიაღწია უპირატესად საფრანგეთზე დაყრდნობით, რომელიც გერმანიის გაძლიერებას უფრთხოდა, მაგრამ 1935 წელს ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
სახალხო ფრონტების წარმატებებმა, რომლებიც საფრანგეთსა და ესპანეთში კომუნისტების ინიციატივით შეიქმნა, აიძულა საფრანგეთი, სულ უფრო მიმხრობოდა ლოზუნგს «უმჯობესია ჰიტლერი, ვიდრე სახალხო ფრონტი». გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის გაძლიერება, მუსოლინისა და ჰიტლერის დაახლოება სულ უფრო ენერგიულად უბიძგებდა ლონდონს ბერლინთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.
ანტისაბჭოთა საფუძველზე ჰიტლერისა და დასავლეთის გაერთიანების შემაშფოთებელ სიგნალად აღიქვა სტალინმა საარის ოლქის გერმანიასთან მიერთება. მომდევნო 1936 წელს ორი ისეთი მოვლენა განხორციელდა, რომლებმაც ეს შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა: გერმანიის მიერ რეინის ოლქის ხელში ჩაგდება და ჰიტლერელთა სამხედრო ჩარევა ესპანეთში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ერთიცა და მეორეც დასავლეთის მხარდაჭერით მოხდა, რომელიც მზად იყო, ვერსალის სისტემის მსხვერპლად გაღებით ჰიტლერი ანტისაბჭოთა ძალად გადაექცია.
სტალინმა თავისი კონტრსვლა განახორციელა. მან შეძლო ფაშისტების ჩათრევა საბჭოთა კავშირის საზღვრებს დაცილებული ესპანეთის სამოქალაქო ომში. 1936-1937 წლებში სამმა ათასმა საჭოთა მრჩეველმა, რომლებიც ესპანეთის რესპუბლიკის არმიას ხელმძღვანელობდნენ, შეძლეს 25 ათასი გერმანელი მფრინავის, ტანკისტის, არტილერისტისა და სხვა სამხედრო სპეციალისტის შებოჭვა, რომლებიც რესპუბლიკის მტრის, გენერალ ფრანკოს მხარეს იბრძოდნენ.
ხაზი უნდა გაესვას, რომ საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ესპანეთის მთავრობას, რომელიც დემოკრატიული წესით იყო არჩეული, დასავლეთის «დემოკრატიები» კი მის დამხობას ცდილობდნენ. რესპუბლიკელების დამარცხება გარკვეულწილად განსაზღვრა ტროცკისტების დესტრუქციულმა მოქმედებამ, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ.
იმავე წლებში მოხდა ერთი ნაკლებად ცნობილი მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანია განსახილველი თემისთვის. 1937 წლის ნოემბერში ლონდონის საბჭოთა საელჩოში მივიდა ფიურერის ძმისშვილი პატრიკ ჰიტლერი. მან საბჭოთა დიპლომატებს შესთავაზა ბიძის _ ფიურერის პირადი ცხოვრების მაკომპრომენტირებელი დოკუმენტების შეძენა. თავისი მოქმედება ახსნა შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობით, რომელშიც იგი დედასთან ერთად აღმოჩნდა. დედა, წარმოშობით ირლანდიელი, ინგლისის მოქალაქე იყო. მამამ _ ალიოზ ჰიტლერმა, ადოლფის უფროსმა ძმამ მიატოვა ოჯახი და გერმანიაში გადასახლდა.
თავისი მასალებისთვის ძმისშვილმა ძალიან დიდი თანხა მოითხოვა და ამ შეთავაზების დასადასტურებლად საელჩოში განცხადება დატოვა.
საბჭოთა დაზვერვამ მას დაუყოვნებლივ დაადგა თვალი და მიაკუთვნა ფსევდონიმი «ძმისშვილი».
საბჭოთა აგენტი «სემა» 1937 წლის 4-8 დეკემბრის პატაკით ხელმძღვანელობას აცნობებდა შემდეგს: «ძმიშვილი» ფლობს ინფორმაციას ჰიტლერის მთავრობის რიგი ბნელი კომბინაციების შესახებ და აქვს კავშირი სამინისტროებთან… ძმისშვილის მამას ალიოზ ჰიტლერს აქვს რესტორანი შემდეგ მისამართზე: ვიცენბერგპლაცი, 3, და ფარულად ხვდება ჰიტლერს, თუმცა არ ამჟღავნებს, რომ მისი ძმაა…
შეხვედრისას მან წარმოგვიდგინა… ჰიტლერის ადიუტანტის «ძმისშვილისთვის» გაგზავნილი პირადი წერილი… პირადად მიმაჩნია, რომ შეიძლება მისი გამოყენება გერმანიაში, შეხვედრების ორგანიზებით მეზობელ ქვეყანაში, მისი ნათესაური კავშირები ჰიტლერთან კი დავიტოვოთ მარქაფად, რადგან მომავალში შეიძლება დაგვჭირდეს».
პასუხი ცენტრიდან, რომელიც, როგორც ჩანს, სტალინის ნაკარნახევია: «ამ საკითხს შემდეგნაირად ვუდგებით: ძმისშვილის «სენსაციები» არ გვჭირდება. ისინი უთუოდ ეხება ბიძის წარმოშობას და მისთ. ყოველ შემთხვევაში, ისინი უფრო პირადულია და არა პოლიტიკური ხასიათის და, რა თქმა უნდა, ასეთ ფულს მას არ გადავუხდით…»
ამჟამად, როცა დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ საბჭოთა დაზვერვა ჰიტლერთან მიახლოებას მისი ნათესავების მეშვეობით ცდილობდა, ლოგიკური იქნება, ვივარაუდოთ, რომ გერმანიის დაზვერვაც ცდილობდა სტალინამდე მიღწევას, 30-იან წლებში გერმანიაში სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა მისი შორეული ნათესავი დ. კანდელაკი, უფრო ადრე კი ეს პოსტი ბერლინში ეკავა სტალინის პირველი ცოლი ძმას _ ა. სვანიძეს. ორივე დახვრიტეს «ეჟოვშჩინის» აღზევების დროს.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სტალინი ამ პერიოდში უპირველესი ფიგურა გახდა საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მისი დამხობა ქვეყანას უეჭველად სამოქალაქო ომის პირას დააყენებდა და დაასუსტებდა. ამით უეჭველად ისარგებლებდნენ კაპიტალისტური სახელმწიფოები და ქვეყანას საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარებდნენ.
ომისწინა მანევრები
1938 წელს სიტუაცია საბჭოთა კავშირისთვის და სტალინისთვის გაუარესდა. დასავლეთი უკვე აშკარად წარმართავდა ჰიტლერულ აგრესიას საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ. მარტში განხორციელებულმა ავსტრიის ანშლიუსმა ვერმახტი საბჭოთა კავშირის საზღვრების შორეულ მისადგომებს დაუახლოვა, ხოლო ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის მიმართ განხორციელებულმა ღალატმა, აგრეთვე, ლიტვაში შეჭრამ აგრესორი უშუალოდ საბჭოთა საზღვართან დააყენა.
ესპანეთის რესპუბლიკა მარცხს მარცხზე განიცდიდა, მისი დღეები ფაქტობრივად დათვლილი იყო. ჰიტლერს მიეცა შესაძლებლობა, მოეკრიბა ძალა აღმოსავლეთში საომარი მოქმედების გასაჩაღებლად… ან დასავლეთისკენ შეიარაღებული ძალის წარსამართად.
სტალინს 1939 წლის გაზაფხულზეც არ ჰქონდა დაკარგული იმედი, რომ სსრ კავშირის ბურჟუაზიულ დემოკრატიებთან თანამშრომლობას სასარგებლო შედეგის მოტანა შეეძლო. საამისო საფუძველიც ჰქონდა. ინგლისში ჩანერგილი სადაზვერვო ორგანიზაცია «კემბრიჯის ოთხეული» უაღრესად ფასეულ ინფორმაციას აწვდიდა: ლონდონი, რომელმაც მიუნჰენის ღალატი განახორციელა და მშვიდად აღიქვა ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის დარჩენილი ნაწილის მიტაცება 1939 წლის გაზაფხულზე, განწყობილი არ არის, ასევე მორჩილად დაუთმოს ფიურერს პოლონეთი.
სტალინმა გადაწყვიტა, ესარგებლა ამით _ დათანხმდა ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო დელეგაციების მოსკოვში ჩამოსვლას გერმანიის წინააღმდეგ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების გასამართად, მაგრამ იმედგაცრუება ელოდა. საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახალხო კომისარი კლიმენტ ვოროშილოვი, უცხოელებისას _ უმნიშვნელო სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეები, ამასთან, ისინი აღჭურვილი არ იყვნენ თავიანთი მთავრობების მიერ მინიჭებული ოფიციალური უფლებით, ხელი მოეწერათ სამშვიდობო შეთანხმებაზე. მოლაპარაკება უპერსპექტივო გამოდგა, თუმცა გარკვეული შედეგი მაინც ჰქონდა: სტალინმა ჰიტლერს დაანახა, რომ მზადაა ინგლისთან და საფრანგეთთან კავშირის დასამყარებლად.
საბჭოთა აგენტმა, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში მუშაობდა, სტალინს აცნობა, რომ ვარშავა, რომელიც ევროპაში საფრანგეთის მთავარ მოკავშირედაა მიჩნეული, მზადაა ბერლინის მხარეს გადასასვლელად. ამ დროს, სწორედ პოლონეთის ჰილერული აგრესიისგან დაცვა იყო მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკების მთავარი თემა. აშკარა გახდა, რომ სურდათ მისი ჩათრევა გერმანიის წინააღმდეგ საომარ კონფლიქტში, რისთვისაც უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ საბჭოთა კავშირს _ მას სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა ინგლისისა და საფრანგეთისთვის, რომლებიც მოვალენი არ იქნებოდნენ გაეკეთებინათ იგივე აგრესორის სსრკ-ზე თავდასხმის შემთხვევაში.
…1939 წლის გერმანია–საბჭოთა კავშირის ხელშეკრულება იყო და რჩება არა მხოლოდ მეცნიერების ყურადღების ობიექტად, არამედ პოლიტიკური დემაგოგიის იარაღად. იგი აქციეს სსრ კავშირის წინააღმდეგ გამართული საინფორმაციო ომის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად.
განვიხილოთ ეს თემა.
უწინარეს ყოვლისა, _ სიყალბეთა შესახებ.
პირველი ტყუილი, რომელსაც ანტისტალინელებმა დიდი ფეხები გამოაბეს, არის მათ მიერ გავრცელებული სიცრუე, თითქოს 1939 წლის გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის დადების ინიციატორი იყო სტალინი, რომელიც ამ დოკუმენტის მიღების საფუძველს ჰქმნიდა გერმანიაში საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლის კანდელაკის მეშვეობით, ხოლო მოლოტოვით ლიტვინოვის ჩანაცვლებით ჰიტლერს მისცა ნიშანი, რომ მზად არის გარიგებისთვის.
მეორე ტყუილი. სტალინი ესწრაფოდა ჰიტლერთან თანამშრომლობას, განახორციელებდა ფიურერის მსგავს აგრესიულ პოლიტიკას და ცდილობდა ევროპის ქვეყნების ნაწილის მიტაცებას.
მოგვიანებით ამ ორ ტყუილს მესამეც დაემატა: სტალინს განზრახული ჰქონდა გერმანიაზე თავდასხმის მზაკვრული გეგმის განხორციელება.
საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პაველ სუდოპლატოვი წერს: «ჰიტლერმა პირველმა მოსინჯა საბჭოთა კავშირის პოზიცია ჯერ კიდევ 1939 წლის გაზაფხულზე, როცა საგარეოპოლიტიკურ უწყებას სათავეში მაქსიმ ლიტვინოვი ედგა… (ლიტვინოვის ნამდვილი სახელი და გვარია _ მეერ–გენოხ მოვშეს ძე ვალახი. ჰიტლერი უგულებელყოფდა მას, როგორც პარტნიორს მოლაპარაკებების საწარმოებლად მისი ებრაული წარმოშობის გამო. _ ა.ს.).
…დღეს ბევრს ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირ-გერმანიის საიდუმლო მოლაპარაკებების, საიდუმლო ოქმების შესახებ, ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ თავის დროზე ხელიდან გაუშვეს დასავლეთის სახელმწიფოებთან შეთანხმების შანსი, რომ სტალინმა ინგლისელებთან და ფრანგებთან ურთიერთობას ჰიტლერთან მოლაპარაკება ამჯობინა».
ინგლისელებთან და ფრანგებთან შეთანხმებას სტალინმა მართლაც ვერ მიაღწია. ხოლო გერმანიასთან ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ერთობლივ სამხედრო მოქმედებას, არამედ აძლევდა საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ომის გადადების ერთგვარ შანსს. ამასთან ერთად, დასავლეთს უნდა გაეგო, რომ ჰიტლერისათვის შემდგომ კოჭის გორებას შეიძლება გამოეწვია მისი აგრესიის მიმართვა სწორედ დასავლეთისკენ. სტალინს ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა, რომ მოვლენები შეიძლებოდა ასე განვითარებულიყო, ეს კი მოცემულ ვითარებაში ყველაზე უფრო მომგებიანი იქნებოდა საბჭოთა კავშირისთვის.
საქმე ის არის, რომ 1939 წლის გაზაფხულზე გერმანიის მხარის ინიციატივით სტამბოლში ორი ელჩის _ ფონ პაპენისა და ტერენტიევის შეხვედრა გაიმართა. ფონ პაპენი გერმანიის ყოფილი კანცლერი იყო. სტამბოლში გამგზავრების წინ მან ჰიტლერისგან ფართო უფლებამოსილება მიიღო (სტალინმა ამის შესახებ გაიგო თავისი დაზვერვის რეზიდენტისგან).
პირველი საუბარი მიეძღვნა რეგიონულ საკითხებს, მეორე საუბრის დროს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ფონ პაპენი გამუდმებით იმეორებდა, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობა ახალ საფუძვლებზე უნდა აიგოს. მინიშნება ზუსტად იქნა აღქმული. დასავლეთთან მოლაპარაკების წარუმატებლობის შემდეგ სტალინმა გერმანელების შეთავაზებაზე უარი არ თქვა. 1939 წლის 23 აგვისტოს რიბენტროპი მოსკოვში ჩავიდა. მისი ჩასვლიდან ზუსტად 13 საათის შემდეგ, ღამის ორ საათზე ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს.
მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ნაუცბათევი არ იყო. სტალინი მანამდეც ცდილობდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა. მაგალითად, 1936 წლის აპრილში იგი ფინეთის მთავრობას მოუწოდებდა დაედო საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. სამწუხაროდ, _ ამაოდ.
ჩვენ მიერ ნახსენები სუდოპლატოვი წერს: «მანერჰეიმმა ჩვენი წინადადებების შესახებ აცნობა ფიურერს, ასე რომ ჰიტლერი რიბენტროპს მოსკოვში რომ აგზავნიდა, სტალინის მხოლოდ სპონტანური რეაქციის იმედად არ იყო. მან იცოდა, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამგვარი წინადადების მისაღებად, რადგან თავადვე ვაპირებდით ანალოგიური ხელშეკრულების დადებას ფინეთთან».
რიბენტროპმა ნიუნბერგის პროცესის მიმდინარეობის პროცესში დაწერა მნიშვნელოვანი მოგონებები, რომლებიც ამ საკითხთანაც არის დაკავშირებული. აი, როგორ აღწერა მან შეხვედრა საბჭოთა კავშირის ბელადთან: «…ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგრძო კაბინეტში შეგვიყვანა, რომლის ბოლოში ფეხზე მდგარი სტალინი გველოდებოდა… შულენბურგმა (გერმანიის ელჩი სსრკ-ში) გაკვირვების შეძახილი ვერ შეიკავა; მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე რამდენიმე წელიწადი იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, სტალინს არასოდეს დალაპარაკებია.
შეხვედრის პირველივე მომენტიდან სტალინმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა: არაჩვეულებრივი მასშტაბის ადამიანია. მისმა გონიერმა, თითქმის ხისტმა, მაგრამ აზრის გამოთქმის უაღრესად ზუსტმა მანერამ და მტკიცე, მაგრამ ამავე დროს მოლაპარაკების დიდსულოვანმა სტილმა დაგვარწმუნა, რომ თავის გვარს იგი დამსახურებულად ატარებს.
საყურადღებოდ მიმაჩნია ერთი მცირე, მაგრამ დამახასიათებელი ეპიზოდი… მე სტალინს ვკითხე, შეუძლია თუ არა ფიურერის პირად ფოტოგრაფს, რომელიც თან მახლავს, გადაიღოს რამდენიმე სურათი. სტალინი დამთანხმდა, და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან უცხოელს ნება დართო კრემლში ფოტოსურათის გადაღების. როცა სტალინს და ჩვენ, სტუმრებს ყირიმული შამპანურით სავსე ბოკალებით ხელში ფოტო გადაგვიღეს, სტალინმა გააპროტესტა, თქვა, რომ ამ სურათების გამოქვეყნება არ სურს. ჩემი მოთხოვნით, ფოტორეპორტიორმა აპარატიდან ამოიღო ფირი და გადასცა სტალინს, მაგრამ მან უკან დაუბრუნა და შენიშნა: იგი ჩვენ გვენდობა, რომ სურათს არ გამოვაქვეყნებთ…»
უეჭველია, რომ ნდობის გამოხატვის ეს ჟესტი ცნობილი გახდა ფიურერისთვის. ფიურერმა, რომელმაც იმთავითვე იცოდა, რომ ეს პაქტი სამხედრო ფანდი იყო, რომელსაც შესაფერის მომენტში მუხანათურად დაარღვევდა, განიცადა შეიძლება მცირე, მაგრამ საგრძნობი მორალური დამარცხება. მას, რა თქმა უნდა, არ სჯეროდა სტალინის გულუბრყვილობის, მაგრამ არავითარი საფუძველი არ ჰქონდა დაედანაშაულებინა იგი ცბიერებასა, ვერაგობასა და უნამუსობაში.
მოსკოვში ხელი მოაწერეს საიდუმლო ოქმებსაც. მათმა გამოქვეყნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანტისაბჭოთა პროპაგანაში. კიდევ ერთხელ დავიმოწმოთ სუდოპლატოვი: «ასეთი ხასიათის საიდუმლო ოქმები ჩვეულებრივია დიპლომატიურ ურთიერთობებში, როცა საქმე განსაკუთრებით რთულ საკითხებს ეხება… დღეს, როცა მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმებს ვკითხულობ, მათში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. დირექტივები, რომლებიც ხელმოწერილ შეთანხმებებს ეფუძნება, ფრიად ზუსტი და გარკვეული იყო; მათ შესახებ იცოდნენ არა მხოლოდ დაზვერვის ხელმძღვანელებმა, არამედ სამხედრო ხელმძღვანელობამ და დიპლომატებმა. პოლონეთის დაყოფის ცნობილი რუკა, რომელიც ერთვოდა 1939 წლის 28 სექტემბრის ოქმებს, ფაქტობრივად, გაზეთ «პრავდის» გვერდებზე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, სტალინისა და რიბენტროპის ხელმოწერების გარეშე, და მისი ნახვა მთელ ქვეყანას შეეძლო».
გერმანია საბჭოთა კავშირის თანამშრომლობა ყველა სფეროში დამყარდა, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. მაგრამ დასავლეთგერმანელი ისტორიკოსის სებასტიან ჰაფნერის თქმით: «ჰიტლერისა და სტალინის პარტნიორობა არ იყო სასიყვარულო კავშირი, მათ შორის, სტალინის მხრიდანაც. შესაძლებელი რომ ყოფილიყო თავისქეიფა და თავნება პარტნიორის _ საბჭოთა კავშირის გადაქცევა უმწეო და მორჩილ, ყოველ შემთხვევაში, დამთმობ რუსეთად, ჰიტლერი ასეთ ვარიანტს ყოველთვის ამჯობინებდა».
ომი გარდაუვალი იყო. როდის დაიქუხებს? სტალინს მხოლოდ შეეძლო ევარაუდა, ამასობაში კი ყველა ძალას წარმართავდა თავისი ქვეყნის სამხედრო ძლიერების განსამტკიცებლად, ამასთან, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ხანს შეენარჩუნებინა მშვიდობა, რადგან წითელი არმიის გადაიარაღება მხოლოდ დაწყებული იყო.
მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, დიდი უბედურება, რომელსაც ელიან, მოულოდნელად თავზე დაატყდება ხოლმე მომლოდინეს.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე