Home რუბრიკები ისტორია სიმართლე მოკავშირეების, ლენდ ლიზისა და იოსებ სტალინის შესახებ

სიმართლე მოკავშირეების, ლენდ ლიზისა და იოსებ სტალინის შესახებ

GEWORLD.GE:
«საქართველო და მსოფლიო» კვლავ და კვლავ უბრუნდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოთა ურთიერთობის ფართო მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილ საკითხებს. «ვიკილიქსის» ჭორ-მართლისა და ცალკეული ჩინოვნიკების სუბიექტურ მოსაზრებათა ფონზე, ის, რაზეც ამ პუბლიკაციაში ვისაუბრებთ, გაცილებით სანდო ჩანს და ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოსაა.
დღეს ორ პრობლემას შევეხებით: მოკავშირეთა ურთიერთნდობისა და ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხებს, რომლებსაც სპეცსამსახურების _ დაზვერვის ჭრილში იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით განვიხილავთ, რომლებიც არქივებში ინახებოდა გრიფით «სრულიად საიდუმლოდ». დღეს ეს არქივები თანდათან იხსნება, დოკუმენტები განსაიდუმლოებული და ხელმისაწვდომია, ყოველ შემთხვევაში, _ აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში ამ თემებზე მომუშავე ამერიკანისტებისთვის. მათ კვალზე ვივლით ჩვენც.

ჰოპკინსმა სტალინს თვალებში ჩახედა
ობივატელის დონეზე ცნობილია, რომ ომის წლებში მოკავშირეთა ურთიერთობა კონცენტრირებული იყო ლენდ-ლიზსა და მეორე ფრონტის გახსნაზე.
ლენდ-ლიზი, მოგეხსენებათ, იყო ამერიკის მიერ მოკავშირე ქვეყნებისთვის იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტყვია-წამლის, სტრატეგიული ნედლეულის, სურსათის და ა.შ. მიწოდების სისტემა.
უანგარო იყოო, ვერ იტყვი, მაგრამ _ ფრიად აუცილებელი და საჭირო. ოქროთი გადაიხადა საბჭოთა კავშირმა, სრულად გაისტუმრა ვალი.
ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა ობლის კვერივით იყო, რომელიც დიდხანს ცხვებოდა და საბოლოოდ თეირანის კონფერენციის შემდეგ ეშველა.
ისტორიკოსების აზრით, მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურება იმის მაჩვენებელია, რომ მოკავშირეთა შორის ნდობა-უნდობლობის საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, თუმცა ცვალებადი, მეტ-ნაკლები სიმძაფრით; იგი იყო ერთგვარი საჯილდაო ქვა, რომელიც ამ ურთიერთობებს ხან სრული პოზიტივით გამოავლენდა, ხან ალოგიკურ ჩიხში შეაგდებდა.
ასეთი კანონზომიერება 1941 წლის ივლისის პირველივე დღეებიდან გამოაშკარავდა. ამერიკელების წინაშე მთელი კატეგორიულობით დადგა საკითხი: შეიძლება თუ არა, ენდონ საბჭოთა კავშირს ლენდ-ლიზის ამოქმედების საკითხში? შეიძლება კი იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამერიკული დახმარება უძირო ქვევრში გადაყრილ მილიონებად არ დაუჯდებათ? დაეჭვების საფუძველი აქვთ, რადგან ევროპისა და ამერიკის სპეცსამსახურების ანალიტიკური ინფორმაციით, საბჭოთა კავშირი ორ-სამ თვეს თუ გაუძლებს ჰიტლერული არმადის შეტევას და ზამთრის დადგომამდე თავის ყველა სტრატეგიულ ცენტრს დათმობს.
ვითარებაში გასარკვევად აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი მოსკოვში თავის მრჩეველსა და სპეციალურ თანაშემწეს _ ჰარი ჰოპკინსს აგზავნის. ჰოპკინსის მისია ჭეშმარიტების მომენტი უნდა გახდეს შტატების ხელმძღვანელობისთვის, თვალის ახელა.
მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს-ესაა გადაინაცვლა, უკვე ბომბავენ მოსკოვს ლუფტჰანზას ბომბდამშენი თვითმფრინავები, საჰაერო განგაში ყოველდღე ცხადდება საბჭოთა დედაქალაქში, ჰიტლერი დღე-დღეზე მისი აღებით იმუქრება… ჰოპკინსი, 50 წელს გადაცილებული, ავადმყოფი კაცი, მოსკოვში მოფრინავს ბომბდამშენით, რომელიც ასეთი ხანგრძლივი ფრენისთვის საჭირო კომფორტს მოკლებულია _ მთელი გზა რკინის მრგვალ სკამზე ზის. ესაა და ეს.
«ჩამოდის სპეციალურად, რათა სტალინს ჩახედოს თვალებში. რა დაინახა? მან დაინახა კაცი, რომელიც ფლობს სიტუაციას,» _ შენიშნავს ამერიკანისტი სვეტლანა ჩერვონაია.
ისტორია მეორდება. ვერ შევაფასებ, როგორი ხარისხით, მაგრამ თითქმის 70 წლის შემდეგ ბუში-უმცროსი თვალებში ჩახედავს ვლადიმერ პუტინს იმავე მიზნით _ შეიძლება თუ არა მისი ნდობა?
მაშინ სხვა დრო იყო _ დრო ტიტანების…
განვაგრძობ ციტირებას:
«და აი, ზის ეს ადამიანი სტალინის წინაშე. და იწყება: ჩვენ გვჭირდება ამდენი ტანკსაწინააღმდეგო, ამდენი ეს, იმდენი ის… ესე იგი, იყო სრულყოფილი მომზადება, სიტუაციის სრულად ფლობა. შემდეგ ასეთი მომენტი იჩენს თავს: მას (ჰოპკინსს) სურს, გაიგოს, გაუძლებენ თუ ვერ გაუძლებენ (რუსები), რადგან უკვე დაეცა მოგილევი, უკვე დაეცა სმოლენსკი, გერმანელები მოსკოვისკენ მიიწევენ… ჰოპკინსი გადაწყვეტს _ გაუძლებენ! ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომელიც იკვეთება ჰოპკინსის ეგრეთ წოდებული დღიურების ჩანაწერებში, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა» (გარდაიცვალა 1946 წელს).
ჰოპკინსი ბრუნდება შტატებში, ხვდება რუზველტს და ამოქმედდება ლენდ-ლიზის მანქანა. მართალია, ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკელები მხოლოდ წლის ბოლოს მიიღებენ, მაგრამ მანქანის ძრავა, როგორც ამბობენ, ივლისის ბოლოსვე ჩაირთო.
ჩაირთო. ნდობა-უნდობლობის პრობლემა დარჩა. ორივე მხარეს ჰქონდა დაეჭვების ისტორიული მიზეზები.
ამერიკელებსა და ინგლისელებს ყოველთვის აეჭვებდათ გერმანია-საბჭოთა კავშირის 1939 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ _ ვაითუ, ამ პაქტის საფუძველზე რუსებმა გერმანელებთან დადონ სეპარატული ზავი და გამოვიდნენ ომიდან… ვიაჩესლავ მოლოტოვის არქივის ფონდში, რომელიც მხოლოდ 2006 წელს გაიხსნა, ისტორიკოსების რწმუნებით, დაცულია ვოროშილოვის ბარათი მოლოტოვისადმი. 1939 წლის 22 აგვისტოს კლიმენტ ეფრემის ძემ ვიაჩესლავ მიხეილის ძეს მისწერა: «მორჩა, საფრანგეთის მთავრობამ მოგვცა ნიშანი, იგი ყველა ჩვენს მოთხოვნას დათანხმდა. რა უნდა გავაკეთო?»
ხელშეკრულება ფრანგებთან და ინგლისელებთან უნდა გაფორმებულიყო!
ფორსმაჟორია, რადგან ამ დროს რიბენტროპი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკვე მიფრინავს მოსკოვში ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ხელის მოსაწერად და არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.
ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოკავშირეები ერთმანეთს საქმის კურსში არ აყენებენ, არ აწვდიან აუცილებელ ინფორმაციას. მოკავშირეები საბჭოთა კავშირს უმალავდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ლაპარაკია სამხედრო და დაზვერვის ინფორმაციაზე.
თუმცა არც ჩვენ ვიყავით ხელგაშლილები. პრობლემა იყო ორმხრივი და ერთ წრედ შეკრული.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ 1941 წელს მოკავშირეებს სადაზვერვო საქმიანობაში ორი უმნიშვნელოვანესი გარღვევა ჰქონდათ. ინგლისელებმა გაშიფრეს გერმანული შიფრი «ენიგმა», ამერიკელებმა _ იაპონელების სამხედრო-საზღვაო კოდი «მეჯიკი». ინგლისელები კითხულობდნენ ბერლინსა და ჯარებს შორის მიმოწერას, საჯარისო, სტრატეგიულ მიმოწერას მათ შორის. ამერიკელები _ პირველწყაროდან იაპონელების ცნობებს.
ზორგე არ იყო სუპერაგენტი
ჩვენთან დღემდე დამკვიდრებულია მითი, რომ საბჭოთა სუპერმზვერავმა ზორგემ ჯერ კიდევ 1941 წლის ოქტომბერში (სექტემბერსაც უმატებენ) შეატყობინა სტალინს, რომ იაპონია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმება. და ამიტომ სტალინმა შორეული აღმოსავლეთიდან მოხსნა ციმბირის დივიზიები და მოსკოვისკენ გადმოისროლა.
სიცრუეა! რადგან გადაწყვეტილება ციმბირის დივიზიების გადმოსროლის შესახებ ადრე იყო მიღებული და საარმიო შენაერთები «ზორგეს შეტყობინების პერიოდისთვის» უკვე მოემართებოდნენ მოსკოვისკენ. საარქივო დოკუმენტები ამას დაბეჯითებით ირწმუნება.
ზორგესგან კი არა, ვაშინგტონიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია, დაბეჯითებით აცხადებენ ანალიტიკოსები. იმასაც ამბობენ, რომ რუზველტს ძალიან უნდოდა ამ ინფორმაციის სტალინისთვის მიწოდება, მაგრამ არ შეეძლო, რადგან სამხედრო სამინისტრო თავს იკლავდა _ რუსებს ვერ გავანდობთ, იაპონელებს შიფრს რომ ვკითხულობთო.
არგუმენტი პრიმიტიულია და გერმანელებთან შესაძლო სეპარატული ზავის დადებას ეფუძნება, რომლის ეჭვი ამერიკელებს აკვიატებული ჰქონდათ: ვაითუ რუსები შემოუტრიალდნენ გერმანელებს და უთხრან, რომ იაპონური კოდი გაშიფრული გვაქვს. გერმანელები ეტყვიან იაპონელებს და _ «ჩავუგდებ და ამოვიყვან ჩემს ძმობილ ჭიანჭველასო».
ხუმრობაგაშვებით: ამერიკელები შიშობდნენ, რომ ომი იაპონელებთან გარდაუვალი იყო და ის კოზირი, რომელიც ხელთ ჰქონდათ, შესაძლოა, დაეკარგათ.
ოფიციალური არხები გადაიკეტა.
ამოქმედდა კონფიდენციური საშუალებები, პირდაპირ ვთქვათ, დაზვერვა. დიპლომატიურ არხებსაც ნუ უგულებელვყოფთ. ინფორმაცია საბჭოთა ხელმძღვანელობამდე ამ გზით აღწევდა.
ციმბირის პირველი დივიზიები უკვე იბრძოდნენ სმოლენსკთან და ვიაზმასთან.
ზორგე ინფორმაციის ერთადერთი წყარო არ ყოფილა, არც _ უეჭველად სანდო, უფრო დაყოვნებული ინფორმაციის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ.
