ანტისტალინური უნამუსობა
რობერტ ეიხეს საქმე
სანამ ნიკიტა ხრუშჩოვი რობერტ ინდრიკის ძე ეიხეს, ეროვნებით ლატვიელს, თავის დახურულ მოხსენებაში XVII ყრილობის მიერ არჩეულ ცეკას რეპრესირებულ წევრთა შორის მოიხსენიებდა როგორც წამებულ რაინდს, ეს პარტიული ნომენკლატურის უმაღლესი რანგის ფუნქციონერი თავად იყო უმოწყალო ჯალათთა შორის, რომელსაც ბოლოს და ბოლოს აგებინეს პასუხი მის მიერ ჩადენილ დანაშაულობათა გამო.
ხრუშჩოვმა ყრილობის დელეგატებს ეიხე წარუდგინა როგორც პროვოკაციისა და ბოროტი ფალსიფიცირების, რევოლუციური კანონიერების დარღვევის უდანაშაულო მსხვერპლი. ბიოგრაფიულ-ენციკლოპედიურ ლექსიკონში «სტალინის იმპერია» კი იგი ასეა დახასიათებული: «1929 წლიდან საკ. კპ(ბ) ციმბრის, 1930-დან _ დასავლეთ ციმბირის სამხარეო კომიტეტის მდივანი. 1935 წლის 1 თებერვლიდან ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. 1936-37 წლებში სათავეში ედგა პარტიული და სამეურნეო აპარატის წმენდის საქმეს, რამაც გამოიწვია დაპატიმრებათა უპრეცედენტო ტალღა ციმბირში. 1937 წლის 1 თებერვალს პარტაქტივის კრებაზე განაცხადა: «ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ, ვამხილოთ მტერი, რაგინდ სოროშიც იყოს შემძვრალი». დასავლეთ ციმბირის პარტკონფერენციაზე გამოსვლისას 1937 წლის 7 ივნისს თქვა: «შემოწმების და (პარტბილეთების) შეცვლის შემდეგ ვამხილეთ და პარტიიდან განვდევნეთ კიდევ უფრო მეტი დაუძინებელი მტერი… ყველანი ჯერ კიდევ არ არიან მხილებული, ყოველმხრივ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ტროცკისტ-ბუხარინელთა მხილების მიმართულებით». 1937 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა სსრკ მიწათმოქმედების სახელმწიფო კომისრად. 1937 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1938 წლის 29 აპრილს დააპატიმრეს. 1940 წლის 2 თებერვალს მიუსაჯეს დახვრეტა. განაჩენი აღსრულდა. 1956 წელს რეაბილიტირებულია და აღდგენილია პარტიაში» (გვ. 505).ასეთია რეალობა, რომელიც გვეუბნება, რომ ჯალათს თავისი მიეზღო.
მაგრამ ხრუშჩოვმა ყველაფრის თავდაყირა დაყენება მოინდომა. მან ყრილობის დელეგატებს წარუდგინა ეიხეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის 1939 წლის 27 ოქტომბერს სტალინისათვის გაგზავნილი მისი წერილის ფრაგმენტი, რომელშიც ლაპარაკია გამოძიების უკანონო მეთოდებზე, რომლებიც ეიხემ საკუთარ თავზე იწვნია.
ამასთან დაკავშირებით გროვერ ფერი ასეთ დასკვნას გვთავაზობს:
«ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, არ ვენდოთ ეიხეს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გამომძიებლები სცემდნენ მას, რათა იძულებული გაეხადათ, ეღიარებინა დანაშაულობანი, რომლებიც არასოდეს ჩაუდენია. მაგრამ, ამასთანავე, არ შეგვიძლია სიტყვაზე ვენდოთ და ვირწმუნოთ ის, რაც დაწერა».
ახლა კი მივყვეთ წიგნის გვერდებს.
არ შეიძლება ისტორიულ მტკიცებულებათა ნაცვლად მათი სუროგატის გამოყენება. ეიხეს ერთი წერილი სულაც არ არის საკმარისი ჭეშმარიტების დასადგენად, მათ შორის იმისაც, აწამეს თუ არა იგი.
მაგალითად: 1940 წლის სასამართლოს სტენოგრამის ფრაგმენტში ეჟოვი აცხადებს, რომ, მისგან ცრუ ჩვენებების მიღების მიზნით, იგი უმოწყალოდ აწამეს და, მიუხედავად ამისა, ეჟოვის ბრალეულობა აღიარებათა ფალსიფიცირებაში, ცემასა და წამებაში, საქმეების შეთითხვნაში და მრავალი უდანაშაულო ადამიანის ფიზიკურ განადგურებაში ეჭვს არ იწვევს.
