ჰიტლერის სისტემა ორიენტირებული იყო რასიზმზე, სხვა ხალხების ჩაგვრაზე, ზეადამიანის ფორმირებაზე. სტალინის სისტემა მიმართული იყო ექსპლუატატორების, საზოგადოების პარაზიტული ჯგუფების (სისხლის სამართლის დამნაშავეებისა და სპეკულანტების ხაზინის ქურდებისა და ნომენკლატურული ჩინოვნიკების, მომხვეჭელებისა და კორუფციონერების) წინააღმდეგ.
ჰიტლერის სისტემა მიმართული იყო საიმისოდ, რომ ექსპლუატატორად გაეხადა მთელი «რჩეული» ერი. ამით იგი ემსგავსებოდა ბრიტანეთის იმპერიას და არა საბჭოთა კავშირს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რათა გავიგოთ, რატომ მიიჩნევდა ჰიტლერი თავის საბოლოო მიზნად საბჭოთა კავშირის განადგურებას, რაშიც მას წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ჩემბერლენი.
შეიძლება უცნაურადაც კი მოგვეჩვენოს, რომ ჩერჩილი მხარს არ უჭერდა თავის წინამორბედს, მაგრამ ამას ხელს უშლიდა ოთხი მნიშვნელოვანი მომენტი.
პირველი, საზოგადოებრივი აზრი ინგლისში, უწინარეს ყოვლისა, მუშათა კლასი საბჭოთა კავშირთან მეგობრული ურთიერთობის მომხრე იყო. მეორე. გერმანიას შეიძლებოდა გასჩენოდა პრეტენზია დიდი ბრიტანეთის ზოგიერთი კოლონიის ხელში ჩაგდების. მესამე, თავის საგარეო პოლიტიკაში ჰიტლერი კარგად იყენებდა «საბჭოთა საკითხს». მეოთხე, პოლონეთსა და რუსეთს ხელში თუ ჩაიგდებდა, გამორიცხული არ იყო ჰიტლერს გასჩენოდა სურვილი საფრანგეთის და ინგლისის დამორჩილების.ჰიტლერის დიპლომატია თავის სასარგებლოდ იყენებდა შეუთავსებელ დაპირისპირებას, ერთის მხრივ, კაპიტალის, მეორე მხრივ, მშრომელთა სახელმწიფოებს შორის, იგი ხან დასავლეთს ეფიცებოდა ძმობაში, ხანაც იგივეს აკეთებდა აღმოსავლეთთან მოლაპარაკების დროს. ეტყობა, იგი მუდმივად ანგარიშობდა, რით დაეწყო: ჯერ დაეპყრო დასავლეთი და ცენტრალური ევროპა იტალიისა და თურქეთის მოკავშირეობით, შემდეგ თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს, თუ თავიდანვე წარემართა თავისი აგრესია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
პირველ შემთხვევაში მისი მოწინააღმდეგეები იქნებოდა ძლიერი ქვეყნები: ბელგია, საფრანგეთი და ინგლისი (მათთან შესაძლო კავშირში მყოფი ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და საბჭოთა კავშირი). მეორე შემთხვევაში ჯერ უნდა დაემორჩილებინა ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის პატარა სახელმწიფოები და ფინეთი. საბოლოოდ მან ეს გზა აირჩია.
მას უხდებოდა გადაელახა დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობა, მათ შორის, ფაშისტური იტალიისაც კი (სამხრეთის მიმართულებით გერმანიის გაფართოების შემთხვევაში). არსებობდა ინგლისისა და საფრანგეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის საფრთხეც მათი მეგობარი ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის დაცვის გამო. ეს ყველაფერი ძალიან ართულებდა ჰიტლერის პოლიტიკურ მანევრებს. მით უფრო, მას პრინციპული შესაძლებლობა ჰქონდა ან დასავლეთის, ან აღმოსავლეთის მოკავშირე გამხდარიყო. პირველ ვარიანტით მას მოუხდებოდა რუსეთთან ომის დაწყება.
მეორე ვარიანტში შეიძლებოდა ხელთ ეგდო დანაწევრებული ბრიტანეთის იმპერიის მსუყე ნაჭრები. მაგრამ ძნელი იყო მინდობოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, რომელიც მისი იდეოლოგიური მტერი იყო.
საით უნდა გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი?
