Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა


ანტისტალინური უნამუსობა

«დასახვრეტთა სიები»

ხრუშჩოვი: «დამყარდა მავნე პრაქტიკა, როცა შინსახკომში ადგენდნენ იმ ადამიანთა სიებს, რომელთა საქმეები უნდა განეხილა სამხედრო კოლეგიას და მათ წინასწარ შეუფარდებდნენ განაჩენის ზომას. ამ სიებს ეჟოვი პირადად სტალინს უგზავნიდა სასჯელის შეთავაზებულ ზომებზე სანქციის მისაღებად. 1937-1938 წლებში ათასობით პარტიულ, საბჭოთა, კომკავშირულ, სამხედრო და სამეურნეო მუშაკის 383 ასეთი სია გადაუგზავნეს და მათზე მისი სანქცია მიიღეს».

ასეთი სიების დედნები ნამდვილად არსებობს, ისინი გამოსაქვეყნებლად მოამზადეს ჯერ კომპაქტდისკებზე, შემდეგ კი განათავსეს ინტერნეტში როგორც «სტალინური დასახვრეტი სიები». ეს მოხდა 2004 წელს. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს სახელწოდება უზუსტოა და ტენდენციური და, მეორე, კაცმა რომ თქვას, სიები «დასახვრეტების» სულაც არ იყო.

ხრუშჩოვის გავლენით ანტისტალინისტი რედაქტორები ამ სიებს მიიჩნევენ წინასწარ გამოტანილ «განაჩენებად». მაგრამ მათივე გამოკვლევები და კომენტარები ადასტურებს, რომ ასეთი დასკვნები უსაფუძვლოა. სინამდვილეში ამ სიებში მოცემული იყო ყველაზე მკაცრი ვერდიქტი, რომლის გამოტანა შეეძლო სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ სამართალში მიცემულს დამნაშავედ მიიჩნევდნენ, ანუ იქ მითითებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება მიესაჯათ.არის იმის მაგალითები, როცა სიებში ჩაწერილი ადამიანებისთვის არავითარი სასჯელი არ გამოუტანიათ, ან განაჩენი ნაკლებად მკაცრი მიუღიათ, რასაც მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომა აუცილებია. მაგალითად, ა. ვ. სნეგოვი, რომელიც ხრუშჩოვის მოხსენებაში ფიგურირებდა და რომელმაც XX ყრილობამდე საღსალამათმა მიაღწია, ორჯერ იყო შეტანილი ასეთ სიებში _ 1937 წლის 7 დეკემბრის სიაში, რომელიც ლენინგრადის ოლქს შეეხებოდა, და 1940 წლის 6 სექტემბრის სიაში.

ორივე შემთხვევაში სნეგოვის გვარი ჩაწერილი იყო განსასჯელთა «პირველ კატეგორიაში», ანუ იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართ შეიძლებოდა გამოეყენებინათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. მეორე სიას თან ერთვოდა მოკლე ცნობა ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ და იგრძნობოდა, რომ სინამდვილეში ისინი გაცილებით მეტი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ სნეგოვს არ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, იგი ხანგრძლივი დროით შრომით ბანაკში განამწესეს.

სტალინს არ გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები, არამედ ეცნობოდა ამ სიებს მათში შესაძლო კორექტივების შეტანის მიზნით. ხრუშჩოვმა ეს შესანიშნავად იცოდა, რადგან შენახულია სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის ს. ნ. კრუგლოვის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც 1954 წლის 3 თებერვლითაა დათარიღებული. «წინასწარ მომზადებულ განაჩენებზე» იქ არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ პირდაპირ მითითებულია: «შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში აღმოჩენილია 383 საქმე «პირების, რომლებიც განეკუთვნება სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ განხილვას». ეს სიები შედგენილი იყო 1937-1938 წლებში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ და გაგზავნილი იყო საკ. კპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტში განსახილველად.

