გზა მეორე მსოფლიო ომისკენ
ესპანეთის პლაცდარმი, სადაც ევროპის ფაშიზმი რესპუბლიკურ ესპანეთს დაუპირისპირდა, წარმოგვიდგა «ბრძოლით დაზვერვად», რომელმაც გვაჩვენა, თუ როგორ განაწილდა ძალები ევროპის კონტინერტზე.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ «ესპანეთი საბჭოთა დიპლომატიისთვის გახდა ის ნიადაგი, რომელზეც მოსკოვი იმედოვნებდა დაეფუძნებია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა ფაშისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ და, აქედან გამომდინარე, უზრუნველეყო საბჭოთა კავშირისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიები. 1937 წლის სექტემბერში საბჭოთა მთავრობა შეუერთდა ლიონის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ერთობლივ მოქმედებას ხმელთაშუა ზღვაში იტალიის წყალქვეშა ნავების მეკობრული თარეშის აღსაკვეთად.
მაგრამ შედეგები იმედისმომცემი ვერ გამოდგა. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ვერ შეძლეს რეალურად წინ აღდგომოდნენ იტალია-გერმანიის ინტერვენციას… ინგლისის კონსერვატიული მთავრობა და საფრანგეთის მემარჯვენეთა და ცენტრისტული ძალების ბანაკი სიმპათიით ელაციცებოდნენ ფრანკოს და ესპანელ ფაშისტებს, რადგან აშინებდათ მემარცხენე პარტიების, განსაკუთრებით, კომუნისტების შეტევაზე გადმოსვლა. ამასთან ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური წრეები სრულიადაც არ გამორიცხავდნენ უფრო ფართე შეთანხმებას ჰიტლერთან და მუსოლინისთან, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათგან ერთ-ერთთან მაინც.
სტალინი ხედავდა, რომ დასავლეთის ბურჟუაზიული დემოკრატიები სულიერად, იდეურად ფაშისტურ რეჟიმებთან უფრო ახლოს იდგნენ, ვიდრე სოციალისტურ სახელმწიფოსთან, მით უფრო, ვიდრე საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობასთან. იგი დარწმუნდა, რომ ფაშისტების მთავარ სამიზნედ ძალიან მალე საბჭოთა კავშირი გახდებოდა. ჰიტლერისა და მუსოლინის რეჟიმების განცალკევება მან ვერ შეძლო. ახლა ისე უნდა ემოქმედა, რომ დასავლეთის სიმპათია ჰიტლერისადმი მასთან მჭიდრო თანამშრომლობაში არ გადაზრდილიყო. ამიტომ მან ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რეჟიმებთან კომუნისტური პარტიების იდეოლოგიური კონფრონტაციის კურსი აიღო.იმ ქვეყნების კომუნისტებს, რომლებსაც დიდი ალბათობით მოუწევდათ ფაშისტებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა, უპირველესად _ საფრანგეთისა და ჩეხოსლოვაკიისა _ მოსკოვიდან მისცეს მითითება, არ შეეშალათ ხელი ეროვნული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებებისთვის, თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდეს მათი პარტიებისა და მთლიანად მუშათა მოძრაობის ანტიმილიტარისტულ ტრადიციებს. ასე იყო მითითებული სტალინის ცნობილ განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის ხელშეკრულების დადების დროს, როცა მოიწონა საფრანგეთის პოლიტიკა თავისი შეიარაღებული ძალების მხრადაჭერისა და გაძლიერებისკენ მიმართული.
ამ შორსმჭვრეტელურმა დიპლომატიამ თავისი შედეგი მრავალი წლის შემდეგ გამოიღო. მაშინ კი უნაყოფო ჩანდა…
«ყველა ქვეყნის ანტიფაშისტები საბჭოთა კავშირს მიიჩნევდნენ სახელმწიფოდ, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანად წარმართავდა ბრძოლას ჰიტლერისა და მუსოლინის წინააღმდეგ. სტალინის ფიგურამ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა, რამაც ხელი შეუწყო მისი კულტის განმტკიცებას კომუნისტურ მოძრაობაში», _ წერს ისტორიკოსი დ. ბოფი.
