მთავარი საზოგადოება დეკანოზი დავით ქვლივიძე: სომხური ეკლესია სულიწმინდის მადლს მოკლებული საკრებულოა

დეკანოზი დავით ქვლივიძე: სომხური ეკლესია სულიწმინდის მადლს მოკლებული საკრებულოა

1403
გააზიარეთ

GEWORLD.GE:
«საქართელო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე.
_ მამაო დავით, თქვენს ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანეთ, რომ მონოფიზიტობა ანათემიტური რელიგიაა და ყველა მონოფიზიტი თავს დიდი სიმძიმის ქვეშ აყენებს; რომ ცნება «სომხური სამოციქულო ეკლესია» მცდარია, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი მონოფიზიტები გახდნენ, აღარ აქვთ უფლება, სამოციქულოდ იწოდებოდნენო. თუ სომხური ეკლესია სამოციქულოა, რატომ არ გვაქვს მათთან ევქარისტიული კავშირი? იქნებ უფრო გარკვევით განგვიმარტოთ, რას გულისხმობდით?

_ შეგვეწიოს უფალი! პირველ ყოვლისა, მინდა განგიმარტოთ, რა არის დიოფიზიტობა და მონოფიზიტობა. ჩვენ, მართლმადიდებლები, დიოფიზიტები ვართ, ანუ ქრისტეს  ორ ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას ვაღიარებთ. სახარება გვასწავლის, რომ იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, განკაცებული, ხორცშესხმული ღმერთი, ჩამოსული დედამიწაზე _ სრულყოფილი კაცი და სრულყოფილი ღმერთი. იესო ადამიანივით ჭამდა, სვამდა, იღლებოდა, ტიროდა, ეძინა. იგი სახარებაში ამბობს _ მამა ჩემზე დიდია, იეღოველებს კი ეს ვერ გაუგიათ _ თუ ღმერთია, როგორ ამბობს, რომ მამა ჩემზე დიდიაო, ჩვენ კი ვუხსნით მათ, რომ ამას იგი თავისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ამბობს, თუმცა სხვაგან ბრძანებს _ მე და მამა ერთნი ვართ. ვინც მე მიხილა, მან მამაჩემი იხილაო. ერთგან ქრისტე აღნიშნავს _ არავინ ასულა ზეცაში, გარდა ზეციდან ჩამოსული ძე კაცისა, რომელიც, ამავე დროს, ზეცაშიაო, ანუ ქრისტე დგას, საუბრობს და თავის მოსაუბრეებს ეუბნება _ მე ახლა აქ ვდგავარ, მაგრამ, ამავე დროს, ვარ ზეცაშიც. ერთდროულად ყველგან ყოფნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. საეკლესიო სწავლებით, როდესაც იესო ქრისტე შეიპყრეს, გვემეს, სცემეს, გაამათრახეს, დასაჯეს, მან კაცური ბუნებით დაითმინა ტანჯვა-წამება და ჯვარზე სიკვდილი; როგორც ადამიანს სტკიოდა ნაცემები, ნამათრახევი, შეურაცხყოფა; ქრისტე ჯვარზე გააკრეს და ევნო, დაიფლა, აღდგა და ამაღლდა კაცური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნებით კი იგი უვნებელი იყო.
მონოფიზიტური სწავლებით, ღვთაებრივმა ბუნებამ მთლიანად შთანთქა კაცობრივი ბუნება. თუ ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ერთი _ ღვთაებრივი ბუნება, მაშინ მას, როგორც ღმერთს, არც შიოდა, არც სწყუროდა, არც იღლებოდა, არც ჯვარცმის იარები სტკიოდა და იბადება კითხვა _ ქრისტე ტყუოდა? მათი სწავლებიდან გამოდის, რომ ქრისტეს დაუდგია რაღაც წარმოდგენა (შეგვინდოს უფალმა, უბრალოდ, განმარტებისთვის ვამბობ ამას) ხალხის მოსაჩვენებლად, მათი გულების ასაჩუყებლად. და ყველაზე მთავარი _ თუკი ქრისტე მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნების მატარებელია, მაშინ რა გამოდის, რომ ჯვარზე ღმერთი მოკვდა? ღმერთი შეიძლება მოკვდეს? სამების ერთ-ერთი წევრი მოკვდა და სამი დღის განმავლობაში, სამების ნაცვლად ორება მართავდა სამყაროს? ამიტომ მონოფიზიტობა მთლიანად მკრეხელური, ღვთის შეურაცხმყოფელი, ღვთის მგმობი სწავლებაა და სწორედ ამიტომ 451 წელს ქალაქ ქალკედონში შეიკრიბა მეოთხე მსოფლიო კრება, იმსჯელეს მონოფიზოტობაზე და დიოფიზიტობაზე, გამოიძიეს მთელი წმინდა წერილი და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ანათემა მას, ვინც იტყვის, რომ ქრისტეს აქვს ერთი ბუნება! ანუ მონოფიზიტები არიან ანათემას გადაცემული საკრებულო. ვინც ამ სწავლებას მიყვება, ანათემის ქვეშ აყენებს თავის თავს.