უწინარეს ყოვლისა, ჰიტლერს სჭირდებოდა ვერმახტის სამხედრო ძლიერების გაზრდა და თავისი სამფლობელოს გაფართოება. მაგრამ ჰიტლერს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები ჩაეშალა, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა _ გერმანია დიდ დახმარებას უწევს ევროპას იმით, რომ იარაღდებოდა, რითაც კომუნიზმის საშიშროებისგან იცავდა.
ცნობილია, რომ შიდა ბრძოლები საბჭოთა კავშირში დასრულდა 1938 წლისთვის. ანტისტალინელები ამტკიცებენ, თითქოს ომის წინა წლებში წითელი არმია სისხლისგან იქნა დაცლილი, აცხადებენ, რომ მოსპეს 40 ათასი ოფიცერი, განსაკუთრებით ბევრი _ უმაღლესი ხელმძღვანელი, რომელთა შორის გამოირჩეოდა უნიჭიერესი მარშალი ტუხაჩევსკი.
როგორც ირკვევა, 1937-1939 წლებში წითელი არმიიდან დაითხოვეს 37 ათასი მეთაური. მათ შორის (მიაქციეთ ყურადღება!) 8 ათასი _ «ბუნებრივი კლებით» (გარდაცვალების გამო, ავადმყოფობის, ზღვრულ ასაკს მიღწევის, დანაშაულის ჩადენის, მორალური გახრწნის თუ სხვა მიზეზით). დარჩენილებიდან დააპატიმრეს 6-8 ათასი; სხვადასხვა მონაცემით, 1-დან 4 ათასამდე კაცი დახვრიტეს. წითელი არმიის ოფიცერთა საერთო რაოდენობა 1941 წლისთვის 680 კაცს აღწევდა.
ამ ციფრების შემყურე ვერ იტყვის, არმიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადაო.
ტუხაჩევსკის მხედართმთავრული მონაცემები ვარშავისკენ «ელვისებური გადასვლის» (ა. ბულაკის გამოთქმა) დროს გამჟღავნდა. სამაგიეროდ მან წარმატებით ჩაახშო ამბოხი ცენტრალურ რუსეთში, როცა მილიონამდე რუსი გლეხი დაიღუპა. ციხეში ყოფნის დროს, როცა ტუხაჩევსკიმ აღიარა თავისი დანაშაული, მან დიდი მოცულობის სტატია დაწერა გერმანიასთან ომის შესახებ. მისი აზრით, გერმანელები შეუტევდნენ უკრაინასა და კავკასიას, მაგრამ არა ბელორუსის გავლით მოსკოვისკენ (რაც მოხდა), არამედ _ ლენინგრადისკენ… მანამდე, როცა შემტევით ომს გეგმავდა, წითელ არმიას აიარაღებდა მსუბუქი ტანკებით, ტანკეტკებით და მძიმე ბომბდამშენებით. ეს რომ სტალინმა შეიტყო, გასცა განკარგულება, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ მძიმე ტანკების, ავიაგამანადგურებლებისა და მოიერიშე ბომბდამშენების წარმოება. ეს გადაწყვეტილება მართლაც ბედისმიერი გამოდგა ომის წლებში, როცა არმიამ მიიღო შესანიშნავი ტანკები ტ-34, მოიერიშეები ილ-2 და ა.შ.
რა მოვლენები განვითარდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სფეროში შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგალითად, გერმანიის შეიარაღებული ძალების სამმართველოს საიდუმლო ბარათით, რომელიც 1937 წლის აპრილ-მაისშია შედგენილი: «მარშალ ტუხაჩევსკის დაცემის ჭეშმარიტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია; უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი თავისი ზღვარგადასული პატივმოყვარეობით დაუპირისპირდა ვოროშილოვს, რომელსაც ახასიათებს სიმშვიდე, გააზრებული მოქმედება და რომელიც სრულად ერთგულებს სტალინს. ტუხაჩევსკის დაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ადასტურებს, რომ წითელი არმია სტალინს ხელთ უპყრია».
გამოდის, რომ ტუხაჩევსკი, ვოროშილოვისგან განსხვავებით, სტალინის ერთგული არ იყო, ხოლო მის დაცემას ჰიტლერელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ხოლო ბოლო წინადადება, რომ სტალინს ხელთ უპყრია წითელი არმია, ხაზგასმით ადასტურებს, რომ სწორედ ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ბელადის დამხობა შეეძლოთ არმიისა და შინსახკომის ხელმძღვანელებს, რომელთა შორის იყვნენ აშკარად პროგერმანულად განწყობილი ტუხაჩევსკი და უბორევიჩი.
