GEWORLD.GE:
ქართველი მწერლის _ გურამ ოდიშარიასა და აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის _ ბათალ კობახიას თაოსნობით, 18 ოქტომბერს კავკასიურ სახლში პირველი ერთობლივი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ალმანახის «სამხრეთ კავკასია» პრეზენტაცია გაიმართა. ალმანახში სამხრეთკავკასიელი ხალხების _ ქართველების, ოსების, აფხაზების, სომხებისა და აზერბაიჯანელების წარმომადგენელთა ნაწარმოებები დაიბეჭდა. გამომცემელთა აზრით, სამშვიდობო პროცესში ალმანახი, შესაძლოა, გაუცხოების დაძლევისა და დიალოგის საუკეთესო საშუალებად იქცეს. ალმანახის იდეის ავტორი და ინიციატორი, გურამ ოდიშარია ამბობს, რომ გამოცემის იდეა ქართულ-აფხაზური შეხვედრების დროს გაჩნდა, რომლებშიც ის სახალხო დიპლომატიის ეგიდით მონაწილეობდა.
გურამ ოდიშარია: _ აფხაზ საზოგადო მოღვაწესთან, ბათალ კობახიასთან ერთად შემოვიარე მთელი კავკასია და ამ საშინელი კონფლიქტის მერე, რაც ორმა ერმა გადავიტანეთ, ქართველს და აფხაზს რომ ერთად გვხედავდნენ, გაოცებული გვიყურებდნენ.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმება რომც შედგეს და ხელშეკრულებებს ხელი მოეწეროს, თუ ხალხთა შორის სიძულვილი იარსებებს, შერიგება არ მოხერხდება. საქართველოშიც და აფხაზეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკების წინააღმდეგი არიან, მაგრამ, როცა ბათალ კობახიას ზოგიერთები მისი საქმიანობის გამო საყვედურობენ, ის ყველას პასუხობს, რომ ამ ომში ოჯახის 6 წევრი დაკარგა და ახალი მსხვერპლი აღარ სურს.
_ ბატონო გურამ, რა პრინციპით შეარჩიეთ ნაწარმოებები, განმსაზღვრელი ფაქტორი იყო თუ არა პატრიოტული თემატიკა?
_ ალმანახამდე ჩვენ გამოვეცით წიგნი სახელწოდებით «Время житъ», მასში ომის საშინელების ამსახველი ნაწარმოებები დაიბეჭდა, ახლა კი გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის გვეჩვენებინა, რა იწერებოდა ოცი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში. ქართველი მწერლებიდან ალმანახში დაიბეჭდა ახალგაზრდა მწერლების: თეონა დოლენჯაშვილის, ბესო ახვლედიანის, შოთა იათაშვილის ნაწარმოებები. ეს ის თაობაა, რომელიც კონფლიქტების შემდეგ მოვიდა ლიტერატურაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როდესაც ალმანახი დაიბეჭდა, აზერბაიჯანელები სომხების ნაწარმოებებს ეძებდნენ და სომხები პირიქით _ აზერბაიჯანელებისას, აინტერსებდათ, რა დაწერეს მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა.
კავკასიაში მშვიდობას მხოლოდ ლოზუნგებით ვერ მივაღწევთ. ეს ალმანახი კი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
_ აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებამ როგორ მიიღო ალმანახი?
_ იქაც გაიმართა ალმანახის პრეზენტაცია, არავის არც შენიშვნა და არც პრეტენზია არ ჰქონია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მართალია, არ არის დარეგულირებული, მაგრამ, რაც მთავარია, ქართველ და აფხაზ ერებს შორის კვლავაც არსებობს მეგობრული და ნათესაური კავშირები. ადამიანური ფაქტორი კი ხშირად გადაწონის ხოლმე პოლიტიკას და გვინდა, ეს ფაქტორი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რაც მხოლოდ პოეზიის, ლიტერატურის დახმარებითაა შესაძლებელი. კულტურა და ხელოვნება უფრო მაღლა დგას პოლიტიკაზე.
_ ბატონო გურამ, ახლახან თქვენ იტალიასა და საბერძნეთში იმყოფებოდით, გვიამბეთ ამის შესახებ.
_ სექტემბრის ბოლოს ვიყავი რომში, კავკასიურ შეხვედრაზე, სადაც ქართველებთან ერთად ოსებიც და აფხაზებიც იმყოფებოდნენ და სწორედ აქ ვიმსჯელეთ, რა სახით უნდა გამოგვეცა ალმანახი. შემდეგ კი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე დავესწარი ყოველწლიურ კონფერენციას «ცივილიზაციათა დიალოგი». აღსანიშნავია, რომ მას საერთოდ ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, შემოქმედი ადამიანები, რომლებიც საინტერესო საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაზე მე უკვე მეოთხედ მიმიწვიეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს ჩემთან ერთად პირველად იმყოფებოდა აფხაზი მწერალი ბათალ კობახია და ჩვენი ალმანახიც წარვუდგინეთ დამსწრე საზოგადოებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გაოცებული დარჩა ჩვენი ალმანახით და ინიციატივაც მოგვიწონეს.
ომი ერთ წამში ანადგურებს ყველაფერს, მშვიდობა კი პატარა ნაბიჯებით მოდის, მაგრამ მშვიდობისთვის უნდა ვიბრძოლოთ, სიცოცხლე მხოლოდ ამისთვის ღირს.
კავკასიურ სახლში ალმანახის პრეზენტაციას ქართველი მწერლები, პოეტები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. თითოეული მათგანი აღნიშნავდა ალმანახის მნიშვნელობასა და ხალხთა შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობას.
პროფესორი, მწერალი ზაზა აბზიანიძე ამბობს, რომ შეუძლებელია მეზობელთან გამუდმებით მტრობასა და დაპირისპირებაში ცხოვრობდე: «საყოველთაო სიძულვილის, დაპირისპირებისა და კომპრომატების ძიების დროს ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავენ. სწორედ ასეთია მწერალი გურამ ოდიშარია. ქართველებსა და აფხაზებს შორის დიდი უფსკრულია, მაგრამ ყოველი ასეთი კრებულის გამოცემა, ყოველი ასეთი შეხვედრა თითოეული ის ქვაა, რომელიც ერთმანეთისთვის კი არაა დამიზნებული, არამედ არსებული უფსკრულის ამოსავსებადაა გამიზნული.»
მწერალ გივი ალხაზიშვილის აზრით, მთვარია, დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. «ალმანახი _ ეს არის შესანიშნავი გზა მშვიდობისკენ, კულტურული ურთიერთობისკენ, საშუალება იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ დღეს ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ,» _ აღნიშნა მან.
ალმანახის პრეზენტაციას მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი საგანგებოდ ამ დღისთვის ეწვივნენ საქართველოს. სომხეთის წარმომადგენელი ირინა გრიგორიანი ამბობს, რომ კავკასიელი ხალხები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: «ჩვენ გვაქვს საერთო მენტალიტეტი, კავკასიელები სტუმართმოყვარე, გულღია ხალხი ვართ. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ახლა ქვების შეკრების დროაო, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ყველას როდი შეუძლია დაუფარავად თქვას, რასაც ფიქრობს. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დიდებულ ადამიანს ვიცნობ, როგორიც გურამ ოდიშარიაა. მიუხედავად ფეხის ტკივილისა, მან მაინც ფეხით შემოიარა კავკასიის ძნელადსავალი გზები.
სხვათა შორის, როცა სასტუმროში ადგილების უქონლობის გამო, ბათალ კობახია და გურამ ოდიშარია ერთ ნომერში დავაბინავე, სასტუმროს მეპატრონეს, შეშინებულს, კართან ეძინა, ერთმანეთი არ დახოცონო.
და როდესაც ამ ორ ადამიანს ერთად ვხედავ, იმედი მიჩნდება, რომ საერთო ენას გამოვნახავთ და კავკასიაში მშვიდობა დამყარდება».
აზერბაიჯანის წარმომადგენელ ავაზ ჰასანოვის თქმით, ალმანახი კავკასიელი ხალხისთვის დიდი შენაძენია: «გურამ ოდიშარიამ და ბათალ კობახიამ ბევრი გააკეთეს არამარტო როგორც მწერლებმა, არამედ მათ მშვიდობისმყოფელების ნამდვილი, ჭეშმარიტი სახე დაგვანახეს».
ალმანახის შემდეგი ნომერი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა და პრეზენტაციას უკვე აფხაზები და ოსებიც დაესწრებიან.
შორენა ცივქარაშვილი