Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა


თავი 2. ადოლფ ჰიტლერი. ორი ბელადი

სტალინი და ჰიტლერი _ ორი ბელადი, რომლებიც ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდებოდნენ პირადი თვისებებითა და რწმენით. მაგრამ მათ ერთი რამ აღმოაჩნდათ საერთო: დიდება სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ მათი ხსოვნის წაბილწვა. ჰიტლერის მიმართ _ გასაგებია. მისი ხელმძღვანელობით ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყო დამპყრობლური ომები, განახორციელა მასობრივი ტერორი, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა ებრაელებს, ბოშებს, კომუნისტებს, საბჭოთა სამხედრო ტყვეებს, პარტიზანებს. კრახისა და თვითმკვლელობის შემდეგ მის მიმართ წყევლა-კრულვის ნაკადი არ შემწყდარა. მაგრამ ბოლო ათწლეულში კრიტიკული დამოკიდებულების სიმძაფრე განელდა, რითაც წარმოჩნდა ამგვარი კრიტიკის არააქტუალობა.

ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. მაგრამ სტალინი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფაშიზმის განადგურების საქმეში, მკვეთრად იქნა გაკრიტიკებული თავისი უწინარესად განმადიდებლების მიერ. ყველასი არა, მაგრამ ბევრის მიერ. მას შემდეგ მას მუდმივად ბრალს დებენ მასობრივ ტერორში საკუთარი ხალხის მიმართ, უსაზღვრო სიმკაცრეში, ვერაგობასა და ბოროტებაში. ასეთ «კრიტიკოსებს» თითქოს არ ესმით, რომ შეურაცხყოფენ მთელ ხალხს, რომელმაც სტალინის დროს შექმნა ზესახელმწიფო _ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და გაიმარჯვა დიდ სამამულო ომში.ფრიად დამახასიათებელი ფაქტია; ხრუშჩოვის მმართველობის დროიდან მოყოლებული, XX საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში თანდათან მატულობდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მაშინ, როცა მსოფლიოს მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კლებულობდა. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის სიკვდილიანობამ განსაკუთრებით იმატა «გორბაჩოვიზმის» პერიოდში, როცა სტალინის კრიტიკა ეროვნული პოლიტიკის ელემენტი გახდა. კიდევ უფრო გაიზარდა რუსების სიკვდილიანობა ელცინის დროს, როცა ოფიციალურად განაცხადეს სტალინური სისტემის ნგრევის შესახებ. დაიწყო რუსი ხალხის ფიზიკური ამოწყვეტის პროცესი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება (შემცირება დაახლოებით ერთი მილიონია წელიწადში), 30 ათასი თვითმკვლელობის თანმდევობით).

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით იმატა ანტისტალინურმა შრომებმა. დღევანდელი მმართველები ამას წარმოგვიდგენენ როგორც ჭეშმარიტი დემოკრატიის მიღწევას.

«საქართველო და მსოფლიოს» დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ ნაშრომს, რომლის ავტორია ბრიტანელი ისტორიკოსი ალან ბულოკი: «ჰიტლერი და სტალინი» _ ასეა დასათაურებული ეს ორტომეული, რომლის ავტორი არ მალავს თავის სიმპათიას ფიურერის ოდიოზური ფიგურისადმი.

სტალინი და ჰიტლერი

«სიცოცხლის პირველი ნაწილის გამოცდილებამ, _ წერს ინგლისელი ისტორიკოსი ალან ბულოკი თავის წიგნში «ჰიტლერი და სტალინი», _ რომელიც მან (სტალინმა. _ ა.ს.) ანტისოციალურ ელემენტებს, ქურდებსა და სხვა ნაძირალებს შორის გაატარა, თავისი კვალი დატოვა _ ფსიქოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მან ვერა და ვერ მოიცილა».

