Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილისგან შეიძლება ბაბანგიდა გამოვიდეს

სააკაშვილისგან შეიძლება ბაბანგიდა გამოვიდეს

682

«დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს,» _ განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძრაში საკვირაო ქადაგებისას. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის განცხადება, როგორც ყოველთვის, საკმაოდ რბილი და დიპლომატიური იყო, ის ძალიან მკაფიო გზავნილს შეიცავდა; მის შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხში რეჟიმმა თავი მძიმე, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო. 
 

არ ჩამოშლილან, მაგრამ გაფარჩაკდნენ

განწყობა, რომელიც საზოგადოებაში ამ პრობლემასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა და ნათლად აისახა ადგილობრივ და უცხოურ მედიაში, მარტივი და კონკრეტულია _ ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე უცხოელი დამკვირვებლების თვალში, ძალიან დიდი ალბათობით, შეუგნებელ, ოდიოზურ აფრიკულ დიქტატურას დაემსგავსება. პოლიტიკური ოპონენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუწყნარებელი ნონსენსი ჯერ კიდევ XX საუკუნეში იყო, XXI-ზე რომ არაფერი ვთქვათ. თანაც ეს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება იმისდა მიუხედავად, თუ რა იურიდიულ კაზუისტიკას მიმართავს ხელისუფლება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რადგან საერთო საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ფონზე მისი არგუმენტები ფერმკრთალდება და თავის მართლების მცდელობას ემსგავსება. რაც შეეხება წმინდა იურიდიულ ასპექტს, კომენტატორების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლების არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი და მეტწილად ყურით მოთრეულია.

ბოდიში არასაპარლამენტო ლექსიკისთვის, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, არიან ამქვეყნად ადამიანები, რომლებიც საკუთარი წინდაუხედაობის გამო ნეხვით სავსე ორმოში ვარდებიან (იყო ემირ კუსტურიცას ერთ-ერთ ფილმში ასეთი დაუვიწყარი სცენა) და იქიდან ამტკიცებენ, რომ დიდების მწვერვალზე დგანან, თანაც ორმოდან ამოსვლა ისე უნდათ, რომ «სახე შეინარჩუნონ». ამასობაში კი დრო გადის, ორმოსთან სულ უფრო მეტი ხალხი გროვდება და სიცილი სულ უფრო ხმამაღალი ხდება. იმის ნაცვლად, რომ ორმოდან სასწრაფოდ ამოძვრეს, სადმე განმარტოვდეს და თავი მოიწესრიგოს, ფიგურანტი გარშემომყოფებთან პოლემიკაში ებმება და რაღაცას უმტკიცებს, მაგალითად, იმას, რომ სინამდვილეში არ დამარცხებულა, სახელისუფლო ჟარგონი რომ ვიხმაროთ, «არ ჩამოიშალა და არ გაფარჩაკდა». თუმცა, რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ორმოში, მისი მდგომარეობა მით უფრო სავალალო გახდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული გაუგებრობა, სააკაშვილის ხელისუფლება, სავარაუდოდ, სულ უფრო დაემსგავსება დადან კარამბოლოს კუსტურიცას ცნობილი ფილმიდან, რომელიც ზემოთაღწერილ ორმოში ჩავარდა. ილია II-მ სააკაშვილს შექმნილი მდგომარეობიდან პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებელი გამოსავალი შესთავაზა, რომელიც შედარებით უმტკივნეულო და ნაკლებად სამარცხვინო იქნება. საინტერესოა, შეისმენს რეჟიმი მის მოწოდებას თუ ისევ ფართხალს განაგრძობს? (თუ სად, ალბათ, დაწვრილებით აღვწერეთ).

ეს ეპიზოდი ივანიშვილისთვის აშკარად მომგებიანია, თუმცა მისი პოზიციები დღეს ისედაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მართალია, პოლიტიკურ ავანსცენაზე მისი გამოჩენის შემდეგ, სრულყოფილი გამოკითხვა არ ჩატარებულა, თუმცა იმ გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, მართლაც რომ «ყოველ ფეხის ნაბიჯზე» ტარდება, ივანიშვილს მხარს გამოკითხულთა დაახლოებით 65-75% უჭერს, სააკაშვილს კი 15-25%, «მიუმხრობლები» სადღაც 5-15%-ს შეადგენენ, მათ რიცხვს, ალბათ, უნდა მივაკუთვნოთ სხვა პოლიტიკური ძალების «ტრადიციული მომხრეები» და ის ამომრჩევლები, რომლებიც «ყველას წინააღმდეგ» გამოდიან.

 

ძია სემის ბუღალტერია

ცხადია, მსგავსი ინტერნეტ-გამოკითხვები გლობალური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ გვაძლევს, თუმცა მათი შედეგები რეალობასთან, სავარაუდოდ, საკმაოდ ახლოს დგას. ალბათ, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საუბრებში სხვადასხვა ადამიანებთან რწმუნდება იმაში, რომ ეს ციფრები საზოგადოების განწყობას ასე თუ ისე ადეკვატურად ასახავს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო თვის განმავლობაში მმართველმა ჯგუფმა, სავარაუდოდ, მხარდამჭერების ერთგვარი «ინტერნეტ-მობილიზაცია» მოახდინა; ისინი სოციალურ ქსელებში ჯერაც არნახული მოწადინებით აქტიურობენ (არსებობს კონსპიროლოგიური, თუმცა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ აქტიურობის კოორდინირება აღმასრულებელი ხელისუფლების რიგი სტრუქტურების მეშვეობით ხდება).

მალე, ბუნებრივია, «რეიტინგების ომი» დაიწყება, რომლის დროსაც ორივე მხარე ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ყველაზე საინტერესო კი ოდნავ მოგვიანებით მოხდება, როდესაც ქართული საზოგადოების წინაშე ამერიკელი მკვლევარები წარსდგებიან. აქ კერძო ფირმები კი არ იგულისხმება, არამედ ის ორგანიზაციები, რომლებიც (მათი თქმით) დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაში გვეხმარებიან და მიუკერძოებლობის მკაფიოდ გამოკვეთილი პრეტენზია აქვთ. ზოგი, შესაძლოა, მათ მონაცემებს ობიექტურობის უმაღლეს გამოვლინებად თვლის, თუმცა საზოგადოების საკმაოდ მოცულობითი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ციფრების მთავარ დანიშნულებას საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართული ზემოქმედების მოხდენა წარმოადგენს. ცხადია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ გამოკითხვის უხეშ გაყალბებაზე, თუმცა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოციოლოგიის თანამედროვე  ინსტრუმენტარი სასურველი შედეგის მიღების საკმაოდ მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა. ამასთანავე, ზოგიერთი კომენტატორი განიხილავს ამ მონაცემებს, როგორც ერთგვარ ინდიკატორს, რომელიც ირიბად მიანიშნებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ვაშინგტონს სააკაშვილის რეჟიმის მიმართ.

გამორიცხული არაა, რომ ამ გამოკითხვებში საყაიმოსთან მიახლოებული შედეგი დაფიქსირდეს და ამას შეიძლება შემდეგი მიზეზები განაპირობებდეს: ერთის მხრივ, სააკაშვილისთვის აბსოლუტური უპირატესობის მინიჭება რეალობას და საზოგადოების განწყობას მეტისმეტად აცდენილი იქნება, რამაც შეიძლება ძლიერი ანტიამერიკული განწყობა გააღვივოს. სავარაუდოდ, ვაშინგტონს ასევე არ სურს, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს და დიქტატურა «ჩააბეტონოს». მაგრამ, თუ ამ მონაცემებში ივანიშვილის აშკარა უპირატესობა დაფიქსირდება, რეჟიმის თავკაცებს შეიძლება კიდევ უფრო გაუმძაფრდეთ იმის შეგრძნება, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეულნი და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რაღაც სრულიად არანორმალური ჩაიდინონ. შესაძლოა, საყაიმო შედეგი, ერთი ან მეორე მხარის მცირე უპირატესობით, ამერიკელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნეს, რადგან ამ შემთხვევაში რეჟიმის თანდათანობითი დემონტაჟი მაინც დაიწყება, ოღონდ ამას განსაკუთრებული რყევები და დესტაბილიზაცია, სავარაუდოდ, არ მოჰყვება. თანაც ამ სიტუაციაში, ამერიკელ პარტნიობებს ლათინურ ამერიკაში კარგად ნაცადი ორპარტიული მოდელის კონსტრუირების შესაძლებლობა მიეცემათ, რომლის ორივე პოლუსი, ასე თუ ისე, მათზე დამოკიდებული იქნება.

ცხადია, თქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელების ჭკუაზე უნდა გავიაროთ ან მათ მიერ გაჟღერებული ციფრები აღვიქვათ «ჭეშმარიტებად უკანასკნელ ინსტანციაში». ამასთანავე, აღწერილი აზარტული თამაშები პოლიტიკურ სივრცეში შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ სააკაშვილი (და მისი გარემოცვა) ადეკვატურობას შეინარჩუნებს და ხელისუფლების ეტაპობრივ შეზღუდვას, საბოლოოდ კი მის დათმობას შეეგუება.

 

ნიგერია და იბერია

არცთუ დიდი ხნის წინ სააკაშვილმა «EurActiv»-თან საუბარში განაცხადა, რომ პრემიერის პოსტი ნაკლებად აინტერესებს, შემდეგ ლონდონში უცნაურად იხუმრა «ბოლო სიტყვასა და ბოლო გამოსვლაზე», რაც ზოგმა იმის ირიბ დადასტურებად ჩათვალა, რომ სააკაშვილი შეგუებულია, რომ ხელისუფლებას უნდა დაემშვიდობოს, რაც, ქართული საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების სურვილებსა და მოლოდინებს, ალბათ, სავსებით შეესაბამება. თუმცა ყოვლისმომცველი დასკვნების გაკეთება ამ ორაზროვან, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე დაყრდნობით მაინცდამაინც სასურველი არ არის. ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ, როდესაც სააკაშვილი თავს იკანტუნებს, მოულოდნელად შეიძლება დიდი უბედურება მოხდეს.

იყო ნიგერიაში ასეთი კაცი _ მოშუდ აბიოლა, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა, როდესაც შეშის გაყიდვა დაიწყო იმისთვის, რათა ოჯახს ოდნავ მაინც დახმარებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა ის ცხოვრების გზას და ბოლოს საკუთარი შრომისმოყვარეობისა და ნებისყოფის წყალობით, ძალიან მდიდარი ადამიანი გახდა. აბიოლა ცნობილი ქველმოქმედი იყო, მან 121 ეკლესია და მეჩეთი, 63 სკოლა, 41 ბიბლიოთეკა ააშენა და ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში წყლით მომარაგების 21 პროექტი დააფინანსა. როდესაც აბიოლა პოლიტიკაში წავიდა, მას მხარი უამრავმა ნიგერიელმა დაუჭირა, რომელიც იმედოვნებდა, რომ ეს ღირსეული ადამიანი შეძლებდა ქვეყანაში სიღარიბე დაემარცხებინა და ნიგერიის ყოვლად ამაზრზენი ხელისუფლება ისტორიის სანაგვეზე მოესროლა; უცხოელი პარტნიორები მას ინტერესითა და კეთილგანწყობით უყურებდნენ. შემდეგ იყო 1993 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც აბიოლამ ყველა ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად მოიგო (ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს არჩევნების მოგება აღვირახსნილი ნიგერიული დიქტატურის პირობებში?). მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, რომ სულ მალე მათი ოცნება ახდებოდა, მწვერვალამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა.

შემდეგ კი ნიგერიის მმართველმა, გენერალმა იბრაჰიმ ბაბანგიდამ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც არჩევნების შედეგები გააუქმა. ქვეყანაში არეულობა დაიწყო, მის ფონზე ხელისუფლების სათავეში ბაბანგიდაზე უარესი მონსტრი, გენერალი სანი აბაჩა მოვიდა. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მოშუდ აბიოლა დააპატიმრეს. მისი მეუღლე, კუდირატ აბიოლა, რომელიც აქტიურად ჩაება დემოკრატიული ძალები ბრძოლაში ხელისუფლებამ 1995-ში მოკლა.

1998-ში, როდესაც სანი აბაჩა გარდაიცვალა, საერთაშორისო ზეწოლა ნიგერიის ხელისუფლებაზე გაძლიერდა, ის იძულებული გახდა, აბიოლას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე ის მოულოდნელად გარდაიცვალა. იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს ციხეში, რამდენიმე ძალიან საინტერესო ვერსია არსებობს, თუმცა მათი დეტალური განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანდა, ჩვენთვის მთავარი ამ ისტორიაში სულ სხვა რამ არის.

არჩევნების მოგება, რომელიც დიქტატურის პირობებში ძალთა არნახულ კონცენტრაციას მოითხოვს, ავტომატურად ხელისუფლებაში მოსვლას როდი ნიშნავს, რადგან რეჟიმმა არჩევნების შედეგები შეიძლება საზოგადოებას თავზე გადაახიოს, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტს თამაშის ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაუსწორდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ხალხის ნდობის მანდატი აქვს და უცხოელი პარტნიორებიც პატივისცემით ეკიდებიან.

ბოლო დროს საქართველოში უცნაური ეიფორია სუფევს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეა განწყობილი, თითქოსდა ხელისუფლება უკვე შეიცვალა და სააკაშვილი ჩემოდნებს ალაგებს. რამაზ საყვარელიძე, პრაქტიკულად, ერთადერთი ექსპერტი იყო, რომელმაც მკაფიოდ მიუთითა ძალადობის საფრთხეზე და თქვა, რომ ხელისუფლება ბოლომდე, თუნდაც მიუღებელი მეთოდების გამოყენებით, იბრძოლებს. მის განცხადებას საზოგადოებამ, შესაძლოა, იმაზე ნაკლები ყურადღება დაუთმო, ვიდრე ის იმსახურებდა. გამორიცხული არაა, რომ ის მეტისმეტად ალარმისტულად ჩათვალეს ან არ ჩაუღრმავდნენ იმის გამო, რომ ის საერთო ემოციურ ფონს ნაკლებად შეესაბამებოდა. არადა, საყვარელიძე ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სავსებით რეალურ საფრთხეზე საუბრობდა. თუ სიტუაციას ობიექტურად, ზედმეტი ემოციების გარეშე შევაფასებთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გამოხტომები «ნიგერიულ სტილში» პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად შეუძლია საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს; ამისთვის თითქმის ყველა აუცილებელი წინაპირობა არსებობს. უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ფორმით, მას რჩევებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახადოს ეს გამარჯვება გარდაუვალი, უფრო დამაჯერებელი და ა.შ. ამ ტენდენციას გვერდს, ალბათ, ვერ ავუვლით. წერილის ავტორს შეუძლია ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთი რამ ურჩიოს: თვალი გადაავლოს ნიგერიის «უგვირგვინო პრეზიდენტის» _ მოშუდ აბიოლას ბიოგრაფიას; არასოდეს, წარმატების მწვერვალზეც კი, არ დაავიწყდეს, თუ რა ტიპის ადამიანები იმყოფებიან დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, და ის, რომ მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი (Unthinkable), აბსოლუტურად მიუღებელი რამ მოიმოქმედონ. სულ ეს არის. «გამარჯვების ფორმულა» კი ივანიშვილმა, სავარაუდოდ, უჩემოდაც მშვენივრად იცის.

დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here