არაფერი უცნაური არ იყო იმაში, რომ ბრალმდებელი სასამართლოს სხდომაზე მიდიოდა არა მარტო ბრალდების მასალებით ხელში, არამედ განაჩენების რეკომენდაციებითაც, რაც მოსამართლეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში. ამასთან, ცეკაში განსახილველად იგზავნებოდა მხოლოდ პარტიის წევრთა სიები.

ხრუშჩოვმა დამალა ფაქტი, რომ თვითონ ურევია იმ სიების შედგენაში, რომლებშიც მითითებული იყო განაჩენების გამოტანის რეკომენდაციები. ხრუშჩოვი მიუთითებს, რომ სიებს შინსახკომში ადგენდნენ, მაგრამ ხმას არ იღებს იმის თაობაზე, რომ ადგილებზე შინსახკომი პარტიული ორგანიზაციების მხარდამხარ მოქმედებდა და ამ სიებში მოხვედრილი პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შეიძლება, უფრო მეტიც, ვიდრე საბჭოთა კავშირის რომელიმე სხვა ადგილიდან, სწორედ იქიდან იყო მოწოდებული, სადაც პირველ კაცად ხრუშჩოვი იჯდა.

1938 წლამდე ხრუშჩოვი მოსკოვის საოლქო და საქალაქო პარტიული კომიტეტების პირველი მდივანი, შემდეგ კი _ პარტიის უკრაინის ცკ პირველი მდივანი იყო. მისი წერილი სტალინისადმი, რომელშიც 6500 კაცის დახვრეტას ითხოვს, 1937 წლის 10 ივლისითაა დათარიღებული, იმავე რიცხვითაა დათარიღებული მოსკოვისა და მოსკოვის ოლქიდან წარდგენილი «დასახვრეტთა სია».

წერილში სტალინისადმი ხრუშჩოვი ადასტურებს თავის მონაწილეობას «ტროიკაში», რომელიც აღჭურვილი იყო იმ პირების შერჩევის სრული უფლებით, რომლებსაც უნდა შეხებოდა რეპრესიები. იმავე «ტროიკაში» შედიოდნენ შინსახკომის მოსკოვის ოლქის უფროსი ს. თ. რედენსი და მოსკოვის ოლქის პროკურორის მოადგილე კ.ი. მასლოვი. ხრუშჩოვს აუცილებელ შემთხვევაში ჩაენაცვლებოდა მეორე მდივანი ა. ა. ვოლკოვი. ეს კაცი ამ თანამდებობაზე 1937 წლის აგვისტომდე მუშაობდა და, შესაძლოა, რომ ამან გადაარჩინა ხრუშჩოვის მსახვრალ ხელს. 1937 წლის 11 აგვისტოს იგი აირჩიეს პარტიის ბელორუსიის ცკ პირველ მდივნად, 1937 წლის ოქტომბრიდან 1940 წლის თებერვლამდე ჩუვაშეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად გადაიყვანეს. 1941 თუ 1942 წელს, როგორც ჩანს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მასლოვი მოსკოვის ოლქის პროკურორად რჩებოდა 1937 წლის ნოემბრამდე, 1938 წელს დააპატიმრეს, 1939 წლის მარტში დახვრიტეს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის. იგივე ბედი ეწია კ. ი. მამონოვს, რომელმაც ჯერ მასლოვის ადგილი დაიკავა, შემდეგ კი მასთან ერთად დახვრიტეს. ვერც რედენსი გადაურჩა სასჯელს: 1938 წლის ნოემბერში იგი დააპატიმრეს, როგორც «პოლონეთის დივერსიულ-ჯაშუშური ჯგუფის» მონაწილე, გაასამართლეს და სასამართლოს განაჩენით 1940 წლის 21 იანვარს დახვრიტეს. იანსენი და პეტროვი თავიანთ წიგნში რედენსს მოიხსენიებენ «ეჟოვის კაცად». ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით, «დათბობის» წლებში რედენსი რეაბილიტირებული იყო, მაგრამ კანონიერების ისეთი უხეში დარღვევებით, რომ 1988 წელს მისი რეაბილიტაცია გაუქმდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვოლკოვის გამოკლებით, ხრუშჩოვის ყველა უახლოესი თანამებრძოლი, რომლებიც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში განხორციელებულ რეპრესიებში მონაწილეობდნენ, მკაცრად დასაჯეს. მაგრამ როგორ გადარჩა ხრუშჩოვი? ამის ახსნა საიდუმლოების ბურუსითაა მოცული…