(წაიკითხავს ამ აბზაცს მეტ-ნაკლებად განათლებული მკითხველი, პატიოსანი მოქალაქე, ბოლოს და ბოლოს, და მიხვდება, რომ საქმე აქვს უკიდურესად ტენდენციურ ნაშრომთან, რომლის ავტორი, მიუხედავად თავისი მეცნიერული რეგალიებისა, აშკარად დაკვეთილ ტონალობაში წერს. სად, როდის, ცხოვრების რომელ ეტაპზე, გორში _ სასულიერო სასწავლებელში, თბილისში _ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს თუ რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში იყო ქურდებთან და ავაზაკებთან დაკავშირებული სოსო ჯუღაშვილი, თანაც ისე მჭიდროდ, რომ მათი გავლენა ბოლომდე გაჰყვა. ეს ხომ აშკარა სიყალბეა, წინასწარგამიზნული სიცრუე, რომელმაც უარყოფითი გავლენა უნდა მოახდინოს მკითხველზე და შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს «აზიატი» ტირანი არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო მსოფლიო მასშტაბის ლიდერი.

კაცმა რომ თქვას, ალან ბულოკის ასეთი პოზიცია ელემენტარული პლაგიატია: ზუსტად ამ მეთოდით, ტირანი სტალინის «აზიატობის» შესახებ ჭორისა და სიყალბის გავრცელებით შეეცადნენ მისსავე სიცოცხლეში დასავლეთის იდეოლოგები, დაეკნინებინათ სტალინის როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში, წარმოედგინათ იგი როგორც ველური, გაუნათლებელი ხალხის შვილი, რაღაც ჩინგის ყაენის მსგავსი მოვლენის გამეორება. ჩვენმა მკითხველმა, რომელიც ანტისტალინური პროპაგანდით ბოლომდე არ არის ტვინგამორეცხილი, იცის, რომ სტალინი ღირსეული შვილი იყო საუკუნოვანი, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნისა, რომლის მსოფლიოსთვის გაცნობა სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. სხვა თუ არაფერი, იცის, რა როლი ითამაშა სტალინმა შოთა რუსთაველის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯის, წარმოჩენაში მსოფლიო მასშტაბით; ჩვენი მწერლობისა და სულიერებისთვის ილია ჭავჭავაძის დაბრუნებაში; საქართველოს ბრწყინვალე კულტურის პროპაგანდის საქმეში საერთოდ (ვიხმაროთ ეს კაზიონული ტრაფარეტი).

საბჭოთა რესპუბლიკების კულტურისა და ხელოვნების დეკადები, რომლებიც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან იმართებოდა, შეფარულად ქართული მუხტის მატარებელი რომ იყო, ხომ ფაქტია.

რომელ ქურდულ კომპლექსებზე შეიძლება ამ დროს ლაპარაკი?

თურმე შეიძლება. ალან ბულოკი ამას ამტკიცებს.

მაგრამ მივყვეთ ბრიტანელი ისტორიკოსის წიგნის გვერდებს, რათა ვნახოთ, თუ რამდენად შორს შეიძლება შეტოპოს ნასყიდი მეცნიერის უსინდისობამ. _ ა.ს.).

«სტალინი იყო უხეში, უზრდელი, გაუნათლებელი… იგი იყო ადამიანი, რომელიც არავის ენდობოდა და რომლის ნდობა არ შეიძლებოდა… ეს უხეშობა აღზრდისა და კულტურის უქონლობის შედეგია… სტალინი უწინდებურად კარგავდა საკუთარი თავის კონტროლს, მრისხანების დროს თავს ესხმოდა იმას, ვინც შეეკამათებოდა ან სიტყვას შეუბრუნებდა… ეს პირველყოფილი თვისებები (რომლებსაც ტროცკი და პოლიტბიუროს სხვა წევრები «აზიატურს» უწოდებდნენ) განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია დანარჩენი რევოლუციონერების ფონზე… იგი იძულებული იყო, დაეფარა მტრული დამოკიდებულება მათდამი, ვინც უკეთ იყო განათლებული, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ფლობდა ენებს.

