Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენი სამშობლო უფალია

ჩვენი სამშობლო უფალია

877

GEWORLD.GE:
«ნოეს სამივე შვილის შთამომავალნი თავდაპირველად ერთად ცხოვრობდნენ, ერთი ქვეყანა ეჭირათ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთ ხალხს შეადგენდნენ, მაგრამ, რადგანაც მაშინ ადამიანები მეტად დღეგრძელნი იყვნენ, ამიტომ ხალხი ძალიან გამრავლდა და ერთად აღარ ეტეოდა. დღეს თუ ხვალ უნდა დაყოფილიყვნენ ცალ-ცალკე თემებად და აქეთ-იქით დაფანტულიყვნენ საცხოვრებლად. მაშინ მათ ერთად მოიყარეს თავი და სთქვეს: «მოდით, სანამ ერთად ვართ და ჯერ კიდევ არ წავსულვართ, ისეთი რამ ავაშენოთ, რომ ჩვენი სახელის სახსოვრად და სადიდებლად საუკუნოდ დარჩეს, და, როცა მას შეხედავენ ჩვენი შთამომავალნი, განცვიფრებულებმა თქვან ჩვენზედ: რა მრავალნი, მძლავრნი და ხელოვანნი ყოფილანო». თქვეს და ასრულებასაც შეუდგნენ, გამოწვეს უთვალავი აგური და დაიწყეს ბაბილონში ერთი უშველებელი სვეტის, ანუ გოდოლის აშენება, რომელსაც, მათი განზრახვით, ცისთვის უნდა მიებჯინა წვერი, მაგრამ ღმერთს არ მოეწონა მათი ეს საქმე. უფალს სძულს უგუნური და ყველასათვის უსარგებლო საქმე. ამიტომ მან აურია მშენებელთ ენა: უცებ სხვადასხვა ენაზე იწყეს ლაპარაკი, ერთმანეთის არა ესმოდათ რა და იძულებულნი დაიყვნენ თემებად, გაიფანტნენ, ცალ-ცალკე ადგილები ამოირჩიეს საცხოვრებლად და სხვადასხვა ხალხები წარმოშვეს. ასე დაბადა უფალმა ყველა ენა და ამით ყოველ კაცს აჩვენა, რომ მას უნდა უყვარდეს თავისი დედაენა, როგორც უფლისაგან მოპოვებული საუნჯე და ძვირად უნდა აფასებდეს მას».

ერი, უპირველეს ყოვლისა, ბოლომდე შეუცნობი, სულიერი ორგანიზმია, რომლის არსებობასაც ღვთის ნება და ის მისია განაპირობებს, რაც მას დაეკისრა. ერები, ისევე, როგორც ადამიანები, ოდესღაც იბადებიან და კვდებიან და, ალბათ, მათი მკვდრეთით აღდგომაც შესაძლებელია. ეპოქების მიხედვით, ერის ფენომენზე, მის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა, მაგრამ ამ აზრთა შორის დომინანტი იყო ღვთაებრიობის პრინციპი. ძველი ბერძნები თუ ლათინები თავიანთ წინაპრებად ოლიმპოელ ღმერთებს მიიჩნევდნენ. შუა საუკუნეებში ქრისტიანებიც და მუსლიმებიც თავიანთ წარმოშობას ბიბლიის პერსონაჟებს უკავშირებდნენ.
XIX-XX საუკუნეებში ევროპული მეცნიერება შეეცადა, უარეყო ერების წარმოშობის ღვთაებრიობის იდეა და სანაცვლოდ წინ წამოეწია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ მექანიზმებს როდი შესწევს უნარი, შექმნას კულტურა, იგი სულიერების ნაყოფია; და უარყო ერი, როგორც სულიერი ინდივიდი, ნიშნავს უარყო ეროვნული კულტურა. არადა, მსოფლიო ცივილიზაცია ეროვნულ კულტურათა ერთობლიობაა; ღმერთს რომ ეროვნული და ენობრივი ნიშნით არადიფერენცირებული სამყარო ნდომებოდა, მაშინ შვიდი ათასი წლის წინათ არ დაარღვევდა ბაბილონის გოდოლს. სწორედ მისმა დაშლამ განაპირობა ერთა ტრადიციული აღზრდა, ეროვნულ ფასეულობათა სიმტკიცე და თავისთავადობა.
