Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა


დღევანდელ პუბლიკაციას, უპრიანი იქნება, რამდენიმე წინადადება წარვუმძღვარო.

ეს დღეებია, ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ცდილობს გაერკვეს, რამდენად შესაძლებელია, რომ ირან-აშშ-ის გამწვავებული დაპირისპირება საომარ მოქმედებად ტრანსფორმირდეს.

ამის ალბათობა არსებობს, თუმცა არმაგედონზე ლაპარაკი გამორიცხულია.

ვდავობთ, ვკამათობთ და აზრთა ამ ჭიდილის თავი და თავი არის წუხილი საქართველოს ხვალინდელი (პირდაპირი გაგებითაც კი) დღის გამო: იქნება თუ არა ქვეყნის ხელისუფლება ახლა მაინც ადეკვატური შექმნილი მდგომარეობის მიმართ? მოსალოდნელ დაპირისპირებას ახლა მაინც გაიაზრებს სხვის ომად და თავაწყვეტილი ისე არ გადაეშვება ამ ომში, როგორც თავის დროზე ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში «სტრატეგიული პარტნიორის სტატუსის» მოშველიებითა და საბაბით?

ვის დაჰკარგვიხარ, ვინ გეძებს?!

მაგრამ ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ხელისუფალი «თვითმპყრობელის ტახტის» შესანარჩუნებლად არ გასწირავს ქვეყანასაც და ხალხსაც?

ასეთი პერსპექტივა აშინებს საქართველოს მოქალაქეებს.ჩვენი განათლებული მკითხველი, რა თქმა უნდა, დაკვირვებით წაიკითხავს შემოთავაზებულ პუბლიკაციებს, სათანადოდ შეაფასებს და გაიაზრებს გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების გაკვეთილებს.

მაგრამ გეგულებათ ვინმე ჩვენს ხელისუფლებაში, ვინც ყურად იღებს ისტორიის გაფრთხილებას? ვინც სერიოზულად დაფიქრდება იმაზე, თუ რა იქნება ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო საჭირო, გამართლებული და მომგებიანი?

სამწუხაროდ, დღეს ზეობს პრიმიტიული, შავ-თეთრი, ხისტი აზროვნება, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება დღევანდელი ეტაპის სირთულეებსა და წინამორბედის პერიოდისგან იმით განსხვავდება, რომ შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.

თქვენ კი შეაფასებთ, ბატონო მკითხველებო, მაგრამ საეჭვოა, იგივე შეძლონ იმათ, ვისთვისაც ისტორია 2003 წლის ნოემბრიდან იწყება, ხოლო «დავითის მცნება» მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიური ტელეშოუებია.

ომი, რომელიც სულაც არ იყო სახელოვანი

ევროპის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქვეყანამ _ ფინეთმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საბჭოთა ისტორიაში სწორედ იმ პარადოქსული სიტუაციის გამო, რომელიც 1918 წლის ფინეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ შეიქმნა. სსრ კავშირის მეორე უდიდესი ქალაქი _ ლენინგრადი ფინეთის საზღვრის პირას აღმოჩნდა. რუსეთის ყოფილი დედაქალაქის უსაფრთხოება მთლიანად იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორი საერთაშორისო ვითარება შეიქმნებოდა და როგორ პოზიციას დაიკავებდა ჰელსინკი. თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს პოზიცია სსრ კავშირის მიმართ მტრული არ იქნებოდა, რადგან, თუნდაც ინგლისური პრესის აღიარებით, ფინეთის «უგვირგვინო მეფე» კარლ გუსტავ მანერგეიმი იყო (1867-1951 წწ.).

იგი არაორდინალური პიროვნება იყო _ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი, კავალერგარდი _ გვარდიელი, მეფის ამალის ოფიცერი.

ბარონი მანერგეიმი, ფინეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ფინეთის დამოუკიდებელი სოციალისტური მუშათა რესპუბლიკის წინააღმდეგ კონტრრევოლუციური ბრძოლის სათავეში აღმოჩნდა. იგი ამ დროს ფინეთის არმიის მთავარსარდალი იყო. გერმანელების საექსპედიციო ჯარების დახმარებით, 1918 წლის გაზაფხულზე მუშები დამხობილ იქნენ. 1919 წლის ზაფხულში ფინეთი ბურჟუაზიული რესპუბლიკა გახდა.

