Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტების მენიუ და უპიჯაკოდ დარჩენილი სააკაშვილი

პრეზიდენტების მენიუ და უპიჯაკოდ დარჩენილი სააკაშვილი

688

გასულ კვირას საქართველოში ვიზიტორთა ცვენა იყო. ხუმრობა ხომ არ არის თვით  ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გვსტუმრობდა თავისი ამალითურთ. მართალია, ახალი და მნიშვნელოვანი არც არაფერი თქმულა და არც არაფერი მომხდარა, მაგრამ «ნაციონალური» საზომით ეს ვიზიტი უკიდურესად «ისტორიული» იყო. არადა, როგორც ნატოს გენმდივანმა განაცხადა, ვიზიტი «ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელი პერიოდის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ეს მოსამზადებელი პერიოდი ჯერ არ დაგვისრულებია. იქამდე 6 თვეა და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჯერჯერობით პროგრამაზე მუშაობა არ დაგვისრულებია, არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,  მაგრამ ნატოს მოკავშირეები, რასაკვირველია, საქართველოს საკითხს განიხილავენ. აქ, უბრალოდ, იმაზეა ლაპარაკი, რა და როგორი ფორმით მოხდება. ჩვენ დიალოგს სამიტამდე გავაგრძელებთ».
იბადება კითხვა: რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით? _ ჩვენი მხრიდან იმაზე თვალის დახუჭვა უვიცობა იქნებოდა, რომ ობამას ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან წარმატებულ გადატვირთვაზე დიდ იმედებს ამყარებს, საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციის გზას არ დაადგება. და ყველაზე კარგი, რასაც ჩიკაგოს სამიტზე მივიღებთ იქნება მორიგი მაპში გრძელი ან მაპზე უკეთესი. ეს ნათლად გამოჩნდა ჰონოლულუში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის პარალელურად გამართულ ობამა-მედვედევის შეხვედრიდანაც, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა თანამშრომლობისა და გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. ეს კიდევ, ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეალ-პოლიტიკა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვაწყობს და არც ერთი სახელმწიფო ჩვენ გამო საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს მსხვერპლად არ შესწირავს, თუნდაც ამისთვის რუსეთის შიშით თავზარდაცემულმა სააკაშვილმა მეწამული ჰალსტუხების მთელი კოლექცია შესანსლოს და კუბოკრული პერანგიც ზედ დესერტად დააყოლოს.

სააკაშვილისათვის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი დღითიდღე ვიწროვდება, მისთვის დღეს მომაკვდინებლად სახიფათოა არა იმდენად საგარეო საფრთხეები, რამდენადაც შიდაპოლიტიკური ვითარება და ამაზე ფრიად საყურადღებო  აქცენტი გააკეთა რასმუსენმა: «მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ინდიკატორი. საქართველო უკვე არის ძლიერი პარტნიორი და მე მოველი იმ დღეს, როცა თქვენ იქნებით ძლიერი წევრი ჩვენი ალიანსისა, როგორც ამაზე ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით 2008 წელს».

დიახ, არჩევნების სამართლიანად ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მანამდე ხომ ჩიკაგოს სამიტია, სადაც უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის განხილვა და დიდი ალბათობით სააკაშვილს გულს არ დასწყვეტენ და ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ტექსტს «შპარგალკად» გამოიყენებენ, ანუ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩიკაგოში არ იქნება მიღებული. ხოლო ამ სამიტისადმი ნაცპროპაგანდისტების მიერ ქართულ საზოგადოებაში ზედმეტი მოლოდინების გაჩენა მხოლოდ მოკლევადიან პიარს ემსახურება და სხვა არაფერს.

«მაპი» თუ პიჯაკი

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დუღილის ნიშნულამდე ასწია, მაღალ მიხეილს, როგორც ჩანს, ამაზე უფრო მეტად  კარსმომდგარი ზამთრის სუსხი აშინებს და რასმუსენს არა თუ ნატოში გაწევრიანებას, არამედ უკანასკნელი საჩუქრის სახით სამახსოვროდ პიჯაკსაც კი სთხოვს: «თქვენმა წინამორბედმა, როდესაც ჩამოვიდა აქ 2007 წლამდე, მე მაჩუქა ნატოს ჰალსტუხი და იმედი მქონდა, რომ თქვენ ნატოს პიჯაკს მომცემდით და იმედი მქონდა, არ გავიყინებოდი ნატოს პიჯაკის გარეშე. მე მეგონა, მივიღებდი ამ პიჯაკს, რომელიც ამ ჰალსტუხს ძალიან მოუხდებოდა».