«ცათამჯენის» აღმართვა, ალბათ, იმიტომ გახდა აუცილებელი, ბიბლიური წარმომავლობა ეროვნულში გადაზრდილიყო და საკუთარი ენითა და ნიშნით ედიდებინა ქვეყნის შემოქმედი. მამულის, ენისა და სარწმუნოების მრწამსით შეექმნა სამება ერთარსების მიწიერი დანიშნულება, რომ ქებაი და დიდებაი, ბაბილონის ჩამორღვეული კედლებიდან იოანე ზოსიმეს ენით აღვლენილიყო იმაზე მაღლა, ვიდრე გოდოლი მიაღწევდა. «ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლით იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი, თავისსავე შეუმჩნევლად, დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო, მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავის თავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა».
ქართველთა მოდგმის ისტორიაც ბაბილონის გოდოლის ეპოქიდან იწყება, რომლის შენება იყო აქტი, მიზანს კი კაცობრიობის ერთფეროვნების, უნიტარულობის შენარჩუნება წარმოადგენდა. არადა, უფლის ნება იყო, რომ ადამიანები, როგორც პიროვნულად, ისე ერების სახით, ინდივიდუალურნი, თვითმყოფადნი, თავისებურნი ყოფილიყვნენ. ერთი ნათესავი ერების მოდგმა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვაუწყებს, არ მონაწილეობდა გოდოლის შენებაში. როგორც წარღვნის ჟამს ნოე და ძენი მისნი, ასევე გოდოლის შენებისას სემის შთამომავალთა ერთი მოდგმა მაინც უეჭველი იცავდა «სამეუფო გზას».
ბაბილონის გოდოლის შენების დროსაც არსებობდნენ რჩეულნი, რომელთათვისაც ქამის შთამომავალ ნებროთიანთა ამპარტავნული ახირება უცხო და მიუღებელი იყო. ეს სწორედ ის მოდგმაა, რომელიც გოდოლის რღვევის შემდეგ, კავკასია-შუამდინარეთიდან არ განუდევნია უფალს, სხვათა მსგავსად არ განუფანტავს. გოდოლის რღვევის შემდეგ, კავკასიასა და შუამდინარეთში, მხოლოდ სემისა და ებერის შთამომავალნი დარჩნენ.
«გოდოლურ» მოდგმებში ეროვნული ენა მოდგმათა გამმიჯნავ, უმთავრეს ბერკეტად იქცა. ებერიანებში, რომელნიც გოდოლამდე გაემიჯნენ დანარჩენ კაცობრიობას, ენას, ლექსიკას სულ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა. ებერიანნი მარადიულ, ანტიგოდოლისტურ ინდივიდუალურ მუხტს ატარებდნენ. მათ არ ეშინოდათ უცხო ენათა ექსპანსიისა, რადგანაც არ არსებობდა ამქვეყნიური ფაქტორი, რომელიც ებერიანთა თვითმყოფადობას საფრთხეს შეუქმინდა. ერმა მისი ნამდვილი დანიშნულება უნდა გაიგოს და აღასრულოს ღვთისგან მინიჭებული უფლება. «მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ».
ყველა მოწოდებულია გადარჩენისთვის, მაგრამ რჩეულობა, უფლის გულმოწყალების გარდა, ჩვენი სურვილის ხარისხზეა დამოკიდებული. საქართველო ეკუთვნის იმ რჩეული ქვეყნების რიცხვს, რომელთაც ბიბლიურ სამყაროსთან ინტენსიური ურთიერთობის პატივი ხვდა წილად. «ხოლო შემდგომად ამისსა, ვითარ გარდახდა ოცდაათი წელი, მაშინ მოუწერა ანა მღდელმან უერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: «იგი რომლისათვის სპარსნი მეფენი ძრუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი ჰასაკსა სზომსა მიწევნულ არს, და თავსა თვისსა ხადის ძედ ღმრთისად, მოვედით ყოველნი სიკვდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი». და წარვიდა აქათ ელიოზ, მამის მამა ჩემი, კაცი მოხუცებული; და ესუა მას დაი ერთი და ევედრებოდა ელიოზს დედა მისი ესრეთ: «წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა სჯულისასა; ხოლო რომელსა იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი, ნუ, შვილო, რამეთუ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა».