იგი უბადლო ფარისეველი იყო… გამოიმუშავა თავშეკავება… ეშმაკობა და ვერაგობა მისი მეორე ბუნება იყო»…

მაგრამ აქვს კი აზრი ამ დახასიათების კითხვას, რომელიც ბულოკის ორტომეულში სხვადასხვა ვარიაციებით მეორდება?

ალბათ, _ არა. რადგან, როგორც გროვერ ფერი წერს, «მიუკერძოებული მკითხველი უთუოდ ყურადღებას მიაქცევს, რომ ეს უსერიოზულესი ბრალდებები არავითარი მტკიცებულებებით არ არის გამაგრებული, თუ არ ჩავთვლით მისი მტრების _ ხრუშჩოვისა და ტროცკის ნალაყბევს.

ბულოკი ცინიკურად შენიშნავს, რომ ასეთი საზიზღარი დიქტატორის ერთგვარ გამართლებად შეიძლება ჩაგვეთვალა მისი პარანოიკობა. ისღა დაგვრჩენია, გავოცდეთ იმით, რომ ასეთი პათოლოგიური პიროვნება ფსიქიატრიულ კლინიკაში კი არ იყო მოთავსებული, არამედ უმძიმეს პერიოდში, ოცდაათ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, ქვეყნის სათავეში იდგა. ეჭვი გაგიჩნდება: ეგებ ბულოკს არ შეუძლია ლოგიკურად აზროვნება, ან ჭორისა და სიცრუის გავრცელება ეხერხება, ან ვერ იგებს, რომ სტალინის ლანძღვით იგი ხალხს აყენებს შეურაცხყოფას?

სამწუხაროდ, ეს ავტორი გამონაკლისი არ არის. მას მხარს უმშვენებს ბ. ს. ილიზაროვი წიგნით «სტალინის საიდუმლო ცხოვრება» (2002 წ.). ეს ავტორი დაუფარავი და იშვიათი ზიზღით იხსენებს საბჭოთა კავშირის შემქმნელებს, იმათ, ვინც დაამარცხეს ფაშიზმი, «იგი (სტალინი. _ ავტ.) მოკვდა იმ მომენტში, როცა მოამზადა მორიგი სახრჩობელა მისდამი მონურად მორჩილი, მის ფეხქვეშ გაგებული საბჭოთა ხალხისთვის». აი, როგორ ახასიათებს იგი საბჭოთა კავშირს: «სისხლი, სიმყრალე, მწყობრად სიარული, მილიონობით ბარი და ნიჩაბი, ხიშტი, სიტყვათა ნაკადი, გვამების ოკეანე». აქ აშკარად გამოჩნდა ზიზღი ხალხისადმი იმ ადამიანისა, რომელსაც, სხვა უცხოელი თუ რუსი ანტისაბჭოელებისგან განსხვავებით, არ ესმის, რომ დაუშვებელია ხალხზე ასე ლაპარაკი ძირითადი ზნეობრივი კრიტერიუმების შელახვის გარეშე.

იგივე ილიზაროვი (პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი, დოკუმენტაციის «სახალხო არქივი» დირექტორი) თავის წიგნში ხშირად აფიქსირებს თავის მოსაზრებებს ბულოკის სულისკვეთებით. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებელში იოსებ ბესარიონის ძის ცოლის, ნადეჟდას ჩარიცხვის შესახებ ნათქვამია: «პერსპექტივაში მას _ ზერელედ ნასწავლ გენერალურ მდივანს ეყოლებოდა დიპლომირებული ცოლი». და კიდევ: «პირველი რიგის ყველა პოლიტიკური მოღვაწე ევროპული განათლებით იყო. მათ შორის სტალინი დარჩა ისეთივე ზერელედ ნასწავლ სემინარისტად, როგორც იყო».

