Home ახალი ამბები მსოფლიო 300 მაფიოზი განსასჯელის სკამზე

300 მაფიოზი განსასჯელის სკამზე

318
300 მაფიოზი განსასჯელის სკამზე

საუკუნის პროცესი _ ასე უწოდა იტალიურმა მედიამ მაფიის სასამართლო პროცესს, რომელიც 13 იანვარს დაიწყო კალაბრიაში. სხდომები მიმდინარეობს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებით 3 ათასი კვ. ფართობის სპეციალურად მოწყობილ ბუნკერში. განსასჯელის სკამზეა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან იტალიის სამხრეთში მოქმედი მძლავრი დანაშაულებრივი ორგანიზაციანდრანგეტასბოსები.

მაფიის ბოსები კარცერშიც კი ბოსებად რჩებიან _ ეს არის კრიმინალთა კლუბის მთავარი წესი. კანონები, რომელთა მიხედვითაც ცხოვრობს “ნდრანგეტა”, პოლიციისთვისაც ცნობილია. ბუნკერი, რომელსაც უსაფრთხოების ორი პერიმეტრი აქვს, სპეციალურად ამ პროცესისთვის მოაწყვეს. აქ ათეულობით საკანია, რადგან საქმეში 323 ადამიანი ფიგურირებს _ კლანების წევრები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, ყოფილი დეპუტატები, მერები. მთავარი ბრალმდებელია ლეგენდა-პროკურორი გრატერი, რომელსაც, წლებია, სახელმწიფო იცავს.

გამოძალვა, კორუფცია _ ეს არის ყველაზე რთულად დასადგენი მიმართულებები. “ნდრანგეტას” თავისი ხალხი ყველგან ჰყავს. მანკუზოს მძლავრმა ოჯახმა (განსასჯელის სკამზე ზის ბოსი მეტსახელად ძია ლუიჯი) ისწავლა ფულის კეთება უძრავ ქონებასა და იჯარაზე. მიზნის მისაღწევად იყენებდნენ არა მხოლოდ უხეშ ძალას, არამედ პოლიტიკურ კავშირებსაც. მაფია დაკავებული იყო არა მხოლოდ ნარკოტიკებით, არამედ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და მონაწილეობდა დიდ კომერციულ პროექტებში. ეს ყველაფერი მიუთითებს “ნდრანგეტას” სიძლიერეზე. ეს ორგანიზაცია ძლიერია იმიტომ, რომ დგას ნათესაურ კავშირებზე. ექსპერტთა აზრით, ასეთი დისციპლინა არ არის არც “კოზა ნოსტრასა” და არც ნეაპოლურ “კამორაში”. სწორედ ამიტომ პროცესის მთავარ სენსაციად იქცა კლანის მეთაურის ძმისშვილის, ემანუელეს, ჩვენება. “ნდრანგეტას” ისტორიაში პირველად, კლანის წევრი დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამის გამო მისი 2 წლის გოგონას სიცოცლეს საფრთხე დაემუქრა _ ბავშვი მაფიოზებმა მძევლად აიყვანეს, დედამ კი უარი განაცხადა სახელმწიფოს დაცვაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობას კლანის წევრობა ამჯობინა.

“ნდრანგეტა” დღეს ყველაზე სახიფათოა მაფიებს შორის. მან მსოფლიოში გაიდგა ფესვები. ეს ყველაზე მდიდარი მაფიაა, იმიტომ, რომ ევროპაში კოკაინის შეტანის მონოპოლისტია”, _ ამბობს პროკურორი ნიკოლა გრატერი. “ნდრანგეტა” იზრდებოდა და ძლიერდებოდა, სანამ მსოფლიო “კოზა ნოსტრაზე” გადაღებულ სერიალებს უყურებდა. პირველად ის 2007 წელს ახსენეს, როცა კალაბრიელმა ქილერმა გერმანიაში 6 ადამიანი ისე მოკლა, რომ სამხილები არ დაუტოვებია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო სისხლიანი შურისძიება. სხვათა შორის, განსასჯელთა ნაწილი სწორედ გერმანიაში დააპატიმრეს. პროცესი, რომელსაც 600 ადვოკატი მოემსახურება, ექსპერტების ვარაუდით, წლების განმავლობაში გაგრძელდება.

Smotrim.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here