სტალინის ავტორიტეტი იქმნებოდა არა რაღაც ხრიკებითა და მზაკვრულობით, არა დემაგოგობის ნიჭით, არამედ მისი თანმიმდევრული, ლოგიკური და პატიოსანი პოლიტიკის წყალობით, რომელიც ხალხის მასების ინტერესებს უპასუხებდა. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოააშკარავა ფაშისტების მზაკვრული ჩანაფიქრი და შეეცადა მძლავრი თავდაცვითი ზღუდის აღმართვას ჰიტლერისა და მუსოლინის აგრესიულ განზრახულობათა განხორციელების გზაზე. მაგრამ რაც უფრო გავლენიანი ხდებოდა სტალინი როგორც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, მით უფრო უფრთხოდნენ მას წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები _ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ.
სტალინის პიროვნული კულტი აქ მეორეხარისხოვანია, მთავარი იყო უაღრესად გაზრდილი ავტორიტეტი ქვეყნის, რომელსაც იგი ედგა სათავეში…
სახელგანთქმული გერმანელი მწერლის ლიონ ფეიხტვანგერის წიგნში «მოსკოვი 1937. მოგზაურობის ანგარიში ჩემი მეგობრებისთვის», რომელიც პირველად ამსტერდამში გამოიცა, აღნიშნული იყო საბჭოთა კავშირში ხალხის ძალაუფლების არსებობის ფაქტი: «უკლასო საზოგადოების ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ყველას დაბადებიდანვე აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მიიღონ განათლება და აირჩიონ პროფესია, მაშასადამე, ყველა დარწმუნებულია, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ადგილით თავისი პროფესიის მიხედვით და შეძლებს თავისი უნარის სრულ გამოვლენას. ეს ძირითადი პრინციპი, რომელსაც სადავოდ არ ხდიან საბჭოთა კავშირის ყველაზე უფრო თავგამოდებული მოწინააღმდეგენიც კი, განხორციელებულია სსრკ-ში. ამიტომაც მოსკოვში არ შემიმჩნევია ქედის მოხრის ნიშანი, სიტყვა «ამხანაგი» ცარიელი სიტყვა არ არის. ამხანაგი მშენებელი მუშა, რომელიც მეტროს შახტიდან ამოვიდა, ამხანაგ კომისრის თანასწორად ნამვილად გრძნობს თავს. დასავლეთში, ჩემი დაკვირვებით, გლეხების და პროლეტარების შვილები, რომლებმაც შეძლეს განათლების მიღება, ხაზს უსვამენ უმაღლეს კლასში თავიანთ გადასვლას. საბჭოთა კავშირში ინტელიგენტები, რომლებიც მუშურ-გლეხური წარმოშობისანი არიან, მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ მშობლიურ გარემოსთან».
ამრიგად, ჩამოყალიბდა საზოგადოება, სადაც არ არიან ბატონები და მსახურები, პატრონები და მათზე დამოკიდებული მუშაკები; სადაც არ არის ყალბი დემოკრატია, რომელიც მოწოდებულია შენიღბოს მდიდრების რეალური ძალაუფლება; სადაც არ არსებობს დაბადებიდანვე სოციალური ფენების, კასტების, ოჯახების კუთვნილებით მინიჭებული კოლოსალური უპირატესობანი. ეს იყო სახალხო დემოგრაფია, რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა ბურჟუაზიულისგან ისევე, როგორც ფაშისტური ანტიდემოკრატიისგან.
მართალია, სსრ კავშირში სერიოზულად იყო შეზღუდული პრესის თავისუფლება. მაგრამ ამაზე ფეიხტვანგერმა (არაკომუნისტმა) მკაფიოდ და სამართლიანად შენიშნა: «საბჭოთა კავშირი ვერასოდეს მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია, დასავლეთევროპული შინაარსის საპარლამენტო დემოკრატიის დანერგვის, გინების განუსაზღვრელი თავისუფლების პირობებში შესაძლებელი არ იქნებოდა სოციალიზმის აშენება. ვერავითარი მთავრობა, რომელსაც მუდმივად თავს ესხმის პარლამენტი და ბეჭდვითი სიტყვა და რომელიც არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ვერ აიძულებდა მოსახლეობას გადაეტანა ის მძიმე ტვირთი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ამ მშენებლობის განხორციელება. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ, რომელიც ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა _ ან თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეხარჯა უაზრო და ბოროტი თავდასხმების მოსაგერიებლად, ან მთელი თავისი ძალა წარემართა მშენებლობის დასამთავრებლად, მხარი დაუჭირა გინების თავისუფლების შეზღუდვას.
