Home რუბრიკები პოლიტიკა კუდი ძაღლისა არ განემართების, ანუ ომი და მშვიდობა

კუდი ძაღლისა არ განემართების, ანუ ომი და მშვიდობა

1118

 «ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეგიძლიათ მიიღოთ, გთხოვთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ-იქით კუდს ნუ აქიცინებთ», _ ეს მოკლე ფრაზა, ალბათ, ერთადერთია სააკაშვილის შაბათის გამოსვლიდან თავდაცვის აკადემიის მსმენელების წინაშე, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე სერიოზულად დაინტერესდეს იმით, თუ რა თქვა პატრიოტიზმსა და ჰეროიზმზე ადამიანმა, რომელიც 2008-ში გორში შეშინებული გარბოდა, ხოლო ქსნისა და კოდორის ხეობა უბრძოლველად დათმო.

ამდენი წელი გავიდა, მიხეილ სააკაშვილმა კი, როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაიგო, რომ საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს ისეთ ფაქტორებსა და მოტივებს, როგორიცაა მოწონება-არმოწონება ან დაჯერება-არდაჯერება, თუმცა ვინაიდან ძველ დროში «პირველწყაროებიდან დაწყებას» გვასწავლიდნენ, ალბათ, აჯობებს არქივებს გადავხედოთ. როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმ ინტერვიუს ციტირება, რომელიც ფიგურანტმა 2004 წლის აპრილში გაზეთ «იზვესტიას» მისცა. მიხეილ სააკაშვილი: «მე რომანტიკული ადამიანი ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, არცთუ ცოტა რამ მინახავს. მას (პუტინს) პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს _ ეს სწორედ ასეა. მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ. მან გააკეთა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ დღეს რუსეთში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქვეყნებში! პუტინი უფრო პრაგმატულია, აზროვნების სტილით უფრო თანამედროვეა, ვიდრე დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი».

შეიძლება თუ არა, ამ ციტატაზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ სააკაშვილს მოსწონდა პუტინი და სჯეროდა მისი? ხომ არ იმალება ამ სიტყვების მიღმა რაღაც ისეთი, რაც «კუდის ქიცინს» მოაგონებს? თუ ეს ასეა, რატომ იშვერს სააკაშვილი ხელს სხვისკენ? ყველაზე მასშტაბური ხოტბა საქართველოს ისტორიაში ვლადიმერ პუტინს სააკაშვილმა შეასხა; სხვა ქართველ პოლიტიკოსს მსგავსი რამ, უბრალოდ, არ უთქვამს.

დღეს, როდესაც სააკაშვილი ქართულ პარტიებს მოუწოდებს, მათი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, იმის დადგენა ვცადოთ, თუ სადამდე მიგვიყვანა მისმა პრიორიტეტებმა (ამჯერად ომის შემდგომ პერიოდს შევეხოთ). სააკაშვილის პოლიტიკა ამ წლებში, პრინციპში, შეიძლება, ლევ ტროცკის ცნობილი ფორმულის «არც ომი, არც მშვიდობა» მეშვეობით აღიწეროს. დღეს საქართველო არ აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი არც რეალურ სამშვიდობო პროცესს აქვს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ახალი ომის საფრთხე კვლავინდებურად დიდია, ხოლო დასავლური ქვეყნების ლიდერები გამუდმებით შეახსენებენ სააკაშვილს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში პერსპექტივა არ გააჩნია (დროებით თავი დავანებოთ ისეთ «წვრილმანებს», როგორიცაა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ჩაკეტვა და ა. შ.).

არჩევანი არც ისე დიდია: ან ყოვლისმომცველი ომი რუსეთთან, ან სამშვიდობო დარეგულირება თანმდევი კომპრომისებით. ორივე მიდგომის აპოლოგეტები ამტკიცებენ, რომ მათი გზა საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს, ხოლო ოპონენტების მიერ შემოთავაზებული _ კატასტროფამდე. ყველაფერი ეს გასაგებია, თუმცა მთავარი პრობლემა, სავარაუდოდ, მესამე, «სააკაშვილის გზაშია», რომელიც არსად არ მიდის. პოლიტიკას «არც ომი, არც მშვიდობა» საქართველოსთვის 2008 წლიდან დღემდე, უძრაობისა და ნელი კვდომის გარდა, არაფერი მოუტანია: არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან თუნდაც მასთან დაკავშირებული რეალისტური იმედების გაჩენა, არც ნატოსთან შესამჩნევი დახლოება, გაწევრიანებს თავი რომ დავანებოთ, არც ეკონომიკური აყვავება და .. ყოველივე ამას, საბოლოოდ, «ომისა და მშვიდობის» ფუნდამენტურ პრობლემამდე მივყავართ. სააკაშვილს არც ომის წარმოება და არც მშვიდობის მოტანა შეუძლია და ქვეყანა, უფრო სწორად კი ის, რაც მისგან დარჩა, ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში რჩება. სხვა პოლიტიკოსების პრიორიტეტებზე ყურადღების გადატანით კი, «ნაციონალური მოძრაობის» ბელადი, როგორც ჩანს, ცდილობს, თავი აარიდოს საუბარს იმ  სიცარიელეზე, რომელიც მისი პოლიტიკის (თუ მისი იმიტაციის) მიღმა დგას.