სტალინისათვის გაგზავნილი წერილი ეიხეს საქმის სიმართლის ნაწილია. სრულად მას არ ვიცნობთ, რადგან ხრუშჩოვმა და მისმა მემკვიდრეებმა… მიზანშეუწონლად ჩათვალეს სააშკარაოზე გამოეტანათ ეიხეს საქმის მასალები ან თუნდაც მკვლევარებისთვის გაეხადათ ხელმისაწვდომი.
არსებობს სანდო მოწმობა იმისა, რომ სწორედ ეიხემ გაუკვალა გზა სხვა პირველ მდივნებს (დასაწყისში _ მხოლოდ სათავისოდ გაიკვალა), აღჭურვილიყვნენ საგანგებო რეპრესიული ღონისძიებების განხორციელების _ ათასობით ადამიანის დახვრეტის და უფრო მეტის გულაგში გამწესების უფლებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეიხემ წამოიწყო ის მასობრივი რეპრესიები, რომელთა შესახებ საუბრით ხრუშჩოვი თავის აღშფოთებას უზიარებდა XX ყრილობის დელეგატებს… სწორედ აქ უნდა ითქვას, რომ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი, კერძოდ ის, რომ ეჟოვს, რომელიც პირველ მდივნებთან მჭიდრო კავშირში მუშაობდა, შეეძლო დაეპატიმრებინა და დაეხვრიტა სტალინი, ამ უკანასკნელს უარი რომ ეთქვა მდივნების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
2006 წლის დასაწყისში დაიბეჭდა დოკუმენტების სქელტანიანი კრებული, რომელშიც სხვა დოკუმენტებთან ერთად გამოქვეყნებულია ეჟოვის და შინსახკომში მისი მოადგილის მ.პ. ფრინოვსკის საქმეების გამოძიების საარქივო მასალები, რომლებშიც ორივენი აღიარებენ თავიანთ მონაწილეობას მემარჯვენეთა შეთქმულებაში ბუხარინთან, რიკოვთან და შინსახკომის ხელმძღვანელის პოსტზე ეჟოვის წინამორბედთან გენრიხ (გერმონ) იაგოდასთან ერთად. მაგალითად, ფრინოვსკი ლავრენტი ბერიას სახელზე დაწერილ 1939 წლის 11 აპრილის განცხადებაში ევდოკიმოვსა და ეჟოვს, აგრეთვე, იაგოდას მთავარ მემარჯვენე მეამბოხეთა შორის მოიხსენიებს. იგი საგანგებოდ ასახელებს ეიხეს, რომელიც ევდოკიმოვთან და ეჟოვთან საგანგებოდ ჩავიდა.
ევდოკიმოვს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეჟოვთან, 1940 წელს მასთან ერთად წაუყენეს ბრალდება, მიუსაჯეს და დახვრიტეს. ფრინოვსკი მიიჩნევდა, რომ მემარჯვენეთა შეთქმულების ჯგუფში ეიხეც მონაწილეობდა ეჟოვთან, ევდოკიმოვთან და სხვებთან ერთად. ამ დაჯგუფების წევრი თვითონაც იყო. სხვა შემთხვევაში განცხადების ავტორს საბაბი არ ექნებოდა, ეხსენებინა ეიხე.
…დოკუმენტურად მტკიცდება რომ 1934 წლისთვის მემარჯვენეებს გადაბირებული ჰყავდათ ბევრი ხელმძღვანელი მუშაკი მთელ საბჭოთა კავშირში.
ევდოკიმოვი ხაზს უსვამდა, რომ საჭირო იყო უფრო დაბალი რგოლის პარტიის წევრებისა და საბჭოთა მუშაკების გადაბირება, ასევე _ კოლმეურნე გლეხების, რათა კონტროლი დაემყარებინათ ამბოხებულთა მზარდ მოძრაობაზე, რომელიც, მემარჯვენეთა ანგარიშით, ორგანიზებულ მოძრაობად უნდა ქცეულიყო და თავისი როლი შეესრულებინა სახელმწიფო გადატრიალებაში.
