Home რუბრიკები პოლიტიკა ერთ მდინარეში ორჯერ შესვლის ოსტატის ბოლო სიტყვა ლონდონის ტაუერში

ერთ მდინარეში ორჯერ შესვლის ოსტატის ბოლო სიტყვა ლონდონის ტაუერში

954

როგორც ირკვევა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პულტზე თითის დაჭერისთვის ვერ იცლის. მას პარლამენტის სხდომათა დარბაზში «დედოვშჩინა» აქვს გაჩაღებული. ეს ტერმინი რუსის ჯარში გავრცელებულ ურთიერთობებს ასახავს; «დედები», წელიწადზე მეტი რომ იმსახურეს და დემობილიზაციისთვის ემზადებიან, ახალწვეულებს ყველანაირად ჩაგრავენ. მაგალითად, საპირფარეშოებს ალაგებინებენ ან წინდებს არეცხინებენ. უცნობია, ურეცხავს თუ არა დეპუტატი გიორგი იმნაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს წინდებს, მაგრამ ხმას ცისკარიშვილის მაგივრად რომ აძლევს, ეს ფაქტია.

ჟურნალისტებმა ეს ფაქტი ფირზეც აღბეჭდეს, მაგრამ სინამდვილეში დიდად არავინ გაოცებულა. პარლამენტის სხდომათა დარბაზს ამაზე უარესებიც ახსოვს. თვით პარლამენტის თავმჯდომარე – ნინო ბურჯანაძე რომ გაყალბებით აირჩიეს დეპუტატებმა, ამაზე თავის დროზე დიდი ხმაურიც იყო ატეხილი, მაგრამ სკანდალი ისე ჩაფარცხეს, რომ ხათუნა გოგორიშვილის მიერ დანომრილ-დანიშნული ბიულეტენები აღარავის გადაუთვლია. 
დღეს ხათუნა გოგორიშვილი საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეა და სხვებს უმოწმებს ინიციატივებს. ეს ის ხათუნა გოგორიშვილია, რომელიც 1992 წლიდან 2002 წლის ჩათვლით ყოველთვის ისეთ შედეგებს დებდა, რომ არჩევნები ჯერ «მოქალაქეთა კავშირს», მერე კი «ნაციონალურ მოძრაობას» მოეგო. ერთადერთხელ ვერ დათვალა ხათუნამ არჩევნების შედეგები და ამას რევოლუცია მოჰყვა.

ნუ იტყვით და, არჩევნები იმდენად გაყალბდა, რომ პარლამენტში 6 პარტია მოხვდა, თან ისე, რომ 22 პროცენტზე მეტი არავის ჰქონდა. დაწყებითი სკოლის არითმეტიკის მცოდნეც კი მიხვდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ორი პარტიაც კი ვერ შექმნიდა. ახლა ვიანგარიშოთ, როდის გაყალბდა არჩევნები: 2003 წელს თუ 2004 და 2008 წლებში, როცა «ნაციონალური მოძრაობა სულ უფრო და უფრო მტკიცე საკონსტიტუციო უმრავლესობას უწერდა საკუთარ თავს არჩევნების შედეგად?

თუმცა ეს ამბავი დღევანდელმა ოპოზიციამ იდარდოს, რომელმაც იმდენად ვერ ივარგა, რომ აშკარად გაყალბებული შედეგების გამო ხელისუფლებისთვის და მის მიერ დანიშნული ოპოზიციისთვისაც თავზე ჩამოემხო პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ჩვენ კი კვლავ იმ სხდომათა დარბაზში შევბრუნდეთ, რომელშიც «გაყალბებული» არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები დღესაც სხედან. ვიდრე პროპორციული არჩევნების შედეგებს არაუფლებამოსილი სასამართლო (უზენაესი – საკონსტიტუციოს ნაცვლად) აუქმებდა, მაჟორიტარულ მანდატებს ამაყად და ღირსეულად ინარჩუნებდნენ გიგი წერეთელი, გია ბარამიძე, კობა დავითაშვილი, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გივი თარგამაძე, ბეჟან ხურციძე და სხვა მრავალი, რადგან 2003 წელს ყველა მაჟორიტარი პატიოსნად იყო არჩეული, პარტიები კი – არა (?).

პრინციპულობით განთქმული «რესპუბლიკელები» მაჟორიტარებად ვერასოდეს გადიოდნენ და «ნაციონალური მოძრაობის» სიით შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ ოთხი თვის დაგვიანებით, მარტის არჩევნების შემდეგ. პრინციპულობას და სიმართლისმოყვარეობას მათთვის ხელი არ შეუშლია, იმავე სიაში ჩაწერილიყვნენ, რომლითაც «ყველა დროის გამყალბებელი» ხათუნა გოგორიშვილი იყრიდა კენჭს! თუმცა პიროვნებებზე მაღლა დავდგეთ და იმას უფრო მივაქციოთ ყურადღება, რომ იმ პარლამენტში, კონსტიტუციის დარღვევით მაჟორიტარები ოთხი თვით მეტ ხანს აძლევდნენ ხმას სხვისი პულტებით, ვიდრე პარტიული სიით გასულები!

თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როცა რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავის «რესტავრაცია» გამოაცხადა და ვადაგასულ, 1999 წლის მოწვევის პარლამენტს ზარ-ზეიმით მიაღებინა ცვლილებები კონსტიტუციაში.

ბურბონებისგან განსხვავებით, მისმა «რესტავრირებულმა» დედოფლობამ ოთხ წელიწადს ძლივს გაქაჩა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ორჯერ შეასრულა პრეზიდენტის მოვალეობა და თვითონაც დაიჯერა, რომ გასამდებოდა. ორჯერ ერთი და იგივე ფოკუსი ჩაუტარეს ყოფილმა მეგობრებმა: ჯერ ჟვანიას გუნდმა არ ჩაასმევინა სიაში თავისი ხალხი, მერე კი «ნაციონალებმა» ისე გამოუცვალეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიები, რომ, როცა მიხვდა, გვიანი იყო.

ბურბონებისა და ალექსანდრე პირველი რუსის არ იყოს, მანაც ბევრი «იპაკიპუკა» (სააკაშვილის ნათქვამია ბურჯანაძეზე 2003 წლის დრამატულ დღეებში) მოსკოვში, არც პარადებზე თხელძირიანი ფეხსაცმლით დგომა დაუკლია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ძველი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ეს სიბრძნე ყველაზე ჭრის, ქართველი პოლიტიკოსების გარდა. ზემოთ აღწერილ, ერთ პარლამენტში ორ-ორჯერ შესულ დეპუტატთა საეჭვო ამბავს რომ აღარ მივუბრუნდეთ, სააკაშვილის უეჭველი მაგალითი მოვიხმოთ: 1999 წელს სააკაშვილი ვაკის რაიონის მაჟორიტარი გახდა, მისი შტაბის წევრებმა კი ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში ბიულეტენების დასტა თავზე გადაახიეს დავით სალარიძეს, რომელსაც ცხვირწინ გაუყალბეს მოგებული არჩევნები. 2000 წელს სააკაშვილი შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი გახდა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ «კორუფცია გააპროტესტა» და გადადგა. დაუჯერებელია, მაგრამ კენჭი იმავე ვაკის ოლქში იყარა და ერთი მოწვევის პარლამენტში მეორედ შევიდა!

ერთი სიტყვით, ორ წელიწადში მან სამი უმაღლესი თანამდებობა გამოიცვალა. კიდევ ერთ წელიწადში ადგილობრივ არჩევნებში სცადა ბედი და, შალვა ნათელაშვილის წყალობით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა. კიდევ ერთ წელიწადში კი საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილის გაფორმება მოითხოვა, არ გაუფორმეს და რევოლუციაც მოახდინა. სააკაშვილს ერთ წელიწადზე მეტხანს არსად უმუშავია, სწავლა რომ სწავლაა, ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეპიზოდებად არის მის ბიოგრაფიაში. ერთადერთი, სადაც იგი, თითქმის რვა წელია, მუშაობს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაა. ვერავინ აგდებს, თავის ნებით კი არ მიდის!

თუმცა გასულ კვირას ლონდონის ტაუერში გამოსვლისას რაღაც ისეთი თქვა, რასაც ფსიქოანალიზი სჭირდება: «იმედი მაქვს, ეს ჩემი ბოლო გამოსვლა არ იქნება» და იქვე დაამატა: «ამ სიტყვას ისე წარმოვთქვამ, როგორც უკანასკნელს».

აბა, გამოიცანით, რა იგულისხმა? მისი ბიოგრაფიისა და უნიკალური უნარის გათვალისწინებით, ორჯერ შესცუროს ერთსა და იმავე მდინარეში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლაა პრეზიდენტის რანგში, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება, რადგან პრემიერმინისტრობას აპირებს!

იქვე სააკაშვილმა კიდევ ერთი ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «არ ვიცი, რა იყო ლონდონის ტაუერში სიტყვით გამოსვლის ჩვეული პროცედურა ან რა ვითარებაში გამოდიოდნენ აქ სიტყვით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს მათი ბოლო სიტყვა იყო ცხოვრებაში». რა გასაკვირია, სააკაშვილმა ეს არ იცოდეს,  _ ლონდონის ტაუერი კი არა, ილორი და სულორი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. ტაუერში მოკლეს მეფე ჰენრიხ მეექვსე, პრინცები _ 12 წლის ედუარდ მეხუთე (აქაც ედუარდი!) და მისი უმცროსი ძმა რიჩარდი. ათეულობით წლის განმავლობაში იყვნენ ტაუერის ტყვეები ინგლისისა და სხვა ქვეყნების ელიტის წარმომადგენლები.

ტაუერში თავი მოჰკვეთეს მეფე ჰენრიხ მერვეს ცოლს, დედოფალ ანა ბოლეინს, მისსავე მეხუთე ცოლს – კეტრინ ჰოვარდს, ჯეინ გრეის, გილფორდ დადლის და სხვა არაერთ «მაღალ პერსონას». მოკვეთილ თავს ლონდონის ხიდზე გამოფენდნენ ხოლმე სხვათა ჭკუის სასწავლებლად, გვამებს კი ტაუერის სარდაფებში მარხავდნენ. იქ 1500-ზე მეტი ნეშტი აღმოჩნდა. არ ვიცი, რა იყო ტაუერში სიტყვით გამოსვლის ჩვეული პროცედურაო, _ ამბობს სააკაშვილი, მაგრამ ის კი იცის, რომ ეს მათი ბოლო სიტყვა იყო ცხოვრებაში. სინამდვილეში იქ სიტყვით არავინ გამოდიოდა. თუმცა ეს ყველაფერი ან წიგნებიდან უნდა იცოდეს, ან რობერტ სტურუას სპექტაკლებიდან, მაგრამ არც ერთისთვის ჰყოფნიდა ოდესმე მოთმინება და არც მეორისთვის _ განათლების მარაგი. ერთი, რაც მას დანამდვილებით აქვს, გამახვილებული ინტუიციაა; იგი კუთხეში მიმწყვდეული ცხოველივით გრძნობს საფრთხეს და ეს ალაპარაკებს ამ «ბოლო» და «არაუკანასკნელ» გამოსვლებზე.

სააკაშვილს არც რიჩარდ მესამეს ისტორია გაუგია. არადა, პატარა პრინცები _ ედუარდი და რიჩარდი სწორედ მან მოაკვლევინა ტაუერში. რობერტ სტურუას სპექტაკლი მაინც რომ ენახა, მისი ბოლო რეპლიკაც ეცოდინებოდა: «ცხენი, ცხენი, მთელ სამეფოს ერთ ცხენში გავცვლი!». სხვათა შორის, რუსულ თარგმანში ეს რეპლიკა უფრო მსუბუქად ჟღერს: «Коня, коня, полцарства за коня!», ანუ ცხენში ნახევარ სამეფოს ვიძლევიო. მაგრამ, ქართული თეატრალური ტრადიციის თანახმად, მას მთელი სამეფოს გაღება მოუწევს იმ ცხენისთვის, რომელსაც აღარავინ შეაშველებს. სააკაშვილმა არა, მაგრამ მისმა დასავლელმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რით მთავრდება ტაუერში სიტვით გამოსვლის მცდელობა!
თამარ დავითულიანი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here