საქართველოს პატარა ქვეყანაა, თუმცა ოდითგანვე ძლიერი დიპლომატია და უცხო ქვეყნების დედაქალაქებში წარმატებული მუშაობის განვითარებული უნარი ჰქონდა. რუსეთს კი, პირიქით, არაერთგზის დაუკარგავს მოლაპარაკების მაგიდასთან ის, რაც ბრძოლის ველზე მოუპოვებია, რუსული დიპლომატია უნაკლო ნამდვილად არ არის; უბრალოდ, კრემლთან საუბრის დროს სასურველია ოტო ფონ ბისმარკის რჩევის გათვალისწინება: «რუსებს ან პატიოსნად უნდა ეთამაშო, ან საერთოდ არანაირად».

რუსეთთან, მოლაპარაკების მაგიდის ნაცვლად, ბრძოლის ველზე ურთიერთობის გარკვევის მსურველები ბევრმა შეიძლება კლინიკურ იდიოტებად ჩათვალოს, მაგრამ ასეთი, მათ შორის, მილიტარისტული ფსიქოზით შეპყრობილი ადამიანებიც კი, გაცილებით თანმიმდევრულნი და თავისებურად პატიოსანნი არიან, ვიდრე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ტროცკის სახელობის «არც ომი, არც მშვიდობის» კურსით.

ლევ ტროცკი 1918-ში მსოფლიო (უპირველესად კი, გერმანულ) რევოლუციას ელოდა. სააკაშვილის გარემოცვა გამუდმებით მიანიშნებს იმაზე, რომ ელოდება ცვლილებებს მოსკოვში და ხელისუფლების სათავეში პროამერიკული ძალების მოსვლას, რამაც საქართველოს პრობლემები ლამის ავტომატურ რეჟიმში უნდა მოაგვაროს. სხვათა შორის, 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბორის ელცინი პარლამენტს დაუპირისპირდა და მოსკოვის ქუჩებში სისხლი დაიღვარა, ის ვაშინგტონის მხარდაჭერაზე თითქმის 100%-ით დამოკიდებული გახდა, თუმცა აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის დაკარგვაზე, რომელიც იმავე პერიოდში მოხდა, ამას არანაირად არ უმოქმედია. პირდაპირი პარალელების გავლება დღევანდელობასთან, ცხადია, არ შეიძლება, თუმცა ძალზე საეჭვოა, კრემლის ახალ ბინადრებს იმის სურვილი გაუჩნდეთ, მოსახლეობას ამცნონ, რომ სააკაშვილის მოთხოვნებს დათანხმდნენ; ეს მათ რეიტინგზე გამანადგურებელ ზემოქმედებას მოახდენს და ამის გაკეთებას, სავარაუდოდ, არც ამერიკელი პარტნიორები ურჩევენ. თუმცა ასე შორს ნუ წავალთ, რადგან მოსკოვში ხელისუფლების შეცვლის ალბათობა ძალზე მცირეა, ცეცხლოვან ტროცკისტულ ოცნებებს თავი დავანებოთ და ისევ რეალობას დავუბრუნდეთ, რომელშიც რუსეთს ვლადიმერ პუტინი მართავს.

მცირე ჩანართი ომზე, პრაგმატიზმსა და რეალიზმზე. ომის დასრულების და ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, მიწასთან გასწორებული ვიეტნამის ხელისუფლებას ძალიან ცოტა ფული ჰქონდა. მაგრამ მან დამატებითი დახმარებისთვის სსრკსა და ჩინეთს კი არ მიმართა, რადგან ეს ნაბიჯი მათზე ვიეტნამის დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდიდა, არამედ მსოფლიო ბანკს, რომელსაც, ფაქტობრივად, აშშ აკონტროლებდა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი იმ დროს აშშის თავდაცვის ყოფილი მდივანი, ვიეტნამის ომის «მთავარი არქიტექტორი» რობერტ მაკნამარა იყო. წარმოვიდგინოთ მოლაპარაკების მაგიდა; ერთ მხარეს _ მაკნამარა, რომელსაც ვიეტნამის მოსახლეობა მილიონობით თანამემამულის დაღუპვაში დამნაშავედ მიიჩნევდა, მეორე მხარეს _ ვიეტნამელი კომუნისტები, რომლებმაც სამოცი ათასამდე ამერიკელი და ვინ მოთვლის, რამდენი სამხრეთვიეტნამელი მოკლეს; შევეცადოთ ამ მომენტის ფსიქოლოგიური ქვეტექსტი და ზოგადი დაძაბულობა შევიგრძნოთ.