გერმანელ მეთაურთა შორისაც იყვნენ ჰიტლერის პოლიტიკით უკმაყოფილონი. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ასეთი ერთობა ადვილი გასაგებია. გერმანელებისა და საბჭოთა კავშირის არმიების გაერთიანება იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, აგრეთვე, აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში; შესაძლებელი გახდებოდა მსოფლიოს განაწილება (ჩრდილოეთ ამერიკის გამოკლებით) გერმანიასა და ნაწილობრივ იტალიას, რუსეთსა და იაპონიას შორის. არის ცნობები, რომ ამგვარი განაწილების გეგმები არსებობდა. მათ განხორციელებას ხელს უშლიდა სტალინისა და ჰიტლერის იდეოლოგიების სრული შეუთავსებლობა.
დღევანდელი პოლიტიზებული ისტორიკოსები ტყავიდან ძვრებიან, რათა ხაზი გაუსვან მესამე რაიხისა და საბჭოთა კავშირის დიქტატორული რეჟიმების მსგავსებას, რომლებიც თითქოს უპირისპირდებოდნენ ბურჟუაზიული «დემოკრატიების» «ღია საზოგადოებას». საამისოდ იყენებენ არგუმენტს, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ომში პირველი ჩაება ინგლისი და მხოლოდ შემდეგ _ საბჭოთა კავშირი.
მაგრამ სინამდვილეში დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი სიხარულით, ჩემბერლენი კი დამამცირებელი მზადყოფნით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ჰიტლერთან და ესწრაფვოდნენ აღმოსავლეთისკენ მის ორიენტირებას. ჩერჩილი აღიარებდა, რომ სძულდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ არა ფაშისტური გერმანია, რომელიც მან მტრად აღიარა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინგლისის გავლენას ევროპასა და მთელ მსოფლიოში სწორედ ჰიტლერი დაემუქრა.
სტალინსაც და ჰიტლერსაც შესანიშნავად ესმოდათ, რომ მათი დაპირისპირება ხელს აძლევდა, უწინარეს ყოვლისა, ინგლისს, რომელიც თავის მოკავშირეებთან ერთად შეიძლებოდა თავს დასხმოდა დასუსტებულ გამარჯვებულ მხარეს.
1937 წლის ზაფხულში იაპონიამ გააძლიერა აგრესია ჩინეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირისთვის განგაშის ნიშნად იქცა 1938 წლის აგვისტო-სექტემბერში იაპონელების თავდასხმა ხასანის ტბის რაიონში. იმავე წლის სექტემბრის ბოლოს მიუნჰენში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ხელისუფლებათა შორის. სსრ კავშირის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ. ლაპარაკი იყო ჩეხოსლოვაკიის გაყოფაზე, რაც განსაზღვრავდა ჰიტლერული აგრესიის აღმოსავლეთისკენ წარმართვას.
ინგლისელი მკვლევარების _ ა. რიდისა და დ. ფიშერის დასკვნით: «მიუნჰენის ხელშეკრულება ისტორიაში შევიდა როგორც სიბეცის, ღალატისა და ვერაგობის სიმბოლო. გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკია იქცა მახვილად, რომელიც მიმართული იყო აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირის გულისკენ».
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩემბერლენმა მიუნხენიდან გაფრენის წინ ჰიტლერს გულახდილად და სიხარულით განუცხადა: «საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად თქვენ საკმარისი რაოდენობით გაქვთ თვითმფრინავები, მით უფრო, რომ უკვე აღარ არსებობს ჩეხოსლოვაკიის აეროდრომებზე საბჭოთა თვითმფრინავების ბაზირების საშუალება». ფაშისტებმა მართლაც მოახდინეს ამ ქვეყნის ოკუპირება 1939 წლის მარტში და ხელთ იგდეს მისი მძლავრი ინდუსტრიული პოტენციალი, კერძოდ, _ ასობით ტანკი, 1,5 ათასი თვითმფრინავი, 43 ათასი ტყვიამფრქვევი, საომარი მასალის უდიდესი რაოდენობა. გერმანიის ჯარები შევიდნენ ლიტვაში, დაიპყრეს მემელის (კლაიპედას) ნავსადგური.