რუსეთში სამოქალაქო ომის დროს მანერგეიმი შეეცადა, «წესრიგი დაემყარებინა» კარელიაში, ესტონეთში, მაგრამ ძალამოკრებილმა წითელმა არმიამ თეთრფინელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ მანერგეიმმა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, განაგრძო ახლო ურთიერთობის პოლიტიკა გერმანიის, ინგლისისა და აშშ სამხედრო წრეებთან. სათავეში ჩაუდგა მძლავრი თავდაცვითი ხაზის აგებას (რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა ლენინგრადის უშუალო სიახლოვეს, კარელიის ყელზე, იმ რაიონში, რომელსაც განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირისათვის.

მანერგეიმი გერმანიაზე ფინეთის ორიენტაციის მთავარი გამტარებელი იყო, რაც სტალინის მზარდ შეშფოთებას იწვევდა. საქმე ის იყო, რომ 30-იან წლებში მოსკოვს შესაძლებლობა არ ჰქონდა გაეძლიერებინა საბჭოთა ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი და საიმედოდ დაეცვა ლენინგრადი. ამიტომ სტალინმა ამ პრობლემის გადასაწყვეტად დიპლომატიის გამოყენება გადაწყვიტა. 1939 წლის 12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა საბჭოთა კავშირ-ფინეთის მოლაპარაკება. საბჭოთა დელეგაციას სტალინი ხელმძღვანელობდა. მან ფინელებს წინადადება მისცა, გადაეწიათ თავიანთი საზღვარი ლენინგრადიდან, სანაცვლოდ შესთავაზა დიდი ტერიტორია ჩრდილოეთით. ეს წინადადება უარყოფილ იქნა. მანერგეიმმა ომისთვის მზადება დაიწყო.

ფინეთის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე პაასიკივი წერდა: «სტალინს, ისევე, როგორც მოლოტოვს ომის თავიდან აცილება სურდა. ჩვენ დიდი პოლიტიკური შეცდომა დავუშვით, სულელურად მოვიქეცით, როცა არ დავეთანხმეთ სტალინის წინადადებას». თავის მხრივ საბჭოთა დელეგაციასაც არ ამოუწურავს მშვიდობიანი მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა. ეტყობა სტალინმაც ბოლომდე ვერ გათვალა ნიუანსი. შემთხვევითი არ იყო, რომ 1950 წელს მოლოტოვმა აღიარა (უეჭველად სტალინთან წინასწარ შეთანხმების შემდეგ), რომ იმ შემთხვევაში «ჩვენც ვიყავით დამნაშავენი».

სტალინის მოთმინების ფიალა აივსო. მას კარგად ესმოდა, რომ ახლოვდებოდა საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის მომენტი, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველეყო ლენინგრადის უსაფრთხოება და ქვეყნის საზღვარი მისგან რაც შეიძლება დასავლეთით უნდა გადაეწია. ფინელებისთვის შეთავაზებული კომპრომისული წინადადებანი მოწმობდა, რომ სტალინი მაქსიმალურად ცდილობდა ომის თავიდან არიდებას. მაგრამ ფინეთის ცვალებადმა პოზიციამ და მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა ხელი მოეკიდა იარაღისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ, მართალია, ამ დროისთვის უკვე დიდი ხნის დამთავრებული იყო სამოქალაქო ომი და წითელი არმიაც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ადრეულ წლებში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის გამარჯვებას უწყობდა ხელს, კერძოდ, რევოლუციები გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ფინეთში, საბჭოთა რესპუბლიკები ბავარიაში და სლოვაკეთში, ფრანგი მეზღვაურების აჯანყება შავ ზღვაზე, რევოლუციური დუღილი ანტანტის არმიებში, ინგლისისა და აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის დოკერების მიერ თეთრგვარდიელებისათვის შეიარაღების მიწოდების მოშლა, საფრანგეთსა და ინგლისში გაფიცვების ტალღა, იტალიელი მუშების მიერ ფაბრიკებისა და ქარხნების ხელში ჩაგდება, რევოლუციური მღელვარება იუგოსლავიასა და რუმინეთში, ისტორიის კუთვნილება გახდა.

