მთავარი საზოგადოება 3 ნოემბერს საბოლოოდ გადაწყდება, მოაწერს თუ არა ხელს ბართოლომეოსი რუსეთის ეკლესიის გახლეჩას

3 ნოემბერს საბოლოოდ გადაწყდება, მოაწერს თუ არა ხელს ბართოლომეოსი რუსეთის ეკლესიის გახლეჩას

მამა გიორგი (რაზმაძე): ეს იქნება რელიგიური ომი და ამ ომს გაცილებით მეტი დამანგრეველი ეფექტი ექნება ქვეყნისთვის

564
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა სჯულის კანონის ფუნდამენტური ნორმები უხეშად დაარღვია და უკრაინის სქიზმატური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის თვითნებურად მინიჭება გადაწყვიტა, ხოლო თვითმარქვია ფილარეტს წლების წინათ სხვის მიერ დადებული ანათემა მოუხსნა, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო შფოთმა და მღელვარებამ მოიცვა.

საფრთხე იმისა, რომ დასავლეთის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულმა პატრიარქმა ხვალ-ზეგ სხვა ადგილობრივი ეკლესიების კანონიკური საზღვრებიც დაარღვიოს, დიდია და ამაზე სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის მაღალი იერარქებიც, საჯაროდ საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში, ფილარეტის პრეცედენტმა უკვე შექმნა იმის წინაპირობა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” ნებისმიერი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია გაყონ და მის წიაღში სქიზმატურ ელემენტებს დამოუკიდებლობა მიანიჭონ, თუმცა “ლიბერალური” მედია საპირისპიროს ამტკიცებს და დაჟინებით ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქის ქმედებები სჯულის კანონის დარღვევა კი არ არის, პირიქით, მან კანონიერი უფლებების გამოყენებით “ისტორიული სამართლიანობა” აღადგინა. რაც შეეხება კონფლიქტის განახლების საფრთხეს უკრაინაში, გარკვეული ექსპერტები და სასულიერო პირები უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ ბართოლომეოსის მიერ ნაბოძები საეკლესიო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ ქვეყანაში მალე სასტიკი რელიგიური ომი და სისხლისღვრა გაჩაღდება. ამაზე მიანიშნებს ის, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებს სულ უფრო პროვოკაციულად აშუქებს პოროშენკოს მიერ მართული პროდასავლური მედია, რომელიც უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მომხრეებს პატრიოტებად, ხოლო რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეებს ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად აცხადებს…

რა პოზიცია აქვთ დღეს დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებს მსოფლიო პატრიარქის ქმედებებზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ საქართველოს საპატრიარქო _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, საზოგადოების ინტერესი უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ კვლავ დიდია, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი, ცოტა არ იყოს, დახურულად მიდის. ვიცით მხოლოდ ის, რომ რუსეთმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა, თუმცა მსოფლიო პატრიარქი გადაწყვეტილებას არ ცვლის. მოდი, დეტალურად ავუხსნათ მკითხველს, რა ხდება რეალურად და რა ეტაპზეა დღეს ეს საქმე.

_ პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს პროცესები არის ამერიკის სცენარი და მის მიერ ინსპირირებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ისედაც ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ მოსახლეობას თავგზა აურიონ და დეზინფორმაციით მოწამლონ. ეს პროპაგანდისტული მანქანა, ეკლესიის წიაღში არსებულ პროდასავლურ ძალებთან ერთად, ყველანაირად ცდილობს, ხალხს რეალობა სხვანაირად დაანახვოს. ანუ, ხდება მოვლენების ისე გაშუქება, რომ თითქოს ტანჯული 40-მილიონიანი უკრაინელი ერი გულმოდგინედ ელოდება ეკლესიის დამოუკიდებლობას და როგორ შეიძლება, მას მხარი არ დავუჭიროთ. თუმცა მათ უმთავრესი რამ ავიწყდებათ _ ეკლესიური კანონები და ნორმები მკვეთრად განსხვავდება საერო კანონებისგან.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა და, დიდი ალბათობით, ამ სხდომაზე მოხდება უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საბოლოოდ გამოცხადება. ამაზე უკვე იყო გარკვეული მინიშნებები და ბუნებრივია, ამ მხრივ ეს სხდომა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს.

_ ლიბერალური პროპაგანდა, რომელიც თქვენ ახსენეთ, საზოგადოებას არწმუნებს, რომ მსოფლიო პატრიარქი კანონიკურ ნორმებს არ არღვევს და მას, როგორც სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს თავს, უფლება აქვს, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

_ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ პირობითადაა თავი და უფროსი სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურებს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველაფრის გადამწყვეტია. მას არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად, საერთო თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება და მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი, რასაც ის დღეს აკეთებს, უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ, არის პაპიზმის დამკვიდრების მცდელობა. ის, რომ ფსევდოღვთისმეტყველები, მათ შორის ტიგინაშვილი, ამბობენ, თითქოს ჩვენ ბართოლომეოსს უსაფუძვლოდ ვამხელთ, ჩემთვის გასაკვირი არაა.

_ თქვენი აზრით, ეს ღვთისმეტყველები მიზანმიმართულად უპირისპირდებიან სამღვდელოების იმ ნაწილს, რომელიც ბართოლომეოსის ქმედებებს აკრიტიკებს?

_ ცხადია. ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ლანძღავენ ჩვენს სამღვდელოებას, რომ ის თითქოს ნაკლებად განსწავლულია საეკლესიო საკითხებში, ვიდრე მსოფლიო პატრიარქი, მაგრამ ამ ხალხს ერთი რამ ავიწყდება: მსოფლიო პატრიარქს განათლება რომში, კერძოდ, ვატიკანში აქვს მიღებული. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ასწავლიან ვატიკანის სასწავლებლებში საეკლესიო კანონიკას. სამწუხაროდ, ბევრი მინახავს, ჩვენგან რომში სასწავლებლად წასული როგორი დაბრუნდა უკან _ ჩვენი ეკლესიის წიაღში… არ მინდა კონკრეტული სახელები და გვარები, გამგები გაიგებს.

რაც შეეხება 3 ნოემბერს დაგეგმილ სინოდის სხდომას, ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფაქტი, იმიტომ, რომ ამის შემდეგ მართლმადიდებელ სამყაროში დაიწყება გახლეჩა, თუმცა ეს პროცესი უკვე ისედაც, დიდი ხანია, დაწყებულია. სხვათა შორის, არ ვიცი, ეს მართალი თუა, მაგრამ ამას წინათ ერთერთმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა ათონის მთის გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ 1500 წელიწადი ათონის მთა იყო დამოუკიდებელი, არ ემორჩილებოდა არავის და, თუ ბართოლომეოსის ქმედებების შემდეგ მათ რუსი მომლოცველები შემოაკლდებათ, საბოლოოდ გაემიჯნებიან კონსტანტინოპოლს. ასევე ძალიან მკაცრი იყო იერუსალიმის პატრიარქის შეფასებაც და არა მხოლოდ, იგივე პოზიცია აქვს ბულგარეთს, სერბეთსა და სხვებსაც.

_ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე რას იტყვით?

_ ძალიან რთულია დღეს ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ყველა თავს იკავებს პოზიციის გამოხატვისგან, თუმცა, ადრე თუ გვიან, მოუწევს ჩვენს ეკლესიას კონკრეტული განცხადების გაკეთება და იმედი მაქვს, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული… დანარჩენს დრო გვიჩვენებს. 3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული…

_ მუდმივად საუბრობენ და მსჯელობენ იმაზე, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ბართოლომეოსის ქმედებები ჩვენთვის. თუკი მან შეძლო ის, რომ 140-მილიონიანი რუსეთის ეკლესია გაეხლიჩა, შეძლებს თუ არა იმავეს საქართველოს შემთხვევაში და არის კი დღეს ჩვენი ეკლესია მზად მსგავსი სცენარისთვის?

_ ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე დაიწყო საუბარი, მსოფლიო საპატრიარქოდან ხმა გამოვიდა, რომ ბართოლომეოსს უთქვამს, თუ საქართველო მხარს დაგვიჭერს ავტოკეფალიის მინიჭებაში, თბილისში ჩავალ და განცხადებას გავაკეთებს, რომ, როგორც აფხაზეთი, ისე სამაჩაბლო, არის საქართველო და იქ არავის აქვს უფლება, ეპარქიები გახსნასო. ეს იყო პირდაპირი მინიშნება: თუ მხარს დაგვიჭრთ _ ჩვენც საჯაროდ გამოვხატავთ მხარდაჭერას თქვენს ტერიტორიულ მთლიანობაზეო… ახლა ეს შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად აღიქვას, მაგრამ რეალურად შევხედოთ მოვლენებს: რას ნიშნავს, თუ ჩვენკენ იქნებით, მხარს დაგიჭერთ? ეს არ არის ვაჭრობა? ეს არ არის მუქარა და შანტაჟი, რომ, თუ ასე არ მოიქცევით, დაისჯებითო? მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ ახლა ვართ ორ ცეცხლს შუა: ერთ მხარესაა რუსეთის საპატრიარქო, მეორე მხარეს _ კონსტანტინოპოლის. ნებისმიერის მხარეს დადგომა შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ სჯულის კანონით უნდა ვიმოქმედოთ…

_ თქვენ მიერ ნახსენები ფსევდოღვთისმეტყველების შეფასებით, საქართველომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისგან რუსეთის ფაქტორის გამო თავი არ უნდა შეიკავოს. მათი განმარტებით, დღეს საქართველოს ეკლესია მაინც ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას აფხაზეთში და ის მხოლოდ ფორმალურადაა რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენს ნაწილად აღიარებული.

_ ეს ისეთი აბსურდული “არგუმენტია”, რომ მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგიის ყურმოჭრილ მონას შეიძლება ასეთი რამ მოაფიქრდეს. რა გამოდის: ჩვენი უწმინდესი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად რომ იწოდება, ესეც ფორმალობაა?! მაშინ ადგნენ და უთხრან პატრიარქს, რომ ტყუილად აქვს ეს ტიტული. რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი. ასე მოაზროვნე “თეოლოგებს” და სასულიერო პირებს საზოგადოებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ილაპარაკონ, რაც უნდათ და რამდენიც უნდათ. ჩვენ კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში ჩვენი იურისდიქცია, ეკლესიისა და სახელმწიფოსიც, რაც შეიძლება მალე აღდგეს. რაც შეეხება უკრაინას, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ბართოლომეოსის ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში აუცილებლად მოჰყვება ახალი სისხლისღვრა, ოღონდ ეს იქნება რელიგიური ომი და ამ ომს გაცილებით მეტი დამანგრეველი ეფექტი ექნება ქვეყნისთვის. სხვათა შორის, იქ უკვე დაწყებულია გარკვეული მოძრაობები და ერთი სული აქვთ, მონასტრები დაისაკუთრონ. ახლა, მაგალითად, ხმალამოღებული უყურებენ პოჩაევის მონასტერს და ცდილობენ შიგნით შეღწევას (ასეთივე მცდელობებია კიევ-პეჩორის ლავრაშიც და არა მხოლოდ), ანუ შეტევა, რომელიც, დიდი ხანია, მზადდება, ფაქტობრივად, დაწყებულია და ძალიან ცუდი პირი უჩანს ამ ყველაფერს. საერთოდ, რელიგიური ომი უფრო მძიმე გადასატანია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ, განსხვავებით ჩვეულებრივი სამხედრო დაპირისპირებისგან, ის ერს სულიერადაც ანადგურებს. აი ამიტომ მინდა, გამძლეობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს და განსაკუთრებით ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს. ღმერთმა ქნას, ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს კეთილგონიერება ეყოთ და სწორ გზას არ ასცდნენ; ღმერთმა ქნას, ეს ყველაფერი კარგად დასრულდეს და მალე მათ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here