აქ ეროვნება არაფერ შუაშია. აქ საქმე აღმსარებლობას ეხება. მეტსაც გეტყვით _ ქართლსა და კახეთში XVIII-XIX საუკუნეებში ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ჩვენი, ქართველი მართლმადიდებელი მღვდლების, უნიათობის გამო, ფაქტობრივად, სომეხი მონოფიზიტი მღვდლები ბატონობდნენ. ჩაიგდეს ხელში ყველაფერი, მონოფიზიტებად ნათლავდნენ ქართველებს და ეროვნებად სომეხს უწერდნენ. მონოფიზიტურად მონათლული ქართველის ზიარებაც არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: აქ საუბარია არა ეროვნებაზე, არამედ აღმსარებლობაზე. იმდენად დიდი ცოდვაა მონოფიზიტობა, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, მონოფიზიტების ხელახალი მონათვლაა ნაბრძანები. თამარ მეფის სარდლები ზაქარია და იოანე მხარგრძელები, ტომით ქურთები, მონოფიზიტები იყვნენ; თავიანთი დამსახურების გამო მათ სამმართველოდ სომხეთი გადასცეს. მართლმადიდებლობაზე ერთი სასწაულის შემდეგ გადმოვიდა ერთი ძმა, როდესაც ქართველებსა და სომხებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა, იოანემ, ქართველთა კათალიკოსმა პირდაპირ უთხრა სომხებს, რომ თქვენი სარწმუნოება არაა სწორი და თქვენი ეკლესია ეკლესიად აღარ იწოდებაო. თქვენ ჩაატარეთ თქვენი მსახურება, რასაც ეძახით შეწირულ მსხვერპლს, ანუ ზიარებას, ჩვენც ჩავატარებთ, ორივემ მოვიტანოთ შეწირული მსხვერპლი, დავდოთ და მშიერი ძაღლები მოვუშვათ, ქრისტე, თავის სისხლსა და ხორცს თვითონ დაიცავს, ხოლო რომელსაც ძაღლი შეჭამს, ის არ იქნება ჭეშმარიტი მსხვერპლიო. დამეთანხმებით, რომ ეს ისეთი კადნიერი გადაწყვეტილებაა, ამის გაფიქრებაც კი შეგძრავს კაცს. მოიტანეს მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შეწირული მსხვერპლი და მშიერი ძაღლები მიუშვეს. მონოფიზიტების ჩატარებული წირვის ბარძიმი მთლიანად ამოლოკა ძაღლმა, მაგრამ, როდესაც მართლმადიდებლების ბარძიმთან მივიდა, ზევიდან გეგონება უხილავად, ღვთის ანგელოზმა, თითქოს დიდი ჯოხი ჩაარტყა, ძაღლი დაიკლაკნა და წკავწკავით გავარდა უკან. ამის შემდეგ გახდა ზაქარია მხარგრძელი მართლმადიდებელი, თუმცა მისმა ძმამ, იოანემ მაინც არ შეიცვალა «წინაპართა რწმენა», როგორც თავად თქვა.
მადლობა ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სისხლის ფასად არაფერში გაცვალეს მართლმადიდებლობა და აქამდე მოგვიტანეს უცვლელად. საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც არასოდეს ჩავარდნილა მწვალებლობაში. ეკლესია, რომლის სინოდსაც არასოდეს უღალატნია მართლმადიდებლობისთვის, შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ეპოსკოპოსები, რომელნიც იყვნენ არასწორი სარწმუნოების მიმდევარნი, მაგრამ მთლიანობაში, ქართულ ეკლესიას ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის არასოდეს უღალატნია!
_ მამაო, როდის მიიღო სომხეთმა მონოფიზიტობა და რატომ?
_ სომხეთის ეკლესიამ ირანის ზეწოლით, ბიზანტიის საწინააღმდეგოდ, 602 წელს მიიღო მონოფიზიტობა, ასევე მიიღო ალბანეთმაც (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე). სჯულის ღალატს მოყვა ის, რომ ალბანეთი, როგორც სამეფო აღიგავა პირისაგან მიწისა და დღეს აღარ არსებობს, სომხეთის სახელმწიფოებრიობამ კი რღვევა დაიწყო და XI საუკუნეში მათი სამეფო გაუქმდა, მას შემდეგ მათ მეფე არც ყოლიათ. ქართველებმა თქვეს, რომ არ უღალატებდნენ ჭეშმარიტებას, ერჩივნათ, თავი გაეწირათ და მომკვდარიყვნენ ჭეშმარიტებისთვის, ვიდრე რჯული გამოეცვალათ, რადგან მონოფიზიტობაზე გადასვლა რჯულის გამოცვლა იყო, ამის შემდეგ მოხედა ღმერთმა საქართველოს და ნელ-ნელა იწყება ბაგრატიონების დინასტიის გამოჩენა, ტაო-კლარჯეთში სახელმწიფოებრიობის ჩასახვა, ეს კი დაგვირგვინდა ოქროს ხანით _ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქით.