დოკუმენტებიდან, რომლებიც ერთი პერიოდი იანსენსა და პეტროვს ხელთ ჰქონდათ და შემდეგ კვლავ გასაიდუმლოვდა, მტკიცდება, რომ ეიხე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქმეებში ერეოდა, მოითხოვდა იმ პირების დაპატიმრებას, რომელთა წინააღმდეგ «ორგანოებს» არავითარი სამხილი არ გააჩნდათ (იხ. M.Jansen, N. Petrov. Stalins Loyal Executioner… გვ. 91). თავის მხრივ, ეჟოვმა უბრძანა ხელქვეითებს, ხელი არ შეეშალათ ეიხესათვის და ეთანამშრომლათ მასთან. ეს ყველაფერი ეთანხმება იმას, რაც ფრინოვსკის განცხადებაშია ნათქვამი საკუთრივ მისი მუშაობისა და ეჟოვის მუშაობის შესახებ: უდანაშაულო ადამიანების ცემის, მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შეთითხნის შესახებ, იმ მიზნით, რათა გამოგონებული შეთქმულებების წინააღმდეგ ბრძოლით შეენიღბათ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების გეგმები.
რიგი მკვლევარებისა მიიჩნევს, რომ ეიხესა და სხვა პირველი მდივნების მიზანი იყო, რადაც უნდა დამჯდარიყო, ჩაეშალათ 1937 წლის დეკემბერში დანიშნული ალტერნატიული, შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული არჩევნები საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში, არგუმენტთა შორის ოპოზიციის უაღრესად საშიშ შეთქმულებათა მომიზეზებით.
სტალინის ჩანაფიქრით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2-3 კანდიდატის მონაწილეობით დეპუტატის ერთ ადგილზე. ამასთან, კანდიდატების წარდგენა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო არა მარტო საკ.კპ(ბ)-ს მიერ, არამედ საკავშირო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერაც. საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშები, რომლებიც წინასწარ გამოქვეყნდა, ჩაწერილი იყო _ «საარჩევნო ბიულეტენში დატოვეთ ერთი კანდიდატის გვარი, ვისაც ხმას აძლევთ, დანარჩენები წაშალეთ».
ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის ოქტომბრის პლენუმზე პირველმა მდივნებმა შეძლეს ზემოქმედება მოეხდინათ სტალინსა და მოლოტოვზე და იძულებული გაეხადათ, უარი ეთქვათ ალტერნატიულობისა და შეჯიბრებითობის იდეაზე. შეიცვალა ბიულეტენებიც.
სტალინზე ზემოქმედებდნენ სხვა მხრიდანაც. მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი კონსტიტუციაზე და არჩევნების პრობლემებზე მუშაობის პროცესში იაკობ არკადის ძე იაკოვლევი (ეპშტეინი), პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ ბელორუსიის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, 1937 წლის 12 ოქტომბერს მოულოდნელად დააპატიმრეს. აღიარებით ჩვენებებში, რომლებიც მხოლოდ 2004 წელს გამოქვეყნდა, იაკოვლევმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ლენინის გარდაცვალების დროიდან ტროცკისტულ იატაკქვეშეთში იმყოფებოდა და გერმანელი ჯაშუშის მეშვეობით კავშირი ჰქონდა დამყარებული ტროცკისთან. იმ ვითარებაში, როცა ბრალდებათა უზარმაზარი ტალღა აგორდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არსებობდა რეალური და უაღრესად საშიში შეთქმულებების კერები საბჭოთა მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირთა მონაწილეობით, სტალინსა და პოლიტბიუროს არ შეეძლოთ უყურადღებოდ დაეტოვებინათ პირველი მდივნების დაჟინებული მოთხოვნა, დაწყებულიყო ყოვლისმომცველი ომი იმ საშიშროების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას და პირადად მათ ემუქრებოდა.
საინტერესოა, რომ ეიხე და ეჟოვი თითქმის ერთსა და იმავე დროს გაასამართლეს და დახვრიტეს. იბადება შეკითხვა: ხომ იყო შესაძლებელი, რომ სასამართლოზე ეიხესთვის წარდგენილ ჭეშმარიტ ბრალდებათა საფუძველი ყოფილიყო მისი საიდუმლო კავშირი შინსახკომის ყოფილ შეფთან, რათა შეთითხნილი ბრალდებებით მოესპოთ და გაენადგურებინათ მრავალი უდანაშაულო ადამიანი? ავიაკონსტრუქტორი იაკოვლევი თავის მემუარებში იხსენებს სტალინის ნათქვამს, რომ ეჟოვი დაიხვრიტა, რადგან «ბევრი უდანაშაულო დახვრიტა» (ა. იაკოვლევი. «ცხოვრების მიზანი», გვ. 509). სხვა დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც ეჟოვის საქმიდანაა ამოღებული, განაჩენი მას გამოუტანეს ანტისამთავრობო შეთქმულებაში მონაწილეობის გამო და «ტერორისტული აქტების მომზადებისთვის პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ». გამორიცხული არ არის, რომ იმავე დანაშაულობათა გამო გაასამართლეს ეიხეც.