თითქოს ჰიტლერს ისღა დარჩენოდა, რომ დაერტყა საბჭოთა კავშირისთვის. მაგრამ ამისთვის მას სჭირდებოდა ფართო სივრცე მანევრების განსახორციელებლად. საჭირო იყო ჯარის შეყვანა პოლონეთში. ამასთანავე, დარწმუნებული არ იყო, რომ გააჩნდა ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის საკმარისი რესურსი. თანაც არავინ იძლეოდა გარანტიას, რომ სისხლისგან დაცლილ გერმანიას თავს არ დაესხმოდნენ დასავლელი «მეგობრები», მასავით მტაცებელი ქვეყნები.
საკ.კპ(ბ) XVIII ყრილობის საანგარიშო მოხსენებაში 1939 წლის 10 მარტს სტალინმა გარკვევით განაცხადა, რომ გერმანიას საბჭოთა კავშირთან საომრად დასავლეთიდან უბიძგებენ, რათა «შემდეგ, როცა ისინი დასუსტდებიან, თავიანთი ძალებით გამოვიდნენ სცენაზე, გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, «მსოფლიოს ინტერესებისთვის» და უკარნახონ ომის დასუსტებულ მონაწილეებს თავიანთი პირობები. იაფიცაა და სასიამოვნოც!»
სტალინმა ნათლად ახსნა სიტუაცია. ჰიტლერსაც ესმოდა, რაც ხდებოდა. საბჭოთა ლიდერის სიტყვები არაორაზროვნად მიუთითებდა, რომ მათ ქვეყნებს თავიდან უნდა აერიდებინათ ურთიერთკონფრონტაცია. პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში ინგლისისა და საფრანგეთის გავლენის სფეროში იმყოფებოდა, გერმანიას დაემუქრებოდა საპასუო დარტყმა დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც, რადგან სტალინი ამ აგრესიას საბჭოთა კავშირთან ომის პრელუდიად აღიქვამდა.
ამიტომ იყო, რომ ჰიტლერმა მიზანშეწონილად მიიჩნია სტალინთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის გავლენის ზონების დადგენა ინგლისისა და საფრანგეთის ინტერესების იგნორირებით, რომლებსაც შექმნილ ვითარებაში, საეჭვოა, ომი გამოეცხადებინათ გერმანიისთვის, რომელსაც გარანტირებული ექნებოდა თავდაუსხმელობა ზურგიდან, ანუ საბჭოთა კავშირის მხრიდან.
ასეთი იყო გამარტივებულად წარმოდგენილი იმ პერიოდის დიპლომატიური ვითარების სურათი. ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოების გარდა, «პოლიტიკურ თამაშებში» მეტ-ნაკლები აქტივობით მონაწილეობდნენ ისეთი ჯუჯა სახელმწიფოები, როგორიც ვატიკანია, რომელთა როლი სულაც არ იყო მეორეხარისხოვანი. ბევრი რამ, რაც ამჟამად, მრავალი წლის შემდგომი გადასახედიდან ნათელია და გასაგები, იმ დროს საიდუმლოების ბურუსით იყო დაფარული და დეზინფორმაციით არეული. სახელმწიფოთა მეთაურების ზოგიერთი ჩანაფიქრი შეიძლება ვარაუდით გავშიფროთ, მაგრამ დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. მაგალითად, გამორიცხული არ არის, რომ ჩემბერლენი მართლაც იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ფაშისტური გერმანიის დაოკებას მაშინვე, როგორც კი დაკმაყოფილდებოდა მისი ტერიტორიული მოთხოვნები. ამასთან, ჰიტლერი და სტალინი განაგრძობდნენ თავიანთი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელი მხარის გვერდით დადგომა იქნებოდა მიზანშეწონილი, მომავალში გამოჩნდებოდა, მანამდე კი გააგრძელებდა ძალთა ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკას, გააძლიერებდა გავლენას ევროპაში და იზრუნებდა ბრიტანეთის იმპერიის შესანარჩუნებლად.
ინგლისის მმართველებისთვის გერმანული ფაშიზმი საბჭოთა სოციალიზმზე გაცილებით უმჯობესი იყო. ეს არცაა გასაკვირი. საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას მხარს უჭერდა ინგლისის მუშათა კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი და გავლენიანი ინტელიგენციის საკმაო რაოდენობა. სოციალისტური მშენებლობის არაჩვეულებრივი წარმატებები ხაზს უსვამდა კომუნიზმის იდეებისა მშრომელთა სახელმწიფოს შექმნის უპირატესობას. არსებობდა საშიშროება, რომ ეს იდეები გავრცელდებოდა დამოკიდებულ და კოლონიურ ქვეყნებში, რაც რეალურად დაემუქრებოდა ბრიტანეთის იმპერიას. ამ ფონზე ჰიტლერის მისწრაფება ინგლისის «მამულების» ხელში ჩასაგდებად რეალური არ ჩანდა (ყოველ შემთხვევაში, ჩემბერლენისა და მისი მომხრეებისთვის. მაგრამ ჩერჩილი ასე არ ფიქრობდა).