როდესაც ადამიანები ღალატობენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ქრისტეს აბრალებენ მატყუარობას, თვითონ აღმოჩნდებიან ტყუილში და ყველაფერი ტყუილზე აქვთ აწყობილი. ამის შედეგია სწორედ, რომ ეჩმიაძინის სამრეკლოზე შაჰ-აბასის ბარელიეფია გამოსახული. ხე ნაყოფით შეიცნობაო, ამბობენ და ესაა ნაყოფი მათი სარწმუნოებისა, ჩვენ «გიჟ-ვრაცუებს» გვეძახიან! აბა, რა უნდა გვექნა _ სვეტიცხოველზე შაჰ-აბასის ბარელიეფი გაგვეკეთებინა რომ «გადარჩენილიყო»?
602 წლამდე სომხები დიოფიზიტები იყვნენ და საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს ევქარისტიული კავშირი ჰქონდათ. მათი წმინდანები გრიგოლ პართელი, წმინდა რიფსიმე და გაიანე, ნერსეს ეპისკოპოსი ჩვენთვისაც წმინდანები არიან და პატივით ვიხსენიებთ და ღვთისმსახურებას აღვასრულებთ მათ სახელზე. სომხეთში მოციქულმა ბართლომემ და სხვა მოციქულებმაც იქადაგეს და სომხეთის ეკლესია ნამდვილად იყო სამოციქულო. ყველა იმ ეკლესიას, სადაც მოციქულებმა იქადაგეს, სამოციქულო ქვია, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს სომხები უკვე სამოციქულოდ აღარ იწოდებიან, რადგან სამოციქულოდ ეკლესია იწოდება განა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მოციქულებმა იქადაგეს, არამედ ისინი მოციქულთა სწავლების მიმდევრები უნდა იყვნენ. სომხურმა ეკლესიამ კი მოციქულთა სწავლება უარყო, მათ შეიცვალეს რჯული 602 წელს დვინის მეორე საეკლესიო კრებაზე და გახდნენ მონოფიზიტები. დვინის პირველ საეკლესიო კრებაზე 554 წელს სომხები ჯერ კიდევ მართლმადიდებლები იყვნენ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ სომხური ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, ეს არის შეცდომა. სომხური ეკლესია სამოციქულოდ იწოდებოდა 602 წლამდე, იმიტომ, რომ მოციქულთა სწავლების მიმდევარი იყო, იცავდა მოციქულთა სწავლებას და ჭეშმარიტ ეკლესიად იწოდებოდა _ სულიწმინდის მადლი იყო სომხეთის ეკლესიაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს ჭეშმარიტი სწავლება და გადავიდნენ არასწორ სარწმუნოებაზე, ისინი არიან განწვალებაში მყოფნი _ ეს ძველი ქართული სიტყვაა, მწვალებლობას ნიშნავს. სომხური ეკლესია არის სულიწმინდის მადლს მოკლებული საკრებულო. სომხეთის ეკლესია და საერთოდ მონოფიზიტობა შეჩვენებულია მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საეკლესიო კრებებზე და თავისი არასწორი სარწმუნოების გამო ანათემიტური _ ანათემას გადაცემული სწავლებაა.
_ მამაო, სომხების განმანათლებელი წმინდა გრიგოლი პართელია (რომლის ხსენების დღესაც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის წინა დღეს, 13 ოქტომბერს აღნიშნავს), ამიტომ უწოდებენ სომხები თავს გრიგორიანელებს?