1939 წლის 27 ოქტომბრის ეიხეს წერილი სტალინისადმი პოსპელოვის კომისიის მოხსენებას თან ერთვოდა. წერილის ტექსტიდან ვიგებთ, რომ ეიხეს ბრალი ედებოდა როგორც შეთქმულების ორგანიზებაში, ასევე ეჟოვთან მჭიდრო თანამშრომლობაში. ზემოთ ნახსენები წყარო, რომელიც იანსენისა და პეტროვისათვის ხელმისაწვდომი იყო, გვაფიქრებინებს, რომ ეიხე უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეჟოვის მასობრივ რეპრესიებთან.
მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად მას აწამებდნენ, სარწმუნო უნდა იყოს, რადგან მწამებელთა შორის იგი ასახელებს ზ. მ. უშაკოვსა და ნ. გ. ნიკოლაევ-ჟურიდას. დამოუკიდებელი წყაროებიდან ცნობილია, რომ შინსახკომის ეს ორი გამომძიებელი მონაწილეობდა დაპატიმრებულთა ცემაში და სწორედ ამის გამო ღირსეულად დაისაჯნენ ბერიას სახალხო კომისრობის დროს.
ნიკოლაევ-ჟურიდა დააპატიმრეს 1939 წლის 25 ოქტომბერს. იმავე ოქტომბრითაა დათარიღებული ეიხეს წერილი სტალინისადმი. სასამართლოს განაჩენით, ნიკოლაევ-ჟურიდა დახვრიტეს 1940 წლის 4 თებერვალს, ანუ ეჟოვთან და ეიხესთან ერთად.
ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ეჟოვი და მისი დამქაშები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ დანაშაული და ამით თავი დაეძვრინათ პასუხისმგებლობისგან. ეს კი ემთხვევა ეჟოვის საქმიანობას, რომელიც ფრინოვსკის ბარათშია მითითებული. ფრინოვსკი დეტალურად აღწერს ზაკოვსკის სასწრაფოდ დახვრეტის მოთხოვნის ეპიზოდს, რათა არ მიეცათ ბერიასთვის მისი დაკითხვის საშუალება, რადგან მაშინ გაირკვეოდა, თუ რა როლი ითამაშა ეჟოვმა მასობრივი რეპრესიების განხორციელების საქმეში, აგრეთვე, მისი აქტიური მონაწილეობა მემარჯვენეთა შეთქმულებაში.
ეიხე დააპატიმრეს 1938 წლის 29 აპრილს, ანუ შინსახკომში ბერიას მოსვლამდე კარგა ხნით ადრე, მაშასადამე, სანამ ეჟოვს შეეშინდებოდა ბერიას მიერ ეიხეს დაკითხვის. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც იანსენი და პეტროვი გაეცნენ, ეიხესა და ეჟოვს შორის შავმა კატამ გაირბინა _ რაღაცის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სხვადასხვა დოკუმენტით მტკიცდება, რომ ეჟოვი და მისი დამქაშები ჩვეულებრივ აწამებდნენ იმათ, ვისაც თვითონ აპატიმრებდნენ და, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა დამნაშავენი, აიძულებდნენ, თავიანთი თავის წინააღმდეგ მიეცათ აღიარებითი ჩვენებები.
