მთავარი პოლიტიკა რატომ არ თქვა უარი ფრიდონ თოდუამ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე

რატომ არ თქვა უარი ფრიდონ თოდუამ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე

713
გააზიარეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის აღსარება

ორიოდ დღეა ყვითელმა პრესამ _ ელექტრონულმა და ბეჭდვითმა _ აკადემიკოს ფრიონ თოდუას შეუტია _ პარლამენტის ვიცესპიკერსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტს.

კატის გამომთხრელი თაგვის მონდომებით ერთი კერძო შემთხვევის პრობლემად წარმოდგენისთვის გაისარჯა და ოფლი ღვარა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დახმარების გამო ატეხეს დავიდარაბა, რომელსაც ფრიდონ თოდუა სხვა ქართველ აკადემიკოსებთან ერთად და მათსავით ყოველთვიურად იღებს. 
_ რა აწუხებთ? რა აღელვებთ? _ მშვიდად რეაგირებს ამაზე ბატონი ფრიდონი, _ ამ კერძო საკითხს ერთმანეთში გავარკვევთ მე და ბატონი ბიძინა, _ ამბობს და დასძენს:

_ ხუთი წლის წინათ, აქ ჩემს კაბინეტში ვილაპარაკეთ მე და ბატონმა ბიძინამ. ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა მოსკოვში, გავიხსენეთ ისინი. მაშინ და დღესაც უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული მის მიმართ, მით უფრო, რომ ბევრ საკითხზე ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ერთ-ერთი პრობლემა ქართველი აკადემიკოსების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, რომელიც მაშინ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაშინ თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ათას-ათას ლარს დაუნიშნავდა ქართველ აკადემიკოსებს.

ცხადია, გამიხარდა. ამის შესახებ ვაცნობე აკადემიის პრეზიდენტს თამაზ გამყრელიძეს, რომელმაც მიპასუხა, რომ ყოველგვარი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა თანაბრად გაგვენაწილებინა აკადემიის წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს შორის. ეს წინადადება გადავეცი ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელობას. ნახევარ საათში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ბატონ ბიძინას გადაწყვეტილებით, აკადემიკოსები მიიღებენ დაპირებულ ათას ლარს, წევრკორები ხუთას-ხუთასს. მიმაჩნია, რომ დიდად მამულიშვილური საქმე გაკეთდა ამით. ყველა დღემდე მადლიერი ვარ მისი.

_ თქვენ, ბატონო ფრიდონ, ინსტიტუტის დირექტორს ისე არ უნდა გაგჭირვებოდათ, რომ ამ შემოწირულობის იმედად ყოფილიყავით. ხელფასები მაშინაც, ახლა _ მით უმეტეს, მაღალია თქვენს სამეცნიერო ცენტრში.

_ მოდით, საგნობრივად გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს “პრობლემა”.

თბილისში ჩამოსვლამდე, მოგეხსენებათ, მოსკოვში ვმოღვაწეობდი და საკმაოდ პოპულარულიც ვიყავი. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირი ორად ორი კომპიუტერული ტომოგრაფი იყო, ერთ-ერთის დამონტაჟება, ამუშავება, ათვისება ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა. საამისო სპეციალური ცოდნა პირველმა მე ავითვისე გერმანიის კლინიკებში. ამ მიმართულების სათავეებთან ყოფილ საბჭოთა კავშირში მე ვიდექი. აქედან გამომდინარე, როგორც ამბობენ, მოთხოვნადი ვიყავი, ყველას ვჭირდებოდი, თანაც იმდენად, რომ როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები, მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები და ასე შემდეგ ჩემთან მოჰყავდათ გამოკვლევაზე. ისეთი პიროვნებებიც მოდიოდნენ, რომლებიც გასაიდუმლოებულები იყვნენ თავიანთი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

მოსკოვში გავაკეთე სადოქტორო, ვიყავი პროფესორი, გავხდი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დამერწმუნეთ, ამას თავის გამოსაჩენად არ გეუბნებით. იმ რეალური ვითარების წარმოსადგენად გიყვებით, რომელიც მივატოვე და, როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩამოვედი სამშობლოში, რადგან სწორედ მაშინ სჭირდებოდა საქართველოს ყველა ჩვენგანის, ჩვენი ცოდნის და გამოცდილების კონცენტრირება ახალი ცხოვრების დასაწყებად.

თბილისში, იქ სადაც დღეს ჩვენი კლინიკაა, დაუმთავრებელ შენობაში დავიწყე მუშაობა. დღეს ჩვენი სამედიცინო ცენტრი თავისი უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით, სპეციალისტებით, ლაბოარტორიების უთანამედროვესი ტექნიკური აღჭურვილობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ასე მოვედით გაჭირვებიდან, უშუქობიდან, იმ დროიდან, როცა ყველაფერი გვაკლდა, დღევანდლამდე.

21 კაცი ჩამოვედით იმ უმძიმეს დროს საქართველოში.

_ სად არიან დანარჩენები?

_ დაბრუნდნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ და დღეს ვეებერთელა კლინიკების ხელმძღვანელები არიან. შესანიშნავად არიან მოწყობილები. მეც რომ ამეკრა გუდა-ნაბადი და წავსულიყავი, უმდიდრესი კაცი ვიქნებოდი და მინიმუმ _ ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი: მსოფლიო დონის ქირურგმა, ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა ვიშნევსკიმ სამეცნიერო დარგში მოადგილეობა შემომთავაზა.

მე მაინც აქ ჩამოსვლა ვარჩიე. ყველა მეხმარებოდა _ ბატონი ზვიად გამსახურდია, ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, სწორედ მისი დახმარებით მოხდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის მაღალი ხელფასების დანიშვნა მას შემდეგ, რაც არებაიჯანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს გავეცანი იქაური აკადემიის მუშაობას და გავუზიარე ჩემი მოსაზრება მეცნიერთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ.

_ მედიცინა პოლიტიკაზე მაღლა დგას.

_ რა თქმა უნდა. მაგრამ ამ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა, ნერვების უკიდურესი დაძაბვა… ამან გამაჭაღარავა დროზე ადრე. მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა იმად, რომ შეგვექმნა ინსტიტუტი, რომლის ანალოგი არა მარტო კავკასიაში, ევროპაშიც არ არის ორგანიზაციული მოწყობის, ტექნიკური აღჭურვის, კადრების დაკომპლექტების თვალსაზრისით. ევროპიდან ჩამოდიან ჩვენთან გამოცდილების გასაცნობად. გუშინწინ ჰოლანდიელების დელეგაცია გვესტუმრა. გაოცებულები წავიდნენ იმით, რაც ნახეს.

იცით, რა მაწუხებს? ორ წელიწადში 250 საავამყოფო იქნება საქართველოში. მაგრამ გვეყოლება შესაფერისი ინტელექტუალური კადრები? ვინ იმუშავებს? ამას ხშირად ვამბობ პარლამენტში, რომელშიც მუშაობა მარტო მიკროფონთან გამოსვლა არ არის. ვიბრძვი და, პირდაპირ გეტყვით, იქ ჩემი სიტყვა მეთქმის.

_ და მაინც, რატომ შეხვედით პარლამენტში? ექიმი სტერილურ გარემოში მუშაობს, პოლიტიკა კი, მოგეხსენებათ, სისუფთავით ვერ დაიტრაბახებს.

_ გეთანხმებით, _ არ იყო ჩემი საქმე. მაგრამ დამარწმუნეს, რომ მე ვჭირდებოდი ზუგდიდის რაიონს, იქაურ მოსახლეობას. ძალა და შესაძლებლობა მართლაც არ დამიშურებია – იყო ეს ქველმოქმედება, მოსახლეობის ჯანმრთელობის უფასო გამოკვლევა, ჯანდაცვის სამინისტროდან ნახევარი მილიონი ლარის დაფინანსების გამოყოფა და ასე შემდეგ.