მაგრამ დაცინვა, ბუზღუნი და ავყიობა ზოგიერთებისთვის იმდენად საყვარელი გასართობია, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ… ამიტომაა, რომ ბევრს საბჭოთა კავშირი დემოკრატიის საწინააღმდეგო რამედ მიაჩნია და იმასაც კი აცხადებენ, თითქოს საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ დიქტატურას შორის განსხვავება არ არსებობს. საცოდავი უსინათლონი!..»
როგორც ვხედავთ, დღევანდელი ოფიციალური პროპაგანდის გააქტიურება კომუნიზმისა და ფაშიზმის იდენტურობის მტკიცების მიმართულებით სამოცდაათ წელიწადზე უწინდელი და გახუნებული მტკიცებულებების უნიჭო რეანიმაციის მცდელობაა და ელემენტარული პლაგიატი.
«ძირითადად, _ განმარტავდა ფეიხტვანგერი, _ საბჭოთა დიქტატურა იფარგლება ორი შეხედულების გავრცელების აკრძალვით: პირველი, რომ სოციალიზმის აშენება საბჭოთა კავშირში შეუძლებელია მსოფლიო რევოლუციის გარეშე და, მეორე, რომ საბჭოთა კავშირმა უნდა წააგოს მომავალი ომი. ის, ვინც ამ ორი აკრძალვიდან გამომდინარე ასკვნის, რომ საბჭოთა კავშირი და ფაშისტური რეჟიმები ერთგვაროვანია, ივიწყებს ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას, კერძოდ: საბჭოთა კავშირი კრძალავს აგიტაციას იმის დასამტკიცებლად, რომ ორჯერ ორი ხუთია, ფაშისტური დიქტატურები კრძალავს მტკიცებას იმისას, რომ ორჯერ ორი ოთხია».
და კიდევ: საბჭოთა ხელისუფლებისა და «დემოკრატიული დიქტატორის» (ასე უწოდა ფეიხტვანგერმა სტალინს) ავტორიტეტის განმტკიცება მიზნად ისახავდა საზოგადოების კონსოლიდებას, მშრომელთა (და არა პარაზიტული ფენების) ცხოვრების უფლებების უზრუნველყოფას, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ფაშისტური ხელისუფლება ჰიტლერისა და დუჩეს მიმართ უაზრო და უგონო მონამორჩილებას აღიარებდა და, როგორც ჰიტლერი ღაღადებდა, იბრძოდა «ჩვენი ხალხის ერთიანობის, ნებისა და სულისკვეთების აღორძინებისთვის». ეს კი ნიშნავდა მშრომელთა მორჩილებას უმაღლესი ხელისუფლებისა და კასტის ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობდა სხვა ხალხების წინააღმდეგ აგრესიისა და ექსპლუატაციის განხორციელებას (არაფერი რომ არ ვთქვათ «დაბალი რასების» განადგურებაზე).
ამის თაობაზე კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი, რათა თანამედროვე მკითხველმა, რომელსაც ცრუპროპაგანდის კოლოსალური ძალებით შეუტიეს, შეძლოს სიმართლესთან მიახლოება და შემდეგ თვითონ გაერკვეს, რომელ მხარეს დადგება.
სტალინი ყველაფერს აკეთებდა ომის თავიდან ასაცილებლად, რომლის გარდაუვალობას იგი გრძნობდა და ხედავდა. მაგრამ მისი მცდელობა, დაემყარებინა მტკიცე სამხედრო კავშირი დასავლეთის ბურჟუაზიულ დემოკრატიებთან, წარუმატებელი იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ დემოკრატიების მიერ გაქსუებული გერმანული ფაშიზმი მათვე დაესხა თავს, იძულებული გახდნენ, შეეცვალათ თავიანთი საგარეო პოლიტიკის მიმართულება. ფაშისტურმა დიქტატურებმა, სანამ აღმოსავლეთისკენ დაძრავდნენ თავიანთ ძალებს, დაიმორჩილეს დასავლეთი და ცენტრალური კონტინენტური ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა.
სტალინმა თავისი დიპლომატიური ძალისხმევა წარმართა იქითკენ, რომ რაც შეიძლება გადაევადებინა ომის დაწყება და რაც შეიძლება უკეთ გამოეყენებინა სსრკ გეოპოლიტიკური მდგომარეობა მისი დაწყების დროისთვის. ამით აიხსნება ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა სტალინმა იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ რეჟიმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის გახანგრძლივების მიზნით.
ომის საშიშროების ზრდის ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა მუსოლინის. მისთვის, ისევე, როგორც ფიურერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, არ დაეშვა საბჭოთა კავშირის მიერ სამხედრო ხელშეკრულების დადება ინგლისთან და საფრანგეთთან. ამ თვალსაზრისით რომისა და ბერლინის ინტერესები ერთმანეთს სრულად შეესაბამებოდა. მუსოლინის ესმოდა, რომ სტალინს სულაც არ სურდა, საბჭოთა ადამიანები საზარბაზნე ხორცად რომ ქცეულიყვნენ ბურჟუაზიული დემოკრატიების ინტერესების დასაცავად გამართულ ომში. მაგრამ სტალინისთვის არც სსრ კავშირის საერთაშორისო იზოლაცია იყო სასურველი. ამ ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო ჰიტლერი, რომელიც დასავლეთ ევროპაზე თავდასხმას გეგმავდა. მას თავი უნდა დაეცვა ორ ფრონტზე ომის საშიშროებისგან სსრ კავშირთან დაახლოების გზით.
მაგრამ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ურთიერთობა იმ ზომამდე იყო დაძაბული და გაფუჭებული, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილის შესახებ ბერლინიდან ინფორმაციის პირდაპირ მოწოდება შეუძლებელი იყო. საჭირო იყო შუამავალი. გარკვეული თვალსაზრისით ასეთი შუამავალი გახდა მუსოლინი.
1939 წლის 27 მაისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა გერმანიაში იტალიის ელჩს შესთავაზა, რომ იტალიის ელჩი საბჭოთა კავშირში შეხვედროდა სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ვ. პოტიომკინს და ეცნობებინა მისთვის, რომ გერმანიაში მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის მიმართ გერმანიის კურსის გადახედვა…
მეორე მსოფლიო ომის დაწყების კვირაძალს, მუსოლინი მიესალმა გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის დადებას, რადგან მას შესაძლებლობა მიეცა აქტიურად განეხორციელებინა თავისი პოლიტიკა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ინგლისმა და საფრანგეთმა თავიანთივე ბრალით დაკარგეს საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა.
1940 წლის შემოდგომაზე დუჩემ თავისი ძალები საბერძნეთისკენ დაძრა. მის არმიაში ალბანეთის საჯარისო ნაწილებიც შედიოდა.
საბერძნეთის დიქტატურა თითქმის სრულად ემთხვეოდა იტალიისას, ამიტომ დუჩე არ ელოდა ძლიერ წინააღმდეგობას. მაგრამ მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რომელმაც არა მარტო დაამსხვრია მისი ყველა გეგმა, არამედ იტალია გერმანიაზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ აქცია. ბერძენმა ხალხმა და საბერძნეთისარმიამ არა მარტო ძლიერი და მოულოდნელი წინააღმდეგობა გაუწია მომხდურებს, არამედ _ ფრიად წარმატებულიც.
დუჩეს ჯარები თავიანთ ტერიტორიაზე რომ დაამარცხეს, ბერძნებმა ალბანელი პარტიზანების დახმარებით ალბანეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაათავისუფლეს. ამას დაემატა ინგლისელების მიერ იტალიელების დამარცხება აფრიკაში, რასაც შედეგად იტალიელების კოლონიური იმპერიის დიდი ნაწილის დაკარგვა მოჰყვა. იტალიაში გაძლიერდა დიქტატორის მოწინააღმდეგე ოპოზიცია.
