მთავარი პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლებამ ეს დამარცხება გამარჯვებად მოირგო, საქართველომ კი სამარადჟამოდ დაკარგა ტერიტორიების...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლებამ ეს დამარცხება გამარჯვებად მოირგო, საქართველომ კი სამარადჟამოდ დაკარგა ტერიტორიების ოცი პროცენტი

662
გააზიარეთ

საქართველოს ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ჰამლეტ ჭიპაშვილმა ვასიკო ოდიშვილის «აბების» ციტირებით დაიწყო:

_ …»მაგრამ რაღაც ხომ კეთდება!»

ვიცინეთ, რადგან «მაესტროს» ამ პროგრამის მოსწრებული წინადადებების გახსენებას ყოველთვის ასეთი რეაქცია მოსდევს ხოლმე.

ვიღაცა იბოღმება.

საუბარი, რა თქმა უნდა, სერიოზულ ტონალობაში გაგრძელდა._ ეს დღეებია, ბატონო ჰამლეტ, ნაციონალური პროპაგანდა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად წარმოგვიდგენს, რადგან იმ დოკუმენტში, როგორც ამბობენ, ჩაიწერა რევოლუციური ფრაზა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

_ არც ადრე, მაგრამ ბოლო რვა წლის განმავლობაში _ განსაკუთრებით, არ გვაკლდა ასეთი ოპტიმისტური შეფასებები.

დიდი დაკვირვება არ არის საჭირო იმის შესამჩნევად, რომ ჩვენი ხელისუფლება სპეციალურად ქმნის ბარიერებს და შემდეგ ცდილობს ამ ბარიერების წარმატებით გადალახვას. არ ვიცი, მოჭარბებული მაზოხიზმით არის ეს გამოწვეული თუ არა, მაგრამ აშკარად ასეა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაწერილია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ანუ რუსეთმა აგრესიის შედეგად მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით ისე გვახარა ეს «ისტორიული მოვლენა», თითქოს ხელში დოკუმენტი კი არ გვეჭიროს, არამედ აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

დოკუმენტი ყოფილა თურმე მთავარი! ამის შეგნებით ვიცხოვრებთ დიდხანს და იმის იმედით, რომ ხელში სხვა რამეს დავიჭერთ.

2008 წელს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: ჩვენ დავიწყეთ ომი განმდგარი რეგიონის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ არავის აღიარებდა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

_ ჩვენ დავიწყეთ ომი?!

_ ამ საკითხზე დღესაც დავობენ და კამათობენ. სულ რამდენიმე დღის წინათ ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩემი თანდასწრებით განაცხადა _ ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაისროლაო. ასე მარტივად აღიქვამენ ამ პრობლემას.

_ მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.

_ დიახ! და აგერ სულ ახლახან დავრწმუნდით, რომ ევროპარლამენტი გვერდში გვიდგას, მიიღო ისეთი რეზოლუცია, რომლის მიხედვით, ამათ რომ ყური ვუგდოთ, რუსეთი დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს(!).

ოპოზიციურად განწყობილი პოლიტოლოგია და ექსპერტობა აცხადებს _ კი, ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ ამ ომში საქართველო ჩაითრიეს. ხელისუფლება და მას მიტმასნილი საზოგადოება თავისი პოლიტოლოგიით ამბობს _ რის ჩათრევა, რა ჩათრევა, ეს ომი დაიწყო რუსეთმა და _ ბასტა!

მაგრამ რა ვუყოთ ტალიავინის კომისიის დასკვნას და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე დაასახელა საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად და ამის გამო გახდა «ქვეყნის მტერი», «რუსული პროექტი», «კრემლის უკანასკნელი იმედი» და ა.შ.

ისეთი რა თქვა, თქვე მამაცხონებულებო, ბიძინა ივანიშვილმა, რაც თქვენს ყურს არ გაუგონია?! არც ტალიავინის მოხსენება წაგიკითხავთ და არც არაფერი გსმენიათ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწერა ხელი პირველ გასროლასთან დაკავშირებით?!

რას ჰქვია «ჩაგვითრიეს»?! რუსეთმა როგორ გაიძულა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა?!

აგვისტოს ომმა ირანში მომისწრო. ცხრაში რომ ჩამოვედი, პირველსავე ინტერვიუში ვთქვი: ომი საქართველომ დაიწყო.

_ ბატონო ჰამლეტ, ახლა რომ გეთქვათ ამის შესახებ, გასაგები იქნებოდა _ ხელთა გვაქვს ტალიავინის და სხვა დოკუმენტები. მაგრამ მაშინ რამ გათქმევინათ, რა ფაქტებს ეყრდნობოდით, როგორ არგუმენტებს?

_ ომში ზრდასრულ ადამიანს ვერავინ ჩაითრევს…

_ ზრდასრულს და ჭკუადამჯდარს.

_ დიახ, დიახ. იქნებ ჩვენ ჩავითრიეთ რუსეთი?

_ დარწმუნებით ამბობთ?

_ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველას, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა რუსეთის პრეზიდენტის _ დიმიტრი მედვედევის ვრცელ ინტერვიუს, ამოიკითხავდა იმ ვნებათა ღელვის შესახებ, რასაც ქვეყნის ახლადარჩეული ხელმძღვანელი მაშინ განიცდიდა. ერთი წელიწადიც არ არის, რაც მედვედევი პრეზიდენტად აირჩიეს და ამ დროს ფაქტის წინაშე აყენებენ: თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი მიდის მასთან და მოახსენებს, რომ მძინარე ცხინვალს რაკეტებს უშენენ.

პრეზიდენტი უპასუხებს, რომ თავი შეიკავოს ადეკვატური რეაქციისგან, რადგან შეიძლება პროვოკაცია იყოს.

ერთი საათის შემდეგ სერდიუკოვი კვლავ მოახსენებს, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია, «გრადებით» დაბომბვა გრძელდება.

მედვედევი აჩერებს _ არავითარი რეაქცია რუსეთის მხრიდან! მაგრამ, როცა ჩვენმა ტანკებმა შეუტია ცხინვალს, ახლადარჩეულმა, სულ «თოთო» პრეზიდენტმა მიიღო მისთვის უაღრესად მძიმე გადაწყვეტილება _ დაეწყო ომი! მაგრამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს, რომ მან ჩაგვითრია ჩვენ. პირიქით, მოვლენებისა და ფაქტების თანმიმდევრობის ელემენტარული ანალიზით გამოდის, რომ სააკაშვილმა ჩაითრია მედვედევი ამ შავბ-ნელ საქმეში. ჩვენდა სამწუხაროდ.

_ სააკაშვილმა?

_ არა მარტო სააკაშვილმა, არამედ ამერიკამ ჩაითრია.

_ რას ამბობთ, ბატონო ჰამლეტ, კონდოლიზა რაისი, აშშ მაშინდელი სახელმწიფო მდივანი საწინააღმდეგოს ამტკიცებს ეს-ესაა გამოცემულ თავის მემუარებში!

_ რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში მედვედევმა თქვა, რომ ეს ყველაფერი კონდოლიზა რაისის სინდისზეა, რომელიც კონფლიქტის წინ თბილისში იმყოფებოდა.

_ ე. ი. სიტყვაზე ვენდოთ მედვედევს?

_ არა, რატომ? ჯერ ერთი, დღეს რაც გინდა იუაროს რაისმა, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს. თანაც, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი არ არის, რომ მარჯვნივ და მარცხნივ ტყუილები აფრქვიოს. და, რაც მთავარია, მედვედევის ამ განცხადებას არ მოჰყოლია აშშ-ის არც ერთი ოფიციალური პირის მხრიდან საპასუხო უარმყოფელი განცხადება.

ვთქვათ, არ უნდა ვირწმუნოთ მედვედევის, ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურის განცხადება, მაგრამ დავივიწყოთ, რაც წინა პერიოდში ჩვენთან ხდებოდა? რა ვუყოთ, მაგალითად, პრაქტიკულად ალყაში მოქცეულ რუსეთის საელჩოს შენობას, რომლის წინ საჩვენებელი აქციების ციკლები ტარდებოდა ახალგაზრდა აქტივისტების თუ მომღერლების მონაწილეობით, რომლებიც აქ მოპოვებული სახელით თვალსა და ხელს შუა «ვარსკვლავებად» აღიარეს და ა.შ.; ან _ როგორ ვამხილეთ რუსეთის ჯაშუშები და რა პომპეზურობით გადავეცით რუსეთის მხარეს, რაშიც მთელი მსოფლიო ჩაერია და აშშ-მა თითიც კი დაგვიქნია; სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს ხელისუფლება თავის თავზე ბომბებს იყრის, შემდეგ რუსეთისკენ ხელი რომ გაიშვიროსო; გავიხსენოთ ხურჩის ინციდენტი, ჩვენი მხრიდან ნასროლი ყუმბარებით რომ დავწვით საზღვარზე მიყვანილი ავტობუსი, სააკაშვილის მივარდნა საზღვართან და გენერალ ჩაბანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და ა.შ. და ა.შ.

ყველაფერ ამის ინსპირატორი საქართველოს ხელისუფლება იყო.

ეს უნდა იცოდეს პოლიტოლოგმა, მაგრამ თუ იცის და მაინც ამბობს, რომ ჩვენ ჩაგვითრიეს, ამით ერს დათვურ სამსახურს უწევს. პირველი იმით, რომ ამახინჯებს სინამდვილეს, მეორე, _ არ აღიარებს შეცდომას. სანამ ხელისუფლება არ ისწავლის შეცდომის აღიარებას და არ განაცხადებს _ ჩემო ერო, მე დავუშვი შეცდომა, მაპატიე, _ მანამ ეს სახელმწიფო ვერ შედგება.

მსოფლიო ისტორიაში ამის ბევრი მაგალითია, მათ ჩამოთვლას აქ არ შევუდგები.

_ დავუბრუნდეთ მაზოხიზმის თემას, როგორც თქვენ თქვით, ჩვენ მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვის პრობლემას.

_ მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველაფერი გაკეთდა, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის ინტერესის გათვალისწინებით, შემდეგ _ რუსეთის რეაქციის გასარკვევად, მაკკეინის მხარდასაჭერად და ა. შ.

საქართველო ომისთვის რომ ემზადებოდა, ამერიკელებისთვის ცნობილი იყო, ისრაელისთვისაც _ ჩვენს ჯარს აგვისტოს ომის წინა პერიოდში წვრთნიდა ის ებრაელი გენერალი, რომელიც ლიბანის ოპერაციას ედგა სათავეში. პლიუს ამას: ჩვენი შეიარაღებული ძალები გადაადგილდება ცხინვალის მიმართულებით _ მიდის მძიმე ტექნიკით დატვირთული ეშელონები, სამხედრო შენაერთები, რკინიგზა გადატვირთულია მატარებლების სპეციალური შემადგენლობებით. ეს მხედველობიდან გამორჩათ ამერიკელ ინსტრუქტორებს?! ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა?! სისულელე იქნება ამის დაშვება.

ამასთან ერთად, იმჟამად ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი კანდიდატი იყო მაკკეინი, რომელსაც გამარჯვების გარკვეული შანსი ჰქონდა, მაგრამ ობამაზე უმეტესი _ არა. ომის დაწყება ცხინვალში გამოავლენდა მტერს _ რუსეთს, ხოლო საარჩევნო კამპანიაში რუსეთის თემის ჩართვას მოჰყვებოდა მაკკეინის წარმოჩენა რუსეთთან მეომარ წინამძღოლად, რომელიც ღირსია, მართოს ამერიკა.

რა მოუტანა ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანას?

ტრაგედია.

ხელისუფლებას რა მოუტანია?

ზეიმი. ზეიმი და გამარჯვებაა, როცა ამ ტრაგედიის საფასურად ვიღაც მოგცემს 4,5 მილიარდ აშშ დოლარს. საშუალება გექნება მეფური ფუფუნებით საზღვარგარეთ, ქვეყნიდან ქვეყანაში დაოთხილი სირბილის. საქართველოში გაცილებით ცოტა დროით რჩებიან, ვიდრე უცხოეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

და _ რაც მთავარია.

სააკაშვილი ამბობს, რომ შევარდნაძის დროს საქართველოს თუ არავინ არ იცნობდა, დღეს მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობსო (!).

ილაპარაკებს, აბა, რას იზამს, როცა, შე მამაცხონებულო, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს დაიწყებ ომს! მით უფრო, როცა პიარკამპანია ამერიკელების მიერ წინასწარ გათვლილი და ორგანიზებულია.

გაიხსენეთ, ომის დაწყების წინ ამერიკელი ჟურნალისტების ჯგრო რომ იყო თბილისში ჩამოსული. რამ წამოყარა ისინი აგვისტოში, დასვენების გაგანია სეზონში პოპულარული კურორტების პლაჟებიდან, თანაც ყველა ერთად?

ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი იმიტომ მოავლინეს საქართველოში, რომ აეტაცებინათ და ფართომასშტაბიანი პიარკამპანია წარემართათ ამერიკისთვის მომგებიანი აქცენტებით იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაწყებულიყო?

_ მაზოხისტობა, თქვენი თქმით, ჩვენი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისებაა, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს ანომალია დასჭირდათ იმისთვის, რომ ხალხისთვის წამებულ რაინდებად წარმოეჩინათ თავი? გორში გადაღებული სამარცხვინო კადრები _ მიწაზე გართხმული კაცი, რომელსაც დაცვა ცოცხალ ფარად გადაფარვია, განა იმიტომ არ გაავრცელეს, რომ ეჩვენებინათ მავანის თავგანწირვა და თავდადება ხალხისთვის? მაგრამ არ გამოვიდა «დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა».

_ ეფექტი, რა თქმა უნდა, რადიკალურად საპირისპირო იყო: ვერ აინთეს სანთლებად მათი სახელები. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ ეს დამარცხება გამარჯვებად მოირგო. საქართველომ კი სამარადჟამოდ დაკარგა ტერიტორიების ოცი პროცენტი.

_ სამარადჟამოდ?! რას ამბობთ, ბატონო ჰამლეტ?!

_ მე გეუბნებით, რომ სამუდამოდაა დაკარგული და ამას ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოკუპაციის ჩაწერა ვერ უშველის. ხალხმა დაკარგა რწმენა, თუმცა ხელისუფლებას მიტმასნილი ადამიანები ჯიუტად იმეორებენ: რა გინდათ ამ კაცისგან, რაღაცას ხომ აკეთებს! რვა წელიწადია, ეს გვესმის.

_ «უცილობდეს, ვითა ჯორი»…

_ უფრო მეტსაც ამბობენ, აცალეთ, ისწავლოსო. როდემდე? როცა ქვეყანა და ხალხი შევეწირებით? საექსპერიმენტო პოლიგონია თითქოს საქართველო.

_ ან _ «პრეზიდენტების გადამზადების კურსები»…

ნატოზე გადავიდეთ, ბატონო ჰამლეტ, რომელშიც შესასვლელად, როგორც ბატონმა რასმუსენმა გვითხრა ამ ბოლო ვიზიტის დროს, ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს ვყოფილვართ.

_ ევროკავშირზეც იგივეს არ გვეუბნებიან? ამათ ყური რომ უგდო, ჩვენ თითქმის შესული ვართ ამ გაერთიანებაში (!).

ეს ორპირი უცხოელების ბრალია _ ორპირი ნატოელების, ორპირი ბრიუსელის, ორპირი ვაშინგტონის. რატომ დუმს იგივე ამერიკა, ევროკავშირი იმ სისულელეებზე, რასაც სააკაშვილი მათ მიერ მოცემული მილიარდებიდან მილიონებს ახარჯავს _ პრეზიდენტის სასახლიდან და პამპერსის ხიდიდან დაწყებული და იმ რკინის რაშით დამთავრებული, რომელიც შოთა რუსთაველის ძეგლის გასწვრივ თბილისში აღგვიმართა? ხომ არ მოქმედებს აქ იგივე პრინციპი, რომელიც ქართული ანდაზითაა გამოხატული _ «ხელი ხელს ბანს და ორივე _ პირსო»? ხომ არ მოქმედებს აქ მანკიერი საბჭოთა «ოტკატების» ვარიანტი?

ახლა კონკრეტულად ნატოს შესახებ. მე მგონი, რასმუსენი იქნება თუ ვინმე სხვა, პირდაპირ უნდა გვითხრას, ყოველგვარი დიპლომატიური ზიზილ-პიპილოების გარეშე: ძმებო ქართველებო, თქვენ არ მიგიღებთ ნატოში.

ამას ვეუბნებოდი დიპლომატებს, რომლებსაც ვხვდებოდი, მითქვამს ამერიკის ელჩისთვისაც.

ნატოში ვერ შევალთ იმიტომ, რომ მის ფუძემდებლურ დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი: ქვეყანა, რომელსაც თავის მეზობლებთან პრობლემები აქვს, ამ ტვირთით ნატოში ვერ შევა.

რუსეთთან ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები, თუ ეს ან მისი მსგავსი ხელისუფლება გვეყოლება. სხვა ხელისუფლებას, რომელიც მომავალში ნეიტრალურ პოზიციას ითამაშებს, მე ვერ ვხედავ. ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ექნება ნორმალური ურთიერთობა ამერიკასთანაც, რუსეთთანაც და თან იღვაწებს ნატოში შესასვლელად.

რა შეგვიშლის ხელს? თუ ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ურთიერთობას თვითგამოცხადებულ ქვეყნებთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ვერ შევცვლით სასამართლო სისტემას, ფეხზე ვერ დავაყენებთ ეკონომიკას, საზღვრებს ვერ დავაზუსტებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დემარკაცია, დელიმიტაციის სახით. ამ პრობლემებით დახუნძლული საქართველოსთვის ნატოს კარი დახურულია.

_ თვალი არ ეცეს, მაგრამ, თუ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, გაჩნდება პერსპექტივა?

_ ყოველ შემთხვევაში, შანსი გაჩნდება. დღეს რა სურათი გვაქვს? ერთი მაგალითი, რომლის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე: საქართველო ჩართული ყოფილა ნატოს პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა მტკვრის ფსკერის გაწმენდას. ასეთი ჰუმანიტარული პროგრამებიც აქვს ნატოს. და თურმე გაგვიწმენდია მტკვარი, განგვიხორციელებია ეს მრავალმილიონიანი პროგრამა ისე, რომ არავის არაფერი გაგვიგია (!). სამუშაოები _ «შესრულდა», ფული «მოტყდა». რა გარიგებას ჰქონდა ადგილი?

შევალთ ასე ნატოში?

_ ევროკავშირში, ბატონო ჰამლეტ?

_ ვერა, ვერ შევალთ, რადგან «აღმოსავლეთთან თანამშრომლობა» ზღაპარია. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა ამ დღეებში მიიღო, დასავლეთს რუსეთთან სავაჭროდ სჭირდება, რუსეთთან საჭიდაოდ. თორემ, ახლა ევროპას რომ გაუჭირდა, განსაკუთრებით, _ ევროს, მოსკოვსა და პეკინში ემისრები აფრინეს _ ფული მოგვეცითო!

ნაცპროპაგანდა კი თავბრუს გვახვევს _ გზა გაგვეხსნა ევროკავშირისკენ, რეზოლუცია მიღებულიაო. ჩვენი არარსებული ეკონომიკით, გადაუჭრელი სოციალური პრობლემებით იმ გაერთიანებაში არავინ მიგვიღებს. ჩვენ კი არა, დღემდე ვერ მოუნელებიათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რომ მიიპატიჟეს. მიაჩნიათ, რომ საჭირო არ იყო ევროკავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოება.

_ ბატონო ჰამლეტ, დასკვნისკენ წავიდეთ, სად ხედავთ გამოსავალს?

_ ამ წლების განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ დამოუკიდებლობა თავიდან გვაქვს მოსაპოვებელი.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here