Home რუბრიკები პოლიტიკა RECRUITED, ანუ აშშ-ის მოქმედი და სარეზერვო აგენტურა საქართველოში

RECRUITED, ანუ აშშ-ის მოქმედი და სარეზერვო აგენტურა საქართველოში

871

GEWORLD.GE:
საქართველოს ხელისუფლება დღენიადაგ რუსეთის ჯაშუშების ძიებაშია, ამ დროს ქვეყანაში რამდენია სხვა, უცხო ქვეყნის ჯაშუში, კაცმა არ იცის. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რუსეთის გარდა, სტრატეგიული ინტერესები საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის მიმართ, არაერთ სახელმწიფოს გააჩნია, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, რომელთა წარმომადგენლები (ზოგი ღიად, ზოგი შეფარვით) არც მალავენ, რომ გაფართოებას საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე აპირებენ.
რუსეთის ხელისუფალთ, ალბათ, არც დაესიზმრებათ, იმდენი მოქმედი და პოტენციური ჯაშუში ჰყავს აშშ-ს საქართველოში. იმაზე არ მოგახსენებთ, რომ ეს ხელისუფლება აშშ-ის ადმინისტრაციის ყურმოჭრილი ყმაა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები თადარიგს აქედანვე იჭერენ _ თუ საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა, თუ «ნაცხელისუფლება» ისეთი ხელისუფლებით შეიცვალა, რომელიც რუსეთთან, ევროპასთან და ამერიკასთან დაბალანსების პოლიტიკას განახორციელებს, თუ ამერიკის გავლენა შესუსტდა საქართველოში, აი, მაშინ აამოქმედებს ამ სარეზერვო აგენტურულ ქსელს ამერიკა საქართველოში და ფარულ ომს გააჩაღებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა გავლენაც იმ დროისთვის გაიზრდება ჩვენს ქვეყანაში.

კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, მეტად საყურადღებო ინფორმაცია მოვიპოვეთ. წყარო, ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, გამოჩენას არ აპირებს, რადგან ინფორმაცია მართლაც სკანდალურია და მისი გამხელა, შესაძლოა, მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.
საქართველოს შსს და მისი სპეცსამსახურები ამერიკული სპეცსამსახურების ფილიალები რომაა, ეს ცნობილია. შსს-ში მათ კონტროლქვეშაა ყველაფერი, მათ შორის, საქართველოს სპეცსამსახურების აგენტურა. მეტიც, საქართველოს ნებისმიერი სპეცსამსახურის აგენტი ავტომატურად აშშ-ის სპეცსამსახურების აგენტია. ჯერ მოდით, ადამიანთა იმ კატეგორიაზე მოგახსენებთ, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურების აგენტები ნებით თუ ზეწოლით ხდებიან, მერე კი იმას გეტყვით, რატომ არიან ეს ადამიანები თავისთავად ამერიკის აგენტები.
წყაროს ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურების აგენტები არიან შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
1. საბჭოთა კავშირის უშიშროების (კგბ) ყოფილი აგენტები საქართველოში, რომელთაც მოინანიეს ეს ფაქტი, აღიარებით მივიდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურასა და კუდ-ში. ამ ადამიანების ნაწილი დათანხმდა საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. ეს ფაქტი დაადასტურა შსს-ს მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაცია «ენვერმა»;
2. ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელთაც სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნათ და საპროცესო გარიგებით დააღწიეს თავი ციხეს. ამ ადამიანთა ნაწილი, იძულების წესით, თანხმდება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე, ბევრს ისე იჭერენ დილით და საღამოს ისე უშვებენ, ადვოკატის აყვანასაც ვერ ასწრებნენ, თუმცა არც სჭირდებათ, თუ თანამშრომლობას დათანხმდებიან, თანხასაც არ ახდევინებენ თავისუფლების საფასურად. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოებში, დაახლოებით, 240 000 საპროცესო გარიგება შედგა. წყარო აცხადებს, რომ ამ ადამიანების მინიმუმ მეოთხედი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ოფიციალურად დათანხმდა;
3. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, გეხსომებათ, ირაკლი ოქრუაშვილმა დიდი დაჭერები დაიწყო და ასეულობით ადამიანს დიდძალი ფული შეატანინეს ბიუჯეტში. მრავლად იყვნენ ისეთებიც, რომელთა დანაშაულის მტკიცებულებები ხელთ ჰქონდათ ძალოვანებს, მაგრამ ისინი არც დაუჭერიათ, არც ფული გადაუხდიათ. წყაროს მტკიცებით, შევარდნაძის ხელისუფლების  საშუალო და დაბალი დონის ჩინოვნიკებმა ახალი ხელისუფლების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადეს და ამიტომაც, დიდად არ შეუწუხებიათ ეს ხალხი და «შერჩევითი დაჭერების» მიზეზიც ეს იყოო;
4. ანალოგიურად დათანხმდნენ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ის ბიზნესმენები, რომელთაც კანონდარღვევით ჰქონდათ შევარდნაძის ეპოქაში შეძენილი უძრავი ქონება, კანონდარღვევით ჰქონდათ სახელმწიფო ტენდერები მოგებული თუ გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში იყვნენ მხილებულნი. არც ისინი დაუჭერიათ, საბიუჯეტო დავალიანებაც აპატიეს (ზოგს _ რამდენიმე მილიონი ლარი);
5. სტუდენტების ერთი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების (პრეზიდენტის ფონდი და ა. შ.) მეშვეობით დაფინანსდებიან უცხოეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. მათ, სოლიდური დაფინანსების _ სწავლის სრული დაფინანსების სანაცვლოდ, სთავაზობენ თანამშრომლობას, თუმცა არავინ აძალებს ამას და ნებაყოფლობით თანხმდებიან აგენტობას.
ცხადია, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი ავტომატურად ამერიკის სპეცსამსახურების აგენტებიც არიან. მაგრამ ამის შესახებ კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა. წყარო ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა, დაახლოებით 200 000 ასეთი აგენტის სია, სრული დოსიე, მათი მაკომპრომეტირებელი მასალები, მათი იძულებითი თუ ნებაყოფლობითი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტები თანაშრომლობაზე, აგენტების საიდენტიფიკაციო და სხვა სახის ინფორმაცია, საკუთარი ხელით ჩაიტანა ამერიკაში. «ეს ამბავი მოხდა 2010 წლის 10 მაისს. ვანო მერაბიშვილი გაემგზავრა აშშ-ში. მისი ამერიკაში ვიზიტის ოფიციალური მიზეზი აშშ-ის გამოძიების ფედერადური ბიუროს შეფთან, რობერტ მიულერთან შეხვედრა იყო. მაგრამ ის ფარულად შეხვდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფ პალეტას… და აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადასცა,» _ ამტკიცებს ჩვენი წყარო.
«თეთრების» ლიდერი თემურ შაშიაშვილი სახელისუფლო კულუარული დეტალების თაობაზე ხშირად საქმის კურსშია და არც კომენტარისგან იკავებს თავს. «საქართველო და მსოფლიო» სწორედ მას დაუკავშირდა და ზემოხსენებული ინფორმაცია დეტალურად გააცნო. აი, რა გვითხრა მან:
«საპროცესო გარიგებებით სასჯელს თავარიდებული ადამიანების დიდი ნაწილი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას რომ თანხმდება, ცხადია, იძულების წესით, ეს ნამდვილად ასეა. იმ დანარჩენი კატეგორიის ადამიანთა ნაწილიც, რომელიც ჩამოთვალეთ, ცხადია, თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან. ცალსახად იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ხალხი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას თანხმდება, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებთანაც ითანამშრომლონ, არ გამოვრიცხავ, რომ ეგ ინფორმაცია მართალია. სამწუხაროდ, საქართველოში, ძირითადად პოლიტიკოსთა ორი კატეგორიაა _ პოლიტიკოსები, რომლებიც ფეხქვეშ ეგებიან რუსეთის ან ამერიკის ხელისუფლებას, ერთი ან მეორე ქვეყნის ხელისუფლების მონები არიან (და არა მარტო ამ ორი ქვეყნისა). ყველაფერი დასაშვებია ამ ხელისუფლებისგან; ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს დაუთმობს ამერიკას და არა მარტო მას, რათა გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ეგ ვერსია დასაშვებია, რადგან ამათგან მართლა არაფერია გამორიცხული».
მოკლედ, აშშ-ს, ახლა იდეური თანამოაზრეებისა და სხვადასხვა გრანტებით დაფინანსებული ღია, ე.წ. გავლენის აგენტურის გარდა, 200 000 დარეზერვებული აგენტი ჰყავს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ აშშ-ის აგენტები არიან. ისინი ვანოს აგენტებად თვლიან თავს, ამას შეგუებულნი არიან, მაგრამ, როცა ვანო და მისი მეგობრები წავლენ ხელისუფლებიდან, მათ გამოეცხადება «ძია სემის» წარმომადგენელი და ამერიკის სასარგებლოდ ამუშავებს. კაცმა არ იცის, ვინ რა დავალებას მიიღებს. ამერიკა დღეს კია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი იცვლება, იცვლებიან პარტნიორებიც და, ერთხელაც, საქართველო და ამერიკა, შესაძლოა, საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდნენ. აი, მაშინ გვექნება საქმე სატირლად _ ამ 200 000 კაცს ამერიკა საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენებს, საქართველოს წინააღმდეგ და არა _ საქართველოს ხელისუფლების.
ლევან ჯავახიშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here