Home რუბრიკები პოლიტიკა ეკა ბესელია: ხელისუფლებაში არარაციონალური, უკონტროლო და არაადეკვატური ადამიანები არიან

ეკა ბესელია: ხელისუფლებაში არარაციონალური, უკონტროლო და არაადეკვატური ადამიანები არიან

729

გასული საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე ქალბატონს შევხვედრივარ, გვისაუბრია, მიმუშავია მათთან. უმაღლესი დონის მოღვაწეებზე მოგახსენებთ. ჩემს დღევანდელ რესპონდენტთან, ქალბატონ ეკა ბესელიასთან ორ საათს გაგრძელებული ინტერვიუს შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: საუკეთესო თვისებები, რომლებიც იმ თაობების ქალბატონებს ხაზგასმით გამოარჩევდა, ამ ერთ ადამიანშია გონივრული დოზით წარმოდგენილი.

მისი ცხოვრების წესი

ეკა ბესელია წლების მანძილზე წარმატებული ადვოკატი იყო.

_ პრაქტიკული საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. 1996 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, 11 წელიწადი უწყვეტ საადვოკატო პრაქტიკაში ვიყავი ჩართული, იმ სივრცეში ვტრიალებდი, რომელიც ჩემთვის ორგანული იყო.

ოთხი წლის თავზე ჟურნალისტებმა წლის ადვოკატად დაასახელეს. 2002 წელს სისხლის სამართლის საქმეთა დედოფლის ტიტული მიანიჭეს.

_ ბევრი საქმე წარმატებით დავამთავრე, _ იხსენებს.

2003-2004-2005 წლებში მიყოლებით წლის ადვოკატად იყო აღიარებული.მოგებული პროცესებიდან ერთს განსაკუთრებით გამოყოფს.

_ საქართველოში არც ერთ ადვოკატს არ მოუგია ასეთი საქმე. ჯერჯერობით მაინც. შეიძლება მომავალში გაიმეორონ. მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანი ხუთი წლის ბრძოლის შემდეგ ციხიდან დავიხსენი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით. ამას მივუძღვენი ჩემი ენერგიისა და შესაძლებლობების 80 პროცენტი. ვიცოდი, რომ უდანაშაულო ადამიანს ვიცავდი.

2005 წლამდე საქმეების 80 პროცენტზე მეტი მოგებული აქვს.დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ საქმეზე არავითარი მანიპულაცია, გარედან ჩარევა, მორალური კომპრომისი არ დაუშვია. ვერავინ უსაყვედურებს: _ ეს რამ გაგაკეთებინაო?!

რინგზე საბრძოველად გასული მოკრივის წარდგენას ჰგავს აქ მოხმობილი სტატისტიკა: ამდენი გამარჯვება, ამდენი ნოკაუტი და წაგებაც.

ჰგავს უკომპრომისო დაპირისპირებითაც, მაგრამ განსხვავებულია იმით, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატი ეკა ბესელია ადამიანის ბედის სამართლიანი გადაწყვეტისთვის იბრძოდა.

და, როგორც ვთქვით, 80-ზე მეტი ბრძოლა მოიგო.

ასე განვლო პროფესიული მოღვაწეობის ეს მონაკვეთი.

_ 2006 წლის ბოლოდან ამერიკაში სასამართლო პრაქტიკას ვეუფლებოდი, საინტერესო გამოცდილება შევიძინე. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში გამოვდიოდი სასამართლო პროცესებზე, როგორც წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან, გაეროს სპეციალური კომისიის მიერ მონიჭებული მქონდა სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტის სტატუსი, ვკითხულობდი სპეციალურ ტრენინგებს მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის და ადვოკატებისთვის. ვიყავი ადვოკატთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და ეთიკის კოდექსის თანაავტორი, რომელიც დღესაც მოქმედებს.

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, იცავს სადოქტორო დისერტაციას და კითხულობს ლექციებს. შთამბეჭდავია.

