Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ბლეკჯეკი

სააკაშვილის ბლეკჯეკი

1102

21 დეკემბერი. წლის ყველაზე გრძელი ღამე. მაიას კალენდრით, ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებით, 2012 წლის 21 დეკემბერი აღსასრულის დღეა. პლანეტა ნიბირუ დედამიწას უახლოვდება. 1991 წლის 21 დეკემბერი – ალმა ატაში დსთ-ს დაფუძნება და თბილისში სამხედრო გადატრიალების დასაწყისი. ვიდრე მთელი მსოფლიო საყოველთაო კატასტროფას ან განახლებულ _ მერწყულის ერას ელის 2012 წელს, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისა (ჩვენთან ხომ ყველა არჩევნები ისტორიულია!) და «ქართული ოცნების» ასრულების მოლოდინშია.

1600 წელს სამყაროს უსასრულობის განმჭვრეტი ჯორდანო ბრუნო, როგორც ერეტიკოსი, რომში, ყვავილების მოედანზე დაწვეს. 1889 წელს იმავე მოედანზე ბრუნოს ძეგლი დაუდგეს, მაგრამ მისი ნაშრომები 1948 წლამდე ინკვიზიციის მიერ აკრძალული რჩებოდა. 2000 წელს, სიკვდილიდან 400 წლის შემდეგაც კარდინალმა ანჯელო სოდანომ მის დაწვას «სამწუხარო ეპიზოდი» უწოდა, ხოლო პროგრესულობით ცნობილმა პაპმა იოანე პავლე მეორემ მის რეაბილიტაციაზე უარი განაცხადა.

1633 წლის 22 ივნისს, წლის ყველაზე გრძელ დღეს, გალილეო გალილეიმ საქვეყნოდ მოინანია და უარყო სამყაროზე საკუთარი შეხედულებები და კოცონს გადაურჩა.1512 წელს, ზუსტად 500 წლის წინ, ნიკოლოზ კოპერნიკმა საკუთარი ხელნაწერი ნაშრომი გაავრცელა. მისი კვლევა «ციურ სფეროთა ბრუნვის შესახებ» (ლათ. – De Revolucionibus Orbium Coelestium– იგი არა მარტო შინაარსით, არამედ სახელწოდებითაც რევოლუციური იყო) ინკვიზიციამ აკრძალა. დღეს ყველამ იცის, რომ კოპერნიკმა გეოცენტრიზმის ეპოქა დაასრულა და დაამტკიცა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

ცოტამ თუ იცის, რომ მან სხვა კანონზომიერებაც აღმოაჩინა; მყარი კურსის მქონე ფული (მაგალითად, ოქროსი) ნელ-ნელა გაქრება მიმოქცევიდან, რადგან ადამიანები მას დანაზოგის სახით შეინახავენ, ხოლო მიმოქცევაში «იაფი» ფული (მაგალითად, სპილენძისა) იქნება.

დღეს სპილენძის ნაცვლად ქაღალდის კიდევ უფრო იაფი ფულია მიმოქცევაში. ოქროს მარაგზე გაცილებით მეტი დოლარის მასა, რომელიც მთელი მსოფლიოს ეკონომიკის «წილში ზის», მსოფლიოს კონტროლის მექანიზმად იქცა. სადამ ჰუსეინი იმას შეეწირა, რომ დოლარზე, როგორც გაცვლის ეკვივალენტზე, უარი თქვა.

სადამი 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯილი პირველი სახელმწიფოს მეთაური გახდა. მისი საჯაროდ ჩამოხრჩობის შემდეგ ერაყის მთავრობის საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობის კოორდინატორად დანიშნულმა ლიფტი საბერმა, რომელმაც, სადამის წყალობით, სიკვდილმისჯილთა კამერაში 8 წელი გაატარა, თქვა: «უმჯობესი იქნებოდა, ისევ სადამი დარჩენილიყო ხელისუფლებაში… არავინ არავის ენდობა. შეიქმნა სისტემა, რომელშიც არავინ არაფერს აკეთებს. სადამი ამ განწყობის შეცვლას მოახერხებდა. თუ გადაწყვეტილებას იღებდა, ის სრულდებოდა კიდეც. ადამიანებმა იცოდნენ, რა ეკეთებინათ. ახლა ქვეყანაში ქაოსია, არავინ არაფერს წყვეტს, რადგან პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ… არასოდეს მეგონა, თუ ამას ვიტყოდი, რადგან სწორედ მან მომისაჯა სიკვდილი, მაგრამ მომინდა, კვლავაც სახელმწიფოს სათავეში მდგომი სადამი მეხილა. მხოლოდ მან იცოდა, როგორ აემუშავებინა ღვთისგან დავიწყებული ეს ქვეყანა».

სადამმა ალ ფეისალის მონარქია დაამხო, მუამარ კადაფიმ – ემირი იდრის ას-სენუსისა. «მესამე მსოფლიო თეორიის» ავტორმა ჯამახირია – ხალხთა მასების ძალაუფლება დააფუძნა. როცა მის გადადგომას ითხოვდნენ, კადაფიმ კითხვა დასვა: «საიდან უნდა გადავდგე»? მართლაც, ლიბიური რევოლუციის შემდეგ ხუთეული კადაფის მეთაურობით თანამდებობიდან გადადგა და პროფესიონალებს ანდო ქვეყნის მართვა. თავად კადაფი კი რევოლუციის ბელადად დარჩა. როგორ შეიძლება, «ბელადობიდან» გადადგე?

კადაფის გასანადგურებლად, სულ ცოტა, 7 წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. საბოლოოდ, ორი თვის წინ, 30 ოქტომბერს, იგი ამბოხებულებმა მოკლეს. 2009 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მან გაეროს უშიშროების საბჭოს «ტერორიზმის საბჭო» უწოდა. კადაფიმ გაეროს წესდება დაანახა ასამბლეას და თქვა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ამ წესდების თანახმად მხოლოდ გაეროს წევრი სახელმწიფოების ნებართვით არის დასაშვები, მაგრამ ამ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე დიდმა სახელმწიფოებმა პატარების მიმართ 64 ომი აწარმოეს, გაეროს კი არაფერი გაუკეთებია ამ ომების თავიდან ასაცილებლად. ტყუოდა?

ტრიბუნიდან ჩამოსვლისას მან დარბაზს ეს სიტყვები ესროლა: «თქვენ გააჩინეთ ჰიტლერი და არა ჩვენ. თქვენ დევნიდით ებრაელებს. თქვენ მოაწყვეთ ჰოლოკოსტი»!

უგანდის პრეზიდენტმა მუსევენიმ მისი სიკვდილის შემდეგ თქვა: «კადაფი ნაციონალისტია, პატრიოტი, რომელიც არავის ემორჩილება. ვერასოდეს გავუგებ დასავლელ ლიდერებს, რომელთაც არ უყვართ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები და გიჟდებიან პოლიტიკოს-თოჯინებზე. თოჯინა ხომ ყველასთვის ცუდია. 1945 წლის შემდეგ მხოლოდ იმ ქვეყნებმა გამოაღწიეს «მესამე მსოფლიოდან» და რეალურ სახელმწიფოებად იქცნენ, რომელთა ლიდერები დამოუკიდებლად აზროვნებდნენ და არა პატრონებს ემსახურებოდნენ: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სინგაპური, მალაიზია, ბრაზილია, ირანი».

კადაფიმდე ლიბიის მოსახლეობის 73% წერა-კითხვის უცოდინარი იყო. მისი მმართველობის დასასრულისთვის ლიბიაში ჯანდაცვა და განათლება უფასო იყო; უცხოეთში ლიბიელის განათლების ხარჯს სახელმწიფო იხდიდა; ბინაზე გადასახადი არ არსებობდა; წყალი და ელექტროენერგია უფასო იყო; ლიტრი ბენზინი 14 ცენტი ღირდა; ბინასა და მანქანაზე კრედიტი უპროცენტო იყო; მთელ ქვეყანაში უფასო აფთიაქების ქსელი მოქმედებდა; ახალდაქორწინებულებს სახელმწიფო 64 ათას დოლარს აძლევდა ბინის შესაძენად; ბიზნესის წამოწყებისთვის ერთჯერადი დახმარება 20 ათასი დოლარი იყო; ყოველ ახალდაბადებულს სახელმწიფო 7 ათას დოლარს ჩუქნიდა; ავტომობილის შეძენისას ღირებულების ნახევარს სახელმწიფო ფარავდა, ხოლო სამხედროებისთვის _ 65%-ს. უკანასკნელი მსხვილი პროექტი, რომელიც კადაფიმ განახორციელა, სასმელი წყლის საჰარის მიწისქვეშა რეზერვუარებიდან 4 მეტრის დიამეტრის მილსადენებით გადმოგდება იყო, რომელმაც საბოლოოდ მოაგვარა ლიბიაში სასმელი წყლის პრობლემა.

მათ, ვინც ფიქრობს, რომ დიქტატორს ვქომაგობ, შევახსენებ: ყველაფერი ისე არ არის, როგორც გლობალური მედია ჩაგვჩიჩინებს. ზოგჯერ მოვლენათა წვდომას ჩაფიქრება სჭირდება. სამყარო შავ-თეთრი არ არის. არც ჩვენ ვიცით ყველაფერი.

2007 წლის 21 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. ორი წლის შემდეგ იმავე ორდენით სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია დაჯილდოვდა. აწ გარდაცვლილმა აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა მაშინ თქვა: «თუ ადამიანი არ იმსახურებს და მას მაინც კეთილად ექცევიან, ეს არის მცდელობა, სიკეთით დაამარცხონ მასში არსებული ბოროტება».

2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ აღლუმზე კი მიხეილ სააკაშვილმა როლანდ ახალაია სულაც ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, «70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული, თავდადებული ბრძოლისთვის»!

1970 წელს ახალაია ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში მუშაობდა კოლმეურნედ, 1973 წელს – თბილისის საშენ მასალათა მომარაგება-გასაღების სამმართველოში დამხმარე მუშად, 1973-1978 წლებში თსუ-ში სწავლობდა, 1978 წლიდან ლანჩხუთის რაიონში სტაჟიორი იყო, ხოლო 1979 წელს კომპარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი გახდა. მხოლოდ 1981 წელს დაიწყო ახალაიამ სამსახური ზუგდიდის პროკურატურაში. როგორ მოასწრო მან «70-იანი წლებიდან კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული, თავდადებული ბრძოლა», ამაზე მატიანე დუმს. დღემდე ცნობილი იყო, რომ იმ დროს კორუფციას და ნათლიმამობას (მაფია არ არსებობდა და ამიტომ მარიო პიუზოს რომან «ნათლიმამას» სახელწოდების პერიფრაზი გამოიყენებოდა) საქართველოს კომპარტიის ახალგაზრდა პირველი მდივანი – ედუარდ შევარდნაძე ებრძოდა.

1994 წლის 21 დეკემბერს კი შევარდნაძე ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს «საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ». სტალინმა ლენინის მიერ დაშვებული კონცესიები 30-იან წლებში პრაქტიკულად გააუქმა, ხოლო 60 წლის შემდეგ ჩვენ ისევ უცხო «პატრონები» შემოვუშვით საქართველოში, რომლებიც საკუთარი მოგებისთვის ყველაფერზე მიდიან.

21 დეკემბერი – სტალინის, მიხეილ სააკაშვილის და ირაკლი ალასანიას დაბადების დღე. რა აქვთ მათ საერთო? არაფერი, გარდა იმისა, რომ ყველა მათგანის დაკავშირება შეიძლება ედუარდ შევარდნაძესთან. სტალინის დროს მან კომკავშირული კარიერა დაიწყო, 1956 წელს, სტალინის დასაცავად გამოსული ახალგაზრდების მიტინგი იყო მისი რეალურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბების მომენტი; მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურ კარიერაში მისი წინამორბედის მიერ შეტანილ წვლილზე რომ არაფერი ვთქვათ, სამი ედუარდის პატრონია (შევარდნაძე, სიმამრი და შვილი, რომელიც დღესაც ვერავინ გაარკვია, შევარდნაძის სახელს ატარებს თუ ბაბუამისისას); ირაკლი ალასანია, რომლის მამაც შევარდნაძის დროს მსახურობდა უშიშროების სამსახურში, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ იგი შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.

2010 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გორში სტალინის ძეგლი აიღო. ამ ძეგლის კვარცხლბეკთან 2003 წელს, ასევე 21 დეკემბერს დაბადებული სააკაშვილი გორელებს ეფიცებოდა, რომ მათი უკეთესი მერმისისთვის უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში. მოვიდა კიდეც, თუმცა 5 წელიწადში სამაჩაბლოსთან ერთად კინაღამ გორიც ჩააბარა და, რაკი რუსმა ჯარისკაცებმა გივი თარგამაძის შეპირებული ფულის სანაცვლოდაც კი არ ააფეთქეს სტალინის ძეგლი, ღამით ქურდულად აიღო იგი.

«როცა მოვკვდები, ჩემს საფლავს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ დროის ქარი უმოწყალოდ გადახვეტს მას,» – უთქვამს სტალინს.

«დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება,» – წერდა 30-იან წლებში რეპრესირებული მიხეილ ჯავახიშვილი.

სააკაშვილი დროს ვერ მიჰყვება. მისთვის ნახევარი საუკუნის წინ გარდაცვლილი სტალინი დღესაც ცოცხალია, ამიტომაც გაუსწორდა მის ძეგლს. თუმცა რა არის 50 წელი 9 საუკუნესთან შედარებით! სააკაშვილმა ხომ დავით აღმაშენებლის ძეგლსაც «მოუგო» და მის ნაცვლად ვარდების (ისევ ყვავილების!) მოედანზე გიგანტური ველოსიპედი დადგა!

2007 წელს სალომე ზურაბიშვილმა კი იძახა, «ქაჯები არ მოდიან, ქაჯები მიდიანო», მაგრამ მას შემდეგ ქაჯები საქართველოში მომრავლდნენ, წასვლას კი არ ჩქარობენ. ციფრების მაგიით გატაცებულმა სააკაშვილმა 21 დეკემბერიც და 23 ნოემბერიც სათავისოდ გამოიყენა. «ქართული ოცნება» 2011 წლის 11 დეკემბერს დაფუძნდა. ნოემბერში რომ მოხერხებულიყო, მისი თარიღი 11.11.11 იქნებოდა. ციფრები არაფერ შუაშია, მთავარია შინაარსი, თორემ სამაჩაბლოს დაბრუნება სააკაშვილმა 08.08.08-ში დააპირა! რაც შეეხება 21-ს, ეს აზარტული თამაშია. ადრე რუსული მანერით «აჩკოს» ეძახდნენ, ახლა ამერიკულად «ბლეკჯეკად» მონათლეს. მარტივი თამაშია: კარტის შეძენით, რაც შეიძლება, მეტი ქულა უნდა დააგროვო, მაგრამ არაუმეტეს 21-ისა, თორემ «ჩაიწვები». 21 დეკემბერს დაბადებული სააკაშვილი უკვე «ჩაიწვა», მაგრამ ამის დაჯერება არ სურს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here