მუსოლინი იძულებული გახდა დასახმარებლად ჰიტლერისთვის მიემართა. ფიურერი არ ჩქარობდა. მას ხელს აძლევდა, თუ იტალია თავის თავს რაც შეიძლება მეტად დაასუსტებდა, რადგან მსოფლიოს ბატონ-პატრონად მხოლოდ საკუთარ თავს წარმოიდგენდა.
მხოლოდ 1941 წლის დასაწყისში შეიჭრნენ გერმანელები საბერძნეთში და ბულგარეთის დახმარებით დაამარცხეს იგი. და თუ იტალია-საბერძნეთის ომამდე მუსოლინი ზოგჯერ ფიურერისგან დამოუკიდებელ პოზიციას იკავებდა (უარი თქვა მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყო 1939 წელს; გააჭიანურა ომის გამოცხადება ინგლისისა და საფრანგეთისთვის), საბერძნეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ფიასკოს შემდეგ, ჰიტლერის სრული გავლენის ქვეშ მოექცა და სრულად მასზე დამოკიდებული გახდა. ფიურერმა მისთვის სატელიტის როლიღა გაიმეტა საბერძნეთის დიდ ნაწილსა და გერმანელების მიერ დაპყრობილ იუგოსლავიაში: ჰიტლერს არ სურდა გაეფანტა თავისი ძალები მათ საოკუპაციოდ. იგი აღმოსავლეთისკენ საომრად იწვევდა.
ჰიტლერი არ უმხელდა მუსოლინის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ზუსტ თარიღს. თუმცა დუჩე ხვდებოდა, როდისთვის იყო დანიშნული ეს დღე იქსი. იტალიის სამხედრო დაზვერვის უფროსმა აცნობა, რომ ომი 1941 წლის 15 ივნისს დაიწყებოდა. მუსოლინიმ გასცა ბრძანება, გაემზადებინათ 3 დივიზია აღმოსავლეთ ფრონტზე გასაგზავნად. იგი ფაშისტების გამარჯვებაში იყო დარწმუნებული. მაგრამ ძალიან მალე წაუხდა ნირი. სულ უფრო იზრდებოდა იტალიის საექსპედიციო კორპუსის დანაკარგები, განსაკუთრებით 1941-1942 წლების ზამთარში. დუჩემ მნიშვნელოვნად გაზარდა კორპუსის შემადგენლობა, მაგრამ მისმა მე-8 არმიამ არსებობა შეწყვიტა სტალინგრადთან ბრძოლის შედეგად.
და მაშინ მუსოლინი კიდევ ერთხელ, თავის ცხოვრებაში უკანასკნელად შეეცადა, მოლაპარაკებოდა სტალინს. იგი აპირებდა ჰიტლერისთვის შეეთავაზებინა საბჭოთა კავშირთან სეპარატისტული ზავის დადება და ჯარების გადასროლა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ინგლისელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებმაც ჩრდილოეთ აფრიკაში გადმოსხეს თავიანთი შეიარაებული ძალები. ფიურერის თანხმობის გარეშე მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდებოდა.
ძნელია იმის გაგება, თუ რისი იმედი ჰქონდა დუჩეს. ამგვარი სამშვიდობო შეთანხმება გაცხარებული ომის დროს ჰიპოთეტურადაც ძნელი წარმოსადგენია. ალბათ, ეს იყო ისეთი სიტუაცია, როცა წყალწაღებული ხავს ეპოტინება და ასე ცდილობს თავის გადარჩენას. თუმცა მუსოლინის იმედი მისცა: იაპონიამ, რომელმაც მხარი დაუჭირა მის ინიციატივას. მაგრამ ჰიტლერს უსაზღვროდ სძულდა საბჭოთა კავშირი, ხოლო სტალინი, რომელიც დარწმუნებული იყო ჰიტლერის ორპირობაში, რომელმაც იცოდა, თუ რა დიდი მსხვერპლი გაიღო და რა ტანჯვა-წამება ხვდა წილად საბჭოთა ხალხს ფაშისტური აგრესიის შედეგად, ჰიტლერთან არავითარ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერდა.