რატომ წარმოჩნდა ასე გამოკვეთილად ზორგეს ფიგურა? იმიტომო, ირწმუნებიან დაზვერვის სპეციალისტები, რომ ინფორმატორების სიმრავლეს ჩვენთან, როგორც წესი, ასაიდუმლოებდნენ და იაპონელებთან ურთიერთობის ეს ისტორია «ლეგენდირებული იყო ზორგეზე».
ნიშანდობლივია, რომ ჩერჩილსაც, კვდებოდა, ისე უნდოდა სტალინისთვის ეცნობებინა «ენიგმისა» და «მეჯიკის» გაშიფრის ამბავი და, მაშასადამე, მიეწოდებინა კიდეც ამ გზით მიღებული ინფორმაცია, მაგრამ, როგორც ირკვევა, დაზვერვამ არ მისცა ამის უფლება.
მიზეზი და არგუმენტები?
სეპარატული გარიგება რომ დაიდოს, მერე რა მოხდება?
სეპარატული ზავის დადების ძალიან დიდ ხანს ეშინოდათ.
 
სტალინს უმალავდნენ ინფორმაციას
სტალინს არ სჯეროდა, რომ მოკავშირეები მართლაც ემზადებოდნენ ევროპაში მეორე ფრონტის გასახსნელად. და ჰქონდა ამის საფუძველი _ წლები გადიოდა და მეორე ფრონტი არ ჩანდა. მოკავშირეები კი ემზადებოდნენ. ძალიან გაჭიანურდა ეს მზადება. საბოლოოდ სამოკავშირეო გადაწყვეტილებას თეირანის კონფერენციაზე მიიღებენ (1943 წლის 28 ნოემბერი _ 1 დეკემბერი), რომლის მიხედვით, მეორე ფრონტი არა უგვიანეს 1944 წლის 1 მაისისა უნდა გახსნილიყო.
ინგლისელებს და ამერიკელებს საამისოდ ყველაფერი მზად ჰქონდათ ჯერ კიდევ 1943 წლის აგვისტოს დასაწყისისთვის.
დაბრკოლება აქაც გადაულახავი უნდობლობა იყო.
სტალინს არ აცნობებენ, რაც ხდება.
«სტალინს არ სჯერა _ შესაბამისად, ეჭვიც ეპარება, რომ მოკავშირეები მართლაც ემზადებიან.
რატომ არ აცნობებენ? ინგლისელებს, განსაკუთრებით მი-6-ს _ ინგლისის დაზვერვას მიაჩნია, რომ ოპერაცია «ოვერლორდის» გეგმები არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირს: საბჭოთა შტაბში გერმანელი აგენტი რომ იჯდეს, ხომ შეიტყობს ამ ყველაფერს? ესაა მოტივი.
მაისიდან მოყოლებული ჩერჩილი და რუზველტი სტალინს დაუყოვნებლად შეხვედრას სთავაზობენ შემდგომი სამხედრო გეგმების შესამუშავებლად, ანუ, ფაქტობრივად, მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე მოსალაპარაკებლად. სტალინი უარს ამბობს მანამდე, სანამ საბჭოთა სამხედრო დაზვერვა 13 ოქტომბერს «ოვერლორდის» გეგმებს სრულად არ მიაწვდის.
სტალინი და მოლოტოვი მოსკოვის თათბირის წინ დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი რიგზეა. თათბირმა შეუფერხებლად ჩაიარა და სტალინი დაუყოვნებლივ დათანხმდა ერთობლივი შეხვედრის გამართვას» (სვეტლანა ჩერვონაია).
თეირანის კონფერენციაზე შეხვედრის სრულ ტრანსკრიპტში, დიალოგებში აშკარად ჩანს, რომ მოკავშირეთა ურთიერთნდობა კვლავ აღდგა.
ისტორიკოსები გამოყოფენ ერთ შესანიშნავ მომენტს, როცა სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი დროში ვერ ეტევიან და სტალინი ამბობს: «იქნებ შევყოვნდეთ?» ჩერჩილი წამოხტება და შესძახებს: «მზად ვარ, ორი დღე არაფერი ვჭამო, ოღონდ დავამთავროთ»! ჩერჩილის მხრიდანო, ამბობენ ანალიტიკოსები, ასეთი საქციელი თავგანწირვას ნიშნავდა, ორი დღის უჭმელობა მისთვის გმირობის ტოლფასი იყო.
