Home რუბრიკები ეკონომიკა დავით ონოფრიშვილი: ამ ხალხს ზამთარში გაყინვა ელის!

დავით ონოფრიშვილი: ამ ხალხს ზამთარში გაყინვა ელის!

ქართული ეკონომიკის სამართავი ბერკეტები პატარა გოგო-ბიჭებმა ჩაიგდეს ხელთ და იმას, რაც კოლეჯებსა და ინსტიტუტებში უნდა ესწავლათ, ახლა სწავლობენ პრაქტიკაში _ თან «მართავენ» ეკონომიკას და თან თეორიაშიც ნელ-ნელა ერკვევიან.  პრეზიდენტი სააკაშვილი ამას წინათ გამოვიდა და ქულების ჩაწერა სცადა მთავრობის სხდომაზე _ ვინც ჰიბრიდული სიმინდი დათესა 1 ჰექტარზე, იმას კრედიტად გაცემული სიმინდის თესლის საფასურს ჩამოვაწერთო.  კი, მაგრამ, ვინც 1 ჰექტარზე მეტ ფართობზე დათესა, იმათ რა ქნან? რა ქნას იმ ხალხმა, რომელმაც ათასობით ლარი მარტო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მიახარჯა და ამ «პიარ-სიმინდს» თავს ევლებოდა? და, საერთოდ, რა ეშველება არა მარტო სოფელს, მთლიანად, ქართულ ეკონომიკას? როდემდე უნდა გვატყუოს ხელისუფლებამ დაქირავებული კვლევითი ჯგუფების მიერ გაყალბებული სოციალური და ეკონომიკური კვლევებით? ამ და სხვა თემებზე «თავისუფალი დემოკრატების» ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დავით ონოფრიშვილი გვესაუბრება. 
 _ ბატონო დავით, თქვენთან საუბარი, ფინანსთა ამჟამინდელი მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის განცხადებით მინდა დავიწყო: საქართველო მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან 100 პროცენტით დაცულიაო. რა ხდება, დაგვცინის გვინდაძე? 100 პროცენტით მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური თუ ნებისმიერი სახის გლობალური კრიზისისგან, ამაზონიის ჯუნგლებში მობინადრე ტომები არიან დაცულნი და მათ არც ეკონომიკური კრიზისი შეეხებათ. ფინანსთა მინისტრმა ველურ ტომებთან გაგვათანაბრა ქართველები თუ მართლა გვაქვს იმდენად მყარი და ძლიერი ეკონომიკა, რომ ვერანაირი გარე ქარტეხილი ვერ შეგვარყევს?

_ ფინანსთა მინისტრის ეს განცხადება ემსახურება პიარსა და ხალხისთვის თვალის ახვევას. საქართველო მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილია და, თუ კრიზისი განვითარდა, ჩვენ ვერ აგვცდება. ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ განაცხადა, ინფლაცია იმიტომაა მაღალი, რომ მსოფლიოში სურსათზე ფასებმა იმატაო. გამოდის, გარე ფაქტორები მყისიერად აისახება ქართულ ეკონომიკაზე და ამას აღიარებს ქადაგიძე, მაგრამ  ფინანსთა მინისტრი რატომღაც არ აღიარებს.

_ სადამდე არ აღიარებს? ეს ის შუბია, ხალთაში რომ არ დაიმალება.

_ არასგზით არ დაიმალება. თუ მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა გადაუარა, ჩვენც ძალიან დავზარალდებით. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ფსევდოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რამაც ისედაც მძიმე დღეში ჩააგდო ხალხი და ქვეყანა. ამ ფონზე, თუ გარედანაც იქნება რყევები, უმძიმესი შედეგები გველის.

_ ბატონო დავით, რა ჰქვია იმას, რასაც ჩვენ ქართულ ეკონომიკას ვუწოდებთ?