საინტერესოა, ქართლიდან წასულები რა მისიის აღსასრულებლად მიაშურებდნენ გოლგოთას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მაცხოვრის ტანჯული სახისთვის შეეხედათ, თუ მის ხელთუქმნელ პერანგს, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილ კვართს განსაკუთრებით დაიმარხავდნენ გულში, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. «ხოლო ოდეს დამსჭუალეს უფალი და პასანიკმან კვერითა დაჰკრა სამსჭვალთა, აქა დედასა ელიოზისა ესმა, და იკრჩხიალნა და თქვა: «მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მოცხოვარი და იქმენით მკვლელ შემოქმედისა». იქ მყოფთა შორის მცხეთიდან წასულების დანიშნულება მრავლისმთქმელი და მეტად საპასუხისმგებლო იყო. «ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხვდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ და მოიღო მცხეთას და მიეგება დაი მისი, შესუარული ცრემლითა: მოეხვა ყელსა ძმასა თვსსა და მოუღო სამოსელი იგი იესოსი, შეიტკბო მკერდსა თვსსა და მსწრაფლს სულნი წარხდეს».
უფლის კვართის ჩამობრძანებით, არა მარტო მისი შენახვა დაგვეკისრა, არამედ მისთვის თავდადება და ჯვარცმა. თავისთავად ისიც გვიცავდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მტრის უთვალავი ურდო მოადგებოდა, მაცხოვარი უხილავად ქართველ ერს მისი პერანგით შემოსავდა და ასე მარცხდებოდნენ სარწმუნოების მტრები. ხშირად, ჩვენდა გასაოცრად, დამპყრობელთა რიგებში, ერთმორწმუნე სახელმწიფოები უფრო დაუნდობლები იყვნენ, ვიდრე მტარვალი თემურ ლენგის პირსისხლიანი მეომრები. ბიზანტიური ტიტულებისთვის ბრძოლა ერს ძვირად უჯდებოდა, მით უფრო, მაშინ, როცა ლიპარიტობა ავადმყოფობად გვექცა, რამაც ერთიანი საქართველოს საწყის პერიოდში იჩინა თავი. მეფეს გარეშე მტრისთის ეომა თუ ჯერ შიგნით მოეშთო მოღალატეები, თუმცა კვალი ბიზანტიამდე აღწევდა. ლიპარიტს მხარს უჭერდა და პოზიციებს უმაგრებდა ბიზანტიის იმპერია, თავისი ჯარით, ფულით… ლიპარიტმა მეფის წინააღმდეგ აჯანყებაც მოაწყო.
ბიზანტიელებმა და ლიპარიტმა ბაგრატს მისი ნახევარძმა დემეტრე დაუპირისპირეს. მოკავშირეთა ლაშქარი ატენის ციხეს მიადგა. ლიპარიტი ბიზანტიის იმპერიის დახმარებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ბაგრატი ხედავდა, რომ ბრძოლით მასთან ვერას გააწყობდა და ისევ ბიზანტიის იმპერატორის შუამდგომლობას მიმართა ლიპარიტთან მოსარიგებლად. როგორც ქართველი მემატიანე გადმოგვცემს, ბაგრატმა თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი აკურთხა და დატოვა ქუთაისს, თვითონ კი ბიზანტიისკენ გაემგზავრა. ბაგრატი თითქოს პატივით მიიღეს, მაგრამ, ფაქტობრივად, საპატიო ტყვეობაში ჰყავდათ სამი წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე, ქვეყნის ერთადერთი ბატონი ლიპარიტ ბაღვაში იყო. ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მხოლოდ ბაღვაშები როდი იბრძოდნენ, ბაგრატ მეოთხის გამეფებისთანავე «წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს. ვაჩე კარიჩისძე, და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა».
«ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა და ნუ დაუტევებთ ბერზენთა სიყვარულს», წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ამ ანდერძში არა პროდასავლური, არამედ პროქრისტიანული ორიენტაცია იგულისხმებოდა, რომელიც ერთმორწმუნე ბიზანტიამ ზედმიწევნით კარგად გამოიყენა და მის რელიგიურ მრწამსს ხელი სულაც არ შეუშლია, ქვეყნის დაპყრობა-დამორჩილებაში. 554 წელს კი ბიზანტიელებმა საზარელი მკვლელობაც ჩაიდინეს და მეფე გუბაზის სისხლით მდინარე ხობისწყლის სანაპირო შეღებეს. მდინარე ადვილად ჩარეცხავდა ლაზების სათაყვანო მეფის სისხლს შავ ზღვამდე, მაგრამ ისტორიის ფურცლებიდან რას უნდა შეეცვალა გეგმაზომიერი ქმედება ქართველების წინააღმდეგ. ფარტაძმა მაინც დაარწმუნა აიეტი, რომ ისევ ბიზანტიის მხარეს ჯობდა ყოფნა, რადგან მთავარს _ სარწმუნოებას შეინარჩუნებდნენ და ამით მეფის ანდერძიც არ დაირღვეოდა. ანდერძის თანახმად, ბერძენთა სიყვარული საქმით უნდა აღესრულებინათ და ბერებიც კი, როგორც საკუთარ სამშობლოს, ისე უნდა მოფრთხილებოდნენ ბიზანტიას. მარტო ლოცვა და ბერული ღვაწლი, დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ბასილი ბულგართმუსვრელისთვის, რადგან ბარდა სკლიაროსი ართმევდა სამეფო მიტრას.
როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი. ბარდა სკლიაროსის აჯანყებამ საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს თეოფანას ურჩია, სამხედრო დახმარებისთვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისთვის. ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისგან დახმარების აღმოჩენისთვის შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს _ იოანე-თორნიკეს სთხოვა, რომელმაც თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ გაითვალისწინა ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთა მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება, დათანხმდა და წარმატებით შეასრულა შემოთავაზებული დავალება.
დავით კურაპალატმა, თორნიკე ერისთავის სარდლობით, ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი, რომლიდან მიღებული ნაწილი, იოანე თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. «მადლიერების» ნიშნად, დღეს იქ ქართველი ბერები არ მოღვაწეობენ და იოანე თორნიკეს საგმირო საქციელიც ოლიმპიელი ღმერთებივით მითოლოგიას არ გაცდა.
ღვთისმშობლის ხატის ისტორიაც ქართველ ბერ გაბრიელთან ერთად გამოგონილად მიიჩნიეს. რატომ უნდა წაბრძანდეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთიდან? «ჰოი, უღირსეულესნო მამანო! ხსნის წაბრძანება ამგვარი იქნება. უპირველეს ყოვლისა, მცირე ხნით ადრე შეიძვრება მონასტერი, რომელშიც მყოფობს ხსნის დედუფლის ხატი, ეს იმას ნიშნავს, რომ უგრძნობელი მიწა შეიგრძნობს, რომ წინა უცს დაგლახაკება თვისი მფარველისაგან, რომელიც მას დღესამომდე იცავდა. ამ ძვრის შემდეგ ძლიერ რყევაში იქნებიან ათონზე დანერგული ყველა ხეები და ყოველივე დანერგულს მოსდრეკენ. როდესაც წაბრძანდება ხატი დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, იქნება შემზარავი და ძრწოლისმომგვრელი ნიშანი, ნიშანი იგი კი ამგვარია: ყველა ეკლესია იქნება თავდადრეკილი ხსნის განშორების გამო, ამის გამო გეუბნებით, რომ უგრძნობელობა შეიგრძნობს, ხოლო გრძნობა კი დაბნელებულ იქნება და ვერ შესძლებს იმის შეგნებას, რომ ხსნა განეშორება». იქ არავის ახსოვს ქართველთა თავგანწირვა, სკლიაროსის მარცხი და ბერად შემდგარი იოანეს მოქნეული ხმალი, ერთმორწმუნე საბერძნეთის გადასარჩენად.
ათონის მთაზე მოქმედ მონასტრებს შორის, არც ერთს არ ესმის ქართული საგალობელი, ჩვენში კი დიდი მონდომებით მკვიდრდება კირი ელეისონ. თუ სიყვარული გვაქვს, უფალს ყველა ენაზე შეიძლება ესაუბრო, მაგრამ საკუთარი ენით უფრო მეტად უყრი თავს სათქმელს, ათონის ივერთა მონასტერში კი ღვთისმშობლის ქართულად ამეტყველებული თვალები ყველა მორწმუნეს ელის, განსაკუთრებით ქართველს. საინტერესოა, რომელს უფრო უჭირს _ ივერთა მონასტრის გარეშე დარჩენილ საქართველოს თუ ქართველების გარეშე მიტოვებულ თორნიკე ერისთავის სამხედრო საჭურველს?
რატომ დაეცა კონსტანტინოპოლი? 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის განადგურების შემდეგ, ბიზანტია უროსა და გრდემლს – კათოლიკურ ევროპასა და მუსლიმანურ აღმოსავლეთს შუა აღმოჩნდა. კათოლიკეთა და მუსლიმანთა მტრობა მართლმადიდებლური სახელმწიფოებისადმი, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური მოტივებით იყო გამოწვეული როგორც პირველთათვის, ისე მეორეთათვის, ტერიტორიების მოპოვება მეორეხარისხოვანი იყო. კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენილმა ბიზანტიის იმპერატორებმა აკრძალულ ზომებს მიმართეს: მაცდური რელიგიური ლავირება, სულიერი ღირებულებებით თამაში დიპლომატიური საკითხების გადაჭრისას პალეოლოგთა დინასტიისთვის საბედისწერო ნაბიჯად იქცა. აქ არ შეიძლება სულიერ-მსოფლმხედველობრივი ტრაგედია არ დავინახოთ: სიტყვა ღმერთი, ნება ღმრთისა, მისი ყოვლადძლიერი შემწეობა «არააქტუალური» გახდა, «დაძველდა». ისინი წარსულის ლეგენდების კატეგორიას მიაკუთვნეს, მარადიული წარმავალით უყოყმანოდ შეცვალეს.
დღეს ცოტას თუ ახსოვს, რომ ჰრომთა უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XII, როგორც მამამისის მიერ რომთან დადებული სამარცხვინო უნიის მიმდევარი, ეკლესიის მიერ მეფობაზე მირონცხებული არ იქნა. მისმა უშიშობამ და გმირობამ შთამომავალთა ხსოვნაში იმპერატორის მიერ უნიის აღმსარებლობა დაჩრდილა. კონსტანტინე XII-მ ყური არ უგდო გენადი სქოლარიოსის წინასწარმეტყველებას, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების ღალატისთვის უფალი ქალაქს მტერთა მიერ გასანადგურებლად მიატოვებს. წმინდა სოფია დაცარიელდა. ამ ტაძარში იუსტინიანე პირველის ეპოქის, ბიზანტიის უდიდესი აყვავების პერიოდის ხუროთმოძღვართა გენიალურ ქმნილებაში, ლათინური მესები აღესრულებოდა. ბიზანტიის სულიერი და პოლიტიკური სიძლიერის სიმბოლო ერეტიკოსთა მიერ იქნა შეგინებული.
დასავლეთთან შეთამაშების შედეგი ყოველი მეექვსეკლასელისთვის არის ცნობილი: 1453 წლის 29 მაისს დიდი კონსტანტინეპოლი დაეცა.
ჩვენ ქრისტეშობიდან მეხუთე საუკუნეში დადგენილი ანდერძის ერთგული ვრჩებოდით და ვინაიდან ბიზანტია განადგურდა, «მესამე რომის» სახელით ცნობილ რუსეთს მივაშურეთ, იქნებ სული გადაგვერჩინა; არ გვინდოდა, შაჰ აბასის, აღა მაჰმად ხანის ლუკმა ვყოფილიყავით და ამიტომაც ერთი ამოსუნთქვით ტრაქტატი გავაფორმეთ, რომელიც შედგებოდა პრეამბულის, 13 ძირითადი და ოთხი სეპარატული (საიდუმლო) მუხლისგან. მათ დართული ჰქონდა ტექსტი ფიცისა, რომელიც ერეკლე მეორეს უნდა მიეღო რუსეთის იმპერატორის ერთგულების ნიშნად, და ტექსტი დამატებითი არტიკულისა, რომელიც ქართლ-კახეთის მეფეთა წესს შეეხებოდა.
ამ ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი არ იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე. საინტერესოა, ეს უფლება რატომ არ «გამოვიყენეთ»?
გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლის ძალით, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი ხდებოდა რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის წევრი და სინოდში იკავებდა მერვე ადგილს, ტობოლსკის არქიეპისკოპოსის შემდეგ. გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლი ლახავდა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელის ღირსებას. რუსეთის საიმპერატორო კარი იწყებდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისთვის მოქმედებას. ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას ერეკლე მეფის ძმა _ ანტონ მეორე ჩაუდგა სათავეში.
მდგომარეობა კი უფრო და უფრო მძიმდებოდა, მოსკოვი რუსული ღვთისმსახურების შემოღებას გეგმავდა ქართულ ტაძრებში. ასეთ ვითარებაში კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა 1810 წლის 3 თებერვალს წერილი გაუგზავნა. მისი შინაარსი ასეთია: «რუსეთში არსებული წესის მიხედვით, იქ, სადაც არმიის მთავარსარდლის რეზიდენციაა, უნდა იყოს ეკლესია და მიმდინარეობდეს ღვთისმსახურება რუსულ ენაზე; უნდა მსახურობდნენ რუსი სასულიერო პირები»… ამ შინაარსის წერილს შედეგად მოჰყვა ის, რომ 1811 წელს აღმოსავლეთ, ხოლო 1814 წელს დასავლეთ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ღირსი მამა სერაფიმე საროველი აფრთხილებდა იმპერატორს, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მის მიმართ მტრობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართაც მტრობას ნიშნავსო. ხოლო თუ რამდენად დაიჯერეს ეს სრულიად რუსეთის იმპერატორებმა, ამის შესახებ მეტყველებს ის უდიდესი სისხლიანი კატაკლიზმები, რომელთა გადატანაც ამ მრავალტანჯულ ქვეყანას მოუხდა.
გაგვიგია ისიც, რომ 1917 წლის თებერვალში წმინდა მოწამე იმპერატორს _ ნიკოლოზ მეორეს, სრულიად რუსეთის სამხედრო ტახტიდან გადადგომისას პატიება უთხოვია ბაგრატიონებისთვის მისი წინაპრების მიერ ამ სამეფო საგვარეულოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო. იქნებ მეფე ნიკოლოზმა მის ოჯახთან ერთად მოწამეობრივი აღსასრულით ჩამორეცხა რუსეთს ის ცოდვები, რომელმაც ყველა ერთად დაგვამძიმა?!
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტაძრები ისევ აღარ ქართულობენ. «თამარაშენზე, აჩაბეთზე, ქურთასა და კეხვზე როკის გვირაბამდე და რაჭამდე უმოკლესი გზა გადის, მაგრამ თურმე რამდენიმე კვირაა, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში ღამღამობით შესვლას ვეღარ ბედავენ და შემოვლითი გზებით დადიან. არავინ იფიქროს, გადამწვარი სახლების დანახვა აწუხებთ. ამის მიზეზი, უბრალოდ, შიშია. ყოველ ღამით სამაჩაბლოს ქართული სოფლების სალოცავთა თავზე ჩნდება ნათება, რომელსაც ხან ღვთისმშობელს ამსგავსებენ, ხან წმინდა გიორგის. ცარიელ სოფლებში კი ბავშვების ტირილი და ხმამაღალი გოდება ისმის. ამის გამო წვერიახოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიც კი მიატოვეს. ამ საგუშაგოდან ღამღამობით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ენები კეხვის ეკლესიიდან და მერე როგორ ქრება უცებ». ალბათ, ამ ფაქტს გულისხმობდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი…
მატრონა მოსკოველის საფლავთან სამშობლოზე მეტად რწმენის სიმტკიცეზე ვლოცულობთ; ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში, მამა ვიტალის განსასვენებელს ისე ვუფრთხილდებით, ვუვლით, როგორც მცხეთაში _ მამა გაბრიელის ნაფეხურებს. ათონის მთაზე ივერონი არ გვეკუთვნის, მაგრამ იოსებ მთაწმინდელის დარიგებები გვაფხიზლებს და გვანუგეშებს. მერე რა, რომ იანგულს მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELADOS ეწერა, სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით…
«პოსეიდონი» სოხუმს მოადგა და პირით საბერძნეთისკენ ივსება ელინელებით. ჯემალი ცდილობს, იანგულს მოჰკრას თვალი, მაგრამ ბრბო ისე ირევა, ძნელია, ის იპოვო: «იანგული! იანგული!» _ ვიკივლე მე და ხელების ქნევა დავიწყე. იგი დიდხანს, დიდხანს დამეძებდა ბრბოში, ბოლოს, ეტყობა, ხმით მომაგნო და, რომ დამინახა, ორივე ხელი მაღლა აღმართა. «ჯემალო, ეღო აღაპო ი მანა სუ! ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი». მან ვერ გაუძლო რძისფერ მთებთან დამშვიდობებას და ისევ აფხაზეთის სანაპიროს მიაშურა. ჩვენი სამშობლო უფალია…
მამა პეტრე (კვარაცხელია)
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here