აქვე ასკვნიან, რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც სტალინისა და ჰოპკინსის შეხვედრის ჩანაწერებში აღწერილი კათარზისის ფაქტი.
სტალინი განაგრძობს: «მოდით, დავნიშნოთ მთავარსარდალი». სტალინი ამ საკითხს წამოწევს იმიტომ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუზველტი და ჩერჩილი ვერ თანხმდებიან ნორმანდიაში შეჭრის ოპერაციის მთავარსარდლის შერჩევის საკითხში. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს შეუთანხმებლობა, რომელმაც ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა, შესაძლოა, დააგვიანოს.
იოსებ ბესარიონის ძე გადაჭრით აცხადებს: «უნდა დავნიშნოთ, სანამ მთავარსარდალს არ დანიშნავთ, საქმე წინ ვერ წავა».
და სტალინი წამოაყენებს ეიზენჰაუერის კანდიდატურას. ყველა უცებ დაეთანხმება და საქმეც დაუბრკოლებლად და უხინჯოდ წარიმართება. ეს ფაქტია.
ომის დასრულების პერიოდისთვის საბჭოთა ხელმძღვანელობას და საბჭოთა დაზვერვასაც უჩნდება ეჭვი სეპარატულ შესაძლო დაზავებაზე დასავლელ მოკავშირეებსა და გერმანელებს შორის.
ისტორიკოსები თვლიან, რომ ეს ძალიან საშიში მომენტი იყო. ეს ის დროა, როცა მძიმედ დაავადებული პრეზიდენტი რუზველტი უკანასკნელ დღეებს ითვლის. აქვე აღვნიშნოთ, რომ რუზველტი და სტალინი უაღრესად სიმპათიურად იყვნენ ურთიერთგანწყობილი, ურთულეს სიტუაციებშიც კი. როგორც მოკავშირეთა ლიდერების მიმოწერიდან ირკვევა, ჩერჩილი თავისი არგუმენტების გასამყარებლად სტალინისადმი გაგზავნილ წერილებში ხშირად იმოწმებს რუზველტს _ პრეზიდენტიც ასე ფიქრობსო. მიაჩნია, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სტალინზე.
კომუნისტები, მაგრამ არა ჯაშუშები
სტალინი ინფორმაციას იღებს დაზვერვისგან, მაგრამ არა გერმანიიდან, არა შვეიცარიიდან (როგორც ეს ცნობილ საბჭოთა სერიალშია «გაზაფხულის 17 გაელვება»), არამედ ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან. საბჭოთა კავშირს დაზვერვის უძლიერესი აპარატი და წყაროები გააჩნდა, რომლებიც უმთავრესად ჯერ კიდევ ომამდე იყო დაარსებული.
აქ განმარტებაა საჭირო, რადგან ეს წყაროები თავდაპირველად კომუნისტური პარტიის საინფორმაციო ჯგუფების სახით არსებობდა, რომლებსაც თანდათან უერთდებოდა დაზვერვა. ასეთი ურთიერთობის მაღალ ორგანიზებულობასა და პროფესიულ კონსპირაციულ დონეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამ ჯგუფებში გაერთიანებული ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ საბჭოთა დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
მას შემდეგ, რაც არქივები მეტ-ნაკლებად გაიხსნა, შეგვიძლია უფრო დეტალურად წარმოვადგინოთ ამ საინფორმაციო მასივის ორგანიზაციული სტრუქტურა.
ამერიკაში ფუნქციონირებდა ორი ჯგუფი. ერთი სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის დაზვერვა, რომელსაც ძალიან ნიჭიერი რეზიდენტი ახმეროვი ხელმძღვანელობდა. იცხაკ ახმეროვი თათარი იყო წარმოშობით. ომის ბოლოსკენ დაზვერვის ინფორმატორთა წრე მასზე იყო შეკრული, მანამდე კი _ კომუნისტებზე.