_ სახელისუფლო ენაზე ეს ლიბერალური საბაზრო ეკონომიკაა. რეალურად კი, ხელისუფლების ცალკეული პირების, მათ ხელთარსებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ მართვადი, კონტროლირებადი ეკონომიკაა. ქვეყანაში არ არსებობს კონკურენცია, ანტიმოპონოლიური პოლიტიკა. ანტიმონოპოლიური სამსახური ფორმალურადაც კი არ არსებობს _ გააუქმეს. მონოპოლისტებმა ჩაიგდეს ყველა ბიზნესსფერო, კარტელური გარიგებების შედეგად, თითქმის ნებისმიერ სფეროში ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები აწესებენ ფასებს, გნებავთ, ფარმაცევტულ ბაზარზე, გნებავთ _ ნავთობპროდუქტების, კომუნიკაციებისა და ნებისმიერ სამომხმარებლო სფეროში. იგივე ხდება სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებით. თუ ვინმემ გაბედა რომელიმე სფეროში კონკურენციის გაწევა, ფასის დაგდება, მას წამსვე მიახრჩობენ _ საგადასახადო და სხვა სამსახურები შევლენ ამ კომპანიაში და ორ დღეში, უკეთეს შემთხვევაში, გააკოტრებენ ან უარესიც შეიძლება ქნან _ მთელი ბიზნესი წაართვან და მის კერძო ქონებასაც მისდგნენ.

_ სახელმწიფო რეკეტზე რას იტყვით? საგადასახადო სამსახურსა და ფინანსურ პოლიციას ლეგალური დამყაჩაღებლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. არ გამიკვირდება, მალე ფინანსური პოლიციის ან საგადასახადო თანამშრომლები ობიექტების შესამოწმებლად ნიღბებში და «კალაშნიკოვის» ავტომატებით რომ გამოცხადდნენ.

_ ყველაფერია ამათგან მოსალოდნელი. ბიზნესს ახრჩობენ, რაც შეუძლიათ, არ აძლევენ განვითარების საშუალებას. გადასახადები მაღალია, მათი ამოღების მეთოდები _ არაცივილიზებული. ხელის გადაგრეხის პოლიტიკამ ჩაკლა მცირე და საშუალო ბიზნესი. ბიზნესმენს იმ ფულად რესურს არ უტოვებენ, რომლითაც უნდა განავითაროს თავისი ბიზნესი. რასაც ოფიციალურად იხდის, ეს ერთია, მეორეა, ძალით შეწერილი ხარჯი, რომელსაც ნებისმიერი რანგის არჩევნებზე «ნაცმოძრაობის» სხვადასხვა ანგარიშზე არიცხინებენ ან აფინანსებენ სახელისუფლო პროექტებს, რომელთაც მერე ხელისუფლება საპიაროდ იყენებს _ აი, რა მაგრები ვართ, ესა და ეს გავაკეთეთო. უკეთეს შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. მათ მხოლოდ იმდენ თანხას უტოვებენ, რამდენიც ბიზნესის შესანარჩუნებლადაა საჭირო, რეინვესტიციისთვის საჭირო თანხას კი «ნაციონალები» ართმევენ.

_ და რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი ბიზნესმენები მანამდე, ვიდრე გააკოტრებენ და დასაკარგი აღარაფერი აქვთ?

_ მხოლოდ ერთეულები ბედავენ ხმის ამოღებას, მაგრამ, ვინც ხმას იღებს, მათაც შავ დღეში ყრიან.

_ გამოდის, გამოსავალი არ არის?

_ არის გამოსავალი და ისევ ბიზნესმენებმა უნდა იაქტიურონ. მათ ვერავინ დაიცავს, თუ არ გაიგო ხალხმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, უფლებადამცველებმა, რომ მათ ატერორებენ, ბიზნესს ართმევენ. მერე, როცა ყველაფერი დამთავრდება, ძალიან გვიანი იქნება.

_ თქვენი პოლიტიკური პარტია ხომ არ აპირებს, გაააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა _ ხელისუფლების მსხვერპლი ან პოტენციური მსხვერპლი ბიზნესმენები დაარწმუნოს, რომ დროულად სჯობს ხმის ამოღება?

_ კი, ჩვენთან მოდიან ბიზნესმენები, რომელთაც მეტი აღარ შეუძლიათ. ყველანაირად ვუდგავართ გვერდით. ჩვენც იმასვე ვურჩევთ _ ხმა ამოიღონ დროულად, მიმართონ მედიას თავის დასაცავად. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის მათი და მათი ბიზნესის უსაფრთხოების გარანტი.

_ ბატონო დავით, ამ ყველაფრის საპირისპიროდ, ხელისუფლება აქვეყნებს კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ეკონომიკა ყვავის.

_ რაც ხელს აძლევთ, მარტო იმას აქვეყნებენ. კი, კარგია, ბიზნესის დაწყების გამარტივებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე რომ ხარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბიზნესის დაწყების გამარტივება, ბიზნესმენისთვის ნიშნავს, რომ, თუ სხვა ქვეყანაში 10 დღეში შეძლებს დარეგისტრირებასა და საჭირო დოკუმენტაციის მოკრებას, აქ 5 დღეში გააკეთებს იმავეს; თუ სხვაგან 500 დოლარი დაუჯდება ეს პროცესი, აქ _ 200 დოლარი. ეს არაფერია სოლიდური ბიზნესისთვის. ეს 5-დღიანი და 300-დოლარიანი სხვაობა, როცა მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს ვინმე, მისთვის სასაცილოა. ეს არის სატყუარა ისევ ჩვენი ხალხისთვის. მსოფლიოს ბანკის კვლევაში მეორენი ვართო. მერე? კარგი, ამ გამარტივებული წესით დაიწყო ვიღაცამ ბიზნესი, მერე რა ხდება? სახელმწიფო რომ უკონტროლებს თავიდან ბოლომდე იმ ბიზნესს, ათასგვარ ოფიციალურ და არაოფიციალურ გადასახადს რომ ახდევინებს, თუ მისი ბიზნესი ვინმეს მოეწონა ხელისუფლებიდან, უსიტყვოდ რომ ართმევენ, ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ?

რატომ არ აქვეყნებენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ბოლო მონაცემებს? აი, ეს მონაცემები: საკუთრების უფლების დაცვით, 160 ქვეყანას შორის საქართველო 120-ე ადგილზეა; მცირე აქციონერთა დაცვის, ანუ იმ ადამიანთა დაცვის კუთხით, რომლებიც რომელიმე ფირმაში 2-3 პროცენტ წილს ფლობენ, 119-ე ადგილზე ვართ; ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციით 128-ე ადგილი გვიჭირავს; 135-ე _ ანტიმონოპოლიური ეფექტურობით… ახლა ამბობენ, ინვესტორები შემოვლენო. არავინ არ წამოვა. ეს მონაცემები, ახლა რომ გითხარით, განა იმ პოტენციურმა ინვესტორებმა არ იციან? თუ მათ მარტო ბიზნესის დაწყება აინტერესებთ და მერე რა ელის მათ ბიზნესს, არ აინტერესებთ?

ან რომელი ქვეყნის ეკონომიკის აყვავებაზე ლაპარაკობენ? უმუშევრობა გაიზარდა, სიღარიბის დონემ აიწია, საშინაო და საგარეო ვალმა მოიმატა, ინფლაცია გაიზარდა, ინვესტიციები შემცირდა, ფასებმა საგრძნობლად იმატა… აი, ეს არის არაპროფესიონალი ხალხის საქმიანობის შედეგი. დანგრეულია სოფლის მეურნეობა. 80 პროცენტი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა უცხოეთიდან შემოდის. არადა, რესურსი არის, პირიქით უნდა იყოს _ 80 პროცენტი ექსპორტზე უნდა გაგვქონდეს.

_ «ნაციონალები» არ ახმაურებენ, რომ აზიის განვითარების ბანკს 500 მილიონი დოლარი სთხოვა მთავრობამ კრედიტი და მხოლოდ 80 მილიონი მისცეს. უცხოური გრანტებისა და კრედიტების ეპოქა მთავრდება, ეკონომიკა ვერ ვითარდება, ბიზნესი ჩაკლეს, საგარეო ვალი მატულობს და უკვე გაისად სოლიდური თანხებია გასასტუმრებელი. რისი იმედი აქვთ, როცა მთელ მსოფლიოს თავისი გასჭირვებია და ამათ დასახმარებლად არავის სცხელა?

_ ვერ გეტყვით, რისი იმედი აქვთ. ვიცი, რომ საგარეო ვალი 5 მილიარდი გახდა. ეს უმძიმესი ტვირთია ქვეყნისთვის. 2008 წელს, აგვისტოს ომის მერე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 4,5 მილიარდი დოლარი გამოუყო ხელისუფლებას კრედიტებისა და გრანტების სახით. ახლა იმ დახმარებიდან 150 მილიონი დოლარი გრანტის სახით დარჩა ასათვისებელი და ბოლო ტრანში კრედიტიდან _ 850 მილიონი ლარი, დაახლოებით 500 მილიონი დოლარი. მორჩა, საქართველოს კორუმპირებულ ხელისუფლებას, სოლიდური რომ ჰქვია, ასეთ დახმარებას აღარავინ გაუწევს. მარტო წელს 450 მილიონი დოლარი საგარეო ვალია გადასახდელი, გაისად მეტი იქნება. თანაც, ამ კრედიტებს რომ იღებენ, ის პროცენტითაა გადასახდელი.

_ გამოდის, მთავრობა ახალ პროცენტიან ვალს იღებს, რომ ძველი ვალი გაისტუმროს?

_ კი, ასეა დაახლოებით. ახლა პროცედურულად ასე არ ხდება, რომ, ერთი კრედიტით მეორე იფარება, მაგრამ, ძველ ვალებს ახალი ვალებით რომ ისტუმრებენ, ფაქტია.

_ ბატონო დავით, ამას წინათ თბილისის მერიამ ისეთ ვირეშმაკობას მიმართა, იშვიათად კაცმა მაგდაგვარი რამ მოიფიქროს. ხომ გახსოვთ, 5 ლარი რომ ჩაურიცხეს სამგზავრო პლასტიკურ ბარათზე ყველა მფლობელს სასწრაფოდ?

_ კი, მახსოვს. სხვათა შორის, ეგ თანხა, თუ არ ვცდები, 5 მილიონი ლარი, ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური განცხადების მყისიერი და სრულიად უაზრო პასუხი იყო ხელისუფლებისგან.

_ კი, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ მოდით, გავშიფროთ, რეალურად რა მოხდა _ მერიამ 5 ლარი მომცა ბიუჯეტიდან, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში უნდა დავხარჯო და ისევ მერიას დაუბრუნდება, ანუ 5 ლარი მასესხა უპროცენტოდ. ის 15 მილიონი, ამ პროექტში რომ ჩადო მერიამ, უკან დაუბრუნდება. გამოდის, ჩემი ფული მასესხა და მადლობა უნდა ვუთხრა, თან ხმაც ამათ უნდა მივცე.

_ ჰო, საინტერესო სქემაა, მე არ ჩავღრმავებივარ ასე დეტალურად. არც ბიუჯეტი კარგავს ამით რამეს და ხალხსაც ვითომ იმადლიერებს. არადა, ცოტა თუ მიხვდება, რომ მას რაღაც ფორმით ბიუჯეტის ფული ასესხეს, პრაქტიკულად. აი, ასეთი იაფფასიანი ხერხებით ცდილობენ ხალხის გაბრიყვებას. ეს იყო არაეფექტური, გააზრებული აქცია.

_ სააკაშვილმა ჰიბრიდულ სიმინდს ბაკურ კვეზერელი გადააყოლა, იმ ხალხს კი, ვისაც ამ სიმინდის მოსავალი არ მოუვიდა, კრედიტად მიცემული სიმინდის თესლის თანხას აღარ სთხოვენ უკან. რა უნდა უთხრას ამ ხალხმა მთავრობას _ მადლობა? არადა, იტყვიან, უმადურები არიან, ამათ ვერაფერი დავანახეთო.

_ სულ არაფერს ეს სჯობს, მაგრამ, მოდით, ვნახოთ, რა მოხდა. ჯერ ერთი, მთავრობა ამ სიმინდის თესლის ფულს არ ართმევს იმ გლეხებს, ვინც 1 ჰექტარზე დათესა და არ მოუვიდა მოსავალი. ეს არის 250 ლარი. მაგრამ ვინც 4-5 ჰექტარზე დათესა, 1000 ლარზე მეტი კრედიტი აიღო და მოსავალი არ მოუვიდა საერთოდ, იმ ხალხმა რა ქნას? ვინც ცოტა იზარალეთ, იმათ გპატიობთ, ვინც საერთოდ დაიქეცით და წაიქეცით, თქვენი ბედი არ მაინტერესებსო _ აი, ხელისუფლების პოზიცია. ახლა მეორე პრობლემაცაა. მარტო სიმინდის თესლზე და კრედიტზე არაა საქმე. თითო გლეხს თითო ჰექტარი მიწის დამუშავება, სიმინდის დათესვა, მისი მორწყვა, მოვლა-პატრონობა მინიმუმ 1000 ლარი დაუჯდა. ამ თანხის კომპენსირებაზე ხმას არ იღებს არავინ. არადა, ხომ ყველამ იცის, ბევრს ძალით დაათესინეს ეს სიმინდი, ზოგი შეცდომაში შეიყვანა ამათმა პიარკამპანიამ. მთელი წელი იძახდნენ, რომ წარმატებული პროექტია, 8-10 ტონას მოიწევთ ჰექტარზე, ვინც ქართულ სიმინდის ჯიშებს თესდა მანამდე და 2-3 ტონა მოჰყავდა ჰექტარზე, ამ ხალხსაც ეს ჰიბრიდული სიმინდი დაათესინეს. ხალხი დაღუპეს. საერთოდ არ მოუვიდათ მოსავალი. ასეულობით ოჯახი იყო ამ სიმინდის იმედად. უნდა გაეყიდათ, სარჩო ეყიდათ, საზამთროდ შეშა, საქონლის საკვები უნდა შეეძინათ. რა ქნან ახლა იმ ადამიანებმა?

_ საშიმშილოდ გაწირეს ამ ზამთრისთვის, ეგრე გამოდის.

_ კი, ფაქტია, რომ საშიმშილოდ გაწირეს, ამათმა უგნურმა ექსპერიმენტებმა ხალხი უმძიმეს დღეში ჩააგდო. ჩვენ, «თავისუფალმა დემოკრატებმა», ვიანგარიშეთ და დაახლოებით 5-7 მილიონი ლარია საჭირო, რომ ამ ხალხს სრული კომპენსაცია მისცენ, მიუხედავად იმისა, რამდენ ჰექტარზე დათესეს სიმინდი და გაწეული ხარჯიც აუნაზღაურდებათ.

_ არ არის დიდი თანხა და, თუ ჭკუა აქვს ხელისუფლებას, უნდა მისცენ კომპენსაცია გლეხებს _ 5-7 მილიონი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ერთკვირიანი ტაშ-ფანდური ჯდება ევროპაში.

_ ან ერთი კონცერტი ბათუმში, სადაც ხშირად საეჭვო გემოვნების მომღერლები ჩაჰყავთ და ისევ «ნაციონალური მოძრაობა» და მათი ახლობლები ატარებენ დროს. ამ უაზრო ფულის ფანტვას, ცხადია, უმჯობესია, მოტყუებულ გლეხებს დაეხმარონ და ერთი კონცერტით ნაკლები გამართონ. საერთოდ, მიხედონ სოფლის მეურნეობას, სოფელს. გაჩანაგებულია სოფელი და ეს დანაშაულია ხალხის წინაშე. 7-8 წლის წინ 520 ათასი ჰექტარი მიწა იხვნებოდა, ახლა 280 ათასი ჰექტარი მუშავდება. მიზანმიმართულად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ნგრევა. ქართლში, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ათეულობით სოფელია. ხალხი ტყეში ვერ შედის გასაგები მიზეზის გამო, რომ შეშა გამოიტანოს. ამ ხალხს ზამთარში გაყინვა ელის, ან იძულებული გახდება, სოფელი მიატოვოს. ამ ზამთარს შეიძლება ათეულობით სოფელი დაიცალოს, არადა, რის გამო? ხელისუფლებას შეუძლია ამ ოჯახებს შეშა მიუტანოს, მაგრამ მას ხალხი არ ადარდებს, მთავარია, ბათუმში კონცერტი გამართოს და თვითონ იყოს ბედნიერი.
ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი
 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here