მაგრამ ყველაზე სავალალო ის არის, რომ სააკაშვილს სხვა უკეთურ თვისებებთან ერთად, ამ ბოლო დროს სკლეროზიც დასჩემდა, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ასე მალე დავიწყებოდა ის ჰალსტუხი, რომელიც სხეფერმა (რასმუსენის წინამორბედმა) აჩუქა, რუსული ტანკების გრუხუნისგან დამფრთხალსა და შეშინებულს მსოფლიოს დასანახად 2008 წლის აგვისტოს  ერთ ტრაგიკულ დღეს ტელეკამერების წინ რომ შემოეჭამა?!

«რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები…»

მართალია, მაღალი მიხეილი ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება მისი უმთავრესი პრიორიტეტია და, რომ ეს არც ისე შორეულ მომავალში მოხდება, თუმცა ნატოს «ღია კარში» საქართველოს «შეძრომის» უპერსპექტივობას ისიც კი ვერ გაურბის: «მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც შევლენ ნატოში, და მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მე ერთდროულად რეალისტურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ გადავეშვე ზედმეტ ოპტიმიზმში, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს. რაღა თქმა უნდა, რომ ბევრი რამ დაკავშირებულია მსოფლიო პროცესებთან… მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარები. მაგრამ, მე, როგორც ყოველთვის, ვცდილობ, კონცენტრირება პოზიტივზე მოვახდინო».

ნატო ჩვენს ფანჯრებში?!

სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, ერთადერთი პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა, «ნაციონალური მოძრაობაა», მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის მმართველობის რვა წლის მანძილზე სწორედ მისმა არარაციონალურმა პოლიტიკამ ააცდინა საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი საგარეო ორიენტირად ნატოს მიიჩნევს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს, «ნაცპროპაგანდისტებს» ეს განცხადება მისი «პროდასავლურობის» არგუმენტად არ მიაჩნიათ. საინტერესოა, ნატოსთან მიმართებაში ისეთი «გაუგონარი» რა თქვა ივანიშვილმა, რაც «ნაცპროპაგანდამ» მისი «რუსეთის პროექტობის» მორიგ «არგუმენტად» დაგვისახელა? _ არც არაფერი უთქვამს ისეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, როგორიც აქამდე არ თქმულა და არ დაწერილა («ნაცპროპაგანდას» ეს არ ეხება). კერძოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ: «ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორს გადასწია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთან არამხოლოდ სამხედრო პარტნიორობა, არამედ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მათი გაძლიერების შეუქცევადი პროცესი მიაჩნდა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად. საქართველომ კი უკან გადადგა ნაბიჯები. ასე რომ, ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაგვაშორა… ჩვენ ვიმუშავებთ და ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს».

აი თურმე რა! ნატოში გაუწევრიანებლობის სააკაშვილისთვის «დაბრალება» მხოლოდ რუსეთის უშიშროების მიერ «მართულ» ადამიანებს შეუძლია, მაგრამ «ნაცმოელებმა» უნდა იცოდნენ, რომ ეს «ფანდი» ახლა აღარ ჭრის და ქართული საზოგადოება ამით აღარ მოტყუვდება, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, ქვეყანას, რომლის ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას იგნორირებას უკეთებს, ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს და რუსული «ორთავიანი არწივი» აქ არაფერ შუაშია.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ავტორიტარ სააკაშვილს სულაც არ აწყობს ნებისმიერ დემოკრატიულ ბლოკში, გნებავთ ნატოში საქართველოს გაწევრიანება, თუკი ამისთვის პოლიტიკურ საფასურს გადაახდევინებენ და, როგორც დიქტატორს, კარისკენ მიუთითებენ, «ნატო-ნატოს» ისტერიული ძახილი სააკაშვილის რეჟიმისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, სპეკულაციის საგანი მფარველისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მოკლედ, თანამედროვე რეალობაში ანგარისგასაწევ ლიდერტა შორის საკაშვილის ადგილი ისევე არ არის, როგორც ღორის მწვადისა ვეგეტარიანული სასადილოს მენიუში. და რადგან სიტყვამ მენიუ მოიტანა, აქვე უნდა ითქვას რომ ბატონი მიხეილი ანგარიშგასაწევი ლიდერებისაგან პირადი მენიუთიც განსხვავდება და, სანამ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ჰამბურგერს მიირთმევენ, თან «ჯექსონ-ვენიკის» შესწორების გაუქმებაზე თანხმდებიან, თავზარდაცემული ლოღნის მეწამულ ჰალსტუხს, რადგან მშვენივრად იცის რომ მალე, თვითონაც ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის მენიუს მორიგ «კერძად» იქცევა.
ზურაბ ჯამბურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here