_ სომხები თავიანთ თავს გრიგორიანელებს უწოდებენ, რაც ასევე არასწორია, რადგან მათ მათი განმანათლებლის, წმინდა გრიგოლ პართელის სწავლება უარყვეს მონოფიზიტობაზე გადასვლით. გრიგოლი წარმოშობით სპარსული სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, დაიბადა 257 წელს, მისი მამა ანაკი დაუპირისპირდა მისსავე ნათესავს _ კუსარს, რომელიც სომხეთს მართავდა, მზაკვრულად მოკლა იგი, ამის გამო მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტეს, გადარჩა ჩვილი გრიგოლი და მისი ძმა, გრიგოლი ნათესავებმა წაიყვანეს კაბადოკიაში, სადაც ქრისტიანულად იზრდებოდა. გრიგოლმა ცოლი მოიყვანა და ორი შვილი ჰყავდა _ ოფთანე და აროსტატე _ შემდეგში სომხეთის პატრიარქი. იგი დაუმეგობრდა კუსარის შვილს _ თრდატს, რომელიც მსახურობდა რომაელების ჯარში. თრდატს  მისცეს სამართავად სომხეთი, სადაც გრიგოლიც წაიყვანა. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, გრიგოლი თრდატს თავის ვინაობას არ უმხელდა. როდესაც ქრისტიანების დევნა დაიწყო, დიოკლეტიანეს დროს (ამ დროს აწამეს სწორედ წმინდა გიორგი, ბარბარე, მარინე, თეოდორე ტირონი), თრდატმა გაიგო, რომ გრიგოლიც ქრისტიანი იყო, მას კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, რადგან გრიგოლმა ჭეშმარიტი ღმერთი არ უარყო, თრდატმა იგი სასტიკად აწამა _ ადუღებულ ზეთში ჩააგდო და ხარშავდა, ადუღებული კალა ჩაასხა პირში, სცემდა უმოწყალოდ, მაგრამ ვერ გატეხა, ხედავდა, რომ უფალი მას იფარავდა. მერე გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა, მაგრამ ერთმა მსახურმა უთხრა _ ვის უშვებ, იგი მამაშენის მკვლელისა და სომხეთის მოღალატის, ანაკის შვილიაო. ამის შემდეგ თრდატმა იგი 15 წელი ორმოში გველებთან და მორიელებთან ჩააგდო, სადაც მას ერთი ღვთისმოსავი ქალი წყალს და პურს უზიდავდა. ეს იყო სიკვდილმისჯილთა ორმო, სადაც ადამიანი წამებით კვდებოდა. თრდატმა გაუგონარი სისასტიკით აწამა ქალწულები რიფსიმე და გაიანე და მათთან ერთად 35 ქალწული (წმ. ნინოც მათთან იყო, უბრალოდ, იგი ვარდის ბუჩქებში დაიმალა და ასე გადაურჩა სიკვდილს). ამის შემდეგ თრდატი გაგიჟდა _ ეშმაკეული შეიქნა. მის დას გამოცხადებით ეუწყა, რომ, თუ თრდატი გრიგოლს (რომელიც ცოცხალიც აღარ ეგონა) გაათავისუფლებდა, განიკურნებოდა. მართლაც გაათავისუფლეს და ამის შემდეგ დაიწყო მან ქრისტიანობის ქადაგება და სომხების გაქრისტიანება და, რადგან გრიგოლმა იქადაგა სომხეთში, ამიტომ უწოდებენ სომხები თავს გრიგორიანელებს, ანუ გრიგოლის მოქცეულებს. ეს იგივე იქნებოდა, ჩვენ, ქართველებს რომ გვეთქვა, რომ ნინოიანელები ვართ, რადგან წმინდა ნინომ მოგვაქციაო. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, სომხების დღევანდელ სარწმუნოებას არაფერი აქვს საერთო იმ სწავლებასთან, რაც მათ მოციქულმა ბართლომემ და წმინდა გრიგოლ პართელმა უქადაგეს.
_ მამაო, თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ სომხები მიზანმიმართულად ამახინჯებენ ქრისტიანობის მათ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღს. რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობთ ამას?
_ ისტორიკოსების ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო _ სომხები ამბობენ, რომ მათ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 301 წელს გამოაცხადეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არაა სწორი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ 301 წელს რომის იმპერიას დიოკლეტიანე მართავდა, რომელიც ქრისტიანების უმოწყალოდ მჟლეტავი იყო, სომხეთი კი, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაში კი არა, დაპყრობილი იყო დიოკლეტიანეს მიერ, გამორიცხულია დიოკლეტიანეს წინააღმდეგ წასულიყო. დიოკლეტიანე გარდაიცვალა 305 წელს. გამორიცხულია, რომ სომხებს დიოკლეტიანეს წინააღმდეგ ქრისტიანობა მის სიცოცხლეში მიეღოთ. წმინდა გიორგი დიოკლეტიანეს დაცვის უფროსი იყო, მას არ აპატია ქრისტიანობა და პროვინციის მმართველს იმას აპატიებდა, რომ თავის ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა? ეს ტყუილია! და მეორე _ ქართლის ცხოვრების საეკლესიო წყაროების მიხედვით, წმინდა ნინო მას შემდეგ, რაც იგი წმინდა ქალწულთა _ რიფსიმესა და გაიანესგან _ განსხვავებით, თრდატის რისხვას გადაურჩა, 316 წელს შემოვიდა საქართველოში. სომხები კი ამბობენ, რომ სახელწიფო რელიგიად ქრისტიანობა 301 წელს მიიღეს, მაშინ ეს ყველაფერი როგორ თავსდება ერთმანეთთან?
