Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა კონსულს მოქალაქეობა ბრეჟნევის ხელწერით ჩამოართვა

სააკაშვილმა კონსულს მოქალაქეობა ბრეჟნევის ხელწერით ჩამოართვა

888

GEWORLD.GE:
ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სკანდალური გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსულს უფლებამოსილება შეუწყდა. ნინო კალანდაძის განმარტებით, ლაშა დარბაიძე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. თავად კონსული უფლებამოსილების შეწყვეტას ბიძინა ივანიშვილისადმი მის სიმპათიას უკავშირებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს როგორც დიპლომატებზე, ისე საპატიო კონსულებზე, თუ რამდენად ჯეროვნად ახორციელებს ესა თუ ის პირი საკუთარ მოვალეობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაშიც განხილვის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სხვა კონსულებიც იმავე ბედს გაიზიარებენ, თუ პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება,” – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თავად ლაშა დარბაიძე უფლებამოსილების შეწყვეტას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
დარბაიძემ განაცხადა, რომ 24 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ხელისუფლების დავალებით, შეხვდა ადამიანი, რომელმაც საკონსულოს საიტზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის ფოტოების ამოღება მოსთხოვა. დარბაიძის თქმით, ფოტოებზე აშშ-ის ელჩის _ ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ასახული.
“მე შევეწინააღმდეგე და უარი ვთქვი ფოტოების ამოღებაზე, რის შემდეგაც ერთ დღეში უფლებამოსილება შემიწყვიტეს. როდესაც ვიკითხე, თუ რატომ უნდა ამომეღო ფოტო, მიპასუხეს, – ჩვენ დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ ქართულ დიასპორაში და ჩვენი ინტერესი ამ პიროვნების მიმართ ძალიან ცუდად იმოქმედებს ხალხზე და გარკვეულ ბიძგს მისცემს”.
დარბაიძეს სამსახურიდან დათხოვნა არ აკმარეს და საქართველოს მოქალაქეობაც შეუწყვიტეს. “ საქართველოს მოქალაქეობა, ამერიკის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, წელიწად-ნახევრის წინ უნდა შემწყვეტოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოქალაქეობა შემიწყვიტეს ორი დღის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტეს მოქალაქეობა. რატომ მოხდა ასეთი დამთხვევა, ვერ ვხვდები”.
სამაგიეროდ ამის მიხვედრა ჩვენთვის არ უნდა იყოს რთული. იმ ტრაბახის ფონზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ეწევა, ირკვევა, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები და უწყებები საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას არა მარტო რიგით მოქალაქეებზე, არამედ დიპლომატებზეც კი. როგორც ივანიშვილის, ისე დარბაიძის  შემთხვევაში წელიწად-ნახევრის (და მეტის) დაგვიანებით იგებენ, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. თუ საქართველოს მოქალაქეობა მათ უკანონოდ უნარჩუნდებოდათ ამდენი ხნის განმავლობაში, ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა ხომ არა, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შემთხვევაში ეღვიძებათ?
ბრეჟნევის დროს ერთი ასეთი ანეკდოტი დადიოდა საბჭოთა ხელისუფლების შესახებ: მიდის კომუნიზმის მატარებელი, მიდის და უცებ ჩერდება. სტალინმა მიზეზი იკითხა. უპასუხეს, _ რელსები დამთავრდაო. სტალინმა შაბათობა მოაწყობინა, რელსები დააგებინა და ცოტა ხანში მატარებელი კვლავ დაიძრა. მიდის მატარებელი, მიდის და ისევ ჩერდება. ხრუშჩოვმა მიზეზი იკითხა. უპასუხეს, – რელსები დამთავრდაო. ნიკიტამ უბრძანა _ უკან დარჩენილი რელსები აყარეთ და წინ დააგეთო! ისევ დაიძრა მატარებელი. მიდის მატარებელი, მიდის და ისევ ჩერდება. ბრეჟნევმა მიზეზი იკითხა. უპასუხეს, _ რელსები დამთავრდაო. ბრეჟნევმა ფარდების ჩამოფარება ბრძანა და თანმხლებ პირებს უთხრა: _ ახლა დავსხდეთ ჩვენ-ჩვენს ადგილებზე და “ჩუქუ-ჩუქუ” ვიძახოთ, ვითომ მივდივართო!
სააკაშვილის ხელისუფლებაც ასე ზის ფარდებჩამოფარებულ ოთახში და “ჩუქუ-ჩუქუს” გაიძახის. თვითონ ჰგონიათ, რომ ქვეყანა წინ მიდის, სინამდვილეში კი ყველა ხედავს, რომ მიშას მატარებელი ადგილზე დგას. ბრეჟნევის პერიოდს ხომ სწორედ “ზასტოი” უწოდეს! ბოდიში რუსული კალკისთვის, მაგრამ ქართულ “უძრაობის ხანაზე” უკეთ ამ მოვლენის შინაარსს სწორედ ეს სიტყვა გადმოსცემს.
ჩვენი ტელევიზიები, დიდი ხანია, ბრეჟნევის დროინდელ “ვრემიას” დაემსგავსა, იქაც და აქაც ხელისუფლების “ჯერ არნახულ მიღწევებზეა” სიუჟეტები, საბჭოთაოპტიმისტურია ტონი და ამერიკასაც და ევროპასაც კვლავ “ვასწრებთ”, თუმცა “ბრეჟნევიზაციის” პროცესი ამით არ დასრულებულა; არის კიდევ ერთი, რითაც სააკაშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ბრეჟნევის მიღწევებს: მის დროს ჩამოართვეს მოქალაქეობა მწერლებს _ ალექსანდრე სოლჟენიცინს, ვლადიმირ მაქსიმოვს, ალექსანდრე ზინოვიევს, ვასილი აქსიონოვს, გიორგი ვლადიმოვს, ვლადიმირ ვოინოვიჩს, ედუარდ კუზნეცოვს, ვალერი ტარსისს.
გენიალურ პოეტს, ბორის პასტერნაკს ნობელის პრემიის მიღებაზე უარი სწორედ მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაძევების მუქარით ათქმევინეს. მასაც გააძევებდნენ ქვეყნიდან, მაგრამ მისი უფლებების დაცვის კომიტეტს ჯავაჰარლალ ნერუ ჩაუდგა სათავეში. საბჭოთა კავშირმა მსტისლავ რასტროპოვიჩსა და მის მეუღლეს, გალინა ვიშნევსკაიას, ტაგანკის თეატრის დამფუძნებელსა და მთავარ რეჟისორს _ იური ლუბიმოვს ჩამოართვა მოქალაქეობა. დისიდენტი ბუკოვსკი ჩილელ კომუნისტ პოეტ _ ლუის კორვალანზე გაცვალეს. მხატვარ ოსკარ რაბინს ხრუშჩოვის გენიალური გადაწყვეტილების _ ავანგარდისტ მხატვართა გამოფენის ბულდოზერებით გასრესის შემდეგ ასევე ჩამოართვეს მოქალაქეობა და გააძევეს.
მოქალაქეობის ჩამორთმევის სტანდარტული პროცედურა ასეთი იყო: დაინტერესებული უწყება (როგორც წესი, კგბ საბჭოთა პროკურატურასთან შეთანხმებით ან საკუთარი გადაწყვეტილებით) წარუდგენდნენ კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს ბარათს, რომელშიც ამ ზომის აუცილებლობა იყო დასაბუთებული და შესაბამისი ბრძანებულების მზა პროექტიც ერთვოდა. საკითხს პოლიტბიურო განიხილავდა და ბრძანებულებას გამოსცემდა. აი, ამგვარი ტიპობრივი ბრძანებულების ნიმუში:
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
ი.ს.შელკოვსკისთვის საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ
N35 (2317) – 563 – გვ.654
იმის გათვალისწინებით, რომ ი.შელკოვსკი სჩადის საბჭოთა კავშირის მოქალაქისთვის შეუფერებელ ქმედებებს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
სსრკ 1978 წლის 1 დეკემბრის კანონის “მოქალაქეობის შესახებ” მე-18 მუხლის თანახმად, სსრკ მოქალაქის მაღალი წოდების სახელის გამტეხი ქმედებებისა და საბჭოთა კავშირის პრესტიჟისთვის ზიანის მიყენების გამო ჩამოერთვას სსრკ მოქალაქეობა შელკოვსკი იგორ სერგის ძეს, დაბადებულს 1937 წელს ქალაქ ორენბურგში.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ა.გრომიკო
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. მენთეშაშვილი
მოსკოვი, კრემლი.
1985 წლის 22 აგვისტო. N3086–XI.
პრეზიდენტის უკანასკნელი ბრძანებულება, რომელიც მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, 2010 წლის 23 მარტით თარიღდება და N187 აქვს მიკუთვნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავი მოგვაბეზრა კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნით, ისიც ვერ მოახერხა, რომ წელიწად-ნახევარის განმავლობაში ოფიციალური საიტი ქართულად მაინც განაახლოს. საიტის ინგლისურ ვერსიაში საქმე კიდევ უფრო უარესადაა, თუმცა ინტერნეტში მათ მარტო მასალის შეტანა კი არა, გამოტანაც არ ეხერხებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიკიპედიაში მაინც რომ შეეხედათ, ნახავდნენ, რომ ლაშა დარბაიძემ აშშ-ის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო!
