Home რუბრიკები საზოგადოება გენიტალიებთან შეხების «ხელოვნება» და «აი ია»-ს საკრალური მნიშვნელობა

გენიტალიებთან შეხების «ხელოვნება» და «აი ია»-ს საკრალური მნიშვნელობა

1302

იანვრის ბოლოს რუსთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი ქართულ-ინგლისური სპექტაკლის «შემეხეს» პრემიერა. რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილმა ამ უზნეობამ აღაშფოთა ქართული საზოგადოებრიობა, რომელმაც ასეთი «კულტურული თანამშრომლობა» ხალხის, მისი ტრადიციების, ელემენტარული წესიერების აბუჩად აგდებად შეაფასა. ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს ბატონ ემირ ბურჯანაძესთან.

_ შიშველი-გადარეულები თეატრალურ სცენაზე რომ დარბიან დღეს, პირდაპირი გაგებით შიშვლები, და თანამედროვე ხელოვნების შედევრად რომ მიიჩნევენ საკუთარ ნაცოდვილარს, ამაზე რა აზრის ხართ, ბატონო ემირ?

_ რა გითხრათ? საერთოდ უზნეობის დროა. ყველაფერში. ეს არის საშინელება! აი, ახლა მომიტანეს ახალი ამბავი: თბილისის სამხატვრო აკადენიის სამეცნიერო საბჭომ რექტორად აირჩია ქალბატონი ნინო ღაღანიძე და კულტურის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინა. მაგრამ მინისტრი რურუა ხელს არ აწერს. არ უნდა. ალბათ, «ნაცებიდან» არ არის აკადემიის კანდიდატი. ეს თავხედობის უმაღლესი დონეა. ნაძირლების დოღია. უბედურებაა! დასცინიან ქვეყანას!

ამ ქალბატონის არჩევა ფორმალური პროცედურა კი არ იყო, არამედ _ აკადემიის საერთო პოზიცია: იგი ნამუშევარია აკადემიაში, გარკვეულია სასწავლო პროცესის თავისებურებებში. თეორეტიკოსია, ხელოვნებათმცოდნე.

_ გიმუშავიათ მასთან ერთად?

_ სამწუხაროდ, არა. ადრე წამოვედი აკადემიიდან… ახალი კადრები მოვიდნენ, მაგრამ თურმე მიცნობენ და ვახსოვართ კიდევ…

თურმე იმათ თავიანთი კადრი ჰყავთ. თურმე ხმები სწორად არ ყოფილა დათვლილი…

_ ბევრი «თურმე» ხომ არ დაგროვდა?!

_ ბევრი… რომელი ყრილობა ეს იყო, ან პარლამენტის არჩევნები, ხმების დათვლა რომ შეშლოდათ? ზღვარსგადასული თავხედობაა: მე როგორც მინდა, რაც მინდა, იმას ვაკეთებ, შენ არაფრად გთვლი!

შენ ვინა ხარ?

ვინც ავტორიტეტული იყო, ვინც რამეს წარმოადგენდა აკადემიაში, დღეს ყველა ქუჩაშია. არავინ არ უნდათ.

_ ვის?

_ იმას თუ ახსოვს, რა ჰქვია, კაცო, იმას? ჩვენს პირველს, საქართველოს სიმაღლეს და სიამაყეს. ახსოვს რას ამბობდა ცოტა ხნის წინათ? 40 წლის ხეც არ მინდაო.

ჭკუა აქვს ამის მთქმელს?

40 წლის ხე კიდევ ახალგაზრდაა, იმდენად, რომ მისახედია, მოვლა სჭირდება, ძირის დაბარვა, გადაბელვა, კირით შეღებვა.

ხეც არ უნდა!

ხე მარტო მცენარე კი არა, ძალიან დიდი სიმბოლოა, ებრაელებისთვის განსაკუთრებით. ადამიანს ადარებენ ხეს: «ადამიანი მინდვრის ხესა ჰგავს» (ნათან ზახი). ხე _ სიცოცხლის პირველი ნიშანი. მიწიერის ცისკენ ლტოლვა.

_ «აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა», _ წერია ბიბლიაში (დაბ. 2,9).

_ ასეთი აზროვნება ამათთვის სრულიად უცხო ხილია: რა ხელოვნებაზე, რომელ თეატრალურ დადგმაზე, რა თანამედროვეობასა და რა პოზიციებზეა ლაპარაკი?!

არ ვიცი!

რაღაც ფორმას ეძებენ და ვეღარ გაიგეს, რა ფორმაა საჭირო. ახლა, ალბათ, შიგნეული უნდა გადმოუყარონ მსახიობს, რომ რაღაც სახე შექმნან _ სიშიშვლე აღარ ჰყოფნით.

_ გამოშიგვნა ყასბების საქმეა!

_ სიურეალიზმი რომ შემოვიდა, როგორც მიმდინარეობა, ხედვა და აზროვნება, ძალიან ბევრმა დააღო პირი, ვერ გაარკვია, რას ნიშნავდა ეს დეფორმაცია, იმპროვიზებული, არარეალური, არადამაჯერებელი ფორმები. მაგრამ ეს პირველად მიქელანჯელომ გააკეთა: თავისი ტყავი აქვს დაკიდებული: ტყავში გამძვრალი სული.

სალვადორ დალიმ საათი დაკიდა უფორმო.

პიკასოს აქვს ნათქვამი: რაც უფრო გაუგებარია მნახველისთვის, მით უფრო საინტერესოა მისთვისო.

_ ნაწლავების გადმოყრაში ან გენიტალიების დემონსტრირებაში რა არის «გაუგებარი და საინტერესო»?

_ ეს არის ნიჭის და ოსტატობის არქონის უხამსობით დაფარვის მცდელობა, სხვა არაფერი, თორემ სიშიშვლე ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს არის ფორმა, ღმერთის ნაყოფია, ბუნების შვილია.

ელინისტური კულტურა გადაყვა შიშველი ფიგურის ძერწვას. ასე იყო ეგვიპტის ხელოვნებაში, ასეა ქართულში და ასე აზროვნებს მსოფლიო.

_ ხოლო მიქელანჯელოს «დავითი» მამაკაცის შიშველი ფიგურის გამოსახვის იდეალურ ნიმუშად, ხელოვნების მწვერვალადაა მიჩნეული, არაფერი რომ არა ვთქვათ იდეაზე, რომელიც ამ ქანდაკებაშია ჩადებული _ კონცენტრირებული რისხვა და ფიქრი ბრძოლისთვის გამზადებული მეფის.

_ მისი ფლორენციის სინიორიის მოედნიდან ფლორენციის სახვითი ხელოვნების აკადემიაში გადატანის გამო ლამის სამოქალაქო ომი ატყდა. თუმცა საბოლოოდ მაინც აკადემიის კედლებში მოთავსდა. მოედანზე მისი ასლი დგას.

_ ან მიქელანჯელოსავე მარმარილოს კომპოზიცია «პიეტა» _ გარდაცვლილი ადამიანის შიშველი ფიგურა წმინდა პეტრეს ტაძარში.

_ უამრავი სხვა უცნობილესი მაგალითის დასახელება შეიძლება. სიშიშვლე კი არ არის პრობლემა, არამედ რისი თქმა გსურს ამ სიშიშვლით, და აქვს თუ არა მას რაიმე საერთო ხელოვნებასთან. გააჩნია, როგორ გამოიყენებ მას, რა იდეას ჩააქსოვ.

_ თქვენთან მოსვლის წინ სპეციალურ ლიტერატურას გადავავლე თვალი და სწორედ იდეის მატერიალიზაციის შესახებ ერთმა გამონათქვამმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ჯორჯო ვაზარი თავის ნაშრომში, რომელიც ყველაზე უფრო გამოჩენილი ფერმწერების, სკულპტორებისა და ხუროთმოძღვართა შემოქმედებისადმია მიძღვნილი, ასე აფასებს მიქელანჯელოს შედევრებს (ციტატა მიახლოებითია): საგნების, რომელთაც იგი იდეაში ხედავდა, ქმნიდა კიდეც. წარმოუდგენელია სხვა ადამიანს ხორცი შეესხა ესოდენ დიადი და განმაცვიფრებელი ჩანაფიქრისთვის.

სიქსტის კაპელის საკურთხევლის მიქელანჯელოსეულ ფრესკაზე «განკითხვის დღე» შიშველი ფიგურებითაა წარმოდგენილი. კათოლიკური ეკლესიის ბევრი ცენზურა გაიარა ამ შედევრმა, დაბოლოს მაინც პირვანდელი სახე აღიდგინა.