და კიდევ _ რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა კონსტანტინე დიდის დროს, მას შემდეგ, რაც მან მოკლა დიოკლეტიანეს შემდეგი იმპერატორი მაქსიმილიანე და მაქსიმინე და 313 წელს მილანის ედიქტით ქრისტიანებს მისცა თავისუფალი აღმსარებლობის უფლება. მანამდე ქრისტიანებს სადაც დაიჭერდნენ, ცოცხლად ატყავებდნენ. მათი ლოგიკით რა გამოდის, რომ რომის იმპერიაზე ადრე გამოაცხადა სომხეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად?
არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ჩვენი ეპისკოპოსი არისტატე _ გრიგოლის შვილი ესწრებოდა პირველ მსოფლიო კრებასო, პირველ მსოფლიო კრებას საქართველოდან სამი _ ბიჭვინთის, ფაზისისა და ტრაპიზონის ეპისკოპოსი ესწრებოდა, მაგრამ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია არ ყოფილა 326 წლამდე.
მე ვფიქრობ, ქართველმა ისტორიკოსებმა, რომელთაც ისტორიულ წყაროებზე უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი, ვიდრე ჩვენ, სასულიერო პირებს, მთელი მსოფლიოს წინაშე უნდა დააყენონ საკითხი და არგუმენტირებულად, დასაბუთებულად მოსთხოვონ სომხებს ამაზე პასუხი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხშირად საუბრებში სომხები იძახიან, რომ ჩვენ ქრისტიანობა თქვენზე ადრე მივიღეთო. უბრალოდ, სირცხვილია, როცა მსოფლიო ეკლესიების მმართველები ჩადიან და ულოცავენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს (2001 წელს).
სომხებს უყვართ თარიღების შეცვლა არა მხოლოდ ქრისტიანობასთან მიმართებაში! საერთოდ ისტორიულ ფაქტებსაც ამახინჯებენ. ამიტომაა, ქართულ ტაძრებს რომ ითვისებენ და 600-ზე მეტ ტაძარზე იძახიან, ჩვენიაო. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს!
_ მამაო, თქვენ ბრძანებთ, რომ სომხებს ოთხი პატრიარქი ჰყავთ. რას ნიშნავს ეს?
_ სომხებს ჰყავთ პატრიარქი ეჩმიაძინში, იერუსალიმში, კილიკიასა და კონსტანტინეპოლში. ისევე, როგორც, ჩვენ მართლმადიდებლებს გვყავს პატრიარქი კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ანუ ჩვენ მსოფლიო ეკლესია ვართ, მათაც მსოფლიო ეკლესიობაზე აქვთ პრეტენზია.
_ მამაო, გარეგინ მეორეს გულზე ორთავიანი არწივი კიდია, ეს ხომ რუსეთის გერბია?
_ ორთავიანი არწივი ბიზანტიის გერბი იყო. მანამდე რომის იმპერიის გერბი იყო ერთთავიანი არწივი, ანუ მიწაზე უპირველესი სახელმწიფოს სიმბოლო. მერე ბიზანტიამ, როგორც მართლმადიდებელმა სახელმწიფომ ორთავიანი არწივი _ მიწიერი და ზეციური ხელისუფლების სიმბოლო გაიხადა გერბად, მიიჩნევდა, რადგან მართლმადიდებელი, მოციქულთა სწავლების დამცველი და გამგრძელებელი იყო, ამიტომ ზეცაშიც ის იყო ბატონი _ სასუფევლის გასაღებსაც ის ფლობდა! რუსეთმა კი ორთავიანი არწივი გერბად კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ აიღო, რადგან იგი, როგორც მართლმადიდებელი იმპერია, მიიჩნევს, რომ მოსკოვი მესამე რომია! არწივი სიმბოლოა ზეცაში ძალაუფლებისა. ამიტომაც არის, რომ ეპისკოპოსები წირვის დროს არწივზე დგანან. მაგრამ აი, სომხების პატრიარქს, წინამძღოლს იმ მწვალებლური მიმდინარეობისა, რომელიც მეოთხე მსოფლიო კრებაზეა შეჩვენებული, გულზე რატომ კიდია ორთავიანი არწივი, ვერ გავიგე… მართლმადიდებელი ბიზანტიიდან მიტაცებული ატრიბუტით მსოფლიო ეკლესიობის გამოხატვა უნდათ? კი ბატონო, გახდებიან მსოფლიო ეკლესიის წევრები, თუ მწვალებლობას შეინანებენ და მოციქულთა სწავლებას დაუბრუნდებიან…
_ სომეხთა პატრიარქს რა დროიდან უმშვენებს გულს ორთავიანი არწივი _ მართლმადიდებელი ბიზანტიის სიმბოლო?
_ რა გითხრათ… ეგ აქ ვნახე პირველად გარეგინ მეორეზე… მართლა, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია! თუმცა მაინც და მაინც თუ ძალიან გულით უნდათ, გახდნენ მსოფლიო ეკლესიის წევრები, დაგმონ ანტიქალკედონური კრება, დვინის მეორე საეკლესიო კრება, ეფესოს მეოთხე ცრუ, ავაზაკთა კრება, შეინანონ და დაუბრუნდნენ წინაპართა რწმენას, მოციქულთა სწავლებას, იმ სწავლებას, რომელიც მათ გრიგოლ სომეხთა განმანათლებელმა უქადაგა. მსოფლიო ეკლესიობას და ზეციურ ხელისუფლებას გულზე ორთავიანი არწივის დაკიდება არ განსაზღვრავს!
_ მამაო, როგორ ფიქრობთ, განა ვერ ხვდებიან სომხები, რომ მწვალებლობაში არიან?
_ 1549 წელს სომხების იერუსალიმის პატრიარქმა ფული გადაუხადეს ოსმალებს, მართლმადიდებელი პატრიაქი არ შეუშვეს ქრისტეს საფლავზე, კარები ჩაუკეტეს, პატრიარქი ტაძრის გარეთ დატოვეს. სომეხი მონოფიზიტები, ასევე კოპტები, შევიდნენ კუვუკლიაში, დაიწყეს ლოცვა, რამდენიმე საათი ლოცულობდა სომხების პატრიარქი და ცეცხლი არ გადმოვიდა. ბოლოს ზეციდან წამოვიდა მეხი, დაეცა იმ სვეტს, სადაც ბერძენი პატრიარქი იდგა, ეს სვეტი შუაზე გაიპო, ცეცხლი ამოვარდა და მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში აინთო სანთელი! ის სვეტი დღესაც შუაზეა გაპობილი და გამომწვარი! ეს სვეტი მარად ახსენებს სომხებს, რომ ცდომილებაში არიან! ამის შემდეგ მონოფიზიტი სომხების პატრიარქი არასოდეს შედის მარტო ცეცხლის გამოსატანად. როდესაც ცეცხლის გარდამოსვლის სატელევიზიო ტრანსლაციაა, თქვენ ხედავთ, რომ მართლმადიდებელი პატრიარქის გვერდზე დგას სომხების მონოფიზიტი იერუსალიმის პატრიარქი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩხრიკავს მარლმადიდებელ პატრიარქს, რომ მან შიგნით ასანთი არ შეიტანოს. ქრისტეს საფლავი ორი ოთახისგან შედგება _ ერთია, სადაც ქრისტეს საფლავია, და მეორე, ანგელოზის სტოვა, სადაც ანგელოზმა ლოდი გადააგორა. ორივე ერთ კუვუკლიაშია მოქცეული. სომხების ამ «რევიზიის» შემდეგ მართლმადიდებელი პატრიარქი შედის ქრისტეს კუვუკლიაში, იჩოქება საფლავზე, იწყებს ლოცვას და, როგორც პეტრე კენჭოშვილს აქვს აღწერილი, ცეცხლის ლურჯი ბურთულები იწყებენო ქრისტეს საფლავზე ციმციმს, რომელზედაც ზეთით გაჟღენთილი ბამბებია, ცეცხლი ეკიდება ამ ბამბებს, საიდანაც შემდეგ პატრიარქი უკიდებს და ცეცხლით გარეთ გამოდის, მას გზაში ხვდება სომხების პატრიარქი, გადაუკიდებს თავის სანთელს, გამოდის გარეთ და ისე იქნევს ცეცხლმოკიდებულ სანთელს, თითქოს მის ხელშია გადმოსული ღვთაებრივი ცეცხლი. რამდენიმე წლის წინ, გადაკიდებისას მართლმადიდებელ პატრიარქს სომხების პატრიარქმა ცეცხლი ჩაუქრო. ჩვენი ელჩი, ლაშა ჟვანიაც შეესწრო ამ შემთხვევას და ამაზე ერთი ამბავი ატყდა.
იცით, მე შევესწარი, როცა იერუსალიმში ვიყავი ღვთაებრივი ცეცხლის მოლოდინში, როგორ აანთო სომეხმა მღვდელმა სანთებელათი სანთელი, როგორ ააფრიალა მერე და იყვირა, რომ სომხების სანთელზეც გადმოვიდა ცეცხლიო. ეს, მე ვფიქრობ, საერთოდ ურწმუნოების გამოხატულებაა. ხედავ, რომ ასეთი სასწაული ხდება და მაინც არ აღიარებ? იცით, ბევრმა სომეხმა არ იცის ეს და, როდესაც ამას მათ ვუყვები, ასე განვუმარტავ, ისინი მისმენენ და ბევრ მათგანს მართლა უჩნდება სურვილი, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდეს.
_ მამაო, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან თუ დეზინფორმირებულები არიან?
_ მრევლის უდიდესი ნაწილი მართლა ინფორმაციულ ვაკუუმშია, რაც შეეხება მონოფიზიტ იერარქებს, სასულიერო პირებს აქვთ ძალაუფლება. ამ ძალაუფლების დაკარგვა არ უნდათ და, თუ აღიარებენ, რომ მართლმადიდებლობა, ანუ დიოფიზიტობაა ჭეშმარიტი რელიგია, მათ ხომ ამ თავიანთი საკრებულოდან გამოაგდებენ. აღარაფერნი იქნებიან და დარჩებიან არაფრად. ეს მიწიერი, დროებითი ძალაუფლება, რომელსაც თამაში უფრო ჰქვია, ურჩევნიათ ზეციურ, მარადიულ სასუფეველს.
_ მამაო, თქვენ აღნიშნეთ, რომ, სანამ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში ღვთაებრივი ცეცხლის გამოსატანად შებრძანდება, მას ჩხრიკავს და «რევიზიას უტარებს» სომეხთა პატრიარქიო, ვინ მისცა მას ამის უფლება?
_ ამის უფლებას მას მართლმადიდებლები აძლევენ! რადგან ეჭვები «გაუფანტონ»… ეჭვი, რომელიც თავიანთ თავთან მარტო დარჩენილებს არც აქვთ. თან ჩხრეკის უფლებასაც აძლევენ, რომ შეყვეს შიგნით კუვუკლიაში, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან… ეს არც იციან უმეტესმა სომხებმა. აღდგომასაც კი სხვადასხვანაირად აღნიშნავენ _ ევროპაში კათოლიკებთან ერთად აღნიშნავენ, საქართველოში ქართველებთან ერთად, ანუ ის, რომ სარწმუნოება უკვე არასწორია და დაირღვა, ამან გამოიწვია ყველაფრის რღვევა. მე ამას მათი სიყვარული მალაპარაკებს და არა სიძულვილი, რადგან ისინი ჩვენი მეზობელი ერია, გულით მინდა, რომ მოვნათლო. როცა ინათლებიან, მერე სიამაყით ივსებიან, რომ თავიანთი წინაპრების _ ნერსე ეპისკოპოსის, გრიგოლი პართელის, შუშანიკ დედოფლის სარწმუნოებას უბრუნდებიან.
_ მამაო, ჩვენს უწმინდესს არწივი არ აქვს გულზე…
_ ჩვენს უწმინდესს გულზე დედა ღვთისმშობელი ჰყავს!!!
მე მეტსაც გეტყვით _ კონსტანტინეპოლის პატრიარქსაც კი არ კიდია გულზე ორი არწივი! არადა, ეს ხომ ბიზანტიის იმპერიის გერბია! ათონის მთის გერბიც ორთავიანი არწივია _ მიწიერი და ზეციური ხელისუფლების სიმბოლო!
_ მამაო, მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ანტისომხურ პროპაგანდაში დაგდებენ ბრალს.
_ მე თუ ანტისომხურ პროპაგანდას ვეწევი, ამ ლოგიკით მაშინ წმინდა ილია მართალიც ანტისომხურ პროპაგანდას ეწეოდა თავისი გენიალური «ქვათა ღაღადით» და მეოთხე საეკლესიო ქალკედონის კრება და რუის-ურბნისის კრება ანტისომხური ყოფილა! ეს ანტისომხური იქნებოდა, მე რომ სომხებზე, როგორც ერზე ისე მელაპარაკა, მაგრამ მე აქ ეროვნებასთან საქმე არ მაქვს, მე მონოფიზიტ ქართველებთანაც იგივე სათქმელი მაქვს. ყველა მონოფიზიტთან ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მიყვარს, მაგრამ მინდა, რომ მწვალებლობას თავი დააღწიონ. მონოფიზიტობაზე მაქვს ლაპარაკი და მონოფიზიტები, მარტო სომხები კი არა, კოპტებიც არიან ეგვიპტეში, სირიაში, ეთიოპიაში. ჩვენ მათი არასწორი სარწმუნოების წარმოჩენა და მხილება გვინდა.
_ მამაო, დღეს ამ გლობალიზაციის ეპოქაში მახსენდება ერთი მსოფლიო მოღვაწის ნათქვამი _ ჩვენ დავამარცხეთ კომუნიზმი, ახლა უნდა დავამარცხოთ მართლმადიდებლობაო, რადგან ის კაცობრიობის განვითარების შემაფერხებლად სწორედ მართლმადიდებლობას მიიჩნევს. ძალიან ხშირად ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებისგან მსმენია ნიშნისმოგებით ლაპარაკი _ რატომ არც ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა არაა დღეს დაწყნარებული და მაღალგანვითარებული, თუკი ისინი მართლა სწორად მიდიან და მადლი ისევ აქვთ შენარჩუნებულიო. შედარებისთვის დაწყნარებული და განვითარებული ევროპა მოჰყავთ…
_ ჯერ იმ ადამიანებზე მოგახსენებთ, ვისაც მართლმადიდებლობის განადგურება უნდა _ ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ უამრავი მტერი ჰყოლია ეკლესიას _ ნერონი, დიოკლეტიანე, ტრაიანე, დეკიუსი, იულიანე განდგომილი, შაჰ-აბასი, ვლადიმერ ლენინი. როგორ დაამთავრეს მათ თავიანთი ცხოვრება? ზოგი შაჰ-აბასივით და დიოკლეტიანესავით შეშლილი დადიოდა, ზოგს მიწა არ ეღირსა ლენინივით. სახარების მიხედვით, უფალი პეტრეს ეუბნება: «შენა ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო». სხვა ადგილას მაცხოვარი იძახის _ ეკლესია ლოდი არის, ვინც ამ ლოდს დაეცემა, დაიმტვრევა და, ვისაც ეს ლოდი დაეცემა, გასრესსო. ეკლესიასთან ბრძოლა დასაწყისშივე დამარცხებისთვისაა განწირული. ეკლესიასთან მებრძოლი და გამარჯვებული კაცობრიობას არ ახსოვს. პიროვნება კი არა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია უძლეველია, იგი კრავია გამარჯვებული!
ახლა კი რატომ არიან მართლმადიდებელი ქვეყნები ასეთ დღეში. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოეკითხება. ვისაც 5 ტალანტი მისცა უფალმა, 10 მოკითხა. ახლა რაც შეეხება, განვითარებულ და აყვავებულ ევროპას _ ევროპაში კაცს რომ ჰკითხო, ღმერთი ვინ არისო, მითოლოგიური პერსონაჟი ეგონებათ. მეორედ მოსვლა და ანტიქრისტე საერთოდ ზღაპარი ჰგონიათ!
იგივე შეიძლება ითქვას სერბეთზე _ XIII საუკუნეში, როდესაც კათოლიკე ჯვაროსნებმა დაარბიეს ათონის მთა, ბიზანტია გაანადგურეს, სერბეთი კი ვერ აიღეს! რატომ? ოთხი დინასტია მეფეებისა წმინდანები ჰყავდათ და მეფის შემხედვარე მთელი ერი ღვთისმოშიშებაში ცხოვრობდა. დღეს კი, რაც სჭირთ, მათივე ბრალია, ისევე, როგორც ჩვენი ცოდვების ბრალია აფხაზეთი და სამაჩაბლო და სხვა ბევრი უბედურება! მათი ცოდვების გამო იშლება სერბეთი! როგორც ჩვენი ცოდვების გამო იშლება საქართველო! საქართველოში მოექცეოდა ერი ღმერთისკენ _ ღმერთიც მოწყალებას არ იშურებდა! გიორგი ბრწყინვალეს წერილი მინდა გავიხსენო რომის პაპთან. ეტყობა, რომის პაპი სთხოვდა მას მერვე მსოფლიო კრების მოწვევას და მეფე გიორგი კი პასუხობს: ჩვენ ერთ კრებას ვერ მოვიწვევთ, თქვენი სარწმუნოება სხვა არის, ჩვენი კი _ სხვა, შეინანეთ, დაბრუნდით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მერე ერთად ვილოცოთო. ასეთი მეფე რომ იყო გიორგი ბრწყინვალე, ამიტომაც გააერთიანებინა ღმერთმა მას საქართველო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს პირველი პირის ზნეობრივ მხარეს, რამდენად ზნეობრივადაც ცხოვრობს იგი, ისევე მიდის ქვეყნის საქმეც!
_ მამაო, თითქოს ქვეყანა, ერი ღმერთისკენ მიბრუნდა, ტაძრები შაბათ-კვირას სავსეა მრევლით, უამრავი ტაძარი შენდება, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც თითქოს ღვთის გზას დაადგა ხალხი. მაშ, რა ხდება? რატომ ამდენი განსაცდელი, ტკივილი, ტანჯვა?
_ ეკლესიები რომ შენდება, რა თქმა უნდა, კარგია. მთავარია, გულით მივიდეთ უფალთან, ტაძრების რაოდენობას რა აზრი აქვს, თუ ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ?
ბზობის მაგალითს გავიხსენებ. ბზობას მთელი იერუსალიმი ქრისტეს ქებით გამოეგება, ბაია, ბზა, საკუთარი სამოსელი ფეხქვეშ გაუგეს, ოსანას ეძახდნენ, იმავე ხალხმა კი უფალი ერთი კვირის შემდეგ ჯვარს აცვა. ერთი კაციც არ აღმოჩნდა ბრბოში, რომელიც იტყოდა, რომ არ აცვათ ჯვარსო! ზოგი ჩუმად იყო და ასე, თავისი  დუმილით გაყიდა ქრისტე!
_ დუმილითაც შეიძლება ჯვარს აცვა ქრისტე, მამაო?
_ დუმილით გაიყიდა ქრისტე!..
ესაუბრა
შორენა სიხარულიძე
 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ამიტომ მიიღო სინოდმა სომხური ეკლესიისთვის სასარგებლო დადგენილება?,თქვენ რა სხვა სამყაროში ცხოვრობთ თუ ხალხს აშტერებთ?.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here