საკ. კპ(ბ) ცკ-ის იანვრის (1938) პლენუმის დადგენილება

ხრუშჩოვი: «პარტიული ორგანიზაციების გარკვეული გაჯანსაღება გამოიწვია საკ. კპ (ბ) ცკ-ის 1938 წლის პლენუმის გადაწყვეტილებებმა, მაგრამ ფართო რეპრესიები 1938 წელსაც გრძელდებოდა».

აქ ხრუშჩოვი მიანიშნებს, რომ რეპრესიებს სწორედ სტალინი განაგებდა. მაგრამ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ დოკუმენტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს: რეპრესიების მასშტაბების უზომოდ გაძლიერება-გაფართოებაში ეჟოვია დამნაშავე, ამ «საქმეში» ხრუშჩოვის ხელიც ერია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი «რეპრესანტის». სტალინისა და ცენტრალური კომიტეტის იმ წევრების როლი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში, პარტიისა და ხალხის წინააღმდეგ დამმუხრუჭებელი იყო: ისინი ძალას არ იშურებდნენ, შეეკვეცათ რეპრესიების მასშტაბი და კონტროლი დაეწესებინათ მათზე. ბოლოს და ბოლოს მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო _ მკაცრად დაისაჯნენ ყველანი, ვის მიმართაც დამტკიცდა, რომ ბრალი მიუძღოდათ უდანაშაულო ადამიანების განადგურებაში, მათ წინააღმდეგ საქმეების ფაბრიკაციაში.

გეტისა და ნაუმოვის ამომწურავი ანალიზით მტკიცდება, რომ სტალინი და პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობა უკიდურესად შეშფოთებულები იყვნენ რეპრესიების უკონტროლობის პრობლემით. სწორედ ამის გამო 1938 წლის იანვრის პლენუმზე მოხსნეს პოსტიშევი. ეს საკითხი განხილულია რ. ტერნსტონის წიგნში

სტალინი შეეცადა, მოეთოკა პირველი მდივნები, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, ზღვარი დაედო რეპრესიებისთვის.

იანვრის პლენუმზე გამოვიდა მალენკოვი და, როგორც ჩანს, სტალინის მხარდასაჭერად, ილაპარაკა კუიბიშევის ოლქში კომუნისტების პარტიიდან მასობრივად და უსაფუძვლოდ გარიცხვის შესახებ. ამ უკანონობის მთავარი «შემოქმედი» იყო პარტიის კუიბიშევის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი პოსტიშევი. 1938 წლის 9 იანვრის დადგენილებით, მისი ბრალეულობა ხაზგასმით აღინიშნა, დაშვებულ «შეცდომათა» გამო გამოეცხადა საყვედური და გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

ივან ბენედიქტოვი, რომელიც 1938-1958 წლებში მიწათმოქმედების სახალხო კომისრად, შემდეგ სსრკ სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობდა და ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს სხდომებს ხშირად ესწრებოდა, თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ იანვრის პლენუმზე სტალინმა დაიწყო იმ უკანონობის გამოსწორება, რომლებიც რეპრესიების დროს იყო დაშვებული.

1938 წლის იანვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელად დაინიშნა ალექსანდრე უსპენსკი, მაგრამ იმავე წლის ბოლოს გამჟღავნა მის მიერ განხორციელებული უკანონობის ფაქტები. ეჟოვმა უსპენსკი გააფრთხილა მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ და მანაც გაითამაშა თვითმკვლელობა და არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა. გამოცხადდა მისი საკავშირო ძებნა. დააპატიმრეს 1939 წლის 14 აპრილს.

მიუხედავად იმისა, რა პირადი წვლილი მიუძღვის უსპენსკის უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ საქმეების ფაბრიკაციაში, პასუხისმგებლობა მას და ხრუშჩოვს თანაბრად ეკისრებათ, რადგან ორივე ერთი და იმავე «ტროიკის» წევრები იყვნენ. დაპატიმრებულთა დაკითხვების მასალებში ლაპარაკია იმაზე, რომ ეჟოვის მითითებების განსახორციელებლად უსპენსკის დიდი მასშტაბებით აყალიბებდა საქმეებს.

«ბერიას ბანდა»

ხრუშჩოვი: «როცა სტალინი ამბობდა, რომ მავანი დასაპატიმრებელია, უნდა გერწმუნა, რომ იგი «ხალხის მტერია». ბერიას ბანდა კი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში პარპაშობდა, კანიდან ძვრებოდა, მათ მიერ გაყალბებული მასალების საფუძველზე დაპატიმრებული ადამიანების ბრალეულობის დასამტკიცებლად».

ეს სიცრუეა. რ. ტერსტონი წვრილად წერს იმის თაობაზე, თუ როგორ დაამახინჯა ხრუშჩოვმა ყველაფერი, რაც შინსახკომის სათავეში ბერიას მოსვლის შემდეგ მოხდა. მის მოსვლასო, _ წერს ტერსტონი, _ დაუყოვნებლივ მოჰყვა «გასაოცარი ლიბერალიზმის» პერიოდი: შეწყდა წამება, დაპატიმრებულებს დაუბრუნდათ მათი კუთვნილი უფლებები. ეჟოვის თანამზრახველებმა დაკარგეს თანამდებობები, ბევრი მათგანი სასამართლოს წინაშე წარსდგა და დამნაშავედ იქნა ცნობილი უკანონო რეპრესიების განხორციელებაში.

პოსპელოვის მოხსენების თანახმად, ამ პერიოდში დაპატიმრებები მკვეთრად შემცირდა: 1939-1940 წლებში მათი რაოდენობა 1937-1938 წლებთან შედარებით 90 პროცენტზე მეტრად შემცირდა. დახვრეტების რაოდენობა 1937-1938 წლებთან შედარებით 1 პროცენტზე დაბლა დაეცა.

ბერიამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი 1938 წლის ნოემბერში ჩაიბარა, მაშასადამე, «არნახული ლიბერალიზმის» პერიოდი, რომელსაც უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწორედ მისი ხელმძღვანელობის წლებს ემთხვევა. ხრუშჩოვს, რომელიც პოსპელოვის მოხსენებით ხელმძღვანელობდა თავისი «დახურული მოხსენების» შედგენის დროს, შეუძლებელია არ სცოდნოდა ეს ფაქტები, მაგრამ გადაწყვიტა, მათთვის გვერდი აევლო, რათა არ მიეცა აუდიტორიისთვის არავითარი საბაბი, დაეჭვებულიყო ისტორიული მოვლენების მისეულ ხედვაში.

ბერიას მიერ შინსახკომის ხელმძღვანელობის პერიოდს დაემთხვა იმ პირების სასამართლო პროცესები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ უკანონო რეპრესიებში, მასობრივ წამებასა და სისხლის სამართლის საქმეთა ფალსიფიცირებაში. ხრუშჩოვმა ეს იცოდა, მაგრამ ამის თაობაზე კრინტიც არ დაუძრავს.

«შიფროტელეგრამა წამებათა შესახებ»

თავის დახურულ მოხსენებაში ხრუშჩოვი აღნიშნავდა, რომ, როცა 1939 წელს რეპრესიების ტალღა დაცხრა და ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა შინსახკომის თანამშრომლებს პრეტენზიები წაუყენეს დაპატიმრებულთა მიმართ ფიზიკური ზემოქმედების გამო, 1939 წლის 10 იანვარს სტალინმა დაშიფრული დეპეშა გაუგზავნა საოლქო, სამხარეო, ეროვნული კომპარტიების ცკ მდივნებს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრებს, შინსახკომის სამმართველოების უფროსებს. მასში აღნიშნული იყო: «საკ. კპ (ბ) ცკ განმარტავს, რომ ფიზიკური ზემოქმედების პრაქტიკა შინსახკომის პრაქტიკაში დაშვებული იყო 1937 წლიდან საკ. კპ(ბ) ცკ ნებართვით… ცნობილია, რომ ყველა ბურჟუაზიული დაზვერვა იყენებს ფიზიკურ ზემოქმედებას სოციალისტური პროლეტარიატის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, თანაც უსაზიზღრესი ფორმებით. საკითხავია, რატომ უნდა იყოს სოციალისტური დაზვერვა უფრო ჰუმანური ბურჟუაზიის პირწავარდნილი აგენტების მიმართ, მუშათა კლასისა და კოლმეურნეთა დაუნდობელი მტრების მიმართ. საკ. კპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტს მიაჩნია, რომ ფიზიკური ზემოქმედების მომენტი კვლავაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც გამონაკლისი, ხალხის აშკარა და განუიარაღებელი მტრების წინააღმდეგ, როგორც სავსებით გამართლებული და მიზანშეწონილი მეთოდი».

ამრიგად, სოციალისტური კანონიერების ყველაზე უხეში დარღვევები სანქცირებული იყო სტალინის მიერ ცეკას სახელით.

ხრუშჩოვი საგანგებოდ შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მსმენელები მინიმუმ ოთხ შემთხვევაში:

_ დეპეშის ტექსტიდან ამოგდებული იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაწილები, რადგან ისინი არ ესადაგებოდა «დახურული წერილის» მიზნებს.

_ ხრუშჩოვმა დამალა, რომ ტელეგრამის ტექსტი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არასოდეს და არსად არ გაუგზავნიათ. თავისთავად დოკუმენტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი გამზადებულია არა 1939 (როგორც დეპეშის ტექსტშია მითითებული), არამედ 1956 წელს.

_ ხრუშჩოვმა არაფერი თქვა ე.წ. დეპეშის ტექსტის სხვა, დამაეჭვებელ თავისებურებებზე, რომლებიც ჩვენთვის სკკპ ცკ 1957 წლის პლენუმის სტენოგრამებითაა ცნობილი, და ეხება მალენკოვის, მოლოტოვისა და კაგანოვიჩის «ანტიპარტიული ჯგუფის» საქმის განხილვას.

_ გამორიცხული არ არის, რომ ე.წ. შიფროტელეგრამა პირადად ხრუშჩოვის მონაწილეობით იყო ფალსიფიცირებული.

როგორც ამ «დოკუმენტის» შინაარსი, ასევე ფორმაც, რომლის სრული ტექსტი მხოლოდ 1990 წელს გამოქვეყნდა, ფრიად პრობლემურია. სერიოზული გამოკვლევაა ჩასატარებელი, რათა პასუხი გაეცეს მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ზოგიერთს აქვე მოგახსენებთ.

«დეპეშის» არსი პირველივე სტრიქონებიდან ხდება საეჭვო, რადგან პირველი მდივნები აქ ლამის ანგელოზებად წარმოგვიდგებიან. როგორც ჩანს, ხრუშჩოვს არ სურდა, ხელიდან გაეშვა შემთხვევა, თავის მოხსენებაში რომ არ განეცხადებინა, რომ პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ წამების ფაქტების გამო, რაც სტალინსა და მის დამქაშ ბერიას უნდა ვუსაყვედუროთო! ორივენი «ცუდი ბიჭები» არიან, პირველი მდივნები კი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მათზე იყო დამოკიდებული, რათა წინ აღსდგომოდნენ სისხლიან ჩანაფიქრებს.

ხრუშჩოვი პირველი მდივანი იყო, ე.ი. ნიკიტა «კარგი ბიჭია».

მაგრამ იური ჟუკოვის დოკუმენტური გამოკვლვა («სხვანაირი სტალინი») ადასტურებს, რომ სინამდვილეში სწორედ პირველი მდივნები მოითხოვდნენ მასობრივი რეპრესიების გაშლა-გაფართოებას. ამას ეწინააღმდეგებოდა სტალინი და მასთან ერთად პოლიტბიუროს «მცირე ხელმძღვანელობა» (როგორც ჟუკოვი უწოდებს). მკვლევარი ამტკიცებს, რომ ნანახი აქვს დოკუმენტი, რომლითაც უკრაინის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მოითხოვს «პირველი კატეგორიის» პირთა რაოდენობის 20 ათას კაცამდე გაზრდას გვარების დაუსახელებლად. გეტი კი იმოწმებს ხრუშჩოვის მოთხოვნას, ორივე კატეგორიაზე რაოდენობის 41 000-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.

აი, კიდევ რისი აღნიშვნაა აუცილებელი: «ხრუშჩოვმა შიფროდეპეშის» ერთი დიდი ფრაგმენტი გამოტოვა, რომელშიც, ჯერ ერთი, შეფასებულია და განსხვავებულია «ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები»; მეორე, დასახელებულია ეჟოვის დამქაშების, ცნობილი შინსახკომელი მაღალჩინოსნების გვარები, რომლებიც «საკადრისად დაისაჯნენ» ჩადენილი უკანონობების გამო.

მათ შორის დასახელებულია ზაკოვსკი, რომელსაც ხრუშჩოვი მიიჩნევდა ერთ-ერთ უმთავრეს ფალსიფიკატორად. ხრუშჩოვს დეპეშის ამ ნაწილის წაკითხვა რომ გაებედა, მას (ტექსტს) შეიძლება გამოეწვია უნდობლობა მოხსენების მთავარი დებულების მიმართ _ სტალინი მასობრივი რეპრესიების გაჩაღებელი იყო და არა მომთოკველი. ამასწინათ გამოცემულ «ეჟოვის საქმის» მასალებში მითითებულია, რომ ზაკოვსკის იგი მიიჩნევდა თავის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამზრახველად. როცა იგი მაინც დააპატიმრეს, ეჟოვმა მოითხოვა, დაედგინათ, დახვრეტილია თუ არა ზაკოვსკი, რადგან მას შეეძლო მოეთხრო ბერიასთვის გამოძიების ფალსიფიცირებათა და იმ წამებათა შესახებ, რომლებშიც ეჟოვის ხალხი მონაწილეობდა.

წამების შესახებ «შიფროტელეგრამა» ხრუშჩოვის გაქნილობის ნათელი მაგალითია, რის სრულად გასარკვევად სერიოზული ანალიტიკური მუშაობაა ჩასატარებელი, თუმცა ნაწილობრივ ამის გაკეთება აქაც შესაძლებელია.

1. დოკუმენტი 1939 წლის 10 იანვრითაა დათარიღებული და საუკეთესო შემთხვევაში დეპეშის შავ ეგზემპლარად შეიძლება ჩაითვალოს. იგი დაბეჭდილია საბეჭდ მანქანაზე ჩვეულებრივ საწერ ქაღალდზე, არ ადევს ვიზა _ არც სტალინის, არც არავისი. მომდევნო «ნახევრადოფიციალურ» პუბლიკაციაში უკვე აღარაა ნათქვამი, რომ დოკუმენტი სტალინის მიერაა ხელმოწერილი, სამაგიეროდ «ამტკიცებენ», რომ ერთ ადგილას სტალინის ხელითაა ჩამატებული წინადადება. ეს წმინდა წყლის ბლეფია. რედაქტორები ვერაფრით ადასტურებენ, რომ საქმე სწორედ ისეა, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ.

2. თუ ჩვენ წინ ნაყალბევი არ დევს, მაინც ვერ მტკიცდება, რომ იგი დედნის პირია, რომელიც არავისთვის გაუგზავნიათ. აშკარავდება, რომ იგი დაწერილია 1956 წელს, რადგან სწორედ მაშინ გამოჩნდა ეს «დოკუმენტი». ამას ამტკიცებს საბეჭდი მანქანის შრიფტებიც.

სრულიად გაუგებარია, 1956 წლის საქმის მწარმოებელმა როგორ გაბედა, ჩანიშვნები გაეკეთებინა საიდუმლო არქივის 1939 წლის დოკუმენტზე.