ფაქტი ფაქტად რჩება: საბჭოთა კავშირის არც ერთ წინადადებას, რომლებიც ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული, არც ინგლისი, არც საფრანგეთი არ ეთანხმებოდნენ. ასეთ ვითარებაში სტალინს იმის იმედიღა თუ ექნებოდა, რომ ჰიტლერი შეეცდებოდა, თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა მთელი დასავლეთი ევროპა, ჯერ თავს დაესხმებოდა ბელგიასა და საფრანგეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გარისკავდა აღმოსავლეთისკენ გალაშქრებას. ამ დროისთვის კი (1942-43 წლებისთვის) საბჭოთა კავშირი დაასრულებდა გადაიარაღებას და მზად იქნებოდა აგრესიის მოსაგერიებლად.
ჰიტლერი დარწმუნებული არ იყო, რომ მოცემულ მომენტში _ 1938-1939 წლებში სწრაფად გაუსწორდებოდა საბჭოთა კავშირს. ასეც რომ მომხდარიყო, ყველაფერი შეიძლება დამთავრებულიყო ისე, როგორც სტალინი აფრთხილებდა _ ინგლისის ჰეგემონიით ომით დასუსტებულ გერმანიაზე. საეჭვო იყო, რომ ინგლისი და საფრანგეთი შეურიგდებოდნენ მესამე რაიხის შემდგომ მნიშვნელოვან გაძლიერებას.
საქმე ის იყო, რა ბედს განუსაზღვრავდნენ პოლონეთს, რომელიც საბჭოთა კავშირისკენ გზას უღობავდა ფაშისტებს. პოლონეთში შეჭრას შეიძლება ინგლისისა და საფრანგეთის უკმაყოფილება გამოეწვია, მაშასადამე, _ მათი დაჯახება გერმანიასთან. ეს უთუოდ მომგებიანი იყო საბჭოთა კავშირისთვის.
ომის მისადგომებთან
შტირლიცის, როგორც ჩვენი მზვერავის კინოლეგენდა, ფაქტებით არ დასტურდება. სამაგიეროდ უეჭველია, რომ ჰიტლერის ახლო გარემოცვაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მისი გეგმების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს აწვდიდნენ საბჭოთა კავშირის შესაბამის ორგანოებს.
ჯერ კიდევ 20-იან წლებში მოსკოვმა ყურადღება მიაქცია პატარა, ჯერ კიდევ რეგიონული პარტიის (რომლის გავლენა მხოლოდ ბავარიაში ვრცელდებოდა) ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს, თუმცა კომინტერნის ხელმძღვანელი ბუხარინი მას აგდებულად მოიხსენიებდა. მაგრამ სტალინმა ჯერ კიდევ 1926 წელს დაავალა პოლიტიკურ დაზვერვას, ჩანერგილიყო ჰიტლერის პარტიაში, რადგან დასაშვებად მიიჩნევდა პერსპექტივაში მის გაძლიერებას: იმ პერიოდში ძლიერი გერმანიის აღდგენის იმედი ბევრ გერმანელს უთბობდა გულს. ჰიტლერი კი სწორედ ამას ქადაგებდა. ამას გარდა, არ შეიძლებოდა ჰიტლერის პოლიტიკური ალღოსა და მისი პიროვნების არაორდინალურობის ხელაღებით უგულებელყოფა.
ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მის მოსვლამდე რუსმა პოლიტემიგრანტმა, მწერალმა და პუბლიცისტმა მარკ ალდანოვმა (ლანდაუმ) ასე დაახასიათა იგი: «ეს საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, თავდაჯერებული, ბოროტი, შურისმაძიებელი და უკიდურესად პატივმოყვარე. ვფიქრობ, რომ იგი გულწრფელია და უანგარო… ჰიტლერი «ილიჩად» არ გამოდგება, სულიერი თვისებებით განსაკუთრებით ახლოს დგას ტროცკისთან…» და კიდევ ერთი ზუსტი შენიშვნა: «როგორ სოციალიზმს განახორციელებს ჰიტლერი, თუ ძალაუფლებას ხელთ იგდებს, ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, რომ არავითარ სოციალიზმს არ განახორციელებს» (ამიტომაც მხარს უჭერდნენ კაპიტალისტები).