ჩემს მისაღებში არა მარტო ზუგდიდიდან, მთელი საქართველოდან მოსული ადამიანები დგანან. როცა ვხედავ თვალცრემლიან კაცს, რომელსაც გადასახდელი ფული არ აქვს, რა გულმა უნდა გაგიძლოს, ხელი არ გაუმართო! უფასოდ ვუკეთებ ყველაფერს.

_ უფასოდ?!

_ უფასოდ პირობითია. პირდაპირ გეტყვით, რომ იმ ფულიდან, რომელსაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის წყალობით სხვა აკადემიკოსებთან ერთად მეც ვიღებ, შინ არცერთი თეთრი არ წამიღია.

_ ამ ხალხს ახმართ?

_ დიახ. მართალია, არ ყოფნის, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევი და ამას არაფრად არ ვთვლი.

ზუგდიდში ახალგაზრდებისთვის კომპიუტერები მაქვს ნაყიდი, ვიღაცას ფული სჭირდებოდა, მიმიცია, უპატრონო ბავშვებს დავხმარებივარ _ უახლესი კომპიუტერი ჩავუტანე.

არასოდეს მითქვამს, მაგრამ, ეტყობა, ახლა უნდა ვთქვა: 1991 წლიდან, იმ უმძიმესი წლებიდან მოყოლებული, ჩვენმა ინსტიტუტმა მეცნიერებათა აკადემიის წევრთა დასახმარებლად _ გამოკვლევებში, მკურნალობაში ორი მილიონი ლარი დახარჯა. აკადემიკოსი თავხელიძე, აკადემიის პრეზიდენტი ხშირად მეუბნებოდა: _ თქვენ რომ არ გვყოლოდით, აქამდე დავიხოცებოდითო…

რახან ჩამოთვლაზე მიდგა საქმე, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი სტიპენდია მაქვს დაწესებული წარჩინებული სტუდენტებისთვის

მგონი, ნაწილობრივ ვუპასუხე თქვენს შეკითხვას.

_ გმადლობთ. მაშინ, ეგებ, ასეთ შეკითხვასაც უპასუხოთ: რატომ გაიტანა აკადემიამ თავისი ანგარიში “ბანკ ქართუდან”? ეს საკითხი ხშიირად ტრიალებს პრესის ფურცლებსა და ეთერში.

_ მე ჩემი პირადი ანგარიში მაქვს “ბანკ ქართუში”. ვერ გამოვიტან. მე ვერ ვეტყვი ბატონ ბიძინას _ თქვენი ფული არ მჭირდება. მჭირდება იმისთვის, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

ბატონმა ბიძინამ იცის, რომ ჩვენი ინსტიტუტი თანამშრომლობს საჩხერის რაიონულ საავადმყოფოსთან ახალი კორპუსის მშენებლობაში, კომპიუტერული ტომოგრაფიის სპეციალისტების მომზადებაში; საქველმოქმედო აქციები ჩავატარეთ. უანგაროდ ვეხმარებით ხალხს.

საპატრიარქოს, ეკლესიის მსახურებს ვეხმარებით…

ეგ თურმე არაფერი. მთავარი ის ყოფილა, გავიტან თუ არ გავიტან ერთი ბანკიდან ჩემს პირად ანგარიშს მეორეში. მე ვერ ვხედავ დღეს ამის საჭიროებას. რატომ უნდა გავიტანო?!

_ როცა აკადემიაზეა საუბარი?

_ აკადემიას ჰყავს თავისი პრეზიდიუმი, რომელსაც ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან მისი კომპეტენცია არ არის. აკადემიის პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

_ თქვენ რატომ დაგაბრალეს?

_ ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ! ჩემნაირი ვიცეპრეზიდენტი კიდევ სამია _ ჯუმბერ ლომინაძე, ოთარ ნათიშვილი, გურამ თევზაძე. არცერთს ფინანსურ პრობლემებთან შეხება არ გვაქვს. მე მაბარია მედიკო-ბიოლოგიური პრობლემები. აკდემიის ანგარიშის “ბანკი ქართუდან” “ლიბერთი ბანკში” გადატანის შესახებ გავიგე მას შემდეგ, რაც ეს ფინანსური ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო.

_ ვიღაცეები წყალს იმიტომ ხომ არ ამღვრევენ, რომ ამ არეულობაში თავიანთი კარიერისტული ღლავი დაიჭირონ?

_ არ ვიცი. მხოლოდ, იმის თქმა შეიმძლია, რომ აკადემიას სათავეში უდგას უდიდესი მეცნიერი, ხოლო აკადემია ის უნიკალური სტრუქტურაა, რომელიც ქართველმა ერმა ხელის გულზე უნდა ატაროს. რაც მოხდა მეცნიერებაში _ შეცდომა იყო თუ წინასწარ განზრახული ქმედება, ახლა ნუ განვსჯით, მაგრამ დიდწილად ჩვენი ბრალიც იყო. რაც დაგვრჩა, ვინც დაგვრჩა, იმას მაინც მოვუაროთ.

_ თქვენ რომ შემოგთავაზონ აკადემიის პრეზიდენტობა?

_ მე _ არა! არც პრეზიდენტობას ვაპირებ აკადემიისას, არც დეპუტატობას მომავალ პარლამენტში. ეს ნათქვამი მაქვს მრავალგზის და კიდევ ერთხელ ვაცხადებ…

რა მაწუხებს, იცით? ჩემზე აქამდე ერთი სიტყვა ცუდი არ დაწერილა მაშინაც კი, როცა ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად ვიყრიდი კენჭს. 11 კანდიდატი ვიყავით. არავის არ უკადრებია ის, რაც ახლა მესმის.

_ ამბობენ, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ლექცია წაგიკითხათ, ჭკუა დაგარიგათ…

_ სიცრუეა. ჯერ ერთი, ბატონი აკაკი ვერ გაბედავდა, თუნდაც თანამდებობრივი ჩვენი მდგომარეობის გამო. მეორეც, სულ პატარა ბიჭი მახსოვს და უპატივცემულო დამოკიდებულება მისგან არასოდეს მიგრძვნია. საერთოდაც პარლამენტში ჩემს ჭაღარას პატივს სცემენ.

ახლახან უარყოფითი მასალა ჩემზე გამოაქვეყნა ერთმა კაცმა, მეწყინა. არ ვარ ამას შეჩვეული. პატრიარქმა მითხრა, ნუ მიაქცევთო ყურადღებას, ბატონო ფრიდონ, პოლიტიკოსებს ასეთი გამოხდომების მიმართ გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი. მე არ ვარ პოლიტიკოსი.

მირეკავს ერთი ჩემი კოლეგა და მეუბნება, რომ ჩემთან არის ასეთი და ასეთი კაცი, ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები აქვს და მოვა თქვენთანო. იმ პუბლიკაციის ავტორზე მთხოვა.

იცით, როგორ შევხვდი? თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაფერი, რაც საჭირო იყო, გავუკეთე. ფული, ცხადია, არ გადავახდევინე.

მეორე დღეს მოვიდა და ბოდიში მომიხადა: არ გიცნობდით და შევცდიო.

დიდი ქართველი ქირურგის ჯანელიძის მაგალითს გავიხსენებ. რუსეთში მოღვაწეობდა. დაბრუნდა საქართველოში, არ გააჩერეს. გაიქცა. მსგავსი სიტუაციის შექმნა უნდათ ჩემს გარშემო. დაბრუნდა ლენინგრადში, იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი. დღეს მის სახელს ატარებს სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი სანქტ-პეტერბურგში.

მე არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ და ჩემი შვილიშილი აქ იზრდება.

გავუფრთხილდეთ ადამიანებს, საქართველოს ინტელექტს, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გამორჩეული იყო. თოდუას არაფერი უჭირს, თოდუას თავისი გადასარევი ინსტიტუტი აქვს, რომლითაც ხალხს ესახურება.

სამშობლო ერთი გვაქვს და იმას მოვუაროთ!
ესაუბრა სიმონ კორძაია
 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here