ხრუშჩოვსა და მის ქვეშევრდომთ, ვინც მოამზადა პოსპელოვის მოხსენება და «სარეაბილიტაციო» ცნობები, მთელი ეს ინფორმაცია ხელთ ჰქონდათ. მაშინ რატომ არ აისახა ეს ინფორმაცია მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში? პასუხი უმარტივესია: იმიტომ, რომ მხოლოდ მათი დამალვით იყო შესაძლებელი იმ დასკვნების გაკეთება, რომლებიც «დახურულ მოხსენებაშია» და რომელთაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
იბადება კითხვა: რატომ სჩადიოდა ამ ყველაფერს ეჟოვი? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იგი პირველი მდივნების მხარეს იდგა და მათთან ერთად მონაწილეობდა შეთქმულებაში. პირველ მდივნებთან ადგილებზე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ეჟოვის თანამზრახველები. დოკუმენტებში, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში იანსენისა და პეტროვის განკარგულებაში აღმოჩნდა და რომლებსაც აქტიურად იყენებენ თავიანთ წიგნში, მითითებულია, რომ დასავლეთ-ციმბირის მხარის შინსახკომის სამმართველოს უფროსმა ს.ნ.მირონოვმა ეჟოვისგან მიიღო ინსტრუქცია, რომლის თანახმად მას ეკრძალებოდა ეიხესთვის წინააღმდეგობის გაწევა მაშინაც კი, როცა იგი დაუსაბუთებელ დაპატიმრებებს მოითხოვდა და პირადად ერეოდა გამოძიებაში. ჯერ კიდევ გაუშიფრავია იმ პროცესების სტენოგრამები, რომლებზეც განიხილავდნენ ეჟოვთან ერთად დაპატიმრებულთა საქმეებს. სავსებით დასაშვებია, რომ დაპატიმრებულთა შორის მრავალი (მათ შორის ეიხეც) განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა და ეჟოვთან ერთად გაასამართლეს უდანაშაულო ადამიანების განადგურების გამო.
მთელი ეს ინფორმაცია, და უფრო მეტიც, ცნობილი იყო ხრუშჩოვისთვის და მისი «მკვლევარებისთვის». XX ყრილობამდე ორი კვირით ადრე. მას მიაჩნდა, რომ ეჟოვი კი არ არის დამნაშავე, არამედ ყველაფერი სტალინის ბრალია. «დახურულ მოხსენებაში» ნიკიტამ ცოტათი შეასწორა თავისი შეხედულება, მაგრამ ეჟოვის ქმედებაზე პასუხისმგებლობა მაინც სტალინს დააკისრა.
სტალინს კი მიაჩნდა, რომ ძირითადი ბრალი იმაზე, რაც მოხდა, მთლიანად ეჟოვის სინდისზეა, მისი დასკვნები სრულად ემთხვევა იმ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომლებიც იანსენისა და პეტროვის წიგნშია მოცემული.
1939 წლის აპრილში ნიკოლაი ეჟოვი დააპატიმრეს. მან სწრაფად აღიარა, რომ დაკითხვების დროს ბოროტად იყენებდა უკანონო მეთოდებს _ აწამებდა დაპატიმრებულებს, აყალბებდა ოქმებს, ხვრეტდა ეჭვმიტანილებს. იანსენისა და პეტროვის მიერ გამოყენებული დოკუმენტებით სრულად მტკიცდება ეჟოვის აღიარებითი ჩვენებების ნამდვილობა. მაგრამ არსად, არც ერთ საბუთში მინიშნებაც კი არ არის იმისა, რომ სტალინი ან ცენტრალური ხელმძღვანელობა ცდილობდა, მისთვის მიმართულება მიეცა ამ საქმიანობაში. პირიქით, არსებობს საკმაო რაოდენობის მტკიცებულება, რომ ეჟოვის ამგვარი დანაშაულებრივი ქმედება მათთვის მიუღებელი იყო.
