Home რუბრიკები პოლიტიკა მიშამ უკრაინის პატრიარქიც მოატყუა

მიშამ უკრაინის პატრიარქიც მოატყუა

GEWORLD.GE:
გასულ კვირას კიევის პროკურატურამ ქალაქის ცენტრში, კერძოდ პეჩორის ლავრასთან ახლოს მდებარე ქართული რესტორნის _ «რიონის» დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო, იმ ადგილს კი, სადაც ახლა აღნიშნული რესტორანია წამოჭიმული, პირვანდელი იერ-სახე დაუბრუნონ.
ერთი შეხედვით, ამ ყველაფერში საინტერესო და მით უფრო საგანგაშო თითქოს არაფერია, რადგან თითქმის ოთხმილიონიან კიევში აქამდეც არაერთი რესტორანი დაუნგრევიათ და აუშენებიათ კიდეც, მაგრამ, მეორეს მხრივ, ფრიად საყურადღებო მოვლენასთან გვაქვს საქმე _ რესტორანი «რიონი», რომელიც 2007 წელს აშენდა, ჩვენი «ყოვლისშემძლე» პრეზიდენტის პირადი პროექტი იყო და შესაბამისად მისი არც ერთი ვიზიტი მეგობარ სახელმწიფოში, ფაქტობრივად, ისე არ სრულდებოდა, რომ «ბელადს» ერთხელ მაინც არ შეევლო თავის «საკუჭნაოში». ეს რესტორანი მიხეილ სააკაშვილის პირად «სალივლივეს» წარმოადგენდა და ამიტომ მისი დანგრევა, უბრალოდ, შენობის დემონტაჟს კი არ ნიშნავს, არამედ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამით რეალურად იანუკოვიჩის ხელისუფლებამ «ნაცმოძრაობის» ავტორიტარულ რეჟიმს უკრაინის ტერიტორიაზე წითელი აუნთო.

გავიხსენოთ, რა პერიპეტიები უძღოდა წინ ამ რესტორნის მშენებლობას. ჯერ კიდევ 2006 წელს, ანუ სანამ «ბელადის სალივლივის» პირველი აგური დაიდებოდა, უკრაინის სამღვდელოებამ ერთხმად პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ რესტორანი პეჩორის ლავრის გვერდით შენდებოდა, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქის იერ-სახესაც ამახინჯებდა და ამასთან, ლავრის მიწისქვეშა კომპლექსსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მშენებლობის წინააღმდეგი იყო ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც, ვინაიდან, რესტორნის აშენება იქ, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, მთელი ერის შეურაცხყოფას ნიშნავდა, მაგრამ იუშჩენკოს ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ინტერესებს სააკაშვილის მანიაკალური სურვილის აღსრულება ამჯობინა და საბოლოოდ «ბელადის სალივლივე» მაინც აშენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როცა კიევში საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა, სააკაშვილი უკრაინის პატრიარქს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ლავრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რესტორანი შენდებოდა, ასევე ეკლესიასაც ააგებდა. ამით «ნაცმოძრაობის ბელადმა» იმას მიაღწია, რომ უკრაინის სამღვდელოებასთან დაწყებული დავა დროებით ჩაწყნარდა და, შესაბამისად, მშენებლობამაც ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე ჩაიარა. დაპირება კი დაპირებად დარჩა, რადგან ძეგლთმოძულე და მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ მტრულად განწყობილ სააკაშვილს კიევში ეკლესია ისევე არ აუშენებია, როგორც საქართველოში ასი ახალი საავადმყოფო და მით უფრო _ მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი.
ასე თუ ისე, სანამ უკრაინის სათავეში სააკაშვილივით ნატოზე გადარეული, ევროკავშირზე ჭკუადაკარგული და ეროვნულ ფასეულობებზე აცრილი ვიქტორ იუშჩენკო ზეობდა, «ბელადის სალივლივეს», როგორც იტყვიან, თავი ქუდში ჰქონდა; მაგრამ დასრულდა თუ არა «ნარინჯისფერთა» ორგია და პარპაში ქვეყანაში, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა _ ახალმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად ხალხის ინტერესები დაისახა, სააკაშვილის «სალივლივეს» კი, არც აცია, არც აცხელა, წყალი შეუყენა. ამით იანუკოვიჩის ადმინისტრაციამ გასაგებად გვითხრა, _ ხინკალიც კარგია, მწვადიც და ქაბაბიც, მაგრამ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილებია, ჰალსტუხცოხნია კურდღელსა და მით უფრო მის «სალივლივეს» არაფერი ესაქმებაო.
მოკლედ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მიშას უკრაინიდან ღაჟღაჟა წითელი აუციმციმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა «ყოვლისშემძლე პრეზიდენტმა» სერიოზული პოლიტიკური «პოუშამი» მიიღო და ამიერიდან კიევისკენ ძველებურად აღარ უნდა გაიხედოს.
სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, წინამდებარე წერილში ამ თემას შევხებოდი, მაგრამ, რადგან რესტორან-სალივლივეების დანგრევაზე ვსაუბრობ, დასასრულს ორიოდე სიტყვას მცხეთის მოდერნიზაციის გეგმაზეც მოგახსენებთ. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ გეგმის ავტორი პირადად მიხეილ სააკაშვილია და საყოველთაოდ ცნობილია ისიც, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. საუბარია იმაზე, რომ ისტორიულ და წმინდა ადგილას, კერძოდ, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს უერთდება, საცურაო აუზი უნდა აშენდეს; ხოლო, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის ომახიან განცხადებასაც, მთავრობას უცხოელი სტუმრებისთვის თავის მოსაწონებლად სიღნაღში სირბილი არ უნდა უწევდესო, ძნელი მისახვედრი არც ისაა, თუ ვინ და რა ჯურის ხალხი წარმოუდგენია «მის აღმატებულებას» მცხეთის «სალივლივეში» ტურისტებად და დამსვენებლებად…
ამის წარმოდგენაც კი შემზარავია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ვისაც რამდენიმე დღის წინ კიევში გრანდიოზული «სალივლივე» თავზე დაამხეს, მომავალში მცხეთაში ახალ «სალივლივეს» გაგვიხსნის, იქაურობას უცხოელებით გაავსებს და გოგო-ბიჭებს ან სულაც მხოლოდ ბიჭებს თითს ბუჩქებისკენ გაუშვერს, თქვენ იცით და თქვენმა ჯანმაო. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს, რამე სერიოზულ წინააღმდეგობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ამ ქვეყანაში უკვე, როგორც ჩანს, დიდი ხანია, სიტყვა პროტესტის მნიშვნელობა დავიწყებული აქვს საზოგადოებას.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, როცა გავიგე, რომ კიევში სააკაშვილის მიერ თავის დროზე უადგილო ადგილას წამოჭიმულ ქართულ რესტორანს ანგრევენ, სიმართლე გითხრათ, უკრაინელი ხალხის შემშურდა, შემშურდა, რადგან, როგორც იქნა, ეღირსათ ისეთი ხელისუფლება, რომელმაც წინამორბედის ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას საბოლოოდ ხაზი გადაუსვა, ჩვენ კი, ვშიშობ, ერთ «მშვენიერ» დღეს ან იმ ტყუილებისა და გარყვნილების ნიაღვარი დაგვახრჩობს, სახელისუფლო არხებიდან გეომეტრიული პროგრესიით რომ მოედინება, ან სულაც ის წყალი გაგვგუდავს, რომელიც, დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებას პირში აქვს დაგუბებული…
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here