20-იანი წლების დასასრულის დიდი კრიზისის შემდგომი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად ეროვნული და პატრიოტული ფაქტორი წარმოგვიდგა, რასაც წურბელებივით მიეწებნენ ჰიტლერი და მუსოლინი, ჰორტი უნგრეთში და ფრანკო ესპანეთში, პილსუდსკი პოლონეთში და სხვა, უკიდურესად მემარჯვენე დიქტატორები.

მანერგეიმიც მათი რიგისა იყო. მან შეძლო ფინელი ერის დარაზმვა და წითელი არმიისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა.

უეჭველია, რომ საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში ძალები არათანაბარი იყო. სტალინმა შეძლო შესაძლებლობათა მობილიზება და წითელმა არმიამ ღრმად ეშელონირებული ფინური თავდაცვითი ზღუდე გაარღვია.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 1940 წლის მარტში გაიმართა. ნაშრომში «1939-1940 წლის ზამთრის ომი» ეს მოლაპარაკება ასეა აღწერილი: «დასაწყისში ფინელებს გულგატეხილობა დაეტყოთ. სტალინი არ ჩანდა… შემოდგომის მოლაპარაკების დროს თავისი საქმიანი დამოკიდებლებით მან ფინელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აშშ ელჩმა მოსკოვში ფინეთის დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ სტალინს არასოდეს სურდა ომი ფინელებთან. ამისკენ მას უბიძგეს ლენინგრადის სამხედრო წრეების წარმომადგენლებმა, უწინარეს ყოვლისა ჟდანოვმა და მერეცკოვმა».

ერთ-ერთი ფინელი პოლიტიკოსი აღნიშნავდა: «ისტორიული სიმართლის დასადგენად აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ფინეთის მთავრობას სურდა ომის ხანძრის დანთება. მოსკოვი აშშ-ის შუამავლობის გამოყენებით ცდილობდა, შეეჩერებინა ფინეთის საომარი მისწრაფება. 1941 წლის 4 აგვისტოს სტალინმა აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტს მისწერა, რომ საბჭოთა მთავრობა მზადაა ზოგიერთ ტერიტორიულ დათმობაზე ფინეთის სასარგებლოდ და შესაძლებლად მიიჩნევს, დადოს მასთან ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება.

დაიწყო დიდი სამამულო ომი. ფინელები თავიანთ ომად არ მიიჩნევდნენ გერმანელი ფაშისტების რევანშისტულ ავანტიურას და, როგორც წიგნში «ფინეთი მეორე მსოფლიო ომში» არის აღნიშნული, «ჯარებში მკვეთრად იმატა დეზერტირობამ, ომის მოწინააღმდეგე რაზმებმა და ყოფილი ჯარისკაცების ჯგუფებმა «ტყის გვარდიას» მიაშურეს».

საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ ვაშინგტონსა და ლონდონს სათანადო გავლენა მოეხდინა ჰელსინკზე. შედეგად 1941 წლის დეკემბრის დასაწყისში ინგლისმა და ბრიტანეთის დომინიონებმა ფინეთს ომი გამოუცხადეს.

1944 წელს, როცა უდიდესი ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე «სტალინური დარტყმების» შედეგად ფაშისტები დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ და გერმანიის კრახი გარდაუვალი გახდა, მანერგეიმმა ყურადღება შვედეთზე გადაიტანა, სადაც საბჭოთა კავშირის ელჩის რანგში მოღვაწეობდა ალექსანდრა კოლონტაი _ «რევოლუციის ვალკირიად» წოდებული. ფინეთის წარმომადგენელს, პაასიკივის სწორედ მან გადასცა დროებითი ზავის სტალინის მიერ შეთავაზებული პირობები: 1940 წლის საზღვრების აღდგენა და გერმანიის ჯარების ინტერნირება, რის განსახორციელებლად საბჭოთა კავშირი დაეხმარებოდა ჯარებით და ავიაციით.

გერმანელების დაწოლის გამო ფინელებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. მაშინ იყო, რომ მოკავშირეთა პრესაში საბჭოთა წინადადებების მხარდამჭერი მასალები გაჩნდა: «ისინი სულგრძელია» («დეილი მეილი»), «ისინი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ფინელები იმსახურებენ («ნიუ იორკ ტაიმსი»).

მანერგეიმი ლავირებდა, მაგრამ ბოლოს იძულებული შეიქნა, ეპასუხა, თუმცა მისი პოზიცია კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ანუ 1944 წლის ივლისის მეორე ნახევარში წითელი არმია ფინეთის საზღვარს მიადგა. კოლონტაიმ, რომელიც სტალინის მითითებით მოქმედებდა, ფინეთის მხარე მიახვედრა, რომ სსრ კავშირის მიერ გაზაფხულზე შეთავაზებული პირობები ძალაში რჩებოდა.