ბოლო ოცწლეულის ზოგიერთი ვაიმკვლევარი იმდენად მედროვე აღმოჩნდა, რომ განაცხადა, საბჭოთა ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ სტალინმა განახორციელა აგრესია ევროპის წინააღმდეგ. ასეთ შეხედულებაში მეცნიერულ კვლევის კი არა, საღი აზრის ნატამალიც არ ჩანს. საბჭოთა ჯარები საზღვართან რომ გაჩერებულიყვნენ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ფაშიზმი, კაცობრიობის ეს შავი ჭირი დღესაც იარსებებდა და, სავსებით შესაძლებელია, მსოფლიოს ბატონ-პატრონადაც მოგვლინებოდა.
მოკლედ, სტალინისთვის აგრესორობის დაბრალება ერთ მიზანს ემსახურება _ დააკნინონ საბჭოთა კავშირისა და მისი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის როლი კაცობრიობის ფაშიზმისგან გათავისუფლების საქმეში.
ფიურერი არა მარტო საბჭოთა კავშირის, კომუნისტებისა და «დაბალი რასების», არამედ თვით გერმანელი ხალხის მტერი იყო. სეპარატისტული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ნაცისტების ინტერესების სასარგებლო აქტი იქნებოდა. ფიურერი ნაცისტური იდეის ფანატიკოსი იყო, მსოფლიო ბატონობის ბოდვითი იდეით შეპყრობილი ავადმყოფი, მიაჩნდა, რომ მას, გერმანელი ხალხის ბელადს, არიული რასა ზებუნებრივი ძალების დახმარებითა და შემწეობით «ზეადამიანის» გამარჯვების გზით მიჰყავდა. პირველ ზეადამიანად, ცხადია, საკუთარ თავს წარმოიდგენდა…
მუსოლინის დასუსტების კვალად სტალინს სულ უფრო ეკარგებოდა მისდამი ინტერესი. ხოლო 1943 წლის ზაფხულში დუჩეს დამხობის შემდეგ სულაც დაივიწყა იგი.
იმავე წლის 3 სექტემბერს ინგლის-ამერიკის ჯარების შეტევის შედეგად იტალიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. მუსოლინი მალევე დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს. ოტო სკორცენიმ თავისი «სპეცრაზმით» _ გერმანელი პარაშუტისტების დანაყოფით _ გაათავისუფლა იგი. გერმანელების დახმარებით დუჩემ ჩრდილოეთ იტალიაში _ ლომბარდიაში შექმნა რესპუბლიკა სალო, გამოაცხადა იტალიის ახალი აღორძინება, მისი შებღალული ღირსებისა და დიდების აღდგენა კაპიტულაციის სირცხვილის ჩამოსარეცხად, რომელსაც ხელი მოაწერა მეფე ვიქტორ-ემანუილმა. რესპუბლიკა სალო ცნეს გერმანიამ, იაპონიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ხორვატიამ და სლოვენიამ. მუსოლინი შეეცადა, ტერორითა და მხურვალე სიტყვებით გაეღვიძებინა ქვეშევრდომთა საბრძოლო სულისკვეთება (მან თავისი სიძე, დის ქმარი გრაფი ჩიანო კიდეც დახვრიტა). მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. იტალიელები არ ისწრაფოდნენ თავი შეეწირათ დუჩესა და ფაშისტური ხელისუფლებისთვის.
გერმანელების სამხედრო ნაწილებთან ერთად უკანდახევის დროს მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა დაატყვევეს, დახვრიტეს თავის საყვარელთან _ კლარა პეტაჩისთან ერთად და ცხედრები მოედანზე თავდაყირა დაკიდეს (ლეგენდის მიხედვით, ჰიტლერი სწორედ ასეთმა ფინალმა შეაძრწუნა და თავის ქვეშევრდომებს დაავალა, რომ მისი და ევა ბრაუნის ცხედრებს თვითმკვლელობის შემდეგ რაიხსტაგის ეზოში დაეწვათ. _ ა.ს.).
ასე სამარცხვინოდ დამთავრდა დუჩეს და იტალიური ფაშიზმის ისტორია.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე