Home რუბრიკები საზოგადოება «ყვავა» «ნაცებს» ორ ახალ სლოგანს სთავაზობს: «მიშასი მაგარია» და «ჩვენ გაგიკეთებთ»

«ყვავა» «ნაცებს» ორ ახალ სლოგანს სთავაზობს: «მიშასი მაგარია» და «ჩვენ გაგიკეთებთ»

1285

GEWORLD.GE:
სანამ «ბირთვული ზამთარი კარს მოგვდგომია და პანდორას ყუთი-iPAD-ის მფლობელის ვინაობა გაურკვეველია», გადავწყვიტეთ ერთ-ერთ პოლიტიკურად არაამბიციურ პიროვნებასთან, ბლოგერთან, ჟურნალისტთან და «ნი2 ნიუსის» დამაარსებელთან, მირიან ტორონჯაძესთან, იგივე BigCrow-სთან ჩაგვეწერა ინტერვიუ. როგორც თავად განაცხადა, პრეზიდენტობაზე არასდროს უფიქრია, თუმცა ყველა არსებულ პრეზიდენტზე უკეთესი იქნებოდა და საქართველოს ვუდსტოკისა და კაზანტიპის ნაზავად გადააქცევდა. იცის, როგორ გახადოს პოლიტიკური სლოგანები უფრო მიმზიდველი, მაგრამ რატომ არ ააყვავა «ნაცების» პიარშიკი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ბლოგზე რამდენიმეჯერ წავაწყდი თქვენს პროგნოზს იმის თაობაზე, რომ წინ ბირთვული ზამთარი გველის. იქნებ ისიც განმარტოთ, ვის აქვს წითელღილაკიანი შავი ჩემოდანი?
_ ბირთვული ზამთარი მართლაც მალე დადგება და, ალბათ, ეს იქნება არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ფილმებში აღწერენ პოსტაპოკალიფსს _ ზომბებით, თოვლითა და მთავარი გმირით, რომელიც ყველაზე ჭკვიანია, ყველაფერი გაცილებით პროზაული იქნება და შეიძლება ვერც კი გავიგოთ, თანდათან როგორ დაგვერხევა. რაც შეეხება წითელღილაკიან ჩემოდანს, იგი არ არსებობს. წითელი ღილაკი ადრე იყო, შემდეგ ტექნიკა განვითარდა და ღილაკს, რა ფერსაც გინდა, იმას მისცემ. ჩემოდნის ნაცვლად კი iPAD-ის ეკრანიც წავა. ესეც პანდორას ახალი ყუთი.
_ ცოტა ძველი ამბავია, მაგრამ ფორუმზე იყო თემა სახელწოდებით «ყვავა _ პრეზიდენტად, ძირს მიშა!». საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და «კარდუსტანის» პრეზიდენტობაზე ხომ არ ფიქრობთ?
_ ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება (თეორიაში მაინც), ხალხის სიტყვა ჩემთვის კანონია. ამიტომაც აუცილებლად ვეცდები, ყველანაირად გავამართლო მათი იმედები და, უახლოეს არჩევნებზე თუ არა (ასაკი არ მიწყობს ხელს), შემდეგზე მაინც ვიყარო კენჭი ან მახათი, ქართული პოლიტიკის ტრადიციებში.
_ როგორი პრეზიდენტი იქნებოდა «ყვავა»?
_ ყველა არსებულზე უკეთესი, ამას ხომ კითხვაც არ უნდა. რეალურად ყველაფრის ლეგალიზებას მოვახდენდი, რაც დღეს ძალიან უცნაური მიზეზებით აკრძალულია. ერთ-ორ ნუდისტურ პლაჟსაც გავხსნიდი ყოველი შემთხვევისთვის და, რაც მთავარია, დიდი ხნის ოცნებას ავისრულებდი და ერთ ისეთ კონცერტს გავაკეთებდი (ჩემს ხელში არ იქნებოდა?), როგორიც მე მინდა. მოკლედ ჩემი საარჩევნო პროგრამა ძალიან გრძელია და ძირითადად საქართველოს ვუდსტოკისა და კაზანტიპის ნაზავად ქცევას ისახავს მიზნად.
_ რამდენად სარფიანად შეიძლება მომავალ არჩევნებზე ხმა გავყიდოთ (წინასწარი მონაცემები რომ იცოდნენ პარტიებმა, მერე ვაჭრობაში დრო არ დავკარგოთ)?
_ ხმების გაყიდვა ძალიან მოძველებული მეთოდია. მე მაქვს შემხვედრი წინადადება _ გაყიდვის ნაცვლად მივმართოთ ხმების გაქირავების მეთოდს. სხვა თუ არაფერი, ერთი გამოყენების შემდეგ ხმები უვარგისი აღარ იქნება, მრავალჯერადი გამოყენების გახდება, ეს კი, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრინპისსა და მსგავს ორგანიზაციებს გაახარებს. ბუნება გამოყენებული და შემდეგ გადაყრილი ხმებისგანაც გათავისუფლდება და ყველა ბედნიერი იქნება.
_ chiti.ge ვანო მერაბიშვილზე რატომ არ ხუმრობს?
_ მართალი თუ გინდა, «ჩიტისთან» მე აბსოლუტურად არ მაქვს შეხება, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობრების საიტია. შესაბამისად, რატომ არ საუბრობენ მერაბიშვილზე, ვერ გეტყვით. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინმე ახლობელი მუშაობს შსს-ში და უტყდებათ. მე შემიძლია გითხრათ, რატომ არ საუბრობს მერაბიშვილზე, მაგალითად, «ნი2». იმიტომ, რომ საიტს მცირე ტექნიკური პრობლემები აქვს და, არათუ ვანოზე, საერთოდ ვერავიზე ვეღარ საუბრობს. ეს _ ჯერჯერობით, უახლოეს მომავალში კი მის აღდგენასთან ერთად ერთ ახალ პროექტსაც ვგეგმავ, რომელიც, მართალია, ვანო მერაბიშვილს არ მიეძღვნება, მაგრამ ზოგადად საქართველოს სიყვარულსა და ჩახუტებაში იქნება.
_ ბევრმა სარკოზის სტუმრობა საქართველოს ნატოში შესვლის წინაპირობად შეაფასა, ანუ კიდევ ერთი «მაპზე უკეთესი» მოგვცეს თუ სარკოზიმაც შამგონის მოსაწევივით «დაგვაბოლა»?
_ მგონია, რომ ასეთი ბობოლა სტუმრები ბათუმში ახლახან დარჭობილ იუსტიციის სახლ-ბოთლში უნდა მივიღოთ ხოლმე. მოგეხსენებათ, რომ ბოთლით უფრო «მოაქვს».
_ ხომ არ იცით, «იმედისა» და «რუსთავის» ბორდს ფრანგულს სად ასწავლიდნენ ან რა ფრანგული ასწავლეს ასეთი, რომ ნიკოლა სარკოზის «რეჩი» ანდრო ბარნოვზე უანდრობარნოვესად მოთარგმნეს?
_ სორბონას უნივერსიტეტში. ამაზე შემიძლია თავი დავდო, რადგან უტყუარი ინფორმაცია მაქვს. ინფორმაცია არც უნდა ამის მიხვედრას, საკმარისია, ვიზიტის კადრებს გადახედო. ასეთი სუფთა ფრანგული მე ჯერ არსად მომისმენია. თუ ეგ თავად სარკოზი ლაპარაკობდა? მაშინ ვერაფერს გეტყვი ვერც «ერორზე» და ვერც «იმედზე», თან მეშინია მაგათი…
_ «სიყვარული ვენახში» ვნახეთ და კარგი ფილმია, სპეცრეპორტაჟი ვენახშიც ვნახეთ, «ჭამა და სექსიც» ვიხილეთ, რა იქნება შემდეგი?
_ როგორც ამასწინათ ერთმა ჩემმა ახლობელმა გამიმხილა შიდა და, რაღა თქმა უნდა, უტყუარი ინფორმაცია: 2012 წელს ქართული კინოგიგანტები ძირითადად პორნო ფილმებს გამოუშვებენ. ამაში მათ სახელმწიფოც დაეხმარება. ასე მაგალითად, განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და შეკვეთით, ჩვენი ქვეყნის მთავარი კინორეჟისორი აპირებს, გადაიღოს ფილმი «18 წლის ანამ გაკვეთილი არ იცოდა და იორგენ მასწავლებელი ამეცადინებს»; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით გამოვა პორნოფილმი «სიყვარული ვენახში 2», რომელიც რთველის მიმდინარეობას ასახავს; ჯარმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კი მთელი სერიალის გადაღებას გეგმავს სამუშაო სათაურით «ექთანი ნინო და მისი მრავალრიცხოვანი პაციენტები». ასე რომ, მომავალი წელი ძალიან მხიარული იქნება.
_ რას ურჩევთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური ექსტაზიდან «კავკასიაზე» აქუს ყურებასა და ბროწეულის ოყნასაც კი ვეღარ გამოჰყავს?
_ Get a life, people!
_ «გასაკეთებელი კიდევ ბევრია», «მიშა მაგარია», «აგვისტოს ომი მოვიგეთ» _ ეს წმინდა წყლის ჭეშმარიტებანი უკვე გაცვდა. შენ რომ «ნაცების» პიარშიკი იყო, რა სლოგანს შესთავაზებდი მომავალი არჩევნებისთვის?
_ არც არაფერს შევცვლიდი ამ სლოგანებში, უბრალოდ, მეტად მიმზიდველს გავხდიდი მათ. რადგან სექსი ყველაზე მეტად იყიდება დღეს, ამიტომ სექსუალურ დატვირთვას მივცემდი სლოგანებს. ასე მაგალითად, სლოგანს «გასაკეთებელი კიდევ ბევრია» ბოლოში მხოლოდ ორ სიტყვას მივამატებდი «ჩვენ გაგიკეთებთ». ეს სლოგანი როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის მისაღები იქნებოდა, იმდენად ორაზროვანი და ბუნდოვანია ამ დამატებით. თუმცა რამდენიმეჯერ ზედიზედ თუ გაიმეორებთ, იგრძნობთ, როგორ იცვლება თქვენი მსოფლმხედველობა. «მიშა მაგარია»-ს ორი ასოს დამატებაც ეყოფოდა და ახალი სლოგანი ასე გაიჟღერებდა _ «მიშასი მაგარია». მგონი, ამიტომაც არ ვარ «ნაცების» პიარშიკი.
_ ალბათ, გეცოდინება, პრინცი რომ დაიბადა, ბაგრატიონი, იქ რაღაც შიდაგაურკვევლობაა და მას ტახტის მემკვიდრედ, თუ არ ვცდები, ბაბუამისი ჯერჯერობით არ აღიარებს. არადა, საჭირო რამეა მეფე, ტოროლა, სახრახნისი და ლიკანი, პახმელიაზე გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოს…
_ ამ ყველაფერზე იმდენად დიდი პასუხი მაქვს, რომ მთლიანად მოყოლას ძალიან დიდ ხანს მოვუნდები. ასე რომ, გირჩევთ «დაკარგული სიყვარულის» 284-ე სერიას უყუროთ, რადგან იქაც დაახლოებით მსგავსი სიუჟეტი ვითარდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, 211-ე სერიაში როგორ ეუბნება ხუანიტა დედამისს, რომ ის მისი დაა. არაღიარებას რაც შეეხება, ეგ არაფერია, თავის დროზე თამარ მეფესაც არ აღიარებდა ყველა და მერე როგორ გაპიარდა?!
_ ნასას ინფორმაციით, დაახლოებით 2 თვეში დედამიწას უცხოპლანეტელთა 2 ხომალდი ესტუმრება. ვერონიკა ქობალიას ხომ არ ჩამოჰყავს ინვესტორები და ტრამპის ჯინაზე ბათუმში «ანდრომედა ბლუ ივერიას» და მესტიაში «მერკური შერატონის» აშენებას ხომ არ აპირებენ?
_ არა, არ აპირებენ. სტუმრები მართლაც ჩამოდიან, მაგრამ არა სასტუმროების გასახსნელად. ყველაფერი გაცილებით რთულადაა, რადგან, როგორც გაირკვა უტყუარი წყაროდან («კურიერში» მოვისმინე გუშინწინ), უცხოპლანეტელებს ჩვენთვის უცნობი იარაღი აქვთ, რომლის დახმარებითაც ჩვენზე გამანადგურებელი დარტყმის მოყენებას აპირებენ. იარაღი ფსიქოლოგიური მოქმედებისაა და მისი გამოყენებით ისინი ჩვენთვის ქართველობის წართმევასა და სულში ჩაფურთხებას აპირებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად! იხილეთ ერთ-ერთ წინა კითხვაში მოყვანილი ჩემი სლოგანი, მე კი აქ დაგემშვიდობებით.
ესაუბრა
ლილი მიროტაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here