საბჭოთა დიპლომატის, ვ. პავლოვის პირადი შთაბეჭდილება კი ასეთი იყო: «ჰიტლერი ყოველთვის დამოუკიდებლად, კარნახის გარეშე ლაპარაკობდა. მისი სიტყვა ლოგიკური იყო. სტალინი ამბობდა, რომ ჰიტლერი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ _ ჭკუამოკლეა».
გერმანელი დიპლომატი ბარონი ფონ პუტლიცი იხსენებდა, რომ მას ყოველთვის აცვიფრებდა ჰიტლერის არაჩვეულებრივი მეხსიერება. რომელიმე დოკუმენტს ერთხელ მაინც თუ წაიკითხავდა, ერთი საათის შემდეგ შეეძლო მისი თითქმის სიტყვა-სიტყვით გამეორება.
მესამე რაიხის უშიშროების სამსახურის სამმართველოს უფროსი შელენბერგი ასე ახასიათებდა ჰიტლერს:
«ნაწილობრივ საფუძვლიან, ნაწილობრივ დილეტანტურ ცოდნასთან ერთად, რაც შეზღუდული იყო ბურჟუაზიული თვალთახედვით, ჰიტლერს გააჩნდა ალღოს მსგავსი პოლიტიკური ინსტიქტი. მას ჰქონდა ჩაგონების უნარი, რომელსაც კარგად იყენებდა. სიამოვნებით იყენებდა ამ უნარს თანამოსაუბრეებზე გავლენის მოსახდენად, ისეთ ადამიანად საკუთარი თავის წარმოსაჩენად, რომელსაც არაჩვეულებრივი და ღრმა ცოდნა აქვს. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა დისკუსიის წარმართვის უნარით. ამას ოსტატურად ახერხებდა. კამათის დროს მას გამოცდილი სპეციალისტების გადარწმუნებაც კი შეეძლო. კონტრარგუმენტები მათ ახსენდებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიხსკანცელარიის გარეთ აღმოჩნდებოდნენ, დაფიქრდებოდნენ და მიხვდებოდნენ, რამდენად არასარწმუნო იყო ჰიტლერის მოსაზრებები».
მოლოტოვი, რომელსაც ჰიტლერთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა, მრავალი წლის შემდეგ აღნიშნავდა მის არაჩვეულებრივ მობილიზებას, მიზანსწრაფვასა და თანმიმდევრულობას. უეჭველია, რომ ჰიტლერი კარგი პრაქტიკული ფსიქოლოგი იყო. მისი ენერგია და შრომისუნარიანობა უზარმაზარი იყო. ამას უნდა დავუმატოთ ერთი როლიდან მეორეში გადასვლის უნარი: ახალგაზრდობაში იგი მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა.
1933 წელს ხელისუფლებაში მისი მოსვლა აღინიშნა გერმანია-საბჭოთა კავშირის ყველა სფეროში ღრმა და მრავალმხრივი ურთიერთობის შეკვეცით. სტალინმა იცოდა, რომ ჰიტლერი თავის მთავარ მიზნად მიიჩნევდა კომუნიზმის მოსპობას და საბჭოთა კავშირის გერმანიის კოლონიად გადაქცევას.
საბჭოთა კავშირის საერთაშორისო მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მილიტარიზმის ცენტრს შორეულ აღმოსავლეთში დაემატა ახალი, გაცილებით საშიში კერა _ იაპონიაში.
სტალინს განსაკუთრებით აშფოთებდა ჰიტლერის საგარეოპოლიტიკური ხაზი, რომელიც მიმართული იყო გერმანიის პოლონეთთან კავშირის დასამყარებლად და აშკარად ანტისაბჭოთა ხასიათს ატარებდა. 1934 წლის იანვარში გაფორმდა გერმანია-პოლონეთის ხელშეკრულება. ტრადიციული გერმანული მისწრაფება აღმოსავლეთის ტერიტორიებისკენ შეერწყა ოდინდელ რუსოფობიას. საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ორიენტირება ლონდონსა და პარიზზე მაშინ სავსებით გამართლებული და ერთადერთი გონივრული ვარიანტი იყო.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე