Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა


ანტისტალინური უნამუსობა

კოსიორსა და ჩუბარს როდოსი ბერიას ინსტრუქციების მიხედვით აწამებდა

ხრუშჩოვი: «ამასწინათ, ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, ცკ პრეზიდიუმის სხდომაზე გამოვიძახეთ გამომძიებელი როდოსი და დავკითხეთ. მას თავის დროზე მიჰყავდა გამოძიება და დაჰკითხავდა კოსიორს, ჩუბარსა და კოსარევს. უვარგისი კაცია, ქათმის ჭკუით, მორალურად გადაგვარებულია. და ასეთი კაცი განსაზღვრავდა პარტიის ცნობილ მოღვაწეთა ბედს, განსაზღვრავდა ამ საკითხების პოლიტიკასაც, რადგან მათი «დამნაშავეობის» დამტკიცებით, აწვდიდა მასალებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნების მისაღებად.

საკითხავია, განა შეეძლო ასეთი კაცს თავისი ჭკუით, დამოუკიდებლად წარემართა გამოძიება იმგვარად, რათა დაემტკიცებინა ბრალეულობა ისეთი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ კოსიორი და სხვები? არა, ის ვერაფერს გააკეთებდა სათანადო მითითებების გარეშე. ცკ პრეზიდიუმის სხდომაზე მან განგვიცხადა: «მე მითხრეს, რომ კოსიორი და ჩუბარი ხალხის მტრები არიან, ამიტომ მე, როგორც გამომძიებელს, მათი აღიარება უნდა მიმეღო, რომ ისინი მტრები არიან» (აღშფოთების ხმაური დარბაზში).ამის მიღწევა მას შეეძლო მხოლოდ ხანგრძლივი წამების გზით, რასაც აკეთებდა, ბერიასგან მიღებული ინსტრუქტაჟის მიხედვით. უნდა ითქვას, რომ ცკ პრეზიდიუმის სხდომაზე როდოსმა ცინიკურად განაცხადა: «მე მიმაჩნდა, რომ პარტიის დავალებას ვასრულებდი». აი, პრაქტიკულად როგორ ასრულებდნენ სტალინის დავალებას დაპატიმრებულთა მიმართ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდების გამოყენების შესახებ.

ეს და ბევრი სხვა მსგავსი ფაქტი მოწმობს, რომ პარტიული საკითხების სწორი გადაწყვეტის ნორმები ლიკვიდირებული იყო, ყველაფერი ერთი პიროვნების თვითნებობას ემორჩილებოდა».

ხრუშჩოვის თაღლითობა აქ შენიღბულია მინიშნებით, თითქოს ბ. ვ. როდოსის მიერ წამებით მიღებული ჩვენებები ერთადერთი საფუძველი იყო კოსიორისა და ჩუბარის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოსატანად. არადა, ამ პირთა მიმართ არსებობს უამრავი ჩვენება, რაც დაკავშირებული არ არის მათ წინააღმდეგ «ფიზიკური ზემოქმედების ფაქტების» გამოყენებასთან. კერძოდ, 1939 წლის 6 აპრილს აღიარებით ჩვენებებში ორივე მათგანი დასახელებული იყო მემარჯვენეთა შეთქმულების მონაწილედ და გერმანიის ჯაშუშად.

ხრუშჩოვი როდოსს «ბერიას კაცად» მიიჩნევდა. არადა, როგორც სარეაბილიტაციო მასალებშია აღნიშნული, გამომძიებლის კარიერა როდოსმა დაიწყო მაშინ, როცა შინსახკომს სათავეში ეჟოვი ედგა.

შესაძლებელია, რომ როდოსი, როგორც მან ცკ პრეზიდიუმს განუცხადა, მხოლოდ «ასრულებდა დავალებას», იგი მართლაც ემორჩილებოდა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ ბრძანებას. ამ შემთხვევაში მას არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც მიაწერენ. შესაძლებელია, რომ მისი ჭეშმარიტი დანაშაული იყო ის, რომ იგი განაგრძობდა გამომძიებლობას როგორც ბერიას, ასევე ეჟოვის დროს. ხრუშჩოვმა კი ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ყველაფერი ბერიასთვის დაებრალებინა.

როდოსი სასამართლოს გადაეცა სკკპ ცკ პრეზიდიუმის 1956 წლის 1 თებერვალს, ანუ ზუსტად იმ დღეებში, როცა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა მიმდინარეობდა. რა საჭირო იყო ასეთი აჩქარება? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდოსის მოცილება დასჭირდათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოეცილებინათ ასეთი მოწმე და დაემალათ სიმართლე. როდოსი, როგორც შინსახკომის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, აქტიურად მონაწილეობდა ეჟოვის «მოღვაწეობის» გამოძიებაში, იძიებდა, აგრეთვე, იმათ საქმეებს, ვინც ეჟოვის მეუღლის უახლოეს წრეში შედიოდა, ე.ი. ბაბელის, ვ.ე. მეიერხოლდისა და სხვების. ხრუშჩოვს უეჭველად გაუღიმა ბედმა, რომ მან შეძლო ბერიასა და როდოსის პოვნა, რათა მათთვის გადაებრალებინა მთელი პასუხისმგებლობა რეპრესიების განხორციელებაზე, მათ შორის, _ ზოგიერთი თავისი ცოდვისა. უაღრესი დაჩქარებით როდოსის მოცილება იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ხრუშჩოვსა და ეჟოვს შორის არსებობდა რაღაც უხილავი კავშირი, რომელსაც თავისი ფესვებით ხრუშჩოვის პირველი მდივნობის წლებთან მივყავართ.

ცნობისთვის: 1954 წელს როდოსი დააპატიმრეს, როგორც «ბერიას ბანდის» წევრი, მაგრამ მისი საქმის მასალები დღემდე გასაიდუმლოებული არ არის.

კოლექტივიზაცია, გაკულაკება, განკულაკება

«სტალინური საშინელების» მხილების მოყვარული მკვლევარები განსაკუთრებული მონდომებით წერენ გლეხების გაკულაკების შესახებ, რაც კოლექტივიზაციის თანმდევი პროცესი იყო. წარმოგვიდგენენ ამ მოვლენებს, როგორც მასშტაბურ, უაზრო და დაუნდობელ დანაშაულს.

შევეცადოთ, ობიექტურად გავერკვეთ ჩვენი ისტორიის ამ ეტაპის თავისებურებებში, რით იყო ისინი გამოწვეული და რამდენად იყო გამართლებული.

როგორც წესი, მთავარი არგუმენტი ასე ჟღერს, რუსეთი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, კოლექტივიზაციამ მიწასთან გაასწორა, გაკულაკებამ კი იმ დონემდე მიიყვანა, რომ ქვეყნის მოსახლეობა შიმშილისგან ამოწყვეტის კატასტროფის წინაშე დააყენა. ეს თემა საფუძვლიანადაა განხილული იგორ პიხალოვის ნაშრომში «რისთვის აპატიმრებდნენ სტალინის დროს».

მართლა კვებავდა რუსეთი ნახევარ ევროპას?

გაკულაკების რეპრესიულ ხასიათზე საკითხის გასარკვევად, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ შეკითხვაზე სრული და ამომწურავი პასუხის გაცემა.

რატომ დასჭირდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას 20-იანი წლების ბოლოს გლეხობის კოლექტიურ მეურნეობებში შერეკვა, თუ გლეხობას ამ სტრუქტურული ცვლილების გარეშეც შეეძლო ქვეყნის მოსახლეობის გამოკვება?

ანტისტალინელების ბრალდებით საამისო მიზეზები არ არსებობდა და ყველაფერი ბოროტი სტალინის აჩემებისა და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად განხორციელდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანას მართავდნენ პათოლოგიური დამნაშავენი და მანიაკები, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული, რაც შეიძლება მეტი ხალხის ამოწყვეტა, განსაკუთრებით კი გლეხობისა. შედეგად კოლექტივიზაციამ «მოსპო სოფლის მეურნეობა», კოლმეურნეები კი მონებად იქცნენ.

არადა, მეფის ხელისუფლების პირობებში, გვამუნათებენ ისინი, როცა არავითარი კოლექტიური მეურნეობები არ არსებობდა, კერძოდ 1913 წელს რუსეთმა უფრო მეტი ხორბალი მოიწია, ვიდრე აშშ-მა, კანადამ, არგენტინამ ერთად აღებულმა და პურით უზრუნველყო თითქმის ნახევარი მსოფლიო». ან კიდევ: 1909 წლისთვის რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მარცვლეულის წარმოებაში და მოჰყავს მსოფლიოს ყოველწლიური ჭვავის მოსავლის ნახევარზე მეტი, ხორბლის, შვრიის, ქერის მოსავლის მეოთხედზე მეტი.

1913 წელს მარცვლეულის მოსავალი ერთი მესამედით მეტი იყო, ვიდრე აშშ-ში, კანადასა და არგენტინაში ერთად აღებული.

გავაანალიზოთ ეს სიტუაცია რეალური მონაცემებით.

პირველი თეზისი _ რუსეთი უაღრესად დიდმოსავლიანი ქვეყანა იყო. რუსეთი წინ უსწრებდა მარცვლეულის წარმოებაში «აშშ-ს, კანადასა და არგენტინას ერთად აღებულს».

თვითმპყრობელური რეჟიმის მეხოტბენი, ცხადია, არ შეადარებდნენ იმდროინდელ რუსეთს ბენილუქსის ქვეყნებს _ ბელგიას, ლუქსემბურგს, ჰოლანდიას, რადგან სამივე რუსეთის ერთ გუბერნიაში ჩაეტევა. სხვა ეფექტი აქვს აშშ-თან, კანადასთან და არგენტინასთან დაპირისპირებას, ეს უკვე სოლიდურია. მაგრამ მოდით, გავიხსენოთ, მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობდა ამ ქვეყნებში 1913 წელს. ამ პერიოდში აშშ-ში 98,8 მილიონი ადამიანი აღირიცხებოდა, კანადაში _ 7,2 მილიონი კაცი. რუსეთში (ფინეთის ჩაუთვლელად) 170,9 მილიონი მოქალაქე იყო, ანუ ერთნახევარჯერ მეტი. მაშასადამე, არც სატრაბახოდ ჰქონია თვითმპყრობელ რუსეთს საქმე, რადგან ერთ სულ მოსახლეზე, გაწი-გამოწიე, ნაკლები გამოდის.

მაგრამ ვნახოთ, რა რაოდენობის მოსავალს მოიწევდნენ სინამდვილეში ამ ქვეყნების მიწათმოქმედნი? 1913 წელს რეალურად მოსავლის რაოდენობა ასეთი იყო (ათას ფუთობით):

იხ. ცხრილი #1

როგორც ვხედავთ, ზემოთ დამოწმებული მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ ხორბლის მოსავლის რაოდენობით 1913 წელს რუსეთი აშშ-ს უსწრებდა, ერთობლივად ჩამორჩებოდა კანადას, აშშ-სა და არგენტინას. მაგრამ თუ ხუთივე მარცვლეულის წარმოებას შევადარებთ (და არა მარტო ხორბლისას), აღმოჩნდება, რომ რუსეთი მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი ჩამორჩებოდა. თუ ამ რიცხვებს თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე გავყოფთ, შედეგი ფრიად დამამწუხრებელი იქნება: აღმოჩნდება, რომ 1913 წელს რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე მოიწიეს 30,3 ფუთი მარცვლეული, შეერთებულ შტატებში _ 64,3 ფუთი, არგენტინაში _ 87,4 ფუთი, კანადაში კი _ 121 ფუთი. ამრიგად, ერთ სულ მოსახლეზე მარცვლეულის მოსავლის მიღებით აშშ მეფის რუსეთს ორჯერ უსწრებდა, არგენტინა _ სამჯერ, კანადა კი _ ოთხჯერ.

შემდეგი თეზისის მიხედვით, რუსეთი ნახევარ მსოფლიოს თუ არა, ევროპის ნახევარს მაინც გამოკვებავდა, რაც ასევე სიცრუე აღმოჩნდება რეალური ციფრების განხილვისას. აქვე შევნიშნოთ, რომ ყველა მონაცემი სპეციალური სტატისტიკური კრებულებიდან არის მოხმობილი.

#2 ცხრილში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ხუთი ძირითადი მარცვლეული კულტურის 1913 წელს განხორციელებული ექსპორტის სურათს გვიხატავს.

იხ. ცხრილი #2

აქვე შევნიშნოთ, რომ ეს ცხრილი არცთუ ზუსტად გადმოგვცემს მსოფლიო ხორბლის ბაზრის საერთო სურათს, რადგან ქვეყნების ამ რაოდენობაში ერთგვარად გაზავდა ევროპის სახელმწიფოები (ჰოლანდია, გერმანია, ბელგია, ავსტრო-უნგრეთი), რომლებიც სინამდვილეში იმპორტიორი ქვეყნები იყო _ პური უფრო მეტი შეჰქონდათ, ვიდრე გაჰქონდათ. მაგალითად, ჰოლანდიამ, რომელიც აქტიურად იყო დაკავებული პურის ტრანზიტური ვაჭრობით, 1913 წელს 57430,0 ათასი ფუთი საკუთრივ მოწეული ხორბლის მოსავლის პირობებში, მოახერხა 219382,0 ათასი ფუთის გატანა, რადგან ქვეყანაში შეიტანა 325130,0 ათასი ფუთი.

აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, გავიგოთ, ვინ ვის აპურებდა, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ პურის ექსპორტის არა მარტო მოცულობა, არამედ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის. თუ როგორ სურათს მივიღებთ ამ შემთხვევაში, მკითხველებს ვიწვევთ #3 ცხრილთან.

იხ. ცხრილი #3

ამ ცხრილიდან ირკვევა, რომ რუსეთი მართლაც მარცვლეულის უმსხვილესი ქვეყანაა, მაგრამ პირველობას იგი იყოფდა არგენტინასთან, რომლის მოსახლეობა რუსეთისაზე 21,4-ჯერ ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, ნახევარი მსოფლიოს გამომკვებავ რუსეთზე ლაპარაკიც კი წარმოუდგენელია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული ხორბლის 98 პროცენტი ევროპაში იგზავნებოდა. მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ არც განცხადებას «ნახევარი ევროპის გამოკვების» შესახებ აქვს რაიმე სერიოზული საფუძველი: 1913 წელს ევროპამ მოიხმარა ძირითადი მარცვლეული კულტურების 8336.8 მილიონი ფუთი, აქედან საკუთარი მოსავალი 6755,2 მილიონი იყო, ანუ 81 პროცენტი, სუფთა იმპორტი _ 1581,6 მილიონი ფუთი (19 პროცენტი), მათ შორის რუსეთის წილი _ 6,3 პროცენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთიდან მიწოდებულმა საექსპორტო მარცვლეულმა ევროპის პურის მომხმარებელთა მხოლოდ ერთი მეთექვსმეტედი დააკმაყოფილა.

მეფე-შიმშილი

მონაცემები მონაცემებად, მაგრამ იქნებ იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში სხვა პროდუქტების ისეთი სიუხვე იყო, რომ მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად ამდენი პური საჭირო არც იყო?

ჩავიხედოთ ისეთ ავტორიტეტულ რევოლუციამდელ გამოცემაში, როგორიც ბროკგაუზისა და ეფრონის «ახალი ენციკლოპედიური ლექსიკონია». სტატია «შიმშილი» რომელშიც საკმაოდ დიდი მონაკვეთი ეთმობა საკითხს «შიმშილი რუსეთში».

ამ პუბლიკაციის მოკლე შინაარსი ასეთია:

1872 წელს შიმშილმა მოიცვა მაინცდამაინც ის გუბერნია, რომელიც მანამდე რუსეთის უმდიდეს პურის ბეღლად ითვლებოდა. ლაპარაკია სამარის გუბერნიაზე. 1891 წლის შიმშილმა 29 გუბერნია კატასტროფის პირას მიიყვანა. XX საუკუნის განმავლობაში სამარის გუბერნია 8-ჯერ შიმშილობდა, სარატოვისა _ 9-ჯერ. 30 წლის განმავლობაში უდიდესი შიმშილობა იყო 1880 წელს (ქვემო ვოლგისპირეთი, ტბისპირეთისა და ნოვოროსიის გუბერნიების დიდი ნაწილი), 1885 წელს (ნოვოროსია და არაშავმიწანიადაგიანი გუბერნიები კალუგიდან ფსკოვამდე); 1892 წელს _ შიმშილობა ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გუბერნიებში, დაახლოებით ამავე რაიონებში _ 1897 და 1898 წლების შიმშილობა; მეოცე საუკუნეში _ 1901 წლის შიმშილობა ცენტრის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის 17 გუბერნიაში; 1905 წელი _ შიმშილობა 22 გუბერნიაში, მათ შორის, არაშავმიწა რაიონის ფსკოვის, ნოვგოროდის, ვიტებსკის, კოსტრომის გუბერნიებში; ამას მოჰყვა 1906, 1907, 1908 და 1911 წლების შიმშილობები უპირატესად აღმოსავლეთ და ცენტრალურ გუბერნიებში, ნოვოროსიაში (იხილე დასახელებული ენციკლოპედიის მე-14 ტომი).

მკითხველი უთუოდ დარწმუნდა, რომ შიმშილობა რუსეთში იშვიათი მოვლენა არ იყო. რით იყო ეს გამოწვეული?

სპეციალურ და ენციკლოპედიურ გამოცემებში განმარტებულია, რომ შიმშილობის მიზეზები ხორბლის გაცვლაში კი არ დევს, არამედ მის წარმოებაში, და, უწინარეს ყოვლისა, გამოწვეულია რუსული მოსავლების უკიდურესი ცვალებადობით მათი დაბალი აბსოლუტური სიდიდითა და მოსახლეობის მიწით არასაკმარისი უზრუნველყოფით. ეს კი ხალხს საშუალებას არ აძლევს, მოსავლიან წლებში დააგროვოს ფულის ან პურის მარაგი. მოსავლიანობის ერთგვარი ზრდის პირობებში, აღნიშნავდნენ ექსპერტები, რუსეთში მოწეული მოსავალი ევროპულთან შედარებით ძალიან დაბალია. მოსახლეობის 68 პროცენტი, რომელიც შავმიწანიადაგიან რაიონში ცხოვრობს, ვერ მოიწევს საკმარისი რაოდენობის მარცვლეულს უხვმოსავლიან წლებშიც კი. «1911 წლის შიმშილობის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ შედარებით უხვმიწიან სამხრეთ-აღმოსავლეთ გუბერნიებში 1909 და 1910 წლების უხვმოსავლიანობის შემდეგაც კი მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლებმა შეძლო პურის მარაგის დაზოგვა», _ ნათქვამია ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში.

ნიშანდობლივია, რომ იმ პერიოდში ხაზგასმითაა გამოყოფილი კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად აბრკოლებდა პურის მარაგის დაგროვებას. ეს იყო ხორბლის ექსპორტი, რომელიც უპირატესად არყის გამოსახდელად იყო მიმართული.

ხალხს კატასტროფულად აკლდა საკვები. უმსხვილესი კონსერვატული გაზეთის წამყვანი თანამშრომელი მიხაილ მენშიკოვი 1902 წლის აგვისტოში წერდა:

«ახალწვეულთა 40 პროცენტს სამხედრო სამსახურში გაწვევამდე არ ეჭამა ხორცი. სამსახურში მყოფი ჯარისკაცი, კარგი პურის გარდა, ხორციან კომბოსტოს სუფსა და ფაფას ჭამს, ანუ იმას, რაზეც ბევრს წარმოდგენაც არ აქვს სოფელში».

900-იანი წლების პუბლიკაციებში აღნიშნულია, რუსული არმიის ჯარისკაცები დაჩიავებულები არიან, წვევამდელთა უდიდესი რაოდენობა სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარია. ეს კი გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. «ნუთუ არაფერს ნიშნავს, _ წერს უკვე ნახსენები მენშიკოვი, _ ჩვენი სამარცხვინო ბავშვთა სიკვდილიანობა, რომლის მსგავსი არსად მსოფლიოში არ გვხვდება, როცა ცოცხალი სახალხო მასის უმეტესი რაოდენობა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ მესამედამდეც ვერ აღწევს?»

ამ ემოციურ ჩანაწერს სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს: XIX საუკუნის დასასრულისთვის რუსეთში 5 წლის ასაკამდე 1000 ბავშვიდან მხოლოდ 550 აღწევდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს მონაცემი 700-ს აღემატებოდა.

აი, ამ ფონზე სრულიად გაუგებარია თანამედროვე რუსი «პატრიოტების» მიერ მეფისდროინდელი იმპერიის გაფეტიშება: «ევროპის პურის ბაზარზე რუსეთი თავისი იაფი და ხარისხიანი მარცვლეულით უეჭველი მონოპოლისტი იყო… ხორბლის ფასი ევროპაში გაცილებით ძვირი იქნებოდა, იაფი პურის ექსპორტს ამერიკელი, კანადელი და არგენტინელი მიმწოდებლების მადა რომ არ დაეოკებინა».

აი, ესაა სიხარული ხალხის უბედურებასა ზედა.

სად უნდა ეძებნა რუსეთს გამოსავალი?

რატომ იყო აუცილებელი კოლექტივიზაცია?

ცნობილია, რომ ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მემამულეებისა და კულაკების მიწები ექსპროპრირებული იქნა და განხორციელდა ლოზუნგი _ «მიწა _ გლეხებს!» _ მიწა დაურიგდა გლეხებს. მაგრამ ახალი ხელისუფლების წინაშე უცბადვე წამოიჭრა სასაქონლო ხორბლის უკმარობის პრობლემა: გლეხებმა ხორბლის მოყვანა გასაყიდად კი არა, საკუთარი მოხმარებისთვის დაიწყეს. ამ პერიოდში ქალაქების უზრუნველსაყოფად ხორბლის გაყიდვის პროცენტი მკვეთრად დაეცა და ომამდელი პერიოდის 37 პროცენტიც ვერ შეადგინა.

ეს კი ნიშნავდა, რომ მსხვილი მეურნეობების წვრილ მეურნეობებად დანაწილება, წვრილებისა კი _ უწვრილესებად, რაც 1918 წელს დაიწყო, სრულიად უპერსპექტივო იყო სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, რადგან პრიმიტიული, ნახევრადნატურალური მეურნეობის ჩარჩოებში რჩებოდა და სასაქონლო მარცვლეულის მხოლოდ მინიმუმის მოცემა შეეძლო.

სასაქონლო მარცვლეულის უკმარისობის პრობლემა განსაკუთრებული სერიოზულობით 1927 წელს დადგა, როცა საერთაშორისო ვითარება საბჭოთა კავშირის გარშემო მკვეთრად გამწვავდა. აპრილში ჩინეთში ჩან კაიშიმ გადატრიალება მოახდინა. 27 მაისს ინგლისმა შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. 7 ივნისს თეთრემიგრანტმა ვარშავაში მოკლა პოლონეთში საბჭოთა კავშირის ელჩი ვოიკოვი. როგორც მაშინ ამბობდნენ, ჰაერში ომის სუნი დატრიალდა.

ამ სიტუაციაში გლეხებმა ხორბალი გადამალეს, რათა შემდგომ ძვირად გაეყინათ: «დადგა მომენტი, როცა ჩვენთან მანუფაქტურას პურზე ცვლიან, _ წერდნენ მაშინ საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, _ «სოვდეპია» (სსრ კავშირი) ჩვენს დაკრულზე იწყებს ცეკვას. იყოს ასე, გავუძლებთ, სანამ რუბლს არ გადაიხდიან ერთ ფუთ ჭვავში და ორ რუბლს _ ერთ ფუთ ხორბალში».

თუ 1927 წლის იანვრისთვის დამზადებული იყო 428 მილიონი ფუთი მარცვლეული, 1928 წლის იანვრისთვის _ მხოლოდ 300 მილიონი ფუთი, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო მსხვილი მეურნეობების შექმნა, რომლებიც ქვეყნისთვის სასაქონლო მარცვლეულის აუცილებელ მარაგს შექმნიდნენ.

ეს იყო პირველი მიზეზი.

მეორე მიზეზი კი იყო ინდუსტრიალიზაციის ფორსირებული განვითარება. განვითარებულ ქვეყნებს საბჭოთა კავშირის ჩამორჩენამ კრიტიკულ დონეს მიაღწია. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა გაპარტახებამ რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შედეგად კიდევ უფრო «გაშალა ფრთები». აშკარა გახდა, რომ სიტუაციის რადიკალურად შეცვლის გარეშე მომდევნო ომი (რომლის «სუნიც ჰაერში ტრიალებდა») რუსეთისთვის უკანასკნელი იქნებოდა _ რუსეთი, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, შეწყვეტდა არსებობას.

მაგრამ მრეწველობის განსავითარებლად მხოლოდ დაზგები საკმარისი არ არის, ისინიც აუცილებლად საჭირონი არიან, ვინც ამ დაზგებს აამუშავებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელი იყო სოფლიდან ქალაქში სამუშაო ძალის მუდმივი მოდინება. ადამიანი თავისი ბუნებით კონსერვატიულია და ძნელად ეგუება ცხოვრების წესის შეცვლას. რევოლუციამდელ პერიოდში სოფელს, უპირველეს ყოვლისა, მცირემიწიანი გლეხები ტოვებდნენ. რევოლუციამ გლეხებს, მათთვის მიწების დარიგებით, გამოაცალა ქალაქში გადასახლების სტიმული.

კოლექტივიზაციამ მილიონობით მუშახელი გამოათავისუფლა და ქალაქისკენ წარმართა. 1927-28 წლებში სოფლიდან ქალაქში გადასახლდა 18,7 მილიონი ადამიანი. თუ 1926 წლისთვის ქალაქებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 18 პროცენტი, 1939 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობამ 33 პროცენტს მიაღწია.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here