«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველს ეჟოვის უკანონო საქმიანობაზე მიახლოებითი შთაბეჭდილება რომ შეექმნას, მოვიხმობთ ვრცელ ამონარიდს ანტისტალინური სულისკვეთებით შედგენილი ბიოგრაფიულ-ენციკლოპედიური ლექსიკონიდან «სტალინის იმპერია»:
«ეჟოვი პირადად მონაწილეობდა დაკითხვებში, დასახვრეტთა სიების შედგენაში და ა.შ. ამას შეუძლებელია არ ემოქმედა მისი ისედაც დეგრადირებული პიროვნების კიდევ უფრო გახრწნაზე. თანამედროვეთა მტკიცებით, 1938 წლისთვის იგი ჩამოყალიბებული ნარკომანი გახდა… ეჟოვი სათავეში ედგა მუშურ-გლეხური წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობის ყველაზე მასშტაბურ წმენდას. ამ დროს დაიღუპა: 3 მარშალი, 3 პირველი რანგის არმიის სარდალი, 2 პირველი რანგის ფლაგმანი, 1 პირველი რანგის არმიის კომისარი, 2 მეორე რანგის არმიის სარდალი, 2 მეორე რანგის ფლოტის ფლაგმანი, 2 მეორე რანგის არმიის კომისარი და ა.შ.). შინსახკომის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული 1930-იანი წლების უმსხვილესი ფალსიფიცირებული ღია პროცესები… ნიკიტა ხრუშჩოვი იხსენებს, რომ «ამ დროისთვის ბუკვალურად დაკარგა ადამიანის სახე, ელემენტარულად გალოთდა. ისე გამოთვრებოდა, რომ თავის თავს აღარ ჰგავდა». 1938 წლის 17 ნოემბერს მოლოტოვმა და სტალინმა ხელი მოაწერეს სახალხო კომისართა საბჭოსა და ცენტრალური კომიტეტის დადგენილებას «დაპატიმრებების, საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიების ჩატარების შესახებ», რომელშიც აღნიშნული იყო შინსახკომის მუშაობაში არსებული დამახინჯებანი. 23 ნოემბერს ეჟოვმა სტალინის სახელზე დაწერა წერილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. 25 ნოემბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. 1939 წლის 10 მარტს ეჟოვი ჩამოაცილეს პარტიული კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარეობას, ცენტრალური კომიტეტის მდივნობას, გამოიყვანეს პოლიტბიუროსა და ორგბიუროს შემადგენლობიდან, 1939 წლის 9 საწყლოსნო ტრანსპორტის სახალხო კომისარიატის ფორმირებასთან დაკავშირებით, მოხსნეს ამ უწყების სახალხო კომისრის თანამდებობიდანაც. 1939 წლის 4 აპრილს შინსახკომის ივანოვის ოლქის სამმართველოს უფროსის ვ. პ. ჟურავლიოვის დასმენის საფუძველზე, დააპატიმრეს.
ბრალად წაუყენეს სტალინზე ტერაქტების მომზადება, ასევე ჰომოსექსუალიზმი. მიესაჯა სიკვდილი. სკკპ XX ყრილობაზე ნ. ს. ხრუშჩოვმა ეჟოვი მოიხსენია როგორც «დამნაშავე» და «სახალხო კომისარი, რომელმაც დაიმსახურა სასჯელი». ამის მიუხედავად, ეჟოვს არსად _ არც ცნობარებში, არც ისტორიულ კვლევებში _ არ ახსენებდნენ და მხოლოდ 1987 წლიდან თანდათან გაირკვა მისი როლი რეპრესიებში, მაგრამ არა როგორც ინიციატორისა, არამედ როგორც სტალინის ნების მორჩილი აღმსრულებლისა. 1988 წელს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო საქმეების კოლეგიამ უარი თქვა ეჟოვის რეაბილიტაციაზე».
ს. კოსიორის, ვ. ჩუბარის, პ. პოსტიშევის, ა. კოსარევის შესახებ
ხრუშჩოვი: «ამგვარი «საქმეების» საშინელი ფალსიფიცირების შედეგად, იმის შედეგად, რომ სჯეროდათ სხვადასხვა მოჭორილი «ჩვენებების» და საკუთარ თავზე ბრალის იძულებით აღების, დაიღუპა მრავალი ათასი პატიოსანი, სრულიად უდანაშაულო კომუნისტი. ამგვარადვე იყო შეთითხნილი «საქმეები» გამოჩენილი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეების კოსიორის, ჩუბარის, პოსტიშევის, კოსარევისა და სხვათა წინააღმდეგ».
კოსიორი, ჩუბარი, პოსტიშევი და კოსარევი _ სწორედ ამ თანმიმდევრობით არიან ჩამოთვლილი ეს პირები სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარის ვ. ულრიხის მიერ სტალინისათვის გაგზავნილ ბარათში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ «ყველა მათგანმა სამხედრო კოლეგიის სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა თავისი ბრალი».
მაგრამ, როგორც ულრიხი აღნიშნავს, უსამართლო მოსმენების დროს ზოგიერთმა განსასჯელმა უარი თქვა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებზე, მიუხედავად იმისა, რომ «სრულად იქნენ მხილებულნი საქმის სხვა მასალებით». ამრიგად, კოსიორს, ჩუბარს, პოსტიშევსა და კოსარევს ამ «სხვებისგან» განსხვავებით უარი არ უთქვამთ მათ მიერ მიცემულ ჩვენებებზე.
ამათ საქმეებზე დეტალურად ვისაუბრებთ მომდევნო პუბლიკაციაში.
გაგრძელება იქნება
(რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე)