ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი ყველას თითქოსდა გადაავიწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტ-ნაკლებად აქტიურად მოძრაობს და მთელ რიგ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას ვერა და ვერ ახერხებს. მისი გამონათქვამების არსებითი განხილვა მედიაში პრაქტიკულად არ ხდება, თითქოსდა საქმე რომელიმე მინისტრის მოადგილის უშინაარსო და უინტერესო ბლუყუნს ეხებოდეს. საზოგადოება სხვა ადამიანზე საუბრობს, ხოლო მედია, ექსპერტებთან ერთად, სხვა განცხადებებს დასტრიალებს. საინფორმაციო თვალსაზრისით, სააკაშვილი მოედანზე კი დარჩა, მაგრამ აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
შესაძლოა, სააკაშვილი თანახმა ყოფილიყო, მწვავედ გაეკრიტიკებინათ, თუნდაც გაელანძღათ ან დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქვეყანაში ახალი ამბების მთავარ შემქმნელად, საინფორმაციო სივრცის ცენტრალურ ფიგურად დარჩენილიყო, მაგრამ ვითარება აშკარად შეიცვალა. თანაც ამჯერად საქმე, სავარაუდოდ, არა მოკლევადიან ტაქტიკურ ჩავარდნასთან გვაქვს, არამედ ყოვლისმომცველი პოლიტიკური შემოდგომის ერთ-ერთ უტყუარ ნიშანთან, რომელიც რეჟიმს, როგორც ჩანს, ნამდვილად დაუდგა.
პოლიტიკური შემოდგომის ფენომენი, სხვადასხვა ავტორების მიერ არაერთგზის მრავალი, მათ შორის, მაღალმხატვრული ხერხის გამოყენებით აღიწერა. შეიძლება დასახელდეს უამრავი ფაქტი, რომელიც მის დაწყებაზე (რაღა დაწყებაზე?) ნათლად მიუთითებს, თუმცა ისევე, როგორც წელიწადის შესაბამისი დრო, ის, ალბათ, უპირველესად, უნდა შეიგრძნო მთელი თავისი სიცარიელით, შესაბამისი სევდითა და სუსხით, რომელსაც ვერსად გაექცევი.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საზოგადოებას დღეს დიდად არ აინტერესებს, თუნდაც მრავალფეროვნებისთვის შევიაროთ ავლაბრის რეზიდენციაში და ვნახოთ, რას საქმიანობს მისი ამჟამინდელი ბინადარი. სხვათა შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწევა ამ შენობას მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მას დატოვებს, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პირადად მე კვლავინდებურად იმ აზრს ვემხრობი, რომ რეზიდენცია ფსიქიატრიის ინსტიტუტს გადაეცეს.
ამ დარგს საქართველოში მუდმივი გაძლიერება სჭირდება, მაგრამ, ცხადია, განსხვავებული მოსაზრებებიც არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, ალბათ, უსიამოვნო იქნება, თუ ქვეყნის მომავალი მმართველი იქ დაბინავდება. ასე რომ, ალბათ, აჯობებს ამ შენობას, უფრო სწორად კი, «ერთი ამპარტავნების ძეგლს», მომავალში განსხვავებული დატვირთვა მივანიჭოთ.
«სასახლის დათვალიერების მსურველებს შეუძლიათ თავიანთი ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი განაცხადი შემოიტანონ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში 7 სამუშაო დღით ადრე,» _ აღნიშნულია სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რაც, სავარაუდოდ, იმას გულისხმობს, რომ, მაგალითად, მარტოხელა და მარტოსული უმუშევარი, ტურს სასახლეში ვერ ეღირსება, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, რომელთაც «თავიანთი ორგანიზაცია» არ პატრონობს. არა უშავს, ვირტუალური ექსკურსიით შემოვიფაგლოთ, მითუმეტეს, რომ საუბარი არც თეთრ სახლს და არც ელისეს სასახლეს ეხება, სადაც დიდი პოლიტიკოსები ნამდვილად მოღვაწეობდნენ. ისე, საინტერესო კი იქნებოდა უშუალოდ რეზიდენციაში მოხვედრა და ადგილზე შემოწმება, მართლაც დაძრწიან თუ არა მის დერეფნებში შიშისგან სახეწაშლილი აჩრდილები, როგორც ამაზე ფართოდ გავრცელებული ხმები მიუთითებენ. თუმცა არა უშავს, სააკაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდი დავათვალიეროთ, განსაკუთრებულს მაინც არაფერს დავკარგავთ.
ვებ-გვერდის დიზაინი შეიცვალა, თუმცა მასში კვლავინდებურად წითელი და თეთრი ფერები დომინირებს. ალბათ, დროა, ვინმე გულისხმიერმა ურჩიოს, შედარებით მშვიდი, თერაპიული ეფექტის მქონე ფერების შეხამება შეარჩიოს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელსაც ვებ-გვერდი შეიცავს, ის პრაქტიკულად არ შეცვლილა, მაგალითად, სააკაშვილის ბიოგრაფია ისევ მთელ რიგ უცნაურ პასაჟებს შეიცავს (სტილი დაცულია): «1992 წელს მისი თაოსნობით ჩატარდა კონფერენცია ქართველი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მონაწილეობით ნორვეგიის ადამიანთა უფლებათა დაცვის ინსტიტუტში, რომლის შედეგად პირველად იქნა ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება». საერთოდ, მოუხეშო სტილის თაყვანისმცემელი არ გახლავართ, თუმცა მარტივი და კონკრეტული კითხვა «ჰა?!», ალბათ, ერთადერთია, რომელიც წინარე ფრაზის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაიბადოს. არაფერი სხვა სააკაშვილის როლზე ქართულ-ოსურ ურთიერთობებში მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ წერია.
ცალკე გამოფენილ სააკაშვილის პრიორიტეტებზე «ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა» და ა.შ., დეტალური მსჯელობის გამართვა, ალბათ, არ ღირს. სააკაშვილმა, ამასთან დაკავშირებით, უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც მოახერხა, ჩვენ კი უკვე ვთქვით ყველაფერი, რასაც მის ნამოქმედარზე ვფიქრობთ. კიდევ რაზე უნდა ვისაუბროთ? დანაწევრებული საქართველოს ნანგრევებზე? დანარჩენს სააკაშვილი, სავარაუდოდ, თვითონ პენსიაზე, საკუთარ სინდისთან ხანგრძლივ, მომქანცველ დიალოგებში გაარკვევს.
სააკაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდის რუბრიკა «საქართველო უცხოურ მედიაში» საინტერესოა იმით, რომ (8 ნოემბრის მდგომარეობით) ერთი თვის განმავლობაში არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური მედია ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაზე ძალიან ბევრს წერდა. მხოლოდ Fორეიგნპრესს.გე-მ ამ პერიოდში 40-ზე მეტი წერილი თარგმნა და გამოაქვეყნა, თუმცა სააკაშვილისთვის სასიამოვნო წასაკითხი, სავარაუდოდ, ძალიან ცოტა მათგანი იყო. საკუთარ ვებ-გვერდზე კი ის მხოლოდ საკუთარ თავთან ინტერვიუებს ათავსებს ან იმდენად მაამებლურ ტექსტებს, რომ მათი წაკითხვა ნორმალურ ადამიანში, ალერგიული ზიზღის გარდა, სხვა რეაქციას ვერ გამოიწვევს. ამგვარად, უმჯობესია, რუბრიკას ეწოდოს «სააკაშვილი უცხოური მედიის იმ პუბლიკაციებში, რომლებიც სრულად შეესაბამება მის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ». აგრეთვე, ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია ამინდის სამი დღის პროგნოზისა და ვალუტის კურსის გაგება. საინტერესოა, რომ წინა პლანზე გამოტანილია სამი ვალუტა: აშშ დოლარი, ევრო და რუსული რუბლი. ასე რომ, თუ ვინმეს რუსული რუბლის ამბები აინტერესებს, შეუძლია სააკაშვილს მიმართოს; მან კურსი ნამდვილად იცის.
უცნაური რუბრიკაა «საუკუნის პროექტები»; იქ ჩამოთვლილია ბათუმის პიაცა და ბულვარი, დელფინარიუმი (მას, დამფინანსებლის ვინაობის გათვალისწინებით, ალბათ, მალე ჩამონათვალიდან ამოაგდებენ), «მშვიდობის ხიდი» (იგულისხმება ე.წ. «ოლვეის ულტრა», ძველი თბილისის შუაგულში რომ ჩადგა), მცხეთა, ანაკლია და სათაფლია. სურათებს კომენტარები არ ახლავს, ამიტომ ძნელი დასადგენია, თუ რას ნიშნავს «საუკუნის პროექტი _ მცხეთა». იმედია, სააკაშვილის თაყვანისმცემლები არ ფიქრობენ, რომ მათმა ბელადმა ეს ქალაქი ააშენა ან სვეტიცხოველი ააგო. აქ სხვა რამ არის მთავარი _ თუ რას აღიქვამს სააკაშვილი «საუკუნის პროექტად».
მაგალითად, ევროპაში «საუკუნის პროექტს» 1994-ში გახსნილ საფრანგეთისა და ინგლისის დამაკავშირებელ გვირაბს უწოდებენ. ამერიკელები და რუსები XXI «საუკუნის პროექტად» ციმბირისა და ალასკის რკინიგზით შესაძლო დაკავშირებას (და ბერინგის სრუტეში შესაბამისი ხიდის ან გვირაბის აგებას) მოიხსენიებენ. გასაგებია, რომ დიდ და პატარა ქვეყნებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტები საქართველოშიც ხორციელდება. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა; «საუკუნის პროექტად», იდეაში, შეიძლება მოხსენიებულ იქნას, რომელიმე სტრატეგიული მილსადენი, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ან ჰიპოთეტური (თუ მითოლოგიური) «ნაბუქო», ან რომელიმე მძლავრი საწარმო, რომელსაც სააკაშვილი აამოქმედებდა (თუნდაც საკუთარ წარმოსახვაში), ან სულაც «ასი ახალი საავადმყოფო», ან რაიმე მსგავსი «ხუთასი ქარხანა» (მერე რა, რომ სინამდვილეში არ არსებობს?). მაგრამ, როგორც ვხედავთ, სააკაშვილს აინტერესებს მხოლოდ ის, რაც ბრჭყვიალებს მისთვის ესოდენ სათაყვანებელ, (მომიტევეთ ჩემი ჟარგონი) ყოვლად «გოიმურ» სტილში, ხოლო «საუკუნის პროექტის» ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მისთვის, როგორც ჩანს, მეორე თუ არა, მეცხრე პლანზე გადადის.
სასახლის მუზეუმის ამსახველ ფოტოებზე დიდხანს ვეძებდი ჯორჯ ბუშის მიერ სააკაშვილისთვის ნაჩუქარ სპორტულ კოსტუმსა და ბოტასებს, რომლებსაც მუზეუმში საპატიო ადგილი უკავია. ვერსად ვნახე. სამაგიეროდ, ექსპოზიციის ცენტრში ვიპოვე თეთრი სპორტული მაისური წარწერით ბწინ, რომელიც მის ირგვლივ გამოფენილი ხმლების ფონზე ძლიერ შიზოფრენიულად გამოიყურებოდა. ალბათ, ამ მაისურს რაღაც განსაკუთრებული ისტორია აქვს, თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგივით რომ გამოფინა.
ამ მცირე და, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელო დეტალებს, ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ დავუთმობდით, რომ არა ერთი გარემოება: ყველაფერს, რასთანაც სააკაშვილს რაიმე შეხება აქვს, თვალშისაცემი არასერიოზულობის კვალი ემჩნევა. სააკაშვილს, არც მეტი არც ნაკლები, რვა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც დაღვინებულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა და, ალბათ, არ უნდა გაუკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს, მის შემცვლელად გაწონასწორებული, გონიერი, სწორედ რომ დაღვინებული პიროვნება იხილოს.
სააკაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის აქტიურად მოძრაობს და მრავალ განცხადებას აკეთებს, თუმცა ყოველივე ამას, საბოლოო ჯამში, 2008 წლის ლოზუნგამდე «საქართველო სიღარიბის გარეშე» მივყავართ. დღეს ეს ლოზუნგი გარკვეულწილად საააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან პერიოდი იმ არჩევნების შემდეგ სწორედ სიღარიბის ზრდას დაუკავშირდა და ნაკლებად სავარაუდოა, ამომრჩეველმა იმავე მდინარეში მეორედ შესვლა მოინდომოს, უფრო სწორედ კი მასში მეტეხის ხიდიდან სააკაშვილთან ერთად გადაეშვას.
სააკაშვილმა ასევე შეიძლება სცადოს მხარდამჭერების დარაზმვა რუსული საფრთხის მოგერიების ლოზუნგით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამან ეფექტურად იმუშაოს. ჯერ ერთი, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს.
ამასთანავე, დასავლური ქვეყნების დედაქალაქებში ამ ლოზუნგის აქტიურ გამოყენებას სააკაშვილს ნამდვილად არ მოუწონებენ. თანაც ამ თემის მრავალჯერადმა გამოყენებამ ის იმდენად გააუფერულა, რომ მისი სამობილიზაციო პოტენციალი, სავარაუდოდ, ძლიერ შემცირდა.
რა რჩება სააკაშვილს? ალბათ, მხოლოდ უხეში ზეწოლა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ყველა (მათ შორის დაუშვებელი) მეთოდის გამოყენებით. ძნელად წარმოსადგენია, მის გარემოცვაში რაიმე სიცოცხლისუნარიანი იდეა დაიბადოს, რაზეც «ნაციონალური მოძრაობა» მეტ-ნაკლებად პერსპექტიული საარჩევნო კამპანიის დაფუძნებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურანტის კონკრეტული ქმედებების პროგნოზირება ძნელია, ზოგადი მიმართულება, საერთო ვექტორი იოლად ამოსაცნობია და, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ახლო პერსპექტივაში ერთობ უინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჰაერო ბუშტით იფრინოს ან ნახევრადგაშიშვლებულმა ირბინოს, როგორც (არცთუ დიდი ხნის წინ) ბათუმის პლაჟზე, ნაკლებად სავარაუდოა, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდეს და ქვეყნის მთავარი ნიუსმეიკერის პოზიციის დაბრუნება მოახერხოს.
ამიტომ დავტოვოთ ის ავლაბრის რეზიდენციაში მის საყვარელ სათამაშოებთან, იმ სუსხიან სიცარიელეში, რომელიც დღესდღეობით მის გარშემო სუფევს. ფორმალური თვალსაზრისით, დამშვიდობება მასთან ჯერ კიდევ ნაადრევია. თუმცა, როდესაც სათქმელი და სამსჯელო არაფერი რჩება, შეხვედრის გაწელვას არანაირი აზრი აღარ აქვს.
დიმიტრი მონიავა