თითქოს მართალია: არ ჰქონდა სტალინს არავითარი დიპლომი, ხოლო სემინარიიდან გარიცხეს (პოლიტიკური მოტივით). მაგრამ ამ ფორმალური სიმართლის მიღმა იმალება დიდი ტყუილი, რომლის მხილება იმავე ავტორის წიგნის ამონარიდებითაა შესაძლებელი. «ურთიერთობაში სასიამოვნო და მომხიბლავ პარტნიორად მიიჩნევდნენ მას მსოფლიოს სახელმწიფო მოღვაწენი: ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი, ცნობილი მწერლები და ჟურნალისტები: ბარბიუსი, როლანი, ფეიხტვანგერი, უელსი და სხვები».

კეთილი და პატიოსანი, გაუნათლებელი პარანოიკი შეიძლება იყოს ეშმაკი, პირმოთნე და ფარისეველი, თვალთმაქცი (თუმცა ეს-ესაა ნახსენებ ადამიანებს მიამიტებად ვერ ჩათვლი, თანაც ისინი ხანგრძლივად ესაუბრებოდნენ სტალინს), დავუშვათ, მას შეეძლო თავი მოეჩვენებინა რბილ, ყურადღებიან, კარგად აღზრდილ და ჭკვიან ადამიანადაც კი, მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ ბრალდებები კულტურისა და განათლებულობის არქონის, ინტელექტუალებისადმი შურიანი დამოკიდებულების შესახებ, თუ იგივე ილაზაროვი წერს: «სტალინი თავგამოდებული ბიბლიოფილი იყო. რევოლუციამდელ წლებში, იატაკქვეშეთის, გადასახლებისა და პროფესიონალი რევოლუციონერის მოხეტიალე ცხოვრების პერიოდში მას ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა, სისტემატურად ეკითხა და, რაც მთავარია, შეენახა წიგნები. მაგრამ ყველა, ვინც მას ცხოვრების ამ პერიოდში შეხვედრია, აღნიშნავდა მის მუდმივად მზარდ ნაკითხობას. თავის ადრეულ ნაშრომებში, საგაზეთო და საჟურნალო სტატიებში… იგი ციტირებს არა მარტო მარქსისტ კლასიკოსებს, არამედ უცხოელი ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების საკმაოდ ფართო სპექტრს…»

ეგებ დროთა განმავლობაში სტალინი ზღუდავდა თავის გონებრივ თვალთახედვას?! ილიზაროვი სულ სხვას შენიშნავს: «ცხოველი გონება ყოველწლიურად, არა თუ კლებადი, არამედ პირიქით, მიუხედავად მრავალგზის ავადმყოფობისა (დავუმატოთ _ და უზარმაზარი პრაქტიკული საქმიანობისა.), მუდმივად მზარდი ცნობისწადილი… სტალინის ცოდნა სულ უფრო ფართო და უნივერსალური ხდებოდა»…

შემდეგ _ უფრო მეტი. ირკვევა, რომ თურმე სტალინის პირადი თანხმობის გარეშე არ ამტკიცებდნენ მოსკოვის მეტროპოლიტენის არც ერთი სადგურის პროექტს. ეს სადგურები დღემდე მსოფლიოში საუკეთესოთა რიგში მოიხსენიება. სტალინი იღებდა გადაწყვეტილებებს მასშტაბური არხების, რკინიგზებისა და ჰიდროკაშხალების შესახებ, «იგი პირადად წყვეტდა, შეიარაღების რომელი სახეობები უნდა გამოეშვა ქვეყნის საწარმოებს, რომელი უახლესი ქარხანა თუ ფაბრიკა უნდა აშენებულიყო, რომელი წიგნი თუ სახელმძღვანელო უნდა გამოეცათ და ა. შ. და ეს გადაწყვეტილებები ფორმალური არ იყო, რასაც ჩვეულებრივ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მეთაური იღებს. როგორც უნიჭიერესი კონსტრუქტორები თავიანთ მემუარებში ერთსულოვნად აღნიშნავენ, იგი მათ ამა თუ იმ მანქანის კონსტრუქციის თავისებურებათა სრულყოფილი ცოდნით აოცებდა…

კარგადაა ცნობილი, რომ ომის დროს სწორედ იგი იღებდა ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას».

აი, ასეთი ყოფილა ეს უსწავლელი სემინარისტი და პარანოიკი კომპლექსების თაიგულით.

გამოდის, რომ მისი მაგინებლები არიან ინტელექტუალური და ფსიქიკური ანომალიებით დაავადებულნი. მათ შეიძლება გავუგოთ. შური სხვისი არაჩვეულებრივი დიდების მიმართ, შებღალული საკუთარი თავმოყვარეობა, აგრეთვე, უუნარობა _ სწორად შეაფასონ სახელმწიფოს ხელმძღვანელის უზარმაზარი შრომისა და პასუხისმგებლობის მასშტაბი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა რამეც: ანტისაბჭოთა და ანტისტალინური მასშტაბური პროპაგანდის ზემოქმედების შედეგი. მხოლოდ ასეთ პირობებში წერენ პროფესიონალი ისტორიკოსები ნაშრომებს, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას, შორსაა ჭეშმარიტებისგან. ასეთი ფენომენი ცნობილია ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში. იგი აიხსნება ცნობიერებაში და ქვეცნობიერშიც კი გარკვეული განწყობის ჩანერგვით. იგი იწყებს ინდივიდის ქმედების მართვას და გაბატონდება მის ინტელექტზე (დიდი ხანია, რაც შემჩნეულია, რომ თითქმის ყველა ადამიანის გააზრებულ მოქმედებას განსაზღვრავს ემოციები, რომ ისინი მიეკუთვნება პიროვნების სტრუქტურის უფრო ძველ ელემენტებს). ასეთი რამ უცბად კი არ ხდება, არამედ მიიღწევა კომპლექსური საშუალებებით, რომლებიც, დიდი ხანია, შექმნილია ფსიქოტექნოლოგების მიერ ან დადგენილია იდეოლოგიური ბრძოლის პრაქტიკით.

ასეთი ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ადამიანს უჩნდება მყარი სიძულვილი, ზიზღი ამა თუ იმ ცნებათა, შეხედულებათა, პიროვნებათა მიმართ, რომლებშიც იგი ხედავს არა მხოლოდ რეალურ, არამედ მოჩვენებით ნაკლსაც. შედეგად გამომუშავდება მკვეთრი პირობითი რეფლექსი, როდესაც სიტყვები «საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ხალხი, კომუნიზმი, სტალინი» იწვევს გაღიზიანებას.

ამ მხრივ საინტერესო ჩანს ბულოკის წიგნის ერთი პასაჟი: «სტალინს, ჰიტლერისგან განსხვავებით, უყვარდა კითხვა. მის ბიბლიოთეკაში, ძირითადად, იყო წიგნები პოლიტიკის, მარქსიზმის, ისტორიის შესახებ». მაგრამ სტალინს უბრალოდ კითხვა კი არ უყვარდა, არამედ სისტემატურად მუშაობდა წიგნზე, რასაც ადასტურებს მრავალრიცხოვანი ჩანიშვნები და მინაწერები, სხვადასხვა ხასიათის გამოცემების არშიებზე გაკეთებული. მისი პირადი ბიბლიოთეკა 20 ათასზე ნაკლებ ტომს არ ითვლიდა. როგორც მისი ჩანაწერიდან ირკვევა, ისინი ასეა კლასიფიცირებული: «ა) ფილოსოფია, ბ) ფსიქოლოგია, გ) სოციოლოგია, დ) პოლიტეკონომია, ე) ფინანსები, ვ) მრეწველობა, ზ) სოფლის მეურნეობა, თ) კოოპერაცია, ი) რუსეთის ისტორია, კ) საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორია, ლ) დიპლომატია, მ) საგარეო და საშინაო ვაჭრობა, ნ) სამხედრო საქმე, ო) ეროვნული საკითხი, პ) ყრილობები და კონკურენციები, ჟ) მუშათა მდგომარეობა, რ) გლეხების მდგომარეობა…» ამას გარდა: პროფკავშირები, ბელეტრისტიკა, მხატვრული კრიტიკა, პოლიტიკური ჟურნალები, საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ჟურნალები, სხვადასხვა ლექსიკონი, მემუარები… გრძელი ჩამონათვალის ბოლოს მიწერილი აქვს «ანტირელიგიური მაკულატურა». ამ მონაცემებს რომ ჩამოთვლის, ელიზაროვი სწორ დასკვნას აკეთებს: «…ეს სია წარმოგვიდგენს ბელადის ინტელექტუალური ინტერესების ფართო სპექტრს და მისი სისტემურად აზროვნების უნარს».

ჩვენს დროში სტალინისადმი დამოკიდებულების ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებაა დამკვიდრებული. ერთის მხრივ, _ ანტისტალინელები, რომელთაც უზარმაზარი კაპიტალი, ფინანსები და გავლენა აქვთ, მათ ხელთარსებული მედიასაშუალებების მოქმედების შედეგად მოპოვებული. მეორე მხრივ, ისინი, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებენ და არ გააჩნიათ შესაძლებლობა მასებზე აქტიური ზემოქმედების. ამ ვითარებაში, ძნელია, ობიექტური შეფასების იმედი იქონიო როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, _ ასკვნის გროვერ ფერი.

პირწავარდნილი ანტისტალინურობით გამოირჩევა ი. დ. დიაკოვისა და ტ. ს. ბუშუევას წიგნი «ფაშისტური მახვილი სსრკ-ში იჭედებოდა. წითელი არმია და რეიხსვერი. საიდუმლო თანამშრომლობა 1922-1933. უცნობი დოკუმენტები (1992)». ავტორები შესავალშივე შეეცადნენ, დაედანაშაულებინათ საბჭოთა ხელმძღვანელები სისაძაგლეში, სიცრუესა და დანაშაულობათა ჩადენაში. მათ საკუთარი თავი «პროგრესულად მოაზროვნე» მეცნიერებად წარმოუდგენიათ, ლანძღავენ და თათხავენ ტოტალიტარულ სისტემასაც და სტალინურ გენოციდსაც… «გერმანული ვერმახტი (რაიხსვერი), _ წერენ ისინი, _ ვერსალის აკრძალვათა გვერდის ავლით ძალას იკრებდა ჩვენს მიწაზე».

ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ ამ «მამხილებლებმა» თავიანთი წიგნის სათაურშივე მოგვასაღეს ტყუილი, კერძოდ ის, რომ 1933 წლამდე გერმანია ფაშისტური სახელმწიფო არ ყოფილა! თანაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის მასშტაბები, როგორც დოკუმენტები მეტყველებს, უმნიშვნელო იყო: გერმანიის მილიტარიზაციას კი ხელს უწყობდნენ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქეზებდნენ სწორედ დასავლეთის სახელმწიფოები. ამის თაობაზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გალექსილ ავტორებს სიტყვაც არ დაუძრავთ.

პოლიტიკური თამაშების ველი

სტალინიცა და ჰიტლერიც გამორჩეული პიროვნებები იყვნენ, _ მიიჩნევს გროვერ ფერი. ორივენი გარკვეულწილად დიქტატორები იყვნენ, საშუალება ჰქონდათ ქვეშევრდომთათვის თავს მოეხვიათ საკუთარი ნება, მაგრამ, ამასთან, ეგოთ კიდეც პასუხი თავიანთ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფოები, რომლებსაც ისინი მეთაურობდნენ, განდეგილთა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ: გერმანია _ პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, საბჭოთა კავშირი კი _ როგორც მშრომელთა სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც უპირისპირდებოდა კაპიტალისტურ, ბურჟუაზიულ სახელმწიფოებს. ეს უკანასკნელნი მათ ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ, რაც გასაგები იყო ორივე ბელადისთვის.

არანაკლებ ნათელი იყო გერმანული ფაშიზმის ანტიკომუნისტური მისწრაფება. საქმე, რა თქმა უნდა, მარტო ინტერნაციონალიზმისა და ნაციზმის, კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის, მშრომელისა და ზეადამიანის იდეების დაპირისპირებით არ ამოიწურება. საკითხი იდგა აღმოსავლეთით დიდი ტერიტორიების დაპყრობის, მათი მოსახლეობის ექსპლუატაციისა და სამუშაო ძალად გამოყენების ჭრილში.

ჰიტლერის სიტყვაში, რომელიც მან 1933 წლის მარტში წარმოთქვა, გარკვევით იყო ნათქვამი: «ჩემს თავს 6-8 წლის ვადას ვაძლევ, რათა სრულად გავანადგურო მარქსიზმი. მაშინ არმიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს აქტიური საგარეო პოლიტიკა და გერმანელი ხალხის ექსპანსიის მიზანი შეიარაღებული ხელით იქნება მიღწეული. ეს მიზანი, ალბათ, აღმოსავლეთი იქნება»…

მისი ამგვარი მიმართულება ხელს არ აძლევდა ინგლისს, საფრანგეთს, აშშ-ს. ეს არც ა. ბულოკს დაუმალავს: «ნაციზმის იდეოლოგიის ევოლუცია, რომელიც ანტიამერიკული ლოზუნგებიდან, რაც ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მთავარი წინასაარჩევნო თემა იყო, უეჭველად მომგებიანი გახდა და ჰიტლერის მხარეს გადაიყვანა ევროპისა და გერმანიის კონსერვატიული წრეები. ამ ლაშქრობაში პოლონეთის მონაწილეობის საკითხი 1939 წლამდე ღიად რჩებოდა».

ხელისუფლების სათავეში რომ მოვიდა და თავისი პირადი დიქტატურა განიმტკიცა, ჰიტლერი მუდმივად ლავირებდა ორ, ერთმანეთს დაპირისპირებულ პოზიციათა შორის _ სსრ კავშირსა და კაპიტალისტურ სახელმწიფოთა შორის, და უწინარეს ყოვლისა მხედველობაში ჰქონდა გერმანიისა და ნაცისტური იდეოლოგიის ინტერესები. ვერმახტის სამხედრო ძლიერებას რომ განავითარებდა, არ ივიწყებდა, რომ სერიოზული ინდუსტრიული და ნედლეულის ბაზის გარეშე ვერ სძლევდა საბჭოთა კავშირს. მიიჩნევდა, რომ გერმანიას უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ საერთო და საკმაოდ გრძელი საზღვარი მომავალ მტერთან, არამედ _ მხარდაჭერაც ევროპის უმეტეს სახელმწიფოთა მხრიდან (უკეთესი იქნებოდა, თუ მათზე მკაცრ კონტროლს დააწესებდა).

მოჩვენებითი ექსპანსიურობის, ემოციურობის, ზოგჯერ კი ისტერიულობის მიუხედავად, იგი თადარიგიან პოლიტიკოსად რჩებოდა. იგი ხედავდა, რა სწრაფად მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია და მილიტარიზაცია. დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც იძულებულები იყვნენ, მხედველობაში ჰქონოდათ საზოგადოებრივი აზრი და მუშათა კლასის სიმპათიები კომუნისტებისადმი, ჰიტლერმა შედარებით სწრაფად დაამყარა ნაცისტური პარტიის სრული დიქტატურა და ჩაახშო ოპოზიციური მიმდინარეობანი.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here