ეს ერთი.
მეორე გახლდათ ნათან გრეგორი სილვერმასტერი. მისი ცოლი მეფის რუსეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, გრაფ სერგეი ვიტეს შვილიშვილად ეკუთვნოდა. მან შექმნა და აამოქმედა მეგობართა ქსელი, რომლებიც შემდგომ, «ცივი ომის» პერიოდში, ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის ავზრახულ აგენტებად შერაცხეს. არადა, ისინი, მათი ერთი ნაწილი, უბრალოდ, კომუნისტები იყვნენ. დანარჩენებს კომპარტიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. იყვნენ ამერიკელებიც და იყვნენ რუსი ემიგრანტებიც.
სილვერმასტერს შინ ჰქონდა კლუბი, სადაც ეწყობოდა სადილები, ვახშამი _ მისი ცოლი შესანიშნავი კულინარი იყო და უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. ხვდებოდნენ ამ კლუბში მეგობრები, საუბრობდნენ, ყვებოდნენ ახალ ამბებს, თავიანთ შეხედულებებსა და დასკვნებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ბუნებრივად მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა, რომელიც აკრეფილი იყო უწყებებიდან, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ. საბჭოთა საგარეო დაზვერვა უარს არ ამბობდა ამ ინფორმაციაზე.
სამხედრო დაზვერვასაც ჰყავდა წარმატებული ჯგუფი ვაშინგტონში, მცირერიცხოვანი, კომპაქტური და შედეგიანად მომუშავე.
ისიც სათქმელია, რომ სამხედრო დაზვერვისა და საგარეო დაზვერვის ჯგუფები ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ. არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ რეზიდენტები ერთსა და იმავე საელჩოში მუშაობდნენ. მათგან ერთი _ დიპლომატად, მეორე კი… მეორე საელჩოში ავტომანქანის მძღოლად მუშაობდა, სამხედრო ატაშეს შოფრად. ამერიკელებმა იგი ვერ გაშიფრეს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს კაცი გენიალური მზვერავი იყო და დიდ საქმესაც აკეთებდა. იყო შემთხვევა, როცა რუზველტმა სტალინს უსაყვედურა: «თქვენმა ინფორმატორებმა შეგაცდინესო». სტალინმა მაშინ უპასუხა: «ჩემი ინფორმატორები ძალიან მოკრძალებული ადამიანები არიან და არასოდეს მომატყუებენ». გამორიცხული არ არის, რომ ბელადი მოკრძალებულ ინფორმატორთა შორის ამ რეზიდენტსაც, შეუმჩნეველ, მორიდებულ, უპრეტენზიო, მაგრამ მაღალი კლასის პროფესიონალსაც გულისხმობდა.
შტირლიცი არაფერ შუაშია
კინოსერიალში «გაზაფხულის 17 გაელვება» გადმოცემულია სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ამერიკელები, კერძოდ, დალესი ხვდება ჰიტლერელ გენერალ ვოლფს სეპარატული ზავის საკითხზე მოსალაპარაკებლად.
ტყუილ-მართალიო, ამაზე ითქმის.
სინამდვილეში საქმე ეხებოდა არა სეპარატულ ზავს, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში გერმანელთა დიდი დაჯგუფების ტყვედ ჩაბარებას. ეს დაჯგუფება მზად იყო იარაღის დასაყრელად, რადგან სანახევროდ უკვე ალყაში იყო მოქცეული.
მაგრამ დალესი საკმაოდ გაიძვერა მელა ბრძანდებოდა და მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. იჯდა ბერნში და რაღაც ისტორიებს ატრიალებდა, მათ შორის, მოკავშირეთა კონტაქტებს გერმანელებთან. თუმცა ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რომ ასეთ ურთიერთობებს სეპარატული ხასიათი ჰქონდა. ვერც იმას დაიჩემებს ვინმე, რომ ასეთი ოფიციალური და კერძო კონტაქტების შესახებ ამერიკელები საბჭოთა მხარეს ყოველთვის და სრულად ატყობინებდნენ.
მაგრამ ბოლომდე მართლები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოკავშირეებს ჰქონდათ მცდელობა, აეწყოთ დაზვერვის მონაცემების ოფიციალური გაცვლა. ამისი მაგალითი ინგლისთან ურთიერთობაში საბჭოთა კავშირს გააჩნდა. ლონდონში იჯდა მისია სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის, მაიორ სიზოვის ხელმძღვანელობით და ეფექტიანადაც მუშაობდა _ ინგლისური დაზვერვის მასალების გარდა, იღებდნენ ცნობებს ჩეხეთის, პოლონეთის, ბელგიის, საფრანგეთის დაზვერვებიდან.
ამერიკელებთან კი კვლავ და კვლავ იდგა ურთიერთნდობის პრობლემა.
1943 წლის 25 დეკემბერია. ქრისტეშობის ღამე. სადღაც თორმეტის ნახევარზე მოლოტოვის კაბინეტის კარს შეაღებს აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში, ავერელ ჰარიმანი. მასთან ერთად არის გენერლის ფორმაში გამოწყობილი სამხედრო პირი _ ამერიკის სტრატეგიული დაზვერვის ხელმძღვანელი უილიამ დონოვანი. ახლახან გამოქვეყნებული მისი მემორანდუმებიდან, რომლებსაც რუზველტს უგზავნიდა, ირკვევა, რომ იგი მოსკოვში ერთადერთი მიზნით იყო ჩასული _ აეწყო ოფიციალური თანამშრომლობა საბჭოთა დაზვერვასთან.
დონოვანმა მოსკოვში თითქმის ერთი კვირა დაჰყო, შეხვდა შინსახკომის დაზვერვის ხელმძღვანელს, ფიტინს. უპრობლემოდ მოილაპარაკეს და ოპერატიულად გადაწყვიტეს საკითხები _ არქივის მასალები ადასტურებს, რომ პროფესიონალებმა საერთო ენა გამონახეს. გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ ინფორმაციის გაცვლას. დონოვანს უკვე შერჩეული ჰყავდა კანდიდატი, ვინც მისი ოფიციალური წარმომადგენელი იქნებოდა მოსკოვში. თავისი წარმომადგენელი შეარჩია ფიტინმაც. მაგრამ მოულოდნელად აიფოფრა აშშ იუსტიციის სამინისტრო. ერთ-ერთ დოკუმენტში შავით თეთრზე ჩაწერილია: «ესღა გვაკლია _ OГРУ ვაშინგტონში, აღარ გვჭირდება». გამწარებული შეძახილია, მაგრამ OГРУ,  უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობდა. არ უნდოდათ და _ მორჩა!
გამწარებული დონოვანი მემორანდუმს მემორანდუმზე უგზავნის რუზველტს, სამხედრო მინისტრ სიმპსონს: თუ ღმერთი გწამთ, ჩვენ მათგან სამხედრო ინფორმაცია გვჭირდება, უამისოდ ბრმები ვართ, არ გვყავს აგენტები. უშედეგოდ. საქმე ჩავარდა, მაგრამ ინფორმაციის გაცვლა მაინც მიმდინარეობდა მოსკოვში ამერიკელების სამხედრო მისიის მეშვეობით.
მაღალი კულტურის რეზიდენტები
საბჭოთა დაზვერვის სერიოზული «სახურავი იყო» ერთ დროს პოპულარული ორგანიზაცია «უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოება». მისი განსაიდუმლოებული არქივები დოკუმენტურად ადასტურებს ამ ფაქტს. საბჭოთა დაზვერვის ძალიან ბევრი რეზიდენტი ერთდროულად ამ ორგანიზაციის წარმომადგენლად მუშაობდა.