_ გულწრფელად გეტყვით, ახლაც იქ დავრჩი, იმ სივრცეში. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ადვოკატობა მხოლოდ პროფესია კი არ არის, ჩემი ცხოვრების წესია.

_ გამაგებინეთ, ქალბატონო ეკა, «კორუმპირებული უნივერსიტეტი» დაამთავრეთ, როცა უზენაეს სასამართლოში უნიკალური პროცესი მოიგეთ, სასამართლო კორუმპირებული იყო. როგორ შევათავსოთ ასეთი უკიდურესობანი?

_ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი მოსამართლეები, როგორიც მერაბ ტურავა, თამრიკო ლალიაშვილი, ნინო გვენეტაძე და ასე შემდეგ არიან, რომლებიც «ვარდოსნებმა» აიძულეს, დაეტოვებინათ უზენაესი სასამართლო.

ჩვენ, ადვოკატები, უზენაეს სასამართლოში ვიგებდით პროცესებს სწორედ იმიტომ, რომ ამ მოსამართლეების წყალობით თავისუფლების ხარისხი იმ პერიოდისთვის შესაძლებლად მაქსიმალური იყო. თუმცა მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ მართლმსაჯულებასაც და სამართალდამცავ სტრუქტურებსაც.

რასაკვირველია, სასამართლო გარკვეული დოზით კორუმპირებული იყო. დამოუკიდებლობის სრული ხარისხი არ ქონდა და ამიტომაც ვაკრიტიკებდი, მაგრამ შემეძლო პროცესები მომეგო თუნდაც ბოლო ინსტანციაში. ძლიერი პოზიცია მქონდა და უკან არ ვიხევდი არასდროს. პოლიტიკური პროცესებიც მქონდა იმ პერიოდის სასამართლოში.

_ მაგალითად?

_ მაგალითად დავასახელებ დღევანდელი ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იყვნენ და რომლებსაც ვიცავდი. ყოველთვის ოპოზიციის, დაჩაგრულების მხარეს ვიყავი.

ჰკითხეთ, ამათ პროცესებს როგორ ვიგებდი? აწყობდნენ საქმეებს შევარდნაძის სასამართლოში?

2001 წელს იუსტიციის მაშინდელი მინისტრის _ სააკაშვილის მოადგილის, ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე მოვიგე. ჩააწყვეს?!

გივი თარგამაძეს ვიცავდი, ხულიგნობის მუხლით რომ გაასამართლეს. ჩააწყო მაშინ შევარდნაძესთან?!

პეტრე ცისკარიშვილის საქმე, ვანო მერაბიშვილის საქმე, კეზერაშვილის და სხვათა საქმე? ესენი, ყველანი ჩემს ოფისში მოდიოდნენ როდესაც პროფესიონალი და პრინციპული ადვოკატის დახმარება ჭირდებოდათ და თუ ამ საქმეებს აგვარებდნენ უკანონო გზით, აღიარონ.

მე რომ დავასახელე, იმ მოსამართლეების წყალობით იყო თავისუფლების ის ხარისხი, რომლითაც შეგვეძლო პოლიტიკურ საქმეებზეც კი გაგვეჩერებინა ხელისუფლება. ის მოსამართლეები იმიტომ გაუშვეს, რომ მხოლოდ ასე შეძლებდნენ «რეფორმატორები» უზენაესი სასამართლოს დაპყრობას. შემდგომ ამ მოსამართლეებს ვიცავდი იუსტიციის საბჭოში, ნიკა გვარამია და ნინო კალანდაძე კი ბრალმდებლები იყვნენ.

«ვარდოსნებთან» პირველი სერიოზული შეტაკება, პოლიტიკური კონფლიქტი სწორედ მოსამართლეთა საქმესთან დაკავშირებით მომიხდა.

ჩემი ყოფილი კლიენტები ქვეყნის სათავეში რომ მოვიდნენ, ხელისუფლების რომელიმე შტოში მუშაობის დაწყება შემომთავაზეს, უარი ვუთხარი, რადგან ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ჩარჩოებში მომწყვდევა.

როგორც კი დაიწყო უკანონო დაპატიმრებები ოქრუაშვილმა, რომელიც გენერალურ პროკურორად დანიშნეს, პირველად ვინ დაეჯახა «ვარდოსნებს», რომლებიც ჩემი ახლობლები იყვნენ? მე: 2004 წლის თებერვლიდან საჯაროდ ვამხელდი ამათ უკანონობას.

ხალხი მაშინ აღტაცებული შეჰყურებდა ახალგაზრდა, რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელსაც უნდა დაეწმინდა ჩვენი მღვრიე ცხოვრება.

_ მაგრამ უკანონო მეთოდებით?

_ სწორედ ეს ვუთხარი, როცა პირველად, დააპატიმრეს ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა. იცით, რა მიპასუხეს? ჩვენ მორალურად მართლები ვართ და, კანონს თუ ვარღვევთ, არაუშავსო.

მაგრამ კანონს თუ არღვევ, აღარ ხარ მორალურად მართალი.

ვერ მეკამათებოდნენ. მთხოვდნენ, საჯარო განცხადებებით ნუ გამოდიხარო, მაგრამ არასოდეს დამიმალავს კრიტიკული აზრი და არ გავჩუმებულვარ.

როცა მირცხულავა დააპატიმრეს, სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა კომენტარი, რომ ბრალდებულს საუკეთესო ადვოკატი ეკა ბესელია იცავსო (მაშინ მისთვის საუკეთესო ვიყავი, მიუღებელი გავხდი მას შემდეგ, როგორც კი 2004 წლიდან მისი კრიტიკა დავიწყე) და გაირკვევა ყველაფერიო. გაირკვა მათ საწინააღმდეგოდ. ეს იყო 2004 წლის დასაწყისი.

ჩვენი გზები გაიყო, ჩვენი ურთიერთობები დამთავრდა. უსამართლობა დავინახე თუ არა მე მათთან ვერ ვიურთიერთობებდი.

 

როგორ მოვიდა პოლიტიკაში

_ ჩვენი საზოგადოება მაშინ ხიბლში იყო, არ იღებდა «ვარდოსნების» კრიტიკას.ასე რომ, რაღაც პერიოდი მარტო აღმოვჩნდი.

ვებრძოდი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე _ უკანონობის წინააღმდეგ გამოვდიოდი. როცა დაპატიმრებულ ჩინოვნიკებს ფულის გადახდა დააწყებინეს, პირდაპირ განვაცხადე, რომ ეს იყო ქრთამი, კორუფცია: ვის უხდიან? რატომ? მაშინ საპროცესო შეთანხმება არ არსებობდა.

უმრავლესობა ხშირად ყველაფერს «ივიწყებს», ბოლოდან იწყებენ შეფასებას, აბა, თავიდან გამოჰყვნენ _ ვინ, როდის, რას ამბობდა, როგორ იქცეოდა და მერე ყველაფერს მიხვდებიან.

ყველაფერ ამის გამო, უწინარეს ყოვლისა კი, მოსამართლეების საქმის შემდეგ, იმ შეურაცხყოფის გამო, რასაც ეს ხელისუფლება სასამართლოს აყენებდა და სამართალს ფეხქვეშ თელავდა, კატეგორიულად განვაცხადე, რომ ამ სასამართლო დარბაზში აღარ შემოვიდოდი, ვიდრე მართლმსაჯულება არ დამკვიდრდებოდა. ასე წამოვედი 2007 წელს.

_ ეს იყო მიზეზთა ის წყება, რის გამოც წარმატებული ადვოკატი წავიდა პოლიტიკაში? აღარ შეგეძლოთ ეფექტიანი ბრძოლა სამართლის სივრცეში და ახალ, პოლიტიკურ სივრცეში აღმოჩნდით?

_ იმ დროისთვის ყველაფერი მქონდა. სხვებისგან განსხვავებით, არ ვიყავი ხელმოცარული ადამიანი. არანაირი პრობლემა არ მაწუხებდა, მათ შორის, არც მატერიალური. მაგრამ არ მქონდა მთავარი _ სამართლიანობის განცდა! ვხედავდი, რომ ადამიანი სასამართლოში სამართალს ვერ პოულობდა. ჩემი სამართლებრივი არგუმენტები ვერ ერეოდა იმ პოლიტიკურ წნეხს, რომელიც დამკვიდრდა სასამართლო სისტემაში.ვერ იქნები თვითკმაყოფილი, როცა მასშტაბში, მოცემულობაში ვერ ეტევი, ამიტომ ცდილობ სხვა სივრცეში გასვლას.

ზუსტად ის პერიოდია _ 2007 წელი, როცა ოქრუაშვილი იწყებს პოლიტიკური გუნდის ფორმირებას. მეუბნება, რომ აყალიბებს ოპოზიციურ პარტიას, იწყებს მზადებას არჩევნებისთვის სააკაშვილის ხელისუფლების შესაცვლელად და მთხოვს დახმარებას.

პირველად უარი ვუთხარი, რადგან უკანონო დაპატიმრებების გამო, რასაც მან ხელი მიჰყო გენერალური პროკურორობის დროს, 2004 წლიდან 2007 წლამდე მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი მქონდა.

არ მქონდა ოქრუაშვილისადმი ნდობის საკმარისი რესურსი _ ვნახე, როგორიც იყო ხელისუფლებაში. მაგრამ ამავე დროს იგი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი, შემოდიოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

_ და ამან შეგაბრუნათ მისკენ?

_ ასე მარტივად არ იყო საქმე. შემოთავაზებიდან ორი თვის თავზე დაიწყო მისი თანამოაზრეების, ნათესავების, მეგობრების დაპატიმრება.მან სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება და 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იქმნებოდა ახალი პოლიტიკური ძალა. ამის შესახებ გავიგე მას შემდეგ, რაც მისი თხოვნით მის ოფისში მივედი, სადაც ეს პრეზენტაცია იმართებოდა. მაშინ არაფერი მქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ აღმოვჩნდი იქ, და არა როგორც მისი პარტიის წევრი. მაშინ პირველად მოვისმინე ის, რაც დანარჩენმა საქართველომ მოისმინა.

_ პარალელურ რეჟიმში.

_ დიახ, პარალელურ რეჟიმში.

(მეორე დღეს ოქრუაშვილს დააპატიმრებენ, გარშემო მყოფი ხალხი ისე შემოეძარცვება, როგორც ხეს _ ფოთლები გვიან შემოდგომაზე და ეკა ბესელია, ფაქტობრივად, მარტო დარჩება.

დარჩება, როგორც დაპატიმრებული ოქრუაშვილის ადვოკატი. ვერ მიატოვებდა, რადგან ეს მისი პრინციპების ღალატი იქნებოდა. გაქცევა.

ოქრუაშვილის პროცესი მისი ბოლო პროცესი იყო, რომელშიც იგი როგორც პროფესიონალი ადვოკატი მონაწილეობდა. თუმცა კიდევ იქნება ერთი პროცესი, ორ წელიწადს გაჭიანურებული ტანჯვა, ბრძოლა, ნერვების გლეჯა, როცა, როგორც მან თქვა, «ჩემი შვილი და ძმა ამ არანორმალურს მძევლებად ჰყავდა აყვანილი»).

_ ამ ახალ სივრცეში მოსვლამ გაამართლა თქვენი იმედები? ის, რასაც ელოდით, დაგხვდათ აქ?

_ არა.

თუმცა პარტიას _ «მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის», რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი (ოქრუაშვილი საპატიო თავმჯდომარედ ავირჩიეთ, რადგან პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფებოდა), იმ დროს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

2010 წლის თებერვალში წამოვედი ამ პარტიიდან.

 

ივანიშვილის პირადი ადვოკატი

_ 2010 წელს თქვენ შექმენით პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოება, დღეს კი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგახართ, როგორც პირადი ადვოკატი. ვინმემ გიშუამდგომლათ, იცნობდით?

_ არ ვიცნობდი. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობდით, საარჩევნოდ ჩვენი საქმიანობა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად წარგვემართა და სწორედ ამ დროს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს განცხადებას, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.

9 ოქტომბერს, ანუ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, მივიღე შეტყობინება, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურდა და ათ ოქტომბერს შევხვდი.

პირველივე შეხვედრიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გამოვედი: გულწრფელი, ძალიან უშუალო და კომუნიკაბელური, ჭკვიანი, პატრიოტი, კეთილმოსურნე და მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ძალიან დამაჯერებლად და უაღრესად კომპეტენტურად მესაუბრა თავისი გეგმების შესახებ და შემომთავაზა ამ ახალ პროცესში ჩართვა.

_ როგორც იურისტს?

_ არა მხოლოდ. როგორც თანამებრძოლს ამ დიდ, საქვეყნო საქმეში. პირადი ადვოკატის სტატუსი ავირჩიეთ ჩვენი თანამშრომლობის ფორმად.

მე ვუთხარი, რომ ჩემი მთავარი იდეა სამართლიანობისთვის ბრძოლაა. თუ ამ იდეაში ვიგულისხმებთ, რომ არა მარტო სააკაშვილი იცვლება, არამედ სისტემა, სამართლიანობის პრინციპი კი აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს, და თუ აქ სრული თანხვედრა იქნება, მე არ მაქვს არანაირი წინაპირობა. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ სურს, ამ პროცესში მასთან ერთად ვიყო.

მეორე დღეს რომ მივედი, სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მე, როგორც იურისტი, პროფესიულად ჩავერთე ამ საქმეში.

_ ორიოდ დღის წინათ შალვა რამიშვილის პროგრამაში «აკრედიტაციის გარეშე» თქვენ გამოჩნდით ადვოკატ კბილაშვილთან ერთად.

_ არჩილ კბილაშვილი მოვიწვიეთ როსტომ მეფის სასახლეში შეჭრილი პირებისგან შენობის გათავისუფლების საკითხზე სამუშაოდ, კონტრაქტით. ის არ არის მოძრაობის წევრი.

შენობაში შეჭრილია ხალხი, ვინ არიან, რა სტატუსით, რა უნდათ, კაცმა არ იცის. ეს ის შენობაა, სადაც ახალი მოძრაობა უნდა განთავსებულიყო. მე მივედი იმიტომ, რომ გამემხნევებინა ჩვენი ხალხი, ვინც შენობის აღდგენითაა დაკავებული, დამებრუნებინა, რათა განეგრძოთ დამთავრების პირზე მისული საქმე.

ამ ტიპის თავდასხმებს, რასაც ხელისუფლება ლოკალურ ადგილებში აკეთებს, ჩვენგან პასუხის გაცემა სჭირდება. ამიტომ ჰქონდა ამ კონკრეტულ ფაქტს პრინციპული მნიშვნელობა.

_ ბევრია ასეთი გამოხდომა?

_ მოკლე დროისთვის, სულ რაღაც ერთი თვე გავიდა, ცოტა არ არის. როსტომ მეფის სასახლე ერთი ეპიზოდია. «ბანკი ქართუს» საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა, ფულის გატაცება, ხალხის დაკავება (დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი), ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ახლობლებზე და მეგობრებზე თავდასხმა, ბერას მეგობრის დაპატიმრება, სულ ახლახან დააპატიმრეს ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი…

ასეთია მათი ხელწერა, ის ჩვეულება, რომელსაც ხელისუფლება ვერ ღალატობს. ამიტომაა აუცილებელი ჩვენგან საპასუხო, რაციონალური და გონივრული ღონისძიებების განხორციელება. ველოდები, რომ მომდევნო ეტაპებზე ასეთი თავდასხმები გახშირდება.

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც არც კანონში, არც ზნეობაში, არც პოლიტიკური ბრძოლის წესებში არ ეწერება, თუნდაც _ საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოართვა მას და მის მეუღლეს.

დღეს უნიკალურ ეტაპზე ვართ, მოწმე ვხდებით ხელისუფლების ნგრევის პროცესის. შეიძლება გარედან კარგად არ ჩანს, მაგრამ ამას გრძნობს ყველა, ვისაც პირადი შეხება აქვს ამ რეპრესიულ მანქანასთან. ვხედავთ, როგორ ინგრევა ამ გუნდის მიერ შექმნილი, ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო სისტემა, საშინელი მონსტრი.

_ რა ეტაპზეა ბატონ ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენის საქმე?

_ სტრასბურგში ვერ წავალთ, თუ არ გავიარეთ ქართული სასამართლოს ეტაპები.დღეს ვართ საქალაქო სასამართლოს ეტაპზე. სარჩელი შეტანილია, ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა დაინიშნოს და რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის ბათილობის საკითხი. სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ აღიაროს და დაადასტუროს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონობა.

პარალელურად, ალბათ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის ოფიციალურ პროცედურას.

ეს საქმე გაჭიანურდა იმის გამო, რომ გასავლელია აუცილებელი ფორმალობები, რაც საჭიროა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ინსტანციებში გადაწყვეტილების მისაღებად. ყველა დოკუმენტაციის წარდგენა ამ დღეებში დასრულდება.

_ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი, ვის კომპეტენციაშიც შედის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა, გადადგამს ამ ნაბიჯს?

_ სააკაშვილისგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღების იმედი, დიდი ხანია, დაკარგული მაქვს, მაგრამ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების ამ პროცესთან დაკავშირებულ უდიდესი თვითორგანიზებისა და აქტიურობის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისადმი ნელ-ნელა, მაგრამ მოკლე დროში ძალიან დიდი ინტერესის გამოჩენის ფაქტორებს. ამ ორი ფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში, მივაღწევთ უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენას.

_ ესე იგი, არა მინიჭება, არამედ _ დაბრუნება?

_ დიახ. სააკაშვილი არიგებს ორმაგ მოქალაქეობას, ხან ვიღაც შემოხეტებულ მსახიობს მიანიჭებს, ხან სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს _ პირდაპირ ეთერში.

_ ძალაუფლებით ტკბება.

_ ამ დროს კი საქართველოში ყველაზე დიდ ქველმოქმედს, რომელმაც მორალური ქმედებითა და ცხოვრების წესით დაიმსახურა საქართველოს მოქალაქეობა, სულ რომ არ იყოს აქ დაბადებული, გაზრდილი, ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა! ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრიობას აქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება.

_ როგორ ფიქრობთ, შეიცვლის აზრს ჩვენი საზოგადოებრიობა, დახარბდება იმ საკენკს, რომელსაც ახლა «გულუხვად» უყრის ჩვენი ხელისუფლება «სოციალური პრობლემების» მოჩვენებითი მოგვარების ლოზუნგით, დაეკარგება სამართლიანობის განცდა? ხომ არ დაგვძლევს მეშჩანური მორალი, რომლის მიხედვით, დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობია?

_ ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერთის მხრივ, ბრძენია, გონიერი.მაგრამ აწმყოში ძალიან ხშირად ძნელია სწორი გადაწყვეტილების მიღება. წარსულში დარჩენილ მოვლენას უკეთ ვაცნობიერებთ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხელისუფლების უკვე შოუდ ქცეული პოლიტიკა _ წამატება პენსიებზე, ვაუჩერების, პოლისების დარიგება, საზოგადოების დიდ ნაწილზე აღარ მუშაობს. ეს ფაქტია. გლეხს, მაგალითად, რომელმაც ამ ხელისუფლების ხელში თავის თავზე იწვნია შიმშილი, გაჭირვება, უპატივცემულობა, უყურადღებობა, შეურაცხყოფა და ა.შ., ტელეეკრანიდან აპლომბით მოყოლილი ზღაპრებით ვერ დააჯერებ. მაგრამ არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც იჯერებს, ამიტომ მუშაობს ეს პროპაგანდისტული მანქანა.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით ადამიანებს იმხელა მოლოდინი გაუჩნდათ, ისე გაცოცხლდა აქამდე განაცრისფერებული საზოგადოება _ უღიმღამო, უიმედო, ბრძოლის უნარდაკარგული, რომ სასწაულს ჰგავს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რატომ აქვს იმედი, შეიძლება ვერც ახსნას. მაგრამ გაჩნდა იმედი, რომელიც ამ ადამიანთან ასოცირდება.

იმედი გაჩნდა იმ ნაწილშიც, რომელიც აქამდე ინდიფერენტული იყო.

_ ივანიშვილის პრესკონფერენციამ დაგვანახა, რომ ხელისუფლების ბუნება შურისმაძიებლურია, დაბოღმილთა გუნდია. რა თქმა უნდა, გახსოვთ, როგორ გამოჰგლიჯა ხელისუფლებას ჩვენმა საზოგადოებამ მოსწავლეთა სასახლე. უკან დაიხიეს მაშინ. ამ დღეებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასახლის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ალბათ, ძნელია, მოელაპარაკო ასეთ ხელისუფლებას, წახვიდე კომპრომისზე.

_ მოსწავლეთა სასახლის შესახებ საქმის კურსში ვარ. როგორც შევძლებ, დავეხმარები იქაურ შესანიშნავ პედაგოგებს, ბავშვებს. ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდება საზოგადოების წუხილის, შეშფოთების, მხარდაჭერის თემა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლა ამათთან დიალოგის შესაძლებლობაზე გიპასუხებთ. მე ვიცნობ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ქცევას და ბუნებას _ ისინი სრულიად არარაციონალური, უკონტროლო და არაადეკვატურები არიან. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებაში კაცი, ვისაც შეიძლება ნორმალურად დაელაპარაკო, რამე გააგებინო და რაციონალური გადაწყვეტილება მიაღებინო.საშუალო ამ პროცესში არ იქნება. ამათ კომპრომისის უნარი არ აქვთ. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით სააკაშვილი გაიქცა მოედნიდან, ბრძოლის ასპარეზიდან, გრძნობს, რომ წააგებს და, მისი აზრით, ამ ფანდით ჩამოიცილა მოწინააღმდეგე. რომ არ ეშინოდეს, არ ჩამოართმევდა. ამ პოლიტიკური აქტით და გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა სააკაშვილის მხდალი ბუნება.

ჩვენ ახლა მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ არჩევნები, ხმები დავიცვათ, დავიცვათ ის ხალხი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების დროს ძალიან მოტივირებული იქნება, ვინც ამ პროცესის თანამონაწილე უნდა გახდეს.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნება» მოკლე დროში დაფუძნდება. ჩამოსაყალიბებელია პოლიტიკური პარტია, რომელიც მზად იქნება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად; საარჩევნო პროცესისთვის უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა ასაწყობი, დრო კი ცოტაა. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ყველაფერი რომ მოვასწროთ.

დღეს, ბოლო წლებში პირველად, შექმნილია უნიკალური ვითარება სისტემის ცივილიზებული ფორმით შესაცვლელად, როცა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მზაობა და საერთაშორისო მხარდაჭერა ერთმანეთთან რეზონირებს, თანხვედრილია.

_ ბატონი ბიძინა გაზეთებს კითხულობს?

_ დიახ, კითხულობს. მასთან ყოველდღიურად შეაქვთ პრესის, ტელეგადაცემების მიმოხილვითი ანალიზი. საინტერესო პუბლიკაციებს თავიდან ბოლომდე კითხულობს. დილის შეკრებებზე რამდენიმეჯერ გაგვაწითლა იმის გამო, რომ წაკითხული არ გვქონდა სტატიები, რომლებიც მას დეტალურად ჰქონდა დამუშავებული. ის უნიკალური ადამიანია, მასშტაბური მოაზროვნე, მოვლენებს არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანობაში ხედავს. უყვარს სამშობლო და სიკეთის კეთება სურს მხოლოდ.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here