_ ოთხი წლის წინათ გია ბუღაძემ შემომთავაზა პერსონალური გამოფენის მოწყობა ან აკადემიაში, ან გალერეაში. გალერეას მაშინ არემონტებდნენ, რჩებოდა აკადემია, სადაც პროფესიონალები იყვნენ, ჩემი მეგობრები, ხელოვანთა საზოგადოება. მოვაწყვეთ ეს გამოფენა, რომელმაც შემდეგ სამების კათედრალის ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ამას დაემთხვა 2008 წლის ომი. ისე აიბურდა ვითარება, რომ 3 თვე გასტანა ამ გამოფენამ, რომლისთვისაც, კაცმა რომ თქვას, აღარავის ეცალა. ყველაფერ უბედურებასთან ერთად ამათ ტაშფანდური ჰქონდათ ატეხილი _ ჩვენ გავიმარჯვეთო. სად გამოგვეყოფოდა თავი?

უცებ მოვიდნენ ჩემი მეგობრები _ კოლეგა მხატვრები და მეუბნებიან, ემირ, შენი გამოფენის რამდენიმე ნიმუში დატოვე სამებაში მხატვრების საერთო გამოფენის ექსპოზიციისთვისო.

რისთვის ვყვები ამ ყველაფერს?

ვყვები იმიტომ, რომ ამ პროზაული ამბის ბოლოს ხდება «სასწაული”: ჩამოიარა სამების ეკლესიის წინამძღვარმა, ცენზორის თვალით გადახედა ექსპოზიციას და რამდენიმე ნამუშევარზე მიუთითა _ ესენი მოხსენითო. რატომო, რომ ჰკითხეს, შიშველი ფიგურებიაო.

_ სიქსტის კაპელას რეციდივი?

_ რანაირად შემიძლია შევადარო კათოლიკური პოზიცია მართლმადიდებლურ აზროვნებას?! სისასტიკით ის ჭარბობს, შედარებაც არ შეიძლება. თურმე რა ყოფილა შიშველი, არ იკითხავთ? ცხენ-კაცი _ მითიური კენტავრი ყოფილა შიშველი.

(ვიცინით. ერთ რუსულ ანეკდოტსაც ვიხსენებთ კენტავრთან დაკავშირებით კაცისა და ცხენის ეს ჰიბრიდი კმაყოფილმა დიასახლისმა ასე შეაფასა: _ И мужик в доме и скотина во дворе.  კაცად კაცი სახლში მყავს და საქონელიც დამიდის ეზოშიო…).

_ მერაბ ცინცაბაძე გვყავს, სოხუმელი კაცი, ნიჭიერი და განათლებული ადამიანი. მეკითხება, გამაგებინე, კენტავრი როგორი უნდა იყოს ჩაცმულიო.

ბოლოს და ბოლოს, ჯვარზე გაკრული ქრისტეს ხატი, ჯვარცმული ქრისტე ჩაცმულია?

_ ეს იყო განსჯა თემაზე «სიშიშვლე და ხელოვნება»… გამოთქმა «შიშველი გიჟი» როგორ გესმით, ბატონო ემირ?

_ შიშველი-გადარეულები! ძალიან კარგად ჩაცმულ-დახურულები სულელები არიან, თორემ გადარეულს რა უჭირს. ჩემი მეგობრის მამის ერთი გამონათქვამი მახსენდება: გიჟს კიდევ რაღაცა ეშველება, სულელს ვერაფერს მოუხერხებო. ამათ რომ ვუყურებ, ამათ მოღვაწეობას, ვრწმუნდები, რომ მართალი იყო ის კაცი.

(ნორმალურად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, თუ მკითხველი დაკვირვებია, ჩვენს ხელისუფლებას უმეტესად მხოლოდ მინიშნებით, ნაცვალსახელით მოიხსენიებს: ესენი, ამათ და ა.შ. ანუ ისე, როგორც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაშია კოდირებული: უარყოფითი რეაქციის გამჟღავნება იმგვარი სულიერისადმი, მოვლენისადმი თუ საგნისადმი, რაც ადამიანში ნეგატიურ ემოციებს იწვევს _ განვედ ჩემგან! უსიამოვნებისგან თავდაცვის საშუალებად დგება  წინა პლანზე. გარკვეული თვალსაზრისით, ტოტემიზმის ერთგვარი ნაშრევის გამოვლენაა.

ამის საუკეთესო მაგალითები მოიძებნება მეგრულ ენაში, სადაც ამგვარ სახელებს სინონიმები აქვს დამკვიდრებული, «საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად», შესაძლო უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად.

დღეს «ესენიო», რომ იტყვის კაცი, ამ ჩვენს ხელისუფლებას გულისხმობს, და არის ცინიზმის დიდი დოზა ამ ნაცვალსახელში ჩადებული, კოდირებული.

კოდირებაზე განვაგრძობ საუბარს ბატონ ემირ ბურჯანაძესთან, რაც წინარე პუბლიკაციებში არაერთგზის გვაქვს ნახსენები და რაიც ქართულ დამწერლობასთანაა დაკავშირებული).

რა დევს «აი ია»-ში?

_ მოგეხსენებათ, რომ თითოეულ ასონიშანს აქვს თავისი რიცხვითი მნიშვნელობა. ანბანურ-რიცხობრივი სისტემა რომ გავითავისე, ჩემთვის გადავამოწმე (არავითარ აღმოჩენაზე არ ვდებ თავს) და გამოვიდა ძალიან საინტერესო ციფრული რამდენიმე ვარიანტი, რომელშიც ერთიდან ცხრამდე აბსოლუტურად ყველა მუშაობს, ციფრი ორი გამორცჰეულია, ხოლო, მთელი ქართული სისტემა ცხრეულითაა დანახული.

_ ზოგიერთი მეცნიერი ქართული ანბანის შვიდეულების პრინციპზე ლაპარაკობს _ სამი, ოთხი და ხუთი შვიდეულის შესახებ, და ამ განსაკუთრებული სისტემის საფუძველს პითაგორიანულ მოძღვრებაში ეძებს.

_ დიახ, ასეა. მაგრამ, მოდით, ჩვენ თავიდან დავიწყოთ _ ერთითა და ორით, რადგან ერთი და ორია ძალიან საინტერესო: ერთია ღმერთი, ორია ქალბატონი _ ორსული, შობადი. ე.ი. მქნადი და შობადი.

როგორც ჩანს, ქართულში იყო სქესის ნიშნები _ ა, ი.

ძალიან კარგად იცის ეს ვაჟა ფშაველამაც, გალაკტიონმაც, ყოველ შემთხვევაში, ეს მომენტი მათთან თვალნათლივაა წარმოდგენილი.

სახელობით ბრუნვაში ხომ არის «ვაჟი ფშაველი», მაგრამ ა მამრისაა, ქმნადია, ამიტომ _ ვაჟა ფშაველა _ მამრი.

ერთ ლექსში არის ასეთი სტრიქონი _ «ქალო, გნახე ფეხშიშველი»; გალაკტიონთან _ «ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ არ გავიარე». ი-სა და ა-ს მონაცვლეობაა, _ მამრისა და მდედრის.

ი არის 10, ა არის 1. ერთი, ათი, ასი, ათასი და ათიათასი მთელი სიცხადით ერთიანია. ნულები არაფერს ნიშნავს არც ისტორიისთვის, არც ბიბლიური მცნებებისთვის, არც ამ სამყაროს ახსნის თვალსაზრისით. წამია ყველაფერი, ერთია ყველაფერი.

_ «რიცხვი «ერთი» პითაგორიანული გაგებით არის საწყისი საერთოდ რიცხვისა… «ორი» კი უარყოფითი რიცხვია, გეომეტრიული სწორი ხაზი სივრცეული «ორია», იგი უსასრულოა, არც საწყისი აქვს და არც დასასრული. ამიტომ «ორი» უარყოფითი რიცხვია», _ ამბობს რამაზ პატარიძე, თქვენთან კი ორი დადებითი მუხტის მატარებელია, უმშვენიერესია, ორსულია, შობადი.

_ არის ეს განსხვავება. მაგრამ «ორი» საწყისიცაა და ზღვარიც.

მეგობარი მყავდა ნოდარ ხვედელიძე, რომელმაც დატოვა ძალიან საინტერესო ნაშრომი «ასტროლინგვისტიკა». საინტერესო პარალელები აქვს მოტანილი ქართულთან, არაჩვეულებრივად ღრმა და ბევრისმთქმელი.

_ «აი ია»-ში რა კოდია ჩადებული, ბატონო ემირ? გარდა იმისა, რომ ეს არის ანათვალი ერთიდან ათის ჩათვლით, კი 10 პითაგორიანულ სწავლებაში სრულყოფილი რიცხვია.

_ «აი ია» _ ეს ოთხიანი ნიშნავს ოთხწლეულს. რამეთუ სამი წლის შემდეგ, ყოველ მეოთხე წელიწადს ერთი დღე ემატება, რათა შეივსოს წელიწადის დღეთა რაოდენობა _ 365. ეს არის კალენდარი _ წელიწადის ოთხი დროის აღმნიშვნელი. ეს არის დროის გამოხატვის არაჩვეულებრივი მათემატიკური და ლინგვისტური აზროვნება. ულამაზესი სისტემაა. დასაბამისობა არის მეხსიერებასთან დაკავშირებული დროის აუცილებლობა. დასაბამიდან… სწორედ დროისთვისაა განსაზღვრული ქართული დამწერლობა და მისით აღიქმება მთელი სამყარო და ჩვენი ყოფა.

_ ქართული ანბანი?

_ დიახ. ეს არის არაჩვეულებრივი სისტემა, განუმეორებელი, მსგავსი არ არსებობს, უნიკალურია. ეს ჰქონდა მხედველობაში რამაზ პატარიძეს, რომელიც ამბობდა, რომ ქართული ანბანი კალენდარიაო, მაგრამ ვერ ახსნა რატომ.

«აი ია» რომ დავინახე, დავფიქრდი, რას უნდა ნიშნავდეს ეს მშვენიერება. დავთვალე, დავთვალე და მივედი ზუსტად «ვიემდე» (ასო, რომელიც დღევანდელი ქართული ანბანიდან ამოღებულია. _ ა.ს.), რომელსაც რიცხვითი მნიშვნელობა არ აქვს. «ვიე» 22-ე ასონიშანია, რაც ჯამში ოთხია. ორის წარმოება თავის თავთან _ ორჯერ ორი, ორს მივუმატოთ ორი, ორი აყვანილი ხარისხში და ა.შ., მუდმივად ერთსა და იმავე მდგრად პასუხს იძლევა _ ოთხს. ოთხი კი ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში დროისა და სივრცის სიმბოლური რიცხვია. «ვიე» არის სწორედ კლიტე, გასაღები სამ-ოთხისა. სამსა და ოთხს შორის არის «ვიე» _ გამოტოვებული ციფრული მნიშვნელობა. რა საინტერესო კოდია, ხედავთ? როგორი ხედვაა! აი, რას ნიშნავს კოსმოგონია ზოგადად! ეს არის, ვიმეორებ, ქართული აზროვნების ულამაზესი სისტემა.

ბატონი ემირ ბურჯანაძის მიხედვით, რასაც იგი ქართული დამწერლობის მრავალმხრივ ანალიზზე დაყრდნობით ამტკიცებს, «დასაბამიდან დომინირებული აზროვნება ჩვენია», შუამდინარეთისა და ხმელთაშუაზღვის აუზის ცივილიზაცია ჩვენი განაყოფია.

«აი ია» საწყისია, ვთქვათ ასე, _ პირველი საფეხურია: ამას მოჰყვება უფრო და უფრო საინტერესო მიგნებანი და აღმოჩენები, რომლებიც გაშიფრულია ქართველ მეცნიერთა და ბატონ ემირ ბურჯანაძის მიერ.

ჩათვალეთ დღევანდელი პუბლიკაცია, მომდევნო წერილების შესავლად და მიადევნეთ თვალი «საქართველო და მსოფლიოს» ნომრებს.

ახლა კი, ჩვენო განათლებულო მკითხველებო, რაც წაიკითხეთ, იმ გადასახედიდან შეაფასეთ შიშველიგადარეულების ტინგიცობა თეატრის სცენაზე თუ პოლიტიკაში, რასაც ერთნი ხელოვნებად ასაღებენ, მეორენი _ ქვეყნისა და ხალხის მსახურებად.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here