რამდენიმე თვის წინ ლაშა დარბაიძე “იმედის გმირად” წარმოსახა ტელეკომპანია “იმედმა” და, როგორც წესია, თავადვე გაანადგურა ის “იმედი”, რომლის გმირადაც დარბაიძე მონათლა. იგი ამერიკაში პრესტიჟული დაცვის სამსახურის ხელმძღვანელია და სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად ითვლება. მის სახელს უკავშირებენ პენსილვანიაში პირველი ქართული ეკლესიის აგებასაც. თუმცა ამ ხელისუფლებამ ივანიშვილს სამების ტაძარი, გადარჩენილი ქართული ხელნაწერები, თეატრები, სკოლები და დახარჯული მილიარდი არ დაუფასა და ერთ ეკლესიას თუ რამდენიმე სამუშაო ადგილს დაინახავდა?
სხვათა შორის, “მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ამბობს, რომ “წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეაქვს სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს; სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს”.
არც ერთი სახელმწიფო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია ივანიშვილთან დაკავშირებით არ იძებნება, ხოლო დარბაიძესთან საერთოდ ანეკდოტური ვითარებაა; მისი მოქალაქეობის დაკარგვის წარდგინება აშშ-ში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მას ისე სასწრაფოდ შეუწყვიტეს მოქალაქეობა (ორ დღეში), რომ თბილისამდე დიპლომატიური ფოსტა ჩამოსვლას ნამდვილად ვერ მოასწრებდა. ამაზეა ნათქვამი: “თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო”!
თუმცა, კაცმა რომ თქვას, დოკუმენტების ამ ვაკუუმში მაინც არსებობს ერთი, რომლის მიხედვითაც დღეის მდგომარეობით ლაშა დარბაიძე კვლავ კონსულად რჩება! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იგი საპატიო კონსულთა ჩამონათვალში მე-17 ნომრითაა:
ლაშა დარბაიძე
ქ. ჯერსი სითი, ამერიკის შეერთებული შტატები
61, Vroom st. Jersey Citi, NJ 073160, USA.
იქვეა მითითებული მისი ტელეფონები და ელექტრონული ფოსტა. სამაგიეროდ, ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი მისი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. არადა, კანონით, სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიეღო ეს ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩოდან და შემდეგ იუსტიციის სამინისტროსთვის გადაეცა! ეს ჩვენი “ყველაზე ეფექტური” მთავრობა ისე ეფექტურად ახერხებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, რომ შესაბამისი დოკუმენტების შედგენაზეც კი არ იტკიებს თავს.
ზუსტად ორი წლის წინ, 2009 წლის 30 ოქტომბერს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ამაყად განაცხადა, რომ, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით, განცხადების მიღების ონლაინსისტემა დაინერგა. იგი ირწმუნებოდა, რომ ამ სიახლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთათვის ექნებოდა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ. ახლა დარბაიძეს ისღა დარჩენია, რომ სააგენტოს ვებგვერდზე აპლიკაციები აგზავნოს, ხოლო პასუხს ის ისევე მიიღებს, როგორც საქართველოში მცხოვრები ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხის მიღება საქართველოს ჯერ კიდევ მოქალაქეებად მყოფ პირებსაც ასევე გვიჭირს.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის – ორსონ უელსის “მოქალაქე კეინის” უკანასკნელი სიტყვები – “ვარდის კოკორი” ამოუხსნელი გამოცანა აღმოჩნდა ჟურნალისტ ტომპსონისთვის, თუმცა მაყურებელი გადაყრილ ძველ ნივთებში ნათლად ხედავდა საბავშვო ციგას წარწერით “ვარდის კოკორი”. ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელი მოქმედებები სწორედ მათ ბავშვურ კომპლექსებს უკავშირდება. აქ მხოლოდ ის არის გასაკვირი, რომ 2003 წელს ვარდის კოკრებით მოხიბლული ადამიანები მხოლოდ ახლა ხვდებიან, საით მიჰყავდა მაშინ სააკაშვილს საქართველო, თუმცა ამაზე – “საქართველო და მსოფლიოს”  23 ნოემბრის სპეცგამოშვებაში…
ნანა დევდარიანი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here