იმის გამო, რომ ომის პერიოდში კადრების დიდი დეფიციტი იყო, ვინმეს საელჩოს მეორე ან მესამე მდივნად, ან ვიცეკონსულად რომ გააგზავნიდნენ, კულტურული კავშირების საზოგადოების წარმომადგენლობასაც აჰკიდებდნენ. მაგალითად, ნიუ იორკში საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მთავარი რეზიდენტი მელკიშევი, რომელიც როგორც ვიცეკონსული მიხაილოვი მუშაობდა, ერთდროულად კულტურული ურთიერთობის საზოგადოებასაც წარმოადგენდა. ვაშინგტონში შინსახკომის რეზიდენტი ითავსებდა ამ მოვალეობას.
შეთავსებათა სიმრავლის მიუხედავად, რაც დამატებით ტვირთად აწვებოდა ამ ადამიანებს, ისინი უაღრესად პატიოსნად საქმიანობდნენ. სწორედ ამ საზოგადოების წარმომადგენლების მეშვეობით გაიბა და აეწყო მუსიკალური, ლიტერატურული, სამეცნიერო კავშირურთიერთობა. მაგალითად, აშშ-დან საბჭოთა კავშირში იგზავნებოდა ასობით დასახელების წიგნები მეცნიერებათა აკადემიაში, ცალკეულ მეცნიერთა და მკვლევართა დაკვეთით. მხატვრებს უგზავნიდნენ ტილოებს, საღებავს. ჩვენგან სანაცვლოდ მიდიოდა ნოტების კოლოსალური რაოდენობა, სწრაფად, დაუყოვნებლივ. მაგალითად, შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონია შეგვიძლია დავასახელოთ. რეზიდენტები განსწავლული, კულტურული ადამიანები იყვნენ, მათ, როგორც თანასწორებთან, შეეძლოთ ესაუბრათ იმავე შოსტაკოვიჩის შემოქმედებაზე მსოფლიოში ცნობილ რეჟისორ კუსევიცკისთან, ურთიერთობდნენ რახმანინოვთან, უდიდეს მუსიკოსებთან და კომპოზიტორებთან. კულტურული კავშირების საზოგადოების არქივებში ინახება ამის დამადასტურებელი ჩანაწერები.
არმაზ სანებლიძე
P.S. ბოლოსიტყვაობის ნაცვლად კვლავ სვეტლანა ჩერვონაიას ციტატას შემოგთავაზებთ, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთს საბჭოთა კავშირისადმი უნდობლობა ომის საწყის ეტაპზე ახასიათებდა უფრო მეტად:
«შემდეგ მოდის პიკი _ 1943 წელი… ამ პერიოდში ამერიკელების დაზვერვის ანალიზი უაღრესად საინტერესო და დადებითია. ჩვენს მიერ დაწერილ ისტორიაზე უფრო დადებითია… ჩვენთან ხშირად წერენ, რომ სტალინი და ჰიტლერი ერთი და იგივეა, ნაცისტურ ნაციონალიზმსა და საბჭოთა ნაციონალიზმს ადარებენ ერთმანეთს. ამის შედარებაც კი არ შეიძლება… ამას ამერიკელები ამტკიცებენ.
1943 წელს ისინი იწყებენ საბჭოთა მოქალაქეების პარტიისადმი დამოკიდებულების შესწავლას. წერენ, რომ 30-იანი წლები სხვა სიმღერაა. ომის წლებში პარტიამ მაორგანიზებელი როლი ითამაშა, პატრიოტულ აღმაფრენას მხარში შეუდგა… 1944 წლის გაზაფხულზე მათ შეაფასეს საბჭოთა სისტემის მდგრადობა უახლოესი 20 წლისთვის. 10 წელიწადს _ უეჭველად, შეიძლება კიდევ 10-ს იარსებებს სტალინის სიკვდილის შემდეგ. სტალინის წასვლის შემდეგო, _ ტაქტიანად წერენ, სიკვდილს არ ახსენებენ».
იყო ასეთი შეფასებები, იყო ასეთი დრო.
 

1 COMMENT

  1. თურქეთის ტერიტორიაა აჭარა და მალე თურქული დროშა იფრიალებს ბათუმში, სადაც ჩვენს მამა პაპებს სისხლი აქვთ დაღვრილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here