ბარონი მანერგეიმი კვლავ შეეცადა, შეენარჩუნებინა ბალანსი მოსკოვსა და ბერლინს შორის.

1944 წლის აგვისტოში საბჭოთა ჯარები შევიდნენ რუმინეთში. ბუქარესტი აჯანყდა და ჩამოაგდო ჰიტლერის მოკავშირე ანტონესკუ. მანერგეიმმა გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ტაქტიკა, რათა მისი ბედი არ გაეზიარებინა. მან თხოვნით მიმართა საბჭოთა მთავრობას, მიეღო ფინეთის დელეგაცია. ფინეთმა უსიტყვოდ ხელი მოაწერა სტალინის შეთავაზებულ დოკუმენტს.

ნამდვილი ფაშისტი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფაშისტური სახელმწიფო ისეთი სოციალური სისტემაა, რომელშიც იდეალად წარმოდგენილია «ძლიერი» პიროვნება, რომელსაც არ ეთაკილება სხვა ადამიანების უფლებისა და თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა. მიჩნეულია, რომ ეს პოლიტიკური მიმდინარეობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიქმნა, როგორც უკიდურესად რეაქციული და აგრესიული იმპერიალისტური ძალების იდეურ და ორგანიზაციულ მისწრაფებათა გამოხატვის ფორმა. ენციკლოპედიური განმარტებით, მისი დამახასიათებელი ნიშნებია: «ძალადობის უკიდურესი ღონისძიებებით მუშათა კლასისა და ყველა მშრომელის დათრგუნვა, მებრძოლი ანტიკომუნიზმი, შოვინიზმი, რასიზმი, სახელმწიფო-მონოპოლისტური მეთოდების ფართოდ გამოყენება ეკონომიკის რეგულირებაში, ადამიანების საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყოველგვარი გამოვლენის მაქსიმალური კონტროლი, ნაციონალისტური და სოციალური დემაგოგიის გზით მოსახლეობის ნაწილის მობილიზებისა და პოლიტიკური გააქტიურების უნარი ექსპლუატატორული წყობილების ინტერესების დასაცავად… ფაშისტური იდეოლოგიის ფრიად არსებითი ნიშანია მყვირალა დემაგოგია საკუთარი არსის შენიღბვის მიზნით»… (თუ ჩვენი მკითხველი საჭიროდ ჩათვლის ამ განსაზღვრების საქართველოს დღევანდელობაში ჩამოყალიბებულ რეალობასთან შედარებას, ვეჭვობ, აღმოაჩინოს დიდი განსხვავება. _ ა.ს.).

სამწუხაროა, რომ ბოლო ათწლეულების ბინძური იდეოლოგიური ბრძოლის პირობებში ფაშიზმის იარლიყს სრულიად უპასუხისმგებლოდ მიაწებებენ ანტიფაშისტურ ძალებსა და ანტიფაშისტ პიროვნებებს. მათ რიცხვს მიაკუთვნეს სტალინი, რომელსაც სწორედ ფაშიზმთან და ფაშისტებთან ჰქონდა შეურიგებელი დამოკიდებულება და რაც ჰიტლერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გადაიზარდა.

ფაშიზმი პრინციპულად ერთგვაროვანია, მაგრამ მკითხველებს შევახსენებთ, რომ გარკვეული განსხვავება იტალიურ და გერმანულ ფაშიზმს შორის მაინც არის. იტალიური ფაშიზმი ცდილობდა აღედგინა რომის დიადი იმპერიის ზოგიერთი ნიშანი (აქედან მოდის თვით ტერმინი «ფაშიზმი» _ ლათინურ «ფაშინადან» _ «წკნელების მტკიცე კონა»). ჰიტლერულ გერმანიაში კი დამყარდა ფაშიზმის ნაციონალ-სოციალისტური ნაირსახეობა _ ნაციზმი. გერმანული ფაშიზმის იდეოლოგიის არსი არიული რასის უპირატესობის აღიარება იყო, რომელიც მოწოდებულია დააფუძნოს «ზეადამიანების» ცივილიზაცია.

მუსოლინს ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჰქონდა: «გერმანელები მაინც მხოლოდ ჯარისკაცები არიან და არა ჭეშმარიტი მებრძოლები. მიეცით მათ საკმარისი რაოდენობის სოსისი, ლუდი, კარაქი და კიდევ _ პატარა მანქანა და ისინი მზად იქნებიან, თავიანთი ხიშტები გაუყარონ ნებისმიერ ხალხს. «მაგრამ ძნელია მუსოლინის მომხრეები ნამდვილ მებრძოლებად წარმოვიდგინოთ, თვითონაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვაჟკაცობით, თუმცა სხვებს კი მონდომებით მოუწოდებდა ბრძოლისკენ.

მაგრამ მოდით, ჯერ მოკლედ მიმოვიხილოთ ის მოვლენები, რომლებმაც დუჩე ძალაუფლების სათავეში მოიყვანა.

ბენიტო მუსოლინი სოფლის მჭედლის ოჯახში დაიბადა, პროვინცია რომანიაში, რომელიც «წითელი პროვინციის» სახელით იყო ცნობილი იქაურთა მემარცხენე შეხედულებებისა გამო. ბავშვობაში ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, მაგრამ ხელოვნების გზას არ გაჰყოლია. ჭაბუკობისას შვეიცარიაში მუშაობდა კალატოზად, მტვირთავად, მჭედლის თანაშემწედ; შევიდა სოციალისტურ პარტიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. 1991-1912 წლებში, გაზეთ «ავანტის!» (იტალიის სოციალისტური პარტიის ცენტრალური ორგანო) რედაქტორობის პერიოდში, უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოზიციაზე (პარტია ამ პოზიციაზე იდგა), რისთვისაც გაირიცხა სოციალისტური პარტიის რიგებიდან…

იგი საკუთარ გაზეთს აარსებს. იტალია ერთვება პირველ მსოფლიო ომში. ამ ომის შედეგების კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ბენიტო მუსოლინი კატეგორიული იყო და 1919 წლის გაზაფხულზე აარსებს ახალ მასობრივ პოლიტიკურ მოძრაობას «ფაშინო დი კომპატიმენტო» («ბრძოლის კავშირი»), აქედან იწყება ფაშიზმი.

ამ პერიოდის მისი პუბლიკაციები და გამოსვლები კატეგორიულობითა და დაუნდობლობით გამოირჩევა: «მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, _ აცხადებს იგი, _ რომ იტალიის გადასარჩენად უნდა დაიხვრტოს რამდენიმე ათეული დეპუტატი. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი შავი ჭირია, რომელიც ერის სისხლს წამლავს. იგი უნდა ამოიძირკვოს».

მან თავისთვის შეარჩია როლი ძლიერი პიროვნების, ბელადის, რომელიც მბრძანებლობს მასებს. შემთხვევითი არ იყო, რომ თავისი ერთ-ერთი ადრეული ნაშრომი ნიცშეს მოძღვრებას მიუძღვნა და დაარქვა «ძალის ფილოსოფია»…

ოქტომბრის რევოლუციამ იტალიაში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, გაცილებით მეტი, ვიდრე დასავლეთ ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სოფლები ამბოხებებმა მოიცვა, ქალაქები _ გაფიცვებმა. იტალიელმა მუშებმა საბჭოები ჩამოაყალიბეს. ქარხნების ხელში ჩაგდებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. არნახულად გაიზარდა კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ავტორიტეტი, რომლებიც საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მემარცხენე ფრთას განეკუთვნებოდა…

ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით იტალიაში ჩამოყალიბდა მასობრივი ანტიკომუნისტური მოძრაობა, რომელსაც მუსოლინი ჩაუდგა სათავეში. მას გაცილებით უკეთ ესმოდა იტალიის ეროვნული თავისებურებანი, ვიდრე კომინტერნის (კომუნისტური ინტერნაციონალის) ხელმძღვანელობას.

ოქტომბრის რევოლუციას მუსოლინი ზიზღით ეკიდებოდა. იგი ირწმუნებოდა: «ლენინი სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ახალი გამოცემა იყო, უარესი თუ არა».

ფაშიზმის იდეოლოგიური ბაზის შესაქმნელად მუსოლინიმ ანარქისტ-სინდიკალისტებისგან გადაიღო მტრული დამოკიდებულება ბურჟუაზიული დემოკრატიის მიმართ; ტრადიციული იტალიური ამბოხებულობისგან _ დეკლარირებულ ელემენტებზე ორიენტაცია; ირედენტისტებისგან (იტალიისთვის ყველა ევროპული ტერიტორიების მიერთების მომხრეებისგან, სადაც კი იტალიელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობდა) _ საგარეოპოლიტიკური პროგრამა; პრუდონიზმისგან _ წვრილბურჟუაზიული საკუთრების დაცვა.

ჰიტლერისგან განსხვავებით, რომელმაც მასობრივი ბაზა წვრილი ბურჟუაზიისგან შეიქმნა, მუსოლინი ეყრდნობოდა «ცხოვრებისგან გარიყული» მშრომელებისა და წვრილი ბურჟუაზიის არც თუ იშვიათად სისხლის სამართლის დამნაშავეთა ხასიათის მქონე ყველა ფენას.

მუსოლინი იღვწოდა ზეკლასობრივი «მთელი ხალხის სახელმწიფოს» შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა კორპორატიულობაზე _ ყველა კლასის თანამშრომლობაზე. ეროვნული ერთობისა და სიდიადის იდეა დაეხმარა მას, შეეკავშირებინა მომხრეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათთვის იგი ნამდვილ ბელადად იქცა. «პოლიტიკა, _ აღიარებდა იგი, _ არის ვნება, ჟინი, ისეთივე, როგორიც სიყვარული და სიძულვილია, მაგრამ პოლიტიკა სიყვარულზე ძლიერია».

1922 წელს მუსოლინიმ მოახდინა თავისი «ოქტომბრის გადატრიალება», როცა ფაშისტების რომისკენ მსვლელობას ჩაუდგა სათავეში (ჩვენი მკითხველები, ალბათ, გაიხსენებენ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ წალენჯიხელთა თბილისისკენ მსვლელობას 2003 წლის ნოემბერში… მოსაბეზრებელი ერთფეროვნება, რომელიც გარკვეული ძალების (ქვეყნის გარედან, უწინარეს ყოვლისა) მხარდაჭერის შემთხვევაში ეფექტიანიც კია. _ ა.ს.).

მუსოლინის გაჰყვა ათასობით მომხრე, მათ შორის, ბევრი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე (სააკაშვილს თბილისისკენ გამოჰყვა სამოქალაქო ომში დაზარალებული რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი. _ ა.ს.). ძალის ამ აშკარა დემონსტრაციამ თავისი შედეგი გამოიღო (იტალიაშიც და საქართველოშიც. პარალელებს მკითხველი ადვილად გაავლებს. _ ა.ს.).

სამხედრო გადატრიალების შიშით პარლამენტმა გადასცა მას ძალაუფლება, მეფე ვიქტორ ემანუილ III-მ იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ამ დროს ქვეყანა და ხალხი დაბნეული იყო, მუსოლინი კი ძლიერი პიროვნების როლში გახლდათ შესული (გახსენდებათ რვა წლის წინანდელი საქართველო? _ ა.ს.).

მოვლენები იტალიაში ასე განვითარდა:

1924 წლის 10 ივნისს მუსოლინის მოიერიშეებმა მოკლეს პარლამენტის სოციალისტი დეპუტატი ჯაკომო მატეოტი, რომელიც ფაშისტური დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა. ბენიტომ ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა იკისრა. პროტესტის ნიშნად ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა, მათ შორის კომუნისტებმა, დატოვეს პარლამენტი, მაგრამ მხოლოდ კომუნისტებმა მოითხოვეს, დახმარებისთვის ხალხისთვის მიემართათ და ჩამოეგდოთ მუსოლინი. ბურჟუაზიული პარტიები შეშინდნენ, რადგან მაშინ ხელისუფლების სათავეში შეიძლება კომუნისტები მოსულიყვნენ. მუსოლინიმ გამოიყენა ოპოზიციონერთა ბანაკის არაერთსულოვნება და იტალიაში ფაშისტური რეჟიმი გააძლიერა, გახდა დიქტატორი. მან შემოიღო ანტიდემოკრატიული კანონების მთელი რიგი (!) და ფართოდ გამოიყენა ტერორის მეთოდები (!). უმოწყალოდ გაუსწორდა თავის მთავარ მტრებს _ კომუნისტებს.

იტალია პირველი ფაშისტური სახელმწიფო გახდა.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here