Home რუბრიკები სამართალი მახარაძის სიკვდილში სტრასბურგმა დამნაშავედ საქართველოს ხელისუფლება ცნო

მახარაძის სიკვდილში სტრასბურგმა დამნაშავედ საქართველოს ხელისუფლება ცნო

825


ნიკო მახარაძე, 2006 წლის 14 მარტს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გახორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, აბასთუმანში დააკავეს. აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მახარაძის ადვოკატმა, ბესო ქარცივაძემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მისი თქმით, პატიმარი სხვადასხვა დაავადებით იყო დაავადებული და მედიკამენტები ესაჭიროებოდა, რომელიც მისი თქმით, დაკავებიდან 9 დღის განმავლობაში არ მიეღო.

„არ მისცეს სასუნთქი და ნახველის ამოსაღები; ფილტვის და თირკმლის იმუნური მოქმედების მედიკამენტები; სპეციფიკური საკვები, რითაც იგი ათეული წლებით სარგებლობს“,– აღნიშნავდა ქარცივაძე საჩივარში.

ევროპის სასამართლოში პირველი სარჩელი უშუალოდ ნიკო მახარაძემ გაგზავნა, რომლის მთავარი მოთხოვნა მისი სიცოცხლის დაცვა იყო. სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2008 წლის ნოემბერში საქართველოს დაავალა, მახარაძე სპეციალიზებულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო.

ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ მახარაძის სიცოცხლეში, ხაზგასმით, ოფიციალურ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მახარაძისადმი დაფიქსირებული მოპყრობა ფატალური შედეგის დადგომის წინაპირობაა. მახარაძის მიერ პროტესტის ფორმად არჩეული შიმშილობის აქციაც არის იძულებითი ნაბიჯი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით“.

ეს გადაწყვეტილება ქართულ მხარეს არ შეუსრულებია, რამაც ფატალური შედეგი მალევე გამოიღო – ნიკო მახარაძის მეუღლემ, დალი სიხარულიძემ, მეუღლე ამ შეუსრულებელი გადაწყვეტილების მიღებიდან სამ თვეში, 26 იანვარს ინახულა, ერთ კვირაში კი, ნიკო მახარაძის გარდაცვალების შესახებ ციხის ადმინისტრაციიდან აცნობეს.მეუღლის დასაფლავების შემდეგ, სიხარულიძემ ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა სიმართლისთვის ებრძოლა. მან სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რამდენიმე მუხლად შეიტანა. სარჩელი შეტანიდან მესამე წელს, ევროპულმა სასამართლომ შეტანილი საჩივრის ერთ მუხლში – სიცოცხლის უფლების ხელყოფა, საქართველო დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ ქვეყანას 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

გარდაცვლილის მეუღლე, დალი სიხარულიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ისევ აპირებს: – სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. სახელმწიფოს აქვს დავალება ევროპული სასამართლოდან, რომ გამოიძიონ, რატომ მოკლეს ნიკო მახარაძე. მე არ ვაპირებ სახლში ჯდომას და უმოქმედოდ ყოფნას. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ქმარი მომიკლეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ პატიმარ ნიკო მახარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2 დღის წინ გამოეხმაურა. როგორც თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დასაბუთებულია, რომ პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა.

წულუკიანის თქმით, პატიმარს ტუბერკულოზი ჰქონდა და მის სამკურნალოდ საჭირო პირობები არ იყო შექმნილი.

გუშინ კი, 24 ნოემბერს, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ალასანიამ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები გააცნო. მისი თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები.

ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. გიორგი ალასანიას თქმით, დირექტორის ხელშეწყობით, აღნიშნულ კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდნენ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ ეს კომპანიები სხვა რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ.

ალასანიას თქმით, 2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შესყიდვების 31%-ს აჭარბებს.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად 1 122 404 ლარი გაიხარჯა. როგორც გიორგი ალასანია აცხადებს, ტუბდისპანსერებში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტების განთავსების საწოლი დღეების ხელოვნურად გაზრდის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა 99 400 ლარი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო, 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 400 000 ლარი“, – აცხადებს გიორგი ალასანია.

მისივე თქმით, აუდიტის მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here