აშშ-ის აზიელ მოკავშირეებს ნერვებმა უმტყუნა. სამხრეთ კორეამ და ფილიპინებმა, რომლებმაც ვიეტნამის ომში ბევრი სამხედრო დაკარგეს, დაიწყეს ყვირილი იმის თაობაზე, რომ სისხლისმსმელი კომუნისტებისთვის ფულის მიცემა არ შეიძლება; მათ ზოგიერთი სხვა ქვეყანაც აჰყვა. მაგრამ რობერტ მაკნამარამ მოკავშირეებს «ხელები ამოუტრიალა», გააჩუმა ისინი და 1978-ში ვიეტნამისთვის 60 მილიონი (მაშინდელი) დოლარის გამოყოფას მიაღწია. დაკარგეს თუ არა ამერიკელებმა ან ვიეტნამელებმა ამ ეპიზოდში «სახე»? ალბათ, არა. ზრუნავდა თუ არა ორივე მხარე საკუთარი შეცდომების, ომისა და უბედურების მიუხედავად, მომავალი თაობების ინტერესებზე? სავარაუდოდ, _ კი.

აშშ და ვიეტნამი მეგობარი ქვეყნები კიდევ საკმაო დროის განმავლობაში ვერ გახდებიან, თუმცა ურთიერთსასარგებლო (როგორც წესი, ანტიჩინური შინაარსის) თანამშრომლობას ისინი მშვენივრად ახერხებენ. იქ, სადაც ომის წლებში ამერიკელი და ვიეტნამელი ჯარისკაცების სისხლი დაიღვარა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება, რომელშიც ამას წინათ მონაწილეობა აშშის მხრიდან საესკადრო ნაღმოსანმა «ჯონ მაკკეინმა» მიიღოეს სახელი ხომალდს ჩვენი ძველი ნაცნობის, ვიეტნამის ომის მფრინავის, ჯონ მაკკეინის ბაბუის და მამის (ერთდროულად) საპატივცემულოდ მიენიჭა (ეს უკანასკანელი, ვიეტნამის ომის დროს წყნარი ოკეანის სარდლობას ხელმძღვანელობდა). სხვათა შორის, მათი მოუსვენარი შთამომავალი ომის შემდეგ ვიეტნამში არაერთგზის ჩავიდა და იმ ადამიანებს შეხვდა, ვისაც 1967-ში ბომბავდა, მათ, ვინც ტყვეობაში ყოფნის დროს მას დარაჯობდა.

ცხოვრება გრძელდება… მალე ორბიტაზე ვიეტნამური თანამგზავრი «ვინასატ-2» გავა, რომელიც ამერიკელებმა შექმნეს (ისევე როგორც «ვინასატ-1») და ამით ასობით მილიონი დოლარის მოგება ნახეს. მართალია, აშშ-ვიეტნამის ურთიერთობა ჯერჯერობით არ შეიძლება აღიწეროს როგორც «მეგობრული» (ზოგიერთი ამხანაგი პეკინში დარწმუნებულია, რომ საქმე ყოფილი მოწინააღმდეგეების ფარულ სტრატეგიულ ალიანსთან გვაქვს), მაგრამ ომი მათ შორის აშკარად დასრულდა. რაოდენ ბანალურადაც უნდა გაიჟღეროს, ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან სრულდება და ამის ილუსტრირება არა მხოლოდ აშშ-ვიეტნამის, არამედ რუსეთ-ფინეთის, საფრანგეთ-გერმანიისა და ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზე შეიძლება, რომელთა ომებში ასი ათასობით. თუ არა მილიონობით, ადამიანი დაიღუპა.

არის ერთი მარტივი კითხვა, რომელსაც ვერსად გავექცევით: რა უნდა ვქნათ? დავასრულოთ ომი რუსეთთან თუ გავაგრძელოთ ის? არჩევანის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს, რადგან ერთობ შიზოფრენიული კურსი «არც ომი, არც მშვიდობა» საქართველოს ღუპავს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი გამთლიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ხოლო უსაფრთხოების ვაკუუმი ქვეყნის მდგრად განვითარებს გამორიცხავს.

დიალოგი რუსეთთან, რომელიც ადრე თუ გვიან დაიწყება, უპრობლემო ნამდვილად არ იქნება და ილუზიები ამასთან დაკავშირებით, ალბათ, არ უნდა გვქონდეს. ეს ძალზე რთული, მტკივნეული საუბარი იქნება. შეხების წერტილების ძიება მესანგრის მუშაობას დაემსგავსება, რომელიც ძველი ნაღმის განეიტრალებას ცდილობს. ყველა პოლიტიკოსს როდი აქვს შესაბამისი ნებისყოფა და პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს.

თაობა, რომელიც დღეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს მემკვიდრეებისთვის ძლიერი ეკონომიკისა და საათივით აწყობილი დემოკრატიული სახელმწიფოს დატოვებას; ამ მიმართულებით იდეალური შედეგების მიღწევას ის, უბრალოდ, ვერ მოასწრებს. ერთადერთი რამ, რასაც ის შთამომავლებს უანდერძებს, იქნება მშვიდობა (ან კიდევ ომი, თუ საზოგადოება შესაბამის არჩევანს გააკეთებს). ალბათ, დროა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვერ მივბაძავთ და პრობლემისგან მუდმივ დამალვას ვერ შევძლებთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here