ეს სერიოზული დეტალებია, რომლებიც მეცნიერულ დონეზე უნდა შემოწმდეს. თავისთავად იბადება კითხვა: თუ ეს ამონაბეჭდი მხოლოდ ასლია, სადაა დედანი?

3. 1957 წლის პლენუმზე მოლოტოვმა და კაგანოვიჩმა განაცხადეს, რომ გარკვეული კატეგორიის პირებზე ფიზიკური ზემოქმედების გადაწყვეტილება მართლაც არსებობდა და რომ მას ხელი პოლიტბიუროს ყველა წევრმა მოაწერა. ხრუშჩოვმა ამ განცხადებაზე ასეთი პასუხი გასცა, რომ არსებობდა ორი გადაწყვეტილება და რომ იგი გულისხმობდა არა «შიფროტელეგრამას», არამედ სულ სხვა დოცუმენტს, მაგრამ მეორე დოკუმენტის თემას ხრუშჩოვი არსად და არასდროს დაბრუნებია. რომელ დოკუმენტს გულისხმობდა იგი, ვერასოდეს დავადგენთ.

საკითხის განხილვაში მონაწილე პოლიტბიუროს სხვა წევრების მტკიცებით, ორიგინალი განადგურებული იქნა და მისი ერთადერთი პირი სასწაულებრივად გადარჩა დაღესტნის საოლქო კომიტეტში. მაგრამ ეს «სასწაულებრივად გადარჩენილი» დოკუმენტი არსად არავისთვის გასაცნობად არ წარუდგენიათ.

ხრუშჩოვი ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს სტალინის წინააღმდეგ არ გაანადგურებდა, თუ იქ არ იყო განცხადებული ისეთი რამ, რაც ხრუშჩოვს ცუდად შემოუტრიალდებოდა.

ა. გეტიმ არქივში აღმოაჩინა იგივე «შიფროტელეგრამა», მაგრამ სხვა რიცხვით _ 1939 წლის 27 ივლისით დათარიღებული. ტექსტი არ გამოქვეყნებულა მაგრამ თუ მოლოტოვმა მართალი თქვა, რომ დეპეშას პოლიტბიუროს ყველა წევრმა მოაწერა ხელი, მაშინ იმ შიფროგრამაზე ხრუშჩოვის ხელმოწერაც უნდა იყოს, რადგან 1938 წლის იანვრის პლენუმის შემდეგ იგი პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა, ხოლო 1939 წლის 22 მარტიდან _ წევრი.

მაშასადამე, ხრუშჩოვმაც ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც პოლიტბიუროს სხვა წევრებმა.

გამორიცხული არ არის, რომ ხრუშჩოვი ცდილობდა, ეპოვა 1939 წლის 27 ივლისის დეპეშა და შემდეგ არქივიდან გაექრო ყველაფერი, რისი პოვნაც შეძლო: დოკუმენტს გადაუღეს პირი (და წაშალეს ეჟოვის გვარი, რომელიც დოკუმენტის გვიანდელ ვერსიაში იყო ნახსენები) და ჩაწერეს უფრო ადრინდელი თარიღი, როცა ხრუშჩოვი ჯერ კიდევ არ შედიოდა პოლიტბიუროს შემადგენლობაში.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ განადგურდა დოკუმენტების ძალიან დიდი ნაწილი. იური ჟუკოვის ინტერვიუში («კომსომოლსკაია პრავდას» 2002 წლის 12 ნოემბრის ნომერი), ნიკიტა პეტროვის წიგნში (Первый председателъ КГБ Иван Серовб, გვ.157-162), მარკ იუნგისა და რალფ ბინერის გამოკვლევაში Как террор стал «Болъщим», გვ.16) ლაპარაკია იმაზე, რომ ხრუშჩოვმა გაანადგურა უფრო მეტი დოკუმენტი, რაც ოდესმე გაუნადგურებიათ.

ასეა თუ ისე, უეჭველად დადასტურებულია, რომ ხრუშჩოვმა, სულ ცოტა, ამორჩევით მოახდინა დოკუმენტის ციტირება, რათა მსმენელები შეცდომაში შეეყვანა.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here