GEWORLD.GE:
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება გენერალი კობა კობალაძე.
_ თქვენ ბევრი რამ იცით ბოლო ათწლეულების ისტორიისა, მაგრამ ასე მდუმარედ და უმოქმედოდ ყოფნა… დღევანდელი გადასახედიდან რას გვეტყვის გენერალი კობა კობალაძე: დიდი მსხვერპლია გაღებული… შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?
_ დავიწყოთ იქიდან, ვდუმვარ თუ არა… პირიქით, მსაყვედურობენ, რომ საკმაოდ ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ, ეტყობა, _ უმისამართოდ და ჩემი საუბარი საზოგადოებამდე ვერ აღწევს.
რაც შეეხება საქართველოს დაკარგულ ნაწილს, თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, გაცილებით უფრო პატარაც ყოფილა ჩვენი სამშობლო, ვიდრე დღესაა, გაცილებით უფრო მეტი განსაცდელი ჰქონია… ჩვენს უმთავრეს პრობლემას სხვა რამეში ვხედავ _ დაკარგული ტერიტორიები კი არ არის საგანგაშო, არამედ ის, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ამ ქვეყნის ვერც ერთ ნაწილს ჩვენს საკუთრებად, ჩვენს ნაწილად და საკუთარ სამშობლოში მასპინძლის როლს ვკარგავთ.
ომში მსხვერპლი გარდაუვალია! მაგრამ თითოეულ გაწირულ სიცოცხლეს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული მიზანი და გამართლება. შეიძლება შეცდომა დაუშვა რაღაც ეტაპზე და ამ შეცდომამ ადამიანებისთვის ყველაზე უმთავრესი _ სიცოცხლე შეიწიროს და ძალიან დიდი უზნეობაა, ახარისხებდე მათ ამა თუ იმ რეჟიმების მსახურებად.
_ რას გულისხმობთ რეჟიმის მსახურებად დახარისხებაში?
_ მართალია, ცხრა ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი, ბასიანის, კრწანისის გმირები, სხვა წამებული და თავდადებული მამულიშვილები «ჩვენს წელთაღრიცხვამდე», კერძოდ 2003 წლამდე დაიბადნენ, მაგრამ ისინი ხომ ისევე ჭეშმარიტი, ღირსეული წინაპრები და წინამორბედნი არიან 2008 წელს დაღუპული მეომრებისა? ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყველაფერზე და სიცოცხლეს სამშობლოსთვის წირავს, თავისი სიკვდილით ამარცხებს სიკვდილს; ამ ქვეყნის სიამტკბილობას ის არჩევს თავგანწირვას. შენ კი იჯექი და «ახარისხე», თუ მეტი ზნეობა არ გაგაჩნია!
ყველაზე ცუდი ისაა, რომ სწავლა გვიჭირს ან გვესირცხვილება. ჩვენ თუ მივყვებით ამ პროცესების განვითარების დინამიკას, მივხვდებით, რომ წლები მოგვემატა, გეოგრაფიული სივრცე დაგვიპატარავდა, მაგრამ ძველი შეცდომები არ გავითვალისწინეთ. რატომღაც, სულ თოვლის პაპას ველოდებით, სულ იმას გავიძახით, რომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ჩვენ გავხდით წინაპრების შემართების, ბრძოლისუნარიანობისა და თავგანწირვის ფასად!..
აფხაზეთის ომის თავიდან აცილება შესაძლებელიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ჩვენთან ხომ, სამწუხაროდ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები «მე მინდას» პრინციპით წყდება! არ არიან უცხონი ჩვენთვის არც აფხაზები და არც ოსები. ალბათ, მომავალში მაინც გავითვალისწინებთ მწარე გამოცდილებას, მაგრამ, რაც უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ, მით უფრო მეტი გარჯა დაგვჭირდება მათ გამოსასწორებლად… XXI საუკუნეა და ჩვენც თავით უფრო მეტს უნდა ვფიქრობდეთ, ვიდრე კუნთებით.
ჩვენს მოყვარესაც და მტერსაც აქვს შედარების უნარი და, როდესაც ხედავენ, რომ უუნარონი ვართ ჩვენი მიწისთვის ბრძოლაში, ეს სახელს და ღირსებას სულაც არ გვმატებს! რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ და გულში მჯიღი ვირტყათ, რეალობა ესაა. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს _ გასაგებია, თუ პარტნიორი ქვეყანაა, უნდა მიეხმარო ძალითაც, შესაძლებლობითაც, ხალხის რესურსითაც, მაგრამ რადგან პარტნიორია და ეხმარები, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შენი ინტერესები დაივიწყო, და მთლიანად პარტნიორზე იყო გადართული? ადამიანი დაგეხმარება მაშინ, როდესაც უნარიანი ხარ, მაგრამ, როდესაც შენ დახმარებას ითხოვ და თვითონ უუნარო ხარ, ის არც დაგეხმარება _ ეს ფაქტია.
_ როგორც ვიცი, 2002 წელს თქვენ შეხვდით აფხაზ საველე მეთაურებს. რა შედეგი გამოიღო ამან?
_ გვქონდა სურვილი, რომ გაკეთებულიყო ერთობლივი დასახლებული პუნქტი, სადაც მათი და ჩვენი მხრიდან რამდენიმე ადამიანი, უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეები, თავისი ოჯახებით ჩასახლდებოდნენ ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში. გაიხსნებოდა სკოლა, დაიწყებოდა მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს ყოველივე იქნებოდა გარანტია იმისა, რომ იარაღს აღარ ვესროდით ერთმანეთს…
_ რუსების გარეშე?
_ კი, რუსებიც გაწიეს გვერდზე. მერე ძალიან დიდი პრობლემა გაჩნდა მათთან და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენთანაც _ ხელისუფლებაში. ეს პირველი ეტაპი იყო. ამით დიდდებოდა სამშვიდობო ბუფერული ზონა, ანუ იქ, სადაც ერთობლივი სოფელი თუ დასახლებული პუნტი იყო, აგრესიის შიში აღარაა. ძალაუნებურად ის კონტინგენტი, რომელიც შუაში დგას, ბუფერულ ზონას ქმნის და სამშვიდობო მისიას ასრულებს. სხვათა შორის, ჩვენც ვიყავით 2003 წელს სოხუმში. მათ შემოგვთავაზეს იქ ჩასვლა, ჩვენ უარი არ გვითქვამს.
_ აფხაზების განწყობა როგორი იყო?
_ სხვათა შორის, ჩვენგან განსხვავებით, აფხაზებს შესწევთ იმის უნარი, რომ ემოციები მოთოკონ. სტუმრად რომ ხარ ჩასული და პასუხისმგებლობას რომ იღებენ მასპინძლობაზე, არც ზედმეტს გამოგატანენ და არც არაფერს გაკადრებენ.
ახალდასახლების იდეა არა ევროკავშირს, არამედ უშუალოდ ჩვენ და აფხაზეთის მხარეს გვეკუთვნოდა, კერძოდ, სამხედროებს, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ენთუზიაზმით არ შეგვხვედრიან სახელისუფლო წრეებში. ჩვენ კი, როგორც ინიციატორებმა, სამწუხაროდ. სათანადო რესურსები ვერ მოვიძიეთ და ეს ყველაფერი დარჩა «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!», მაგრამ მოდით, შევხედოთ, რა გვაქვს _ ამდენი რამე გავიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღო არაფერი?
_ რატომ დავკარგეთ კოდორი? პირადად თქვენ 90-იან წლებში თვე-ნახევარი თითქმის შიშველი ხელებით იცავდით ხეობას…
_ უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო იქაური გმირი მოსახლეობის მიმართ! და ქედს ვიხრი ამ ქვეყნის ღირსეული შვილის, დედის და დის, ქალბატონ ნორა კვიციანის წინაშე.
მე იქ მარტო თვე-ნახევარი კი არა, მთელი ერთი წელი ვიყავი. ეს მაშინ, როდესაც ვიყავი ეროვნული გვარდიის სარდალი. საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, ბუფერულ ზონაში არ უნდა იყოს შეიარაღებული ძალის ნაწილები, ეროვნულ გვარდიას კი პარალელურად ჰქონდა პოლიციური ფუნქციის შესრულების უფლებაც და იქ ამის სამართლებრივი ფონიც იყო; შესაბამისად, ჩვენი პირადი შემადგენლობა ასრულებდა ამოცანას, რომელიც რეალურად გამოიხატებოდა ადგილმდებარეობის დაცვასა და განვითარებაში. სხვათა შორის, არც თუ ურიგოდ სრულდებოდა ეს მისია.
საერთოდ, კოდორის თემა საკმაოდ რთული თემაა. რატომ დავკარგეთ? თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მობილიზებული მოწინააღმდეგეა ჩვენს მეზობლად, ჩვენ კი უუნარონი ვართ დიდ მოწინააღმდეგესთან ფრონტალური ოპერაციების წარმოებაში. ამიტომ ჩვენ წინასწარ უნდა გვცოდნოდა, რომ არასწორი ნაბიჯები დაკარგულ ტერიტორიებად დაგვიჯდებოდა. ჩვენ ერთი რამ უნდა დაგვენახებინა მთელი სამყაროსთვის და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, რომ ვართ უნარიანები, არა მარტო ვტკეპნოთ ეს დალოცვილი მიწა და ვიაროთ მასზე გაღიმებული სახეებით, არამედ ხანდახან შეგვწევს ძალა გაბრაზებისაც და ამ მიწის დაცვისაც! სამწუხაროდ, ჩვენ არა მარტო საერთაშორისო საზოგადოებრიობას ვერ დავანახეთ ეს, არამედ საკუთარ თავსაც და საერთაშორისო ასპარეზზე დავრჩით გაწვდილი ხელით. დღეს ასეა… ხვალ რა იქნება, ვნახოთ!
_ სამაჩაბლოზე რას იტყვით?
_ იქ პროცესები აქტიური განვითარების სტადიაშია, არაა შეჩერებული. შეიძლება მოხდეს ახალი ესკალაცია, ახალი სისხლისღვრა, ქვეყნისთვის დამანგრევლად განვითარდეს პროცესები! ასეთი გაუთვალისწინებელი პროცესები საქართველოზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებზეც კი მოქმედებს უარყოფითად… ამ ყველაფერზე ასე უცხოებივით ყურება არ გვეპატიება… ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე სჯობს საუბარი და ურთიერთობა…
_ რა პერსპექტივა გვაქვს?
_ ნებისმიერი პერესპექტივა იბადება ქმედების პროცესში. მაშინ კითხვას იქით დაგისვამ _ რას ვაკეთებთ და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?
_ მიდის ჯარის გამალებული რეორგანიზაცია, აღჭურვა, ჯარისკაცებს ვაგზავნით ერაყსა და ავღანეთში გამოცდილების მისაღებად, გვყავს სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკის შეერთებული შტატები, მუშტებს ვუქნევთ რუსეთს და გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ამერიკა აუცილებლად დაგვიბრუნებს სამაჩაბლოს და აფხაზეთს. აი, ეს «ნაბიჯები» იდგმება…
_ საქმე ისაა, ჩვენ თუ ვართ ამერიკის პარტნიორი. ეს ერთი და მეორე _ შენ ამერიკა გიწევს პარტნიორობას, მაგრამ ვერც მის და ვერც ევროპის ვერც ერთ გამონათქვამში ვერ დაინახავ მოთხოვნას, რომ ჩვენ მუშტები ვუქნიოთ რუსებს და აგრესიით ველაპარაკოთ. ისე არ მოგვივიდეს, რომ მურია წააქეზეს და მგელს (ამ შემთხვევაში დათვს) შეაჭამესო. რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებას, ეს, ჩემის აზრით, არ არის ცუდი სურვილი, თუმცა რამდენად პერსპექტიულია, დრო გვიჩვენებს. მაგრამ იმის კივილით, რომ ოდესღაც რაღაცის წევრები გავხდებით, არ უნდა დავიკარგოთ დროსა და სივრცეში. თვითმიზნად არასოდეს უნდა დაისახო, რომ ვიღაცას დაეტაკები და თოფით საქმეს მოაგვარებ! რაც ძალითაა წართმეული, ნებით მძიმედ ბრუნდება, მაგრამ ამას ყველაფერს უნდა ეს ნება. მე არა ვარ მილიტარისტული მოწოდებების მომხრე, მაგრამ ის, რომ სამხედრო ძალით ვერ მოერევი და ვერ გააკვირვებ ვინმეს, სულაც არ ნიშნავს, ვინც ჩრდილად გვერდზე ჩაგიქროლებს, ყველას განაბული მიუწვე, მოდუნდე და სიამოვნება მიიღო. სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის მისი ჯარი, რაც უფრო აღჭურვილია და ბრძოლისუნარიანია, მით უკეთესია, რადგან «ის, ვინც არ ინახავს თავის ჯარს, ვალდებული იქნება, შეინახოს სხვისი ჯარი».
როდესაც ჩვენ სამხედრო კამპანიაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ _ კონკრეტული დაკვირვებებისა და საერთო სტატისტიკის შესწავლის საფუძველზე ცნობილია _ როდესაც უცხო ქვეყნის ჯარი იკავებს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის 70% რჩება პასიურ პოზიციაში და მზადაა, პროტესტი არ გამოავლინოს, 10% აქტიურად თანამშრომლობს ოკუპანტთან, 20% არის ის ნაკადი, რომელშიც პროტესტის გრძნობა იჩენს თავს. მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ძალიან დიდი სახელმწიფოები კარგავდნენ თავიათ ტერიტორიებს 2-3-4-5 კვირის განმავლობაში, მაგრამ შიდა პოტენციალით აწარმოებდნენ ბრძოლებს 4-5 წლის განმავლობაში. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ განსაკუთრებულ პირობებში (სტატისტიკაა) წინააღმდეგობების მოძრაობები აფერხებენ მოწინააღმდეგის 30-40-ჯერ უფრო მეტ ძალას და არც ერთი აგრესორი არ განახორციელებს აგრესიას, თუ ეს კამპანია იქნება მისი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკისთვის და ეკონომიკისთვის წამგებიანი და უპერსპექტივოდ ხანგრძლივი.
_ თქვენ რუსეთში გაქვთ სამხედრო განათლება მიღებული, ასევე _ ჩინეთში, ამერიკაში, გერმანიაში, იტალიაში…
_ ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ. თითოეულ ამ სახელმწიფოს უაღრესად ძლიერი ბაზა და მეთოდიკა აქვს. მთავარია, ვისწავლოთ ყოველივეს გამოყენება, მასობრივად დაიწყო იმ ოფიცრების დათხოვნა, ვინც მიიღო განათლება ამერიკისა და ევროპის წამყვან აკადემიებში. მრავალმა მათგანმა თავისი პოტენციალი უკვე (დაქირავებულებად) მიმართა კვლავ ამ ქვეყნების გასამხედროებულ სამსახურებში, ერაყსა და ავღანეთში. დაიწყო ისტერიული დათხოვნა რუსეთში განათლებამიღებული ოფიცრებისა. ნუ დაგვავიწყდება, რომ მაზნიაშვილისა და კვენეტაძის მამულიშვილობას ვერაფერი დააკლო რუსეთში მიღებულმა განათლებამ.
თუმცა რუსეთთან ურთიერთობის ორმაგ სტანდარტს ვხედავ _ ერთის მხრივ, მუშტის ქნევის «აგრესიულ» პოლიტიკას; მეორეს მხრივ, ფინანსურ ურთიერთობებში კეთილგანწყობას. ეს კი უკვე სხვა ანალიზის საფუძველს მაძლევს. აიღე, სტრატეგიული ობიექტები: ვის ხელშია დღეს? ჩვენ ვუყურებთ ერთს, კულისებში კი ამ დროს შეიძლება სხვა რამ ხდებოდეს.
ურთიერთგამომრიცხავი თემები ისეთ კონტექსტშია დაყენებული, რომ ამერიკა, საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვითომ მეგობარია და რუსეთი _ მტერი. მე გეუბნები, რომ ასე ამას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ რუსეთთან მეტი შეხების წერტილები იკვეთება, ვიდრე ამერიკის მიმართ.
_ წეღან ბრძანეთ, რომ ძალით წართმეული მშვიდობით ძნელად ბრუნდება. 2008 წელს ძალით ვეცადეთ და დამატებით ტერიტორიები დავკარგეთ. როგორია 2008 წლის ომის თქვენეული შეფასება, რა იყო ეს?
_ რა იყო? ეს იყო გადაბარება, ჩაბარება, მიბარება… მე ომზე ჩემი წარმოდგენა მაქვს. მე არ ვიცი, რომელ კაბინეტებში რა იგეგმება, მაგრამ 2008 წლის ომი უდიდესი ტრაგედია იყო ჩემი ქვეყნისთვის, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანი შეეწირა… მათ თავგანწირვის უდიდესი მაგალითები აჩვენეს. ქედს ვიხრი ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე!
ესაუბრა
შორენა სიხარულიძე